ნეტგაზეთი • RU

ჭოროხთან ნაგავსაყარი გაუქმდება და ნაგვის გადამტვირთი სადგური აშენდება – ნარჩენები აჭარაში

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურთან ახალი ნაგავსაყარის გახსნისთანავე უნდა დაიწყოს ბათუმის არსებული ნაგავსაყარის გაუქმება, რომელიც მდინარე ჭოროხის პირას წლებია ყოველგვარი სტანდარტების დარღვევით ფუნქციონირებს.

ახალი ნაგავსაყარის გახსნა, როგორც აღმოჩნდა, მოითხოვს დამატებითი სადგურის მშენებლობას, რომლის ტერიტორიაზეც მოხდება ბათუმ-ხელვაჩაურში, ასევე მაღალმთიან აჭარაში შეგროვილი ნარჩენების შეკრება და აქედან მისი სპეციალური მანქანებით გადატანა ცეცხლაურის ნაგავსაყარზე.

ახალი გადამტვირთი სადგური კი, ისევ მდინარე ჭოროხის მიმდებარედ აშენდება. მიწის ნაკვეთი ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე – სამრეწველო ზონაშია შერჩეული. ოფიციალური ინფორმაციით, აქ სადგური „შესაბამისი მოთხოვნების დაცვით“ აშენდება.

მიწის ნაკვეთი [წითელი ფერით] სადაც გადამტვირთი სადგური უნდა აშენდეს

მიწის ნაკვეთი ბათუმში, აკაკი შანიძის ქუჩა, 3ბ-ში მდებარეობს და მისი ფართობი 9 557 კვადრატული მეტრია. ნაკვეთი ქალაქის საკუთრებაშია და ის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უნდა გადაეცეს – შემდგომში შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში შესატანად. 

ქონების გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 17 ივნისის სხდომაზე განიხილავს.

„ბათუმის მერიაში წარმოდგენილია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წერილი, რომელშიც აღნიშნულია რომ „მყარი ნარჩენების მართვა აჭარაში“ პროექტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ დაკვეთით აშენდა ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონი, სადაც ამჟამად მიმდინარეობს წინა საექსპლუატაციო მოსამზადებელი სამუშაოები, პერიოდულად სატესტო რეჟიმში მუშაობს დანადგარმოწყობილობები…

ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვის მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ (EBRD) 2020 წლის დეკემბრიდან დაქირავებულ იქნა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ICT-ი, რომელიც ამზადებს აჭარაში ნარჩენების მართვის სტრატეგიას, რომლის ერთ-ერთ ღონისძიებად განიხილება მუნიციპალური ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მშენებლობა [ვინაიდან აჭარის უნიციპალიტეტებს ერთმანეთისაგან დიდი მანძილი აშორებთ, ცეცხლაურის პოლიგონი კი, ბათუმის გარდა ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებსაც მოემსახურება].“ – აღნიშნულია მერიის მიერ საკრებულოში გაგზავნილ დოკუმენტში.

ბათუმის არსებული ნაგავსაყარი და ადგილი სადაც გადამტვირთი სადგური უნდა აშენდეს

როგორ იმუშავებს გადამტვირთი სადგური და როდის დაიწყებს მუშაობას ახალი ნაგავსაყარი ქობულეთში? – ამ კითხვით „ბათუმელები“ „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ დაუკავშირდა.

„გადამტვირთი სადგურზე შეიკრიბება ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში შეგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები და აქედან, დიდი ტევადობის სპეციალური მანქანებით, მოხდება გადატანა ცეცხლაურის პოლიგონზე [ბათუმის შემოვლითი გზით – ავტობანით]. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი მეთოდი. ტექნიკას, რომელიც ნარჩენებს სადგურიდან პოლიგონზე გადაიტანს, პროექტის ფარგლებში  შევიძენთ. რაც შეეხება ქობულეთს, ვინაიდან ახალი პოლიგონი იქვეა, თავად მიაწვდის ნარჩენებს. ამასთან, განახლდება მუნიციპალიტეტებისთვის ამ კუთხით საჭირო ავტოპარკიც.“ – გვითხრეს „ნარჩენების მართვის კომპანიაში“.

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, თუმცა 7 მილიონი ევრო სესხის და გრანტის აუთვისებლობის გამო წლებია სახელმწიფოს ვალდებულების საკომისიოს გადახდაც უწევს.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი, 2021 წელსაც, დაბალი ათვისების საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალშია.

პროექტი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გადავადების მიზეზად, ძირითადად პანდემია დასახელდა. შემდეგ დასრულების თარიღად 2022 წლის ივნისი დაასახელეს, ამჯერად კი, 2022 წლის ბოლო.

„დამოკიდებული ვართ ტექნიკის [როგორც გადამზიდავი, ასევე ადგილზე სხვადასხვა ტიპის მანქანების] შეძენაზე, რის შემდეგაც, ვგეგმავთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ახალმა ნაგავსაყარმა ექსპლუატაცია დაიწყოს. ტექნიკის შეძენას რაც შეეხება, მალე იქნება ტენდერი, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ტექნიკის მოწოდება.“ – გვითხრეს კომპანიაში.

ამავე თემაზე:

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დასრულდა, როდის დაიწყება ნარჩენების მიღება?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com