აჭარის რეგიონიდან რამდენიმე საკითხი მოხვდა სახალო დამცველის ანგარიშში. სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშს „ბათუმელებმა“ ამ კუთხით გადაავლო თვალი.
სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში მოხვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული რამდენიმე საქმე, მაგალითად „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმე“. ამ საქმეზე მსჯავრდებული 3 პირი – საქართველოს 2 მოქალაქე და უკრაინის 1 მოქალაქე – პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
3 მსჯავრდებული 2020 წლის ნოემბერში ღია ზღვაში დააკავეს. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი ამბობდნენ, რომ იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში. სამივე მათგანი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს სანაპიროდან 12 კმ-ში დააკავეს.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ეს განაჩენი მნიშვნელოვან წინააღმდეგობაშია კანონიერების პრინციპთან:
„აპარატის მიერ შესაბამისი ნორმატიული მასალის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული ან/და სხვა შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით არ არის გათვალისწინებული მცურავი საშუალების მიერ ტერიტორიულ ზღვაში შემოსვლამდე სახელმწიფო უწყებებისთვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება.
ამასთან, არ არსებობს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მკაფიოდ და ერთპიროვნულად განსაზღვრავდა, თუ რას გულისხმობს რადიოკავშირის წესის დარღვევა. დამატებით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ გამოიკვეთა ეკიპაჟის მიერ მშვიდობის, წესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოების საყოველთაო პრინციპების დარღვევა, რასაც შეიძლებოდა მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობა გამოერიცხა.
შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მნიშვნელოვან წინააღმდეგობაშია კანონიერების პრინციპთან,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
ბათუმის საქალაქო სასამართლო სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშში მოხვდა „ხვიჩა შაქარიშვილის საქმითაც“. შაქარიშვილი აგვისტოს ომის ვეტერანია და ფეისბუქპოსტის გამო დააჯარიმეს. ის ფეისბუქპოსტში კონკრეტულ პოლიციელებს შეურაცხყოფდა. ვეტერანი სადავო ფეისბუქპოსტის გამოქვეყნებიდან მე-8 დღეს დააკავეს.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს ახალ სტანდარტზე: „წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა შესაძლებელია სოციალური ქსელის მეშვეობითაც“.
„…რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი იმ შემთხვევაში უკავშირებს პასუხისმგებლობას, თუ ის ჩადენილია ადრესატის „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“.
ამ ფორმულირების თანახმად, მუხლის მიზანია არა სპეციალურ სუბიექტთა პატივისა და ღირსების ზოგადი დაცვა, არამედ მათი მხრიდან საჯარო უფლებამოსილების შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფა, რასაც საფრთხე ექმნება პირისპირ შეურაცხყოფისა და ამით, საჯარო წესრიგის დარღვევის პირობებში. სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ გამონათქვამებს ასეთი რეალური საფრთხის გამოწვევა არ შეუძლია.
მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზედმეტად ფართოდ განმარტა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ამკრძალავი ნორმა და ამგვარი შეზღუდვის ქვეშ მოაქცია ისეთი უცენზურო გამონათქვამებიც, რომლებიც გაკეთებულია სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და არა უშუალოდ ამგვარი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში.
ამავე დროს, სასამართლომ მიიჩნია, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა შესაძლებელია სოციალური ქსელის მეშვეობითაც, თუმცა, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალურ ნორმას წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, სანქცირებისთვის მხოლოდ ეს უკანასკნელი გამოიყენა.
მსგავსი ინტერპრეტაცია არ დაემთხვა სააპელაციო სასამართლოს მიერ წარსულში გაკეთებულ განმარტებებს და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფრთხე წარმოშვა.
მოცემული ეტაპისთვის, დადგენილება სააპელაციო წესით არის გასაჩივრებული.
ცალკე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ დადგენილების დასაბუთების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლო დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გავრცელებას შეეხება და აღნიშნა, რომ დაკავებული პირის ქცევა, შესაძლოა, გამხდარიყო საზოგადოებაში სიძულვილის ენის წამახალისებელი ფაქტორი.
სახალხო დამცველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სიძულვილის ენის გაიგივება ლანძღვა – გინებასთან, რამდენადაც, განსხვავებით სიძულვილის ენისგან, იგი მიზნად არ ისახავს პირთა მიმართ რეალური ან მიწერილი პიროვნული ნიშან-თვისებების ან სტატუსის გამო ძალადობის, სიძულვილის ან დისკრიმინაციის წახალისებას, ხელშეწყობას, გავრცელებას და გამართლებას ან მათ დამცირებას,“ – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.
სახალხო დამცველის წინა წლის „შეუსრულებელი რეკომენდაციების“ ნაწილში ბათუმი მოხვდა „ახალი მეჩეთის საქმით“. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერიას დისკრიმინაცია მუსლიმი თემის მიმართ სააპელაციო სასამართლომაც დაუდგინა, მუსლიმებს მაინც არ აძლევენ ახალი მეჩეთის აშენების უფლებას.
ბათუმის ისტორიულ ბულვარში უკანონოდ აშენებული კორპუსის ამბავიც მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშში.
„ბათუმის ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შპს „ამბასადორი ბათუმმა“ მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილება საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მიიღო.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებამდე/დამტკიცებამდე, შესაბამისმა უწყებებმა, ვითარების კიდევ უფრო დამძიმებისა და შეუქცევადი ზიანის დადგომის თავიდან ასარიდებლად, სულ მცირე, არ უნდა დაუშვან ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება. მით უფრო, რომ ბათუმი რეკრეაციული ტერიტორიების, ისტორიული მახასიათებლების, ურბანული კულტურული მემკვიდრეობის, ინდივიდუალური ძეგლების დაცვა-შენარჩუნების თვალსაზრისით, ისედაც მძიმე გამოწვევების წინაშე დგას,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
აქვე საუბარია კანონმდებლობაზე, რომელიც სამშენებლო სექტორისთვის შეიცვალა და საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა.
სახალხო დამცველი გასულ წელსაც სწავლობდა იმ კლინიკებში არსებულ მდგომარეობას, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები მკურნალობენ. ერთ-ერთი ასეთი კლინიკა ბათუმშია.
„ბათუმის სამედიცინო ცენტრში გამოიყენება ისეთი სტატიკური უსაფრთხოების ზომა, როგორიც არის პაციენტთა ხანგრძლივი დროით სხვა პაციენტებისგან განცალკევება. პაციენტის ხანგრძლივად განცალკევებით მოთავსება იმაზე მიუთითებს, რომ დაწესებულებების განყოფილებაში არ არის უზრუნველყოფილი დინამიკური უსაფრთხოება და პაციენტის სათანადო მეთვალყურეობა.
ასევე საგულისხმოა, რომ პალატების გადატვირთულობა კვლავ პრობლემურია ბათუმის სამედიცინო ცენტრში. გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პრობლემურია თერაპიული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და პირობების არარსებობა. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ყველა ზომა მიიღოს, რათა სისტემური მონიტორინგის გზით გაკონტროლდეს ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების შესაბამისობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის შესახებ დებულებით დადგენილ სტანდარტებთან,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
სახალხო დამცველი „ბათუმის სამედიცინო ცენტრს“ მოუწოდებს, „თითოეული პაციენტი უზრუნველყოს სტანდარტით დადგენილი 8 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობით“.
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს ბათუმში მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის გააქტიურებას. ომბუდსმენი დასძენს იმასაც, რომ საჭიროების მიუხედავად ამ დრომდე სადღეღამისო ცენტრები არ გახსნილა.
„დადებითად უნდა შეფასდეს საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისგან დაცვის მიზნით, 2023-2026 წლების სტრატეგიის შემუშავება. აქვე მისასალმებელია, რომ 2022 წელს „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მომუშავე მობილური ჯგუფის რაოდენობა ორამდე გაიზარდა. თუმცა, სამწუხაროდ, აჭარაში, მისი მწვავე საჭიროების მიუხედავად, ჯერაც არ გახსნილა მიუსაფარი ბავშვებისთვის ქვეპროგრამით გათვალისწინებული სადღეღამისო თავშესაფარი,“ – აღნიშნულია ანგარიშში.
სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა თორნიკე რიჟვაძეც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რიჟვაძემ „ჰომოფობიური და დისკრიმინაციის წამახალისებელი“ ტერმინი გამოიყენა, „როდესაც ქვეყანაში მიმდინარე
ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პროტესტის მიმართ დისკრიმინაციული შეფასება გააკეთა: „არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ 2022 წლის 28 ივნისს.