„ომის შიშის გამო მოსახლეობის ნაწილი მზადაა ამ ეტაპზე ხელისუფლების მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყოს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხს აქვს მოთმინების ფიალა,“ – ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელსაც ვესაუბრეთ ხალხის პროტესტზე: როდის შეიძლება მოქალაქეებმა გავლენა იქონიონ პროცესზე, როცა ლიდერები არ არიან, მაგრამ ხელისუფლება აშკარად ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებს?
„ერთადერთი, რაც დღეს აკავებს ხელისუფლებას, არის საზოგადოებრივი აზრი. ეს გავლენა რომ არ იყოს, ხელისუფლების განცხადებები კიდევ უფრო ხისტი იქნებოდა,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს პოლიტოლოგი. კორნელი კაკაჩიას აზრით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპოზიციისგან ველის მოსუფთავების შემდეგ, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მარგინალიზებას ცდილობს, 2024 წლის არჩევნებზე „გამარჯვება გარანტირებული რომ ჰქონდეს“.
„პრობლემა ჯერ კიდევ ისაა, რომ ამომრჩეველი ვერ ხედავს ალტერნატიულ ძალას პოლიტიკურ ველზე. ხელისუფლება ამიტომაც უტევს ახლა სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ეს ალტერნატივა შესაძლოა სამოქალაქო მოძრაობიდან წამოვიდეს…“ – გვითხრა კორნელი კაკაჩიამ.
„ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან ინტერვიუ ჩაწერა, ის „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელია.
- ბატონო კორნელი, თქვენი დაკვირვებით, როგორია ხალხის რეაქცია, როცა ნებისმიერი გამოკითხვის მიხედვით, დაახლოებით 80 % ირჩევს ევროპულ პერსპექტივას, ხელისუფლება კი, რუსული კანონის მისაღებად ემზადება?
ჯერ ახალი ამბავია კანონპროექტის საკითხი და ბევრისთვის უცნობია შედეგები, რასაც ის გამოიწვევს. რეალობა არის ის, რომ თუ ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით ავტორიტარულ ტენდენციებზე, ამ კანონის მიღების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას ახდენს. ბუნებრივია, თავისი შედეგების გათვალისწინებით.
ხელისუფლებამ შეძლო პოლიტიკური ოპოზიციის მეტ-ნაკლებად მარგინალიზება, პრაქტიკულად ეს ველი მოსუფთავებული აქვს. ამ ეტაპზე კი, მისთვის, რასაც შეეძლო პრობლემის შექმნა, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. „ქართული ოცნება“ ცდილობს ამ სეგმენტის მარგინალიზაციაც მოახდინოს და განსაკუთრებით რეპუტაციული ზიანი მიაყენოს მას საზოგადოების თვალში, თორემ გასაგებია, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგი არავინ არის. ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ 2024 წელს მეტოქე არ ჰყავდეს და გარანტირებული ჰქონდეს გამარჯვება.
ამ ახალი კანონპროექტის მიღებით, ხელისუფლება იღებს მოწინააღმდეგედ მედიას და სამოქალაქო სექტორს და ამას გარდა ასეულობით ოჯახს, რომელიც ბენეფიციარი იყო სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ალბათ არ დარეგისტრირდება, ზოგი საერთოდ შეწყვეტს საქმიანობას და ასე შემდეგ.
ამავდროულად, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ადამიანებს აქვთ ომის შიში, მათთვის სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და ხელისუფლებამ ეს კარგად იცის. ის ოპოზიციისგან განსხვავებით, ახერხებს ჩაატაროს კვლევები და მათზე დაყრდნობით იმოქმედოს. კვლევებით კი ჩანს, რომ მოსახლეობის ნაწილი მზადაა ამ ეტაპზე ხელისუფლების მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყოს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხს აქვს მოთმინების ფიალა.
- როდის შეიძლება აივსოს „მოთმინების ფიალა“? აქამდე თუ ხელისუფლებისგან ვისმენდით ანტიდასავლურ გზავნილებს, ამჯერად უკვე მკაფიოა, რომ იგი მუშაობს ხალხის საპირისპიროდ, საქართველოსთვის სტატუსი მინიჭება რომ ვერ მოხერხდეს.
უსაფრთხოების რისკი, რომელიც არის დაკავშირებული რუსეთთან, დღეს აჭარბებს ყველა იმ ნეგატიურ საკითხს, რის გამოც ხალხს შეიძლება მოთმინების ფიალა აევსოს.
რამდენიმე ფაქტორია: გააჩნია, როგორ დასრულდება ომი. აქტუალურია სოციალურ-ეკონომიკური საკითხები – ყოველ მეოთხე, თუ მეხუთე ადამიანს საზღვარგარეთ სურს წასვლა, ფასები იზრდება… ამ ყველაფრის შედეგი იქნება ალბათ მომავალი წლის არჩევნები, სადაც ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს, როგორ აფასებს ხელისუფლების საქმიანობას.
პრობლემა ჯერ კიდევ ისაა, რომ ამომრჩეველი ვერ ხედავს ალტერნატიულ ძალას პოლიტიკურ ველზე. ხელისუფლება ამიტომაც უტევს ახლა სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ეს ალტერნატივა შესაძლოა სამოქალაქო მოძრაობიდან წამოვიდეს…
- ალტერნატივის დანახვის და ლიდერის გარეშე, რამდენად შეიძლება მოსახლეობამ პროტესტი გამოხატოს ისე, რომ გავლენა მოახდინოს პროცესზე?
შესაძლოა, ეს მოხდეს მოულოდნელად – საქართველო ძალიან ემოციური ქვეყანაა. ჩვენთან პატარა მუხტმა შესაძლოა შექმნას დაუგეგმავად და მოულოდნელად საპროტესტო ტალღა, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, გავრილოვის შემთხვევაში. ასე რომ, მთლად დალხინებული არ ვიქნებოდი ხელისუფლების ადგილას, მით უმეტეს, ამ მძიმე მოცემულობის ფონზე, რაც არის ახლა საქართველოში.
- გამოცდილების გათვალისწინებით უშვებთ, რომ მოქალაქეებმა ლიდერის გარეშეც გამოხატონ პროტესტი, როცა ხედავენ, რომ კარგავენ ევროპული განვითარების შესაძლებლობას?
ჩემი აზრით, ეს დამოკიდებული იქნება ევროინტეგრაციის პროცესზე: ქვეყანა მიიღებს თუ ვერა სტატუსს. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა – CRRC-საქართველომ წარმოადგინა კვლევის შედეგები, სადაც ჩანს, რომ მოსახლეობის ნაწილისთვის ომი არის მნიშვნელოვანი ფაქტორი.
CRRC-საქართველოს კვლევის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ გამოკითხული მხარდამჭერების 30 % ამბობს, რომ საქართველომ უნდა დათმოს პროდასავლური ორიენტაცია, თუ ეს რუსეთთან ომს აგვარიდებს. იგივე პოზიციას იზიარებს ოპოზიციის მხარდამჭერებიდან 26 %, ხოლო მიუმხრობელი ამომრჩევლების 16 %
რეალურად ამ შიშს იყენებს ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. კვლევა აჩვენებს, რომ ვიდრე არ დასრულდება ომი, მოსახლეობის ნაწილი ამჯობინებს სტაბილურობის შენარჩუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერი არ არის.
- გამოდის, რომ „ოცნება“ დებს ერთგვარ ფსონს იმაზე, რომ ომს რუსეთი მოიგებს?
დიახ. თუ უკრაინის გამარჯვებით დასრულდა ომი, მაშინ სერიოზული პრობლემები ექნება ხელისუფლებას საქართველოში, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, თუ უკრაინა მიიღეს ნატოში, საქართველო – არა.
- თქვენი დაკვირვებით, როგორ მართავს „ქართული ოცნება“ ბრაზს, რომელიც პერიოდულად ჩნდება ხალხში სხვადასხვა საკითხის გარშემო?
საკმაოდ კარგად მართავს, მათ შესწავლილი აქვთ საზოგადოებრივი აზრი და ამიტომაც უკვეთენ კვლევებს.
ერთადერთი, რაც დღეს აკავებს ხელისუფლებას, არის საზოგადოებრივი აზრი. ეს გავლენა რომ არ იყოს, ხელისუფლების განცხადებები კიდევ უფრო ხისტი იქნებოდა.
ამ მოცემულობაში არაა გამორიცხული, გააქტიურდნენ საზოგადოებრივი ჯგუფები, ან ახალი პარტია შეიქმნას, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევი ჩანს. თუ ხალხმა ჩათვალა, რომ საფრთხის წინაშეა მათი თავისუფლება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ამან შეიძლება შეცვალოს სიტუაცია.
- თქვენი აზრით, ხალხისთვის აშკარად ჯერ არ ჩანს, რომ ეს საფრთხე არსებობს?
ეს ახლაც საგრძნობია ადამიანებისთვის, მაგრამ მას ჯერ კიდევ უსაფრთხოების საკითხი სჯობნის.
დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ისიც, რომ იდეების ნაკლებობაა – ახალი იდეა სჭირდება ხალხს. ეს ძველი, გაცვეთილი იდეები, რაზეც მუშაობენ ოპოზიციის ლიდერები და ოპოზიციური ტელევიზიები, არ მუშაობს. ახალი ტიპის მიდგომებია საჭირო, ხალხის საჭიროებიდან გამომდინარე.