განათლება,მთავარი,სიახლეები

ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი დები პროკურატურამ დაზარალებულად ცნო – PHR

21.02.2023
ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი დები პროკურატურამ დაზარალებულად ცნო – PHR

საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულად ცნო დები, რომლებიც ბავშვობაში, ნათესავის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.

მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR – იცავს.

„ეკა* 31 წლის არის. დაახლოებით 7 წლის იყო, როდესაც მის მიმართ ბიძამ სექსუალური ძალადობა დაიწყო. ეკას მიმართ სექსუალური ძალადობა ხშირად ხდებოდა და წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

მარიამი* დღეს 24 წლისაა.  მის მიმართ გაუპატიურება დაახლოებით 14 წლის წინ მოხდა, იგი  ბიძის მხრიდან ძალადობას სისტემატურად, წლების განმავლობაში განიცდიდა“ – წერს PHR-ი.

ორგანიზაციის განმარტებით, ეკა და მარიამი ბავშვობის ასაკში ვერ აცნობიერებდნენ, რომ ბიძის ქცევა სექსუალური ძალადობა იყო. მათ არც სკოლაში ასწავლეს სექსუალური ძალადობის შესახებ.  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,  იმ ასაკში ეკაც და მარიამიც განეკუთვნებოდნენ მოწყვლად ჯგუფს, რომლებსაც ასაკის გათვალისწინებით ხელი არ მიუწვდებოდათ იმ ცოდნაზე და გამოცდილებაზე, რაც მისცემდათ ქმედებების გაცნობიერების საშუალებას და რითაც შექმნილ სიტუაციაში თავს დაიცავდნენ.

„ეკამ და მარიამმა თავიანთი უფლებების დასაცავად ბრძოლა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ ძალადობიდან რამდენიმე წელია გასული, შესაძლებელი გახდა მტკიცებულებების შეგროვება.

2023 წლის 1-ელ თებერვალს პროკურორმა დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატის მოთხოვნა ეკას და მარიამის დაზარალებულად ცნობის შესახებ. გამოძიების ამოწურვისთანავე, PHR მოძალადის მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას მოითხოვს“ – წერს PHR.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ბავშვების ინფორმირებას სექსუალური ძალადობის შესახებ.

„შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 9 ივლისს PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ბავშვის ასაკის შესაბამისი, ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანისა და სწავლების შესახებ“ – წერს ორგანიზაცია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: