მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ აქტივისტზე ხელის დარტყმისთვის ხათუნა ბერიძე კარატეს ფედერაციამ დასაჯა

04.04.2023 • 9433
„ოცნების“ აქტივისტზე ხელის დარტყმისთვის ხათუნა ბერიძე კარატეს ფედერაციამ დასაჯა

„მიეცა ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია,“ – წერია გადაწყვეტილებაში, რომელიც კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ხათუნა ბერიძის წინააღმდეგ მიიღო. ხათუნა ბერიძე ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელია და ამავე დროს კარატეს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის წევრი, შავი ქამრის მფლობელი, მწვრთნელ-ინსტრუქტორი და მოქმედი ვეტერანი სპორტსმენი.

ხათუნა ბერიძემ 28 მარტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ აქტივისტს – გიორგი გიორგაძეს ხელი დაარტყა, როცა ის ხათუნა ბერიძეს საჯარო სივრცის დატოვებას აიძულებდა.

28 მარტის აქციაზე ხათუნა ბერიძე ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოებიანი პლაკატებით და მაისურებით მივიდა ბათუმის დრამატულ თეატრთან, სადაც „ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციას მართავდა. აქციის მონაწილეებმა „ოცნებას“ ბათუმის საკრებულოს ენმ-ის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმე შეახსენეს, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან მოკლე ხანში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს საკრებულოს დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. ამ დრომდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდვია.

28 მარტს აქციის მონაწილეებს, მათ შორის, ხათუნა ბერიძეს, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს, თეატრთან მობილიზებულმა „ოცნების“ აქტივისტებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით სცადეს ოპოზიციონერ აქტივისტებს დაეტოვებინათ საჯარო სივრცე. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ადგილზე არ გამოჩენილან პოლიციელები, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მე-6 განყოფილება თეატრის გვერდით, ქუჩის გადაღმა მდებარეობს.

შსს-ს ამ დაპირისპირებაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ან გამოძიება არ დაუწყია. შესაბამისად, არც დაზარალებულის სტატუსი აქვს ვინმეს.

რას დაეყრდნო კარატეს ფედერაცია, რომელმაც ამ შემთხვევის შემდეგ ხათუნა ბერიძე დასაჯა?- კითხვა კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, მამუკა ყურაშვილს დავუსვით.

„ერთი წელი იყო მოთხოვნა დისკვალიფიკაციაზე და ნახევარი მისცეს ზუსტად იმიტომ, რომ მომჩივანი არ ჰყავს, საქმე არაა აღძრული. გავითვალისწინე ასევე, რომ არის კარგი სპორტსმენი, კარგი მსაჯი, მაგრამ ის ქმედება, რაც ბერიძემ ჩაიდინა, არ ეპატიება, ვინაიდან კარატეს ეტიკეტი დაარღვია, კარატე არ არის ვიღაცის შეურაცხყოფა, პირიქით, დაცვა არის,“ – გვითხრა მამუკა ყურაშვილმა, კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა.

კარატეს ფედერაციისთვის განცხადებით, ხათუნა ბერიძის ერთწლიანი დისკვალიფიკაციის მოთხოვნით, გოჩა სურმანიძეს მიუმართავს, აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს.

„…დაარღვია კარატეს ეთიკური ნორმები და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე დაუპირისპირდა ბათუმში გამართულ პარტია „ქართული ოცნების“ კონგრესის წევრებს, სადაც ფიზიკურად დაუპირისპირდა ერთ-ერთ პიროვნებას. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, უშუალოდ საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გოჩა სურმანიძემ დღის წესრიგში დააყენა ხათუნა ბერიძის მიმართ ერთწლიანი დისკვალიფიკაციის საკითხი, რაზეც საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმმა იმსჯელა და გოჩა სურმანიძის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა – ხათუნა ბერიძეს, ნაცვლად ერთი წლისა, მიეცა ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია,“ – აღნიშნულია კარატეს ეროვნული ფედერაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

„ჩვენ ვიცით, რომ ის [ხათუნა ბერიძე] ჩვენი სახეა, გვაინტერესებს, როგორც ჩვენი სახე, ჩვენი საქმე არაა პარტია და პარტიულობა, მიუხედავად იმისა, რომ მეც პარტიული ვარ,“ – აღნიშნა მამუკა ყურაშვილმა, კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა „ბათუმელებთან“.

მამუკა ყურაშვილის თქმით, ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, თუმცა ხათუნა ბერიძის დასჯა პოლიტიკური ანგარიშსწორება არ იყო.

„პოლიტიკური ანგარიშსწორება არ მჩვევია, ეს არის 9 კაცის გადაწყვეტილება, ყველამ გამოიტანა ეს ვერდიქტი,“ – გვითხრა მამუკა ყურაშვილმა.

გადაწყვეტილების ამსახველ დოკუმენტს, რომელიც კარატეს ფედერაციამ მიიღო, გამოცემის თარიღად 5 აპრილი აქვს მითითებული. კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს ამაზეც ვკითხეთ:

„ზუსტად ვერ გეტყვით, რატომაა ასე, დიდი ხანი არაა, რაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ,“ – დასძინა მამუკა ყურაშვილმა.

_____________________

ფოტოზე: ხათუნა ბერიძე და გიორგი გიორგაძე 28 მარტს ბათუმში გამართულ აქციაზე. კადრი „ბათუმელების“ ვიდეომასალიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: