ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მოსალოდნელია ზემოქმედება გარემოზე – ხულოში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე გზშ მომზადდება

25.04.2021 • 1516
მოსალოდნელია ზემოქმედება გარემოზე – ხულოში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე გზშ მომზადდება

დაბა ხულოში კანალიზაციის ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ] დაექვემდებარა.

„გამწმენდი ნაგებობის სპეციფიკის, წარმადობის და მოსახლეობასთან დაშორების მანძილის ([60 და 100 მეტრი)] გათვალისწინებით, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ზემოქმედება გარემოს სხვადასხვა კომპონენტზე, რაც საჭიროებს დამატებით შესწავლას და შეფასებას“ – აღნიშნულია საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 22 აპრილის ბრძანებაში.

დოკუმენტების მიხედვით, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ხულოში დაგეგმილია ძველი მწყობრიდან გამოსული გამწმენდი ნაგებობის ადგილზე. საპროექტო გამწმენდ ნაგებობაში წარმოქმნილი ლამი გაიწმინდება გაუწყლოების მეთოდით და მიღებული ლამი გამოყენებული იქნება სოფლის მეურნეობაში. თხევადი ნაწილი კი, რაც გაუწყლოების შედეგად დარჩება, გაიწმინდება ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაში და ჩაეშვება მდინარე აჭარისწყალში. გამწმენდი ნაგებობა მდინარიდან 400 მეტრში აშენდება.

პროექტით ასევე დაგეგმილია 8,7 კმ სიგრძის კოლექტორის მოწყობა დაბის არეალში, რომელზეც დაერთდება საცხოვრებელი სახლების საკანალიზაციო ქსელი [დაახლოებით 300-იდან 400 სახლი]. ამასთან, სამუშაოების პროცესში მოხდება კერძო ნაკვეთების გადაკვეთა, განსაკუთრებით სახლების დაერთებისას. წყალარინების ქსელი მოეწყობა არსებულ გზაზე და უპირატესობა მიენიჭება გზის განაპირა არეალზე მოწყობას. საკანალიზაციო ქსელის სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაგეგმილია არსებული საკანალიზაციო ქსელისა და ჭების დემონტაჟი.

პროგრამა, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშომლობის ფარგლებში, ევროკავშირისგან დამატებით დაფინანსებით ხორციელდება. შესაბამისი სკრინინგის განაცხადით კი, სამინისტროს „აჭარის წყლის ალიანსმა“ მიმართა, რომელიც ამ პროგრამას ახორციელებს.

„საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები არ ყოფილა წარმოდგენილი,“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

მინისტრის ბრძანებით, გზშ-ს მომზადებისას „აჭარის წყლის ალიანსმა“ უნდა შეისწავლოს და გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:

[crosslist]

  • „საპროექტო ტერიტორია ხვდება ზურმუხტის ქსელის შეთავაზებულ საიტზე „გოდერძი“ – GE0000026, რომლის შესახებ სკრინინგის განცხადებაში არ არის ინფორმაცია მოცემული და არ არის ზემოქმედება შეფასებული, შესაბამისად, ზემოაღნიშნული საჭიროებს დამატებით შესწავლასა და შეფასებას;
  • სკრინინგის განცხადებაში არ არის მოცემული ინფორმაცია გამწმენდი ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის და ექსპლუატაციის ეტაპზე მოსალოდნელი საყოფაცხოვრებო და სახიფათო ნარჩენების შესახებ;
  • არ არის მოცემული ინფორმაცია გამწმენდი ნაგებობიდან მოსალოდნელი არასასიამოვნო სუნის გავრცელების შესახებ, რაც უახლოეს მოსახლემდე მანძილის [60 და 100 მეტრი)] გათვალისწინებით საჭიროებს დამატებით შესწავლას და შეფასებას;
  • სკრინინგის განცხადების თანახმად, გაწმენდა მოხდება ევროკავშირის ქვეყნების სტანდარტების მიხედვით. თუმცა ამ განცხადებაში მითითებული მონაცემები არ იძლევა საშუალებას სრულყოფილად მოხდეს გამწმენდი ნაგებობის ეფექტურობის შეფასება და იმის განსაზღვრა, რამდენად იქნება უზრუნველყოფილი ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელი ნივთიერებების სათანადო გაწმენდა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დაცვა;
  • აღსანიშნავია, რომ კოლექტორზე საკანალიზაციო ქსელის დაერთება მოხდება საცხოვრებელი სახლებიდან, რამაც შესაძლოა გადაკვეთოს მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რომელიც წარმოდგენილია ნიადაგის ნაყოფიერი ფენით, შესაბამისად, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვასთან დაკავშირებული საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას.“

[/crosslist]

აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად ჯამში 37 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯება. სამუშაოების დაწყება 2021 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

ამ თემაზე ვრცლად:

აჭარის სოფლები, სადაც წყლისა და კანალიზაციის სისტემას ააშენებენ – დაიხარჯება 37 მილიონი ევრო

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: