მთავარი,სიახლეები

15 წლის საქართველოს ჩემპიონი ხულოს სოფელ თაგოდან

04.04.2023
15 წლის საქართველოს ჩემპიონი ხულოს სოფელ თაგოდან

ჯაბა ბოლქვაძე, ხულოს სოფელ თაგოდან, საქართველოს ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის, 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჩემპიონატი ზუგდიდში ჩატარდა 30-31 მარტს.

ჯაბა 15 წლისაა, იგი 5 წელია, რაც დაბა ხულოს სასპორტო სკოლაში ვარჯიშობს.

„დარბაზში რომ მივიდე, ყოველდღე ხულო-თაგოს საბაგიროს ვიყენებ. არის მომენტები, როდესაც საბაგირო არ მუშაობს, ან ძლიერი ქარია და ფეხით მიწევს დარბაზში გასვლა, დაახლოებით 7 კილომეტრის გავლა“, – გვითხრა ჯაბამ.

ჯაბა ამბობს, რომ ამჟამად საერთოდ არ მოძრაობს ყოველდღიური ტრანსპორტი თაგოდან მუნიციპალიტეტში.

ჩემპიონატამდე 2 თვით ადრე ჯაბამ ფეხი დაიზიანა, რის გამოც ვერ ვარჯიშობდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მან ჩემპიონობა მაინც მოიპოვა. როგორც ჯაბამ აღნიშნა, ის ვარჯიშს მარტის დასაწყისში დაუბრუნდა.

ჯაბას სამომავლო გეგმაა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მოგება. ის გასულ წელს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. მოგებული აქვს საერთაშორისო ტურნირიც.

„შეჯიბრებებზე ჩემი ოჯახის წევრები მიჭერენ მხარს და განსაკუთრებით ჩემი მეგობარი სპორტსმენი, გიორგი კოჩალიძე“, – გვითხრა ჯაბამ.

15 წლის ჩემპიონის მწვრთნელი რამდენიმე წელია გრიგოლ შანთაძეა.

როგორც ჯაბას მწვრთნელმა გვითხრა, საქართველოში შესამჩნევია ხულოელი მოჭიდავეების გამორჩეულობა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.

„მაღალი კონკურენცია იყო შეჯიბრზე და გამოიკვეთა, რომ ჯაბა საქართველოს ნაკრების ლიდერია და მონაწილეობა უნდა მიიღოს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებშიც.

ჯაბა ძალიან შრომისმოყვარეა. ყველა დავალებას ზედმიწევნით ასრულებს. ყველაზე დიდი მიღწევა ალბათ ის არის, რომ ამ მოკლე პერიოდში ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია“, – გვითხრა გრიგოლ შანთაძე.

_______________________

მთავარი ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: