პოდოლიაკი ყირიმის დაბრუნების გეგმას და დეოკუპაციის პირობებს აცხადებს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ ყირიმის დეოკუპაცია აუცილებლად მოხდება. მისი თქმით, ყველა „ომის ლოგიკა, იარაღის მათემატიკა და რესურსების შესაძლებლობები“ მიუთითებს იმაზე, რომ ეს მოხდება ძალიან მოკლე (ისტორიული თვალსაზრისით) დროში.

ამის შესახებ პოდოლიაკმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, რუსეთს იმიტომ არ შეუძლია შეინარჩუნოს ყირიმი, ასევე დონეცკი და ლუგანსკი, რომ აგრესორ ქვეყანას მსგავსი შესაძლებლობები არ აქვს.

„გავა ექვსი თვე, ხუთი ან შვიდი – ჩვენ ყირიმში ვიქნებით“, – თქვა პოდოლიაკმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ არის ეს ძალიან ოპტიმისტური ვარაუდი ფრონტზე ახლა არსებული ვითარებიდან გამომდინარე. საპასუხოდ პოდოლიაკმა თქვა: „ჩვენ 10 თვის წინ ვნახეთ ბევრად უარესი მდგომარეობა. ვფიქრობ, საერთოდ არავის ეგონა, რომ მე და თქვენ შევძლებდით 10 თვის შემდეგ, ასე ვთქვათ, სერიოზულად გვესაუბრა იმაზე, რომ ომი ჩვენ მოგვცემს ყირიმის გათავისუფლების შესაძლებლობას“.

პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის გავლენიანი პირის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსი სამხედროები ნახევარკუნძულს დატოვებენ, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს – სრულად უნდა „განიდევნოს“ „რუსული სამყარო“. კოლაბორანტები აუცილებლად უნდა დაისაჯონ სამართლებრივად, ხოლო ყირიმმა მთლიანად უკრაინის საინფორმაციო სივრცეში უნდა იცხოვროს.

„ეს იქნება დებლოკადა უზარმაზარი ტერიტორიის, სადაც პროპაგანდაში რუსებმა ძალიან, ძალიან დიდი თანხა ჩადეს და ყველაფერი უკრაინული გაანადგურეს. ზოგადად კი – რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც ავითარებს კონკურენტუნარიანობას, დემოკრატიას ან თავისუფლებას. ეს არის ქვეყანა-ბანაკი. ის ამ ყველაფერს კრძალავს. ამ ყველაფრის გაწმენდა მოგვიწევს და ეს საკმაოდ რთული იქნება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, ყირიმისთვის 2023 წელი რთული იქნება.

„ეროვნულ გამოცდებზე რეკორდული რაოდენობა – 45 ათასი პირი დარეგისტრირდა“- naec

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ცენტრის განცხადებით, ეს უპრეცედენტო რაოდენობაა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის წინა ოთხი წლის მონაცემები ასე გამოიყურება:

  • 2020 წელი – 39 300 ათასი აბიტურიენტი
  • 2021 წელი – 38 300  ათასი აბიტურიენტი
  • 2019 წელი – 41 ათასამდე აბიტურიენტი
  • 2018 წელი – 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი

ცენტრის ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით წელს გაზრდილია საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულთა რიცხვიც,  წელს რეგისტრაცია 10 000 – ზე მეტმა პირმა გაიარა, გასულ წელს კი – 9 500-მა.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.

აპლიკანტთა რაოდენობის ზრდა უკავშირდება თუ არა თავდაცვის რეფორმას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან პირი იმ შემთხვევაში თავისუფლდება, თუ მას სტუდენტის სტატუსი აქვს.

ახალი კოდექსის მიხედვით, ჯარის გადავადების შემთხვევაში, პირს ერთჯერადი მოსაკრებელი 2 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

კანონპროექტი, რომელიც ამ წესს არეგულირებს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ, 4 აპრილს, მიიღო.

ზრუნვა კორპუსების უსაფრთხოებასა და სისუფთავეზე – სითი მენეჯმენტ ჯგუფი ბათუმშია

სასიამოვნო სიახლე ბათუმში!

კომპანია სითი მენეჯმენტ ჯგუფი (CMG), რომელიც 12 წელია წარმატებით მუშაობს თბილისში საცხოვრებელი კომპლექსების მენეჯმენტისა და დასუფთავების სფეროში, უკვე ბათუმის ბაზარზეა.

სითი მენეჯმენტ ჯგუფი იზრუნებს თქვენი საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოებაზე, სისუფთავესა და სილამაზეზე.

თუ თქვენ გჭირდებათ მაღალი ხარისხის მომსახურება თქვენს საცხოვრებელ კომპლექსში, კორპუსში, უნდა მიმართოთ პროფესიონალებს – სითი მენეჯმენტ ჯგუფს.

საცხოვრებელი კომპლექსების მენეჯმენტი არის სასტუმროს ტიპის მომსახურების დანერგვა საცხოვრებელ კომპლექსებში, რომელიც მოიცავს სერვისებსა და მეთვალყურეობას:

  • ლიფტებზე
  • შენობის ტექნიკურ გამართულობაზე
  • დასუფთავებაზე
  • ჭკვიანი სისტემების მონტაჟზე
  • შლაგბაუმების და სხვა დაშვების სისტემების მონტაჟსერვისზე
  • ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მონტაჟსერვისზე
  • ფასადებისა და ვიტრაჟების წმენდაზე

 

გადახდის სისტემა მოქნილი და გამჭვირვალეა.

მაღალი ხარისხი და მომხმარებლის კომფორტულ საცხოვრებელ პირობებზე ზრუნვა, „სითი მენეჯმენტ ჯგუფის“ ხელწერაა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, მას დასაქმებული ჰყავს 120-მდე შშმ პირი (სმენადაქვეითებული) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

კომპანიის თითოეული თანამშრომელი საუბრობს ჟესტების ენით, რაც სმენადაქვეითებულთა ინტეგრაციას კიდევ უფრო ამყარებს საზოგადოებაში.

დეტალური ინფორმაციისთვის ნახეთ სითი მენეჯმენტ ჯგუფის ფეისბუქგვერდი: https://www.facebook.com/citymanagement1

დარეკეთ: 595 277 725

მოგვწერეთ: apirtskhalava@citymg.ge

მუნიციპალურის თანამშრომლებმა მანქანა ტროტუარზე ჩააყენეს და სალონის შესამოწმებლად შევიდნენ

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები სილამაზის სალონში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესამოწმებლად შევიდნენ. სამსახურის ავტომანქანა სალონის წინ ტროტუარზე ისე გააჩერეს, რომ ველობილიკი ჩახერგეს.

5 აპრილი. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ავტომანქანა ტროტუარზე.

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ბათუმში პარკინგის წესების დარღვევის კონტროლიც მუნიციპალური ინსპექციის სფეროა.

მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს სალონში, სამუშაო პროცესში მივაკითხეთ და ვკითხეთ:

რატომ გააჩერეს ავტომანქანა დარღვევით, რატომ ჩახერგეს ველობილიკი, რომლითაც ეტლით მოსარგებლე პირებიც სარგებლობენ.

სალონში მუნიციპალური ინსპექციის ორი თანამშრომელი დაგვხვდა. ერთმა დაუყოვნებლივ დატოვა სალონი, მანამდე კი გვითხრა, რომ ავტომანქანის გასაყვანად მიდიოდა. „გავიყვანოთ, ხელი შეგიშალეთ? – გავიყვანთ ახლავე“, – გვითხრა მან.

უხერხული არ არის, როცა სხვას ამოწმებთ, თავად კი არღვევთ?  – ვკითხეთ მას, ვინც სალონში დარჩა.

„ჩვენ არ ვამოწმებთ, სხვა სამსახური ამოწმებს, მაგრამ ჩვენი თანამშრომლები ამოწმებენ კი. უხერხულია, გეთანხმებით. მოვიარეთ და მანქანის გასაჩერებელი ადგილი ვერ ვიპოვეთ. არ არის ადგილი. უხერხულია კი, მართალი ხართ. მადლობა, რომ გვითხარით.“

მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა გვითხრა ასევე, რომ ავტომანქანა მხოლოდ 15 წუთით გააჩერეს და თავადაც ითვალისწინებენ, როცა მძღოლი, მაგალითად, აფთიაქთან 15 წუთით აჩერებს და არ აჯარიმებენ, რადგან ქალაქში პარკინგის ადგილები შეზღუდულია.

უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში კრემლი ბირთვულ შანტაჟს უბრუნდება – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების მონაცემებით, კრემლი აგრძელებს ბირთვულ მუქარას, რათა შეაჩეროს დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევის წინ.

4 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ნატო დაადანაშაულა რუსეთ-ბელარუსის საზღვრებთან სამხედრო წვრთნებისა და დაზვერვის გააქტიურებაში და ამ მოტივით გაამართლა რუსეთის გადაწყვეტილება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. შოიგუმ ასევე დაადანაშაულა დასავლეთი ომის ესკალაციაში და უკრაინის დამატებით სამხედრო დახმარებაში.

გარდა ამისა, კრემლი აგრძელებს ძალისხმევას, რათა ტყუილებით დაარწმუნოს რუსი საზოგადოება, რომ უკრაინის ომს არ ექნება მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ეკონომიკური გავლენა.

ანალიტიკოსების ვარაუდით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს  5-6 აპრილს მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის დროს, კრემლი, წესით, შეეცდება აიძულოს ბელარუსი, სამოკავშირეო სახელმწიფოში შემდგომ ინტეგრაციას დასთანხმდეს.

კრემლმა 4 აპრილს გამოაცხადა, რომ  5 აპრილს პუტინისა და ლუკაშენკოს ორმხრივ მოლაპარაკება გაიმართება, ხოლო 6 აპრილს ისინი მონაწილეობას მიიღებენ მოკავშირე სახელმწიფოების მეთაურების შეხვედრაში – ეს სხდომა მოსკოვში გაიმართება.

ISW-ის სხვა ძირითადი მიგნებები:

  • „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მკვეთრი რეაქცია რუსი სამხედრო ბლოგერის მკვლელობაზე მიუთითებს, რომ პრიგოჟინს, სავარაუდოდ, სჯერა, რომ თავდასხმა ნაწილობრივ მის წინააღმდეგ იყო მიმართული.
  • რუსეთის არმია სვატოვო-კრემენნაიას გასწვრივ აწარმოებს შეზღუდულ სახმელეთო შეტევებს.
  • ისინი აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტსა და მის შემოგარენში, ასევე ავდეევკა-დონეცკის ფრონტის ხაზზე.
  • გარდა ამისა, ოკუპანტები ემზადებიან უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის სამხრეთში.
  • შოიგუს თქმით, რუსეთში საგაზაფხულო გაწვევა მიმდინარეობს იმ ტემპით, როგორაც იგეგმებოდა და გადაუდებელი სამხედრო სამსახურისთვის პირველადი გაწვევა უკვე დასრულებულია.
  • რუსი საოკუპაციო ჩინოვნიკები უარყოფენ უკრაინის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან ევაკუაციის გეგმას ამზადებს.
  • ბელარუსის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გროდნოში ტერაქტების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ორი კაცი დააკავა.

ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ აღიარებული საბაკალავრო პროგრამები საქართველოში

ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში გთავაზობთ ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ აღიარებულ საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში სწავლას.

  • ბიზნესი და მენეჯმენტის პროგრამა

საბაკალავრო პროგრამა შემუშავებულია ბუკინგემის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ბუკინგემის უნივერსიტეტი სრულად აღიარებს ბრიტანული უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დიპლომსა და მინიჭებულ ხარისხს.

ბიზნესისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამას გამოარჩევს სამი უნიკალური მახასიათებელი:

დარგის ფართო სპექტრი: პროგრამა ამზადებს პროფესიონალს ეკონომიკის, აღრიცხვის, მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ფინანსების სფეროებში. ამგვარი საფუძვლიანი ცოდნა და არა ვიწრო სპეციალიზაცია უფრო მოთხოვნადია დასაქმების ბაზარზე.

პრაქტიკული უნარ-ჩვევები: სასწავლო პროგრამაში დიდი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ კომპონენტს – სტუდენტები იმუშავებენ ბიზნესის სამყაროში არსებულ რეალურ პრობელემებზე და სწავლის პარალალელურად ჩაერთვებიან კომპანიების საქმიანობაში.

სტარტაპების მხარდაჭერა: სასწავლო პროგრამაში გათვალისწინებულია სტუდენტების ინოვაციური იდეების სტარტაპებად ქცევა და მათი მხარდაჭერა.

  • პოლიტიკის მეცნიერების პროგრამა

საბაკალავრო პროგრამა შემუშავებულია ბუკინგემის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ბუკინგემის უნივერსიტეტი სრულად აღიარებს ბრიტანული უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დიპლომსა და მინიჭებულ ხარისხს.

პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამას გამოარჩევს სამი უნიკალური მახასიათებელი:

დარგის ფართო სპექტრი: პროგრამა ამზადებს პროფესიონალს პოლიტიკის, შედარებითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში. ამგვარი საფუძვლიანი ცოდნა და არა ვიწრო სპეციალიზაცია უფრო მოთხოვნადია დასაქმების ბაზარზე.

პრაქტიკული უნარ-ჩვევები: სასწავლო პროგრამაში დიდი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ კომპონენტს – სტუდენტები იმუშავებენ რეალურ სამყაროში არსებულ პრობლემებზე, ექნებათ სიმულაციური სესიები და სწავლის პარალელურად ჩაერთვებიან სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში.

სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა: სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების ინოვაციური იდეების პროექტებად ქცევას და მათ მხარდაჭერას.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 176 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 550]
  • ტანკი – 3 629 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 7 005 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 2 707 ერთეული [+10]
  • MLRS – 532 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 280 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 306 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 291 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 283 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 573 ერთეული [+11]
  • სპეცტექნიკა – 299 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 406 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 673 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 545 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 078 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 504 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 302 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში კრემლი ბირთვულ შანტაჟს უბრუნდება – ISW

ღარიბაშვილის თქმით, სურსათი იაფდება – რა ფასებია ბათუმის ბაზარში

„გაიაფებას რას ეძახიან, მაინც ვერ გავიგე,“ – ამბობს მერი გორგაძე, რომელიც ბათუმის აგრარულ ბაზარში ყველით ვაჭრობს. მას და სხვა მოვაჭრეებს ვკითხეთ, რომელი საკვები პროდუქტი გაიაფდა?

3 აპრილს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „საქართველოში გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე და საწვავზე“.

ბათუმის აგრარული ბაზრის რეალობით კი, გაიაფებულია მხოლოდ მწვანილი, ყველი და კარტოფილი, რაც გაზაფხულის სეზონს უკავშირდება. წინა წლებშიც ეს საკვები პროდუქტები იაფდებოდა. დაახლოებით 50-50 თეთრით გაიაფებულა ზეთი, ბრინჯი და შაქარი, სამაგიეროდ 4 ლარით გაძვირდა საქონლის ხორცი. 1 კგ საქონლის ხორცი ბათუმის აგრარულ ბაზარში დღეს, 4 აპრილს, 20 – 25 ლარი ღირდა.

ბათუმის აგრარული ბაზარი

„ზეთის და ბრინჯის 50 თეთრიც გაიაფება რას შეიცავს? ღარიბისთვის ამით არაფერი იცვლება. მაგენისთვის, ვისაც ფული ბევრი აქვს, ყველაფერი იაფია, უმუშევარი ხალხი კი, ძალიან ბევრია,“ – აღნიშნა ყველით მოვაჭრე მერი გორგაძემ „ბათუმელებთან“.

„მასე ამბობენ, წამლებიც გაიაფდაო, მაგრამ რამე გაიაფებული არ არის, მე თვითონ ვყიდულობ ჩემს წამლებს და მე ვერ ვგრძნობ,“ – გვითხრა კიდევ ერთმა ყველით მოვაჭრემ.

იმერული ყველი დღეს ბათუმის აგრარულ ბაზარში 13 -14 ლარი ღირდა, სულგუნი 20 – 22 ლარი, შებოლილი სულგუნი – 25 ლარი.

ქათმის ფასი უცვლელია – კილოგრამი 8 ლარი.

მწვანილის ფასი – კილოგრამი 5,50 ლარი.

კარტოფილის ფასი  2 ლარიდან ლარ-ნახევრამდე შემცირებულა, თუმცა ახალი კარტოფილის ფასი 10 ლარია.

„შარშან ამ დროს ახალი კარტოფილი 5 ლარი ღირდა, წელს სიცივე იყო და ნაკლები მოსავალია,“ – გვითხრა ახალი კარტოფილით მოვაჭრემ.

უცვლელია ლობიოს ფასიც – კილოგრამის ფასი 5-7 ლარია.

„მაჭახელა ნაღდი 13 ლარიც ღირს, სოფელში ყველას უჭირს, აქაც ნაკლებია ხალხია, საერთოდ არაა მყიდველი,“ – ამბობს მერი დუმბაძე. მისივე თქმით, გაიაფდა ნიგოზი – 28 ლარად ვყიდდი და ახლა 22 ლარს ვაფასებო, დასძინა მან.

ბათუმის აგრარული ბაზარი, 4 აპრილი

წალენჯიხაში პირველკლასელებს უფასოდ კვებავენ – როგორ მოახერხა ეს მერიამ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში, რომელმაც პირველკლასელებისთვის უფასო კვების პროგრამა დანერგა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, პროგრამა საპილოტეა, ორი თვეა, რაც დაინერგა და დადებითი გამოხმაურება აქვს.

პროგრამის მიხედვით, მოსწავლის ბარათზე ყოველდღიურად ირიცხება 4 ლარი, რომელიც ბავშვს  სკოლაში ყოფნის პერიოდში შეუძლია გამოიყენოს. წალენჯიხაში ამ დროისთვის უფასო კვების პროგრამაში 300 ბავშვია ჩართული.

„გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა გარკვეული კვლევა იმის დასადგენად, თუ რა ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები გვქონდა სკოლებში უფასო კვების დანერგვისთვის.

აღმოვაჩინეთ, რომ მუნიციპალიტეტში არსებული 35 სკოლიდან მხოლოდ 6 სკოლას აქვს ბუფეტი, დანარჩენს – არა.

ამიტომ სხვა გზით წავედით, გავაკეთეთ ბავშვების პირადი ანგარიშები ბანკში და მათ ანგარიშზე ყოველდღე ჩაირიცხება 4 ლარი, კვირაში გამოდის 20 ლარი, თვეში – 80 ლარი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს აქვთ საკუთარი ანგარიში, რომელიც შეუძლიათ მხოლოდ კვებაზე გამოიყენონ, რადგან თამაშებზე და ტოტალიზატორებში კოდით არის დაბლოკილი“, – გვითხრა თამარ ბელქანიამ, წალენჯიხის ვიცე-მერმა.

თამარ ბელქანია, წალენჯიხის ვიცე-მერი

მისი თქმით, მშობელს ასევე შეუძლია ბავშვის ანგარიშიდან გამოიტანოს ეს 20 ლარი და თავად გაუმზადოს საკვები ბავშვს სკოლაში წასაღებად, ეს თანხა გადაანაწილოს 5 სასწავლო დღეზე სურვილისამებრ ან ბავშვს შეუძლია თავად გამოიყენოს ეს თანხა, თუ სკოლაში ფუნქციონირებს სასადილო.

„საკრებულოში წარვადგინეთ პროექტი და დაგვიმტკიცეს. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ უკვე მეორე თვეა სატესტო რეჟიმში ყველა სკოლის 300 პირველკლასელი ჩართულია უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამაში.

რატომ მხოლოდ პირველკლასელებიო მკითხეთ და რადგან ისინი საბავშვო ბაღიდან გამომდინარე მიჩვეულნი არიან მოწესრიგებულ, ასაკობრივ კალორაჟზე გათვლილ კვებას, გადავწყვიტეთ, რომ ეს წყვეტა არ ჰქონოდათ.

ეს შეუწყობს ხელს სოციალურ თანასწორობას, სწავლის ხარისხსაც, რადგან მშიერი არ იქნება ბავშვი გაკვეთილზე.

არის შემთხვევები, როცა მშობელს ლარიც კი არ შეუძლია გაატანოს ბავშვს სკოლაში, ამიტომ ეს საკმაოდ კარგი მხარდაჭერაა ამ ეტაპზე მშობლისა და ამ ბავშვებისთვის.

ჩვენ მშობელს ვენდობით, რომ ამ 20 ლარს ის გამოიყენებს იმისთვის, რომ ყველი, პური და წყალი მაინც გაატანოს ბავშვს სკოლაში. დანარჩენი უკვე მშობელზეა დამოკიდებული, რას როგორ იზამს“, – ამბობს თამარ ბელქანია.

როგორც წალენჯიხის ვიცე-მერი ამბობს, 4 ლარი საშუალო არითმეტიკულია იმ თანხის, რაც საბავშვო ბაღში იხარჯება ერთი ბავშვის კვებისთვის.

„ბაღში ჩვენ დავამატეთ ორაგული და ეს თანხა 5-6 ლარამდე ავიყვანეთ. სკოლისთვის ავიღეთ საშუალო არითმეტიკული.

გავითვალისწინეთ, რომ ჩვენთან ბავშვები დადიან აფხაზეთიდან, ფახულანში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მოდის „მარშრუტკა“ ყოველ დილით. 11 ბავშვი მოჰყავს და იქიდან ნაწილდებიან ზოგი – სკოლაში, ზოგი – ბაღში.

იქ, სადაც არც მიგრაციაა ძალიან მაღალი, სადაც დასაქმების პრობლემაა, დამერწმუნეთ, დღეში 4 ლარი ბავშვზე საგრძნობი ეკონომიკური მხარდაჭერაა ოჯახისთვის.

თქვენ უნდა ნახოთ, როგორი მიტოვებულია რეგიონების სკოლები, მათი ინფრასტრუქტურა, მათი კვების ბლოკი პრაქტიკულად გაპარტახებულია.

ამიტომ, ეს პროგრამა საპილოტეა და რასაც ვხედავთ, ამართლებს. ჯერ მხოლოდ პირველ კლასშია დანერგილი, მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დაგვეწყო“, – ამბობს თამარ ბელქანია.

მისი თქმით, პროგრამას მშობლების დადებითი გამოხმაურება აქვს.

„პერიოდულად მივდივარ სკოლებში, ვათვალიერებ, ვეკითხები ხალხს და მათთვის სასიხარულო ამბავია, რომ მათ შვილებს გამოკვების საშუალება აქვთ სკოლაში.

ჩვენი გაანგარიშებით, განათლების სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ დანერგოს უფასო კვების პროგრამა ყველა სკოლაში, ბიუჯეტის მხოლოდ 0.66 პროცენტი იქნება საჭირო“, – ამბობს ის.

საქართველოს განათლების სამინისტრო სამი წელია, რაც სკოლებში უფასო კვების დანერგვაზე საუბრობს. გასულ წელს ითქვა, რომ სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან და UNICEF-თან ერთად მუშაობდა სხვა ქვეყნების გამოცდილების შესასწავლად, თუმცა ამ დრომდე სამინისტროს არც ერთი მოდელი არ წარმოუდგენია სკოლებში უფასო კვების პროგრამასთან დაკავშირებით.

განათლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სკოლებში უფასო კვების დანერგვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მშიერი ბავშვი ვერ სწავლობს ხარისხიანად და არის გაკვეთილზე გულის წასვლის შემთხვევებიც.

თამარ ბელქანიას თქმით, გარდა უფასო კვების პროგრამისა, წალენჯიხაში ასეთივე წარმატებული პროექტი იქნება „იუვენტუსის“ ახალგაზრდული აკადემიის გახსნაც, რაც სპორტული მოედნების გარდა, სამედიცინო პუნქტის დაარსებასაც ითვალისწინებს.

„იუვენტუსის ამბავი, რა თქმა უნდა, პრეცედენტულია, რადგან მთელ რეგიონში (სამხრეთ კავკასიას ვგულისხმობ) ჯუნიორთა პირველი რეგიონული აკადემია იქნება.

ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებას და მივაღწიეთ ამ სკოლის გახსნას.

„იუვენტუსის“ ჯუნიორთა აკადემია მსოფლიოს 90 ქვეყანაშია და 91-ე იქნება წალენჯიხა.

ბაზაში იქნება სასწავლო ცენტრი, 40-კაციანი სასტუმრო, სარელაქსაციო ცენტრი და ყველაზე მნიშვნელოვანი – სამედიცინო დაწესებულება, რომელიც დააკვირდება, თუ როგორ ვითარდებიან ჩვენი შვილები, სქოლიოზი ხომ არ არის, ბრტყელტერფიანობა ხომ არ ვითარდება, მხედველობას შეამოწმებენ და ჩათვალეთ, რომ ეს არის უნივერსალური პროექტი“, – ამბობს თამარ ბელქანია.

მისი თქმით, მაისის ბოლოს „იუვენტუსის“ მთელი შემადგენლობა დაესწრება რეგიონული აკადემიის გახსნას.

„პროექტის ღირებულება ამ ეტაპზე ნახევარი მილიონი ლარია, რომელიც მთლიანად მამუკა ხაზარაძემ დააფინანსა. ბავშვები ივარჯიშებენ უფასოდ და ყველა შეკრებაზე შეძლებენ წასვლას, რომელიც ამ 90 ქვეყანაში გაიმართება.

ეს არა მხოლოდ ბავშვების მიგრაციას შეაჩერებს, ჯანმრთელ თაობას აღზრდის და მშობლებს მისცემს რწმენას, რომ სახელმწიფო მათ შვილებზე ზრუნავს“, – ამბობს თამარ ბელქანია.

_____________

ფოტო: pixels

15 წლის საქართველოს ჩემპიონი ხულოს სოფელ თაგოდან

ჯაბა ბოლქვაძე, ხულოს სოფელ თაგოდან, საქართველოს ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის, 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჩემპიონატი ზუგდიდში ჩატარდა 30-31 მარტს.

ჯაბა 15 წლისაა, იგი 5 წელია, რაც დაბა ხულოს სასპორტო სკოლაში ვარჯიშობს.

„დარბაზში რომ მივიდე, ყოველდღე ხულო-თაგოს საბაგიროს ვიყენებ. არის მომენტები, როდესაც საბაგირო არ მუშაობს, ან ძლიერი ქარია და ფეხით მიწევს დარბაზში გასვლა, დაახლოებით 7 კილომეტრის გავლა“, – გვითხრა ჯაბამ.

ჯაბა ამბობს, რომ ამჟამად საერთოდ არ მოძრაობს ყოველდღიური ტრანსპორტი თაგოდან მუნიციპალიტეტში.

ჩემპიონატამდე 2 თვით ადრე ჯაბამ ფეხი დაიზიანა, რის გამოც ვერ ვარჯიშობდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მან ჩემპიონობა მაინც მოიპოვა. როგორც ჯაბამ აღნიშნა, ის ვარჯიშს მარტის დასაწყისში დაუბრუნდა.

ჯაბას სამომავლო გეგმაა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მოგება. ის გასულ წელს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. მოგებული აქვს საერთაშორისო ტურნირიც.

„შეჯიბრებებზე ჩემი ოჯახის წევრები მიჭერენ მხარს და განსაკუთრებით ჩემი მეგობარი სპორტსმენი, გიორგი კოჩალიძე“, – გვითხრა ჯაბამ.

15 წლის ჩემპიონის მწვრთნელი რამდენიმე წელია გრიგოლ შანთაძეა.

როგორც ჯაბას მწვრთნელმა გვითხრა, საქართველოში შესამჩნევია ხულოელი მოჭიდავეების გამორჩეულობა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.

„მაღალი კონკურენცია იყო შეჯიბრზე და გამოიკვეთა, რომ ჯაბა საქართველოს ნაკრების ლიდერია და მონაწილეობა უნდა მიიღოს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებშიც.

ჯაბა ძალიან შრომისმოყვარეა. ყველა დავალებას ზედმიწევნით ასრულებს. ყველაზე დიდი მიღწევა ალბათ ის არის, რომ ამ მოკლე პერიოდში ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია“, – გვითხრა გრიგოლ შანთაძე.

_______________________

მთავარი ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

 

ოჩხამურში ჩაის პლანტაციას ხანძარი გაუჩნდა

დღეს, 4 აპრილს, ქობულეთის შემოვლითი გზის გასწვრივ, სოფელ ოჩხამურში, ჩაის პლანტაციებს ცეცხლი გაუჩნდა.

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის.

ხანძრის მიზეზი ცნობილი არ არის.

რატომ იზრდება მედუზების რაოდენობა მარმარილოს ზღვაში

მარმარილოს ზღვაში ბოლო 20 წლის განმავლობაში მედუზების 20-დან 30-მდე ახალი სახეობა იქნა აღმოჩენილი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თევზის მარაგს და ზღვის ბინადრების არსებობას.

თურქი მეცნიერების შეფასებით, მედუზების რაოდენობის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის – იმ სახეობების თევზჭერა, რომლებიც მედუზებით იკვებებიან. კიდევ ერთი ფაქტორი კლიმატის ცვლილება და, ასევე, ზღვაში არსებული პლასტმასით დაბინძურებაა.

სტამბოლის უნივერსიტეტის წყლის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მელექ იშიბილ ოკიარმა თურქულ მედიასააგენტო „ანადოლუსთან“ საუბრისას თქვა, რომ მედუზები, რომლებიც პლანეტაზე 550 მილიონი წლის განმავლობაში ცოცხლობენ მორფოლოგიური ცვლილებების გარეშე, უკიდურესად გამძლე ორგანიზმები არიან.

მეცნიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედუზებს აქვთ მაღალი ამტანობა ისეთი ცვლილებების მიმართ, როგორიცაა ტემპერატურა და ზღვის მარილიანობა, „რადგან ისინი იკვებებიან პლანქტონებითა და ზოოპლანქტონებით და მათ აქვთ საკვების ინტენსიური მარაგი“.

ასევე არიან არსებები, რომლებიც იკვებებიან მედუზებით, მათ შორის ყველაზე ცნობილია ზღვის კუები. გარდა ამისა, ეკოსისტემაში 120-ზე მეტი სახეობის თევზი იკვებება მედუზებით, მათ შორის არიან სარდინები, შიმშერი [ხმალა] და ჭიჭყინა. დელფინებიც მედუზებით იკვებებიან თავიანთი შვილების გასავარჯიშებლად, თუმცა ამ სახეობებისა და ზღვის კუების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა“, – განმარტა მეცნიერმა.

მან ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების ფაქტორსაც.

„ერთი მხრივ, მდინარეებზე აგებული კაშხლები, ზღვები, მდინარეებთან ერთად, კარგავენ რეგენერაციის [აღდგენის, განახლების] უნარს; გაიზარდა ზღვაში ისეთი საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების შეტანა, როგორიცაა აზოტი და ფოსფორი. გლობალური დათბობის გამო ზღვის ტემპერატურა ფართოვდება ჩრდილოეთით, რადგან ჩანს, რომ თბილ ტემპერატურას მიჩვეული არსებები ჩრდილოეთისკენ იწყებენ მიგრაციას.

მეორე მხრივ, მიზეზია გადაჭარბებული თევზჭერა. ჩვენ გვაქვს სამრეწველო მეთევზეობა ძალიან ძლიერი აღჭურვილობით და სეზონზე ხდება იმ თევზების ამოღება, რომლებიც იკვებებიან მედუზებით.

ნაპირებზე ხისგან და ბეტონისგან დამზადებული ხელოვნური კონსტრუქციები ხელს უშლიან წყლის მიმოქცევას და საშუალებას აძლევენ მედუზებს, მყარ ზედაპირებზე მიემაგრონ, რაც ზრდის მათ რაოდენობას“.

პროფესორმა ოკიარმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მედუზების რაოდენობის გაზრდის კიდევ ერთი მიზეზი ზღვის პლასტმასით დაბინძურებაა.

მისივე თქმით, პლასტმასი ქმნის მყარ ზონას, სადაც მედუზები თავს იმაგრებენ, ეს ყველაფერი აქტიურ როლს თამაშობს მათ მიგრაციასა და გამრავლებაში იმ ადგილებში, სადაც ისინი ჩვეულებრივ არ გვხვდებოდნენ.

მედუზების მატება ნეგატიურ გავლენას ახდენს თევზის სხვა სახეობების გამრავლებაზე, რადგან ისინი იკვებებიან რამდენიმე სახეობის ქვირითითა და ლარვებით, ეს კი ხელს უშლის თევზის მომავალი მარაგების წარმოქმნას.

ოკიარმა აღნიშნა, რომ მედუზების რაოდენობა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ გლობალურადაც იზრდება. ეს მოიცავს ისეთ რეგიონებს, როგორიცაა: იაპონია, ჩინეთი, ისრაელი, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალიის ხმელთაშუა ზღვის ნაწილი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/ია ფრანგიშვილი

რას არემონტებენ სარფის გამშვებ პუნქტზე და როდის დასრულდება

ორი თვის წინ სარფის გამშვებ პუნქტზე, ქართულ მხარეს, სარემონტო სამუშაოები დაიწყო. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა სამუშაოები ტარდება „სარფში“ და როდის უნდა დასრულდეს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მაღალგამტარიან პუნქტზე სარემონტო სამუშაოები.

სარფის გამშვები პუნქტი / 30.03.2023

„საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ ადმინისტრაციულ შენობაში შემდეგი სახის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს:

  • შენობის დარბაზში, შესასვლელ გვირაბსა და გეითებში განხორციელდება ჭერის მოწყობის სამუშაოები და დამონტაჟდება ახალი სანათები
  • შეიღებება დაზიანებული კედლები
  • კოშკსა და შენობაზე შეიცვლება დაზიანებული ვიტრაჟები
  • იცვლება საკანალიზაციო მილები; აღდგება სველი წერტილები
  • ავტოპარკინგზე შეიცვლება ღობე და დაზიანებული ცხაურები“, – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან

ამ სამუშაოებში კი, ჯამში 778 ათას 884 ლარი დაიხარჯება.

სარფის გამშვები პუნქტი / 18.03.2023
სარფის გამშვები პუნქტი / 30.03.2023

სამსახურის ინფორმაციით, „ხელშეკრულების პირობების თანახმად, სამუშაოები დაიწყო 2023 წლის 22 თებერვალს და უნდა დასრულდეს 210 კალენდარული დღის ვადაში.“

ეს ვადა 2023 წლის 20 სექტემბერს იწურება.

სარფის გამშვები პუნქტი / 6.03.2023

„კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც ასრულებს სარემონტო სამუშაოებს, ჰყავს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, აგრეთვე თანამშრომლები აღჭურვილნი არიან შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ჩაფხუტები, ხელთათმანები და სხვა). ობიექტზე გამოყენებული ხარაჩო და სხვა დანადგარები შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებს“, – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან.

ასე გამოიყურებოდა გამშვები პუნქტი 6 მარტს:

სარფის გამშვები პუნქტი / 6.03.2023
სარფის გამშვები პუნქტი / 6.03.2023
საქართველოს გამშვები პუნქტებიდან ყველაზე მეტი გასვლა-შემოსვლა „სარფში“ ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო 2023 წლის იანვრიდან ყოველთვიურ სტატისტიკას აღარ აქვეყნებს, თუმცა 2022 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, „სარფში“ დაფიქსირდა 2 574 836 – შემოსვლა და 2 531 715 – გასვლა. შსს-ს ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველთვიურად სარფში საშუალოდ საზღვრის 425 ათას 545 კვეთა ფიქსირდება [შემოსვლა-გასვლა].

წყალდიდობისა და მეწყრის რისკები იზრდება – თურქი მკვლევარი

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში გლობალური დათბობით გამოწვეული არასტაბილური ნალექი ნიადაგის მოძრაობას იწვევს, რაც რეგიონში წყალდიდობისა და მეწყრის საშიშროებას ზრდის – ამის შესახებ თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს.

გამოცემა ციტირებს პროფესორ ჰაკან ერსოის, გეოლოგსა და ინჟინერს, კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის მეწყრის კვლევის ცენტრის წევრს, რომელიც შიშობს, რომ გვალვას მოჰყვება კოკისპირული წვიმა მაისსა და ივნისში და უმჯობესია მოსახლეობამ სიფრთხილის ზომები დაიცვას.

მან აღნიშნა, რომ რეგიონში უკვე აღარ არის 4 სეზონი, გაზაფხული პრაქტიკულად ერთ თვეს გრძელდება, შემდეგ ზაფხული დგება, რომელსაც ზამთარი მოსდევს და ამის გამომწვევი კლიმატის ცვლილებებია.

პროფესორი ერსოი დასძენს, რომ რადგან გვალვა ძალიან ძლიერი იყო, წელს ძლიერი წვიმის სეზონი შესაძლოა უფრო ადრე დაიწყოს. მისი რეკომენდაციაა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ღრმა ფესვიანი ხეების დარგვა.

წელს თებერვალში მოსულმა თოვლმა მეწყრული პროცესები გამოიწვია როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში, აჭარაში.

________________

ფოტოზე: მეწყერი აჭარაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამავე თემაზე: 

მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა – რას ამბობენ გეოლოგები

 

„ოცნების“ აქტივისტზე ხელის დარტყმისთვის ხათუნა ბერიძე კარატეს ფედერაციამ დასაჯა

„მიეცა ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია,“ – წერია გადაწყვეტილებაში, რომელიც კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ხათუნა ბერიძის წინააღმდეგ მიიღო. ხათუნა ბერიძე ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელია და ამავე დროს კარატეს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის წევრი, შავი ქამრის მფლობელი, მწვრთნელ-ინსტრუქტორი და მოქმედი ვეტერანი სპორტსმენი.

ხათუნა ბერიძემ 28 მარტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ აქტივისტს – გიორგი გიორგაძეს ხელი დაარტყა, როცა ის ხათუნა ბერიძეს საჯარო სივრცის დატოვებას აიძულებდა.

28 მარტის აქციაზე ხათუნა ბერიძე ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოებიანი პლაკატებით და მაისურებით მივიდა ბათუმის დრამატულ თეატრთან, სადაც „ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციას მართავდა. აქციის მონაწილეებმა „ოცნებას“ ბათუმის საკრებულოს ენმ-ის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმე შეახსენეს, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან მოკლე ხანში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს საკრებულოს დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. ამ დრომდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდვია.

28 მარტს აქციის მონაწილეებს, მათ შორის, ხათუნა ბერიძეს, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს, თეატრთან მობილიზებულმა „ოცნების“ აქტივისტებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით სცადეს ოპოზიციონერ აქტივისტებს დაეტოვებინათ საჯარო სივრცე. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ადგილზე არ გამოჩენილან პოლიციელები, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მე-6 განყოფილება თეატრის გვერდით, ქუჩის გადაღმა მდებარეობს.

შსს-ს ამ დაპირისპირებაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ან გამოძიება არ დაუწყია. შესაბამისად, არც დაზარალებულის სტატუსი აქვს ვინმეს.

რას დაეყრდნო კარატეს ფედერაცია, რომელმაც ამ შემთხვევის შემდეგ ხათუნა ბერიძე დასაჯა?- კითხვა კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, მამუკა ყურაშვილს დავუსვით.

„ერთი წელი იყო მოთხოვნა დისკვალიფიკაციაზე და ნახევარი მისცეს ზუსტად იმიტომ, რომ მომჩივანი არ ჰყავს, საქმე არაა აღძრული. გავითვალისწინე ასევე, რომ არის კარგი სპორტსმენი, კარგი მსაჯი, მაგრამ ის ქმედება, რაც ბერიძემ ჩაიდინა, არ ეპატიება, ვინაიდან კარატეს ეტიკეტი დაარღვია, კარატე არ არის ვიღაცის შეურაცხყოფა, პირიქით, დაცვა არის,“ – გვითხრა მამუკა ყურაშვილმა, კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა.

კარატეს ფედერაციისთვის განცხადებით, ხათუნა ბერიძის ერთწლიანი დისკვალიფიკაციის მოთხოვნით, გოჩა სურმანიძეს მიუმართავს, აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს.

„…დაარღვია კარატეს ეთიკური ნორმები და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე დაუპირისპირდა ბათუმში გამართულ პარტია „ქართული ოცნების“ კონგრესის წევრებს, სადაც ფიზიკურად დაუპირისპირდა ერთ-ერთ პიროვნებას. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, უშუალოდ საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გოჩა სურმანიძემ დღის წესრიგში დააყენა ხათუნა ბერიძის მიმართ ერთწლიანი დისკვალიფიკაციის საკითხი, რაზეც საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმმა იმსჯელა და გოჩა სურმანიძის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა – ხათუნა ბერიძეს, ნაცვლად ერთი წლისა, მიეცა ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია,“ – აღნიშნულია კარატეს ეროვნული ფედერაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

„ჩვენ ვიცით, რომ ის [ხათუნა ბერიძე] ჩვენი სახეა, გვაინტერესებს, როგორც ჩვენი სახე, ჩვენი საქმე არაა პარტია და პარტიულობა, მიუხედავად იმისა, რომ მეც პარტიული ვარ,“ – აღნიშნა მამუკა ყურაშვილმა, კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა „ბათუმელებთან“.

მამუკა ყურაშვილის თქმით, ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, თუმცა ხათუნა ბერიძის დასჯა პოლიტიკური ანგარიშსწორება არ იყო.

„პოლიტიკური ანგარიშსწორება არ მჩვევია, ეს არის 9 კაცის გადაწყვეტილება, ყველამ გამოიტანა ეს ვერდიქტი,“ – გვითხრა მამუკა ყურაშვილმა.

გადაწყვეტილების ამსახველ დოკუმენტს, რომელიც კარატეს ფედერაციამ მიიღო, გამოცემის თარიღად 5 აპრილი აქვს მითითებული. კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს ამაზეც ვკითხეთ:

„ზუსტად ვერ გეტყვით, რატომაა ასე, დიდი ხანი არაა, რაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ,“ – დასძინა მამუკა ყურაშვილმა.

_____________________

ფოტოზე: ხათუნა ბერიძე და გიორგი გიორგაძე 28 მარტს ბათუმში გამართულ აქციაზე. კადრი „ბათუმელების“ ვიდეომასალიდან.

კომპანია Loialte-მ ბათუმში განახლებული ოფისი გახსნა

აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია Loialte-მ აჭარის რეგიონალური ფილიალის ახალ ოფისში, ალ.პუშკინის N73-ში, პირველ სტუმრებს უმასპინძლა. კომპანიის ახალი ინფრასტრუქტურა აჭარის ბაზართან დაკავშირებული Loialte-ს გრძელვადიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთათვის Loialte-ს წამყვანმა ექსპერტებმა პრეზენტაციები წარადგინეს კომპანიის არსებული მდგომაროებისა, სერვისებისა და გეგმების შესახებ, ასევე გაიმართა დისკუსია ბიზნესისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან სხვადასხვა (საგადასახადო, ფინანსურ და HR) საკითხებზე.

როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, 2023 წელს Loialte-ს პრიორიტეტში აქვს აჭარაში განვითარება და ადგილობრივ ბიზნესს ეტაპობრივად სხვადასხვა საინტერესო სიახლეებს შესთავაზებენ. „Loialte-ს ახალი ოფისი მორგებულია, როოგრც თანამშრომლებზე, ასევე კლიენტების საჭიროებებზე. კერძოდ, დაგეგმარებისას დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ სივრცეებს ტრენინგებისთვის და შეხვედრებისთვის, რადგან ერთის მხრივ ვგეგმავთ, რომ ჩვენი საგანმანათლებლო მიმართულება “erudio” აქტიურად განვავითაროთ აჭარაში, ხოლო, მეორეს მხრივ, გვინდა, რომ ჩვენს კლიენტებს შესაძლებლობა მივცეთ ისარგებლონ Loialte-ს ინფრასტრუქტურით , როგორც სატრენინგო, ისე შეხვედრების მიზნობრიობით“ – გიგა ფაიქიძე, Loialte-ს მმართველი პარტნიორი.

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte 5 წელია ქართველ მომხმარებელს ემსახურება. კომპანია წარმოდგენილია 3 ფილიალით – თბილისსა და ბათუმში. Loialte პოზიციონირებს, როგორც კომპლექსური სერვისების მიმწოდებელი კომპანია და აერთიანებს 10-ზე მეტ პროფესიულ მიმართულებას (www.loialte.com.ge), რომლითაც გამორჩეულია ბაზარზე და ახერხებს, რომ შეინარჩუნოს მომხმარებლისთვის მიმზიდველი პირობები, როგორც ღირებულების, ისე ხარისხის თვალსაზრისით.

Loialte ბათუმის ბაზარზე 2019 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა 2023 წლიდან განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, მომსახურების ყველა მიმართულებით კომპანია დაკომპლექტებული იქნება ადგილობრივი თანამშრომლებით, რაც ერთის მხრივ ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება კონკურენტული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და დასაქმდება ადგილობრივად  უფრო მეტი ადამიანი, ხოლო ამავდროულად უფრო მეტად კომფორტული და ეფექტური გახდება მომხმარებელთა მომსახურების პროცესი.

Loialte-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე – www.loialte.com.ge, ან შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ბათუმის ოფისს უკვე ახალ მისამართზე – ალ.პუშკინის N73.

Loialte – კომპლექსური მომსახურება თქვენი ბიზნესისთვის!

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7– 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 6-7 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა.

მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად თანხა 2,7 მილიონით გაიზარდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში ზიპლაინის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული თანხა 2,7 მილიონი ლარით გაიზარდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 6 752 200 ლარით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა [მასში მონაწილეობა არავინ მიიღო], ამჯერად კი, 9 512 716 ლარით ტენდერი, იმავე მომსახურების შესყიდვაზე, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოაცხადა.

[ამ კომპანიის 100% წილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, ხოლო პარტნიორის უფლებამოსილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს].

ტენდერის პირობის მიხედვით, ზიპლაინის პროექტის მომზადება და მის საფუძველზე მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 2 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

წინადადებების მიღება ტენდერში 2023 წლის 28 აპრილს დაიწყება და 3 მაისს დასრულდება.

ზიპლაინის მინიმალური სიგრძე 1 752 მეტრი უნდა იყოს.

„პროექტის მიზანია ჩირუხის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაცია. ზიპლაინი იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინი ევროპაში. ზედა სადგური დაპროექტებულია როგორც „არწივის ბუდე“, საიდანაც იშლება პანორამული ხედი ხეობაზე. ქვედა სადგურის პროექტში ინტეგრირებულია ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი“, – აღნიშნულია დოკუმენტებში.

მეტი დეტალის სანახავად გადადით ამ ბმულზე:

6,7 მილიონი ლარი შუახევის მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით, რიგით მესამე გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება 2023 წლის 31 მარტიდან დაიწყო. გახსნის ღონისძიება 31 მარტს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ჩატარდა. ღონისძიებაზე გასული წლის გამარჯვებულებმა და ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ქალებმა გრეის ჰოპერის ჯილდოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჯილდოზე რეგისტრაცია 5 მაისის ჩათვლით, ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

ერთ-ერთი პირველი ქალი პროგრამისტის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო USAID -ის ინიციატივით ტარდება, თიბისი მესამე წელია პროექტის მთავარი პარტნიორია. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ICT სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

ჯილდო ექვს კატეგორიაში გაიცემა:

  • მომავლის ლიდერი ქალი,
  • ICT სფეროს ჩემპიონი,
  • ტექნოლოგიური სტარტაპი,
  • ქალების გაძლიერების პროგრამა,
  • მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია
  • ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.

გასული წლების მსგავსად, თიბისი ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს მხარს დაუჭერს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.

„გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო თავისი არსით იზიარებს თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ღირებულებებს. ჩვენთვის პროექტის მთავარი პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალებს მუდამ ვუჭერთ მხარს და მზად ვართ, წელსაც შევიტანოთ წვლილი საინტერესო ადამიანების აღმოჩენასა და წახალისებაში.“ – ამბობს გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორი.

„USAID საქართველოს პარტნიორობა უზრუნველყოფს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარებას საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს მოიცავს ისეთ უახლესი ინდუსტრიებს, როგორიცაა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ICT, რომელიც აკავშირებს საქართველოს ეკონომიკას მზარდ გლობალურ ინდუსტრიებთან. გრეის ჰოპერის დაჯილდოების პროგრამა აძლიერებს ICT – ის მიმართულებით ქალ მეწარმეებს, გახდნენ საქართველოს მომავალი ბიზნეს ლიდერები“, – განაცხადა მარიკა ოლსონმა, USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე საკუთარი განაცხადის გაგზავნის გარდა, შესაძლებელია სხვა ადამიანების, სტარტაპების, ორგანიზაციებისა და პროგრამების წარდგენაც. ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიური ფინალისტებს 4 ივნისს გამოავლენს, დაჯილდოების ცერემონია კი 16 ივნისს გაიმართება.

პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან: Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო.

განაცხადები მიიღება 31 მარტიდან 5 მაისის ჩათვლით. თითოეული კატეგორიის ნომინაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად მიჰყევით ბმულს.

16 წლამდე ასაკის პირთან სქესობრივი კავშირისთვის 1 პირი დააკავეს – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვან დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით [სქესობრივი კავშირის დამყარება წინანსწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან (ორი ეპიზოდი)] წარედგინა“ – წერს პროკურატურა.

მათივე ინფორმაციით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 175 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 530]
  • ტანკი – 3 627 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 6 999 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 2 697 ერთეული [+3]
  • MLRS – 528 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 280 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 306 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 291 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 277 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 562 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 298 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 405 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 651 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 534 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 078 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 501 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 292 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ვისთვის არის ყავა სასარგებლო და ვისთვის არა? | ექიმის რჩევები

რამდენად სასარგებლოა ყავა ჯანმრთელობისთვის? – ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავას შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევა, თუმცა ახალი, საკმაოდ მასშტაბური კვლევების თანახმად, ყავას ნამდვილად აქვს ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა სარგებელი.

„ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ენდოკრინოლოგის, თეონა გოგიტიძის განმარტებით, ადამიანების უმრავლესობისთვის მოხარშული ან სხვა სახის, არახსნადი ყავის ზომიერი მოხმარება თავისუფლად შეიძლება იყოს ჯანსაღი დიეტის ნაწილი.

თუმცა, მისივე თქმით, არსებობს პათოლოგიები, რომელთა დროსაც ყავის მიღება არ არის რეკომენდებული.

  • ქალბატონო თეონა, ყავის სარგებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ცნობა არსებობს. თქვენ რას გვეტყვით?

პირველ რიგში, გააჩნია ყავის სახეობას. თუ დაფქული (განსაკუთრებით ახლად დაფქული) ყავის მარცვალს გულისხმობთ, ამ შემთხვევაში ყავას სასარგებლო ეფექტებიც აქვს. ცხადია, ზომიერად მიღების შემთხვევაში.

ზოგადად, ყავას აქვს მატონიზირებელი ეფექტი და ხელს უწყობს თავის ტვინის უჯრედების აქტივობას, გვეხმარება გადაღლილობის მოხსნაში, ზრდის შრომისუნარიანობას, იქიდან გამომდინარე, რომ ხელს უწყობს ტვინის უჯრედებში დოფამინის გამოყოფას და ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.

რაც შეეხება ჯანმრთელობისთვის მის სარგებელს, ყავას სასარგებლო ეფექტი აქვს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებშიც. მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ყავა აუმჯობესებს გლუკოზის შეწოვას და უფრო აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში იმის გამო, რომ აუმჯობესებს მგრძნობელობას იმ ინსულინის მიმართ, რომელსაც პაციენტი ინექციის სახით იკეთებს და ამით ეხმარება გლუკოზის დონის დაწევაში. რა თქმა უნდა, არა მნიშვნელოვნად, მაგრამ სადღაც 5-10% ეს ეფექტი აქვს.

ასევე, ყავა ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. შესაბამისად, აქვს მცირედით წონის კლების ეფექტიც, აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა მუშაობასაც, ოღონდ კიდევ ერთხელ – ზომიერად მიღების შემთხვევაში.

ეს ნიშნავს დღეში 1-2 ფინჯანი ყავის მიღებას, ისიც სასურველია დღის 5 საათამდე და არა გვიან, ღამის საათებში. ღამით ყავის მიღება (კოფეინი) ხელს უწყობს ნერვული სისტემის აღგზნებას, უძილობას, შეიძლება მოიმატოს არტერიულმა წნევამ.

თუ პაციენტს აქვს ჰიპოტენზია, ანუ დაბალი არტერიული წნევა, მისთვის დღეში 1-2 ფინჯანი ყავის მიღება არ არის ცუდი.

იმის გამო, რომ არახსნადი ყავა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, რეკომენდებულია, რომ ჭამიდან 30-40 წუთის მერე მივირთვათ ერთი ფინჯანი ყავა, ოღონდ დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ დავაყოლოთ ერთი ჭიქა წყალი, ეს იმიტომ, რომ კუჭის მოქმედება გაუმჯობესდეს, უკეთ მოხდეს საკვებით მიღებული ნახშირწყლების შეწოვა, წყლის დამატება კი არის საჭირო, რომ არ გამოიდევნოს ორგანიზმიდან სითხე ყავის მიღების შემდეგ. 

  • ჯანმრთელობის როგორი მდგომარეობის დროს არ არის რეკომენდებული ყავის დალევა?

როგორც აღვნიშნე, ყავას აქვს სასარგებლო ეფექტები, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს აქვს გამოხატული ქრონიკული დაავადებები და გულსისხლძარღვთა სისტემის გართულებები.

ჯერ გამოვყოთ რამდენიმე ჯგუფი, ვისთვისაც არ არის მიზანშეწონილი ყავის მიღება – ესენი არიან მოზარდები, ბავშვები, ორსულები, გულის პათოლოგიის მქონე და ინსულტგადატანილი პაციენტები.

დაავადებებზე რომ დავკონკრეტდეთ, ყავა ასევე არ არის რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის სისტემის პათოლოგიების დროს, მაგალითად, თუ არის ქრონიკული გასტრიტი, ეროზიული გასტრიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, რადგანაც ნებისმიერი ყავა აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს.

ცალკეულად პრედიაბეტი ან შაქრიანი დიაბეტი არ არის უკუჩვენება ყავის მიღების, მაგრამ როცა დიაბეტთან ერთად სახეზეა შაქრიანი დიაბეტის გართულებები, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების სახით – მაშინ არ არის რეკომენდებული ყავის მიღება.

ასევე, არ არის რეკომენდებული ყავა, თუ პაციენტს აქვს ჰიპერტენზია, ანუ მაღალი არტერიული წნევა, თუ აქვს გულსისხლძარღვთა სისტემის ისეთი პათოლოგია, როგორიცაა გულის უკმარისობა, არითმია, განსაკუთრებით პაროქსიზმულად [როცა არითმია სპონტანურად იხსნება] მიმდინარე არითმია.

თირეოტოქსიკოზის დროს და თირკმელზედა ჯირკვლის იმ დაავადებების დროს, როცა თირკმელზედა ჯირკვალი არის აქტიური და გამოყოფს ზედმეტ ჰორმონებს, ვიდრე საჭიროა, საერთოდ არ არის რეკომენდებული ყავის და კოფეინის შემცველი სითხეების მიღება, თუნდაც იყოს ეს შავი ჩაი თუ გაზირებული ტკბილი სასმელები, რომლებიც შეიცავენ კოფეინს.

თუმცა თირეოტოქსიკოზის საწინააღმდეგო დაავადების შემთხვევაში, როგორიცაა ჰიპოთირეოზი, სადაც არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებული, ყავის ზომიერად მიღება მიზანშეწონილია, რათა უფრო გააქტიურდეს ნივთიერებათა ცვლა, გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, რადგან ეს დაავადება გულის რითმის შენელებას იწვევს; ასევე, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადების დროსაც, თუ ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე პათოლოგიაა, იმ შემთხვევაში არტერიული წნევა ქვეითდება და 1-2 ფინჯანი ყავა, მატონიზირებელი ეფექტის გამო – რეკომენდებულია.

არის კიდევ ენდოკრინული სისტემის დაავადება, რომლის დროსაც (თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიების მსგავსად) გააქტიურებულია თირკმელზედა ჯირკვალი და გამოყოფს საჭიროზე მეტ ჰორმონს. რა თქმა უნდა, ყავა ასეთ დროს არ არის კარგი, რადგანაც მისი მიღება ააქტიურებს თირკმელზედა ჯირკვლის ისეთი ჰორმონების გამოყოფას, როგორიცაა, მაგალითად, კორტიზოლი, რომელიც პირიქით არტერიული წნევის მატებას უწყობს ხელს და დამატებით ყავის მიღება არ არის მიზანშეწონილი.

  • რამდენად უსაფრთხოა ყავის დალევა მედიკამენტების მიღებისას?

ზოგიერთი პაციენტი, მაგალითად, ქრონიკული დაავადების დროს რეგულარულად იღებს კონკრეტულ მედიკამენტს. ასეთი პაციენტები აუცილებლად უნდა დაეკითხონ მკურნალ ექიმს, მედიკამენტთან ერთად საზიანო ხომ არ იქნება ყავა ან რომელიმე პროდუქტი.

საქმე ის არის, რომ ყავამ შეიძლება ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტზე ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს. მაგალითად, არის ცნობები, რომ ყავის ხშირი მოხმარება ხელს უწყობს კალციუმის გამორეცხვას ორგანიზმიდან, ანუ კალციუმის დონის დაწევას სისხლში, ახანგრძლივებს კალციუმის შეწოვას, ამიტომ თუ პაციენტს აქვს მიდრეკილება კალციუმის დეფიციტისკენ, ან იღებს კალციუმის მედიკამენტს, როგორც შენაცვლებით თერაპიას, უნდა გაითვალისწინოს, რომ ყავასთან ერთად ეს ტაბლეტი არ მიიღოს, რადგან არის რისკი, რომ მიღებული კალციუმი არ შეიწოვება და გამოირეცხება ორგანიზმიდან.

  • თქვენ ძირითადად ისაუბრეთ ახალდაფქულ ყავაზე, ხსნადი ყავა რამდენად სასარგებლოა?

ხსნად ყავას, რომელიც სხვადასხვა სახით/ფორმით გვხვდება, მე არ ვუწევ რეკომენდაციას არა მარტო პაციენტებში, არამედ ჯანმრთელი მოსახლეობისთვისაც.

ასეთი ყავა იწვევს სითხის უფრო მეტად გამოყოფას ორგანიზმიდან, ვიდრე სხვა. გაუწყლოებამდე არ მიდის საქმე, მაგრამ შესაძლოა სითხის კარგვასთან დაკავშირებული სხვადასხვა უსიამოვნო შედეგი გამოიწვიოს.

___________________________________

მიიჩნევა, რომ ზოგიერთი ხსნადი [instant] ყავა შეიძლება არ იყოს ისეთი ჯანსაღი, როგორც მოხარშული ყავა, ამ ყავაში გარკვეული ქიმიკატების შედარებით მაღალი შემადგენლობის და გემოს გამაძლიერებელი სხვა მინარევების გამო. ამავდროულად, ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ESC-ის ჟურნალში, გასულ წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, დღეში ორი-სამი ფინჯანი სხვადასხვა სახის ყავის [მათ შორის ხსნადი – instant ყავის] დალევა, დაკავშირებულია სიცოცხლის გახანგრძლივებასა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებასთან.

კვლევამ გამოიყენა დიდი ბრიტანეთის Biobank-ის მონაცემები, კვლევით მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავდა ყავის მოხმარების პრეფერენციებს თითქმის 450 000 ზრდასრულის შემთხვევაში, რომელთაც კვლევის დასაწყისში არ აწუხებდათ არითმია ან გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებები.

სამედიცინო და გარდაცვალების შესახებ ჩანაწერები მკვლევრებმა, საშუალოდ 12,5 წლის შემდეგ შეისწავლეს.

კვლევის ანგარიშში წერია, რომ დაფქული ყავის მოხმარება დაკავშირებულია სიკვდილის რისკს 27%-ით შემცირებასთან, ეს მაჩვენებელი უკოფეინო ყავისთვის არის 14% და 11% – ხსნადი [instant] კოფეინირებული ყავის შემთხვევაში.

ფერადი თმა, როგორც სისტემის იარაღი ახალგაზრდების წინააღმდეგ

„ამ ადამიანს ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“ – თქვა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისზე, რომელსაც პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. ქერად თმაშეღებილი და მკვეთრად თვალმოხატული ლაზარე ბოლო დღეებია სისტემის მხრიდან მრავალფეროვნების და თავისუფლების დევნის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა.

განსხვავებულობა სიძულვილის ენის კონტექსტში ახსენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, როცა ასევე რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე მყოფი ახალგაზრდები სატანისტებს შეადარა. „გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმა ეცვათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რატომ აშინებს სისტემას მრავალფეროვნება, განსხვავებულობა და ახალგაზრდების თავისუფალი ხმა და რა საფრთხეებს უქმნის დემოკრატიას სიძულვილის ენით საუბარი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, თამთა კვარაცხელიას ესაუბრა.

  • ქალბატონო თამთა, ხელისუფლება განსხვავებულობას და ინდივიდუალიზმს იყენებს როგორც იარაღს ახალგაზრდების დისკრედიტაციისთვის. რამდენად საშიში ტენდენციაა ეს, როგორ ფიქრობთ?

მაღალი ტრიბუნიდან კი არა, სკოლის საკლასო ოთახშიც კი ძალიან საშიშია ადამიანის დისკრიმინაცია მისი განსხვავებულობის გამო, რადგან იქ, სადაც ადამიანის უფლება არ არის აღიარებული, საფუძველი ეყრება ტოტალიტარულ მმართველობას.

რაც უფრო მაღალი ტრიბუნიდან ისმის ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვები და დაუნდობელი პოზიციები მრავალფეროვნების წინააღმდეგ, მით უფრო საშიშია სიტუაცია, რადგან მაღალი თანამდებობის პირები ერთგვარ მაგალითს აძლევენ საზოგადოებაში ისედაც არსებულ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ვერ იღებენ განსხვავებულ ადამიანს.

ზოგადად, ბუნება მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ადამიანები მით უმეტეს,  თუმცა, უფრო მარტივია მართო ერთგვაროვანი საზოგადოება და ძნელია მიიღო განსხვავებული აზრი, განსხვავებული პოზიცია, განსხვავებული ჩაცმულობა. ამიტომ ურჩევნია სახელმწიფოს ერთგვაროვან მასასთან, მორჩილ უმრავლესობასთან ჰქონდეს ურთიერთობა.

სახელმწიფოში მთავარი უნდა გახდეს  თითოეული მოქალაქე, იმიტომ,  რომ არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ადამიანი. ჩვენი სოციუმისთვის, ისედაც პატარა ქვეყნისთვის, ყოველი ადამიანის არსებობა, აზრი, პოზიცია  მნიშვნელოვანია.

ადვოკატის განცხადებით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს პენიტენციურ სისტემაში თმა იძულებით გადაპარსეს

განსაკუთრებით ახალგაზრდების აზრსა და პოზიციას უნდა ჰქონდეს ფასი და რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გავუწევთ მათ, რაც უფრო მეტად შევზღუდავთ მათ უფლებებს, შესაძლოა, ეს მცირე ხნით გამოგვივიდეს კიდეც,  ეს აუცილებლად აღმოაცენებს აგრესიას, რომელიც აუცილებლად ცუდად დაგვიბრუნდება.

ეს ის მომენტია, როდესაც „ოთარაანთ ქვრივს“ ათქმევინებს ილია ჭავჭავაძე, რომ „დაუდუღარ  მაჭარს სარქველი არ დაეხურება, ჭურჭელს გაჰხეთქს“ და ეს გახეთქვა იქნება მტკივნეული როგორც უფროსი თაობისთვის, ასევე, ახალგაზრდა თაობისთვისაც.

თუ ჩვენ რამე არ მოგვწონს, ეს ისევ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ, იმიტომ, რომ რაღაც ღირებულებები  ვერ მივეცით, სწორი მაგალითი ვერ ვაჩვენეთ.  ამას სხვა მიდგომა უნდა, მათ გვერდით დგომა სჭირდება.  ამიტომ, რაც მეტად ვისაუბრებთ სიძულვილის ენით, მით უფრო მეტად დაგვიბრუნდება ბუმერანგივით აგრესია და უპატივცემულობა. ასეთ შემთხვევაში  გამწარებული სიბერე გველოდება, იმიტომ, რომ, გვინდა თუ არა, ჩვენ მიმავლები ვართ, ახალგაზრდები კი  მომავლები არიან.

მათ ეკუთვნით მომავალი, ქვეყანა და კარგად მოაზროვნე ადამიანს უნდა უნდოდეს,  რომ ლაღი, თავისუფალი აზროვნების ადამიანი მოვიდეს  ქვეყნის სათავეში, რათა შემდეგ ზიზღში, ბოღმაში არ ჩავიხრჩოთ.

  • თქვენ, როგორც მასწავლებელს, როგორც მოქალაქეს, როგორ გესმით, როცა ქვეყნის მმართველი ერთ-ერთი პირი 21 წლის ლაზარეზე ამბობს, რომ „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“, როგორ იკითხება თქვენი გადმოსახედიდან ეს ფრაზა?

მე არ ვიცი,  რას გულისხმობდა ეს ადამიანი „არეულ გზებში“,  ან ვინ გვითხრა ჩვენ, რომელია სწორი გზა და რომელი არა. რაც ჩვენ ახლა არეულ გზად გვეჩვენება, შესაძლოა,  მომავალში ეს იყოს აბსოლუტურად სწორი გზა.

რასაც ახალგაზრდა ილია მე-19 საუკუნეში ამბობდა, ისიც მიუღებელი იყო ძველი თაობისთვის, მაგრამ მაინც ილიამ გაიმარჯვა. ახალგაზრდები უფრო შორს ხედავენ, უფრო მკაფიოდ და ეს ბუნებრივია.

მე ვერავის გავიმეტებ, ვერც ძველს და ვერც ახალ თაობას იმისთვის, რომ ვთქვა,  მათი გზა-კვალი  არეულია-მეთქი. ამის განმსჯელი ვერც მასწავლებელი იქნება და ვერც თანამდებობის პირი, ამას დრო დაადგენს. უბრალოდ, მაინც მგონია, რომ ფრთხილები უნდა ვიყოთ შეფასებისას, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში და არ უნდა შევზღუდოთ ისინი გამოხატვის თავისუფლებაში.

  • განსხვავებული თმა, ჩაცმულობა რატომ შეიძლება იყოს მიუღებელი და ვისთვის?

ჩემი შვილების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ გრძელი თმაც უტარებიათ, დახეული ჯინსებიც ჩაუცვამთ და კედებიც, მაგრამ ეს ხომ ერთგვარი თვითგამოხატულებაა, გადის დრო და ახალგაზრდებიც ისე მოქმედებენ, როგორც საჭიროება მოითხოვს, ისინი სიტუაციას ერგებიან.

მაგრამ, რომ ამეკრძალა თავის დროზე, ისინი ხომ ვერ გამოავლენდნენ თავიანთ ბუნებას, თავიანთ შინაგან სამყაროს? წინააღმდეგობად ჩამითვლიდნენ, დაიძაბებოდა ურთიერთობა ჩვენსა და მათ შორის, რაც სასიკეთო შედეგებს ვერ მოიტანდა.
უფროსებმა არ უნდა გაწყვიტონ ახალგაზრდებთან დამაკავშირებელი ძაფი, რათა არ გაღრმავდეს ის გაუცხოება, რომელიც ისედაც არსებობს.

  • თქვენ თქვით, რომ გადის დროს და ახალგაზრდები „სიტუაციას ერგებიან“. განსხვავებულობას ასაკი აქვს?

მრავალფეროვნებას ასაკი არ აქვს, უბრალოდ, ცხოვრებაა ერთფეროვანი და ადამიანს რაღაც გარემოებები ისედაც უქრობს ხოლმე, სამწუხაროდ,  ასაკში ამ ფერებს.  ამიტომ ამის ნაადრევად გაკეთება და მით უფრო- ზეწოლით, მიუღებელია,  ან, უბრალოდ, ადამიანები იცვლიან გემოვნებას.

ამიტომ  ახალგაზრდობაში უფრო მეტად უნდა გამოხატონ თავიანთი  სურვილები, შინაგანი სამყარო – ჩაცმის სტილი იქნება,  ტატუ  თუ შეხედულებები. არ შეიძლება თავს  მოვახვიოთ ჩვენი მოსაზრებები, რადგან სხვა თაობაა, სხვა მოთხოვნაა, სხვა თვალსაწიერი და მზერა აქვს, დროთა განმავლობაში თვითონ დალაგდება, მაგრამ ეს „დალაგება“ უნდა იყოს მათი არჩევანი, მათი მიღებული გადაწყვეტილება და არა გარედან ნაკარნახევი  და,  მით უმეტეს, ზეწოლით.

ჩვენ შეიძლება ვასწავლოთ, ვაჩვენოთ გემოვნების მაგალითი, მაგრამ ნუ შევზღუდავთ. ვულგარულად ნუ იქნებიან ჩაცმული და როგორც უნდათ, იმ ფერებში ჩაიცვან, იმ ფერად შეიღებონ თმა.

მე,  პირადად, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმ აზრს, რომ ფერადი ქურთუკის გამო შეიძლება კაცს სცემონ. წარმოუდგენელი რამეა.

სკოლაში იყო შემთხვევა, როცა ერთი ბიჭი, ბუნებრივად ძალიან შავი თმით, ერთ დღეს მოვიდა ქერად შეღებილი. ჩვენ გვეყო იმის კულტურა, რომ საერთოდ ხმა არ ამოგვეღო ამაზე და მივიღეთ ისეთი, როგორიც იყო. მაგრამ ახლა ქერა აღარ არის.

  • ფერადი თმაა პრობლემა?

არა, ეს არ აფუჭებს საქმეს არანაირად. რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისთვის ვარდისფერი თმით იჯდება მოსწავლე, თუ ყავისფრით, თუკი სწავლობს.

უბრალოდ, ჩვენ ხომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც კაცები თმას არ იღებავენ, სადაც ერთ კარგ მასწავლებელზე ამბობენ, რომ „კიკინებიანი ბიჭია და სხვას რა უნდა ასწავლოს“.

  • ეს ტრადიციაა, თუ გადმონაშთი საბჭოთა ერთფეროვნებიდან?

მე ის ვიცი, რომ ტარიელს „ვეფხისტყაოსანში“ შეკრული თმა ჰქონდა. „ჰშვენის  აკვრა თმასა ლელსა“ – ასე წერია. გრძელი თმა ჰქონდა შეკრული. ამიტომ, საიდან მოდის გრძელი თმისა თუ ფერების ასეთი მიუღებლობა კაცების შემთხვევაში, არ ვიცი.

ისიც წერია „ვეფხისტყაოსანში“, რომ ავთანდილს კაბა ემოსა „მჯობნი ყოვლისა ჭრელისა“. ასე, რომ ფერადოვნება არის ჩვენს კულტურაში.

  • როცა ჩვენი ლიტერატურა ასეთ მრავალფეროვნებაზე მოგვითხრობს, როცა უამრავი რესურსი იხარჯება იმაზე, რომ განსხვავებულობის, მრავალფეროვნების გამო არ დაჩაგრონ ახალგაზრდებმა, მოქალაქეებმა ერთმანეთი, ასეთ დროს მაღალჩინოსნების მხრიდან სიძულვილის წამქეზებელი გამონათქვამები, როგორ ფიქრობთ, წყალში ხომ არ ჰყრის ჩვენს მცდელობებს, რომ თანასწორობაზე დამყარებული ქვეყანა ავაშენოთ?

ჩვენი მხრიდან გაღებულმა რესურსებმა შედეგი უკვე გამოიღო, რადგან ახლანდელი მეთორმეტეკლასელის აზროვნება ათი წლის წინანდელი მეთორმეტეკლასელის აზროვნებისგან განსხვავებულია.

ბავშვები გაცილებით უფრო ტოლერანტულები არიან და უფრო მეტი მიმღებლობა აქვთ განსხვავებულის მიმართ, ვიდრე ეს იყო 10-20 და მით უმეტეს, 30 წლის წინ.

მე ამ ცვლილებას ვხედავ და ვაღიარებ, რომ  ის რესურსი წყალში არ არის ჩაყრილი, ამის შედეგები ჩანს სკოლაში. იდეალურ სურათამდე ჯერ ბევრი გვიკლია, მაგრამ იდეალური არსად არაფერი იქნება,  არა მხოლოდ საქართველოში.

სხვა სკოლაში არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ ჩვენს სკოლაში დირექცია ითხოვს, რომ ბავშვებს ვულგარულად არ ეცვათ, მაგრამ ვიღაცას თმის შეღებვა რომ აეკრძალოს ან ტატუს გაკეთება, ასეთი რამ არ  მახსოვს.

მე მყავს, მაგალითად, მე-11 კლასში მოსწავლე, რომელსაც ლამის მთელი სახე აქვს მოხატული, მაგრამ ამაზე შენიშვნა არ მიგვიცია. ამაზე აქცენტი არ კეთდება.

  • ღარიბაშვილმა თქვა, რომ სატანისტებს ჰგავდნენ აქციაზე მყოფი ახალგაზრდები. რაზე მეტყველებს პრემიერის ლექსიკა? 

ეს არის უფროსი ადამიანის შეცდომა, როცა ახალგაზრდებში საკუთარ შვილებს ვერ ხედავ. სხვა შემთხვევაში არ ვიცი როგორ შეიძლება სატანისტი უწოდო ახალგაზრდას მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებულად გამოიყურება.

ეს ერთგვარი დისტანცირებაა თაობისგან, რაც არა მგონია მორალურად გამართლებული იყოს.

თაობებს შორის ენა ყოველთვის იყო განსხვავებული, ეს ბუნებრივია და ასეც იქნება ყოველთვის. როცა ეს ახალგაზრდები მშობლები გახდებიან, მათი ენაც განსხვავებული იქნება თავიანთი შვილების ენისგან, უბრალოდ, განსხვავებული ენა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ შეურაცხყოფა მივაყენოთ ახალგაზრდებს.

უფროს თაობას უფრო მეტად მართებს, გააკონტროლოს თავისი მეტყველება, თავისი პოზიცია, მასწავლებლებს და მაღალი თანამდებობის პირებს – კიდევ უფრო მეტად.

იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვაძლევდეთ კარგ მაგალითს ახალგაზრდებს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდები ყოველთვის მართლები არიან, მაგრამ პატიება უფრო მეტად შეიძლება მათი, რადგან ნაკლები გამოცდილება აქვთ და ნაკლები რამ უნახავთ ცხოვრებაში, ჩვენთან შედარებით.

  • რა შეიძლება ვუთხრათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განსხვავებულობას იყენებენ როგორც პოლიტიკურ იარაღს მათთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ?

თუ გვინდა დასავლური ღირებულებების სახელმწიფო შევქმნათ, შეურაცხყოფა, ჩაგვრა, ძალადობა, ყოვლად მიუღებელია. ჩვენ ,,ასე ვერ გავფრინდებით“.

მრავალფეროვნება, მიმღებლობა, ტოლერანტობა – ეს ჩვენი  ქართული ღირებულებებია, რომლებიც, სამწუხაროდ, გაგვიფერმკრთალდა  მონობის პერიოდში.

ალუდა ქეთელაურისა და ჯოყოლა ალხასტაიძის მშობელ ხალხს შეუძლებელია  სხვაგვარად ეცხოვრა, აქამდე ვერ მოვიდოდით, იმიტომ,  რომ  განსხვავებული კულტურის ხალხები  ცხოვრობდნენ ჩვენს ქვეყანაში და ბევრი მივიღეთ, შევეთვისეთ და ვაღიარეთ.

სამწუხაროდ,  მონობამ, რუსეთთან 200-წლიანმა ურთიერთობამ, მოგვიჩლუნგა ეს ღირებულებები, ამიტომ ვამბობთ: „დასავლური ღირებულებები“ და არა ქართული, თორემ ტოლერანტობა, განსხვავებულის მიმღებლობა, აღიარება და თანაცხოვრება ძალიან ქართული თვისებებია.

ხიდიდან გადავვარდი და ხერხემალი დავიზიანე – 38 წლის კაცი დახმარებას ითხოვს

38 წლის ირაკლი გელაშვილი 5 წლის წინ ხიდიდან გადავარდა და ხერხემალი დაიზიანა. ის ახლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია – სიარული აღარ შეუძლია.

„სიმაღლიდან გადავვარდი და ხერხემლის მალები დავიმტვრიე. ერთი მალა გატეხილი მაქვს, ერთი გაბზარული და ორი დაზიანებული,“ – ამბობს ირაკლი გელაშვილი საკუთარი დიაგნოზის შესახებ.

ირაკლის და მის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი სახელმწიფომ თვე-ნახევრის წინ მიანიჭა. პირველი დახმარებაც, 150 ლარი რამდენიმე დღის წინ აიღეს.

ირაკლი მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს. ის წლებია დახმარებას სთხოვს ხალხს და სახელმწიფოს. პერიოდულად სოციალურ ქსელში აქვეყნებს თავისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. აქამდე მკურნალობის თანხებს სწორედ რიგითი მოქალაქეების დახმარებით აგროვებდა. რაც შეეხება სახელმწიფოს, როგორც ირაკლი გელაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, მას მცირე თანხით მხოლოდ გლდანის რაიონის გამგეობა დაეხმარა, მისი რეაბილიტაცია კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

ირაკლიმ დახმარება ვერ მიიღო ვერც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან და ვერც თბილისის მერიისგან.

„ბათუმელებს“ თბილისის მერიაში უთხრეს, რომ არ აქვთ ისეთი პროგრამა, რომელიც შშმ პირებს რეაბილიტაციის კურსს დაუფინანსებს.

“თბილისის მერია აფინანსებს მხოლოდ შშმ სტატუსის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას. სამწუხაროდ, ზრდასრულებს ვერა,” – უთხრეს “ბათუმელებს” თბილისის მერიაში და დაგვპირდნენ რომ გლდანის რაიონის გამგეობაში გაარკვევდნენ, რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია გამგეობას ირაკლი გელაშვილისთვის.

9 თვის წინ, მას შემდეგ, რაც საქართველოში ყველანაირი რესურსი ამოწურა, ირაკლი გელაშვილი საფრანგეთში წავიდა. თუმცა სარეაბილიტაციო პროგრამაში ვერც იქ ვერ მოხვდა და საბოლოოდ 2023 წლის 3 მარტს საქართველოში დაბრუნდა.

„წავედი იმიტომ, რომ მირჩიეს – ჩადი და მოგაქცევენ ყურადღებასო. საფრანგეთში მარტო ჩავედი, არც აეროპორტში არ დამხვედრია არავინ. პირველი 21 დღე საავადმყოფოდან საავადმყოფოში დავდიოდი. ჩასვლისთანავე აეროპორტშივე მოვითხოვე სასწრაფო. ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, მოსაწესრიგებელი. ერთი კვირა ერთ საავადმყოფოში ვიყავი, მაგრამ მერე იქიდან გამომიშვეს და ქუჩაში აღმოვჩნდი. ვისაც არ ვთხოვე დახმარება, ვერავინ დამეხმარა.

ხალხი მარიგებდა – სასწრაფოში დარეკე ისე ვერსად ვერ მოხვდებიო. დავრეკე და სხვა საავადმყოფოში მოვხვდი. სამი დღე ვიყავი იქ. მერე მითხრეს მოგაკითხოს ვინმემ და წაგიყვანოსო. მეთქი, არავინ არ მყავს. აბა ჩვენ რა გიყოთო. არ მოვდიოდი იმ საავადმყოფოდან, გამომიძახეს ტაქსი, ძალით ჩამაცვეს, ჩამსვეს ეტლში და გამიშვეს საქართველოს საკონსულოში ტაქსით. იქ საკონსულო გაგიჟდა, ვერაფერს დაგეხმარებით. ჩვენ დაგვირეკეს პასპორტი აქვს შესაცვლელიო, თუ გინდა პასპორტს შეგიცვლითო. მეთქი 10 წელი აქვს ვადა პასპორტს. 21 დღის განმავლობაში ასე ვიარე. მერე უკვე საქართველოში ჩემმა ნაცნობებმა საფრანგეთში მცხოვრებ თავიანთ ნაცნობებს სთხოვეს დახმარება და იმათ თავშესაფარში მიმიყვანეს,“ – იხსენებს ირაკლი გელაშვილი საფრანგეთში ყოფნის პერიოდს.

ის საფრანგეთში 2022 წლის ივლისიდან მიმდინარე წლის 3 მარტამდე დარჩა. ითხოვდა ლტოლვილის სტატუსს, თუმცა საბოლოოდ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.

„თავშესაფარში მხოლოდ მიცვლიდნენ და მაჭმევდნენ. ნაწოლები გამიჩნდა. ადრე ვჯდებოდი მაინც ეტლში, ახლა მხოლოდ ვწევარ, მიჭირს ჯდომა. სასწრაფოდ მჭირდება სარეაბილიტაციო პროგრამის გავლა – მასაჟები. ყველაფერი მტკივა, აუტანელი ტკივილები მაქვს. ასევე მჭირდება მალამოები, რომელიც ამ ნაწოლებს მოაშუშებს და საფენები,“ – ამბობს ირაკლი.

ირაკლი გელაშვილის თქმით, იმისათვის, რომ აუცილებლად საჭირო სარეაბილიტაციო კურსი გაიაროს, დაახლოებით 3 ათასი ლარი სჭირდება.

„ბათუმელებმა“ ირაკლი გელაშვილის შესახებ მიმართა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს. ჯერჯერობით უცნობია რომელი პროგრამის ფარგლებში შეძლებს სამინისტრო მოქალაქისთვის დახმარების გაწევას.

თუკი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო რომელიმე პროგრამის ფარგლებში ირაკლი გელაშვილის რეაბილიტაციას დააფინანსებს, ინფორმაციას აქვე განვაახლებთ.

 

ირაკლი გელაშვილის მხარდაჭერის მსურველებს შემოწირულების გაკეთება ამ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ:

ანგარიშის ნომერი:

GE88TB7048045068100008
GE36BG0000000698240500
GE41LB0211153697373000

მიმღები: ირაკლი გელაშვილი

ემიგრაცია, მუშაობა და გაცდენა – 10 235-მა მოსწავლემ მე-9 კლასამდე შეწყვიტა სწავლა

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში 12 792-მა მოსწავლემ მიატოვა სკოლა, მათ შორის, უმრავლესობამ – 10 235-მა მოსწავლემ მე-9 კლასის მიღწევამდე შეწყვიტა სწავლა.

სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში დღეს, 3 აპრილს, გამოქვეყნდა.

სწავლის შეჩერების ან შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია – 4 834 არასრულწლოვანი, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი – 2 301, მესამე ადგილზეა აჭარა – 1 231 მოსწავლე.

სკოლაში სწავლის შეჩერების და შეწყვეტის მაჩვენებელი 2022 წელს 2020 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია : 2020 წელს 6 088 მოსწავლემ მიატოვა სკოლა, 2022 წელს – 12 792-მა.

იმ მოსწავლეებს შორის, რომლებმაც 2022 წელს მიატოვეს სკოლა, 1831 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო 1163-მა მოსწავლემ სკოლებში სწავლა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მიზეზით მიატოვა.

რაც შეეხება მიზეზებს, საქართველოს განათლების სამინისტროდან სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეები ყველაზე ხშირად საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრების გამო აღარ დადიან სკოლაში. 2022 წელს ასეთი სულ 5 508 შემთხვევა იყო და ეს გაორმაგებული მაჩვენებელია 2021 წელთან შედარებით, როცა ანალოგიური მიზეზით 2 698-მა მოსწავლემ შეწყვიტა სკოლაში სიარული.

სკოლაში სწავლის შეწყვეტის მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა მშობლის, მოსწავლის განცხადება – 2022 წელს ასეთი 2880 განცხადება დაწერილა. ამ შემთხვევაში მიზეზი დაკონკრეტებული არ არის.

მესამე ადგილზეა გაცდენა – 2268 შემთხვევა.

მიზეზებს შორის ნახავთ „მუშაობის დაწყებას“ – 2022 წელს საქართველოში 381 მოსწავლეს მიუტოვებია სკოლა მუშაობის დაწყების გამო, 48 მოსწავლეს კი – დაოჯახების გამო.

„…ბევრია ისეთი განცხადება, რომელშიც მითითებული არ არის სწავლის შეწყვეტის საფუძველი. გარდა ამისა, ემიგრაციასთან დაკავშირებით, გამოიკვეთა ისეთი გარემოებებიც, როგორიცაა: ეკონომიკური მდგომარეობა, სამკურნალოდ გამგზავრება და საზღვარგარეთ განათლების მიღების გაგრძელება,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

2022-2023 სასწავლო წელს საქართველოში 215 კერძო და 2086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებდა, აქედან 11 პანსიონურ მომსახურებას ეწეოდა. ამ სკოლებში სულ 631 758 მოსწავლე ირიცხებოდა.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

პატიმრებს ე.წ. „ქურდული სამყარო“ აჩუმებს – რა წერია ომბუდსმენის ახალ ანგარიშში

„არაფორმალური მმართველობა პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად…“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში.

სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში დღეს, 3 აპრილს, გამოქვეყნდა. ეს ანგარიში წინა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას დროს არის მომზადებული.

პატიმრების პრობლემებზე საუბრის დროს სახალხო დამცველი გამოყოფს მთავარ პრობლემას – პატიმრების გაჩუმება, რაშიც ომბუდსმენის შეფასებით, არაფორმალური მმართველობაა ჩართული, ე.წ. „ქურდული სამყარო“. ომბუდსმენი შენიშნავს, რომ „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ხელისუფლება რეკომენდაციებს არ ასრულებს.

„…პენიტენციურ სისტემაში უმთავრესი პრობლემებია არაფორმალური მმართველობა, სამარტოო საკნებში ხანგრძლივად მოთავსების პრაქტიკა, სომატურ და ფსიქიატრიულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ასევე, გაუმართავია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი.

სამწუხაროდ, პენიტენციური სისტემა პატიმრების სხვადასხვა მეთოდით გაჩუმებაზეა ორიენტირებული. ამ მხრივ უმთავრესი პრობლემაა არაფორმალური მმართველობა, რაზეც სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, თუმცა გაწეული ადვოკატირების მიუხედავად, პრობლემა კვლავ გადაუჭრელია.

შემოწმების შედეგად 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ პენიტენციური დაწესებულებების მენეჯმენტსა და იერარქიის წარმომადგენელ პატიმრებს შორის არსებობდა ერთგვარი შეთანხმება, რომ პატიმრებს შორის ნებისმიერი კონფლიქტი თავდაპირველად არაფორმალურად, ადმინისტრაციის ფორმალურად გაფრთხილების გარეშე უნდა მოგვარებულიყო.

აღნიშნულის ფონზე განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ დღემდე შეუსრულებელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში.

სახალხო დამცველი ახალ ანგარიშში ეხება „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების“ ძველ საქმესაც – მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებულ სისასტიკეზე ხშირად საუბრობს, უკვე 9 წელია ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ დასრულებულა საქმის განხილვა, რომელიც ათეულობით პატიმარზე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებითაა დაწყებული.

„დღემდე მიმდინარეობს ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელთა წინააღმდეგ სასამართლო სამართალწარმოება,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში, -„სადაც მათ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე აქვთ ბრალი წარდგენილი. საქმე სასამართლოში 2014 წლიდან იხილება და დღემდე არ დასრულებულა. 2022 წელს, 2021 წლის მსგავსად, ამ საქმეზე მხოლოდ 2 სასამართლო სხდომა ჩატარდა,“ – წერია ომბუდსმენის ანგარიშში.

ერთ დაჭაობებულ ეზოს პრობლემას ბათუმში უკვე მე-2 მოწვევის საკრებულო განიხილავს

ერთ დაჭაობებულ ეზოს პრობლემას ბათუმში უკვე მეორე მოწვევის საკრებულო განიხილავს. აქ, ახალაშენებული დაუსრულებელი კორპუსის ეზოში წყალი ისევ დგას. მაზნიაშვილის #35/37-ში მცხოვრები მოსახლეობის გასაჭირზე საკრებულოს წევრმა ქეთი ლასტაკანიძემ 30 მარტს სხდომაზე ისაუბრა.

ნახევრად აშენებული სახლის სარდაფი დანაგვიანებული და წყლით სავსეა, ეზოში დაჭაობებული სარდაფიდან ცუდი სუნი ამოდის.

„სავალალო მდგომარეობა, ანტისანიტარია და ინფექციის წყარო. აქ არ არის საუბარი ინფრასტრუქტურაზე, აქ საუბარია ჯანმრთელობაზე“,  – ამ სიტყვებით საკრებულოს წევრმა ქეთი ლასტაკანიძემ, პერსონალურად საკრებულოს თავმჯდომარეს, რამაზ ჯინჭარაძეს მიმართა: „თქვენ მე დამპირდით, ბატონო რამაზ“.

„მართლა დავპირდი“, – თქვა რამაზ ჯინჭარაძემ.

ამ მოწვევის საკრებულოშიც იმსჯელეს და მოინიშნეს როგორც ერთ-ერთი პრობლემა, რომლის გადაწყვეტაშიც უნდა მიიღონ მონაწილეობა. ისევე როგორც მოინიშნა წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ თავის ბლოკნოტში, თუმცა უშედეგოდ.

ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, როცა ამ ეზოს მოსახლეობა დახმარების სათხოვნელად საკრებულოში პირველად მივიდა, 2019 წლის 19 ოქტომბერს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ნაკაიძემ, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო, სხდომაზე დაადასტურა – ვიცით ამ ამბის შესახებ, მოგვარებაც გვინდოდა, მაგრამ „ყველგან კანონს დავეჯახეთ“ და ახლა სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონის იმედი გვაქვსო.

ქეთი ლასტაკანიძემ პრობლემის შესწავლისა და გადაჭრის გზების მოსაძებნად სამუშაო ჯგუფის შექმნა მოითხოვა. რამაზ ჯინჭარაძემ კი განაცხადა – „მივალთ და მოსახლეობას დაველაპარაკებით.“

დისკუსიაში საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ ლევან დოლიძეც ჩაერთო. ზოგადად, ის სხდომაზე გამოსვლებით არ გამოირჩევა და ძირითადად ჩუმად არის. ლევან დოლიძემ თქვა, რომ ამ კონკრეტულ პრობლემას კარგად იცნობს და დაჭაობებული პარკინგის ადგილის ამოშრობაც უნდოდა, მაგრამ საშიშროება იყო, რომ კედელი ჩამოიშლებოდა.

მაზნიაშვილის ქუჩის #35-37-ში დაუსრულებელი სახლის მომავალმა მესაკუთრეებმა მშენებელ კომპანიას პროკურატურაში 2019 წელს უჩივლეს. კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, მათ ამ სახლში ბინები უნდა მიეღოთ. 22 ოჯახს კომპანია მათი საკუთრების დათმობის სანაცვლოდ ახალი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობას და ამ სახლში ფართობების გადაცემას დაჰპირდა.

როგორც დაზარალებულები ჰყვებიან, ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ ისინი დაუსრულებელ სახლში შესახლდნენ, რადგან სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდათ.

___

6 წელი ახალი სახლის მოლოდინში – ინვესტორისგან მოტყუებული 22 ოჯახი მაზნიაშვილის ქუჩაზე

 

რატომ ჭრიან ხეებს იქ, სადაც სკვერს აწყობენ – ბათუმის მერიის განმარტება

ბათუმში, აღმაშენებლის 34 ნომერში, მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს. მოქალაქის ინფორმაციით, 2 აყვავებული ხე მოთხარეს და დაჭრეს. მისივე თქმით, ადგილზე იყვნენ გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებიც.

ბათუმის მერიის ტენდერის ფარგლებში მოთხრილი ხე აღმაშენებლის 34-ში

აღმაშენებლის 34-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები იმ ტენდერის ფარგლებში ხორციელდება, სადაც მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელშეკრულება შპს „ნიუ სთაილთან“ 1 788 856 ლარზე აქვს გაფორმებული [ამ ტენდერის ფარგლებში სკვერი რამდენიმე მისამართზე უნდა მოეწყოს].

ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში კი, სადაც შესასრულებელი სამუშაოებია ჩამოთვლილი, არსად არის მითითებული ხეების მოჭრა/ამოთხრა.

მოქალაქე, რომელმაც ფოტომასალა მოგვაწოდა, აცხადებს, რომ ქარის შემდეგ ხეები გადახრილიც კი არ იყო, თუმცა ბათუმის მერია საპირისპიროს ირწმუნება.

„ბოლოდროინდელი ძლიერი ქარის დროს აღმაშენებლის 34-ში მდებარე აღნიშნულ ხეებს შეექმნა წაქცევის საფრთხე. ხეები იყო დაზიანებული და მოსახლეობის თხოვნით, ასევე შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, მოხდა მათი ამოღება“, – გვითხრეს მერიის სამმართველოში.

სამმართველოს შესაბამისი ოქმის ასლიც ვთხოვეთ, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს, რომ ხეები საფრთხის შემცველი იყო, თუმცა ასეთი დოკუმენტი ვერ მოგვაწოდა.

„ეს იყო მოსახლეობის თხოვნა, ქარის მიერ გამოწვეული საშიშროებიდან გამომდინარე. კონტრაქტორი კომპანია, ასე ვთქვათ, დაეხმარა მოსახლეობას… სტიქიის დროს ფორსმაჟორული გადაწყვეტილების მიღება ხდება საჭირო. თუ დამატებით გაინტერესებთ დეტალები, წერილობით მოგვმართეთ და გიპასუხებთ“, – მოგვწერეს მერიის სამმართველოდან.

ბათუმის მერიის ტენდერის ფარგლებში მოთხრილი ხე აღმაშენებლის 34-ში

დოკუმენტების მიხედვით, უშუალოდ აღმაშენებლის N34-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 104 ათას 144 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ბრძანებაც, რომლის მიხედვითაც „ნიუ სთაილთან“ დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე ზედამხედველობა სამმართველოს მონიტორინგისა და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების შტატგარეშე ტექნიკურ ზედამხედველს აქვს დავალებული.

ტენდერის ფარგლებში სკვერების მოწყობა აღმაშენებლის 34-ის გარდა ბათუმში კიდევ 7 მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის, გორგილაძის ქუჩაზე – ხელოვნების მუზეუმთან მდებარე სკვერშიც.

ტენდერი მერიის სამმართველოს 2,2 მილიონი ლარით ჰქონდა გამოცხადებული:

2,2 მილიონი ლარი სკვერების მოსაწყობად ბათუმში – რა მისამართები შეარჩია მერიამ

აჭარის რა პრობლემები მოხვდა სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში

აჭარის რეგიონიდან რამდენიმე საკითხი მოხვდა სახალო დამცველის ანგარიშში. სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშს „ბათუმელებმა“ ამ კუთხით გადაავლო თვალი.

სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში მოხვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული რამდენიმე საქმე, მაგალითად „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმე“. ამ საქმეზე მსჯავრდებული 3 პირი – საქართველოს 2 მოქალაქე და უკრაინის 1 მოქალაქე – პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

3 მსჯავრდებული 2020 წლის ნოემბერში ღია ზღვაში დააკავეს. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი ამბობდნენ, რომ იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში. სამივე მათგანი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს სანაპიროდან 12 კმ-ში დააკავეს.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ეს განაჩენი მნიშვნელოვან წინააღმდეგობაშია კანონიერების პრინციპთან:

„აპარატის მიერ შესაბამისი ნორმატიული მასალის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული ან/და სხვა შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით არ არის გათვალისწინებული მცურავი საშუალების მიერ ტერიტორიულ ზღვაში შემოსვლამდე სახელმწიფო უწყებებისთვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება.

ამასთან, არ არსებობს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მკაფიოდ და ერთპიროვნულად განსაზღვრავდა, თუ რას გულისხმობს რადიოკავშირის წესის დარღვევა. დამატებით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ გამოიკვეთა ეკიპაჟის მიერ მშვიდობის, წესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოების საყოველთაო პრინციპების დარღვევა, რასაც შეიძლებოდა მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობა გამოერიცხა.

შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მნიშვნელოვან წინააღმდეგობაშია კანონიერების პრინციპთან,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

ბათუმის საქალაქო სასამართლო სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშში მოხვდა „ხვიჩა შაქარიშვილის საქმითაც“. შაქარიშვილი აგვისტოს ომის ვეტერანია და ფეისბუქპოსტის გამო დააჯარიმეს. ის ფეისბუქპოსტში კონკრეტულ პოლიციელებს შეურაცხყოფდა. ვეტერანი სადავო ფეისბუქპოსტის გამოქვეყნებიდან მე-8 დღეს დააკავეს.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს ახალ სტანდარტზე: „წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა შესაძლებელია სოციალური ქსელის მეშვეობითაც“.

„…რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი იმ შემთხვევაში უკავშირებს პასუხისმგებლობას, თუ ის ჩადენილია ადრესატის „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“.

ამ ფორმულირების თანახმად, მუხლის მიზანია არა სპეციალურ სუბიექტთა პატივისა და ღირსების ზოგადი დაცვა, არამედ მათი მხრიდან საჯარო უფლებამოსილების შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფა, რასაც საფრთხე ექმნება პირისპირ შეურაცხყოფისა და ამით, საჯარო წესრიგის დარღვევის პირობებში. სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ გამონათქვამებს ასეთი რეალური საფრთხის გამოწვევა არ შეუძლია.

მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზედმეტად ფართოდ განმარტა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ამკრძალავი ნორმა და ამგვარი შეზღუდვის ქვეშ მოაქცია ისეთი უცენზურო გამონათქვამებიც, რომლებიც გაკეთებულია სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და არა უშუალოდ ამგვარი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში.

ამავე დროს, სასამართლომ მიიჩნია, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა შესაძლებელია სოციალური ქსელის მეშვეობითაც, თუმცა, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალურ ნორმას წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, სანქცირებისთვის მხოლოდ ეს უკანასკნელი გამოიყენა.

მსგავსი ინტერპრეტაცია არ დაემთხვა სააპელაციო სასამართლოს მიერ წარსულში გაკეთებულ განმარტებებს და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფრთხე წარმოშვა.

მოცემული ეტაპისთვის, დადგენილება სააპელაციო წესით არის გასაჩივრებული.

ცალკე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ დადგენილების დასაბუთების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლო დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გავრცელებას შეეხება და აღნიშნა, რომ დაკავებული პირის ქცევა, შესაძლოა, გამხდარიყო საზოგადოებაში სიძულვილის ენის წამახალისებელი ფაქტორი.

სახალხო დამცველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სიძულვილის ენის გაიგივება ლანძღვა – გინებასთან, რამდენადაც, განსხვავებით სიძულვილის ენისგან, იგი მიზნად არ ისახავს პირთა მიმართ რეალური ან მიწერილი პიროვნული ნიშან-თვისებების ან სტატუსის გამო ძალადობის, სიძულვილის ან დისკრიმინაციის წახალისებას, ხელშეწყობას, გავრცელებას და გამართლებას ან მათ დამცირებას,“ – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

სახალხო დამცველის წინა წლის „შეუსრულებელი რეკომენდაციების“ ნაწილში ბათუმი მოხვდა „ახალი მეჩეთის საქმით“. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერიას დისკრიმინაცია მუსლიმი თემის მიმართ სააპელაციო სასამართლომაც დაუდგინა, მუსლიმებს მაინც არ აძლევენ ახალი მეჩეთის აშენების უფლებას.

ბათუმის ისტორიულ ბულვარში უკანონოდ აშენებული კორპუსის ამბავიც მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშში.

„ბათუმის ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შპს „ამბასადორი ბათუმმა“ მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილება საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მიიღო.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებამდე/დამტკიცებამდე, შესაბამისმა უწყებებმა, ვითარების კიდევ უფრო დამძიმებისა და შეუქცევადი ზიანის დადგომის თავიდან ასარიდებლად, სულ მცირე, არ უნდა დაუშვან ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება. მით უფრო, რომ ბათუმი რეკრეაციული ტერიტორიების, ისტორიული მახასიათებლების, ურბანული კულტურული მემკვიდრეობის, ინდივიდუალური ძეგლების დაცვა-შენარჩუნების თვალსაზრისით, ისედაც მძიმე გამოწვევების წინაშე დგას,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

აქვე საუბარია კანონმდებლობაზე, რომელიც სამშენებლო სექტორისთვის შეიცვალა და საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა.

სახალხო დამცველი გასულ წელსაც სწავლობდა იმ კლინიკებში არსებულ მდგომარეობას, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები მკურნალობენ. ერთ-ერთი ასეთი კლინიკა ბათუმშია.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრში გამოიყენება ისეთი სტატიკური უსაფრთხოების ზომა, როგორიც არის პაციენტთა ხანგრძლივი დროით სხვა პაციენტებისგან განცალკევება. პაციენტის ხანგრძლივად განცალკევებით მოთავსება იმაზე მიუთითებს, რომ დაწესებულებების განყოფილებაში არ არის უზრუნველყოფილი დინამიკური უსაფრთხოება და პაციენტის სათანადო მეთვალყურეობა.

ასევე საგულისხმოა, რომ პალატების გადატვირთულობა კვლავ პრობლემურია ბათუმის სამედიცინო ცენტრში. გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პრობლემურია თერაპიული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და პირობების არარსებობა. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ყველა ზომა მიიღოს, რათა სისტემური მონიტორინგის გზით გაკონტროლდეს ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების შესაბამისობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის შესახებ დებულებით დადგენილ სტანდარტებთან,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველი „ბათუმის სამედიცინო ცენტრს“ მოუწოდებს, „თითოეული პაციენტი უზრუნველყოს სტანდარტით დადგენილი 8 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობით“.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს ბათუმში მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის გააქტიურებას. ომბუდსმენი დასძენს იმასაც, რომ საჭიროების მიუხედავად ამ დრომდე სადღეღამისო ცენტრები არ გახსნილა.

„დადებითად უნდა შეფასდეს საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისგან დაცვის მიზნით, 2023-2026 წლების სტრატეგიის შემუშავება. აქვე მისასალმებელია, რომ 2022 წელს „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მომუშავე მობილური ჯგუფის რაოდენობა ორამდე გაიზარდა. თუმცა, სამწუხაროდ, აჭარაში, მისი მწვავე საჭიროების მიუხედავად, ჯერაც არ გახსნილა მიუსაფარი ბავშვებისთვის ქვეპროგრამით გათვალისწინებული სადღეღამისო თავშესაფარი,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა თორნიკე რიჟვაძეც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რიჟვაძემ „ჰომოფობიური და დისკრიმინაციის წამახალისებელი“ ტერმინი გამოიყენა, „როდესაც ქვეყანაში მიმდინარე
ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პროტესტის მიმართ დისკრიმინაციული შეფასება გააკეთა: „არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ 2022 წლის 28 ივნისს.

ალეკო ელისაშვილის დისშვილი სახალხო დამცველმა მოადგილედ დანიშნა – „პარტიის წევრი აღარ ვარ“

„ეს იქნებოდა ძალიან დიდი პრობლემა იმ შემთხვევაში, სახალხო დამცველი რომ თავად ალეკო [პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი] იყოს, ან მას რამე კავშირი ჰქონდეს სახალხო დამცველის აპარატთან,“ – ამბობს ნათია ჯულაყიძე, სახალხო დამცველის ახალი მოადგილე საქართველოში.

დღეს, 3 აპრილს, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, თავის მოადგილეებად ნათია ჯულაყიძე და ელენე ღუდუშაური დანიშნა.

ნათია ჯულაყიძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ის ნამდვილად არის პარლამენტარ ალეკო ელისაშვილის დისშვილი და ამ დრომდე პარტია „მოქალაქეების“ წევრი იყო. „მოქალაქეების“ სიით მოხვდა პარლამენტში ლევან იოსელიანიც, ვიდრე მას სახალხო დამცველად აირჩევდნენ. „მოქალაქეების“ ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილია, პარლამენტის წევრი.

„მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ,“ – ამბობს ნათია ჯულაყიძე, რომელსაც ვკითხეთ: ხომ არ შესუსტდება ნდობა სახალხო დამცველის მიმართ, რომელმაც მოადგილე იმ პარტიიდან შეარჩია, სადაც თვითონ მუშაობდა და თანაც პარტიის ხელმძღვანელის დისშვილი?

ნათია ჯულაყიძე 2021 წლის თებერვლიდან ამ დრომდე პარლამენტის ვიცე-სპიკერის [ლევან იოსელიანი] აპარატში მუშაობდა უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. ნათია ჯულაყიძე ამბობს, რომ პარტია „მოქალაქეებში“ რაიმე თანამდებობა არ ჰქონდა და ეს „სამსახური არ იყო“.

სახალხო დამცველის ახალი მოადგილის სამუშაო გამოცდილება 2020 წლიდან იწყება – მას სამოქალაქო ორგანიზაციებში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება აქვს.

ნათია ჯულაყიძე სახელმწიფო მართვის და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე არის გრონინგენის უნივერსიტეტის და ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის მაგისტრი.

„…სახალხო დამცველი არის ლევან იოსელიანი და მე შემოთავაზება მივიღე ლევან იოსელიანისგან იმიტომ, რომ მე და ლევანს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება გვაქვს. მათ შორის, აპარატის უფროსი სპეციალისტი ვიყავი და მებარა ის თემები, რაც ახლა სახალხო დამცველის აპარატში გადმოვიბარე…

მოქმედ დეპუტატთან მაქვს ნათესაური კავშირი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სახალხო დამცველის აპარატთან,“ – გვითხრა სახალხო დამცველის ახალმა მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ.

რიკოთზე მოძრაობა კვირის ბოლომდე არ განახლდება – დეპარტამენტი

რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობის აღგენის შესაძლებლობაზე გზების დეპარტამენტი მიმდინარე კვირის ბოლოს „იმსჯელებს“, როცა სპეციალისტების წინასწარი დასკვნა ექნებათ მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად როდის გაიხსნება გზა რიკოთის უღელტეხილზე.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე გზის ჩაკეტვა მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებს უკავშირდება და ტერიტორიას სპეციალისტები სწავლობენ.

„ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კმ-ზე გზის გაფართოების სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შესაბამისი გეოლოგიური კვლევებისათვის გზის მიყვანის სამუშაოები. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გეოლოგიური, გეოფიზიკური კვლევები საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ.

კვირის ბოლოსათვის უკვე ცნობილი იქნება პირველადი, წინასწარი შედეგები, რომლის შემდეგაც იმსჯელებენ როგორც საფრთხეების დონეზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ დღეს, 3 აპრილს, გავრცელებულ რელიზში.

მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, სადაც, დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ სამუშაოებმა და მოძრაობის ინტენსივობამ აღნიშნულ გზაზე საცობები და მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

„ტარდება ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზის საფარის და დამეწყრილი ადგილების რეაბილიტაცია, რაც ხელს უშლის მოძრაობას და შეფერხებით ხდება გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ 6 კმ-იან მონაკვეთზე“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ცენტრალული ავტომაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთი 30 მარტიდან ამ დრომდე ჩაკეტილია:

მეწყრის საშიშროების გამო რიკოთი ჩაკეტილია – მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზეა გადართული

პოლონეთმა უკრაინას რამდენიმე „მიგ-29“ გადასცა

პოლონეთის ხელისუფლებამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო თვითმფრინავები – „მიგ-29“ გადასცა.

ამის შესახებ „ბიბისი“ წერს პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას წარმომადგენელზე საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მარსინ პრჟიდაჩზე დაყრდნობით.

პრჟიდაჩმა არ დააკონკრეტა ზუსტად რამდენი „მიგ-29“ გადასცა პოლონეთმა უკრაინას, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პირველი ტრანშია და იქნება შემდგომი მხარდაჭერაც.

16 მარტს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ კიევი პირველ ოთხ „მიგ-29“-ს უახლოეს დღეებში მიიღებდა.

უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების მიწოდებას, რომელთა მართვაშიც უკრაინელი პილოტები გაწვრთნილნი არიან, ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც განიხილავენ.

ცნობილია, რომ სლოვაკეთი უკრაინას 13 ავიაგამანადგურებელს გადასცემს.

უკრაინას დასავლური ქვეყნებისთვის არაერთხელ უთხოვია თანამედროვე თვითმფრინავების, მათ შორის, F-16-ების მიწოდება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 175 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 610]
  • ტანკი – 3 619 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 6 993 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 2 694 ერთეული [+7]
  • MLRS – 527 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 280 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 306 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 291 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 262 ერთეული [+13]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 553 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 298 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 405 თვითმფრინავი
  • 228 ვერტმფრენი
  • 3 648 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 521 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 078 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 494 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 287 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პოლონეთმა უკრაინას რამდენიმე „მიგ-29“ გადასცა

 

პლაჟის ზღვაში ჩაზვავების რისკის შესამცირებლად ბათუმის კონცხთან კვლევას ჩაატარებენ

ბათუმის კონცხთან პლაჟის მოწყვეტის და ზღვაში ჩაზვავების რისკის შესამცირებლად სპეციალისტები შესაბამის კვლევას ჩაატარებენ.

კვლევის შედეგად თუ აღმოჩნდა, რომ კონცხის წყალქვეშა ფერდზე ჭარბი რაოდენობით ნატანია დაგროვილი, შემუშავდება პროექტი, რომლის მიხედვითაც ჭარბ ნატანს ამოიღებენ და ავარიულ სანაპირო უბნებზე გადაიტანენ.

ავარიული უბნები ბათუმის სანაპიროზე, დღევანდელი მდგომარეობით, ახალი ბულვარის გასწვრივაა, სადაც ზღვა ნაპირს რეცხავს. ზოგიერთ ადგილზე ზღვის ხელოვნური კვების მიზნით უკვე შეაქვთ ხრეში, რომელსაც ჭოროხის კალაპოტიდან იღებენ.

„ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობის შესწავლის, ჭარბი აკუმულაციის უბნების გამოვლენისა და მოსალოდნელი რისკების შემცირების მიზნით, სათანადო კვლევის ჩატარებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე“ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ხელშეკრულება იმ კომპანიასთან გააფორმა, რომლის პროექტითაც ზღვას ხელოვნურად კვებავენ.

სამმართველომ, ტენდერის გარეშე ხელშეკრულება შპს „ქოსთ დიზაინთან“ 2023 წლის 24 მარტს გააფორმა 41 700 ლარზე.

პლაჟი ბათუმის კონცხზე / 1.04.2023

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია სამუშაოებს ორ ნაწილად შეასრულებს:

  • ბათუმის კონცხის შავი ზღვის სანაპირო ზოლის წყალქვეშა ფერდობის შესწავლა, კვლევა [I ნაწილი];
  • წყალქვეშა ფერდობზე ჭარბი აკუმულირებული მასალის არსებობის შემთხვევაში, მისი ამოღების და ავარიულ სანაპირო უბანზე განთავსების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება [II ნაწილი].

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ კომპანია მეორე ნაწილით განსაზღვრულ სამუშაოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუ ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობზე ჭარბი აკუმულირებული მასალის არსებობა დადგინდება.

„წყალქვეშა ფერდობზე ჭარბი აკუმულირებული მასალის არარსებობის შემთხვევაში კომპანიას არ გააჩნია პრეტენზია მეორე ნაწილით განსაზღვრული მომსახურების შესრულებაზე/მისი ანაზღაურების მოთხოვნაზე და სამმართველო აანაზღაურებს მხოლოდ პირველი ნაწილით განსაზღვრული მომსახურების ღირებულებას“, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ამასთან, პირველი ნაწილით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება შეადგენს 21 000 ლარს; ხოლო მეორე ნაწილით განსაზღვრული მომსახურების – 20 700 ლარს.

პირველი ნაწილით განსაზღვრული სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 20 სამუშაო დღეში უნდა შესრულდეს, ხოლო მეორე ნაწილის სამუშაოები [თუ ამის აუცილებლობა გამოიკვეთება] – სამმართველოს წერილობითი შეტყობინებიდან 15 სამუშაო დღეში.

ბათუმის კონცხი / 1.04.2023
კონკრეტული სამუშაოები, რომლებიც კომპანიამ უნდა ჩაატაროს

I ნაწილი – ბათუმის კონცხის შავი ზღვის სანაპირო ზოლის წყალქვეშა ფერდობის შესწავლა, კვლევა:

  • საძიებო-კვლევითი სამუშაოების განხორციელება: საკვლევი უბნის ტოპო-გეოდეზიური აგეგმვა; საკვლევი უბნის სანაპირო ზოლის მიმდებარე ზღვის აკვატორიის ბათიმეტრიული აგეგმვა; საკვლევი უბნის ზოგადი საინჟინრო-გეოლოგიური მახასიათებლების განსაზღვრა.
  • სანაპირო ზოლის მორფოდინამიკური პროცესები: მორფოდინამიკური პროცესების ისტორიული მიმოხილვა; წყალქვეშა ბათუმის კანიონის და მყარი ნატანის მნიშვნელობა ნაპირის ფორმირებაში; ზღვის ტალღური რეჟიმი.
  • საპროექტო ღონისძიებები: წყალქვეშა ფერდობიდან ჭარბი აკუმულირებული მასალის მოცულობის დადგენა.

II ნაწილი – წყალქვეშა ფერდობზე ჭარბი აკუმულირებული მასალის არსებობის შემთხვევაში მისი ამოღების და ავარიულ სანაპირო უბანზე განთავსების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება [სათანადო უსაფრთხოების ღონისძიებების გათვალისწინებით]:

  • წყალქვეშა ფერდობიდან ჭარბი აკუმულირებული მასალის ამოღების და ავარიულ სანაპირო უბანზე განთავსების საპროექტო ღონისძიებები: დაგეგმილი ღონისძიებების გეგმის მომზადება; სანაპირო ზოლის ავარიული უბნის დადგენა [სადაც მოხდება ამოღებული მასალის განთავსება]; სამშენებლო სამუშაოების მოცულობათა უწყისის შედგენა; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.
  • სკრინინგის ანგარიშის შედგენა.

[„იმ შემთხვევაში თუ დადგინდება რომ წყალქვეშა ფერდობზე ჭარბი აკუმულირებული მასალა არ არის, მაშინ II ნაწილით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების საჭიროება აღარ იქნება“ – წერია ხელშეკრულებაში].

ბათუმის კონცხთან 1999 წლის 14 იანვარს ნაპირს მოწყდა და მყისიერად დაიკარგა ზღვაში დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი [დაახლოებით 1,2 ჰექტარი].

„[ინერტული] მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში. როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი, დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო უცნობია“, – აღნიშნული იყო „ქოსთ დიზაინის“ მიერ მომზადებულ პროექტში, რომლის მიხედვითაც ბათუმში ზღვის ხელოვნური კვებაა დაწყებული.

ამავე პროექტში აღნიშნულია ასევე, რომ „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.

უფრო ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

პლაჟის ზღვაში ჩაზვავების რისკი მაღალია – ბათუმის კონცხთან წყალქვეშა ფერდობს შეისწავლიან

აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს

აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი „აჭარის წყლის ალიანსმა“ ხელახლა გამოაცხადა. დაინტერესებული კომპანიებისთვის წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 30 მაისია.

  • სოფლების და დაბების ჩამონათვალი, სადაც ქსელის მშენებლობისთვის 37 მილიონზე მეტი ევრო უნდა დაიხარჯოს ნახეთ ამ ბმულზე

წინა ტენდერი, რომელიც 2022 წელს იყო გამოცხადებული, ჩავარდა.

როგორც „ბათუმელებს“ „აჭარის წყლის ალიანსში“ უთხრეს, წინა ტენდერი სამეტაპიანი იყო და პირველ ეტაპზე უნდა შერჩეულიყო მინიმუმ სამი კომპანია, რომლებიც სატენდერო მოთხოვნებს დააკმაყოფილებდნენ, თუმცა, ვერ შეირჩა. შესაბამისად, ტენდერი ჩავარდა.

აჭარის სოფლებში საკანალიზაციო ქსელის მშენებლობაზე ტენდერი ადრეც გამოაცხადეს და როგორც ალიანსში განმარტეს, „ძირითადად პანდემიის გამო არ შედგა“.

ამჯერად გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი შედარებით გამარტივებულია და ერთეტაპიანია. ალიანსში აცხადებენ, რომ საუკეთესო ვარიანტში, მშენებელი კომპანია მაქსიმუმ 2023 წლის აგვისტოში უკვე გამოვლენილი უნდა იყოს.

აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირი. პროექტს, რომლისთვისაც მთლიანობაში 53 მილიონი ევროა საჭირო, სახელმწიფო კომპანია „აჭარის წყლის ალიანსი“ ახორციელებს.

საერთაშორისო ტენდერი კი KfW სტანდარტების შესყიდვების შესაბამისად არის გამოცხადებული.

53 მილიონი ევროდან 40 მილიონი ევრო სესხია, ხოლო 10 მილიონი ევრო – გრანტი. ამ თანხაში შედის მთლიანობაში ყველა მომსახურება კონსულტანტების ჩათვლით; უშუალოდ ქსელის მშენებლობისთვის კი, 37 მილიონი ევროა გათვლილი.

იმ სოფლებში, სადაც საკანალიზაციო სისტემები პროექტის ფარგლებში „აჭარის წყლის ალიანსმა“ უნდა მოაწყოს, დაგეგმილია ინდივიდუალური და კომუნალური ტიპის სეპტიკური ავზების მშენებლობა.

საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად დაგეგმილია ასევე რამდენიმე ხელოვნური ჭაობის აშენებაც. საკანალიზაციო წყლების დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ასეთ „ჭაობებში“ ძირითადად სპეციალურად შერჩეულ მცენარეებზე იქნება დამოკიდებული.

ამ ეტაპზე მომზადებული დოკუმენტების მიხედვით, ხელოვნური ჭაობების მშენებლობა იგეგმება დაბა ხულოში, შუახევში [2 „ჭაობი“] და ოჩხამურში [5 „ჭაობი“]. რაც შეეხება დაბა ქედას, აქ „ჭაობის“ ნაცვლად, აშენდება სხვა ტიპის გამწმენდი ნაგებობა – დისკური ბიოფილტრები.

ამ თემაზე ვრცლად:

ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად

 

 

 

 

მდიდრული ნივთები, ქანდაკებები და რუსული გერბი: რა ამოიღეს კიევ-პეჩორის მიტროპოლიტის სახლიდან

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინეს რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის [УПЦ МП] კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტის, პავლე ლებედის [მეტსახელად პაშკა მერსედესი] სახლის ჩხრეკისას. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრი იუწყება, პავლე ლებედისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, გამომძიებლებმა გადაუდებელი ჩხრეკა ჩაატარეს იმ შენობაში, სადაც სკანდალური მიტროპოლიტი ცხოვრობდა.

ფოტოს თანახმად, პავლე ლებედი ცხოვრობდა ორსართულიან სასახლეში, რომელსაც ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი პომპეზური ინტერიერი აქვს.

მიტროპოლიტ ლებედის სახლიდან ამოღებული ნივთები

გამომძიებლებმა ამოიღეს ხატები, ტილოები და ქანდაკებები, რომლებიც ვერცხლის და ოქროს მსგავსი ქვებითა და ლითონებით არის მორთული.

ამოღებულ საგნებს შორისაა ხელნაკეთი ნივთი რუსეთის ჭედური გერბით. ფოტოზე, რომელიც სამართალდამცავებმა გაავრცელეს, გამოსახულია გვირგვინოსანი ორთავიანი არწივი.

მიტროპოლიტ ლებედის სახლიდან ამოღებული ნივთები

1-ელ აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კიევ-პეჩორის ლავრის ყოფილ მიტროპოლიტს, პავლე ლებედს [„მერსედესი“] ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს, მათ შორის არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამართლება.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ მოიპოვეს მიტროპოლიტის საუბრის ჩანაწერი, რასაც გამოძიება დაეფუძნა.

მიტროპოლიტი დღეს, 2 აპრილსაც, დაკითხვაზე ჰყავთ. როგორც თავად თქვა, ის ამ ეტაპზე შინაპატიმრობაში იმყოფება.

ორთავიანი არწივი, მიტროპოლიტ ლებედის სახლიდან ამოღებული ნივთები

კიევ-პეჩორის ლავრასთან დაკავშირებულ მოვლენებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამჯერად არამხოლოდ რუსეთის, არამედ ღმერთის სასჯელითაც დაემუქრა.

____

29 მარტს ამოიწურა ვადა, როცა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის (УПЦ МП) სასულიერო პირებს კიევ-პეჩორის ლავრა უნდა დაეტოვებინათ. თუმცა ისინი კვლავაც იქ რჩებიან და დღეს, 2 აპრილს УПЦ МП-ის მიტროპოლიტმა ონოფრემ ლავრაში საკვირაო წირვაც კი ჩაატარა.

გუშინ პავლე „მერსედესის“ კიევის შევჩენკოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებას სახით 60-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა.

მიტროპოლიტ ლებედის სახლიდან ამოღებული ნივთები

პარალელურად მოსკოვის გავლენის ქვეშ მყოფმა ბერებმა კიევ-პეჩორის ლავრის შესასვლელთან პარაკლისი ჩაატარეს, რომელსაც 150-მდე ადამიანი ესწრებოდა.

ისინი მსახურების დროს ყვირილით ცდილობდნენ იმ აქტივისტების ხმების გადაფარვას, რომლებიც უკრაინის დროშებით ლავრასთან შეიკრიბნენ. სასულიერო პირებმა აქტივისტებს ნაკურთხი წყალი დაასხეს.

УПЦ МП-ს მღვდელმა კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე აქტივისტები „ნაკურთხი წყლით“ დაასველა

Exit mobile version