მთავარი,სიახლეები

თანამდებობის პირები აჭარაში, რომლებმაც სახლი უკანონოდ აიშენეს – „გამჭვირვალობის“ კვლევა

20.02.2023 • 2736
თანამდებობის პირები აჭარაში, რომლებმაც სახლი უკანონოდ აიშენეს – „გამჭვირვალობის“ კვლევა

უკანონო მშენებლობით ვერც ბათუმში და ვერც სხვა მუნიციპალიტეტში ვერავის გააკვირვებ. არც ისაა გასაკვირი, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, რომლის კომპეტენციაც უკანონო მშენებლობაზე კანონით დადგენილი რეაგირებაა, უკანონო მშენებლობას აუარ-ჩაუაროს ისე, რომ  ვერაფერი დაინახოს.  მით უმეტეს, თუ თანამდებობის პირი ხარ და გავლენაც გაქვს.

დაიწყებ, ააშენებ, მოაპირკეთებ, დაასრულებ და შესაძლოა სასტუმროს გახსნაც მოასწრო მანამდე, ვიდრე დაინახავს ის, ვისაც შენი კონტროლი ასევე თავის მოვალეობად მიაჩნია და ბიუჯეტით დაფინანსებულ ზედამხედველზე მეტი მონდომებით ცდილობს თავისი მოვალეობის კარგად შესრულებას.

აჭარის მუნიციპალიტეტებში კანონის გვერდის ავლით მშენებლობაზე კვლევა „გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ ქედაში, კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სახლი უკანონოდ აიშენა.

მინისტრის მოადგილის ახალაშენებული სახლი სოფელ არსენაულში, ქედის ცენტრალურ ნაწილთან ახლოს მდებარეობს. მიუხედავად ამისა, ქედის ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც უკანონო მშენებლობების კონტროლი ევალება, მინისტრის მოადგილის კუთვნილ მიწაზე უკანონო სამშენებლო პროცესი ვერ შენიშნა.

ფოტო: „გამჭვირვალობა – საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მინისტრის მოადგილის სახლის მშენებლობის ნებართვა ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან 2022 წლის 7 სექტემბერს გამოითხოვა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. მოგვიანებით, 21 სექტემბერს, ორგანიზაციამ იმავე მერიისგან გამოითხოვა ქედის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, რომან დავითაძის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებიც კანონით განსაზღვრულ ვადაში მიიღო:

„გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქედის მერია აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებულ ინფორმაციას საგანგებოდ არ ასაჯაროებდა, რითაც არღვევდა კანონის მოთხოვნებს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივმართეთ სასამართლოს.“

2022 წელს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ნაკაშიძემ სახლის სარემონტო სამუშაოებზე 2021 წელს 18,000 ლარი დახარჯა.

ედუარდ ნაკაშიძე პირველი თანამდებობის პირი არ არის, ვინც სახლი უკანონოდ, მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმების გარეშე აიშენა.

სახლი უკანონოდ აიშენა ასევე ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ ის უსამსახუროდ არ დატოვა და განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ჩააბარეს.

უკანონოდ აიშენა სახლი ხელვაჩაურის ახალარჩეულმა მერმა, ზაზა დიასამიძემაც.

ასევე, მშენებარე კორპუსს ორი სართული უკანონოდ დააშენა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გიორგი მანველიძის რძლის კომპანიამ. 

ჯუმბერ ვარდმანიძის სახლი

  • „ხულო ინნ“ – აჭარის მთავრობის აპარატის მაღალჩინოსნის, ლაშა ბოლქვაძის ოჯახის სასტუმრო

„გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, აჭარის მთავრობის აპარატის შესყიდვების განყოფილების უფროსის, ლაშა ბოლქვაძის მამამ, ტარიელ ბოლქვაძემ, სასტუმრო „ხულო ინნ“-ის მშენებლობის ნებართვა 2022 წლის 7 სექტემბერს მიიღო – ამ დროს მშენებლობა უკვე დასრულებული იყო და მიმდინარეობდა ფასადის მოპირკეთების სამუშაოები.

სასტუმრო ხულოს ცენტრთან ახლოს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზისპირას მდებარეობს. მიწის ნაკვეთს, რომელზეც სასტუმრო აშენდა, ტარიელ ბოლქვაძე 2011 წლიდან ფლობს.

მიწის ნაკვეთის მიმდებარედ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი [5 000 კვ.მ.] ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიამ ტარიელ ბოლქვაძეს 2020 წელს შენობა-ნაგებობასთან ერთად საკუთრებაში დაურეგისტრირა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მანამდე ბოლქვაძე ამ ტერიტორიას თვითნებურად იკავებდა.

Google Earth-ის საარქივო მონაცემებით, ტარიელ ბოლქვაძემ 2015 წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები უნებართვოდ აწარმოა. მაშინ მისი შვილი, ლაშა ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

ლაშა ბოლქვაძე 2014-2018 წლებში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის პირველი მოადგილე იყო, 2018-2019 წლებში იგი აჭარის მთავრობის მიერ დაფუძნებული შპს Goderdzi Resort-ის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2019 წლის ივნისიდან დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შესყიდვების განყოფილების უფროსია.

ფოტო: „გამჭვირვალობა – საქართველო“

  • სატყეო სააგენტოს უფროსის მეუღლის სავარაუდო უნებართვო მშენებლობა

„გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, თამილა დუმბაძემ, რომელიც სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის, თემურ ყურშუბაძის მეუღლეა, 2020 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში საკუთრებაში არსებულ 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სავარაუდოდ, უკანონოდ 2 ახალი შენობა-ნაგებობა ააშენა და არსებულ 2 შენობა-ნაგებობაზე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, სავარაუდოდ, უნებართვოდ აწარმოა.

ამ ფაქტებს ადასტურებს საკადასტრო რუკის მონაცემები და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, კერძოდ, 2020 წლის 26 აგვისტოს ამონაწერში ჩანს 2 შენობა-ნაგებობა, საერთო ფართობით 219,3 კვ.მ. [#1 – 214,8 კვ.მ და #2 – 4,5 კვ.მ], ხოლო 2020 წლის 3 სექტემბრის ამონაწერში – 4 შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 330,37 კვ.მ. [#1 – 251,25 კვ.მ, #2 – 49,37 კვ.მ, #3 – 9,6 კვ.მ და #4 – 20,15 კვ.მ].

„აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო დოკუმენტაციების მოწოდების მიზნით 2022 წლის 21 სექტემბერს მივმართეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას. პასუხი დღემდე არ მიგვიღია, რაც ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ მასზე მუნიციპალიტეტიდან ნებართვა შესაძლოა გაცემული არ იყოს“ – წერს „გამჭვირვალობა“.

  • ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მჭედლიშვილის მეუღლის სავარაუდო უნებართვო მშენებლობები 

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მჭედლიშვილის მეუღლემ, ირმა გოგიტიძემ, 2020 წელს ქობულეთში, შოთა რუსთაველის ქუჩა #224-ის მიმდებარედ, სავარაუდოდ, უკანონოდ აწარმოა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, საცხოვრებელ სახლს დააშენა სართულები, რითაც მისი საერთო ფართობი 5-ჯერ გაიზარდა.

ამ ფაქტს ადასტურებს საკადასტრო რუკის მონაცემები და დავით მჭედლიშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები: 2020 წლის 23 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში ამ საცხოვრებელი სახლის საერთო ფართად მითითებულია 600 კვ.მ, ხოლო 2021 წლის 28 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია 3023,3 კვ.მ.

აღნიშნულ სახლში განთავსებულია საოჯახო სასტუმრო.

ფოტო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

„დავით მჭედლიშვილის და მისი ოჯახის წევრების უკანონო მშენებლობებზე 2021 წელს გაზეთი „ბათუმელები“ წერდა. დავინტერესდით, ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მუნიციპალიტეტმა თუ დააჯარიმა ისინი უკანონო მშენებლობის გამო ან/და მხილების შემდეგ მჭედლიშვილის მეუღლემ თუ მიმართა მუნიციპალიტეტს შესაბამისი ნებართვის ასაღებად.

საჯარო ინფორმაცია მერიისგან 2022 წლის 16 სექტემბერს გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო უკვე მივმართეთ სასამართლოს.“ – წერს „გამჭვირვალობა“ კვლევაში.

მჭედლიშვილის სასტუმრო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: