უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინეს რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის [УПЦ МП] კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტის, პავლე ლებედის [მეტსახელად პაშკა მერსედესი] სახლის ჩხრეკისას. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრი იუწყება, პავლე ლებედისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, გამომძიებლებმა გადაუდებელი ჩხრეკა ჩაატარეს იმ შენობაში, სადაც სკანდალური მიტროპოლიტი ცხოვრობდა.
ფოტოს თანახმად, პავლე ლებედი ცხოვრობდა ორსართულიან სასახლეში, რომელსაც ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი პომპეზური ინტერიერი აქვს.
გამომძიებლებმა ამოიღეს ხატები, ტილოები და ქანდაკებები, რომლებიც ვერცხლის და ოქროს მსგავსი ქვებითა და ლითონებით არის მორთული.
ამოღებულ საგნებს შორისაა ხელნაკეთი ნივთი რუსეთის ჭედური გერბით. ფოტოზე, რომელიც სამართალდამცავებმა გაავრცელეს, გამოსახულია გვირგვინოსანი ორთავიანი არწივი.
1-ელ აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კიევ-პეჩორის ლავრის ყოფილ მიტროპოლიტს, პავლე ლებედს [„მერსედესი“] ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს, მათ შორის არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამართლება.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ მოიპოვეს მიტროპოლიტის საუბრის ჩანაწერი, რასაც გამოძიება დაეფუძნა.
მიტროპოლიტი დღეს, 2 აპრილსაც, დაკითხვაზე ჰყავთ. როგორც თავად თქვა, ის ამ ეტაპზე შინაპატიმრობაში იმყოფება.
კიევ-პეჩორის ლავრასთან დაკავშირებულ მოვლენებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამჯერად არამხოლოდ რუსეთის, არამედ ღმერთის სასჯელითაც დაემუქრა.
____
29 მარტს ამოიწურა ვადა, როცა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის (УПЦ МП) სასულიერო პირებს კიევ-პეჩორის ლავრა უნდა დაეტოვებინათ. თუმცა ისინი კვლავაც იქ რჩებიან და დღეს, 2 აპრილს УПЦ МП-ის მიტროპოლიტმა ონოფრემ ლავრაში საკვირაო წირვაც კი ჩაატარა.
გუშინ პავლე „მერსედესის“ კიევის შევჩენკოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებას სახით 60-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა.
პარალელურად მოსკოვის გავლენის ქვეშ მყოფმა ბერებმა კიევ-პეჩორის ლავრის შესასვლელთან პარაკლისი ჩაატარეს, რომელსაც 150-მდე ადამიანი ესწრებოდა.
ისინი მსახურების დროს ყვირილით ცდილობდნენ იმ აქტივისტების ხმების გადაფარვას, რომლებიც უკრაინის დროშებით ლავრასთან შეიკრიბნენ. სასულიერო პირებმა აქტივისტებს ნაკურთხი წყალი დაასხეს.