მთავარი,სიახლეები

კაცს ცოლ-შვილის და დედის მოკვლით ემუქრებოდნენ და 20 000 ლარს სთხოვდნენ – დააკავეს 4 პირი

22.02.2023
კაცს ცოლ-შვილის და დედის მოკვლით ემუქრებოდნენ და 20 000 ლარს სთხოვდნენ – დააკავეს 4 პირი

შსს-ს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 4 პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა – ა.ჩ.-მ [(მეტსახელად „ბუფალო“) და ლ.ღ.-მ 2023 წლის 20 იანვარს ნაცნობი – პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მისი რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცეს და ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პ.ჩ.-ს ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ.

ვინაიდან პ.ჩ.-მ არ შეასრულა ბრალდებულების მოთხოვნები, ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ იგი ძალის გამოყენებით, ავტომანქანით წაიყვანეს დიღომში, რომელსაც ლ.ბ. (მეტსახელად „კუდალა“) მართავდა.

გზაში ბრალდებულები ემუქრებოდნენ პ.ჩ.-ს მისი და მის ოჯახის წევრების წამებით, დაწვით და ლიკვიდაციით, ასევე, ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე.

მოძალადეებმა პ. ჩ. იმ პირობით გაუშვეს, რომ რამდენიმე დღეში ა.ჩ.-ის საბანკო ანგარიშზე 20 000 ლარი უნდა ჩაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, მის მცირეწლოვან შვილს, მეუღლეს და დედას ფიზიკურად გაანადგურებდნენ.

ლ.ბ.-მ, რომელიც შეესწრო ა.ჩ.-ს და ლ.ღ.-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს, სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა“ – აცხადებს შსს.

პოლიციის ინფორმაციით, „მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები.“

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის გ.მ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით “მარიხუანა”.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვას, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: