განათლება,მთავარი,სიახლეები

ფერადი თმა, როგორც სისტემის იარაღი ახალგაზრდების წინააღმდეგ

03.04.2023 • 2687
ფერადი თმა, როგორც სისტემის იარაღი ახალგაზრდების წინააღმდეგ

„ამ ადამიანს ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“ – თქვა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისზე, რომელსაც პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. ქერად თმაშეღებილი და მკვეთრად თვალმოხატული ლაზარე ბოლო დღეებია სისტემის მხრიდან მრავალფეროვნების და თავისუფლების დევნის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა.

განსხვავებულობა სიძულვილის ენის კონტექსტში ახსენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, როცა ასევე რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე მყოფი ახალგაზრდები სატანისტებს შეადარა. „გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმა ეცვათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რატომ აშინებს სისტემას მრავალფეროვნება, განსხვავებულობა და ახალგაზრდების თავისუფალი ხმა და რა საფრთხეებს უქმნის დემოკრატიას სიძულვილის ენით საუბარი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, თამთა კვარაცხელიას ესაუბრა.

  • ქალბატონო თამთა, ხელისუფლება განსხვავებულობას და ინდივიდუალიზმს იყენებს როგორც იარაღს ახალგაზრდების დისკრედიტაციისთვის. რამდენად საშიში ტენდენციაა ეს, როგორ ფიქრობთ?

მაღალი ტრიბუნიდან კი არა, სკოლის საკლასო ოთახშიც კი ძალიან საშიშია ადამიანის დისკრიმინაცია მისი განსხვავებულობის გამო, რადგან იქ, სადაც ადამიანის უფლება არ არის აღიარებული, საფუძველი ეყრება ტოტალიტარულ მმართველობას.

რაც უფრო მაღალი ტრიბუნიდან ისმის ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვები და დაუნდობელი პოზიციები მრავალფეროვნების წინააღმდეგ, მით უფრო საშიშია სიტუაცია, რადგან მაღალი თანამდებობის პირები ერთგვარ მაგალითს აძლევენ საზოგადოებაში ისედაც არსებულ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ვერ იღებენ განსხვავებულ ადამიანს.

ზოგადად, ბუნება მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ადამიანები მით უმეტეს,  თუმცა, უფრო მარტივია მართო ერთგვაროვანი საზოგადოება და ძნელია მიიღო განსხვავებული აზრი, განსხვავებული პოზიცია, განსხვავებული ჩაცმულობა. ამიტომ ურჩევნია სახელმწიფოს ერთგვაროვან მასასთან, მორჩილ უმრავლესობასთან ჰქონდეს ურთიერთობა.

სახელმწიფოში მთავარი უნდა გახდეს  თითოეული მოქალაქე, იმიტომ,  რომ არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ადამიანი. ჩვენი სოციუმისთვის, ისედაც პატარა ქვეყნისთვის, ყოველი ადამიანის არსებობა, აზრი, პოზიცია  მნიშვნელოვანია.

ადვოკატის განცხადებით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს პენიტენციურ სისტემაში თმა იძულებით გადაპარსეს

განსაკუთრებით ახალგაზრდების აზრსა და პოზიციას უნდა ჰქონდეს ფასი და რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გავუწევთ მათ, რაც უფრო მეტად შევზღუდავთ მათ უფლებებს, შესაძლოა, ეს მცირე ხნით გამოგვივიდეს კიდეც,  ეს აუცილებლად აღმოაცენებს აგრესიას, რომელიც აუცილებლად ცუდად დაგვიბრუნდება.

ეს ის მომენტია, როდესაც „ოთარაანთ ქვრივს“ ათქმევინებს ილია ჭავჭავაძე, რომ „დაუდუღარ  მაჭარს სარქველი არ დაეხურება, ჭურჭელს გაჰხეთქს“ და ეს გახეთქვა იქნება მტკივნეული როგორც უფროსი თაობისთვის, ასევე, ახალგაზრდა თაობისთვისაც.

თუ ჩვენ რამე არ მოგვწონს, ეს ისევ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ, იმიტომ, რომ რაღაც ღირებულებები  ვერ მივეცით, სწორი მაგალითი ვერ ვაჩვენეთ.  ამას სხვა მიდგომა უნდა, მათ გვერდით დგომა სჭირდება.  ამიტომ, რაც მეტად ვისაუბრებთ სიძულვილის ენით, მით უფრო მეტად დაგვიბრუნდება ბუმერანგივით აგრესია და უპატივცემულობა. ასეთ შემთხვევაში  გამწარებული სიბერე გველოდება, იმიტომ, რომ, გვინდა თუ არა, ჩვენ მიმავლები ვართ, ახალგაზრდები კი  მომავლები არიან.

მათ ეკუთვნით მომავალი, ქვეყანა და კარგად მოაზროვნე ადამიანს უნდა უნდოდეს,  რომ ლაღი, თავისუფალი აზროვნების ადამიანი მოვიდეს  ქვეყნის სათავეში, რათა შემდეგ ზიზღში, ბოღმაში არ ჩავიხრჩოთ.

  • თქვენ, როგორც მასწავლებელს, როგორც მოქალაქეს, როგორ გესმით, როცა ქვეყნის მმართველი ერთ-ერთი პირი 21 წლის ლაზარეზე ამბობს, რომ „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“, როგორ იკითხება თქვენი გადმოსახედიდან ეს ფრაზა?

მე არ ვიცი,  რას გულისხმობდა ეს ადამიანი „არეულ გზებში“,  ან ვინ გვითხრა ჩვენ, რომელია სწორი გზა და რომელი არა. რაც ჩვენ ახლა არეულ გზად გვეჩვენება, შესაძლოა,  მომავალში ეს იყოს აბსოლუტურად სწორი გზა.

რასაც ახალგაზრდა ილია მე-19 საუკუნეში ამბობდა, ისიც მიუღებელი იყო ძველი თაობისთვის, მაგრამ მაინც ილიამ გაიმარჯვა. ახალგაზრდები უფრო შორს ხედავენ, უფრო მკაფიოდ და ეს ბუნებრივია.

მე ვერავის გავიმეტებ, ვერც ძველს და ვერც ახალ თაობას იმისთვის, რომ ვთქვა,  მათი გზა-კვალი  არეულია-მეთქი. ამის განმსჯელი ვერც მასწავლებელი იქნება და ვერც თანამდებობის პირი, ამას დრო დაადგენს. უბრალოდ, მაინც მგონია, რომ ფრთხილები უნდა ვიყოთ შეფასებისას, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში და არ უნდა შევზღუდოთ ისინი გამოხატვის თავისუფლებაში.

  • განსხვავებული თმა, ჩაცმულობა რატომ შეიძლება იყოს მიუღებელი და ვისთვის?

ჩემი შვილების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ გრძელი თმაც უტარებიათ, დახეული ჯინსებიც ჩაუცვამთ და კედებიც, მაგრამ ეს ხომ ერთგვარი თვითგამოხატულებაა, გადის დრო და ახალგაზრდებიც ისე მოქმედებენ, როგორც საჭიროება მოითხოვს, ისინი სიტუაციას ერგებიან.

მაგრამ, რომ ამეკრძალა თავის დროზე, ისინი ხომ ვერ გამოავლენდნენ თავიანთ ბუნებას, თავიანთ შინაგან სამყაროს? წინააღმდეგობად ჩამითვლიდნენ, დაიძაბებოდა ურთიერთობა ჩვენსა და მათ შორის, რაც სასიკეთო შედეგებს ვერ მოიტანდა.
უფროსებმა არ უნდა გაწყვიტონ ახალგაზრდებთან დამაკავშირებელი ძაფი, რათა არ გაღრმავდეს ის გაუცხოება, რომელიც ისედაც არსებობს.

  • თქვენ თქვით, რომ გადის დროს და ახალგაზრდები „სიტუაციას ერგებიან“. განსხვავებულობას ასაკი აქვს?

მრავალფეროვნებას ასაკი არ აქვს, უბრალოდ, ცხოვრებაა ერთფეროვანი და ადამიანს რაღაც გარემოებები ისედაც უქრობს ხოლმე, სამწუხაროდ,  ასაკში ამ ფერებს.  ამიტომ ამის ნაადრევად გაკეთება და მით უფრო- ზეწოლით, მიუღებელია,  ან, უბრალოდ, ადამიანები იცვლიან გემოვნებას.

ამიტომ  ახალგაზრდობაში უფრო მეტად უნდა გამოხატონ თავიანთი  სურვილები, შინაგანი სამყარო – ჩაცმის სტილი იქნება,  ტატუ  თუ შეხედულებები. არ შეიძლება თავს  მოვახვიოთ ჩვენი მოსაზრებები, რადგან სხვა თაობაა, სხვა მოთხოვნაა, სხვა თვალსაწიერი და მზერა აქვს, დროთა განმავლობაში თვითონ დალაგდება, მაგრამ ეს „დალაგება“ უნდა იყოს მათი არჩევანი, მათი მიღებული გადაწყვეტილება და არა გარედან ნაკარნახევი  და,  მით უმეტეს, ზეწოლით.

ჩვენ შეიძლება ვასწავლოთ, ვაჩვენოთ გემოვნების მაგალითი, მაგრამ ნუ შევზღუდავთ. ვულგარულად ნუ იქნებიან ჩაცმული და როგორც უნდათ, იმ ფერებში ჩაიცვან, იმ ფერად შეიღებონ თმა.

მე,  პირადად, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმ აზრს, რომ ფერადი ქურთუკის გამო შეიძლება კაცს სცემონ. წარმოუდგენელი რამეა.

სკოლაში იყო შემთხვევა, როცა ერთი ბიჭი, ბუნებრივად ძალიან შავი თმით, ერთ დღეს მოვიდა ქერად შეღებილი. ჩვენ გვეყო იმის კულტურა, რომ საერთოდ ხმა არ ამოგვეღო ამაზე და მივიღეთ ისეთი, როგორიც იყო. მაგრამ ახლა ქერა აღარ არის.

  • ფერადი თმაა პრობლემა?

არა, ეს არ აფუჭებს საქმეს არანაირად. რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისთვის ვარდისფერი თმით იჯდება მოსწავლე, თუ ყავისფრით, თუკი სწავლობს.

უბრალოდ, ჩვენ ხომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც კაცები თმას არ იღებავენ, სადაც ერთ კარგ მასწავლებელზე ამბობენ, რომ „კიკინებიანი ბიჭია და სხვას რა უნდა ასწავლოს“.

  • ეს ტრადიციაა, თუ გადმონაშთი საბჭოთა ერთფეროვნებიდან?

მე ის ვიცი, რომ ტარიელს „ვეფხისტყაოსანში“ შეკრული თმა ჰქონდა. „ჰშვენის  აკვრა თმასა ლელსა“ – ასე წერია. გრძელი თმა ჰქონდა შეკრული. ამიტომ, საიდან მოდის გრძელი თმისა თუ ფერების ასეთი მიუღებლობა კაცების შემთხვევაში, არ ვიცი.

ისიც წერია „ვეფხისტყაოსანში“, რომ ავთანდილს კაბა ემოსა „მჯობნი ყოვლისა ჭრელისა“. ასე, რომ ფერადოვნება არის ჩვენს კულტურაში.

  • როცა ჩვენი ლიტერატურა ასეთ მრავალფეროვნებაზე მოგვითხრობს, როცა უამრავი რესურსი იხარჯება იმაზე, რომ განსხვავებულობის, მრავალფეროვნების გამო არ დაჩაგრონ ახალგაზრდებმა, მოქალაქეებმა ერთმანეთი, ასეთ დროს მაღალჩინოსნების მხრიდან სიძულვილის წამქეზებელი გამონათქვამები, როგორ ფიქრობთ, წყალში ხომ არ ჰყრის ჩვენს მცდელობებს, რომ თანასწორობაზე დამყარებული ქვეყანა ავაშენოთ?

ჩვენი მხრიდან გაღებულმა რესურსებმა შედეგი უკვე გამოიღო, რადგან ახლანდელი მეთორმეტეკლასელის აზროვნება ათი წლის წინანდელი მეთორმეტეკლასელის აზროვნებისგან განსხვავებულია.

ბავშვები გაცილებით უფრო ტოლერანტულები არიან და უფრო მეტი მიმღებლობა აქვთ განსხვავებულის მიმართ, ვიდრე ეს იყო 10-20 და მით უმეტეს, 30 წლის წინ.

მე ამ ცვლილებას ვხედავ და ვაღიარებ, რომ  ის რესურსი წყალში არ არის ჩაყრილი, ამის შედეგები ჩანს სკოლაში. იდეალურ სურათამდე ჯერ ბევრი გვიკლია, მაგრამ იდეალური არსად არაფერი იქნება,  არა მხოლოდ საქართველოში.

სხვა სკოლაში არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ ჩვენს სკოლაში დირექცია ითხოვს, რომ ბავშვებს ვულგარულად არ ეცვათ, მაგრამ ვიღაცას თმის შეღებვა რომ აეკრძალოს ან ტატუს გაკეთება, ასეთი რამ არ  მახსოვს.

მე მყავს, მაგალითად, მე-11 კლასში მოსწავლე, რომელსაც ლამის მთელი სახე აქვს მოხატული, მაგრამ ამაზე შენიშვნა არ მიგვიცია. ამაზე აქცენტი არ კეთდება.

  • ღარიბაშვილმა თქვა, რომ სატანისტებს ჰგავდნენ აქციაზე მყოფი ახალგაზრდები. რაზე მეტყველებს პრემიერის ლექსიკა? 

ეს არის უფროსი ადამიანის შეცდომა, როცა ახალგაზრდებში საკუთარ შვილებს ვერ ხედავ. სხვა შემთხვევაში არ ვიცი როგორ შეიძლება სატანისტი უწოდო ახალგაზრდას მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებულად გამოიყურება.

ეს ერთგვარი დისტანცირებაა თაობისგან, რაც არა მგონია მორალურად გამართლებული იყოს.

თაობებს შორის ენა ყოველთვის იყო განსხვავებული, ეს ბუნებრივია და ასეც იქნება ყოველთვის. როცა ეს ახალგაზრდები მშობლები გახდებიან, მათი ენაც განსხვავებული იქნება თავიანთი შვილების ენისგან, უბრალოდ, განსხვავებული ენა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ შეურაცხყოფა მივაყენოთ ახალგაზრდებს.

უფროს თაობას უფრო მეტად მართებს, გააკონტროლოს თავისი მეტყველება, თავისი პოზიცია, მასწავლებლებს და მაღალი თანამდებობის პირებს – კიდევ უფრო მეტად.

იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვაძლევდეთ კარგ მაგალითს ახალგაზრდებს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდები ყოველთვის მართლები არიან, მაგრამ პატიება უფრო მეტად შეიძლება მათი, რადგან ნაკლები გამოცდილება აქვთ და ნაკლები რამ უნახავთ ცხოვრებაში, ჩვენთან შედარებით.

  • რა შეიძლება ვუთხრათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განსხვავებულობას იყენებენ როგორც პოლიტიკურ იარაღს მათთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ?

თუ გვინდა დასავლური ღირებულებების სახელმწიფო შევქმნათ, შეურაცხყოფა, ჩაგვრა, ძალადობა, ყოვლად მიუღებელია. ჩვენ ,,ასე ვერ გავფრინდებით“.

მრავალფეროვნება, მიმღებლობა, ტოლერანტობა – ეს ჩვენი  ქართული ღირებულებებია, რომლებიც, სამწუხაროდ, გაგვიფერმკრთალდა  მონობის პერიოდში.

ალუდა ქეთელაურისა და ჯოყოლა ალხასტაიძის მშობელ ხალხს შეუძლებელია  სხვაგვარად ეცხოვრა, აქამდე ვერ მოვიდოდით, იმიტომ,  რომ  განსხვავებული კულტურის ხალხები  ცხოვრობდნენ ჩვენს ქვეყანაში და ბევრი მივიღეთ, შევეთვისეთ და ვაღიარეთ.

სამწუხაროდ,  მონობამ, რუსეთთან 200-წლიანმა ურთიერთობამ, მოგვიჩლუნგა ეს ღირებულებები, ამიტომ ვამბობთ: „დასავლური ღირებულებები“ და არა ქართული, თორემ ტოლერანტობა, განსხვავებულის მიმღებლობა, აღიარება და თანაცხოვრება ძალიან ქართული თვისებებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: