მთავარი,სიახლეები

რატომ იზრდება მედუზების რაოდენობა მარმარილოს ზღვაში

04.04.2023 • 1153
რატომ იზრდება მედუზების რაოდენობა მარმარილოს ზღვაში

მარმარილოს ზღვაში ბოლო 20 წლის განმავლობაში მედუზების 20-დან 30-მდე ახალი სახეობა იქნა აღმოჩენილი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თევზის მარაგს და ზღვის ბინადრების არსებობას.

თურქი მეცნიერების შეფასებით, მედუზების რაოდენობის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის – იმ სახეობების თევზჭერა, რომლებიც მედუზებით იკვებებიან. კიდევ ერთი ფაქტორი კლიმატის ცვლილება და, ასევე, ზღვაში არსებული პლასტმასით დაბინძურებაა.

სტამბოლის უნივერსიტეტის წყლის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მელექ იშიბილ ოკიარმა თურქულ მედიასააგენტო „ანადოლუსთან“ საუბრისას თქვა, რომ მედუზები, რომლებიც პლანეტაზე 550 მილიონი წლის განმავლობაში ცოცხლობენ მორფოლოგიური ცვლილებების გარეშე, უკიდურესად გამძლე ორგანიზმები არიან.

მეცნიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედუზებს აქვთ მაღალი ამტანობა ისეთი ცვლილებების მიმართ, როგორიცაა ტემპერატურა და ზღვის მარილიანობა, „რადგან ისინი იკვებებიან პლანქტონებითა და ზოოპლანქტონებით და მათ აქვთ საკვების ინტენსიური მარაგი“.

ასევე არიან არსებები, რომლებიც იკვებებიან მედუზებით, მათ შორის ყველაზე ცნობილია ზღვის კუები. გარდა ამისა, ეკოსისტემაში 120-ზე მეტი სახეობის თევზი იკვებება მედუზებით, მათ შორის არიან სარდინები, შიმშერი [ხმალა] და ჭიჭყინა. დელფინებიც მედუზებით იკვებებიან თავიანთი შვილების გასავარჯიშებლად, თუმცა ამ სახეობებისა და ზღვის კუების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა“, – განმარტა მეცნიერმა.

მან ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების ფაქტორსაც.

„ერთი მხრივ, მდინარეებზე აგებული კაშხლები, ზღვები, მდინარეებთან ერთად, კარგავენ რეგენერაციის [აღდგენის, განახლების] უნარს; გაიზარდა ზღვაში ისეთი საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების შეტანა, როგორიცაა აზოტი და ფოსფორი. გლობალური დათბობის გამო ზღვის ტემპერატურა ფართოვდება ჩრდილოეთით, რადგან ჩანს, რომ თბილ ტემპერატურას მიჩვეული არსებები ჩრდილოეთისკენ იწყებენ მიგრაციას.

მეორე მხრივ, მიზეზია გადაჭარბებული თევზჭერა. ჩვენ გვაქვს სამრეწველო მეთევზეობა ძალიან ძლიერი აღჭურვილობით და სეზონზე ხდება იმ თევზების ამოღება, რომლებიც იკვებებიან მედუზებით.

ნაპირებზე ხისგან და ბეტონისგან დამზადებული ხელოვნური კონსტრუქციები ხელს უშლიან წყლის მიმოქცევას და საშუალებას აძლევენ მედუზებს, მყარ ზედაპირებზე მიემაგრონ, რაც ზრდის მათ რაოდენობას“.

პროფესორმა ოკიარმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მედუზების რაოდენობის გაზრდის კიდევ ერთი მიზეზი ზღვის პლასტმასით დაბინძურებაა.

მისივე თქმით, პლასტმასი ქმნის მყარ ზონას, სადაც მედუზები თავს იმაგრებენ, ეს ყველაფერი აქტიურ როლს თამაშობს მათ მიგრაციასა და გამრავლებაში იმ ადგილებში, სადაც ისინი ჩვეულებრივ არ გვხვდებოდნენ.

მედუზების მატება ნეგატიურ გავლენას ახდენს თევზის სხვა სახეობების გამრავლებაზე, რადგან ისინი იკვებებიან რამდენიმე სახეობის ქვირითითა და ლარვებით, ეს კი ხელს უშლის თევზის მომავალი მარაგების წარმოქმნას.

ოკიარმა აღნიშნა, რომ მედუზების რაოდენობა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ გლობალურადაც იზრდება. ეს მოიცავს ისეთ რეგიონებს, როგორიცაა: იაპონია, ჩინეთი, ისრაელი, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალიის ხმელთაშუა ზღვის ნაწილი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/ია ფრანგიშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: