მთავარი,სიახლეები

ჩავიკეტეთ, სიცოცხლის რისკის ფასად დავდივარ სკოლაში – მასწავლებელი სოფელ ძმუისიდან

22.02.2023 • 3414
ჩავიკეტეთ, სიცოცხლის რისკის ფასად დავდივარ სკოლაში – მასწავლებელი სოფელ ძმუისიდან

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელი ძმუისი ჩაკეტილია, სოფელში არ არის მისასვლელი გზა, არ მიეწოდება ელექტროენერგია.

„ბათუმელებს“ ამ სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლაურა გოტიაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, სოფელში ვერც სასწრაფო დახმარების ავტომანქანა მიდის, არც აფთიაქია და სურსათის რესურსიც იწურება.

„თოვლი არის ძალიან დიდი, ორი კვირა თოვდა, ახლა წვიმს, რაც აუარესებს მდგომარეობას, რადგან ღამით ყინვაა და გზებზე გადაადგილება შეუძლებელია.

ყველაზე მაღალი გამავლობის მანქანას მინდოდა რომ გავყოლოდი ქალაქამდე, მაგრამ მოვსრიალდით და ლამის ხეობაში გადავცვივდით. ხელით ვწმინდეთ გზა და ისე გამოვბრუნდით უკან“ – გვეუბნება ლაურა.

მისი თქმით, როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებსაც უჭირთ სკოლაში სიარული.

მოსწავლე ცხენით მიდის სკოლაში

„ბავშვები მანქანას დაჰყავს ხოლმე, მაგრამ ახლა ვეღარ გადაადგილდება. რამდენიმე ბავშვმა მაინც შეძლო მოსვლა, მაგრამ სულ სველი ვიყავით მასწავლებლებიც და ბავშვებიც. ორი წყვილი ტანსაცმელი დაგვაქვს ხოლმე, რომ გამოვიცვალოთ, მაგრამ დღეს ორივე დამისველდა.

სკოლამდე მგლის ნაკვალევს მოვყვებოდი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დავდივარ სკოლაში, რომ ბავშვებს ვასწავლო.

გზაზე გადაადგილება სახიფათოა მანქანითაც, როდის რომელ კლდეზე გადავვარდებით, არ ვიცით. თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს.

მერიას დავურეკეთ და გვიპასუხეს ორმაგი ხარჯია, გადაიღებს თოვლი და მერე მოვალთო“.

არც აფთიაქია სოფელში, მძიმე ავადმყოფი გვყავს და სასწრაფო ვერ მოდის, არც მაღაზიაა, საჭმელი რომ გამოგველიოს, ვერაფერს ვიზამთ. ტკბილეულს თუ იყიდი მხოლოდ, მაგრამ რამდენი ხანი უნდა ჭამო ტკბილეული“ – ამბობს ლაურა გოტიაშვილი.

ლაურას თქმით, გზები მოყინულია, თოვლის საფარი – სველი და მძიმე

მისი თქმით, ამ სოფელში ოთხი წელია რაც მუშაობს და ყოველთვის მსგავსი ვითარებაა. „თუ ვინმე არ გარდაიცვალა, ისე არ მოდიან გზის გასაწმენდად. ტრაქტორისტს რომ დავურეკე, მითხრა, მე თვითონ გადავვარდი გზიდან და ტრაქტორამდე ვეღარ მივდივარო.

ხიდზე ხეებია ჩამოწოლილი და ძლივს ვახერხებდით გადმოსვლას“ – გვეუბნება ლაურა.

„როცა ამ გზაში ჩავკვდები, არც გმირის ძახილი მიშველის, არც იმის, რომ საქვეყნო საქმეს ვაკეთებ.

ყინვისგან ვკვდები აქ, მე მგონია, რომ სახელმწიფოს უკეთესს მომავალზე ვზრუნავ და თურმე თქვენ ხარჯის გაწევა არ გინდათ. სირცხვილია, ხალხო…“- ეს ტექსტი ლაურამ ფეისბუქზეც დაწერა და ტყიბულის მუნიციპალიტეტი მონიშნა.

„გნიშნავთ იმიტომ, რომ გაიგოთ, რა გაუსაძლისი გახდა უკვე ამ სოფელში მუშაობა, არსებობა და ყველაფერი. არავინ თქვას, რომ ვინმესთვის პრიორიტეტია სოფლის გადარჩენა დაცარიელებისგან“ – წერს ლაურა.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ტყიბულის მერიას დაუკავშირდა. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: