მთავარი,სიახლეები

დღეს განვაცხადებ საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებაზე – ბაიდენი

20.02.2023
დღეს განვაცხადებ საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებაზე – ბაიდენი

დღეს, 20 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. ბაიდენის ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში უკავშირდება 24 თებერვალს, ერთი წლის თავს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს.

ბაიდენი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ უკრაინას აშშ ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს.

„დღეს, როდესაც მსოფლიო ემზადება რუსეთის უკრაინაში სასტიკი შეჭრის წლისთავისთვის, მე კიევში ვარ, რათა შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩვენი ურყევი და დაუღალავი მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

თითქმის ერთი წლის წინ, როდესაც პუტინმა თავდასხმა დაიწყო, იგი ფიქრობდა, რომ უკრაინა იყო სუსტი, ხოლო დასავლეთი – დაყოფილი. მას ეგონა, რომ გვაჯობებდა, მაგრამ ის მწარედ ცდებოდა.

დღეს მე კიევში ვხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ გაფართოებული დისკუსიისთვის.

დღეს განვაცხადებ უკრაინელების საჰაერო დაბომბვისგან დასაცავად საჭირო, კრიტიკული აღჭურვილობის მორიგი მიწოდების შესახებ, მათ შორის, საარტილერიო საბრძოლო მასალის, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებისა და საჰაერო სათვალთვალო რადარების ჩათვლით.

და ასევე გაცნობებთ, რომ ამ კვირის ბოლოს ჩვენ გამოვაცხადებთ სანქციების დამატებით პაკეტს ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ ან დაეხმარონ რუსეთს ომის მომარაგებაში.

გასული წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა შექმნა ქვეყნების კოალიცია ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე, რათა დაეხმაროს უკრაინის დაცვას უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.

მე ასევე მოუთმენლად ველი პოლონეთში გამგზავრებას, რათა შევხვდე პრეზიდენტ დუდას და ჩვენი აღმოსავლეთის ფლანგის მოკავშირეების ლიდერებს და ასევე მოვახსენო იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელებს შეერთებული შტატები მსოფლიოს გაერთიანებას უკრაინის ხალხისა და გაეროს კონვენციაში აღნიშნული ძირითადი ღირებულებების – ადამიანის უფლებებისა და ღირსების მხარდასაჭერად, რომლებიც მსოფლიოში ყველას გვაერთიანებს“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: