მთავარი,სიახლეები

ღარიბაშვილის თქმით, სურსათი იაფდება – რა ფასებია ბათუმის ბაზარში

04.04.2023
ღარიბაშვილის თქმით, სურსათი იაფდება – რა ფასებია ბათუმის ბაზარში

„გაიაფებას რას ეძახიან, მაინც ვერ გავიგე,“ – ამბობს მერი გორგაძე, რომელიც ბათუმის აგრარულ ბაზარში ყველით ვაჭრობს. მას და სხვა მოვაჭრეებს ვკითხეთ, რომელი საკვები პროდუქტი გაიაფდა?

3 აპრილს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „საქართველოში გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე და საწვავზე“.

ბათუმის აგრარული ბაზრის რეალობით კი, გაიაფებულია მხოლოდ მწვანილი, ყველი და კარტოფილი, რაც გაზაფხულის სეზონს უკავშირდება. წინა წლებშიც ეს საკვები პროდუქტები იაფდებოდა. დაახლოებით 50-50 თეთრით გაიაფებულა ზეთი, ბრინჯი და შაქარი, სამაგიეროდ 4 ლარით გაძვირდა საქონლის ხორცი. 1 კგ საქონლის ხორცი ბათუმის აგრარულ ბაზარში დღეს, 4 აპრილს, 20 – 25 ლარი ღირდა.

ბათუმის აგრარული ბაზარი

„ზეთის და ბრინჯის 50 თეთრიც გაიაფება რას შეიცავს? ღარიბისთვის ამით არაფერი იცვლება. მაგენისთვის, ვისაც ფული ბევრი აქვს, ყველაფერი იაფია, უმუშევარი ხალხი კი, ძალიან ბევრია,“ – აღნიშნა ყველით მოვაჭრე მერი გორგაძემ „ბათუმელებთან“.

„მასე ამბობენ, წამლებიც გაიაფდაო, მაგრამ რამე გაიაფებული არ არის, მე თვითონ ვყიდულობ ჩემს წამლებს და მე ვერ ვგრძნობ,“ – გვითხრა კიდევ ერთმა ყველით მოვაჭრემ.

იმერული ყველი დღეს ბათუმის აგრარულ ბაზარში 13 -14 ლარი ღირდა, სულგუნი 20 – 22 ლარი, შებოლილი სულგუნი – 25 ლარი.

ქათმის ფასი უცვლელია – კილოგრამი 8 ლარი.

მწვანილის ფასი – კილოგრამი 5,50 ლარი.

კარტოფილის ფასი  2 ლარიდან ლარ-ნახევრამდე შემცირებულა, თუმცა ახალი კარტოფილის ფასი 10 ლარია.

„შარშან ამ დროს ახალი კარტოფილი 5 ლარი ღირდა, წელს სიცივე იყო და ნაკლები მოსავალია,“ – გვითხრა ახალი კარტოფილით მოვაჭრემ.

უცვლელია ლობიოს ფასიც – კილოგრამის ფასი 5-7 ლარია.

„მაჭახელა ნაღდი 13 ლარიც ღირს, სოფელში ყველას უჭირს, აქაც ნაკლებია ხალხია, საერთოდ არაა მყიდველი,“ – ამბობს მერი დუმბაძე. მისივე თქმით, გაიაფდა ნიგოზი – 28 ლარად ვყიდდი და ახლა 22 ლარს ვაფასებო, დასძინა მან.

ბათუმის აგრარული ბაზარი, 4 აპრილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: