მთავარი,სიახლეები

პოდოლიაკი ყირიმის დაბრუნების გეგმას და დეოკუპაციის პირობებს აცხადებს

05.04.2023
პოდოლიაკი ყირიმის დაბრუნების გეგმას და დეოკუპაციის პირობებს აცხადებს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ ყირიმის დეოკუპაცია აუცილებლად მოხდება. მისი თქმით, ყველა „ომის ლოგიკა, იარაღის მათემატიკა და რესურსების შესაძლებლობები“ მიუთითებს იმაზე, რომ ეს მოხდება ძალიან მოკლე (ისტორიული თვალსაზრისით) დროში.

ამის შესახებ პოდოლიაკმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, რუსეთს იმიტომ არ შეუძლია შეინარჩუნოს ყირიმი, ასევე დონეცკი და ლუგანსკი, რომ აგრესორ ქვეყანას მსგავსი შესაძლებლობები არ აქვს.

„გავა ექვსი თვე, ხუთი ან შვიდი – ჩვენ ყირიმში ვიქნებით“, – თქვა პოდოლიაკმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ არის ეს ძალიან ოპტიმისტური ვარაუდი ფრონტზე ახლა არსებული ვითარებიდან გამომდინარე. საპასუხოდ პოდოლიაკმა თქვა: „ჩვენ 10 თვის წინ ვნახეთ ბევრად უარესი მდგომარეობა. ვფიქრობ, საერთოდ არავის ეგონა, რომ მე და თქვენ შევძლებდით 10 თვის შემდეგ, ასე ვთქვათ, სერიოზულად გვესაუბრა იმაზე, რომ ომი ჩვენ მოგვცემს ყირიმის გათავისუფლების შესაძლებლობას“.

პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის გავლენიანი პირის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსი სამხედროები ნახევარკუნძულს დატოვებენ, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს – სრულად უნდა „განიდევნოს“ „რუსული სამყარო“. კოლაბორანტები აუცილებლად უნდა დაისაჯონ სამართლებრივად, ხოლო ყირიმმა მთლიანად უკრაინის საინფორმაციო სივრცეში უნდა იცხოვროს.

„ეს იქნება დებლოკადა უზარმაზარი ტერიტორიის, სადაც პროპაგანდაში რუსებმა ძალიან, ძალიან დიდი თანხა ჩადეს და ყველაფერი უკრაინული გაანადგურეს. ზოგადად კი – რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც ავითარებს კონკურენტუნარიანობას, დემოკრატიას ან თავისუფლებას. ეს არის ქვეყანა-ბანაკი. ის ამ ყველაფერს კრძალავს. ამ ყველაფრის გაწმენდა მოგვიწევს და ეს საკმაოდ რთული იქნება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, ყირიმისთვის 2023 წელი რთული იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: