ბაზრობა, პარკინგი, ავტოსადგური გოდერძიზე – რაში ხარჯავს აჭარის მთავრობა 4,5 მილიონს

ხულოში, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე, აჭარის მთავრობა თემატური გამოფენა-ბაზრობის, ავტოსადგურისა და ავტოპარკინგის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 4,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ავტოსადგური, პარკინგი, გამოფენა-ბაზრობა კურორტ გოდერძიზე / რენდერები პროექტიდან

შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 4 597 900 ლარით გამოაცხადა. ტენდერს თან ახლავს შესაბამისი პროექტები და მშენებლობისთვის თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაცია.

პირობის თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება კი 2023 წლის 16 აპრილს დაიწყება და 21 აპრილს დასრულდება.

1-ბაზრობის, 2-პარკინგის, 3-ავტოსადგურის საპროექტო ტერიტორიები კურორტ გოდერძიზე

„პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს 2023-2024 წლებზე გადანაწილებული გეგმა-გრაფიკი, რომლის საფუძველზეც დაკორექტირდება სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადაც“, – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

ამავე პირობების მიხედვით:

  • „2023-2024-2025 წლების აჭარის ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებულია მოიპოვოს მშენებლობის პროცესში სამშენებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ყველა სახის სანებართვო ან შეთანხმების დოკუმენტაცია –

[ქუჩის/გზის სავალ ნაწილზე ტრანშეის მოწყობა, დროებითი ელექტრო და წყალმომარაგება, საჭიროების შემთხვევაში ქუჩის გადაკეტვა, საკანალიზაციო და სანიაღვრე არხების დროებით გამოყენება, სამშენებლო ტერიტორიაზე მასალების მიწოდების/გამოტანის სატრანსპორტო სქემის შეთანხმება საჭიროების შემთხვევაში და ა.შ.]

  • მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უწყვეტ რეჟიმში განახორციელოს სამშენებლო ტერიტორიებზე ონლაინ ვიდეოკონტროლი და მასზე წვდომა მისცეს შემსყიდველს.“

განახლება: ეს ტენდერი არ შედგა. ხელახალი ტენდერის შესახებ ნახეთ ამ ბმულზე.


დიდთოვლობისა თუ უგზოობის, ასევე მეწყრული პროცესების გამო ხულო-გოდერძის გზის მონაკვეთი ხშირად იკეტება და ძირითადად მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი გადაადგილება.

დღეს, 23 მარტის მდგომარეობითაც, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ ჯვარიქეთთან, კურორტ გოდერძისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის გახსნილი:

წყალი მაგისტრალზე მოედინება – ხულო-ადიგენის გზა სანიაღვრე არხების გარეშე

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 169 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020]
  • ტანკი – 3 574 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 6 921 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 2 616 ერთეული [+8]
  • MLRS – 511 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 276 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 305 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 290 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 208 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 464 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 277 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 404 თვითმფრინავი
  • 224 ვერტმფრენი
  • 3 562 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 392 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 072 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 424 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 091 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პუტინის დაკავება ნიშნავს რუსეთისთვის ომის გამოცხადებას – მედვედევი

ქემალფაშაში ჩაის ფაბრიკა დაიწვა

დღეს, 24 მარტს, დილის 7 საათისთვის საქართველოს საზღვარზე მდებარე თურქულ ქალაქ ქემალფაშაში მდებარე ჩაის ფაბრიკაში ცეცხლი გაჩნდა.

როგორც თურქული გამოცემები წერენ ცეცხლი მშრალი ჩაის საწყობში ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.

ხანძრის ჩასაქრობად ქემალფაშის, ხოფისა და არჰავის სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

ხანძარს მეხანძრეები ორი საათის განმავლობაში აქრობდნენ. ქარხანას ხანძრის შედეგად მილიონობით ლირის ზიანი მიადგა.

ნაპრალები მიწაზე – კიდევ ერთი მეწყერი სოფელ ჩაოში გააქტიურდა

მეწყრული პროცესები გააქტიურდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში. ადგილობრივების თქმით, სოფელში თოვლის დნობისთანავე გამოჩნდა გამოჩნდა ბზარები მიწაზე და რთულ მდგომარეობაშია სოფლის საავტომობილო გზაც.

„პირველად [ხულოს მერიას] ერთი თვის წინ მივმართე, არავინ არ მიაქცია ყურადღება და ისევ განვაახლე“, – უთხრა „ბათუმელებს“ ადგილობრივმა ალექსანდრე მახარაძემ, რომლის თქმითაც სოფელში ძალიან საშიში მდგომარეობაა.

ალექსანდრე მახარაძის თქმით, სოფელში არსადაა გამართული სანიაღვრე არხები, რაც მეწყრული ნაპრალების გაჩენას, გაღრმავებას უწყობს ხელს.

ნაპრალი მიწაზე. სოფელი ჩაო

ჩაოში ცხოვრობს მზია შავაძეც, რომლის საცხოვრებელი სახლის კედელი დაიბზარა – „ისეთ მდგომარეობაში, ლამის გადავარდეს“ – გვითხრა მან.

მზიას თქმით, ხულოს მერიას განცხადებით 1 კვირის წინ მიმართა და მიიღო შეტყობინება, რომ მუნიციპალიტეტი აუცილებელ ზომებს მიიღებს.

„ამ ერთი კვირის განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ ბზარების სიღრმემ მოიმატა და კედელი ლამისაა გადაბრუნდეს. სამზარეულოს კედელი იყო და ოთახი მთლიანად დავცალეთ. ყოველ დილით ვიღვიძებთ იმის შიშით, თუ რა მდგომარეობა დაგვხვდება“, – გვეუბნება მზია შავაძე

მზია შავაძის საცხოვრებელი სახლის კედელი

სოფელში ახლა გეოლოგების მისვლას და დანაპრალებული მიწის შემოწმებას ელოდებიან.

„მინდა გეოლოგები მოვიდნენ და არამარტო ჩემი საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა, არამედ მთლიანი მიმდებარე ტერიტორია შეისწავლონ, რათა დასკვნის მომზადების შემდეგ გავიგოთ რამდენად არის აქ ცხოვრება უსაფრთხო“, – ამბობს მზია შავაძე.

აღნიშნულ საკითხზე ხულოს მერიიდან კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ამავე თემაზე: 

მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა – რას ამბობენ გეოლოგები

რა იქნება „ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი, რა წერია რუსულ „შპარგალკაში“ – ინტერვიუ

„ოცნება“ ამ ტერმინების მოგონებით პირდაპირ იყენებს რუსულ „შპარგალკას“ და ცდილობს, ყველაზე უფრო ფანატიკოსი მომხრეების გამაერთიანებელი ნარატივი შემოიტანოს… „ოცნებას“ არ აქვს უნარი, რამე ახალი მოიფიქროს,“ – ამბობს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელსაც ვესაუბრეთ „ოცნების“ ახალ გზავნილზე: „ლიბერალური ფაშიზმი“.

პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ მიერ გააქტიურებული ტერმინები, რასაც პუტინი გუშინ იყენებდა, საქართველოში ვერ იმუშავებს, ამიტომაც, მას უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია პოლიტიკური ფასის გააქტიურება, რაც მოუწევს „ქართულ ოცნებას“, თუ ის 12 პუნქტის შესრულებაზე უარს იტყვის და საქართველოს ევროპული მომავალი რისკის ქვეშ აღმოჩნდება.

„ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორია.

  • ბატონო ლევან, თქვენი აზრით, რის მიღწევას ცდილობს „ქართული ოცნება“ ახალი ტერმინის გააქტიურებით: „ლიბერალური ფაშიზმი“? რას ნიშნავს ეს ტერმინი? 

ეს ახალი ტერმინი არ არის, ეს ის ტერმინია, რასაც რუსეთი იყენებდა წლების წინ.

ჩემთვის გაუგებარი ისაა, რომ ამ ხალხმა ვერ გაიგო მთავარი: საქართველოს მოქალაქეებმა რომელიმე კანონის რაღაც მუხლის წინააღმდეგ კი არ იბრძოლეს გასულ კვირას, არამედ ზუსტად ამ რუსული პოლიტიკის დამკვიდრების წინააღმდეგ დააფიქსირეს მიუღებლობა და პროტესტი. ეს ტერმინიც რუსული პროპაგანდის ნაწილია.

რუსეთში თავდაპირველად დაიწყეს ეს პროცესი სიტყვა ლიბერალის დემონიზებით, მერე დემოკრატია გახდა ასაგდები სიტყვა. რაც მთავარია, ჩვენ უკვე ვიცით, „ოცნება“ ხვალ რას გააკეთებს, რადგან მათ არ შეუძლიათ შემოქმედება, ისინი ყველაფერს რუსული „შპარგალკიდან“ იწერენ.

  • რა იქნება „ქართული ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი, რა წერია რუსულ „შპარგალკაში“?

აქ მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობს არამხოლოდ რუსული პროპაგანდა, არამედ ზოგადად რუსული რეპრესიული მანქანა. რუსები გეუბნებიან, რომ „ყველა გაფუჭებულია“, რომ ლიბერალიც ცუდია, კონსერვატორიც, ამიტომაც შენთვის აზრი არ აქვს, ამა თუ იმ მხარეზე დგომას და ფიქრს.

გეუბნებიან, რომ აი, „პოლიტიკა ბინძური საქმეა“, „გეშინოდეს აქტივიზმის“, „ხმის ამოღება სახიფათოა“, ან ეს მარტივად იმედგაცრუებას მოგიტანს, „მაინც არაფერი გამოვა“, რადგან გარშემო ყველა „გაფუჭებულია“, „არასამთავრო მდიდარია“, „პოლიტიკოსები მოსყიდულები არიან“, კრიტიკულად განწყობილი ადამიანები სინამდვილეში უცხოეთის აგენტები არიან… ანუ გარშემო ყველაფერი სიბნელით არის მოცული, ყველაფერი სახიფათოა და საშიში, ამ მოცემულობაში კი, სიმშვიდის და სტაბილურობის ერთადერთი კუნძული ვართ ჩვენ. შეიძლება, არც ჩვენ ვართ ფრთიანი ანგელოზები, მაგრამ სამაგიეროდ სხვა ყველაფერი არის ბნელით მოცული, სახიფათო – ეს არის „ოცნების“ მთავარი გზავნილი.

მათ ახალგაზრდებზეც კი თქვეს, რომ 1000 ლარად მოსყიდული არიან და სატანისტები, არასამთავრობოები და ჟურნალისტები კი, უცხოეთის აგენტები.

  • „ლიბერალური ფაშისტები“ – საპროტესტო ტალღის შემდეგ, როცა „ოცნებას“ უკან დახევა მოუწია, რატომ ცდილობენ გამოიყენონ უკვე ეს ტერმინი? 

სიტყვა „ფაშისტი“ რუსეთში ეგრევე სამამულო ომის  ასოციაციას იწვევს, ადგნენ და ქართულად დაიწყეს ახლა ამაზე ლაპარაკი.

აბსურდია, როცა „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ლიბერალიზმის სახელით არის შეფუთული ფაშიზმი. როცა მსგავს ტერმინებს იყენებენ, გათვლაა საზოგადოების შიშებზე: რის ეშინია საზოგადოებას? მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ სიტყვა „ფაშიზმი“ რუსულ საზოგადოებაში იწვევს ემოციურ რეაქციას, საქართველოში არ არის იგივე. ამ სატყუარით არ ტყუვდება ქართველი ისე, როგორც რუსი.

ვნახეთ კიდეც, რომ აგენტების შესახებ კანონი გაიტანეს რუსეთში, ჩვენთან – ვერა. რუსული და ქართული საზოგადოება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. საქართველოში ბევრად უფრო კონსოლიდირებულია სამოქალაქო საზოგადოება, ვიდრე რუსეთში. საქართველო ტერიტორიულად უფრო მცირე და კომპაქტური სახელმწიფოა, ვიდე რუსეთი და კოორდინაცია, თანამშრომლობა, სოლიდარობის მოძრაობები უფრო სწრაფად ორგანიზდება.

გარდა ამისა, საქართველოში რუსეთისგან განსხვავებით, ბევრად უფრო განვითარებულია პლურალიზმი, ძლიერია დამოუკიდებელი მედია, რუსეთში ეს კანონი როცა გაიტანეს, ეს ყველაფერი ფაქტორები უკვე მომსპარი იყო და ეს კანონი იყო უკვე ბოლო აკორდი.

ძალიან განსხვავდება თანამედროვე ქართველის იდენტობა რუსის იდენტობისგან. ქართველის იდენტობა ყალიბდება სწორედ რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლაში. საქართველოს მოქალაქე როდესაც ფიქრობს: რას ნიშნავს ქართული სახელმწიფო, ამის ძალიან დიდი ნაწილია ის, რომ ეს სახელმწიფო რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ბოლშევიზმის წინააღმდეგ და იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის.

  • არ ფიქრობთ, რომ „ლიბერალური ფაშიზმის“ მიზანმიმართული გამოყენებით „ოცნება“ ნაწილობრივ მოახერხებს დემოკრატიის გაუფასურებას საქართველოში? 

ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ ამის რესურსი აღარ აქვს.

ჩემი აზრით, „ოცნება“ ამ ტერმინების მოგონებით პირდაპირ იყენებს რუსულ „შპარგალკას“ და ცდილობს, ყველაზე უფრო ფანატიკოსი მომხრეების გამაერთიანებელი ნარატივი შემოიტანოს. მნიშვნელოვანია, რომ „ოცნებას“ არ აქვს უნარი, რამე ახალი მოიფიქროს. რუსი მრჩევლებიც ეტყობა, რომ „ოცნებას“ იმას ეუბნებიან, რაც იციან.

„ოცნებამ“ გასულ კვირას საბოლოოდ გაწყვიტა საზოგადოებრივი ხელშეკრულება ქართველ ხალხთან. მოქალაქეებმა შესაძლოა ბევრი რამ მოისმინონ, ხმა არ ამოიღონ, მაგრამ რუსეთში შეთრევის მცდელობას წინ აღუდგებიან, როგორც აღუდგნენ რუსული კანონის მიღებას. თანაც, ამას წინ აღუდგება არამხოლოდ ჟურნალისტების და სამოქალაქო ორგანიზაციების ვიწრო ჯგუფი, არამედ საზოგადოება ამ სიტყვის ყველაზე ფართო და დემოკრატიული გაგებით. ეს იყო ის, რაც მოხდა გასულ კვირას საქართველოში.

ამ ძალასთან დაპირისპირება იმით, რომ მოდი, ვიღაცას „სატანას“ დავარქმევ, ვიღაცას კი,„ფაშისტს“, არ მჯერა, რომ ეს საქართველოში იმუშავებს. ეს იმუშავებს ფანატიკოს მომხრეებს შორის, რომლებიც ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლებაში ყოფნის გარდა, არ არსებობს არაფერი, მათ შორის, საქართველოს ევროპული მომავალი.

ჩემი აზრით, რუსული ქარგით საქართველოში პოლიტიკური პროცესის მოქსოვა, არ გამოვა. „ოცნება“ თავს ვერ დააღწევს იმას, რომ ის საკუთარი იმიჯის პროექცირებას, გაიგივებას ახდენს საზოგადოებასთან, თვლის, რომ საზოგადოება იმავე აბსურდული კატეგორიებით აზროვნებს, რასაც კობახიძე გვთავაზობს.

  • რატომ აკეთებენ ამას, როცა აშკარად ჩანს, რომ საზოგადოება არ ტყუვდება, არ ექცევა იგივე ტროლების გავლენის ქვეშ? 

„ოცნებამ“  არ იცის სხვა რამ როგორ აკეთოს. მათი პოლიტიკის კეთების გზა არის მხოლოდ რუსული გზა და სხვა გზას ვერ ირჩევენ, არ უნდათ.

რუსული გზა კი, არის ის, რომ ხალხი გახვიო აბსურდის საბურველში, მიაწოდო კონსპირაციული თეორიები, მაგალითად, არსებობს გლობალური ომის პარტია, ომში ჩათრევა უნდათ, რომ წაგვართვან უნდა ტრადიციები, იდენტობა და როგორც კი, ხალხს შეაშინებ გაუგონარი ანაქრონიზმით, მერე ეტყვი, რომ არავის არ ენდო, ენდე მხოლოდ კეთილ ბიძიას, რომელიც რეალობისგან, რაც მე გამოვიგონე, დაგიცავს.

გათვლა არის იმაზე, რომ საზოგადოება არის ბნელი, ჩამორჩენილი და ის არის განწყობილი მორჩილებისკენ. ეს არის შესაძლოა დამახასიათებელი რუსული საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს არ არის ქართული საზოგადოება, რომელიც რუსების წინააღმდეგ იბრძვის. ამ საზოგადოებამ ყველა საკვანძო ეტაპზე აჩვენა, რომ როდესაც დგება არჩევანი თავისუფლებასა და არათავისუფლებას, მორჩილებას და დაუმორჩილებლობას შორის, დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის, დემოკრატიასა და დიქტატურას შორის, ქართული საზოგადოება ერთიანდება და ყოველთვის ირჩევს სწორ მხარეს.

ამას სჭირდება უკიდურესი მავნებლობა, რომ ეს ისტორია არ წაიკითხო და აქედან გაკვეთილი არ მიიღო.

  • რა შეიძლება იყოს „ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი, თუ ის ხედავს, რომ რუსული „შპარგალკა“ ვერ მუშაობს საქართველოში? 

შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ფიზიკური განადგურების, ან დაზიანების მცდელობა სამოქალაქო ლიდერების: ვიღაცას აგური ესროლეს, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს… მცდელობა იქნება, რომ შეგვაშინონ, ფიზიკურად შეგვაშინონ, ასევე აგრძელებენ ფიქრს ფობიებზე, მაგალითად, რელიგიის დაკარგვის შიში. შეიძლება, გამოიგონონ ახალი ურჩხული, რომ აი, სადღაც ჩაიფიქრეს, საქართველო აღარ იყო მართლმადიდებელი, ქართველი ხალხი აღდგომას აღარ უნდა აღნიშნავდეს და რამე მსგავსი.

  • „ეკლესიის მტრები“ – ეს ტერმინიც გვესმის „ოცნებიდან“ არასამთავრობოების მისამართით.

დიახ და თან ჩანს, როგორ არ მუშაობს ეს. ამ ყველაფერს რომ ემუშავა, ეს ხალხი ხომ გარეთ არ გამოვიდოდა? ეს მიდგომა ვერ იმუშავებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული საზოგადოება არ არის რუსული საზოგადოება.

რუსულ საზოგადოებაშიც არიან ნათელი გონების და მოქალაქეობრივად აქტიური ადამიანები, მაგრამ უმცირესობაა, საქართველოში კი, ასეთი ადამიანები ძალიან საგრძნობია და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს საზოგადოება საქართველოში არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ერთ, ან ორ ქალაქში რუსეთისგან განსხვავებით.

საქართველოში თავისუფლების იდეით გამსჭვალული ადამიანები, მოქალაქეები ბევრგან არიან და ყველა ქალაქში არიან, ყველა დაბაში არიან. ზოგან მეტია აქტიური მოქალაქე, ზოგან – ნაკლები, მაგრამ გეოგრაფიულად საქართველოში დემოკრატიულად არიან გადანაწილებული, ვერ იტყვი, რომ აი, მარტო თბილისს და ბათუმს გავუკეთოთ იზოლირება და დანარჩენს მივხედავთ.

  • რა უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია, როცა ამ ტერმინებით გვესაუბრება ხელისუფლება?  

ჩვენ არ უნდა ავცდეთ ჩვენს მთავარ ამოცანებს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ: ქვეყანაში ცხოვრება როგორ გამოსწორდეს, როგორ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, როგორ გავხდეთ ევროკავშირის წევრი და შევასრულოთ 12 პუნქტი… „ოცნების“ ამოცანა, რომ ამ ყველაფერზე არ ვილაპარაკოთ და ვისაუბროთ ვინმე სატანისტია, თუ ფაშისტი. ჩვენ არ უნდა შევყვეთ მათ ამ დისკუსიაში, არ უნდა გავარჩიოთ სისულელე, ჩვენი ძვირფასი დრო და ენერგია არ უნდა დავახარჯოთ რუსი კონსულტანტების მიერ გამოგონებული აბსურდების გარკვევაში, ეს არ არის ჩვენი საქმე.

სამოქალაქო სექტორის, მოქალაქეების და ჟურნალისტების ამოცანაა, ვილაპარაკოთ, რა არის საჭირო ევროკავშირის წევრობისთვის.

  • თქვენი აზრით, ამ ეტაპზე, რა ფორმით უნდა მოხერხდეს გავლენა ხელისუფლებაზე, რომელიც მაგალითად, არ აპირებს დამოუკიდებელი გახდეს სასამართლო? ეს დაგვიწერა კიდეც ვენეციის კომისიამ თავის ბოლო დასკვნაში.  

რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გავაგებინოთ, რასთან გვაქვს საქმე, რომ საქართველოს უკეთესი მომავლის დაკარგვაზე პასუხისმგებელი იქნება „ქართული ოცნება“, თუ ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მივიღეთ.

კანდიდატობა ჩვენ კი არ უნდა მოგვცეს ვინმემ, არამედ ეს ხელისუფლებამ უნდა დაიმსახუროს. რა 12 პირობის შესრულებაზეა საუბარი დღეს? საერთოდ რომც არ არსებობდეს ევროკავშირი, ეს 12 პირობა ხომ რეალურადაც უნდა გვინდოდეს? დამოუკიდებელი სასამართლო, სამართალი, სამართლიანი არჩევნები, პროკურატურა ერთ კაცს კი არა, ხალხს რომ ემსახურებოდეს…

ქართველმა ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ, რა ფასს დავადებთ, საქართველოს საუკეთესო თაობების ანდერძის არშესრულებას, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ილიას, ვაჟას, ექვთიმე თაყაიშვილის, სულხან-საბას, პირველი რესპუბლიკის ყველაზე ნათელი ადამიანების მემკვიდრეობაზე და დღეს ამ მემკვიდრეობას აყენებს პირდაპირ საფრთხის ქვეშ „ქართული ოცნება“. ეს არათუ საფრთხის შექმნაა, არამედ „ოცნება“ პირდაპირ უტევს ამ მემკვიდრეობას ჩვეულებრივი, ბოლშევიკური, წითელი არმიის მეთოდებით, ასევე იმ ლექსიკით და ტერმინოლოგიით, რასაც გუშინ იყენებდა პუტინი.

ეს ვერ იმუშავებს, ერთია, მაგრამ ამაზე პოლიტიკური პასუხი უნდა აგონ.

ავარიული 5 სართულის ადგილზე 12 სართულს აშენებენ პროექტით, რომელიც ბათუმის მერიამ დამალა

ბათუმში, მაიაკოვსკის N3ა-ში მდებარე ავარიულ ხუთსართულიან კორპუსს დაანგრევენ და მის ადგილზე 12-სართულიან კორპუსს ააშენებენ. ახალი კორპუსის პროექტის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ მერიისგან იანვრის დასაწყისში მოითხოვა, თუმცა, არც პროექტის ესკიზი გვაჩვენეს და არც ის გვითხრეს, ვინ იმუშავა პროექტზე.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესყიდვაზე, ამჯერად ბაზრის კვლევას ატარებს.

სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ახალი კორპუსის პროექტი შედგენილია ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯორჯიანჰაუსის“ მიერ, რომელთანაც მერიის სამმართველოს ხელშეკრულება 450 ათას ლარზე, 2022 წლის აგვისტოში აქვს გაფორმებული [„ბათუმში, ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობა ნაგებობების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე“].

ამ ტენდერის ფარგლებში რამდენი პროექტი შეადგინა კომპანიამ, „ბათუმელებს“ ამ ეტაპზე არ მოუთხოვია, თუმცა, 12-სართულიანი კორპუსის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, დოკუმენტის მიხედვით, მერიის სამმართველოს 2022 წელსვე ჩაბარდა.

სამმართველოს ინფორმაციით:

აღნიშნული პროექტით მაიაკოვსკის 3ა-ში, ავარიული ხუთსართულიანის ნაცვლად 12-სართულიანი კორპუსი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში უნდა აშენდეს.

მშენებლობაზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სავარაუდო ღირებულებით – 15 192 786 ლარი.

ამასთან, შესაძლებელი იქნება ავანსის გამოყენება შემსყიდველთან შეთანხმებით, სახელშეკრულებო ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა.

ტენდერში, რომელიც სამმართველომ ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ უნდა გამოაცხადოს, პრეტენდენტთა გამოცდილების მოთხოვნები განსაზღვრულია. მათ შორის:

  • „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს სამოქალაქო ან საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 44 000 000 ლარის ღირებულებით, მათ შორის ობიექტი/პროექტი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სრულად გარემონტებული ე.წ “გასაღებ ქვეშ” (გარდა საყოფაცხოვრებო ავეჯისა), რომელიც მიღებულია ექსპლუატაციაში საერთო ღირებულებით არანაკლებ 13 000 000 ლარის ოდენობით;
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს სამოქალაქო ან საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის მშენებლობის გამოცდილება, რომელთა ჯამური სამშენებლო ფართობი შეადგენს არანაკლებ 15 000 კვ.მ.-ს და ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ობიექტი/პროექტი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სრულად გარემონტებული ე.წ “გასაღებ ქვეშ” (გარდა საყოფაცხოვრებო ავეჯისა), რომელიც მიღებულია ექსპლუატაციაში საერთო სამშენებლო ფართით არანაკლებ 6 000 კვ.მ.“ და სხვ.

მერიის სამმართველო სთხოვს დაინტერესებულ პირებს 2023 წლის 24 მარტის ჩათვლით, წერილობით აცნობონ, „რომ გაქვთ ზემოაღნიშნული გამოცდილება“.

ახალი შენობის რენდერი არც ბაზრის კვლევის დოკუმენტაციას ახლავს, თუმცა აღნიშნულია, რომ შენობის მაქსიმალური სიმაღლე 43.7 მეტრი იქნება, ხოლო საერთო ფართობი – 6 796 კვ.მ

ბათუმში, მაიაკოვსკის N3ა-ში მდებარე ავარიული ხუთსართულიანი კორპუსის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია ნახეთ ამ ბმულზე:

 

რისი ეშინიათ ავარიულ კორპუსში მცხოვრებთ ბათუმში და რას პასუხობს მათ მერია

ქიმიოთერაპია და თმის ცვენა – რას ველოდოთ მკურნალობის დროს

თმის ცვენა კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სახასიათო გვერდითი ეფექტია, რომელიც ბევრი პაციენტისთვის ძალიან დამთრგუნველია ამ მძიმე დაავადებასთან ბრძოლის გზაზე. როგორც წესი, მკურნალობის დასრულების შემდეგ თმა კვლავ იზრდება, თუმცა სპეციალისტები ურჩევენ პაციენტებს, კიბოს მკურნალობის ამ გვერდით ეფექტთან გასამკლავებლად წინასწარ მოემზადონ.

„ქიმიოთერაპიის შესახებ კონსულტირებისას ყველაზე მძაფრად აღსაქმელი პაციენტებისთვის თმის ცვენის მომენტია, ალბათ იმიტომ, რომ ეს არის, ფაქტობრივად, თვალხილული ნიშანი იმისა, რომ ისინი შეეჯახნენ ამ პრობლემას. იმის შეხსენებაა, თუ რა ბრძოლაში არიან“, – ამბობს „მედცენტრის“ კლინიკური ონკოლოგი, ქეთი ასანიძე.

თუმცა, მისივე თქმით, თმის ცვენა ყველა ქიმიოთერაპიის დროს არ ვითარდება.

რა შემთხვევაში არის მოსალოდნელი თმის ცვენა, რა პრევენციული ზომები არსებობს ამ გვერდითი ეფექტის შესამცირებლად, როდის დაბრუნდება თმა და რა რეკომენდაციები არსებობს ამ მხრივ? – „ბათუმელების“ კითხვებს ქეთი ასანიძემ უპასუხა.

  • რატომ ცვივა თმა ქიმიოთერაპიის დროს?

ქიმიოთერაპია სისტემური მოქმედების თერაპიაა, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ის სისხლის მიმოქცევაში ხვდება, გადის ზუსტად იმ გზას, რასაც სისხლი ამ მიმოქცევისას. შესაბამისად, სისხლის გზით ეს პრეპარატი გადადის თმის ფოლიკულებამდეც. თმის ფოლიკულზე ქიმიოთერაპიულ საშუალებებს აქვთ ტოქსიკური ზემოქმედება, ანუ იწვევს მის დაზიანებას. როდესაც თმის ფოლიკული ზიანდება, იწყება თმის ცვენაც.

  • ქიმიოთერაპიის გარდა თმის ცვენა სიმსივნის სხვა მკურნალობებსაც ახასიათებს?

სიმსივნის მკურნალობის პროცესში თმის ცვენა, როგორც წესი, ვითარდება მხოლოდ ქიმიოთერაპიის შემდგომ. რადიოთერაპიის შემდგომ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც უშუალოდ თავის ტვინი სხივდება, მაშინ შეიძლება იყოს გვერდითი ეფექტი თმის ცვენა. თუმცა აქაც, ყველა შემთხვევაში არ ვითარდება, ძალიან იშვიათია ხოლმე რადიოთერაპიის შემთხვევაში.

  • თმის ცვენა ყველა ქიმიოთერაპიის დროს გარდაუვალია?

არა. როგორც წესი, არის გარკვეული ქიმიოთერაპიული პრეპარატები, რომლებსაც  თმის ცვენის მაღალი რისკი აქვთ. მაგალითად, დოქსორუბიცინის, ტაქსანების შემდეგ არის ხოლმე ძირითადად ყველაზე მაღალი რისკი, რომ თმის ცვენა განვითარდეს. ზოგადად, ამ პრეპარატების უმრავლესობას ახასიათებს ეს გვერდითი ეფექტი, თუმცა არის რიგი ქიმიოთერაპიული პრეპარატებისა, რომლებიც თმის ცვენას არ იწვევენ.

Mayoclinic: ქიმიოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა მთელს სხეულზე – არა მხოლოდ სკალპზე. ხანდახან თმა ცვივა წამწამების, წარბების, იღლიის, ბოქვენის და სხეულის სხვა ნაწილებში.

  • ეს პრეპარატები რის მიხედვით ირჩევა, პაციენტს შეუძლია  მათი არჩევა?

ჩვენ პროტოკოლებში მოცემული გვაქვს პირველი, მეორე, მესამე რიგის სქემები, რომელთაც სხვადასხვა დიაგნოზის, სხვადასხვა სტადიის დროს, სხვადასხვა რეჟიმში ვიყენებთ. შესაბამისად, ეს სქემები [და ეს პრეპარატები] არის წინასწარ გაწერილი.

  • თუ არსებობს პრევენციული ზომები ქიმიოთერაპიის დროს თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად?

კი, არსებობს ასეთი – „პაქსმანის“ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც აგრილებს, აცივებს სკალპს ქიმიოთერაპიის დროს და მინიმუმამდე დაჰყავს ამ გზით ქიმიოთერაპიული საშუალების ტოქსიკური ზემოქმედება თმის ფოლიკულზე. ამით მცირდება თმის ცვენის ინტენსივობა, ანუ არ მივდივართ თმის სრულ ცვენამდე; თუმცა ამ შემთხვევებშიც შესაძლებელია რაღაც ხარისხით თმის ცვენა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არის რიგი პრეპარატები, რომელთა მიღების დროსაც ამ პრევენციულ მეთოდს ეფექტი არ აქვს და მაინც ვიღებთ თმის ცვენას.

  • ეს მოწყობილობა ჩვენთანაც არის ხელმისაწვდომი, მისი გამოყენება დამატებით ხარჯს უკავშირდება?

დიახ, ბათუმის მასშტაბით არის ხელმისაწვდომი, ფასიანი სერვისია.

  • ქიმიოთერაპიის პერიოდში თუ არის რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაციები კანის მოვლასთან დაკავშირებით?

თმის ცვენის საპრევენციოდ მხოლოდ სკალპის გაგრილებაა პრევენციული მეთოდი, სხვა არ არსებობს. კანის მოვლის მხრივ რეკომენდაციები იგივეა, რაც სხვა ნებისმიერი ჯანმრთელი პირის შემთხვევაში, რაც გულისხმობს ყოველდღიურ ჰიგიენას, კანის დატენიანებას, და ა.შ.

რაიმე განსაკუთრებული პრევენციული ღონისძიებების გატარება არ არის საჭირო, თუმცა თუ, მაგალითად, ქიმიოთერაპიის დროს ან შემდგომ კანზე სპეციფიკური ცვლილებები შეინიშნება და პაციენტი აღნიშნავს, რომ, მაგალითად, ქიმიოთერაპიის დაწყებამდე ასეთი ცვლილებები მას არ ჰქონდა, მან აუცილებლად უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რათა მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.

  • რა შეიძლება დაეხმაროს პაციენტებს იმაში, რომ მოემზადონ თმის ცვენისთვის?

ქიმიოთერაპიის შემდგომ თმის ცვენა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური პროცესია, თუმცა, როგორც წესი, ინტენსიური თმის ცვენა იწყება პირველი, მეორე კურსის შემდეგ. ეს არ არის ჩვეულებრივი თმის ცვენის მაგვარი, შეიძლება სავარცხელს მასიურად ჩამოჰყვეს თმა. ამიტომ ეს ფსიქოლოგიური ტრავმა რომ ავირიდოთ თავიდან, უმჯობესია კურსის დაწყებამდე თმის ერთიანად გადაპარსვა, ან დაბალზე შეკრეჭა, რადგან ყოველ დილით ბალიშზე ჩამოცვენილი თმის  ხილვა ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა; ამიტომ თუ, დავუშვათ, არ არის იმ პრევენციული ზომის გატარების საშუალება, ჯობია პაციენტმა გადაიპარსოს თმა.

ეს პროცესი პაციენტების უმრავლესობისთვის საკმაოდ ტრავმულია, ერთ-ერთი საშუალება, რასაც პაციენტები თმის ცვენის საკომპენსაციოდ იყენებენ, მათ ვარცხნილობასთან და თმის ფერთან დაახლოებული პარიკია (მათ შორის, ძალიან ეფექტურია ბუნებრივი თმისგან დამზადებული პარიკი).

Mayoclinic: დაიცავით თქვენი სკალპი მკურნალობის დროს. თუ თქვენი თავი მზეზე ან ცივ ჰაერში მოხვდება, საჭიროა მზისგან დამცავი კრემის ან [სასურველია ბამბის ქსოვილის] თავსაფრის/შარფის/ქუდის გამოყენება. რადგან თქვენი სკალპი შეიძლება იყოს მგრძნობიარე მკურნალობის გავლისას, ამიტომ სიცივემ ან მზემ შეიძლება ადვილად გააღიზიანოს იგი.

  • პაციენტები საუბრობენ, რომ ქიმიოთერაპიის შემდეგ მათ ძველისგან განსხვავებული თმა ამოუვიდათ, ამას რა იწვევს?

ქიმიოთერაპიის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს თმის ტექსტურა. მაგალითად, თუ ხუჭუჭი თმა იყო, შეიძლება ამოვიდეს შედარებით სწორი თმა, ეს თმის ფოლიკულზე იმ ტოქსიკური ზემოქმედების შედეგია, რაც ქიმიოთერაპიის გავლენით ხდება. თუმცა ძირითადად მაინც იმავენაირი თმა ამოდის.

Cancerresearchuk.org: ქიმიოთერაპიის შემდეგ თქვენი თმის ზრდას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს და, სავარაუდოდ, უფრო რბილი იქნება, ვიდრე მანამდე იყო. შესაძლოა ახალ თმას ჰქონდეს შედარებით სხვა ფერი და უფრო ხვეული იყოს, ვიდრე ადრე. სავარაუდოდ, თმა გაიზრდება იმავე ტემპით, როგორც ქიმიოთერაპიამდე იზრდებოდა. მკურნალობის დასრულებიდან 3-6 თვეში თმა უნდა დაბრუნდეს. ადამიანების უმეტესობისთვის თმა სრულად აღდგება 6-დან 12 თვემდე პერიოდში.

Mayoclinic: მკურნალობის შემდეგ გააგრძელეთ თმის ფრთხილი მოვლა. თქვენი ახალი თმა განსაკუთრებით დაუცველია თმის ფიქსატორებისა და გაშრობა/დასწორებისთვის განკუთვნილი მოწყობილობებით გამოწვეული ზიანის მიმართ. გადადეთ ახალი თმის შეღებვა ან გაუფერულება მანამ, სანამ ის არ გაძლიერდება. დამუშავებამ შეიძლება დააზიანოს თქვენი ახალი თმა და გააღიზიანოს თქვენი მგრძნობიარე სკალპი.

აშშ იწყებს სტრატეგიულ დიალოგს ბელარუსის ოპოზიციასთან

2023 წლის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ დიალოგს“ ბელარუსის ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 22 მარტს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი ვაშინგტონში, ბელარუსის დემოკრატიული პარტიის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გამოხატა შეერთებული შტატების მუდმივი მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ბელარუსი ხალხის სწრაფვას ბელარუსის დემოკრატიული, სუვერენული და სტაბილური მომავლისკენ“ – წერია აშშ-ის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ ვენდი შერმანმა ტიხანოვსკაიას უთხრა აშშ-ს განზრახვის შესახებ, დაიწყოს სტრატეგიული დიალოგი ბელარუსის დემოკრატიულ მოძრაობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან 2023 წლის ბოლოს.

ვაშინგტონში ვიზიტისას სვეტლანა ტიხანოვსკაიას აშშ-ს კონგრესში მოუსმინეს, სადაც ტიხანოვსკაიამ გააკრიტიკა ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტიკა, რომელმაც კრემლს მისცა საშუალება, გამოიყენოს ბელარუსი უკრაინაზე თავდასხმისთვის.

აშშ-ში ტიხანოვსკაია ასევე შეხვდა ნენსი პელოსს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელთანაც განიხილა რუსეთის ჰიბრიდული საოკუპაციო პოლიტიკა და ლუკაშენკოს რეჟიმი.

ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, 2020 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ ბელარუსში მის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის გამო ლიეტუვაში ცხოვრობს.

2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში სვეტლანა ტიხანოვსკაია ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყო, თუმცა ცესკოს ოფიციალური შედეგებით ხმების მხოლოდ 10% მიიღო. ლუკაშენკოს 25-წლიანი მმართველობისა და საერთაშორისო დამკვირვებლების არყოფნის ფონზე, მან ოფიციალური შედეგები არ აღიარა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.

არჩევნების შემდეგ ანტისამთავრობო დემონსტრაციები დაიწყო, რაზეც ლუკაშენკომ ძალის გამოყენებით უპასუხა. ტიხანოვსკაია იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ემიგრაციაში ყოფნისას იგი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან შეხვედრებს მართავს.

______________

ფოტოზე: სვეტლანა ტიხანოვსკაია და ვენდი შერმანი/twitter

პუტინის დაკავება ნიშნავს რუსეთისთვის ომის გამოცხადებას – მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინის დაკავებაზე ორდერის გაცემის შესახებ ნიშნავს ომის გამოცხადებას რუსეთის ფედერაციასთან.

რუსულ საინფორმაციო სააგენტოებთან ინტერვიუში მან კომენტარი გააკეთა გერმანიის იუსტიციის მინისტრის ციტატაზე იმის შესახებ, რომ თუ პუტინი გერმანიაში ჩავა, მას დააპატიმრებენ.

„მოდით, წარმოვიდგინოთ – გასაგებია, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც არასოდეს მოხდება, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ, რომ მოხდა. ბირთვული სახელმწიფოს მოქმედი მეთაური ჩავიდა, ვთქვათ, გერმანიაში და დააკავეს. ეს რა არის? – ომის გამოცხადება რუსეთის ფედერაციისთვის! და ამ შემთხვევაშიც მთელი ჩვენი ძალები გაფრინდება ბუნდესტაგში, კანცლერის ოფისში და ა.შ.

ის [გერმანიის იუსტიციის მინისტრი] ხვდება, რომ ეს ომის გამოცხადებაა? თუ ცუდად სწავლობდა?“ – განაცხადა მედვედევმა.

მან ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს „იურიდიული არარაობა“ უწოდა, „რომელსაც არაფერი გაუკეთებია მნიშვნელოვანი, დაარსების დღიდან“.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი 17 მარტს გამოსცა.

პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის თანამდებობა უკავია.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში, რაც ომის დანაშაულად მიიჩნევა.

წყალი მაგისტრალზე მოედინება – ხულო-ადიგენის გზა სანიაღვრე არხების გარეშე

ხულო-ადიგენის ცენტრალურ გზაზე, სოფლების – დიოკნისის, ტაბახმელასა და ბოძაურის ტერიტორიაზე, თოვლის დნობის შედეგად წყალი უსისტემოდ მიედინება, რადგან სანიაღვრე არხები აქ არ არის. ეს ის ადგილია, სადაც რამდენიმე კვირის წინ მეწყრის ჩამოწოლის გამო გზა ჩაიკეტა.

„ხულო-ადიგენის ცენტრალური გზის მონაკვეთზე თითქმის ყველგან ანალოგიური სიტუაციაა და არა მხოლოდ ამ მონაკვეთზე. ხოლო აქ [დიოკნისი-ტაბახმელა-ბოძაურის ცენტრალური გზის მონაკვეთზე], გზა მართლაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ვერ მოძრაობენ დაბალი გამავლობის მანქანები.

რახან ცენტრალურ გზას არ აქვს სანიაღვრე არხები, წყალი ცენტრალური გზის სავალ ნაწილზე მოედინება, რამაც ცენტრალური გზის ერთ მონაკვეთზე მეწყერიც გამოიწვია.

ხულოში მეწყრული ზონებია გააქტიურებული, ცუდ მდგომარეობაშია გზაც, რაც მოსახლეობისთვის და საერთოდ ყველასთვის, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ყველა ამ პრობლემის მოგვარებას ვითხოვთ, მაგრამ საშველი არ არის. ფერხდებიან კურორტ გოდერძიზე მიმავალი მანქანებიც”, – გვითხრა მარად შავაძემ, ხულოს საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

მისი თქმით, წყალი ახლაც უსისტემოდ მიედინება ცენტრალური გზის სავალ ნაწილზე, რამაც შესაძლოა ისევ გამოიწვიოს მეწყერი იმავე ან სხვა ზონებში და ამიტომაც არ შეიძლება ცენტრალური გზის უყურადღებოდ დატოვება.

დიოკნისი-ტაბახმელა-ბოძაურის ცენტრალური გზის მონაკვეთი

„ბათუმელები“ ამ თემაზე საქართველოს გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. დეპარტამენტს ვკითხეთ, არის თუ არა წყლის დინება უშუალოდ მაგისტრალზე საფრთხის შემცველი, რა კეთდება ან იგეგმება ამ კუთხით და, ასევე, ამ მონაკვეთში ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარების საჭიროება თუ დგას.

„როგორც მოგეხსენებათ, უხვმა ნალექმა გამოიწვია აღნიშნულ მონაკვეთზე ფერდების დამეწყვრა, თუმცა ამ ეტაპზე ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და მიმდინარეობს მოკვლევითი სამუშაოები, რათა გატარდეს ფერდების დაცვითი ღონისძიებები.

მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის გახსნილი“ – წერილობით გვიპასუხეს დეპარტამენტის პრესსამსახურიდან.

ბათუმში „სმარტის“ ახალი ფილიალი გაიხსნება

ხვალ, 24 მარტს, „სმარტი“ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, #22ა-ში მდებარე „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე 35-ე სუპერმარკეტს გახსნის.

„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგური, სადაც ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, ქსელთან შედარებით ჯამურად 25-30 თეთრამდე ფასდაკლების შესაძლებლობაა თითოეულ ლიტრ საწვავზე და იქვე არსებული გაზგასამართი სადგური მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილებას უკვე ბათუმელებს შესთავაზებს. „სმარტის“ ახალი სუპერმარკეტით კი „ვისოლის“ მომსახურების სივრცე ქალაქის ცენტრში დღეს კიდევ უფრო მიმზიდველია.

ობიექტი, სადაც 25-მდე ადგილობრივია დასაქმებული, 24/7-ზე მოემსახურება ერთგულ მომხმარებელს. „სმარტის“ სუპერმარკეტი ექსკლუზიური იმპორტული პროდუქციით, ახალგამომცხვარი პურფუნთუშეულით, „ტრუჩილოს“ იტალიური ყავით თუ გზად საჭირო სხვა პროდუქტებით, მალე ყველაზე გემრიელი თანამგზავრი გახდება.

„მოხარული ვართ, რომ „სმარტი“ განაგრძობს ქსელის განვითარებას შავიზღვისპირეთში და უკვე 4 ობიექტითაა წარმოდგენილი ურეკსა და ბათუმში. მომავალი სამი წლის განმავლობაშიც „სმარტი“ კიდევ 30-მდე ახალი ფორმატის სუპერმარკეტს გახსნის მთელი საქართველოს მასშტაბით. ქვეყანაში მოგზაური ან მცხოვრები ადამიანებისთვის, ესქკლუზიური იმპორტის თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით, ახალგამომცხვარი საკონდიტრო ნაწარმით, უგემრიელესი სენდვიჩებით თუ „სმარტ კაფეს“ იტალიური ყავით, „სმარტი“ უკვე საყვარელი ბრენდია, რომელსაც მალე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ვიხილავთ“,აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„სმარტი“ ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ ავტომაგისტრალზე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში განაგრძობს. გასულ თვეში „სმარტმა“ მეორე სუპერმარკეტი გახსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და ახლა უკვე საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც შექმნა მოგზაურობის კომფორტი.

„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.

რუსული დანაყოფები, სავარაუდოდ, ცდილობენ დაიბრუნონ კუპიანსკი – დაზვერვა

23 მარტის მოკლე ანგარიშში ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს, რომ ჩრდილოეთ ლუგანსკის ოლქის ფრონტის ხაზის სვატოვე-კრემინას ზონაში დაძაბული ბრძოლები გრძელდება.

დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ნაწილობრივ დაიბრუნა კონტროლი ქალაქ კრემინას მისადგომებზე.

ანგარიშის თანახმად, ზოგიერთ ადგილას რუსეთმა წინ წაიწია რამდენიმე კილომეტრით. „რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, ცდილობენ გააფართოონ უსაფრთხოების ზონა დასავლეთით იმ თავდაცვის ხაზებიდან, რომლებიც მათ მოამზადეს მაღალ ადგილზე,“ – წერს დაზვერვა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული დანაყოფები, სავარაუდოდ, ცდილობენ დაიბრუნონ ქალაქი კუპიანსკი, რომელიც ლოგისტიკური კვანძია.

„რუსეთის განზრახვა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სავარაუდოდ, თავდაცვითი რჩება. მეთაურები სავარაუდოდ შიშობენ, რომ ეს არის ერთ-ერთი სექტორი, სადაც უკრაინას შეუძლია სცადოს ძირითადი შეტევითი ოპერაციები“ – წერს ბრიტანული დაზვერვა.

ბათუმში წიგნისა და განათლების პირველი გამოფენა გაიხსნება | ანონსი

24 მარტს ბათუმში, სპორტის სასახლეში, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება.

გამოფენის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მიიღონ სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ.

გამოფენაში მონაწილეობს 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის სადისტრიბუციო კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები, ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.

ასევე, გამოფენის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამა.

გამოფენ 24 მარტს, დილის 11 საათზე გაიხსნება, 26 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალია. გამოფენის სამუშაო გრაფიკია:

  • 24 მარტი 11:00-18:00 საათი
  • 25 მარტი 10:00-18:00 საათი
  • 26 მარტი 10:00-16:00 საათი

გამოფენაზე ქართული გამომცემლობები ახალ წიგნებსა და ბესტსელერებს წარადგენენ.

„სულაკაურის გამომცემლობა“ აანონსებს, რომ მკითხველებს მათ სტენდთან არაერთი ახალი თუ ბესტსელერი წიგნი დახვდებათ როგორც ქართული, ისე თარგმნილი და საბავშვო ლიტერატურიდან.

გამომცემლობის ცნობით, წიგნების შეძენა განსაკუთრებული ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი. „გარდა ამისა, სტანდარტულ ფასდაკლებასთან ერთად TBC-ის სტუდენტის ან მოსწავლის ბარათების მფლობელები 30%-იანი ქეშბექითაც ისარგებლებთ“ – წერს „სულაკაურის გამომცემლობა“.

გამოფენის წიგნების კატალოგი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

გარდა ამისა, „სულაკაურის გამომცემლობა“ ბათუმელ მკითხველს გამომცემლობის ცნობილ ავტორებთან სთავაზობს შეხვედრას. შეხვედრა შედგება ზურა ჯიშკარიანთან და ანა კორძაია-სამადაშვილთან.

შეხვედრების განრიგი:

  • ანა კორძაია-სამადაშვილი – 25 მარტი, შაბათი, 16:00 საათი
  • ზურა ჯიშკარიანი – 26 მარტი, კვირა, 15:00 საათი

ასევე, გამოფენის ფარგლებში გამომცემელი მარიამ კორინთელი და გამომცემელი ირაკლი ბაკურიძე წარადგენენ გამომცემლობის – „წიგნები ბათუმში“ ახალ წიგნებს.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება არაერთი ლექცია და უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების პრეზენტაცია.

სპორტის სასახლის მისამართია ლადო ასათიანის #27.

ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენის სრული პროგრამა და ღონისძიებების განრიგი შეგიძლიათ ნახოთ გამოფენის ორგანიზატორის, „ექსპობათუმის“ ფეისბუქის გვერდზე. 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 168 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +660]
  • ტანკი – 3 570 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 6 898 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 2 608 ერთეული [+19]
  • MLRS – 511 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 273 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 305 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 290 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 203 ერთეული [+20]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 909 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 452 ერთეული [+18]
  • სპეცტექნიკა – 273 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 404 თვითმფრინავი
  • 224 ვერტმფრენი
  • 3 544 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 384 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 071 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 415 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 073 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსული დანაყოფები, სავარაუდოდ, ცდილობენ დაიბრუნონ კუპიანსკი – დაზვერვა

ნიდერლანდებში მაჩვებმა სარკინიგზო მოძრაობა შეაჩერეს

ნიდერლანდებში სარკინიგზო მოძრაობა ერთდროულად რამდენიმე მარშრუტზე შეჩერდა. მიზეზი მაჩვებია, რომლებმაც რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ ორმოები გათხარეს – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მატარებლების მიმოსვლა შეჩერდა ქვეყნის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ზოგიერთ მარშრუტზე – სულ მცირე ერთი კვირით.

„ბიბისი“ წერს, რომ გზა ქვეყნის სამხრეთით ქალაქ დენ ბოშსა და ბოქსტელს შორის სამშაბათს დაიკეტა მას შემდეგ, რაც მაჩვების გათხრილი გვირაბები აღმოაჩინეს.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უცნობია, რამდენ ხანს იქნება ეს პრობლემა, რადგან მაჩვი დაცული სახეობაა, რაც ნიშნავს, რომ რემონტის დაწყებამდე ხელისუფლებისგან ნებართვა უნდა იქნას მიღებული.

სარკინიგზო კომპანია ProRail-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ მაჩვების გამო კვირაში მეორეჯერ გაჩერდა ტრანსპორტის მოძრაობა.

მან აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, რადგან მემანქანეებს სჭირდებათ ნებართვა ცხოველების გადასაყვანად მათ ბუნებრივ საცხოვრებელ არეალში.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში ჩატარებულმა შემოწმებამ ცხადყო, რომ მაჩვები ჩვეულებრივზე ბევრად უფრო აქტიურად თხრიან, რაც გავლენას ახდენს ლიანდაგის უსაფრთხოებაზე.

მარტის დასაწყისში ქვეყნის ჩრდილოეთით მაჩვებმა გათხარეს გვირაბები სარკინიგზო ლიანდაგების ქვეშ ქალაქ მოლვერუმთან, ფრისლანდიის პროვინციაში, რის გამოც მოძრაობა ერთ-ერთ სარკინიგზო ხაზზე აპრილამდე შეჩერდა.

ეს პირველი ტალღა იყო, ისინი კვლავ ეცდებიან მსგავსი კანონის მიღებას – ბსუ-ს სტუდენტი

ბსუ-ს სტუდენტი, 21 წლის საბა ოსანაძე ფილოსოფიის მე-4 კურსის სტუდენტია. მან  თავისი მოსაზრება გაგვიზიარა უნივერსიტეტსა და თვითმმართველობაზე, რა მოსწონს და რისი შეცვლის საჭიროებას ხედავს უნივერსიტეტში. ასევე, რას ნიშნავდა მისთვის საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტობის“ შესახებ კანონპროექტის მიღების მცდელობა და საით მიაქანებს ქვეყანას მმართველი გუნდი.

  • საბა, ბათუმში აქციას – „არა რუსულ კანონს“ ძალიან ბევრი სტუდენტი შეუერთდა. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონპროექტის მიღებას, მაშინ, როცა ბსუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ძირითადად დუმს. როგორ ფიქრობთ, რამ გამოაცოცხლა ამჯერად სტუდენტები?

ამ კანონპროექტით უნდათ თავისუფალი აზროვნებისა და მათთვის არასასურველი ხალხის მოსპობა, გაშავება. ამას, ცხადია, ამ კანონპროექტის სახელიც ადასტურებს.

ჩვენ გვაქვს რუსეთის მაგალითები, თუნდაც საბჭოთა კავშირის, ჩვენს ისტორიასა და კოლექტიურ ქვეცნობიერში დევს, რომ აი, აგენტი ძალიან ცუდია. ჩემი აზრით, ამ ნერვთან შეხების შემდეგ, ასე კოლექტიურად გაჩუმება არ იქნებოდა სწორი. პრინციპში, შეუძლებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობა არაფერს ამბობდა და არც არავის გაუკვირდა, რომ ასეა.

სტუდენტებს, მათ შორის მეც, ვინც გამოვედით აქციებზე, უკვე აღარ შეგვეძლო გაჩუმება. არა იმიტომ, რომ ყველაფერში ვერკვევით, არამედ იმიტომ, რომ ამ კანონპროექტის უვარგისობა ცხადი იყო – ქვესკნელისკენ გვიშვებდა, გაჩუმება შეუძლებელი იყო.

  • თვითმმართველობა ახსენეთ. საინტერესოა, რას ფიქრობთ ბსუ-ს თვითმმართველობაზე?

ყველა ვხვდებით და ეს არ არის ახალი ამბავი, რომ ბსუ-ს თვითმმართველობა არ არის დამოუკიდებელი. ცხადია, ვის უღელქვეშაც არიან – ისინი არიან მმართველი პარტიის ერთ-ერთი ქვეგანყოფილების რაღაც ქვეგანყოფილება. ეს ცხადია ყველასთვის.

ალბათ, არასწორი იქნება შეტევა თვითმმართველობის კონკრეტულ წევრებზე, რადგან ისინი არ არიან დამოუკიდებლები. მათი შეურაცხყოფა და ნეგატიური გამოძახილები მთლად ეფექტური არ მგონია. ეს იქნება ემოციური გამოხტომა, რაც შეიძლება უარესიც იყოს.

რომ არ მოგატყუოთ, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება გამოსწორდეს სიტუაცია უნივერსიტეტში. ცხადია, ზოგადი რაღაცები ვიცი, მაგრამ მექანიზმები, ბიუროკრატია როგორ არის მოწყობილი, აზრზე არ ვარ.

მოლოდინს რაც შეეხება, ზოგადად, ადამიანს ოპტიმისტური მოლოდინები გაქვს და გგონია, რომ ყველაფერი კარგისკენ შეიცვლება, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე არ მაქვს ოპტიმისტური შეხედულებები უნივერსიტეტზე, თავისთავად არც თვითმმართველობაზე, სამწუხაროდ.

  • არასაჯაროდ ხშირად ისმის სტუდეტებისგან, რომ ჰყავთ კონკრეტული პრორუსი ლექტორები, მაგრამ ამაზე ვერ საუბრობენ, რადგან ეს მათთვის ერთგვარი ხათაბალა იქნება. რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას ლექტორმა სტუდენტს, რომელიც მის ხედვებს არ იზიარებს?

სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი სტუდენტი, თუმცა შესაძლოა არის კიდეც, რომელმაც გამოთქვა თავისი პოლიტიკური აზრი და ვიღაცებმა უნივერსიტეტში პრობლემები შეუქმნეს.

ლექტორს და პრინციპში ყველა ადამიანს, რომელიც რაღაც ინსტანციაზე, მაღლა დგას შენზე, პრობლემის შექმნა შეუძლია. უბრალოდ, ეს დამოკიდებულია მის პიროვნებასა და სინდისზე. ყველაზე იოლი პრობლემა, რაც შეიძლება შეგიქმნას, ეს იქნება ალბათ, რაიმეს წამოძახება ან რაღაც ეგეთი. ყველაზე ცუდი – გაგაგდოს უნივერსიტეტიდან, ჩაგჭრას [გამოცდაზე], არ მოგცეს განვითარების საშუალება. ეს ინსტრუმენტები თუ აქვს ადამიანს და არ აქვს სინდისი, რა თქმა უნდა, გააკეთებს – „რატომაც არას“ პრინციპით.

ჩემს ლექტორებს არანაირი პრორუსული ხედვები არ აქვთ, პირიქით. საუბარი მაქვს ფილოსოფიის ლექტორებზე, ვისაც მე ვიცნობ. საკმაოდ ცხადი ხედვები აქვთ, რომ კრემლი მტერია.

  • რას ეტყოდით პარლამენტარებს, თუნდაც „უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის“ ავტორებს?

პარლამენტში იმ ადამიანებზე, რომლებსაც პრორუსული ხედვები აქვთ, კარგს ვერაფერს ვიტყვი – ვერც იმ ხალხზე, ვინც რუსული კანონპროექტის მიღებას აპირებდა და ვერც მათზე, რომლებმაც მხარი დაუჭირეს. მოღალატეები რომ ჰქვიათ, სწორია, მაგრამ არ მგონია, რომ ეს 76 ადამიანი დამოუკიდებლად აკეთებდეს ამ საქმეს.

ცხადია, ამ კანონპროექტის მიღების საფრთხე იყო. ალბათ, ეს პირველი ტალღა იყო და ისინი არ გაჩერდებიან. წავიდა უკვე რეპრესიები სტუდენტებზე და არამარტო, თავისუფალი მედიის წარმომადგენლებზე. ისინი კვლავ ეცდებიან მსგავსი კანონის მიღებას. კიდევ იქნება გამოხტომები. ის ხალხი, ვინც სხედან პარლამენტში, ადამიანები, რომლებიც მათ მართავენ, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

  • შენ გარშემო თუ იცნობ ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთთან დაახლოება კარგი პერსპექტივაა ქვეყნისთვის? 

ბევრს არა. ისინიც იმის გავლენის ქვეშ არიან, რომ თითქოს ევროპაში არ მიგვიღებენ, ამიტომ რუსეთს უნდა დავუმეგობრდეთ… რუსეთ-უკრაინის ომში სინამდვილეში ამერიკაა დამნაშავე და მსგავსი უაზრობები.

მე ვისაც ვიცნობ, ახალგაზრდებს, ყველას გვაქვს ინტერნეტი და ყველას შეგვიძლია დავგუგლოთ სინამდვილეში რა ხდება და როგორაა. ამიტომ, გამოქვაბულის ადამიანის შეხედულებები ძალიან მცირე რაოდენობას აქვს ჩემ ირგვლივ, ცალი ხელი რომ გეყოფა ჩამოსათვლელად.

  • თქვენთვის რას ნიშნავს პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადება, რომ არ აინტერესებს რა წერია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ეს ალბათ, ნიშნავს დასავლეთის მიმართ ანტიპათიასა და რუსეთის მიმართ სიმპათიას. მე არ შემიძლია ავხსნა მათი ხედვები…

ჩემთვის ცხადია, რომ საქართველო, ქართული მთავრობა სცილდება თავისი გამოსვლებით ევროპას და უახლოვდება რუსეთს. მე არც ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი არ ვარ და პრინციპში, არც განსაკუთრებული სიმპათია მაქვს რომელიმე პარტიის მიმართ.

  • პრემიერის შვილი აშშ-ში ისწავლის, მინისტრების თუ დეპუტატების შვილები იღებენ ევროპულ განათლებას. რაზე მიუთითებს ეს თქვენთვის? 

იგივე სიტუაცია იყო და არის რუსეთში – რუსი პროპაგანდისტები ამბობენ, რომ „ევროპა უკვე დამთავრდა, მორჩა, ლპება, აღარ განვითარდება“, მაგრამ მათ აქვთ უამრავი აგარაკი, ქონება თუნდაც ბრიტანეთში და ა.შ.

ნებისმიერი პარლამენტარი ხვდება, რომ ევროპული განათლება არის მსოფლიო დონის და შვილს, ცხადია, აღმოსავლეთის ქვეყნებში კი არა, ევროპის ქვეყნებში გაუშვებს. რუსეთის განათლება საერთოდ სხვაა და ევროპული-ამერიკული განათლების დონე სჯობია, რასაც მშვენივრად ხვდებიან თავადაც. საუბრობენ, რომ დასავლეთი არ უნდათ და შვილებს დასავლეთში უშვებენ განათლების მისაღებად. ამას ყველა ვხვდებით. ეს არის პირფერობა, მეტი არაფერი.

  • რა ცვლილებების აუცილებლობას ხედავთ ბსუ-ში და სტუდენტები რამდენად ხშირად დადიან ლექცია-სემინარებზე?

არ ვიცი, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ უცებ ყველაფერი მაღალ დონეზე ავიდეს. ალბათ, უფრო მეტი უცხოელი ლექტორის მოწვევაა საჭირო და რაც მთავარია, გამოცდის სისტემის შეცვლა. ეს მე და, პრინციპში, ბსუ-ს ყველა სტუდენტს ძალიან გვაწუხებს. ეს ბილეთები, ის შემოწმება, ეს კამერა, რაღაც პენიტენციალური სისტემა – „ზედმეტად არ ამოძრავდე, თორემ კამერები გაფიქსირებენ“. ჩვენს უნივერსიტეტში ძალიან მკაცრად არ არის ეს, მაგრამ იმდენად კი არის, რომ სტუდენტი შეწუხდეს. ეს სისტემა რომ შეიცვალოს და დასავლურ სტილზე გადავიდეს, უფრო კარგი იქნება.

ალბათ მე არ მაქვს იმდენი ინფორმაცია, რომ მთლიანად უნივერსიტეტი შევაფასო. მე რომელ ფაკულტეტზეც ვსწავლობ, იქიდან გამომდინარე, ჩემი უნივერსიტეტი ვარსკვლავებს არ კრეფს ციდან. ჩემი კონკრეტული სპეციალობიდან გამომდინარე მეტ-ნაკლებად კომფორტულად ვარ. ზოგადად კი, მთლად კარგად ვერ შევაფასებდი უნივერსიტეტს.

რაც შეეხება [ლექცია/სემინარებზე] დასწრებას, ალბათ ისიც აღსანიშნავია, რომ ფილოსოფიაზე სულ 6 სტუდენტი ვართ. როგორც წესი, სტუდენტების რაღაც პროცენტი არასდროს… ხშირად არ დადის ლექციებზე. როცა სულ ხარ 6 და არ დადის, მაგალითად, 3 სტუდენტი, ან დადის მაგრამ ხშირად არა, ეს უფრო შესამჩნევია, ვიდრე როცა 40 სტუდენტში 10-20 სტუდენტი არ დადის.

მიზეზი არ არის ასე ცალსახა, კონკრეტული და რასაკვირველია, არ მიემართება მხოლოდ სტუდენტებს. ლექტორების მხრიდან მეტი აქტიურობა, [სასწავლო] პროცესის გამრავალფეროვნება კარგი იქნებოდა და ასევე, სტუდენტების მხრიდან უფრო მეტი ცნობისმოყვარეობა.

სახელმწიფო კომპანიების უფროსები, რომელთა ხელფასი გაიზარდა და თვეში 16 000-20 000 ლარია 

სახელმწიფო საწარმოებში, რომლებიც საერთო ჯამში ზარალზე მუშაობენ, ხელმძღვანელი პირებს მაღალი ხელფასები უნარჩუნდებათ ან ეზრდებათ. ზოგ სახელმწიფო საწარმოში კი, დირექტორების ხელფასი წელიწადში ჯამში 228 ათასი, 226 ათასი 143 ათასი ლარია, რაც თვეში საშუალოდ 16 600 ლარზე მეტია.

მაგალითად:

  • სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელფასი 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 35 648 ლარით გაიზარდა [2021 წელს ჯამში იყო 202 607 ლარი, 2022 წელს კი – 238 255 ლარი. ანუ, თვეში შესაბამისად – 16 883 და 19 854 ლარი].

დავით საგანელიძემ დეკლარაციაში ასევე მიუთითა, რომ 2022 წელს ჯამში ხელფასის სახით ხელზე აიღო 226 402 ლარი, ხოლო 2021 წელს – 192 635 ლარი.

  • სს „საქართველოს რკინიგზაც“ სახელმწიფო საწარმოა, რომლის გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელფასი 2022 წელს თვეში 19 057 ლარი, ჯამში კი 228 692 ლარი იყო [აქედან 153 631 ლარი, როგორც რკინიგზის გენერალური დირექტორის, 37 530 ლარი, როგორც შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო ასევე 37 530 ლარი, როგორც შპს „ჯიარ ტრანზიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი].

დავით ფერაძის ხელფასი 2021 წელს ჯამში 229 877 ლარი იყო.

  • სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ [ესკოს] გენერალური დირექტორის ხელფასი კი, გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, ჯამში, 38 322 ლარით გაიზარდა.

შესაბამისად, ესკოს გენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის ხელფასი 2022 წელს 143 661 ლარი, ანუ თვეში 11 971 ლარი იყო.

  • შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიის“ დირექტორის, მიხეილ შალამბერიძის ხელფასი 2021 წელს თვეში 10 633 ლარი იყო [წელიწადში ჯამში 127 600 ლარი]. 2022 წლის დეკლარაცია კი შალამბერიძეს ჯერ შევსებული არ აქვს.

მიხეილ შალამბერიძის, როგორც კომპანიის დირექტორის ხელფასი 2020 წელს ჯამში 114 400 ლარი იყო.

სახელმწიფო საწარმოებმა, რომლებიც ბოლო წლებში მთლიანობაში ზარალზე მუშაობდნენ, 2021 წელი 413 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს, თუმცა, ეს მოგება მხოლოდ კურსთაშორის სხვაობით წარმოიქმნა.

რომ არა კურსთაშორისი სხვაობა, სახელმწიფო საწარმოები 2021 წელს 102 მილიონი ლარის ზარალით დაასრულებდნენ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.

ანალოგიური დასკვნა აქვს სახელმწიფო აუდიტსაც, რომელიც აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოთა მოგება მთლიანად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გამყარების შედეგად გამოწვეული კურსთაშორის სხვაობიდან მიღებული მოგებით [515 მლნ ლარი].

„აღსანიშნავია, რომ კურსთაშორის სხვაობით მიღებული მოგება შინაარსობრივად არ წარმოადგენს საწარმოს საოპერაციო აქტივობებიდან გენერირებულ შემოსავალს“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო საწარმოების მიმართ არსებობს ცხადი ან/და არაცხადი გარანტია, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო მათ გაუწევს ფინანსურ დახმარებას, რის გამოც ისინი წარმოადგენენ პოტენციური ფისკალური რისკის წყაროს“.

იგივე 2021 წელს ხუთი სამინისტროს კონტროლ ქვეშ მყოფი საწარმოების მიერ მიღებულმა ჯამურმა დაფინანსებამ 578 მილიონი ლარი შეადგინა [რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო].

აღნიშნული თანხიდან 331.6 მილიონი ლარი კაპიტალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდა. თანხის დანარჩენი ნაწილი კი ფუნქციონირების ხარჯების ან/და საწარმოების ბალანსზე რიცხული ვალდებულებების დაფარვაზე მიიმართა [ფუნქციონირების ხარჯების ან/და მათ ბალანსზე რიცხული ვალდებულებების დაფარვისთვის ბიუჯეტიდან თანხა გადაერიცხათ შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“; შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“; შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ და სხვა.]

„აღნიშნულ საკითხზე ყურადღება იქნა გამახვილებული 2021 წელს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, სადაც ხაზგასმულია სახელმწიფო საწარმოები – სუსტი ფინანსური მდგომარეობით, ასევე არსებული კორპორაციული მართვის მოდელის ნაკლოვანებები“, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

ფისკალური რისკების ანალიზისთვის ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში განხილულია 316 სახელმწიფო საწარმო. აქედან 154 ცენტრალური ხელისუფლების, ხოლო 162 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია [ასევე ამ საწარმოებს ჯამურად გააჩნიათ 96 შვილობილი საწარმო].

„2021 წლის შთამბეჭდავი შედეგებით არ შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ შეინიშნება გაჯანსაღების ტენდენცია“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.

  • სახელმწიფო საწარმოების 2022 წლის ანგარიშგება [მოგება-ზარალი] ჯერ გასაჯაროებული არ არის.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით:

  • სახელმწიფო საწარმოებში 2020 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით დასაქმებული იყო 57 460-მდე ადამიანი, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის – 59 300-მდე;
  • სექტორში 2020 წლის დარიცხულმა წლიურმა ხელფასმა შეადგინა 800 მილიონი ლარი, ხოლო 2021 წლის ამავე მაჩვენებელმა – 907 მილიონი ლარი.
  • სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა დაახლოებით 65% კაცია. გამონაკლისია ჯანდაცვის სექტორის სახელმწიფო საწარმოები, სადაც დასაქმებულთა 75%-მდე მოდის ქალებზე;
  • გაცემული ანაზღაურების დაახლოებით 70%-ზე მეტი მოდის კაცებზე;
  • აღმასრულებელ პოზიციებზე მომუშავე პირების დაახლოებით 80% კაცია;
  • სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებული ქალების საშუალო ხელფასი დაახლოებით 300 ლარით ნაკლებია დასაქმებული კაცების ხელფასზე.

„სარფში“ მცენარეები გაანადგურეს, „ყაზბეგიდან“ 129 ტონა კარტოფილი უკან გააბრუნეს – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი ჯამში 129.1 ტონა კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა“.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ფარგლებში, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, გამოვლენილი იქნა ისეთი ცოცხალი მცენარეების შემოტანის ფაქტი, რომელთა იმპორტიც საქართველოს ტერიტორიაზე, ყველა ქვეყნიდან არის აკრძალული.“

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული მცენარეები დაექვემდებარა განადგურებას.

თაღოვანი ხიდი ზედა ჩხუტუნეთში, რომელსაც რესტავრაცია სჭირდება

ხელვაჩაურში, სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მოსახლეობა ამბობს, რომ თაღოვან ხიდს სოფელში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, წლებია რეაბილიტაცია სჭირდება.

ჩხუტუნეთელი ბექა ქობულაძის თქმით, ხიდიდან ხშირად ცვივა ქვები.

ბექა გვეუბნება, რომ დიდი გულშემატკივარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და მნიშვნელოვანია, ხიდის რესტავრირება დროულად დაიწყოს.

„2016 წლამდე ამ ხიდზე რელსები იყო, შემდეგ – ე.წ. ხის მორები განათვსეს. გადაადგილდებოდა ავტომობილები, საქონელი. შემდეგ ზემოდან გადაგებული რაც იყო, მოხსნეს და გადადგილებისთვის გვერდით ახალი ხიდი აშენდა“, – გვიყვება ბექა და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თაღოვანი ხიდი გადაადგილებისთვის აღარ გამოიყენება, დაუშვებელია მისი დავიწყება.

ამ თემაზე „ბათუმელები“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკავშირდა.

„კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ აღნიშნული ხიდის რესტავრაციისთვის შეიძინა პროექტი და გადასცა მუნიციპალიტეტს. ამის შემდეგ ტენდერი 2-ჯერ იყო გამოცხადებული, მონაწილეობა არავინ მიიღო და ტენდერი ჩავარდა.

პროექტი შარშან დაიბრუნა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ და წელს იგეგმება ხიდის რესტავრაცია. გათვალისწინებულია ბიუჯეტში,  გამოყოფილია 55 000 ლარი. არის რაღაც ეტაპები და ყველაზე გვიან, ზაფხულში მოხდება ხიდის რესტავრაცია.

[ხიდის რესტავრაციისთვის კომპანიის შესარჩევად] ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა და რადგან პროექტი უკვე შესყიდული გვაქვს, წესით, მალე გამოვაცხადებთ“, – გვითხრა თენგო დოლიძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დირექტორის მოადგილემ.

უცხოეთში მყოფი პირი გაწვევისთანავე უნდა დაბრუნდეს საქართველოში – განხილვა პარლამენტში

დღეს, 22 მარტს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი წარადგინა.

ახალი კოდექსის პროექტის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“.

ცვლილების თანახმად, საქართველოდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარებიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, გაწვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ ჩამოვიდნენ საქართველოში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად.

ამ მუხლთან და მის აღსრულებასთან დაკავშირებით პლენალურ სხდომაზე ბევრი შეკითხვა დაისვა.

„ანუ, რომ მიიღებს გაწვევას ადამიანი, მიღებისთანავე ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ ჩამოვიდნენ საქართველოში სამხედრო სამსახურის გასავლელად.

შინაარსობრივად ეს როგორ შეიძლება ხდებოდეს? მე მაინტერესებს, მაგალითად, გერმანიაში რომაა ჩვენი მოქალაქე, როგორ უნდა ჩამოვიდეს? თქვენ გინდათ, რომ სამუდამო ემიგრაციაში დატოვოთ ხალხი? რომ არავინ ჩამოვიდეს? თუ გგონიათ, რომ ერთი თვით რომ ჩამოიყვან, საზღვარზე დააყენებ, ხალხს გაუხარდება და დაბრუნდება ვინც მიგრანტი იყო? ან აღსრულებას როგორ გააკეთებთ, ტექნიკურად როგორ გააკეთებთ ამას, ბილეთს უყიდით თვითმფრინავის? მის სამსახურს დააზღვევთ, რომელიც იქ ჰქონდა? რატომ დაგჭირდათ ეს ჩანაწერი, რომ ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოვიდეს და აგერ კარისკაცად იმუშაოს, მაგალითად პარლამენტთან. რა არის ამის მიზეზი?“ – ჰკითხა „გირჩელმა“ ალექსანდრე რექვიაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს.

იგივე კითხვა ჰქონდათ საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წევრებსაც. დაისვა კითხვები: როგორ მიიღებს უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე შეტყობინებას გაწვევის შესახებ? რა სანქცია ემუქრება მას გამოუცხადებლობის შემთხვევაში? გადაეცემა თუ არა საქმე პროკურატურას?

ამ კითხვების პასუხად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში კოდექსი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად იმუშავებს:

„მოქმედი კანონმდებლობით, თუ პირი იმყოფება საზღვარგარეთ, ის ვალდებულია დადგეს აღრიცხვაზე საკონსულოში და თუ ის სამხედრო ვალდებულია, მან ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველ ეტაპზე ეს არის ჯარიმა, ხოლო შემდეგ, თუ თავის არიდებასთან გვაქვს საქმე, ეს არის სისხლის სამართლის საქმე. ეს არის ნორმა“ – განაცხადა გიორგაძემ.

კითხვაზე, როგორ გეგმავს სამინისტრო ამ მუხლის აღსრულებას, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ აღსრულებას სამინისტრო არ ახორციელებს, ეს სხვა უწყებების კომპეტენციაა და, შესაბამისად, ეს კითხვა სხვა უწყებებს მიემართება.

  • რა იცვლება?

სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეცვლება სახელი და ეწოდება  „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“. სიახლე ითვალისწინებს სავალდებულო სამსახურის 12-თვიანი ვადის შემცირებას, ასევე, წვევამდელების მიერ მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საბრძოლო მომზადების გავლას.

კერძოდ, ცვლილებების შემდეგ 12-თვიანი ვადის ნაცვლად სამსახურის დიფერენცირებული ვადები შემდეგნაიარად განისაზღვრება:

  • საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 6 თვე
  • დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 8 თვე
  • უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის – 11 თვე

______________

ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ბათუმის „თავისუფლების კვარტალში“ ოპოზიცია 29 მარტს საპროტესტო აქციას იწყებს

ბათუმის „თავისუფლების კვარტალში“ 29 მარტს, 5 საათზე, ენმ საპროტესტო აქციას აანონსებს. მოთხოვნა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტის შესრულებაა.

თავისუფლების კვარტალს“ ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლის წინ არსებულ ადგილს უწოდებს, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კარვები იყო გაშლილი და გამსახურდიას ქუჩა 120 დღე გადაკეტილი იყო. ენმ-ს ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბონდო თედორაძის თქმით, ამ ეტაპზე „თავისუფლების კვარტალში“ კარვების გაშლა დაგეგმილი არ არის.

„ეს იქნება მოსამზადებელი აქცია 9 აპრილის აქციისთვის, რომელიც თბილისში გაიმართება, რუსთაველზე…

აქციაზე შეკრებილი ადამიანები თავად გადაწყვეტენ, რა ფორმით უნდა გაგრძელდეს აქცია. ბოლო პროცესებმა დაგვანახა, რომ ყველაფერს წყვეტს ხალხი, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდები ევროპული მომავლის დასაცავად. ასე რომ, უნდა მივყვეთ ხალხს.

ჩვენ ამ ადგილს ვეძახით „თავისუფლების კვარტალს“ და არა თორნიკე რიჟვაძის დროებით თავშესაფარს… ეს იქნება რეგიონული მასშტაბის აქცია, რამდენიმე რეგიონში დაიგეგმა აქცია და, მათ შორის, ბათუმში. გვიერთდებიან სხვა პარტიები და რაც მთავარია, სამოქალაქო ორგანიზაციებიც, რადგან ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ 12 პუნქტის შესრულებაა ევროპული მომავლისთვის,“ – აღნიშნა ბონდო თედორაძემ „ბათუმელებთან“.

ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მოთხოვნით რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია პარლამენტთან აქციის მოწყობას 9 აპრილს, 5 საათიდან გეგმავს.

მთავარი ფოტო: თავისუფლების კვარტალი ბათუმში, 2021 წლის ფოტო

აშშ უკრაინას აფრთხილებს, რომ რუსეთი ახალ შეტევას ამზადებს

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მომავალი კვირები უკრაინის ომში „კრიტიკული“ იქნება. მისივე თქმით, შესაძლებელია შეტევები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდეს.

CNN-ი კირბის განცხადებას ციტირებს, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, „მორიგი შეტევის დაწყებას შეეცდება“ და, შესაძლოა, რამდენიმე მიმართულებით.

CNN-ის რეპორტიორის კითხვას, ძალიან ბევრ დროს ხომ არ უთმობს კიევი ბახმუტისთვის ბრძოლას, კირბიმ უპასუხა, რომ უკრაინელები ქვეყნის აღმოსავლეთში ისევ „მამაცურად იბრძვიან“ ქალაქისთვის.

„უკვე 21 მარტია, რუსებმა კი ბახმუტი ჯერ კიდევ ვერ მიიტაცეს“, – თქვა კირბიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შტატები გააგრძელებს უკრაინის უზრუნველყოფას „ყველაფრით, რაც საჭიროა“.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკრაინა მზად იყოს ამისთვის [რუსეთის ფედერაციის შესაძლო შეტევისთვის – UNIAN]“, – განაცხადა მან.

კირბის თქმით, აშშ-ს სურს, რომ უკრაინელებმა შეძლონ დაიცვან თავი რუსეთის ნებისმიერი შეტევისგან და ასევე ჰქონდეთ შესაძლებლობა „განახორციელონ საკუთარი შეტევითი ოპერაციები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი მასშტაბით“.

_____

2022 წლის დასასრულს რუსეთი შესაძლო ახალი შეტევას ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა. უკრაინული მედიის თქმით, ეს მართლაც მოხდა, თუმცა, მხოლოდ დონბასში, სადაც რუსეთის ფედერაცია წარუმატებლად ცდილობს ბახმუტის ხელში ჩაგდებას – ამ ქალაქის გარშემო სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

უკრაინული მედიის ცნობით, აზოვის პოლკის ყოფილი მეთაური, მაქსიმ ჟორინი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია მეორე დიდ შეტევას განახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. ის შეტევის კონკრეტულ მიმართულებებსაც ასახელებს.

უკრაინის დაზვერვა დარწმუნებულია, რომ კრემლს ახალი მასიური შეტევის რესურსი არ აქვს.

სუბარმა შემაგინა და მეც გავეცი პასუხი – ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყეს

დღეს, 22 მარტს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, „ხალხის ძალის“ წევრმა და რუსული კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს ზურგში მიკროფონი ჩაარტყა.

როგორც ტარიელ ნაკაიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, თავდაპირველად მას სოზარ სუბარმა შეაგინა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„მე შემატრიალა სოზარ სუბარმა და მითხრა, რომ 20 წელია მიცნობს და მე ვარ მოღალატე თურმე და იცის ჩემი ყველა აგენტურული ქსელი. მას ვუთხარი, თუ რამე იცი, უნდა თქვა-მეთქი. იცით, რომ მე მუსლიმთა კავშირში ხელმძღვანელი ვიყავი და ზოგადად, მუსლიმების მიმართ მიდის ასეთი დამოკიდებულება, რომ მოღალატეები და ასე შემდეგ.

მე, რა თქმა უნდა, შევუტიე და ვუთხარი, რომ არასწორად იქცეოდა, მან შემაგინა და მეც გავეცი პასუხი.

როცა შემოვბრუნდი, ამ დროს, მისი გუნდის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ მიკროფონი ჩამარტყა“ – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

მისი თქმით, როცა პოლიტიკური არგუმენტები იწურება, ამ დროს ადამიანები გადადიან ჩხუბზე და ასევე იქცევა „ქართული ოცნება“ და მისი სატელიტი „ხალხის ძალაც“.

ჩვენ მას ვკითხეთ, მიეცემა თუ არა ძალადობის ამ ფაქტს სამართლებრივი მსვლელობა, რაზეც ნაკაიძემ გვითხრა, რომ ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ ეცოდინება.

„ბევრი რუსია რიგში, ამიტომ ჩვენ უნდა დაგვჩაგროთ?“ – „ევრო 2000-ში“ სწავლა 5 ათასი ლარი ხდება

„ჭარბი რაოდენობა შემოედინება, ბევრი რუსი ჩადგა სკოლის რიგში და ამიტომ ჩვენ უნდა დავიჩაგროთ?“ – კითხულობს გიორგი თედოზაშვილი, ვისი შვილიც ბათუმში, კერძო სკოლა „ევრო 2000-ში“ სწავლობს. ის დღეს, 22 მარტს, სხვა მშობლებთან ერთად  სკოლის დირექციასთან ითხოვდა შეხვედრას.

სკოლა „ევრო 2000-ის“ მოსწავლეების მშობლებს უკვე აცნობეს დირექციიდან, რომ სწავლის საფასური სექტემბრიდან 3500-დან 5000 ლარამდე იზრდება. მშობლების ერთ-ერთი ვერსიით, სწავლის საფასურის გაძვირების მთავარი მიზეზი რუსულენოვანი ბავშვები არიან, რომლებსაც ამ სკოლის რუსულენოვან სექციაში სწავლა სურთ, მაგრამ სკოლაში მოსწავლეების გაზრდილი რაოდენობისთვის ადგილი აღარ ჰყოფნით.

„შესაძლოა, რუსებს უთავისუფლებენ ადგილებს, ყველაფერში ესენი არიან უკვე, სიმრავლეა,“ – გვიყვება გიორგი თედოზაშვილი, – „დირექტორმა გვითხრა, სტუმრები გვყავს გერმანიიდან, პირველი აპრილიდან ცალ-ცალკე შეგხვდებით და დაგელაპარაკებითო, მაგრამ ეს რაც ხდება, უფლებების ჩამორთმევას ნიშნავს. რატომ უნდა შეიზღუდოს ჩემი და ჩემი შვილის უფლებები?

ამ სკოლამ და სამინისტრომაც ხომ უნდა იფიქროს, რომ ეს მოსწავლეები კერძო სკოლაში არიან და სახელმწიფოს კისერზე არ არიან?

შეიძლება, სკოლის დირექტორს ჰგონია, რომ ჩვენი ბიუჯეტი გაუმჯობესდა, მე ვსვამ კითხვას: რა გამიუმჯობესდა, რომ გადასახადს მიზრდი? ჩემი ხელფასი არ გაზრდილა, ბატონო და ქუჩაში უნდა დარჩეს ჩემი შვილი?

კანონი უნდა იყოს ისეთი და განათლების სამინისტრო იმ დონეზე, რომ სკოლა ასე ვერ მოიქცეს. სკოლა უნდა გრძნობდეს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას. მომავალ თაობას როცა ზრდი, მარტო ცოდნის მიცემა კი არაა საქმე, არამედ ის, თუ რას ასწავლი მომავალ თაობას? იმას ასწავლი, რომ ფულზე ემსახუროს სამშობლოს? იმიტომაცაა, რომ ფულზეა გაყიდული მთელი ქვეყანა,“ – გვითხრა გიორგი თედოზაშვილმა.

„არ არის გამორიცხული, რუსულ სექტორში სურდეთ ბავშვების მიღება და ამიტომაც იზრდება ასე სწავლის საფასური… დირექტორმა თქვა, სკოლა იძულებულია, ეს ნაბიჯი გადადგასო, მაგრამ სხვა ვერაფერი გავიგე, ინდივიდუალურად ჩაეწერეთ მიღებაზე და ისე მოდითო,“ – ამბობს მზია შუშანიძე.

სკოლა „ევრო 2000“-ის შესასვლელთან დღეს დილით შეკრებილი მშობლების ერთმა ჯგუფმა მედიასთან ვინაობის გამხელა არ ისურვა, „შვილები გაგვიბრაზდებიან, ისედაც სტრესში არიან და ტირიანო“.

„სკოლის დირექტორმა გვითხრა, სკოლაა ახლა გადასარჩენიო. რისგან უნდა გადავარჩინოთ, არ ვიცი, მაგრამ ხშირად დირექცია ფარად იყენებს იმას, რომ მასწავლებლების ხელფასი უნდა გაიზარდოს… წინა წლებშიც იზრდებოდა სწავლის გადასახადი, მაგრამ ახლა ერთიანად 45 %-ით ზრდიან საფასურს,“ – გვითხრა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა.

„გადასახადი რის სანაცვლოდ იზრდება?“ – კითხულობს კიდევ ერთი მოსწავლის დედა, – „სწავლის საფასური იზრდება ისე, რომ ამას არანაირი შეხება არ აქვს სწავლის ხარისხთან. ამ სკოლაში უამრავი პრობლემაა, მაგრამ მაინც აქ დაგვყავს შვილები, რადგან შედარებით უკეთესია… ვისაც არ მოგწონთ, წაიყვანეთო, პასუხი ეს არის… იმასაც ვერ ხვდებიან, რამხელა სტრესი შეიძლება განიცადონ 13 და 14 წლის მოზარდებმა, როცა პირველი კლასიდან ერთად მოდიან ბავშვები.

ჩემი აზრით, არც არავინ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, რადგან ურჩევნიათ, რომ გადაუხადონ გაცილებით მეტი თანხა. ყველა ოჯახი ნამდვილად ვერ შეძლებს წლიურად 5 ათასი ლარის გადახდას და დატოვებს სკოლას“.

„ბათუმელებს“ სკოლის დირექციიდან არავინ შეხვდა. სკოლის დაცვის სამსახურის თანამშრომლის თქმით, დირექციას სტუმრები ჰყავს გერმანიიდან.

ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით სკოლის დირექტორს, ანზორ აბუსერიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ კითხვებს ვერ უპასუხებს, რადგან ამისთვის არ სცალია და სკოლის ადმინისტრაციიდან ვერც სხვა ვინმე გაგვესაუბრება.

სტადიონთან მცხოვრებ მოსახლეობას სახანძრო აფრთხილებს – წვრთნები გამოიწვევს ხმაურს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დღეს 22 მარტს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე, სახელმწიფო რეზერვებისა და  სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  ჩართულობით, „ბათუმი არენას“ თანამშრომლებისთვის ჩატარდება სახანძრო-სამაშველო სიმულაციური პრაქტიკული სწავლება.

„სწავლება მოიცავს პრაქტიკულ სიმულაციურ წვრთნებს. მეხანძრე-მაშველები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით მოახდენენ ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირებას.

ვაფრთხილებთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ წვრთნები გამოიწვევს გარკვეულ ხმაურს, რაც  არ უნდა გახდეს მოქალაქეებისთვის შიშისა და საფრთხის საფუძველი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სწავლების მიზანია საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის ღონისძიებების,  დაშავებულთა ევაკუაციისა და პირველადი დახმარების მეთოდების გაცნობა.

„დინამო ბათუმმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა და მოხალისეებს მოუწოდა, ევაკუაციის სიმულაციაში (ტრენინგი) მიიღონ მონაწილეობა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 167 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
  • ტანკი – 3 557 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 6 887 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 2 589 ერთეული [+3]
  • MLRS – 509 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 272 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 305 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 290 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 183 ერთეული [+16]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 909 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 434 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 270 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 403 თვითმფრინავი
  • 224 ვერტმფრენი
  • 3 528 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 370 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 070 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 410 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 052 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

აშშ უკრაინას აფრთხილებს, რომ რუსეთი ახალ შეტევას ამზადებს

რა არ კეთდება საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ბაშვებისთვის

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. წელს ამ დღის გზავნილია – „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“. ეს მოწოდებაა მთავრობებისთვის, რომ ყველაფერი, რაც ეხება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, იქნება ეს პოლიტიკის განსაზღვრა, პროგრამების შემუშავება თუ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება, განხორციელდეს მათი უშუალო ჩართულობით.

საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჯანდაცვისა და სხვა საჭიროებების საკითხებზე ყველაზე აქტიურად საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია მუშაობს, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დედების მიერ არის დაარსებული. თავიდან ეს დედების არაფორმალური გაერთიანება იყო, თუმცა დროთა განმავლობაში, რესურსების სიმწირის და სახელმწიფოსგან მხარდაჭერის დეფიციტის გამო, დედების გაერთიანება არასამთავრობო ორგანიზაციად დარეგისტრირდა.

საქართველოში სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ცალკეულად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჯანდაცვის საჭიროებებს ითვალისწინებს, არ არსებობს. ამ სინდრომის მქონე ბავშვები, როგორც წესი, ბენეფიციარები არიან  ადრეული განვითარების და აბილიტაცია-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამებისა, რომლებიც 0-7 წლამდე განვითარების შეფერხების, მისი რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.

სწორედ დაუნის სინდრომის ასოციაციის ძალისხმევით, სპეციალისტებმა შეიმუშავეს განმავითარებელი პროგრამა [7+], რომელიც ითვალისწინებს 7-დან 19 წლამდე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერას და მათ მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. პროგრამის განხორციელება ასოციაციამ წლების წინ შესთავაზა საქართველოს მთავრობას, მაგრამ უშედეგოდ.

„2015 წლიდან მარტის კამპანიებში ვყიდით წინდებს თანხის მობილიზების მიზნით. სხვადასხვა წლებში მოგროვებული თანხით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მუსიკალური თერაპიის კურსი დავუფინანსეთ, რომელიც ძალიან სასარგებლოა მათთვის. ეს თერაპია დღემდე ვერ აისახა ვერცერთ სახელმწიფო პროგრამაში, რომ ბავშვებს ამ მომსახურებაზე წვდომა ჰქონდეთ.

შეგროვებული თანხით ჩვენი შვილებისთვის ინოვაციური პროგრამა შევქმენით, რომელიც 7-დან 19 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოამზადებდა. დავარწმუნეთ „ევროპის ფონდი“, რომ ეს ნამდვილად საჭირო პროგრამაა ჩვენი შვილებისთვის. დაგვიფინანსეს პილოტირება, გავიარეთ ათასი გზა, დავღეჭეთ, გავამზადეთ ყველაფერი და შევთავაზეთ მთავრობას. მათგან მივიღეთ უარი და მას მერე ჯერ ისევ წრეზე დავდივართ“.

– ეს ამონარიდი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დედების ღია წერილიდანაა, რომელიც მათ 3 მარტს საქართველოს მთავრობას გაუგზავნეს.

„მოგმართავთ, ყურად იღოთ დედების ხმა – არასამთავრობო ორგანიზაციების უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად გამოვლენით გარემო ყველასათვის სახიფათო გახდება და წლების შრომა და მიღწევები წყალში ჩაიყრება“ – წერდნენ დედები მაშინ მიმართვაში.

შუქია ჭინჭარაუი
შუქია ჭინჭარაული

„ამ პროგრამაში საუბარია იმაზე, რომ მოხდეს ამ ბავშვების შესაძლებლობების, უნარების გამოვლენა, შემდგომ მათი პროფორიენტაცია, სხვადასხვა პროფესიის გაცნობა და ა.შ. რაც საბოლოოდ დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაა, იმიტომ, რომ როდესაც ადამიანს შეუძლია ისწავლოს და აქვს პროფესია, მისი დასაქმებაც უფრო რეალურია.

თუმცა დასაქმების კუთხითაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა და ჩარევა გვჭირდება ხოლმე, რადგან დამსაქმებლების და სახელმწიფოს მხრიდან არ არის მზაობა შეიქმნას დასაქმების ადგილები ინტელექტუალური დარღვევების მქონე ახალგაზრდებისთვის და თუ იქმნება ძირითადად სამუშაო ადგილები შშმ პირებისთვის, ეს არის – ფიზიკურად შშმ პირებისთვის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ და ეს პროგრამა შევქმენით, დავწერეთ სტანდარტი, შევეცადეთ, ყველაფერი გაგვეკეთებინა.

დღემდე მათი მხრიდან არ გადმოიდგა ნაბიჯი იმისთვის, რომ ეს პროგრამა სახელმწიფოს დაეფინანსებინა“ – ამბობს შუქია ჭინჭარაული,  საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

შუქია ჭინჭარაული პროფესიით ექთანია. ის ჰყვება, რომ 2015 წელს სწორედ მათმა ასოციაციამ, ღია საზოგადოების ფონდის დახმარებით, მიაღებინა ჯანდაცვის სამინისტროს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა პედიატრიული მართვის პროტოკოლი. 2015 წლამდე მსგავსი პროტოკოლი და შესაბამისად, სტანდარტი, არ არსებობდა.

„2015 წელს უკვე აღიარა ჯანდაცვის სამინისტრომ ეს პროტოკოლი და ატვირთა თავის ვებგვერდზე, მაგრამ რეგულაცია საიმისოდ, ვალდებული იყოს პედიატრი, რომ იხელმძღვანელოს ამ პროტოკოლით – არ შეუმუშავებია სახელმწიფოს.

ეს იმას ნიშნავს, რომ პედიატრების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ნახავენ თუ არა ამ პროტოკოლს და მინდა გითხრათ, რომ ბევრი ამ საკითხში კარგად გარკვეული პედიატრის პარალელურად, ექიმების ძალიან დიდმა რაოდენობამ საერთოდ არ იცის ამ პროტოკოლის არსებობის შესახებ.

ჩვენ, ასოციაცია, ვაწვდით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ახალბედა მშობლებს ამ პროტოკოლს, ვურჩევთ, რომ სანამ წავლენ პედიატრთან, აუცილებლად იქონიონ, მიიტანონ და გააცნონ, თუ არ იცნობს ექიმი პროტოკოლს. იმიტომ, რომ აქ არის ასაკის მიხედვით,ზუსტად გაწერილი ყველა ის საჭირო კვლევა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის“ – ამბობს შუქია ჭინჭარაული.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს, ტიპური განვითარების მქონე ბავშვებთან შედარებით, ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემის განვითარების მეტი რისკი აქვთ. ასოციაციის ცნობით, საქართველოს მთავრობა „მათი შვილების ყველა სამედიცინო საჭიროებას ვერ ფარავს“, სწორედ ამიტომ, 2018 წელს დაუნის სინდრომის მქონე გიგო შიუკაშვილის ინიციატივით დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი საქართველოში მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე პირების ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშეწყობისთვის, ფინანსური რესურსების მობილიზებისთვის.

ფონდის ძირითადი მიმართულებებია ჯანმრთელობის ხელშეწყობა – გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც არ იფარება, ან სრულად არ იფარება სადაზღვევო და სხვა სახელმწიფო პროგრამებით; ასევე განვითარების და სოციალიზაციის ხელშეწყობა – დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზადებისთვის.

„რეგიონებში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საჯარო სკოლაში ღიაა კარი ყველა შშმ, მათ შორის ინტელექტუალური დარღვევების მქონე ბავშვისთვისაც, ვერ ხდება ამ ბავშვების ინტეგრირება, სწორედ იმიტომ, რომ შეიძლება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს სჭირდებოდეს როგორც სპეც-პედაგოგი, ასევე ასისტენტი და ხშირად არ არსებობს არც ერთი და არც მეორე. იმდენად ძნელია სპეციალისტის მოძიება თუნდაც მაღალმთიან რეგიონში, რომ თავიდანვე პრობლემა იქმნება და შემდგომ უკვე კლასის პედაგოგი უკვე ვერ უმკლავდება იმ გამოწვევებს, რაც ამ ბავშვის წინაშე დგას“ – ამბობს შუქია ჭინჭარაული.

_____________________________________________

ფოტო: საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია|2022 წელი

მინისტრი, რომელსაც დეკლარაციაში უწერია, რომ არავითარი ქონება არ აქვს

2022 შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, არც საცხოვრებელი ბინა აქვს, არც აგარაკი, არც მიწის ნაკვეთი და არც ავტომანქანა. მის დეკლარაციაში არაფერი წერია საცხოვრებლის დაქირავების შესახებ, ასეთ შემთხვევაში ჯაბა ფუტკარაძე ვალდებული იყო ქონებრივ დეკლარაციაში აესახა წლის განმავლობაში ქირის სახით გადახდილი თანხის ოდენობა.

მინისტრი ასევე ვალდებული იყო ქონებრივ დეკლარაციაში აესახა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ მას საცხოვრებელი უსასყიდლოდ დაუთმეს, რადგან ასეთი შეთავაზება შეიძლება ძვირადღირებულ საჩუქრად ჩაითვალოს. საჩუქარი კი დეკლარაციაში აუცილებლად უნდა აისახოს.

მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არანაირ უძრავ ქონებას არ ფლობს არც მისი მეუღლე.

ჯაბა ფუტკარაძემ, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, პირველი დეკლარაცია 2018 წელს შეავსო. ბათუმში ბინა მას არც იმ დროს ჰქონდა. ამ დეკლარაციაში მინისტრმა ჩაწერა, რომ ფლობდა ბინას [84.6კვ.მ] თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე. იგივე დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს ამ ბინის შესაძენად 47 000 დოლარი გადაუხდია.

2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში ჯაბა ფუტკარაძემ იპოთეკური სესხის შესახებაც მიუთითა – 50 000 დოლარის ოდენობით და 2017- 2027 წლამდე ვადით. 2018 -2020 წელს შევსებული დეკლარაციების მიხედვით, მინისტრი ამ სესხის მომსახურებაში, ყოველ წელს, 6000-ზე მეტ დოლარს იხდიდა. 2021-2022 წლებში სესხის მომსახურების გაგრძელების ან მისი გადაფარვის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

ჯაბა ფუტკარაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად 2015 წლამდე მამის, ზაურ ფუტკარაძის სახლში ცხოვრობდა. ამის შესახებ თავის ქონებრივ დეკლარაციაში თავად ზაურ ფუტკარაძემ ჩაწერა [ის ამ დროს სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო]. 2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით ჯაბა ფუტკარაძე მასთან აღარ ცხოვრობდა.

2018 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჯაბა ფუტკარაძე მინისტრად დანიშნა.

2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში ჯაბა ფუტკარაძე წერს, რომ დანაზოგის სახით ფლობს ბინის რეალიზაციიდან მიღებული თანხის – 46 000 დოლარს. სავარაუდოდ მინისტრმა თბილისში მის საკუთრებაში არსებული ბინა გაყიდა, რადგან სხვა ბინა მის ქონებრივ დეკლარაციებში არ იძებნებოდა.

2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრი და მისი მეუღლე არ ფლობენ მნიშვნელოვან დანაზოგს, არ მიუღიათ ძვირადღირებული საჩუქრები, არ მოგზაურობენ უცხოეთში, არ ფლობენ ავტომანქანებს.

რაც შეეხება ავტომანქანას, 2018 წლის შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ჯაბა ფუტკარაძე ფლობდა 2017 წელს 5000 დოლარად შეძენილ Toyota Prius-ს. ეს მანქანა მას 2020 წელს 4700 დოლარად გაუყიდია, ამის შემდეგ მას ახალი მანქანა არ შეუძენია.

საჯარო სამსახურის ბიურო ყოველი წლის პირველ ნახევარში აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომელთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგსაც გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ ბიურო დაადგენს, რომ თანამდებობის პირი დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს, რაც უმეტესწილად იმის ნიშანია, რომ ეს პირი ქონებას მალავს, მას დააჯარიმებენ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი 2023 წელს შესამოწმებელ პირთა სიაშია. რას გამოავლენს საჯარო სამსახურის ბიურო, დამალა თუ არა მინისტრმა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ რეალური ინფორმაცია, ამას სწორედ ბიუროს ანგარიშიდან გავიგებთ.

წელს მინისტრს ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია.

სწორედ გამჭვირვალობის აუცლებლობის მოტივით ხნიდნენ საქართველოში რუსული კანონის მიღების აუცილებლობას უცხოელი გავლენის აგენტების გამჭვირვალობის შესახებ. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს. ეს პროექტი საზოგადოების პროტესტის შემდეგ ჩავარდა.

გვინდა ოლიმპიური ჩემპიონები გავხდეთ – მოცურავეები აუზს და დაფინანსებას ითხოვენ

ქართველი ახალგაზრდა მოცურავეები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ სახელმწიფო მათ სათანადო პირობებს არ უქმნის განვითარებისთვის. მოცურავეები ამბობენ, რომ საქართველოში ცურვას, როგორც პერსპექტიულ სახეობას, არ აღიარებენ და არც აფინანსებენ ისე, როგორც, მაგალითად, წყალბურთს ან სხვა რომელიმე სახეობას.

მოცურავეები ფაქტობრივად აუზის გარეშე არიან, რადგან ის კერძო აუზები, რომლის ქირაობასაც დღეს ასე თუ ისე ახერხებენ, ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს. ქლორიანი წყალი კი ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნით.

მოცურავეთა კლუბი „ელიტი“ ცოტა ხნის წინ შეიქმნა. „ბათუმელები“ კლუბის ორ მოცურავეს, 12 წლის გიგიშა ბოლქვაძე და 17 წლის ნოე ფანცხავას ესაუბრა. რამდენიმე დღის წინ ისინი თურქეთში, ედირნეში იმყოფებოდნენ შეჯიბრზე, სადაც გიგიშა ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიო რეკორდსმენი გახდა.

ნოე ფანცხავა საქართველოს მასშტაბით საერთაშორისო კლასის ოსტატია და როგორც გვეუბნება, ახლახან დაფიქსირებული შედეგით, ევროპის იუნიორებს შორის რეიტინგითაც პირველ ადგილზეა.

ამჟამად მოცურავეები „ბათუმი პლაზაში“ ვარჯიშობენ.

გიგიშა ბოლქვაძე, მოცურავე

გიგიშა ამბობს, რომ „ბათუმი პლაზას“ აუზი საკმაოდ კარგია, თუმცა არ აქვს ის ფუნქციები, რაც საჭიროა ინტენსიური ვარჯიშისთვის.

„ამ აუზს ადრე ჰქონდა იონიზაციის ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქლორს არ იყენებდნენ. ქლორი ძალიან მწვავეა და ალერგიულ რეაქციებს იწვევს, რაც მეც მქონდა, წლების განმავლობაში მაძლევდა რეაქციას და წამლებიც დამჭირდა გამოსაჯანმრთელებლად. ახლა, როგორც ვიცი, მიდის მოლაპარაკება, რომ ქლორს გამოცვლიან“, – გვეუბნება გიგიშა ბოლქვაძე.

მისი თქმით, თბილისშიც არის შედარებით მაღალი სტანდარტის აუზები, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებს ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს.

„ჩემთვის ცურვა არის ყველაფერი, მთელი ცხოვრებაა და მიზანი მაქვს, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე. თუმცა ამისთვის სათანადო პირობები მჭირდება მეც და სხვა მოცურავეებსაც.

სამწუხაროდ, საქართველოში სპორტის სხვა სახეობებს უფრო აქცევენ ყურადღებას, ცურვას კი ნაკლებად. შედეგები გვაქვს, მაგრამ მაინც“, – ამბობს გიგიშა.

„ოლიმპიადაზე უნდა მოვხვდეთ, ეს არის მიზანი“, – გვეუბნება ნოე ფანცხავაც. მისი აზრით, ფედერაციამ და, ზოგადად, სახელმწიფომ, ცურვას ყურადღება უნდა მიაქციოს.

ნოე ფანცხავა, მოცურავე

„ბევრი სპორტსმენი გვყავს, მათ შორისაა ირაკლი ბოლქვაძე, რომელმაც ევროპის ახალგაზრდულზე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა, თუმცა ვარჯიშისთვის და არც ჩემპიონატებში მონაწილეობაზე ხელშეწყობა არ აქვს.

ხოლო ლუკა კუხალაშვილი როცა ავსტრალიაში გაემგზავრა მსოფლიო ჩემპიონატზე, წესით ერთი კვირით ადრე მაინც უნდა ჩასულიყო, რადგან ძალიან დიდი საათობრივი სხვაობა გვაქვს დროში და აკლიმატიზაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არც მას შეუწყეს ხელი და ის შედეგი, რაც სურდა, ვერ დაიდო.

აუზები და შესაბამისი პირობები ძალიან გვჭირდება. არ არსებობს ბავშვი ცურვა რომ არ უყვარდეს, ყველა წყალში ერთობა ხოლმე, თუმცა წყალბურთს უფრო აღიარებს ფედერაცია, ვიდრე ცურვას, მაშინ როცა წყლის სპორტის სახეობების ფუნდამენტი არის ცურვა და ცურვა რომ არა, ვერც წყალბურთი იარსებებდა“, – ამბობს ნოე.

გიგიშას მსგავსად, ისიც საუბრობს ქლორიანი აუზების პრობლემაზე და მიიჩნევს, რომ ასეთი გარემო მოცურავისთვის საზიანოა.

ვფიქრობ, ერთი 25-მეტრიანი და 50-მეტრიანი აუზი მაინც უნდა იყოს ქვეყანაში მაღალი სტანდარტის. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად სუფთა ქლორია აუზში, რამდენად კარგი ჰაერია, ჩახუთულობა არ უნდა იყოს, რადგან ეს ყველაფერი გავლენას ახდენს სპორტსმენზე.

სუნთქვა მიჭირს ხოლმე ამ ქლორში, ხველება მეწყება და როცა ინტენსიურად ვარჯიშობ – ინტენსიურად გიწევს სუნთქვა, ქლორი არის კატასტროფა. არ შეიძლება ასეთ პირობებში ვარჯიში. მოცურავისთვის აუცილებელია ზბორებზე გასვლაც, მაღალმთიან გარემოში ვარჯიშიც, მაგრამ საერთოდ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, მხოლოდ შეჯიბრებებზე გასვლას გვიფინანსებენ წელიწადში დაახლოებით ხუთჯერ და ესეც ძალიან ცოტაა.

ჩვენ მაინც იმედი გვაქვს საკუთარი ენთუზიაზმის, კლუბის დაარსების მიზეზიც ეს არის, რომ ჩვენი სახელით ცურვა გავიტანოთ მაღალ ასპარეზზე. იმედია, ამის შემდეგ მაინც დააფასებს სათანადოდ სახელმწიფო მოცურავეებს“, – გვეუბნება ნოე.

„ელიტის“ წევრია ლუკა კუხალაშვილიც, რომელიც ნოეს მსგავსად საქართველოს რეკორდსმენი და საერთაშორისო კლასის ოსტატია.

კლუბის მეოთხე წევრი ნიკა ჭიჭიაშვილია, რომელიც სპორტის ოსტატი და საქართველოში საუკეთესო მოცურავე დელფინში.

ახალგაზრდა მოცურავეებთან ამჟამად ცნობილი მწვრთნელი იგორ ომელჩენკო მუშაობს, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა, მაგრამ ბოლო 27 წელი სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა.

იგორ ომელჩენკო, მწვრთნელი.

იგორ ომელჩენკო საბჭოთა წლებში, ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1976 -100 მ), ევროპის თასის მფლობელი და ორგზის ჩემპიონი იყო.

სამხრეთ აფრიკაში კი ოლიმპიურ მწვრთნელად მუშაობდა და, როგორც გვეუბნება, არაერთი ოლიმპიელი ჰყავს აღზრდილი.

„აფრიკაში წარმატებული კარიერა მქონდა, გაზრდილი მყავს ოლიმპიელებიც და რეკორდსმენებიც, ახლა კი მინდა ჩემი ცოდნა საქართველოს გავუზიარო. მინდა საქართველოსაც ჰყავდეს ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში“, – გვეუბნება ის.

მწვრთნელის თქმით, საქართველოში ჩამოსვლა ისედაც  გადაწყვეტილი ჰქონდა, იყო დაპირება, რომ ხელს შეუწყობდნენ ცურვის სახეობის განვითარებაში. თუმცა, ჩამოსვლის შემდეგ, ამ დაპირებას ფედერაცია არ ასრულებს.

„ფაქტობრივად, ჩვენ საკუთარი ძალებით ვცდილობთ სტანდარტების მიღწევას და ვცდილობთ მოვიძიოთ სპონსორებიც, თუმცა იცით რომ საქართველოში ესეც რთულია.

ბათუმის მერიამ ოფიციალურად ამიყვანა მწვრთნელად და სიმბოლური ხელფასი მექნება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ცურვა განვითარდეს.

ზოგადად, მთელ მსოფლიოში ტენდენციაა, რომ ყველამ უნდა იცოდეს ცურვა და ადამიანს შეეძლოს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა კრიტიკულ სიტუაციაში. საქართველოში კი საერთოდ არ არსებობს ეს ინტერესი სახელმწიფოს და ფედერაციის დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელსაც შეუძლია წარმატების მიღწევა სათანადო პირობებში.

როცა ვიწყებთ ვინმესთან საუბარს, გვეკითხებიან „წყალბურთი?“ ცურვას, როგორც ცალკე სახეობას, რატომღაც ვერ აღიქვამენ სათანადოდ. მაშინ როცა ცურვაა ყველაფრის ბაზისი“, – გვეუბნება იგორ ომელჩენკო.

მწვრთნელის თქმით, იმისთვის, რომ ოლიმპიადაზე იასპარეზოს მოცურავემ, აუცილებელია ლიცენზიის მოპოვება, ამ ყველაფერს კი პირობები სჭირდება. „სპორტსმენს უნდა ჰყავდეს ექიმი, მასაჟისტი, ფიზიოთერაპევტი, ფსიქოლოგი, დიეტოლოგი, იმისთვის, რომ მიიღო კარგი შედეგი. რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდებისთვის საკუთარი ძალებით შევძლებთ მოვიძიოთ ეს ყველაფერი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოცურავეებს ფედერაციაც უწყობდეს ხელს“, – ამბობს მწვრთნელი.

მისი თქმით, საქართველო ოლიმპიურ ჩემპიონატებზე წელიწადში ორ მოცურავეს ყოველთვის უშვებს, თუმცა რადგან ისინი არ არიან ლიცენზიანტები, სტუმრის სტატუსით უწევთ ასპარეზობა.

„ეს მოცურავეები საუკეთესოები არიან ქვეყანაში. გვინდა, რომ სხვა ახალგაზრდებიც აღვზარდოთ და ცურვა განვავითაროთ, ეს არის ჩემი მიზანი“, – ამბობს ომელჩენკო.

ვინ არის „ეკლესიის მტერი“, ვინც ართმევს დამოუკიდებლობას, თუ ვინც აკრიტიკებს? – ინტერვიუ

რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ, კობახიძე-ღარიბაშვილი აქტიურად ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოაჩინონ „ეკლესიის მტრებად“, საზოგადოებად, რომელსაც, კობახიძის თქმით, სურს ქართული იდენტობის წაშლა.

რას მიაღწევს „ქართული ოცნება“ კრემლისთვის დამახასიათებელი რიტორიკით და მით უფრო „სუსის ფაილების“ ცნობილი სკანდალის შემდეგ.

ვინ შეიძლება აღიქმებოდეს „ეკლესიის მტრად“ – არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ის სისტემა, რომელიც 2021 წელს სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილების თანახმად, უსმენდა და უთვალთვალებდა ეკლესიის ყველა მაღალ იერარქს, რიგით მღვდლებს, მათი ოჯახის წევრებს თუ მათთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ პირს.

მედიისთვის მიწოდებულ დაახლოებით 70 ათასამდე ფაილის თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სასულიერო პირის პირად ცხოვრებას იწერდნენ. სავარაუდოდ სუსის ფაილების საქმეზე ოფიციალურად დაზარალებულად აღიარებული სასულიერო პირების საქმეებს იძიებენ.

იხილეთ დეტალურად – სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილები 

„ეკლესიის მტრების“ თემაზე „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო მირიან, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ჩაითვალოს ეკლესიის მტრობად და რამდენად იმუშავებს დღეს საზოგადოებაში კობახიძის რიტორიკა, რომ თურმე მედია და არასამთავრობოები „ეკლესიას ებრძვიან“?  

თეოლოგიური თვალსაზრისით, „ეკლესიის მტრობა“ არის მდგომარეობა, როცა ადამიანისთვის მიუღებელია, ვთქვათ, ქრისტიანული ფასეულობები, არ აღიარებს, არ ცნობს მათ და არ ცდილობს, გაატაროს ის ცხოვრებაში.

მიუხედავად ამისა, თანამედროვე ევროპაში ეკლესიები ტერმინ „მტერს“ აღარ იყენებენ, რადგან რელიგია არის ადამიანის პირადი არჩევანი. რაღაც ნაწილს შეიძლება მოსწონს ესა თუ ის რელიგია, რაღაც ნაწილს – არა. ამიტომ ეკლესიები განსხვავებულ მისიონერულ სტრატეგიას იყენებენ.

„მტერი“ – ამ ნიშნით ადამიანების მარკირება მიუღებელია. შესაბამისად, თავად ეს სტრატეგია – ადამიანების სტიგმატიზება, არაქრისტიანულ ქმედებად მიიჩნევა დღეს.

მოსახლეობის რაღაც ნაწილს შესაძლოა მართლაც ჰგონია, რომ დასავლეთში არსებული ფონდები სპეციალურად რიცხავენ თანხებს იმისთვის, რომ პატრიარქი ან ეკლესია გააკრიტიკონ მედიებმა ან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მაგრამ ეს ნაწილი ძალიან მცირეა.

კობახიძე-ღარიბაშვილ-ივანიშვილს, ალბათ, ამ ნაწილზე აქვს ისევ გათვლა.

არასამთავრობოები და კრიტიკული მედია თანაბრად მიუღებელია როგორც ოლიგარქისთვის, ასევე საპატრიარქოსთვისაც, რადგან ისინი უზრუნველყოფენ იმ პროცესების გამჭვირვალობას, რაც ხელისუფლებასა და საპატრიარქოში ხდება, ავლენენ კორუფციის ფაქტებს და ესენი ცდილობენ ეს კრიტიკული ხმა ჩაახშონ.

გახსოვთ ალბათ „იმედის“ აბსურდული სიუჟეტი, მდიდარმა ენჯეოებმა დაბადების დღე არ მიულოცეს პატრიარქსო. ამის მიზანი იყო ნეგატიური განწყობები გაეძლიერებინათ საზოგადოებაში.

  • როგორ ფიქრობთ, რეალურად ვინ უფრო აზიანებს ეკლესიას„ქართული ოცნება“ თუ არასამთავრობოები და როგორ შეიძლება ეს საზოგადოებას ვაჩვენოთ?

აქ ორი საინტერესო დამთხვევაა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. გახსოვთ ალბათ სუს-ის ფაილები, ეს კრებსები ბევრი რამით არის საინტერესო. მაგალითად, იმით, რომ მასში არსად არის მოხსენიებული მოსაყდრე შიო და მისი გარემოცვა. ისინი ყველგან მოხსენიებულნი არიან სხვებთან კვეთაში, როცა მათ ვიღაც ურეკავს. ცალკე ფაილები მათზე არ არის.

ჩემი პირადი მოსაზრებაა და მაქვს ეჭვი, რომ ამ სუს-ის ფაილების მთელი ისტორია შეთანხმებული იყო სუს-სა და მოსაყდრეს ჯგუფს შორის, რათა შიოს გარკვეულწილად გაენაღდებინა საკუთარი პოზიციები საპატრიარქოში და ჰქონოდა სხვა სასულიერო პირების დაშანტაჟების მექანიზმი.

ღარიბაშვილი-კობახიძე, მეუფე შიო, ანდრია ჯაღმაიძე, ლევან ვასაძე, „პატრიოტთა ალიანსი“, „კონსერვატიული მოძრაობა“, – ყველა ერთი ჯგუფის, ერთი აზროვნებისა და გემოვნების ხალხია და მათ აქვთ შეთანხმება, რომ დასავლეთი არის ცუდი, რუსეთი არის კარგი და ენჯეოებიც და კრიტიკული მედიაც, შესაბამისად არის ცუდი, რადგან დასავლურ ფენომენს წარმოადგენენ.

  • თუ მოსაყდრე შიოსთან იყო ფაილების გამოტანა შეთანხმებული, კობახიძის ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის „ეკლესიის მტრობა“?  

საპატრიარქო მოსაყდრე შიომდეც იყენებდა სტიგმატიზაციის შედეგად ადამიანების დაჩაგვრის პოლიტიკას, – ლანძღვა, გინება განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, ამ მიზნით გამოიყენებოდა ხომ? ასევე, „არაეკლესიური“, „ანტიეკლესიური“ – ამ მარკას არაერთ საზოგადო მოღვაწეს თუ პოლიტიკოსს აკერებდნენ, მაგრამ უბრალოდ, 17 მაისის შემდეგ, როცა შიო წავიდა საპატრიარქოში, მიზანი იყო, რომ დაიწყებოდა ეკლესიის განწმენდა.

თვითონ შიო მეტ-ნაკლებად სუფთა ადამიანია ამ თვალსაზრისით, თუ არ ჩავთვლით მის დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტთან და პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ჩემი აზრით, შიომ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება სცადა ამ კრებსებით, რადგან სააშკარაოზე გამოიტანა ის თემები, რომლებიც ეკლესიის შიგნით ტრიალებს. რამდენად მართალია იქ მოცემული ინფორმაცია, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ თემა გახდა საჯარო.

ასევე, მოსაყდრე შიომ შემოიკრიბა ახალგაზრდა, შედარებით გაუსვრელი მღვდლები და ეკლესიის შიგნითაც თავს ასაღებდა როგორც გამწმენდელი. ამიტომ, ეს კრებსები „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა ეკლესიის დასაშანტაჟებლად, შიოს კი – საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

  • როცა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მან თქვა, რომ მატერიალისტია, არც პატრიარქია შეუცდომელი და ეკლესიის კრიტიკაც მისაღებია. თუ ეკლესიის კრიტიკა ივანიშვილის შემთხვევაში არ არის მტრობა, რატომ შეიძლება სამოქალაქო სექტორის მხრიდან კრიტიკა იყოს „ეკლესიის მტრობა“. ეს რა ლოგიკაა?

საზოგადოებას აღიზიანებს, როცა ეკლესიის კორუფციულ გარიგებებზე ქვეყნდება მასალები, იმაზე, თუ როგორ ითვისებს ეკლესია კერძო სექტორში არსებულ აქტივებს, როგორ არიან სასულიერო პირები ბიზნესით დაკავებული და ასე შემდეგ.

ივანიშვილის ტექსტი კი იყო ძალიან ნეიტრალური, თითქმის არაფრის მთქმელი, რადგან კრიტიკა შეიძლება ყველასი და საეკლესიო თვალსაზრისითაც, ჩვენ არ გვაქვს უცთომელობის დოგმატი ხომ?

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა როგორც საპატრიარქოს მოკავშირე. როცა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს, პატრიარქმა იქადაგა ამაზე და მეორე დღესვე დაუბრუნეს მოქალაქეობა, შემდეგ ივანიშვილმა სცადა საპატრიარქოს მოსყიდვაც, პატრიარქსაც ჩუქნიდა საჩუქრებს და ასე შემდეგ. ერთი შეხედვით, თითქოს ჰარმონიული ურთიერთობის უკან ეკლესია მაინც ინარჩუნებდა მინიმალური ტიპის დამოუკიდებლობას და რაღაც მომენტებში, საპატრიარქომ გამოავლინა კიდეც ეს თვისება.

მაგალითად, მარიხუანის ლეგალიზების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა და აქციები გამართა, მაშინ, როცა ამ საკითხზე საზოგადოებასა და ოპოზიციაშიც კი ხელისუფლებას შეთანხმება ჰქონდა მიღწეული.

ამიტომ, ივანიშვილი მიხვდა, რომ მოსყიდვა არ არის ეკლესიის კონტროლის გარანტი და ამის შემდეგ დაიწყო ციანიდის საქმე და შემდეგ დაგვირგვინდა სუს-ის კრებსებით. ამის შემდეგ ეკლესიამ სუვერენულობის ყოველგვარი ნიშანწყალი დაკარგა.

ახლა დავსვათ კითხვა: ვინ არის ეკლესიის მტერი? – ის, ვინც ეკლესიას ართმევს დამოუკიდებლობას და ხდის დამონებულს, ამყოფებს დამორჩილებულ მდგომარეობაში, თუ ის ადამიანები, ვინც კრიტიკულ სოლიდარობაში არიან ეკლესიის მიმართ? ჩემთვის პასუხი სრულიად ცხადია.

  • ფიქრობთ, რომ ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის წართმევაა ყველაზე დიდი მტრობა?

დიახ. ეკლესიამ თავისი მისია რომ შეასრულოს ამ მიწაზე, მისთვის სუვერენიტეტი და სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჩემი ღრმა რწმენითა და მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ და მისი გარემოცვა თავად არიან ეკლესიის მტრები, რადგან მათ წაართვეს სუვერენიტეტი ეკლესიას, გაანადგურეს ბევრი ადამიანის პირადი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, თუ რა ცხოვრებით ცხოვრობდნენ და საზოგადოებაში არსებული არაკონსტრუქციული კრიტიკის მომხრე პირებს მისცეს ძალიან ბევრი სენსიტიური მასალა.

და თუ მტრობაზეა საუბარი, აი, ამ კუთხით, „ოცნება“ აშკარად არის ეკლესიის მტერი, თუ მათივე ტერმინს გამოვიყენებთ. ამ ფონზე ისინი ცდილობენ, საკუთარი დანაშაული და საკუთარი მოქმედება მიაწერონ კრიტიკულ საზოგადოებას და გამოიწვიონ სიძულვილი ადამიანებში.

  • რამდენად მიღწევადია ეს დღეს?

ვხედავთ, რომ საზოგადოება არ მოტყუვდა, არ დაიჯერა, რომ არასამთავრობოები არიან აგენტები. ხელისუფლებას კი რატომღაც ეგონა, რომ „იმედის“ სიუჟეტების საფუძველზე ამ განწყობებს შეცვლიდა.

როგორ ფიქრობთ, ევროპასთან ასოცირების შეთანხმება რატომ დალოცა პატრიარქმა ევროკავშირის მოფრიალე დროშების ფონზე? იმიტომ, რომ პატრიარქმაც იცის, ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული დღემდე, საზოგადოებაში არსებობს შეთანხმება, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის ნაწილი და რუსეთთან პარტნიორ ურთიერთობაში არსებობის იდეა, ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის თაობამ ჩამოშალა და ჩამოანგრია საბოლოოდ.

„ქართული ოცნება“ ვერ მიხვდა რატომღაც ამას.

ხალხსაც ამოუვიდა ყელში უკვე ეს „ეკლესიის მტერი“. ახალი თაობა დასცინის უკვე ამ ტერმინს. „სოროსი“ და „ბენდუქიძე იუდა“, შესაძლოა 90-იანებში მუშაობდა, მაგრამ დღეს ძალიან ძნელია ამან იმუშაოს საზოგადოებაში.

ახალგაზრდები დღეს თვითონ მოძრაობენ ევროპაში და რელიგიაზეც გაცილებით მეტი ცოდნა აქვთ, ვიდრე კობახიძე-მდინარაძეს ან თუნდაც ბიძინა ივანიშვილს.

აქ, გერმანიაში, ერთი ახალგაზრდა გავიცანი და მივხვდი, რომ ეკლესიას ამ თაობასთან ურთიერთობის ენა დაკარგული აქვს. რამდენიმესაათიანი საუბრის დროს მივხდი, რომ ჩვენ შორის საერთო იყო ის, რომ ვიცოდი იაპონელი ანიმატორი მიაძაკი და მისი შემოქმედება, ეს იყო ჩვენი ერთადერთი საერთო ველი.

მოდის თაობა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგაა დაბადებული და მათთვის რუსეთი  მხოლოდ ნეგატიური ასოციაციების მომტანი ცნებაა. ეს უნდა გაიაზროს ყველამ – ეკლესიამაც და მთავრობამაც.

  • მაშინ რისი იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“, რას მიაღწევს რუსული რიტორიკით?

ერთადერთი, რასაც ესენი მიაღწევენ, არის ის, რომ გაარკვიონ საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მათ მხარს გარანტირებულად.

  • შიოზე მინდა გკითხოთ. თქვენ თქვით, რომ ის და „ქართული ოცნება“ ერთად მოქმედებენ, მათ შორის ეკლესიის ამბების გარეთ გამოტანაც მათი იდეა იყო. თუკი „ქართული ოცნება“ ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას, რა შანსები აქვს შიოს, გახდეს პატრიარქი?

შიო არის კრემლის ყველაზე ერთგული კადრი. ადამიანი, რომელიც სწავლობდა, ცხოვრობდა მოსკოვში, მეგობრობს იქაურ ელიტასთან, არის დუგინის, ლავროვის და მათი ფილოსოფიის მიმდევარი, რჩევებისთვის ურეკავს იქაურ მოძღვრებს, ულოცავს მათ დაბადების დღეებს და ა.შ.

დარწმუნებული ვარ, ის რომ ყოფილიყო, ასოცირების შეთანხმებას არ დალოცავდა, რადგან ის საპატრიარქოს რადიკალურ ფრთას წარმოადგენს.

პატრიარქიც რუსული ინტერესების გამტარებელია, თუმცა მას აქვს ერთი ძალიან საინტერესო თვისება, რომელიც ბევრი პოლიტიკოსისთვის არის შესაშური, ის ყოველთვის გრძნობს რა უფრო მისაღებია ქვეყნის უმრავლესობისთვის. მას რომ ეთქვა, ასოცირების შეთანხმება არის ბოროტება, იცოდა, რომ ხალხი ზურგს შეაქცევდა, ის არასდროს კვეთს კრიტიკულ ხაზებს.

  • რუსული კანონის მიღების მცდელობისას ხომ იყო ძალიან კრიტიკული ვითარება, როგორ ფიქრობთ, რატომ არ თქვა არაფერი?

პატრიარქი დღეს, ფაქტობრივად, არის უმოქმედო, ასაკში მყოფი ადამიანი და მოსაყდრე შიო მისი სახელით სჩადის ყველაფერს. შიოს საბჭოთა პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელი ორსახოვნება არ აქვს. არის ძალიან უხეში ტიპის მმართველი და შეუძლია შუბლით შეასკდეს.

მისი ქადაგებებიც სავსეა უხეში ფორმულირებით, ლექსიკით, რომელსაც, წესით, დიპლომატი და განათლებული ადამიანი არ უნდა იყენებდეს. თუმცა მან მოახერხა პატრიარქის კულტის საკუთარ თავზე დელეგირება და დღეს ის არის პატრიარქის ხმა.

თუმცა ყველაფერი საბოლოოდ მაშინ გამოჩნდება, როცა მისი უწმინდესობა აღარ იქნება ჩვენ შორის. ამის შემდეგ კარტები ახლიდან გათამაშდება და რა რესურსები ექნება შიოს, რომ სადავეები რეალურად აიღოს ხელში, მაშინ გამოჩნდება.

  •  „ქართული ოცნება“ დაკარგავს ძალაუფლებას და პროევროპული ხელისუფლება მოვა, მაშინ რა ელოდება შიოს, შეიცვლება?

შიო არ შეიცვლება. ხვალ კობახიძე რომ გამოვიდეს ან სულ ბრიუსელში რომ გადაცხოვრდეს და იქიდან გვიჩიჩინოს ევროკავშირში უნდა შევიდეთო, შიო მაინც არ შეიცვლის დამოკიდებულებას.

ის, რომ, მაგალითად, შვედეთში ტუალეტს არ აწერია ქალი და კაცი, ეს შიოსთვის დამღუპველი საკითხია, თუმცა რატომ, ამის ახსნაზე დროს არ ხარჯავს, მაგრამ ეს მისი რელიგიური მრწამსია.

ამიტომ მგონია, რომ მთავრობის არშეცვლის პირობებშიც კი შიოს ძალიან გაუჭირდება გახდეს პატრიარქი. თუნდაც იმიტომ, რომ გამოუცდელია, არ არის პრაგმატული, არ აქვს დიპლომატიური უნარები და ეს თვისებები მოკავშირეებსაც მალე დააკარგვინებს.

თუმცა რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ, აი, ამ ბოლო მომენტში არ გაუშვას ხელიდან შანსი, ჰყავდეს ქართულ ეკლესიაში მისი მოკავშირე.

დღეს, ფაქტობრივად, მოსაყდრე შიოს და „ქართულ ოცნებას“ ერთი ბრძოლა აქვთ. ბოლო ბრძოლა და ამიტომ ჰყავთ მობილიზებული მარგინალური ჯგუფები. ალბათ კრემლი ბევრ თანხასაც დახარჯავს, მაგრამ არა მგონია, შეძლონ საზოგადოების აზრის ცვლილება.

3 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ამხელს რამიშვილს – მას და „ოცნებას“ ერთნაირი გზავნილები აქვთ

„…ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე. ესეთი დამთხვევების მე არ მჯერა… ეს, დიდი ალბათობით, არის ფაშისტური კამპანიის ნაწილი.

ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ როდესაც ფაშიზმის კამპანიას ემთხვევა ეს ყველაფერი, მინიმუმ ძალიან საეჭვოა. ეს არის კრიტიკული ტელეკომპანიის და ჟურნალისტების, წამყვანების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი,“ – ასე დაიცვა შალვა რამიშვილი დღეს მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში „ქართული ოცნების“ ფრაქციის ხელმძღვანელმა.

20-21 მარტს „პოსტ ტვ“-ის დირექტორი შალვა რამიშვილი სამმა ქალმა ამხილა სექსუალურ შევიწროებაში. სწორედ ამ ფაქტის შეფასებისას „ქართული ოცნების“ გზავნილები პრორუსული ტელევიზიის გზავნილებს დაემთხვა ერთი-ერთში.

„ქართული ოცნების“ ლიდერის მსგავსად, შალვა რამიშვილიც „ფაშისტებზე“ საუბრობს.

„…ლიბერალი ფაშისტების კიდევ ერთი მიზანია, დააბულინგონ და შეაშინონ ჩვენი გუნდის წევრები, ხელი ააღებინონ იმ ბრძოლაზე, რომელსაც ეს არხი ბოლო წლებია წარმატებით ეწევა.

ტელეკომპანია POSTV-ის დიდი გუნდის სახელით, ღიად ვაცხადებთ, რომ ლიბერალ-ფაშისტების ამ ამოცანას შესრულება არ უწერია და ფეიკების მამხილებელ ტელევიზიას ფეიკებით ვერ შეაშინებენ,“ – აღნიშნულია ტელეკომპანია „პოსტ ტვ“-ის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შალვა რამიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ტელევიზიის ამ განცხადების გარდა, იგი სხვა კომენტარს არ გააკეთებს.

დღეს, 21 მარტს, „პოსტ ტვ“-ის დირექტორი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ, მსახიობმა ანანო იაშვილმა და გვანცა ბუღადაშვილმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შალვა რამიშვილს ედავებიან სექსუალურ შევიწროებას – 2018 წელს მას „სექსუალური შევიწროების ფაქტი“ დაუდასტურდა – თბილისის საქალაქო სასამართლომ კი რამიშვილს 2 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

„…წლებია თავს ვიკავებ, მაგრამ ქალური შეგრძნებები და ვალდებულებები არ მაძლევს იმის უფლებას, რომ სოლიდარობა არ გამოვხატო ყველა ქალის მიმართ, ვინც ეს გაიარა და ვაღიარო, რომ წლების წინ მეც გავხდი მისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი!“ – წერს ფეისბუქში ანანო იაშვილი. ის ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია და ასეთ შემთხვევას იხსენებს:

„18 წლის ასაკში, ბავშვი, რომელიც ვოცნებობდი მსახიობობაზე, ტელევიზიაზე, პირადად მან დამირეკა, დამიბარა გასაუბრებაზე ტელევიზიაში – ტვ იმედი, წინასწარ გამაფრთხილა, რომ გამომწვევად ჩაცმული მივსულიყავი [პერსონაჟია ასეთიო] გასაუბრებაზე. რა და როგორ მითხრა და რა გადავიტანე, ამას აღარ მოვყვები ამ ეტაპზე.

თვეების შემდეგ კიდევ დამირეკა ახალი შემოთავაზებით [წინაზე უარის შემდეგ] და წლების განმავლობაში პერიოდულად მიგზავნის ისტერიულად მეგობრობის თხოვნას, მერე აუქმებს, მერე მიგზავნის, მერე აუქმებს…. მანიაკია ჩვეულებრივი და ამ ადამიანს აქვს პლატფორმა, საიდანაც ვიღაცას რაღაცას მოუწოდებს! და თავისუფლად დადის ქუჩებში… მე კიდე წლები დამჭირდა ამ ტრავმის გადასახარშად,“ – დაწერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ანანო იაშვილმა.

„ძალიან რთული იყო სამსახურის შოვნა“, – წერს ფეისბუქში ჟურნალისტი მაკო ჯაბუა შალვა რამიშვილზე. – „არავინ მყავდა, ვინც ხელს შემიწყობდა ამ კუთხით. დროებით ხან სად ვმუშაობდი და ხან სად. ჟურნალისტობა მინდოდა მუდამ და, სამწუხაროდ, უშედეგო იყო მაშინ ყველა მცდელობა.

ჩემი ახლო მეგობარი მუშაობდა შალვა რამიშვილთან [მას ცუდი გამოცდილება არ ჰქონია, თორემ მგლის ხახაში არ შემაგდებდა], მითხრა, რაღაც ტელევიზიის გაკეთებას აპირებს და კადრებს ეძებს, ვეტყვი შენზე და დაგიბაროს იქნებ გასაუბრებაზეო.

მეც გამიხარდა, შანსი დავინახე, დავთანხმდი. დამიბარა, მაგრამ ვაჟაზე, ოფისადქცეულ ბინაში. მივედი. [შალვაზე რაღაცები მსმენია, მაგრამ მე თამამი და გამბედავი ადამიანი ვარ, ჩემი თავის იმედი ყოველთვის მაქვს, ამიტომ „არ შემშინებია“ მასთან მარტო დარჩენის].

გასაუბრება ნორმალურად დაიწყო. გამომკითხა რაღაცები, მიხვდა რომ „ცოცხალი“ გოგო ვარ და შემდეგ დაიწყო: – შენ ისეთი არასტანდარტული და თამამი გარეგნობა გაქვს (წითელი თმა და პირსინგი მქონდა), დარწმუნებული ხარ, რომ უბრალო ჟურნალისტი გინდა იყო? – მეთქი, რავი, ახალი ამბების ჟურნალისტობა მინდა.

– ხო გასაგებია, მაგრამ იქნებ რამე შენი გადაცემა გავაკეთოთ. საცურაო კოსტიუმში როგორ გამოიყურები?

ეს ცოტა მეუხერხულა, მაგრამ არ დავბნეულვარ.

– კარგად ალბათ.

– ჰოდა, ასეთი იდეა მაქვს, აუზში ვიღაცები რომ მოიწვიო და უხერხული კითხვები დაუსვა. მაგალითად, რა პოზაში მოსწონთ, ფეილები რა ჰქონიათ, რომელ პორნოს უყურებენ… და ისე შენ როგორ პორნოს უყურებ? გიყვარს?

აი, მანდ უკვე გადაჭრით ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე )) არ ვიცი, ჩემს თავში გადავწყვიტე, რომ არ უნდა შემშინებოდა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რაღაც გადამიტრიალდა, თან გავქვავდი [თავდაცვის ინსტინქტი იყო ალბათ], ვიფიქრე, იქნებ, თემა შემიცვალოს და მეთქი „გეი პორნოს ალბათ”.

– ხოო, ახლა რომ ჩაგირთო რას იგრძნობ?

– არ ვიცი.

– მოდი ვნახოთ, უხერხულ სიტუაციებს როგორ უმკლავდები [ამის მერე რთავს პორნოს].

– რას გრძნობ?

– უხერხულობას [თან არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, ერთი ის იყო, რომ ვერ ვდგებოდი ადგილიდან].

– არ გინდა დაან*რიო?

-არა.

– მე რომ დავანძ*იო, რას იზამ?

– არ ვიცი.

ამის მერე იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში. მე ვპოულობ ძალას, ვდგები რამდენიმე წუთის შემდეგ და კარგი, მე ახლა წავალ და ვიფიქრებ ამ შემოთავაზებაზე.

– კაი, კაი, მოიცა. გაგაცილებ. რითი მოხვედი? აი, 10 ლარი გამომართვი და ტაქსით წადი.

არასდროს დამავიწყდება ეგ 10 ლარი, რომელიც რობოტივით გამოვართვი და გამოვედი. 2 საათი ფეხით ვიარე, სახლში მისულმა კიდევ აბაზანაში ვიტირე დიდი ხანი. იმ საღამოსვე მომწერა, არ ვუპასუხე. რამდენიმე დღე მწერდა და მერე ჩემს მეგობარს მისწერა, არ მპასუხობს და რა გითხრა? რას აპირებსო?

ეს ამბავი ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა აქამდე. ერთხელ ერთ კოლეგას ვუთხარი, რომელიც მასთან მუშაობდა და მე ვმეგობრობდისავით – ნუ, მას შემდეგ წამყვანიც გახდა იმ ტელევიზიაში:) აი, ეს არის შალვა რამიშვილი, აი, ასეთი ისტორია არის ძალიან, ძალიან ბევრი და ამ ნაძირალა, ბინძურმა არსებამ მე ვერაფერი დამიშავა, იმიტომ, რომ „ძლიერი“ აღმოვჩნდი და არ შემეშინდა მისი, მაგრამ რამდენია, ვისაც უდიდესი ტრავმა მიაყენა?!“ – დაწერა ფეისბუქში მაკო ჯაბუამ.

შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დღეს ასევე დაადანაშაულა გვანცა ბუღადაშვილმაც, მან სქრინებიც გამოაქვეყნა:

„თუ სწორად მახსოვს, 2018 წელი იყო. შალვა რამიშვილმა მომწერა, გადაცემისთვის ახალ სახეებს ვეძებ და გასაუბრებაზე მოდიო. მეც, როგორც ყოველთვის, ძალიან მჭირდებოდა სამსახური. [მაშინ „პოსტ ტვ“ მხოლოდ ონლაინტელევიზია იყო], მივედი და რაც შემდეგ მოხდა, არავის, უკვე აღარავის გაგაოცებთ.

ვისაუბრეთ ყველაფერზე, პოლიტიკაზე, ჭამაზე, გართობაზე და მიადგა სექსუალურ საკითხებსაც. მითხრა, რომ განსაკუთრებული შარმი მაქვს და შემიძლია ჩემი შარმის წყალობით ბევრ რამეს მივაღწიო [ზუსტად არ მახსოვს, როგორ თქვა და ამიტომ ვერ ვციტირებ].

უხერხულობა ვიგრძენი და წამოვედი.

რამდენიმე დღეში ისევ მომწერა ან დამირეკა. სამსახურის დაწყება თუ გინდა, მოდი რაღაცები გავარკვიოთო. მივედი. უკვე ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა, რომ ჩემს ფეტიშებზე მელაპარაკა. რა თქმა უნდა, რამდენიმე წუთში წამოვედი და უკვე ნათელი იყო, ვისთანაც მქონდა საქმე და მივხვდი, რომ ამ „სამსახურის“ გზა საწოლზე გადიოდა.

მითხრა, რომ ზოგადად ეგეთი არაა და უბრალოდ მე ვარ განსაკუთრებული. ტასო ბარნოვას ამბავიც გავუხსენე და, რა თქმა უნდა, სისულელეებით სცადა თავის მართლება.

ამ ამბიდან მალევე „ევოში“ დავიწყე მუშაობა და მწერდა, რომ პირდაპირ საცოდაობაა, როცა ჩემნაირი ნიჭიერი გოგო ღამეებს კაზინოში ათენებს და მერე „შემახარბა“, რომ „პოსტ ტვ“-ი უკვე ნამდვილი ტელევიზია გახდა. ასეთი ადამიანები გვკიცხავენ ახალგაზრდებს და მთელი გულით მჯერა, რომ ძალიან, ძალიან მალე გაჰყვებიან კოლექტიური შალვა რამიშვილები იმ ცნობილ გემს,“ – დაწერა გვანცა ბუღადაშვილმა.

გვანცა ბუღადაშვილმა გამოაქვეყნა შალვა რამიშვილთან მიმოწერის ამსახველი სქრინებიც.

„ამ პოსტებში ცხადია ჩანს, შესაძლო სექსუალური შევიწროების შემთხვევები,“ – ამბობს ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებების“ ხელმძღვანელი. იურისტი განმარტავს, რომ ქალებმა სახალხო დამცველს უნდა მიმართონ ამ შემთხვევაში, რომელიც მსგავსი დავების განხილვისას ვადებში შეზღუდული არ არის.

„მნიშვნელოვანია სახელი დაერქვას… ეს უნდა დაადგინოს სახალხო დამცველმა,“ – გვითხრა ანა არგანაშვილმა.

სექსუალური შევიწროების შემთხვევებს განიხილავს სასამართლოც, სადაც ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს. თუმცა მნიშვნელოვანია დანაშაულის განგრძობითობა, შესაძლოა სექსუალური შევიწროების ფაქტი ეხება წლების წინ მომხდარ შემთხვევას, მაგრამ იგი წლობით გრძელდებოდეს.

ინსულინის დეფიციტი ბათუმში – სამინისტრო აცხადებს, რომ შეფერხება აღმოფხვრილია

ბათუმში რეგისტრირებული ინსულინდამოკიდებული პაციენტები ორი დღე ინსულ-ლანტუსს და ინსულ-აპიდრას ვერ იღებდნენ. პაციენტებს ეუბნებოდნენ, რომ წამლის მიწოდებაში შეფერხება იყო.

ნათია შავაძე რამდენიმე წელია ინსულინზეა დამოკიდებული. ორშაბათს, 20 მარტს, ინსულინის ასაღებად მისულ ნათიას მეუღლეს უთხრეს, რომ ინსულინი პარასკევამდე არ იქნებოდა.

„ინსულინდამოკიდებული ადამიანები სამ თვეში ერთხელ ვიღებთ სახელმწიფოსგან ინსულინს. ჩემი მეუღლე იყო მისული ასაღებად და უთხრეს, რომ არ აქვთ ინსულინი და იქნება პარასკევს. უკვე დღევანდელი დოზა აღარ მქონდა. ინსულინი რომ არ მიიღოს ადამიანმა, ეს ნიშნავს, რომ კომაში ჩავარდება. კერძო აფთიაქებში კი იშოვება, მაგრამ რთული საპოვნელია. ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს ჩემსავით, რომელსაც დღეს უმთავრდებოდეს ან ხვალ ინსულინი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნათია შავაძემ.

ნათიამ ინსულინი ერთ-ერთ კერძო აფთიაქში იყიდა.

სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება ინსულინდამოკიდებული პაციენტების წინაშე, რომ მათ დროულად მიაწოდოს საჭირო მედიკამენტი.

დღეს, 21 მარტს, დაახლოებით 12 საათზე, ბათუმში ინსულინის გამცემ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინსულ-ლანტუსი და ინსულ-აპიდრა არ ჰქონდათ.

კითხვაზე, როდის იქნებოდა ინსულინი ცენტრში, აქ გვიპასუხეს, რომ 22 მარტს, ხოლო პრეტენზიის შემთხვევაში, გვირჩიეს, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, 1505-ზე დაგვერეკა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სააგენტოს წარმომადგენელს, ზაირა მელაძეს. ის „ბათუმელებთან“ საუბრისას ირწმუნებოდა, რომ ბათუმში ინსულინის დეფიციტი არ იყო და ყველა პაციენტს შეეძლო მიეღო მედიკამენტი.

„მიღებულია საკმარისი ოდენობა. არანაირი პრობლემა არ არსებობს, აფთიაქშიც დავრეკე, ჩვენი მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან შეფერხება არ არის,“ – გვითხრა ზაირა მელაძემ.

მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ „ბათუმელებმა“ პირადად გადაამოწმა და აფთიაქში არ ჰქონდათ არც ინსულ-ლანტუსი და არც ინსულ-აპიდრა, ზაირა მელაძემ გვითხრა, რომ ალბათ მარაგს ახარისხებენ.

„პროგრამულად მე პრობლემა არ მაქვს არც ერთ აფთიაქში. მარაგი მიღებულია. ახარისხებენ, მე როგორც მითხრეს. უკვე შემოსულია, აფთიაქში დევს. მაგრამ დახარისხება ხომ უნდა. ჩემი კომპეტენცია არ არის აფთიაქთან ურთიერთობა. მე ვიცი, რომ სახელმწიფო მუშაობს ამ მიმართულებით და შეფერხება არ აქვს,“ – გვითხრა ზაირა მელაძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც.  სამინისტროს პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ დღეს, 21 მარტს, დღის მეორე ნახევარში შეფერხება აღმოფხვრილია და პაციენტებს უკვე შეუძლიათ კუთვნილი მედიკამენტების მიღება.

ბათუმის სტადიონზე ევაკუაციის სიმულაცია იგეგმება – „დინამო“ მოხალისეებს უხმობს

ხვალ, 22 მარტს, 11:00 საათზე, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობით, დაგეგმილია ევაკუაციის სიმულაცია (ტრენინგი).

ინფორმაციას ამის შესახებ საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ ავრცელებს და მოხალისეებს უხმობს ამ პროცესში ჩასართავად.

„იმისთვის, რომ ევაკუაცია მაქსიმალურად იყოს მიახლოებული რეალობასთან, გვჭირდება მოხალისეები არენის ორი სექტორის შესავსებად.

მოხალისეები ჩაერთვებიან ევაკუაციის პროცესში, როგორც გულშემატკივრები.

ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების თვალსაზრისით და მოითხოვს თქვენს ჩართულობას“ – წერს „ბათუმის დინამო“.

__________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა კაცი, რომელიც ჟურნალისტს თავს დაესხა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა მამუკა ანდღულაძ. მას გამოძიება „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე ფიზიკურ ძალადობას, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას ედავება.

ჟურნალისტ ნატო გოგელიას თქმით, მას სააპელაციო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ბრალდებულს სასამართლომ გირაოს – 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ამ დრომდე ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

15 მარტს ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთში, სოფელ ბახვში, იმ კაცის კომენტარის ჩაწერას ცდილობდა, რომელმაც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხია.

გუშინ, 20 მარტს, მედიის ადვოკატირების კოალიციამ მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენებისკენ ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ.

„…მოძალადე პირის მხარდამჭერთა მხრიდან, ჟურნალისტის მიმართ დაფიქსირდა არაერთი მუქარა, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. ნატო გოგელიას ინტერესებს კოალიციის წევრი ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენი” იცავს. ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების დაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების უფლებების შელახვის ფაქტები, მიანიჭოს მათ სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები,“ – აღნიშნულია მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნატო გოგელიას თქმით, ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მუქარაზე ის არ გამოუკითხავს.

„ნატო გოგელიას, ისევე როგორც ნებისმიერი ჟურნალისტის, ინტერესია იმუშაოს უსაფრთხო გარემოში, თავს არ ესხმოდნენ კითხვების დასმის გამო, მოახერხოს ინფორმაციის მიღება და გავრცელება ყოველგვარი ჩარევისგან დამოუკიდებლად,“ – განმარტავს ნათია კაპანაძე, ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელი.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154ე მუხლის პირველი პუნქტით, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე. გამოძიების დაწყება 154-ე მუხლით ერთ-ერთი ნაწილია ჟურნალისტების უფლებების დასაცავად.

ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ პროცედურებს ნატო გოგელიაზე თავდასხმის ამ შემთხვევას შედეგად მოჰყვეს ჟურნალისტების უფლებების დარღვევის უარყოფითი პრაქტიკის შეწყვეტა.

ჩვენთვის პრიორიტეტია შეწყდეს მუქარაც ნატო გოგელიას და მისი არასრულწლოვანი შვილების მისამართით, ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართეთ განცხადებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გარდა კონკრეტული ინციდენტის გამოძიებისა, მიიღოს ზომები ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების მხარდასაჭერად,“ – გვითხრა ნათია კაპანაძემ.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 096-ს მიაღწია – განაცხადა თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (AFAD).

ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთში 13,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად, ისევე როგორც მრავალი სხვა ჩრდილოეთ სირიაში.

შვიდ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ორი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 თებერვალს  მოხდა, რასაც მასობრივი ნგრევა და უდიდესი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა.

მიწისძვრების ადგილას 354 „კარვების ქალაქია“ გაშლილი, სადაც 1,9 მლნ ადამიანი ცხოვრობს ამჟამად.

_______________

მიწისძვრა თურქეთში. ფოტო: EPA-EFE/SEDAT SUNA

როგორ გამოვიყენო ინვოისების ელექტრონული პორტალი? PayBox-ის ახალი პლატფორმა

PayBox – საქართველოში პირველი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, უკვე 15 წელზე მეტია, მომხმარებლების ყოველდღიურობას აადვილებს და ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელებას, ერთ სივრცეში სთავაზობს. მრავალფეროვან სერვისებს, ამჯერად ინვოისების ელექტრონული პორტალიც დაემატა.

რა არის ინვოისების ელექტრონული პორტალი?

Invoice Box არის პლატფორმა, სადაც რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესებს საშუალება აქვთ დააგენერირონ ინვოისის უნიკალური კოდი და გაუგზავნონ მომხმარებელს SMS-ის, მეილის, ლინკის ან PDF ფორმით. PayBox – ის ტერმინალში მითითების შემდგომ კი, მომხმარებელი მარტივად და სწრაფად გადაიხდის თანხას

რატომ ინვოისების ელექტრონული პორტალი?

თუ ხარ სტარტაპერი ან მცირე მეწარმე და შენს პროდუქციას ონლაინ ყიდი, შენ გჭირდება მომხმარებლებისთვის გადახდის პროცესის გამარტივება სწორედ ამიტომ, Paybox-მა ახალი პლატფორმა შექმნა, სადაც მარტივად შეძლებ დააგენერირო ინვოისი და გააგზავნო შეკვეთის უნიკალური კოდი, რომლითაც, მომხმარებლები თანხის გადახდას PayBox-ის ტერმინალებიდან შეძლებენ. ტრანზაქციის სტატუსი კი შენს პროფილზე მომენტალურად აისახება

როგორ გამოვიყენო ახალი პლატფორმა?

ახალი ფუნქციონალის გამოსაყენებლად, პირველ რიგში, საჭიროა ბიზნესის რეგისტრაცია და ანგარიშის შექმნა. ამ მარტივი და სწრაფი პროცედურის შემდეგ, შესაძლებელია ინვოისის დაგენერირება და უნიკალური კოდის მომხმარებლებისთვის გაგზავნა.  

კიდევ რას მთავაზობს ინვოისების ელექტრონული პორტალი?

ინოვაციურ ელექტრონულ პორტალში, შენ შეძლებ ინვოისების შესახებ სრული ინფორმაციის ნახვას: იქნება ეს ინვოისის სტატუსი, ნომერი, პროდუქტის ან ინვოისის კოდი, შექმნის თარიღი, პროდუქტის აღწერა, თანხა, გადახდილი თანხა, თუ გადახდის თარიღი.

დამატებით, Invoice Box-ში შესაძლებელია: ინვოისის დუბლირება, SMS-ის ხელახლა გაგზავნა, ინვოისის PDF ფორმატში ექსპორტი, დრაფტის რედაქტირება, ინვოისის გაუქმება, ინვოისის წაშლა, ინვოისის ნომრით ძებნა, ინვოისების სტატუსების მიხედვით ფილტრაცია და სხვა

რა იცვლება მომხმარებლებისთვის

თავის მხრივ, მომხმარებლებს შეეძლებათ მიღებული ინვოისის თანხის ტერმინალიდან გადახდა. თანაც, ყოველ ფეხის ნაბიჯზემთელი საქართველოს მასშტაბით!

Exit mobile version