მთავარი,სიახლეები

ხალხის ზეწოლის გარეშე „ოცნება“ პუტინის რუსეთში შეგვათრევს – რაში ხედავს ოპოზიცია გამოსავალს

20.02.2023 • 994
ხალხის ზეწოლის გარეშე „ოცნება“ პუტინის რუსეთში შეგვათრევს – რაში ხედავს ოპოზიცია გამოსავალს

იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, 12 პირობა უნდა შეასრულოს, ერთ-ერთია მედიისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა.

„ქართული ოცნება“ კი ამის საპირისპირო ნაბიჯს დგამს და აპირებს, რომ ქვეყანაში რუსული კანონი შემოიტანოს, რომლის მიხედვითაც ყველა მედია ორგანიზაცია, ვინც კი ამერიკული და ევროპული დონორებისგან იღებს ფინანსურ დახმარებას, უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადოს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალ მედია და სამოქალაქო ორგანიზაციებს.

„ქართული ოცნება“ ღიად უპირისპირდება თავისი განცხადებებით დასავლეთს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, თუ რას აპირებს ამ პროცესების საწინააღმდეგოდ პოლიტიკური ოპოზიცია და შესწევს თუ არა ძალა, შეაჩეროს პუტინის რეჟიმის გავლენა საქართველოში ხალხის ჩართულობით?

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელი აჭარაში, თემურ გორგაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ შეჩერების ერთადერთი გზა რევოლუციაა.

„რევოლუციის გარდა ამათ არაფერი უშველის. როგორც კი საკმარისი ადამიანები იქნებიან ამისთვის მზად, მაშინვე ვაპირებთ, რომ რომელიმე შენობა დავაპიკეტიროთ“, – ამბობს თემურ გორგაძე.

როგორ მუშაობთ მოქალაქეებთან? – ვკითხეთ მას. თემურ გორგაძის თქმით, ისინი ეკონტაქტებიან ადამიანებს, ვინც საქართველოს მომავალს ევროკავშირში ხედავს.

„ვცდილობთ გავაერთიანოთ დასავლეთის მომხრე და რუსეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიები და ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც არ სურს სიბნელეში ცხოვრება.

მისი თქმით, 24 თებერვალს დაგეგმილია აქცია, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, სადაც ასევე დაელაპარაკებიან ადამიანებს იმ საფრთხეებზე, რაც ელოდება ქვეყანას „ქართული ოცნებისგან“.

„ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, რომ თუ ვინმეს რაიმე გაუკეთებია აქამდე, იქნება ეს ხალხის დაორგანიზება თუ საპროტესტო აქცია, ერთ-ერთი ჩვენ ვიყავით ყოველთვის.

ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობთ და ვწვალობთ, რომ რაიმე გავაგებინოთ ადამიანებს.

პრობლემაა ისიც, რომ ოპოზიციად წოდებული ადამიანები თამაშობენ და ყველა, ვინც პარლამენტშია, თამაშობს ოპოზიციის როლს“, – გვეუბნება თემურ გორგაძე.

მისი თქმით, ისინი კვლავ შეეცდებიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გააგრძელონ ბრძოლა.

„ქართული ოცნების“ ხელით, საქართველოში რუსული რეჟიმის დამყარების შეჩერების სხვა მექანიზმს ხედავს პარტია „ხალხისთვის“ ხელმძღვანელო ანა დოლიძე.

მისი აზრით, შესაძლებელია ერთ-ერთი ფორმა იყოს საპროტესტო აქციებიც, თუმცა ამას ოპოზიცია იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ გამოვა თავის მართლების პოზიციიდან და ხალხთან საუბარს დაიწყებს.

„მე როგორც შევამჩნიე, „ქართული ოცნების“ ტაქტიკა არის შემდეგნაირი, რომ შემდეგი ერთი წელი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მაქსიმალურად აწარმოოს ანტიევროპული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის შიგნით, რომ შეცვალოს მოსახლეობის აზრი.

თუ დღეს მოსახლეობის 90 პროცენტს აქვს პროევროპული განწყობა, ნელ-ნელა, ეს განწყობები შეცვალოს“, – ამბობს ანა დოლიძე. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ის „ფორმალური შეხვედრები“, რომელსაც ღარიბაშვილი აწარმოებს ევროკავშირის ლიდერებთან, „შინაარსობრივი პროგრესის გარეშე, ფორმალურად, დროის გაყვანის მიზნით“, – ამბობს ანა დილიძე.

მისი აზრით, ოპოზიციის მიზანია „ქართული ოცნების“ ამ გეგმას დაუპირისპიროს ადეკვატური საინფორმაციო კამპანია.

„ჩვენ უნდა გვქონდეს საუბარი ხალხთან, ოღონდ ამ კამპანიის არსი თავის მართლება კი არ უნდა იყოს, რომ „ჩვენ არ ვართ ომის პარტია“ და ასე შემდეგ, ოპოზიციას უნდა ეჭიროს დროშა, რომ ევროკავშირი არის კეთილდღეობა და „ოცნება“ არის გაჭირვება, ჭაობი და სიდუხჭირე საქართველოს მოქალაქისთვის.

თუ ასე არ მოვიმოქმედებთ, გაიმარჯვებს ხელისუფლება, რადგან დღეს ოპოზიცია არასწორად თამაშობს. სინამდვილეში, აქცენტი უნდა იყოს მთავარ საკითხზე – ევროკავშირი არის კეთილდღეობა, „ქართულ ოცნებას“ კეთილდღეობა თავისი ხალხისთვის არ უნდა.

ასევე, გადავავლოთ თვალი რა ხდება ქვეყნის შიგნით, რატომ გარბის ხალხი ევროკავშირის ქვეყნებში – იმიტომ, რომ საშოვარი და სარჩო არ აქვს ამ ქვეყანაში. ოპოზიციას უნდა გქონდეს შეხება ხალხთან, რომ შემდეგ მათ თანაგიგრძნონ და გაიზიარონ ის დღის წესრიგი, რომელსაც შენ სთავაზობ, როგორც პარტია“, – ამბობს ანა დოლიძე.

მისი თქმით, რუსული კანონის შემოტანა ნამდვილად საფრთხეა ქვეყნისთვის, რომელიც ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენოს სამოქალაქო სექტორზე ზეწოლისთვის, რომ დაათმობინოს ჯერ ომბუდსმენი, შემდეგ კი არჩევნები.

„თუ შევხედავთ იმას, არ უნდა დაგვავიწყდეს რა მოხდა ამ კანონის შემდეგ ავტორიტარულ ქვეყნებში – რუსეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სადაც საერთოდ გაუშვეს საერთაშორისო ორგანიზაციები არჩევნების დროს.

ამ სიტუაციაში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს პირველი – განმარტება ხალხისთვის, რომ ენჯეოებს კი არ ავიწროებს ხელისუფლება, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ფუნქციონირებას, რადგან, როგორც ვიცით, საქართველოს ბიუჯეტი პირდაპირ იღებს დახმარებას ევროკავშირიდან, მსოფლიო ბანკიდან, რომლის გარეშეც უბრალოდ ვერ გავისტუმრებთ საბიუჯეტო ვალებს.

ანუ ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონირება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ ესენი ამას გააკეთებენ.

ამას აკეთებს „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ჩამოეხსნას დასავლეთთან დამოკიდებულებას და რუსეთთან გაიმყაროს ზურგი. პარალელურად, შეხედოს რა მოხდება უკრაინის ომის შემდეგ“, – ამბობს ანა დოლიძე.

მისი აზრით, საზოგადოება მაშინ გაჰყვება ოპოზიციას, თუ ის ხალხის პრობლემებზე საუბარს მოახერხებს.

„მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ ხალხთან იმ საკითხებზე, რომელიც ადარდებს ხალხს. მაგალითად, რამდენიმე დღეა სიცივეში გაყინული დგანან „საირმეს“ თანამშრომლები და ხელფასი არ მიუღიათ, რადგან გაიფიცნენ.

ცოტა ხნის წინ გაიფიცა „გლოვო“, ეს მიუთითებს, რომ ხალხს ადარდებს ფასები, ხელფასები და ეს საკითხი თან პირდაპირ უკავშირდება ევროპას. ამაზე უნდა ვესაუბროთ, ჩემი აზრით ამაშია გამოსავალი“, – ამბობს ანა.

მისი აზრით, შემზადების გარეშე მასობრივი პროტესტი ვერ მიიღწევა და არც ამის დაანონსებაა რაციონალური.

„მგელი, მგელიო“, ხომ გაგიგიათ, არა? ამით გაუფასურდება ეს ტერმინი, რადგან მასობრივი პროტესტი ხალხთან მუშაობის გარეშე არ ხდება. ამას სჭირდება მუშაობა, მზად რომ იყოს ხალხი და საპროტესტოდ გამოვიდეს“.

თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მასობრივი პროტესტიც შედგეს.

„ევროკავშირის პერსპექტივას რომ ვკარგავთ, ეს ცალსახად არის მგრძნობიარე თემა ხალხისთვის. თუ ამას დავუკავშირებთ იმას, რომ რეალურად ჩვენი რეკოლონიზაცია მიდის, ამ ყველაფერს სჭირდება გამათავისუფლებელი მოძრაობა და ეს მოძრაობა რომ გამოიწვიო, უნდა იმუშაო ხალხთან.

ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დაწესებულებას ხელფასი არ გადაურიცხა, რატომ? თუ კორუფცია არ არის. აუტისტი ბავშვები სერვისების გარეშე დარჩნენ, რამდენი ხანია ქალთა მიმართ ძალადობის კანონის გამკაცრებას ითხოვენ და ასეთ თემებზე არ საუბრობენ ხალხთან.

წლის ბოლოს კი, როცა დადგება ანგარიშის დრო და ჩვენ მოვთხოვთ მათ პასუხს, რატომ დადიოდნენ ხალხის ფულით მიუნხენში, რატომ ხვდებოდა ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს და რატომ არ დადგა შედეგი, ეს იქნება წითელი ხაზი, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებას ვაჩვენებთ“, – ამბობს ანა დოლიძე.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ისინი გამოსავალს მასობრივ და პერმანენტულ პროტესტში ხედავენ.

„ფაქტია, რომ ხელისუფლება არ აპირებს 12 პუნქტის შესრულებას, რომელიც რეალურად ჩვენ გვჭირდება და არა მათ. ვხედავთ, რომ ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებენ.

ომბუდსმენის არჩევნებზე კანონი შეცვალეს და პროცესი ჩიხში შევიდა, პარლამენტში კითხვას ვერ დასვამს თურმე ჟურნალისტი, შემოაქვთ რუსული კანონი და ყველაფერი კეთდება უკუღმა.

როგორ შევაჩეროთ ეს? – ამის უნივერსალური რეცეპტი არის ერთი, დასავლეთის მხრიდან ზეწოლა ხელისუფლებაზე და მეორე, ზეწოლა ქართველი ხალხის მხრიდანაც, როცა სენდვიჩის ეფექტს ვიღებთ. რაც იყო უკრაინაში, რაც მივიღეთ შევარდნაძის და აბაშიძის შემთხვევაში და დღესაც ვართ უკვე ამ ეტაპზე.

ასევე, უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ყველგან, უნდა შეექმნას დისკომფორტი ყველას, ვინც ამ ხელისუფლებას ემსახურება, აუცილებლად უნდა ისმოდეს პროტესტის ხმა და არ უნდა ვისხდეთ კაბინეტებში, რადგან თუ ხელებს ჩამოვუშვებთ და მხოლოდ დასავლეთის იმედზე ვიქნებით, აუცილებლად შეგვათრევს „ქართული ოცნება“ იმ ჭაობში, რასაც პუტინის რუსეთი ჰქვია, რასაც კადიროვის რუსეთი ჰქვია“, – ამბობს ლევან ანთაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ენმ-დან.

მისი აზრით, დღეს ყველა უნდა გამოვიდეს პარტიული ჩარჩოებიდან და ერთიანი მიზნისთვის იბრძოლოს.

„არ აქვს მნიშვნელობა პარტიულია, არ არის პარტიული, მოსწონს სააკაშვილი თუ არ მოსწონს, ყველამ უნდა გავაღოთ კარები და ვიბრძოლოთ, რადგან ფაქტია, რომ ხელისუფლება არც სააკაშვილის გადაყვანას აპირებს, რომლის სიცოცხლეც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ხვალინდელ დღესთან და არც 12 პუნქტის შესრულებას. ჩარჩო არის ერთი – ჩვენი კუთვნილი ადგილი უნდა დავიკავოთ ევროპაში და არა ჭაობში, რომელსაც რუსეთი ჰქვია“, – ამბობს ლევან ანთაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: