მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

საქართველოში ნორმაზე მეტ მარილს მოვიხმართ – რა საფრთხეს უქმნის ეს ჯანმრთელობას

20.02.2023 • 1746
საქართველოში ნორმაზე მეტ მარილს მოვიხმართ – რა საფრთხეს უქმნის ეს ჯანმრთელობას

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს 8.5 მგ მარილს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ დოზას – 5 მგ დღეში.

ბევრი მარილის მოხმარება არტერიული ჰიპერტენზიისა და სხვა არაგადამდები დაავადებების რისკფაქტორია.

ჯანმო სპეციალურ განცხადებაში იუწყება, რომ საქართველოში არაგადამდები დაავადებების, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია მარილის მოხმარების შემცირება და ჰიპერტენზიის კონტროლის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი მიდგომების დანერგვა.

„უახლესი მტკიცებულებების თანახმად, მარილის მოხმარების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ყველაზე მაღალი უკუგება. საქართველოში, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ამ ინიციატივას შეუძლია გადაარჩინოს 10 000-მდე სიცოცხლე, ხოლო ეკონომიკური მოგება ყოველ დახარჯულ 1 ლარზე 19.6 ლარია“ – განაცხადა სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში.

NCDC: მარილის მოხმარების მცირედ შემცირებაც კი უდიდეს სარგებელს მოუტანს ადამიანის ჯანმრთელობას. მაგალითად, მარილის დღიური დოზის 5 გრამამდე შემცირება გამოიწვევს არტერიული წნევის კლებას იმ დონემდე, რომლის დახმარებითაც ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობა 24%-ით, ხოლო გულის კორონარულ დაავადებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა  18%-ით შემცირდება.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი ინგა შავაძე ამბობს, რომ მარილის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა ის პრობლემა, რომელსაც იწვევს მაღალი წნევა, მათ შორის: გულის დაავადება, ინსულტი და თირკმელების დაავადება.  ექიმის განმარტებით, ამის მიზეზია მარილის თვისება, შეაკავოს ორგანიზმში წყალი, რაც ზრდის სისხლძარღვების კედლებზე წნევას, რაც, თავის მხრივ, ხდება არტერიული წნევის გაზრდის მიზეზი.

ექიმი ასევე განმარტავს, რომ მარილის ზომიერი მიღება აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში, მარილი დაწესებული ნორმის ფარგლებშიც საზიანოა ორგანიზმისთვის.

„მარილი შეიცავს ნატრიუმს და მონაწილეობს ორგანიზმის ნატრიუმისა და კალიუმის ცვლაში, ამრიგად ის, მცირე რაოდენობით, აუცილებელია ორგანიზმისთვის, თუმცა არსებობს მთელი რიგი პათოლოგიები, როდესაც ადამიანმა მარილი დაწესებულ ნორმაზე ნაკლები უნდა მიიღოს, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევის, თირკმლის და კარდიოლოგიური დაავადებების დროს” – ამბობს ინგა შავაძე.

NCDC: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია დღეში არა უმეტეს 5 გრამი მარილის მოხმარება, ჩვენს მოსახლეობაში 18–69 წწ ასაკის მოზრდილ პირებში მარილის მოხმარების მაჩვენებელი 8,5 გრამია – ქალებში 7,4 გრამი, მამაკაცებში – 9,7 გრამი. წყარო: არაგადამდებ დაავადებათა რისკის ფაქტორების კვლევა –STEPs. 2016 წ. 

მიიჩნევა, რომ მარილის ზოგიერთი სახეობა, როგორიცაა ზღვის მარილი, ვარდისფერი მარილი და სხვა, არის სუფრის მარილზე უფრო ჯანსაღი ვარიანტი, რის გამოც ბევრს სჯერა, რომ მარილის ამ ფორმით გამოყენება არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის, თუმცა ჯანდაცვის სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ მარილი მარილია, შეიცავს ნატრიუმს და ამიტომ ყველანაირ მარილს აქვს ნეგატიური გავლენა არტერიულ წნევაზე.

ჯანმოს ცნობით, ბავშვობაში მარილის ჭარბი მოხმარება არტერიული წნევის მატებას იწვევს, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებს ქმნის მოგვიანებით, კერძოდ, მოზრდილებსა და ასაკოვანებში იზრდება ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი.

ინგა შავაძე ამბობს, რომ სწორედ ამიტომ, მშობლებმა თავიდანვე უნდა გაითვალისწინონ რაციონში მარილის ნორმალიზება ბავშვებისთვის, და ამ გზით ჩამოუყალიბონ ბავშვებს მარილის ზომიერად მოხმარების ჩვევა. მისვე თქმით, ყველაზე სწორი იქნება, თუ ბავშვებს თავიდანვე არ მივაჩვევთ მარილიანის ჭამას.

ასაკი მარილის მაქსიმალური დოზა
0-6 თვე <1გრ / დღეში
6-12 თვე 1გრ / დღეში
1-3 წელი 2გრ / დღეში
4-6 წელი 3გრ / დღეში
7-10 წელი და ზევით 5გრ / დღეში

„მსოფლიო აქტივობა მარილი და ჯანმრთელობა“ (World Action on Salt and Health – WASH) 

ჰიპერტენზიასთან ბრძოლის ბრიტანული ორგანიზაცია blood pressure uk-ის რეკომენდაციით, საკვების გასაგემრიელებლად, მარილის ნაცვლად სასურველია გამოიყენოთ: ახალი ან ხმელი მწვანილი; ხახვი; ნიორი; წიწაკა; ჯანჯაფილი; დარიჩინი; ლიმონის წვენი; წიწაკა; ძმარი; წითელი ან თეთრი ღვინო, სიდრი ან ლუდი.

ასევე, რეკომენდებულია მაქსიმალურად შეამციროთ ისეთი მარილიანი სოუსების გამოყენება, როგორიცაა სოიას სოუსი, კეტჩუპი და სალათის შესაკმაზი სოუსები; შეამოწმეთ ეტიკეტები საკვების შეძენისას. მარილის შემცველობა მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა მზა პროდუქციაში.
ჯანმოს საქართველოს ოფისის ცნობით, საქართველო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იწყებენ დიალოგს მარილის შემცირების სტრატეგიებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: