მთავარი,სიახლეები

დეპუტატ გიორგი მანველიძის რძლის კომპანია ბათუმში უკანონოდ აშენებს

11.10.2022 • 3463
დეპუტატ გიორგი მანველიძის რძლის კომპანია ბათუმში უკანონოდ აშენებს

ბათუმის ცენტრში, ზღვიდან ორ კვარტალში, შპს „სმარტ ჰაუსი“ მრავალბინიან კორპუსს აშენებს. კომპანიას 15- სართულიანი კორპუსის აშენების ნებართვა აქვს, თუმცა 17 ააშენა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, „სმარტ ჰაუსის“ 70 პროცენტს უმაღლესი საბჭოს წევრის, გიორგი მანველიძის რძალი [ძმის ცოლი], ლანა აბალოიძე ფლობს, 30%-ის მფლობელი კი თამთა ვერძაძეა.

დოკუმენტებით დგინდება, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შპს „სმარტ ჰაუსის“ მიერ სანებართვო პირობების დარღვევა მალევე დააფიქსირა, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. კომპანიამ გაფრთხილება არ გაითვალისწინა და სამუშაოები კანონდარღვევით გააგრძელა.

  • მერე რა, რომ დაგაჯარიმეს – რას აგებ?

დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2022 წლის თებერვლიდან ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია სამშენებლო სამართალდარღვევის გამო თითქმის ყოველ თვეში გამოსცემდა ახალ დადგენილებას „სმარტ ჰაუსის“ წინააღმდეგ, თუმცა კომპანია მშენებლობას ჩვეულ რიტმში, შეფერხების გარეშე აგრძელებდა.

ინსპექციამ შპს „სმარტ ჰაუსის“ წინააღმდეგ სამშენებლო სამართალდარღვევის გამო ადმინისტრაციული წარმოება 2022 წლის თებერვალში დაიწყო – კომპანია გააფრთხილეს და დარღვევის გამოსასწორებლად გონივრული ვადა მისცეს.

უშედეგოდ.

4 მარტს, მორიგი შემოწმებისას გაარკვიეს, რომ „სმარტ ჰაუსი“ ლერმონტოვის #12-ში ისევ კანონდარღვევით აგრძელებდა მუშაობას. ამჯერად, მითითების შეუსრულებლობის გამო კომპანია 4000 ლარით დააჯარიმეს და კანონდარღვევით მიმდინარე სამუშაოების შეჩერება მოსთხოვეს – ამჯერადაც არაფერი შეცვლილა.

28 აპრილს მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებარე ობიექტზე დარღვევა ისევ დააფიქსირა.

20 მაისს კომპანიის წინააღმდეგ კიდევ ერთი დადგენილება გამოსცეს. როგორც მუნიციპალური ინსპექცია განმარტავს, კომპანიას ჯარიმა დააკისრეს სამშენებლო სამართალდარღვევის გამო, რაც გულისხმობდა მითითების შეუსრულებლობას, მშენებლობის შეჩერებას და სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანას.

ამის შემდეგ სამი თვე გავიდა. 2022 წლის 3 ოქტომბერს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახური მშენებლობის ადგილზე ისევ გავიდა და კიდევ ერთი დადგენილება გამოსცა.

  • დადგინდა, რომ:

„სმარტ ჰაუსის“  მიერ არ სრულდება 2022 წლის 20 მაისს გამოცემული დადგენილება, ჯარიმის გადახდის ნაწილში. აღნიშნულთან დაკავშირებით 2022 წლის 06 ოქტომბერს No12-1422279361 უწყებით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 125-ე მუხლის 2. 1 ნაწილის შესაბამისად, შპს „სმარტ ჰაუსი“ დაბარებულია ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში“.

ლერმონტოვის #12-ში მიმდინარე მშენებლობის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ოფიციალურად გამოითხოვა. ინსპექციიდან 10 ოქტომბერს მიღებულ პასუხში არ წერია, რა მოხდა ადმინისტრაციულ წარმოებაზე, რომელიც 6 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, სადაც „სმარტ ჰაუსის“ წარმომადგენელიც იყო დაბარებული [„ბათუმელები“ ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლებსაც ითხოვდა, თუმცა ეს მასალები არ მოგვაწოდეს].

მშენებარე კორპუსი – პროექტი კომერციული თვალსაზრისითაც მომგებიანია, იმის გამო, რომ ერთ მხარეს, მაღალ სართულებზე,  ზღვის ხედი ექნება. გარდა ამისა, შენობას ოთხივე მხარეს ღიობები აქვს.

  • არ კარგავ იმდენს, რამდენსაც იგებ

საბოლოოდ კომპანია მაქსიმუმ 21 000 ლარით დააჯარიმეს [ჩვენი გამოთვლით, რადგან ინსპექციამ რიცხვი არ დაგვიკონკრეტა]. ეს, თანხა კომპანიისთვის, ფაქტობრივად, სულ რაღაც 10 -12 კვ. მეტრის ფასია. მშენებლობის მფლობელები კი, დიდი ალბათობით, „ამ პრობლემის“ მოგვარებას ბათუმში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად გეგმავენ: კომპანია მიმართავს მერს პროექტის შეცვლის მოთხოვნით და ნებართვასაც მიიღებს. მანამდე ჯარიმასაც გადაიხდის, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მისთვის სულ რაღაც 12 კვ.მეტრის ღირებულებაა [შეიძლება ნაკლებიც – იმის მიხედვით ზღვის ხედითაა ეს ბინები, თუ ხედის გარეშე], მაშინ, როცა 1000 კვ.მეტრამდე  გასაყიდი ფართობი დაიმატა კანონდარღვევით.

„სმარტ ჰაუსში“ მეათე-მეთოთხმეტე სართულებზე 1 კვ.მეტრი 800 დოლარი ღირს, მეთხუთმეტე სართულზე კი – 900 დოლარი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლერმონტოვის #12-ში შპს „სმარტ ჰაუსმა“ 967 კვ.მეტრი დაირეგისტრირა. ნებართვის მიხედვით, განაშენიანების ფართობი 13 436 კვ.მეტრია. აქედან საცხოვრებელი ფართობი – 9 168, კომერციული ფართობი – 514 კვ.მეტრი, ავტოსადგომის ფართობი – 598.5.

  • გიორგი მანველიძის ქონებრივი დეკლარაციიდან 

გიორგი მანველიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ ფრაქციას ხელმძღვანელობს. 2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს მას ძმამ 35 000 ლარი აჩუქა. 2021 წელს გიორგი მანველიძემ დეკლარაციაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჩუქრის შესახებ ჩაწერა, მაგრამ არ მიუთითა, ვინ აჩუქა მას 65,6 კვ.მეტრი ბინა ბათუმის ცენტრში, ახვლედიანის ქუჩაზე, #3-ში.

დიდი ხნის განმავლობაში გიორგი მანველიძის მამა, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი, ბაგრატ მანველიძე უარყოფდა, რომ ახვლედიანის ქუჩაზე, #3-ში, კორპუსის მშენებლობა სწორედ მის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიამ დაიწყო. ყოფილი ვიცე-მერი აცხადებდა, რომ ამ მისამართზე საკუთრება მიჰყიდა მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიას. მშენებლობით კი მისი შვილის, ბექა მანველიძის პარტნიორის, ავთანდილ გეგუჩაძის კომპანია – „ელიტ ჰაუსი“ იყო დაინტერესებული, რომელმაც ააშენა კიდეც კორპუსი.

კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 2015 წელს მიიღო, ამ დროს ბაგრატ მანველიძე ბათუმის ვიცე-მერი იყო.

ბოლო დეკლარაცია გიორგი მანველიძემ 2022 წლის 31 იანვარს შეავსო, სექტემბერში კი მან ახვლედიანის #3-ში კიდევ ორი ბინა დაირეგისტრირა – 85,60 კვ.მ და 248,80 კვ. მეტრი, ეს ჯამში 334,4 კვ.მეტრია, რეგისტრაციის საფუძველი – ჩუქება.

____

ამავე თემაზე:

ვინ მფარველობდა ბათუმის ცენტრში უკანონო მშენებლობას, რომელიც სასამართლომაც ვერ გააჩერა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: