მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

„დოსიე“: კრემლი გეგმავდა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ბელარუსის დაპყრობას

22.02.2023 • 884
„დოსიე“: კრემლი გეგმავდა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ბელარუსის დაპყრობას

კრემლი აპირებდა ბელარუსის კანონმდებლობის ადაპტირებას რუსულთან, რომ ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკა რუსეთის ინტერესების მიხედვით ემართა; ასევე გეგმავდა გაეზარდა სამხედროების ყოფნა ბელარუსის ტერიტორიაზე და მიეღწია იმისთვის, რომ რუსული ენა ყოფილიყო ბელარუსულთან მიმართებაში უპირატესი; ასევე დაერიგებინა ბელარუსებისთვის რუსეთის მოქალაქეობა. ყველა ამ მიზნის მიღწევა კი დაგეგმილი იყო ცხრა წლის განმავლობაში – 2030 წლისთვის.

ინფორმაციას ამის შესახებ „დოსიე“ აქვეყნებს, რომელმაც შეისწავლა რუსეთში რა სტრატეგია ჰქონდათ ბელარუსის ინტეგრაციისთვის. სტრატეგია შეიმუშავეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსეთის შიდა დაზვერვის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან ერთად.

საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიე“ ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული არაკომერციული პროექტია.

როგორც „დოსიემ“ გაარკვია, მოკავშირე სახელმწიფოების შესაქმნელად აქტიური მუშაობის ფონზე, კრემლმა შეიმუშავა ბელარუსის შთანთქმის სტრატეგია, რაც ქვეყანას სუვერენიტეტის დაკარგვასა და (პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სამხედრო თანამშრომლობაში) რუსეთის ხელისუფლებაზე დაქვემდებარების საფრთხეს შეუქმნიდა.

სტრატეგიაზე მუშაობდნენ 2021 წელს – იმავე პერიოდში, როდესაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შესაჭრელად აწყობდა გეგმებს. რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინაში წარმატების ტალღასთან ერთად, მთავრობის შეცვლას და ბელარუსის საბოლოოდ ჩაყლაპვასაც აპირებდა, მიიჩნევს გამოძიებაში ჩართული ერთ-ერთი გამოცემის წყარო დაზვერვიდან.

რა არის მოკავშირე სახელმწიფო?

დოსიე“ წერს, რომ ხელშეკრულება მოკავშირე სახელმწიფოს შესახებ 1990-იანი წლების ბოლოდან არსებობს. ლუკაშენკომ იგი ჯერ კიდევ ელცინთან გააფორმა. თუმცა, ამან მაინც არ გამოიწვია სრული პოლიტიკური ინტეგრაცია, ამ საკითხზე მოლაპარაკებები კი 20 წელზე მეტი გრძელდება.

„დოსიეს“ მიერ შესწავლილ დოკუმენტის სახელწოდებაა „რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები ბელარუსის მიმართულებით“. „დოსიეს“ გუნდის თქმით, სწორედ ამ დოკუმენტის წყალობით არის ცნობილი, რომ კრემლის გლობალური მიზნებია რუსული ენის უპირატესობის დაწესება ბელარუსულთან მიმართებაში, ბელარუსის კანონმდებლობის კორექტირება რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად და ბელარუსის სოციალურ-პოლიტიკური, სავაჭრო, სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრების დაქვემდებარება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ სფეროების ირგვლივ შემუშავებული აქვს მთელი სტრატეგია. თითოეული მიზანი გადანაწილებულია სხვადასხვა ვადაზე – 2022, 2025 და 2030 წლამდე.

„მოკავშირე სახელმწიფო საფრთხეს უქმნის ბელარუს ხალხს და ბელარუსის სახელმწიფოებრიობას. ეს არ არის თანასწორთა კავშირი – ეს არის რუსეთის მიერ ბელარუსის შთანთქმის საგზაო რუკა. მოკავშირე სახელმწიფოში რუსეთთან ბელარუსი კარგავს სუვერენიტეტის ნიშნებს და ხდება სხვისი პოლიტიკის პასიური სტატისტი. მოკავშირე სახელმწიფო არის შირმა რუსეთისთვის, რომ დაამყაროს კონტროლი ბელარუსზე“ – თქვა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

მის ნათქვამს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დოკუმენტი ადასტურებს – მოკავშირე სახელმწიფოს მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც პუტინმა დაამტკიცა ლუკაშენკოსთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი დავალებების ნაწილია.

სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ჰარმონიზაციის გარდა, 2030 წლამდე რუსეთი გეგმავს კონტროლი დაამყაროს ბელარუსის სამხედრო-პოლიტიკურ სექტორში. რუსული დაზვერვის ამოცანები მოიცავს „ნაციონალისტური და პროდასავლური“ ძალების გავლენის შეზღუდვას და ბელარუსის კონსტიტუციის რეფორმირების დასრულებას, რუსეთის ფედერაციის ინტერესების გათვალისწინებით; სამხედრო და პოლიტიკურ ელიტებში, ასევე მოსახლეობაში პრორუსული განწყობების გამყარებას.

„სტრატეგიული მიზნების“ თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპირებს ბელარუსის საინფორმაციო სივრცე ამ ათწლეულის ბოლომდე სრულად გააკონტროლოს. ისინი ამას გააკეთებენ ბელარუსში რუსული მედიის რაოდენობის გაზრდით და მოსახლეობაში რუსული ინფორმაციის გავლენის გაძლიერებით. ხოლო პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში, კრემლი აპირებს შექმნას „პრო-რუსული გავლენის ჯგუფები“.

რუსეთი ასევე აპირებს გაამარტივოს ბელარუსის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების გაცემის პროცედურა, „იმისთვის, რომ შექმნან რუსების ფენა, რომლებიც დაინტერესებული არიან ინტეგრაციით და ბიზნეს წრეები, რომლებიც ორიენტირდებიან რუსეთის ბაზარზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ჟურნალისტების თქმით, უკრაინაში ომმა შეანელა ამ გეგმის განხორციელება, მაგრამ არ შეუჩერებია. წყაროს განმარტებით, „ბელარუსზე სრული კონტროლის მისაღწევად გრძელვადიანი მიზანი ჯერ კიდევ ძალაშია“.

მიზნების გარდა, დოკუმენტი ასევე აღწერს, რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს ბელარუსში რუსეთის გეგმებს.

ვინ შეიმუშავა ეს სტრატეგია? „დოსიეს“ ცნობით, ევროპის მიმართულებით არსებული ახლო საზღვარგარეთული ქვეყნები ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპეციალურ დეპარტამენტს – სასაზღვრო თანამშრომლობის საპრეზიდენტო ოფისს. იგი ერევა ბელარუსის, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნების პოლიტიკაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: