წვიმა და მოღრუბლულობა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ივნისის 21 საათიდან 16 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით – უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 ივნისს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

7 ივლისს იქნება გამოცდა მათემატიკაში, უცხო ენების გამოცდები კი 10 ივლისს დაიწყება.

ბიოლოგიაში გამოცდა დაგეგმილია 14 ივლისს, ისტორიაში – 17 ივლისს.

19 ივლისს გეოგრაფიაში ჩატარდება გამოცდა, ქიმიაში კი – 20 ივლისს.

სამოქალაქო განათლებაში გამოცდა ჩატარდება 21 ივლისს, ლიტერატურის გამოცდა – 25 ივლისს.

ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის დასრულდება 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო და საერთო სამაგისტრო გამოცდებიც.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

უკრაინის არმია განაგრძობს კონტრშეტევას სამი მიმართულებით – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] 14 ივნისის ანგარიშში წერს, რომ უკრაინული ძალები განაგრძობენ კონტრშეტევით ოპერაციებს სულ მცირე სამი მიმართულებით და მიაღწიეს წარმატებას 14 ივნისს.

ანალიტიკოსებს ანგარიშში მოჰყავთ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა  მალიარის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის ჯარები დაწინაურდნენ 200-დან 500 მეტრამდე ბახმუტის ფრონტის დაუზუსტებელ მონაკვეთებში და 300-დან 350 მეტრამდე – ზაპოროჟიეს მიმართულებით.

ISW ასევე ეყრდნობა რუსი ბლოგერებს, რომლებიც წერენ, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევებს ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანზე.

„რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს მე-20 გაერთიანებული შეიარაღების არმიის დივიზიას კრემინასთან, ლუგანსკის ოლქის მახლობლად, როდესაც ისინი ელოდნენ მეთაურს გამოსვლას, რამაც გამოიწვია ბლოგერების უკმაყოფილება რუსი მეთაურების შესახებ“ – წერს ISW.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსულმა წყაროებმა გაავრცელეს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები რუსეთის სათათბიროს დეპუტატის და ჩეჩნური როსგვარდიის ფილიალის მეთაურის, ადამ დელიმხანოვის მდგომარეობის შესახებ 14 ივნისს. „ISW-ს არ უნახავს რაიმე ვიზუალური მტკიცებულება დელიმხანოვის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებების დასადასტურებლად ან უარყოფისთვის“ – წერენ ანალიტიკოსები.

ISW ასევე წერს, რომ რუსეთის ძალები განაგრძობენ შეზღუდულ სახმელეთო შეტევებს ავდიივკა-დონეცკის ხაზზე.

ანალიტიკოსები წერენ, რომ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით, რუსული ვერტმფრენები, რომლებიც უკრაინის კონტრშეტევას უპირისპირდებიან სამხრეთ უკრაინაში, სავარაუდოდ განლაგებულია აეროდრომზე ბერდიანსკში, ზაპოროჟიეს ოლქში.

____________

ფოტო: უკრაინის არმიის გენერალური შტაბი/facebook

მთვრალი იყო პოლიციელი, რომელიც მანქანით 2 ადამიანს დაეჯახა – 13 ივნისის ავარია

დღეს, 15 ივნისს, ბრალს წაუყენებენ პოლიციელს, რომელიც ორ ადამიანს დაეჯახა ბათუმში.

პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი ავარიის დღეს არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და თავისი პირადი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

იგივე უწყება ადასტრებს, რომ პოლიციელი ავტომანქანას მართლაც არაფხიზელმდგომარეობაში მართავდა. ის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

შემთხვევა ბათუმში, სასტუმრო „ეუფორიასთან“ 13 ივნისის საღამოს მოხდა.

ავარიის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა. ის 35 წლამდე იყო. მეორე მძიმედ დაშავებული კი კლინიკაშია მოთავსებული.

ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა 38 მილიონი ვერ დახარჯა – აუდიტი

გასულ, 2022 წელს, აჭარის ბიუჯეტიდან 56,1 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე თავიდანვე იყო დაგეგმილი.

სახელმწიფო აუდიტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „ხარჯების ათვისების დაბალი მაჩვენებელი ძირითადად დაკავშირებულია „გრანტების“ მუხლთან, სადაც აუთვისებელი დარჩა 38,7 მილიონი ლარი.

მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებიდან აუთვისებელი დარჩა 38 მილიონ 5 ათას 700 ლარი.“

აუდიტის მონაცემების მიხედვით, აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან, 2022 წელს ვერ დახარჯა:

  • ბათუმის მერიამ – 27 295 800 ლარი
  • ქობულეთის მერიამ – 5 295 600 ლარი
  • ქედის მერიამ – 1 738 400 ლარი
  • შუახევის მერიამ – 1 512 300 ლარი
  • ხელვაჩაურის მერიამ – 906 200 ლარი
  • ხულოს მერიამ – 656 400 ლარი

„მოპოვებული ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ საჯარო ფინანსების მართვის ხარვეზები იწვევს ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შეუსრულებლობას/დაგვიანებით შესრულებას და ქმნის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების აუთვისებლობის პრობლემას“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტი იმ მთავარ ხარვეზებსაც ასახელებს, რის გამოც თანხის ათვისება ვერ ხერხდება. მუნიციპალიტეტების დონეზე ეს ხარვეზებია:

  • სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების დაგვიანებით დაწყება;
  • შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არასწორად განსაზღვრა;
  • სამშენებლო სამუშაოების არაჯეროვნად შესრულება;
  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარვეზები და სხვ.

ამასთან, აუდიტის მიხედვით, „აჭარის მუნიციპალიტეტებში რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულების განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. კერძოდ, 12 პროექტში, სადაც შესრულება 12%-ს არ აღემატება, აუთვისებელი დარჩა 6 894 600 ლარი“.

[toggle title=”ამ პროექტების და შეუსრულებლობის მიზეზების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეში საბავშვო ბაღის მშენებლობა [მიმწოდებელმა კომპანიამ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები]
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში საბავშვო ბაღის მშენებლობა [მიმწოდებელმა კომპანიამ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები]
  • ადმინისტრაციული შენობის, ა(ა)იპ – ქობულეთის სოფლის წყლის, ა(ა)იპ – ქობულეთის გამწვანების და შპს ,,ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგურის“ მშენებლობა [სატენდერო პროცედურების გამო ხელშეკრულება ვერ გაფორმდა 2022 წელს]
  • ქობულეთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია [პროექტი საჭიროებდა კორექტირებას, შესაბამისად, შესყიდვის პროცედურები 2022 წელს ვერ განხორციელდა.]
  • ბათუმში, ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა [პროექტი საჭიროებდა კორექტირებას, შესაბამისად, შესყიდვის პროცედურები 2022 წელს ვერ განხორციელდა.]
  • ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში სარეკრეაციო სივრცის და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობა (პროექტირება/მშენებლობა) [მომწოდებელმა კომპანიამ სამუშაოები ვერ აწარმოა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რის გამოც ხელშეკრულება შეწყდა.]
  • ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედნის მოწყობა [ორჯერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.]
  • ქალაქში არსებულ სახლებზე დაზიანებული ფასადების რეაბილიტაცია [ორჯერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.]
  • დაბა ქედაში სამრეწველო გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა [აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა უწყების მიერ მიმდინარეობდა ნაპირსამაგრი სამუშაოები.]
  • ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში სასმელი წყლის შემკრები და გამანაწილებელი რეზერვუარების მოწყობა [მომწოდებელმა კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.]
  • სოფელ კვატიაში სოფლის სახლის მშენებლობა [ვერ განხორციელდა შესყიდვა.]
  • შუახევის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა [მომწოდებელმა კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.]
წყარო: აუდიტის მოხსენება

[/toggle]

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „მიზანშეწონილია, ეფექტიანი მონიტორინგი განხორციელდეს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადაცემული კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარების დროულად ათვისების მიმართულებით, გამოკვლეულ იქნეს ბიუჯეტის შეუსრულებლობის კონკრეტული მიზეზები და გატარდეს ქმედითი ღონისძიებები.“

ფულს, გეგმის მიხედვით, ვერც აჭარის მთავრობა და მასზე დაქვემდებარებული უწყებები ხარჯავენ. აჭარის მთავრობამ 2022 წელს „არაფინანსური აქტივების ზრდის“ გეგმაც ვერ შეასრულა. აუდიტი აცხადებს, რომ ძირითადი მიზეზი სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში არსებული ხარვეზებია.

მაგალითად:

  • „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის“ პროგრამაში აუთვისებელი დარჩა 9 463 600 ლარი. პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი. სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრული იყო არაუგვიანეს 2022 წლის 8 ოქტომბრამდე, თუმცა მიმწოდებელმა განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო სამშენებლო სამუშაოების დასრულება.
  • „გზების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 4 273 500 ლარი, რაც ძირითადად დაკავშირებულია კონტრაქტორი კომპანიების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებასთან.
  • „აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირება“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 2 838 700 ლარი. გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს შეფერხებით, რაც გამოწვეულია ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ვინაიდან გაზსადენის კონტური გასდევს საავტომობილო გზის კონტურს და გზის რეკონსტრუქციის პროფილის ჩამოყალიბებამდე ტექნიკურად შეუძლებელია მილსადენის მოწყობის სამუშაოების ჩატარება.
  • „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 2 343 700 ლარი, რაც განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დაუსრულებლობით.
  • „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 1 139 300 ლარი, რაც გამოწვეულია მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის, მიმდებარე დასახლებებისა და ალპური ბოტანიკური ბაღის ელექტრომომარაგების საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებებთან.
  • ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობაში „ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის“ მიმდებარედ არსებული ბილიკების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ხოლო განმეორებით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი არ შედგა.
  • „ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 1 873 400 ლარი, რაც გამოწვეულია ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების − „ბათუმის ბულვარში სკეიტპარკის მოწყობა“, „ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის სანათების შესყიდვა“, „ძველ ბულვარში არსებული საბავშვო კუთხის რეაბილიტაცია“ და სხვა პროექტების შეუსრულებლობით.“

აჭარის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი სახარბიელო არც 2023 წლის პირველ კვარტალში იყო. ამ პერიოდში აჭარის მთავრობამ 20 მილიონ ლარზე მეტი ვერ დახარჯა.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

მთავრობამ 20 მილიონ ლარზე მეტი ვერ დახარჯა – ბიუჯეტის შესრულება I კვარტალში

დააპატიმრეს 15 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული – „ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ“

ბათუმში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელსაც გამოძიება მოზარდზე სექსუალურ ძალადობას, ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღეს, 15 ივნისს, დახურულ სხდომაზე განიხილა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა.

საუბარია ბათუმში 11 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე – პროკურატურის ცნობით, ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ასევე, სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს.

პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის თქმით, ბრალდებული ლაშა ნ. დაღუპული გოგოს ნათესავი არ არის, თუმცა ისინი წლების განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს.

„ისინი ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ, სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ,”- უთხრა პროკურორმა ჟურნალისტებს დახურული სხდომის შემდეგ.

ბრალდებული 23 წლისაა, მან დუმილის უფლებით ისარგებლა.

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდეს, ასევე ბრალი სხვა პირებსაც წარუდგინონ.

პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

ბრალდებულმა უსიტყვოდ დატოვა დღეს სასამართლოს შენობა, კომენტარს არც ადვოკატი ირაკლი აბაშიძე აკეთებს.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა – ავარია ბათუმში

დღეს, 15 ივნისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

თვითმხილველის თქმით, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

„ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს.

ავარია ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე / 15.06.2023

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 217 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580]
  • ტანკი – 3 955 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 7 667 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 3 793 ერთეული [+10]
  • MLRS – 604 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 364 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 301 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 333 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 199 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 506 ერთეული [+24]
  • სპეცტექნიკა – 519 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 444 თვითმფრინავი
  • 238 ვერტმფრენი
  • 4 630 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 994 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 124 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 121 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 964 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

უკრაინის არმია განაგრძობს კონტრშეტევას სამი მიმართულებით – ISW

ეკუთვნის მემკვიდრეობა არარეგისტრირებულ ცოლს? – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა 82 წლის ციალა პერტიას სარჩელი – ის 29 წელი იყო არარეგისტრირებულ ქორწინებაში და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბათუმში, საცხოვრებელი ბინის დატოვება მოსთხოვეს.

დავის საგანი სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერია, რომლის მიხედვითაც „მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება“.

ციალა პერტიას შემთხვევაში, მისი მეუღლის სამკვიდრო ქონება გადავიდა მის კანონით მემკვიდრეებზე – გარდაცვლილის დასა და ძმაზე. მემკვიდრეებმა კი მიღებული ქონება თავის მხრივ გაასხვისეს ახლო ნათესავზე, მამკვიდრებლის მეორე დისშვილზე.

ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყოლია.

ამ საქმეზე ბათუმის სასამართლომ და სააპელაციომ მიიჩნიეს, რომ ქალს მემკვიდრეობა არ ეკუთვნის, რადგან ის სამოქალაქო ქორწინებაში არ იყო. უზენაესმა სასამართლომ კი 2022 წელს მიიჩნია, რომ ციალა პერტიას სადავო ბინის ნახევარი ეკუთვნის.

ამ საქმის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წელს დაასრულა, გადაწყვეტილება კი 2023 წლის 9 ივნისს მიიღო.

მოსარჩელის პოზიციით, ოჯახური ცხოვრების უფლებით დაცული სფერო, დღეის მდგომარეობით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის განვითარების კვალდაკვალ, განიმარტება განსხვავებულად და მოიცავს არა მხოლოდ ურთიერთობებს, რომლებიც ემყარება რეგისტრირებულ ქორწინებას, არამედ, ასევე, პირთა ფაქტობრივად თანაცხოვრებას, რომელიც შესაძლებელია, დადასტურებულ იქნეს.

„შესაბამისად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობისა და, მათ შორის, კანონით მემკვიდრეობის უფლებით სარგებლობისათვის მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არა მხოლოდ თანაცხოვრების სამართლებრივ რეგისტრაციას, არამედ, ასევე, მჭიდრო პირადი ურთიერთობების რეალურად არსებობის ფაქტს“, – ეს მოსარჩელე ციალა პერტიას პოზიცია იყო საკონსტიტუციო სასამართლოში.

„სადავო ნორმის მოქმედებით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის, მემკვიდრეობის უფლება წარმოიშობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების შედეგად,“- აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

„ამგვარი რეგულაციით, შედეგობრივად განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში მოქცეული არიან ის წყვილები, ფაქტობრივი თანაცხოვრების მქონე პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ ქორწინების რეგისტრაცია. ზოგადად, ამგვარი წყვილების კატეგორიაში შესაძლებელია მოექცეს მრავალი სხვადასხვა ნიშნით გამოყოფილი პირთა ჯგუფი, რომელთა ერთ კონკრეტულ პიროვნებასთან მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ გაერთიანებას არ გააჩნია ცხადი კავშირი, უშუალოდ ქორწინების რეგისტრაციის არსებობა-არარსებობასთან.

ამავე დროს, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ სადავო ნორმა შესაძლოა, განაპირობებდეს სქესის ნიშნით არაპირდაპირ დიფერენცირებას, თუ დადგინდება, რომ იგი პრაქტიკაში შედეგად იწვევს ქალთა ან მამაკაცთა მომეტებულად ცუდ მდგომარეობაში ჩაყენებას.

აღნიშნული სახეზე შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ არარეგისტრირებულ კავშირში მყოფ წყვილთაგან ქონება უმეტესად მამაკაცის ან ქალის საკუთრებას წარმოადგენს, რაც შედეგად იწვევს იმას, რომ სადავო ნორმის მოქმედებით, მასზე წვდომას კარგავენ უმეტესად ქალები ან უმეტესად მამაკაცები. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ მსგავსი სტატისტიკა წარმოდგენილი არ ყოფილა. არც საკონსტიტუციო სასამართლოსათვის არ არის ხელმისაწვდომი სანდო მონაცემები არარეგისტრირებულ კავშირში მყოფ წყვილთა შორის ქონების გადანაწილების შესახებ.

ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ, საკუთარი ინიციატივით, გამოითხოვა ინფორმაცია გენდერის მიხედვით სეგრეგირებული სტატისტიკის შესახებ საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, 2020-2022 წლების პერიოდში უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციას თითქმის თანაბრად ახორციელებდნენ ორივე სქესის წარმომადგენლები. ამდენად, ხსენებული საქმის გამოკვლევისას არ გამოკვეთილა, რომ ფორმით ნეიტრალური სადავო ნორმა, შედეგობრივად, უარეს მდგომარეობაში აყენებს რომელიმე სქესის წარმომადგენლებს.

შესაბამისად, სახეზე არ არის წინაპირობები იმის დასადგენად, რომ სადავო ნორმის მოქმედება პირთა რაიმე მყარი ნიშნით გამოყოფილ კატეგორიას, ჯგუფს რეალურად აყენებს განსხვავებულ მდგომარეობაში სხვა თანასწორ პირებთან მიმართებით. ამდენად, სახეზე არ არის არაპირდაპირი დიფერენცირების შემთხვევა.

ქორწინების რეგისტრაცია და მის საფუძველზე მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა ადამიანებს ერთმანეთისგან არ განასხვავებს პირის რომელიმე კონკრეტულ ჯგუფთან კუთვნილების ნიშნით. რეგისტრაციის ფაქტი თავად არის ნიშანი, რომელიც, იმავდროულად, შესაძლებელია იდენტურად არსებობდეს სხვადასხვა პერსონალური ნიშნით იდენტიფიცირებად ჯგუფებთან მიმართებით.

ამ კუთხით, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, გამოიყოფოდა პირთა ის ჯგუფი, რომელსაც პირთან ან მის ამა თუ იმ კუთვნილებასთან დაკავშირებული ნიშნიდან გამომდინარე, შესაძლოა, სახელმწიფოსგან განსხვავებულად მოპყრობის მოთხოვნა წარმოეშობოდეს. მეტიც, თავად მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მის მიერ იდენტიფიცირებული შესადარებელი ჯგუფები არიან ერთმანეთის არსებითად თანასწორი პირები მემკვიდრეობის უფლების წარმოშობასთან მიმართებით.

ამ კუთხით, სადავო ნორმიდან მომდინარე განსხვავებული შედეგები გამოწვეულია სწორედ ცვალებადი ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე და არა მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფი პირების რაიმე კუთვნილების ნიშნიდან გამომდინარე,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ამ თემაზე:

არის თუ არა მემკვიდრე არარეგისტრირებული ცოლი? – რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ

კვარიათის პლაჟზე მრავალსართულიან სასტუმრო კომპლექსს აშენებენ

კვარიათის პლაჟზე, სასტუმრო „პანორამა კვარიათთან“ ახლოს კიდევ ერთი მშენებლობაა დაწყებული. აქ საძირკვლის მოსაწყობად მომაღლო ტერიტორია გამოუთხრიათ.  ნაკვეთის ზედა ნაწილში სატრანსპორტო გზა გადის.

ზედხედი
კვარიათი – მშენებლობა პლაჟზე

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ლიანა მამულაშვილის საკუთრებაა. ადგილზე გამოკრული ბანერის მიხედვით  მშენებლობის დამკვეთი შპს „ახალი ჯგუფია“, მშენებელი კი – „ანაგი“. აქ მშენებლობის ნებართვა არჩილ ჩიქოვანმა გასულ წელს გასცა.

რენდერის მიხედვით სასტუმრო 6-სართულიანი იქნება. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 1272 კვ მეტრია.

საინფორმაციო დაფა

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით დამკვეთი აქ სასტუმრო აპარტამენტებს აშენებს. უცნობია, სად მოაიაზრებს მშენებელი კომპანია პარკინგის მოწყობას.

რენდერის მიხედვით პროექტი ეზოს და ეზოს ნაწილში აუზის მოწყობასაც ითვალისწინებს. როგორც ჩანს, მშენებელს ეზოს მოწყობა უშუალოდ ზღვამდე აქვს წარმოდგენილი, პლაჟის ხარჯზე, მიუხედავად იმისა, რომ სეზონურად, ზღვა ღელვისას პლაჟის ამ ნაწილსაც ფარავს.

კვარიათის პლაჟის ამ ნაწილში, კაფე „რაკუშკების“ მიმდებარედ წელს დამსვენებელს ტრაქტორისა და ბურღის ხმაზე მოუწევს დასვენება.

შპს „ახალი ჯგუფი“ ზაზა რობიტაშვილს ეკუთვნის. მან  2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, „ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 25 000 ლარი შესწირა.

რა სურთ პატარა სპორტსმენებს ხულოს სოფლის ძალოსნობის კლუბიდან

„გვინდა გვქონდეს სააბაზანო, რომ ვარჯიშის შემდეგ დავიბანოთ“, „დიდი ფართი და კარადებიც არ გვაქვს, რომ გამოვიცვალოთ და აქ დავტოვოთ ჩვენი სპორტულები“, „ახალი ლეიბები და შტანგებიც გვინდა“, – გვეუბნებიან ხულოს სოფელ ბოძაურის მოსწავლეები, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ, სკოლის პირველ სართულზე მოწყობილ, საკმაოდ შელახულ, მცირე დარბაზში ძალოსნობაში ვარჯიშობენ.

ძალოსნობის კლუბს ბოძაურში 12 წევრი ჰყავს. კლუბის წევრები ერთად მიდიან დარბაზში სავარჯიშოდ, თუმცა ადგილი და სპორტული ინვენტარი ყველას ერთად სავარჯიშოდ საკმარისი არ არიან, ამიტომ იძულებულები არიან 2 ჯგუფად გაიყონ და ერთმანეთს დაელოდონ.

„ამიტომაც გვჭირდება დიდი სივრცე, რომ ვიყოთ ერთად და ერთ ჯგუფად ვივარჯიშოთ.

აქ ვერ ვახერხებთ ტანსაცმლის გამოცვლას, იმიტომ, რომ არ გვაქვს ადგილი, სადაც გამოვიცვლით. მინდა, რომ ჩვენც გვქონდეს სააბაზანო, „ტურნიკები“ და ისეთი კარადები, სადაც ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს დავტოვებთ.

ეს არის სკოლის დარბაზი. გვინდა, რომ ჩვენი დარბაზი გვქონდეს, ჩვენს დარბაზში ვივარჯიშოთ, სადაც დიდი სივრცე გვექნება“, – გვეუბნება 13 წლის საბა შავაძე.

საბა შავაძე

საბამ 2 თვის წინ დაიწყო ვარჯიში და უკვე 30 კილო ატაცისა და 25 კილო აკვრის აწევა შეუძლია. მისი მიზანია, მაქსიმალურად გააუმჯობესოს ახლანდელი შედეგი და სხვადასხვა ტურნირს კარგად მომზადებული შეხვდეს. საბას მოსწონს ძალოსნობა, თუმცა ის მეზღვაურობას აპირებს.

ძალოსნობას გეგმავს 11 წლის ლუკა შავაძე. ის დიდი ხანია რაც სისტემატურად ვარჯიშობს და უკვე 40 კილოგრამს სწევს.

ლუკა შავაძე

ლუკა ამ სპორტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ტელევიზორში ძალოსნობასა და ძალოსნებზე მომზადებული რამდენიმე გადაცემა ნახა. საბა გულდაწყვეტით ამბობს, რომ მათი სავარჯიშო სივრცე და ინვენტარი აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რასაც ტელევიზორში აჩვენებენ.

ლუკას კარგად ახსოვს ის დღე, როცა პირველად წავიდა ტურნირზე და დიდი, კომფორტული დარბაზი ნახა.

„ძალიან დიდი დარბაზი იყო. ცარიელი შტანგებიც, ისეთებიც, რომელზეც არავინ არ ვარჯიშობდა“, – ამბობს ლუკა.

ლუკას თქმით, თავიდან მის მშობლებს არ უნდოდათ ძალოსნობაში დაეწყო ვარჯიში. „პატარა ხარ ჯერ“ – ეუბნებოდნენ ლუკას მშობლები და მის გადარწმუნებას ცდილობდნენ, თუმცა ვარჯიშის დაწყებიდან მალევე მისი ერთგული გულშემატკივრები გახდნენ. ლუკა განსაკუთრებულ გულშემატკივრად მამას ასახელებს, რომელიც, ლუკას თქმით, ცდილობს, ყველა ტურნირზე თან ახლდეს, მაგრამ თუ ბევრი საქმის გამო ამას ვერ ახერხებს, მაშინ ლუკას ბაბუა უჭერს მხარს.

„მინდა, რომ არ შევიზღუდოთ ვარჯიშისას. ხანდახან, როცა გახურებულები ვართ, გვიწევს დალოდება და მერე ისევ ვარჯიშის თავიდან დაწყება“, – ამბობს ლუკა და ამატებს, რომ ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა და სისტემატურად უწვეთ ლოდინი, როდის გათავისუფლდება შტანგა თუ სხვა სავარჯიშო საშუალებები.

5 თვის წინ დაიწყო ვარჯიში 13 წლის საბა შანთაძემ მეგობრების რჩევით. საბა 41 კილოგრამს სწევს ახლა.

საბა შანთაძე

„უკვე მოძველებულია ეს ლეიბები, დაჟანგულია შტანგები“, – გვეუბნება საბა. იგი იმედოვნებს, რომ მას და მის მეგობრებს, რომლებიც გულწრფელად არიან დაინტერესებულები ძალოსნობით და სპორტის სხვა სახეობით, აუცილებლად ექნებათ შესაბამისი დარბაზი და სავარჯიშო საშუალებები.

საბას უნდა, რომ სოფელში ფეხბურთის კარგი მოედანიც ჰქონდეთ, სადაც ხალიჩა არ იქნება დახეული და ამოგლეჯილ ხალიჩაზე ფეხის წამოკვრის გამო არ წაიქცევიან. საბას და მის მეგობრებს ახალი ბურთებიც უნდათ.

ძალოსნების კლუბის სივრცეს, სადაც ბიჭები ვარჯიშობენ, სხვადასხვა ფუნქცია აქვს. აქ უტარდებოდა გაკვეთილები სოფლის ერთადერთ მე-12 კლასელს და რადგან, ახალგაზრდებს არ აქვთ თავშეყრის, სხვადასხვა აქტივობებისა თუ ტრენინგების ჩასატარებელი ადგილი, პერიოდულად ამ სპორტდარბაზის გამოყენება უწევთ.

დარბაზში, ერთ კედელზე დაფაა მიყუდებული, სადაც ძალოსნები თავიანთ დღის შედეგებს ითვლიან და დღის გამარჯვებულიც ვლინდება. ბიჭები დაფაზე გასული დღის ცხრილს გვაჩვენებენ და გვიხსნიან:

„რამაზი იყო ბოლოს ლიდერი. ასწია 7-ჯერ 35 კილო, 30 ასწია 5-ჯერ, 18 კილო ასწია 4-ჯერ და 15 ასწია კიდევ 7-ჯერ“.

პატარა ძალოსნები დღის შედეგების შეჯამებისას

ბოძაურელი ძალოსნების ერთადერთი მწვრთნელი ვარლამ ხოზრევანიძეა, რომელიც სამოქალაქო განათლების მასწავლებელიცაა.

ვარლამ ხოზრევანიძე

ის გვიყვება, რომ ძალოსნების კლუბი ოთხი წლის წინ გადავიდა ხულოს სპორტსკოლის ბაზაზე, თუმცა იქამდე, 3 წელი პირადი ინიციატივით და ენთუზიაზმით ავარჯიშებდა პატარა ძალოსნებს.

„მშობლებთან ერთად ვატარებდი მოსწავლეებს რესპუბლიკურ ტურნირებზე, ამის საფუძველზე გადაწყვიტა [ხულოს] მერიამ ძალოსნობის კლუბი გაეხსნა ჩვენთან“ – ამბობს ვარლამ ხოზრევანიძე.

მწვრთნელი ჩვენთან საუბარს მოსწავლეების მიღწეული წარმატებების აღნიშნავს:

„გვყავს საქართველოს ჩემპიონები, პრიზიორები და აჭარის ნაკრების წევრები. სამწუხაროდ, არიან ყოფილი ძალოსნებიც, რომლებიც იძულებულები გახდნენ ამ სპორტისთვის თავი დაენებებინათ, რახან ვერ გასწვდნენ იმ ხარჯებს, რასაც ითხოვს სპორტი“.

ახალგაზრდა სპორტსმენების მსგავსად, მათი მწვრთნელიც სავარჯიშო დარბაზის კეთილმოუწყობლობასა და საჭირო ინვენტარის სიმცირეზე საუბრობს.

„დამხმარე სავარჯიშოები, რაც საჭიროა: წელის სავარჯიშოსთვის, „ტურნიკი“ და მსგავსი რამეები არ გვაქვს. ამას ჩვენ თვითონ ვაკეთებთ“, – გვეუბნება მწვრთნელი.

მისი თქმით, სოფელი ბოძაურის მოსახლეობა თავს მიტოვებულად გრძნობს მთავრობის მხრიდან და იმედი აქვს, რომ ახლა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ სოფლის პატარა, სპორტული კლუბით, იქნებ მათთვისაც შეიცვალოს რამე:

„საღი კრიტიკა, კონსტრუქციული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან ვეტყოდი [მთავრობასა და ხელისუფლებას], ჩვენ გვჭირდება დარბაზი, სადაც სპორტსმენები ივარჯიშებენ, იმიტომ, რომ სპორტსმენების სამჭედლო გავხდით ამ ბოლო დროს.

ჩემ ჯგუფში 12 ბავშვია ჩაწერილი და 12 ბავშვის ერთდროულად ვარჯიში ამ პატარა დარბაზში შეუძლებელია.

ალბათ ჩვენი ბრალია ეს, ჩვენი პასიურობის ბრალია, თუმცა თქვენი საშუალებით ახლა მიეწოდებათ ინფორმაცია და დაინტერესდებიან შესაბამისი ორგანოები, რომ მოგვხედონ. მოგვხედონ და დანარჩენი ჩვენზე დატოვონ“, – ამბობს ვარლამ ხოზრევანიძე.

ვარჯიში დარბაზში

ნახეთ ვიდეო: 

 

აჭარის 40 სოფელში წყლისა და კანალიზაციის სისტემას მოაწყობენ – ტენდერი

აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობს, აქედან ოთხი კომპანია უცხოურია.

„კომპანიებმა წარმოადგინეს ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე გახსნილია მხოლოდ ტექნიკური და მიმდინარეობს შეფასება, რასაც, ალბათ, ორი-სამი კვირა მაინც დასჭირდება. შემდეგი ეტაპი იქნება ფინანსური დოკუმენტაციის გახსნა. გაიხსნება იმ კომპანიების წინადადებები, რომელთა ტექნიკური მონაცემები დააკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს. ფინანსური წინადადებების განხილვის შემდეგ გამოჩნდება, დავიწყებთ თუ არა ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკების პროცესს“, – გვითხრეს „აჭარის წყლის ალიანსში“.

აჭარის სოფლებში საკანალიზაციო ქსელის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი „აჭარის წყლის ალიანსს“ ხელახლა ჰქონდა გამოცხადებული, სადაც წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 30 მაისი იყო, თუმცა, ეს ვადა 13 ივნისამდე გადაწიეს.

წინა ტენდერი, რომელიც 2022 წელს იყო გამოცხადებული, ჩავარდა. ტენდერი უფრო ადრეც იყო გამოცხადებული, თუმცა, როგორც ალიანსში განმარტეს, „ძირითადად პანდემიის გამო არ შედგა“.

  • სოფლების და დაბების ჩამონათვალი, სადაც უშუალოდ ქსელის მშენებლობისთვის 37 მილიონზე მეტი ევრო უნდა დაიხარჯოს, ნახეთ ამ ბმულზე

აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი [KfW] და ევროკავშირი. ამჟამინდელი გათვლებით, პროექტისთვის მთლიანობაში 68 მილიონი ევროა საჭირო. პროექტს სახელმწიფო კომპანია „აჭარის წყლის ალიანსი“ ახორციელებს.

ამ 68 მილიონი ევროდან: 40 მილიონი ევრო სესხია, 10 მილიონი ევრო – გრანტი, ხოლო 18 მილიონი ევრო ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, 2022 წელს, დონორების დაფინანსებული პროექტების დაბალი ათვისებისთვის, საქართველოს 2.4 მილიონი ლარის გადახდა მოუწია. ამ პროექტებს შორისაა აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამაც.

აუდიტის მიხედვით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2022 წელს უნდა დახარჯულიყო 23 მილიონი ლარი, დაიხარჯა 3 588 000 ლარი, ხოლო ვალდებულების გადასახადის სახით გადახდილი იქნა 279 ათასი ლარი.


იმ სოფლებში, სადაც საკანალიზაციო სისტემები პროექტის ფარგლებში „აჭარის წყლის ალიანსმა“ უნდა მოაწყოს, დაგეგმილია ინდივიდუალური და კომუნალური ტიპის სეპტიკური ავზების მშენებლობა.

საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად დაგეგმილია ასევე რამდენიმე ხელოვნური ჭაობის აშენებაც. საკანალიზაციო წყლების დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ასეთ „ჭაობებში“ ძირითადად სპეციალურად შერჩეულ მცენარეებზე იქნება დამოკიდებული.

ამ ეტაპზე მომზადებული დოკუმენტების მიხედვით, ხელოვნური ჭაობების მშენებლობა იგეგმება დაბა ხულოში, შუახევში [2 „ჭაობი“] და ოჩხამურში [5 „ჭაობი“]. რაც შეეხება დაბა ქედას, აქ „ჭაობის“ ნაცვლად, აშენდება სხვა ტიპის გამწმენდი ნაგებობა – დისკური ბიოფილტრები.

ამ თემაზე ვრცლად:

ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად

ბათუმში დაცვის პოლიციის მანქანა ავარიაში მოყვა

ბათუმში, დღეს, 14 ივნისს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი და დაცვის პოლიციის მანქანები დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ადმინისრაციული საქმისწარმოება.

ავარია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე / 14.06.2023

ბათუმში ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 14 ივნისს, ერთი ადამიანი დააკავეს ბათუმში ძალადობის მუხლით.

დაკავებული, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელზე, კობა ფარტენაძეზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული.

როგორც კობა ფარტენაძემ განაცხადა, ის დღეს რადიოს შენობიდან მოტყუებით გაიყვანეს, საჩუქრად გადასცეს წიგნი, რომელიც ძალადობრივ შინაარსს შეიცავდა. მოქალაქემ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დაემუქრა, რომ პარკში დაელოდებოდა.

აღნიშნულ ფაქტს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა და მოუწოდა საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად შეესწავლათ კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ფაქტი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელ, კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

შემთხვევა დღეს, 14 ივნისს, აჭარის რადიოსთან მოხდა.

როგორც კობა ფარტენაძემ განაცხადა „აჭარის ტელევიზიასთან“, ის დღეს რადიოს შენობიდან მოტყუებით გაიყვანეს, საჩუქრად გადასცეს წიგნი, რომელიც ძალადობრივ შინაარსს შეიცავდა. მოქალაქემ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დაემუქრა, რომ პარკში დაელოდებოდა.

„გავედი და თმებში მწვდა, რამდენიმე კიბით ქვემოთ ჩამაგდო. მადლობა ღმერთს ძლიერი დაზიანება არ მიმიღია. დამემუქრა, რომ პარკში დამხვდებოდა. ვნახეთ, რომ ეს წიგნი შეიცავს მძიმე სიუჟეტებს არის ნაცისტებზე, მკვლელობაზე, მსგავსი შინაარსის წიგნია.

სავარაუდოდ, ჩემს გარეგნობასთან, ჩაცმულობასთან ჰქონდა პრობლემა. ქუჩაშიც მხვდებოდა, ჩვეულებრივად ვესალმებოდი და არასოდეს აგრესია არ ჰქონია. შეიძლება ეს იყოს ჰომოფობიურ ნიადაგზე, ან ადრე რაღაც მკითხა ქუჩაში და არ მიპასუხია“ – ამბობს კობა ფარტენაძე. მისივე თქმით, პოლიციამ პირის იდენტიფიცირება მოახდინა. კობა ფარტენაძემ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, პირს, რომელიც მას დაესხა თავს, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდეს.

„ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლოს კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ფაქტი. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ხომ არ არის თავდასხმა დაკავშირებული ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან.

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია“ – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

ქარტია ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. „ასევე, თავდასხმები შეიძლება გამოიწვიოს მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიულმა დამოკიდებულებამ ჟურნალისტების მიმართ“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

_______________

ფოტო: კადრი აჭარის ტელევიზიის ვიდეომასალიდან

ბათუმში მოზარდზე სექსუალური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის 1 პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და  თვითმკვლელობამდე მიყვანის  ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს.

ასევე, სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“ – წერს პროკურატურა.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის  მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„თუ ქოცი ხარ და მეხოტბე, დაგაფინანსებენ“ – რეჟისორის თქმით, ბათუმის მერია ფესტივალს ხურავს

დღეს, 14 ივნისს, რეჟისორ ოთარ ქათამაძეს ბათუმის მერიაში უთხრეს, რომ „დაფინანსება არ იქნება“ მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალისთვის, რომელიც ბათუმში უკვე 9 წელია ტარდება და ყოველწლიურად ბათუმის მერია აფინანსებდა.

„წელს ადრე შევიტანეთ დაფინანსებაზე განაცხადი, რადგან ყველას გვახსოვს – რაც მოხდა გასულ წელს, როცა შემოდგომაზე გასამართ ფესტივალებს, მათ შორის BIAFF-ს, გვითხრეს, ფული აღარ გვაქვს და პირველ ნაკადზე დავხარჯეთ ყველაფერიო. ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება,“ – აღნიშნავს „ბათუმელებთან“ რეჟისორი ოთარ ქათამაძე.

„წელს კი, ბათუმის მერიაში ჯერ მითხრეს, რომ ბიუჯეტი უნდა გამენახევრებინა, კორექტირებული ბიუჯეტი – დაახლოებით 20 ათასი ლარზე, ხელახლა შევიტანე მერიაში. წერილობით საბოლოო პასუხი ჯერ არ ჩამბარებია, რის გამო აღარ აპირებენ ფესტივალის დაფინანსებას.

გასულ წელს დაფინანსების ნაწილი აჭარის კულტურის სამინისტრომ მოგვცა, მაგრამ წელს აღარ აქვს აზრი მიმართვას. ვის უნდა მივმართო? კარგად გამოჩნდა, რომ ესენი განიხილავენ არა პროექტებს, არამედ შენ, პერსონალურად: ვინ ხარ? ქოცი ხარ? მეხოტბე ხარ? მაშინ დაგაფინანსებენ.

თვლიან, რომ მერია არის ქოცების მერია, ან სამინისტრო ქოცების სამინისტროა, არადა კრიტიკულად განწყობილი ხალხისგანაც რომ ივსება ბიუჯეტი და არავის რომ არ აქვს უფლება, ვინმემ მიითვისოს ეს ბიუჯეტი?“ – კითხულობს ოთარ ქათამაძე.

მონოდრამის ფესტივალის ავტორი, BIAFF-ის ორგანიზატორების მსგავსად, მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მისი კრიტიკული შეხედულებების გამო დატოვეს დაფინანსების გარეშე. BIAFF-ის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ბათუმის მერია არც წელს აპირებს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული ფესტივალის დაფინანსებას.

„ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია მერიიდან, თუმცა გვითხრეს, რომ არ იქნება დაფინანსება.

პასუხი მივიღეთ აჭარის კულტურის სამინისტროსგან, რომ BIAFF ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და ვერ მივიღებთ დაფინანსებას,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი.

ოთარ ქათამაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება „ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების „დასჯას“ უკავშირდება – მაგალითად, 2022 წლის შემოდგომაზე ოთარ ქათამაძემ გააპროტესტა „ქართული ოცნებიდან“ ბათუმის დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად გადასული ნუკრი ქანთარიას გადაწყვეტილება: დაედგათ სახოტბო სპექტაკლი სტალინზე.

სტალინზე სახოტბო სპექტაკლის სამზადისი ბათუმის დრამატულ თეატრში უკვე დაწყებულია – მიმდინარეობს რეპეტიციები, პარალელურად კი, სახელმწიფო უწყებები ერთმანეთის მიყოლებით დაფინანსებას უწყვეტენ ფესტივალებს, რომლის ავტორები თუ ორგანიზატორები „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ.

„სხვაგვარად გაუგებარია, რატომ შეიძლება აღარ დააფინანსო ფესტივალი, რომელიც უკვე 10 წელია ტარდება?“ – კითხულობს ოთარ ქათამაძე. – „ძალიან ბევრი წარმატება გვქონდა: დაახლოებით 70 პიესაა შექმნილი მხოლოდ ამ ფესტივალისთვის. ჩვენ ვითხოვდით დაუდგმელ, გამოუქვეყნებელ სპექტაკლებს, რეჟისორებს და ფესტივალსაც ბევრი ჯილდო აქვთ მიღებული.

არაერთხელ შემოუთვლიათ და პირადადაც უთქვამთ: გაჩერდი, ნუ აქტიურობ. ვერ დავასახელებ ვინ, მაგრამ ამ ქალაქში ყველა ყველას იცნობს – თანამდებობის პირსაც უთქვამს ქუჩაში: პრობლემაა შენი პოლიტიკური შეხედულებები, თორემ ახალგაზრდებში შენზე უკეთესი რეჟისორი ვინ არის ბათუმშიო.

თეატრიდანაც თუ გამაგდებენ, ეს არის, არც ეს გამიკვირდება, ისე მიდის მოვლენები, მაგრამ ვერ გამაჩუმებენ. ესენი ამ თანამდებობებზე დღეს არიან, ხვალ აღარ იქნებიან,“ – ამბობს ოთარ ქათამაძე.

რა მოდელი დაამყარა თეა წულუკიანის პოლიტიკამ კულტურაში? – ვეკითხებით რეჟისორს.

„ეს იგივე საბჭოთა კავშირია. დაამატეთ გადასახლებები და ვეღარ ვნახავთ სხვაობას.

ვფიქრობ, ეს მალე დასრულდება, რადგან ყველა გრძნობს უკვე, სადაც ვართ. ეს აგონიის მდგომარეობაა, როცა წულუკიანი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ მეხოტბეები უნდა შემოიკრიბოს. ეს ანგრევს არამხოლოდ კულტურას, არამედ მთლიანად სამოქალაქო კულტურას, სახელმწიფოს“,- ასკვნის ოთარ ქათამაძე.

რატომ აღარ დაფინანსდა წელს მონოდრამის ფესტივალი ბათუმში და რა ფესტივალები დაფინანსდა? – კითხვით ბათუმის მერიის პრესცენტრს მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

„ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებას არც ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაშმა უპასუხა. კულტურის მიმართულებას ბათუმის მერიაში სწორედ ყოფილი მომღერალი ხელმძღვანელობს.

თვითმომსახურების ყველა ჯიხურიდან ამოვიღეთ რუსული ენა – „მაკშაურმას“ განცხადება

„მაკშაურმა“ ფეისბუქზე გამოეხმაურა რუსულენოვანი ქვითრების საკითხს, სადაც ამბობს, რომ კომპანიის ფილიალებში ყველა ქვითარი მხოლოდ ქართულ ენაზე იბეჭდება და რომ ისინი გმობენ რუსულ აგრესიას.

კომპანიამ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა „მაკშაურმას“ თვითმომსახურების ჯიხურიდან ამობეჭდილი რუსულენოვანი საინფორმაციო ფურცელი.

რუსულენოვანი ქვითარი და ფასი რუსულ რუბლში – რა მოხდა ბათუმში

„ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის ცნობილია, რომ „მაკშაურმას“ ფილიალებში მომსახურება ხორციელდება და ყველა ქვითარი იბეჭდება მხოლოდ ქართულ ენაზე.

შეკვეთების სწრაფად განხორციელების მიზნით 2020 წლიდან დაინერგა თვითმომსახურების ჯიხურების ფუნქციონირება, რომელიც მომხმარებელს შეკვეთის განხორციელების საშუალებას აძლევს რამდენიმე ენაზე.

იმის მიხედვით,  თუ რომელი ენა აქვს არჩეული მომხმარებელს, ჯიხური შესაბამის ენაზე უბეჭდავს შეკვეთის საინფორმაციო ფურცელს. აღნიშნულ შემთხვევაში, მომხმარებელმა შეკვეთის ენად აირჩია ერთ-ერთი – რუსული, შესაბამისად ფოტოზე ნაჩვენები საინფორმაციო ფურცელი ამოიბეჭდა ამ ენაზე.

დავაზუსტებთ, რომ ქართულ ენაზე შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში, საინფორმაციო ფურცელი იბეჭდება ქართულ, ხოლო ინგლისურად შეკვეთის შემთხვევაში – ინგლისურ ენაზე.

თვითმომსახურების აპარატებში რამდენიმე ენის ჩაშენების მიზანი იყო მიგვეცა საშუალება ჩვენი მომხმარებლებისთვის, დამოუკიდებლად განეხორციელებინათ შეკვეთა სხვადასხვა ენაზე.

ჩვენი კომპანიის ღირებულებებიდან გამომდინარე, ქართული ენა არის და იქნება ერთადერთი მომსახურების ენა, ნებისმიერი ჩეკი კომპანიაში იბეჭდება მხოლოდ ქართულ ენაზე და მისი ჩანაცვლება არასდროს მომხდარა და არც მოხდება.

მაკშაურმა არის ქართული, ეროვნული პროდუქტი და ის ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება რუსულ ოკუპაციას.

ვწუხვართ იმის გამო, რომ რუსულ ენაზე დაბეჭდილმა საინფორმაციო ფურცელმა საზოგადოებას გაუჩინა ნეგატიური დამოკიდებულება, სწორედ ამიტომ, ყველა თვითმომსახურების ჯიხურიდან სრულიად ამოვიღეთ რუსული ენა. ჩვენ ვგმობთ რუსულ აგრესიას“, – წერს „მაკშაურმა“.

___

რუსულენოვანი ქვითარი და ფასი რუსულ რუბლში – 13 ივნისს, სოციალურ ქსელში ბათუმში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რამაც მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია.

რუსულენოვანი ქვითარი და ფასი რუსულ რუბლში – რა მოხდა ბათუმში

რუსულენოვანი ქვითარი და ფასი რუსულ რუბლში – 13 ივნისს, სოციალურ ქსელში ბათუმში გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ერთ-ერთი მათგანი კვების ობიექტ „მაკშაურმაში“ იყო გადაღებული და მიუთითებდა, რომ დამოუკიდებლად შეკვეთისთვის განთავსებული მონიტორები რუსულ ენაზეც სთავაზობდა მომხმარებელს სერვისს, რის შემდეგაც რუსულენოვან ქვითარს გასცემდა. ამან მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია.

მეორე ფოტო გადაღებულია, ბათუმში, ტანსაცმლის მაღაზიაში „ელსივაიკიკი“. ფოტოზე ჩანს, რომ ერთ-ერთ გასაყიდ საზაფხულო ქუდს ფასმაჩვენებელზე ფასი რუსულად, რუსულ რუბლებში აქვს მითითებული.

„ელსივაიკიკში“ გადარებული ფოტოს ავტორმა, დიანა ნიკოლაიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ძალიან გაბრაზდა, როცა ფასი რუსულ რუბლში აღმოაჩინა. სწორედ ამიტომ გადაიღი ფოტო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ბათუმელები ორივე მისამართზე იმყოფებოდა. „მაკშაურმაში“ უარი განგვიცხადეს, როგორც კომენტარზე, ასევე მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდებაზე.

როგორც კვების ობიექტზე არსებულ შეკვეთის მონიტორებზე ვნახეთ, მენიუს ენების ჩამონათვალში რუსული ენა აღარ იძებნება.

აღსანიშნავია, რომ იგივე კვების ობიექტში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში დაყენებული იყო წარწერა Слава Україні –  დიდება უკრაინას. მოგვიანებით კი ეს წარწერა გაქრა და მენიუს ქართულ და ინგლისურ ენებთან ერთად რუსულიც დაემატა.

რაც შეეხება „ელსივაიკიკს“, ამ ქსელური სავაჭრო ობიექტის რეგიონული მენეჯერი საქართველოში, ემინ ხასანოღლი განმარტავს, რომ ფოტო ერთეულ შემთხვევას გამოხატავს, რომელიც შესაძლოა „ადამიანური შეცდომის გამო გაიპარა“. მისი თქმით, მაღაზიაში არც განფასება ხდება რუსულ რუბლში და არც ვაჭრობა რომელიმე სხვა ვალუტაში, გარდა ლარისა.

„ზოგადად პროდუქცია იწარმოება სხვადასხვა ქვეყანაში, თურქეთში, ბანგლადეშში  და ა.შ.  შესაბამისად, სრულიად შემთხვევით შეიძლება მოხვდეს პროდუქცია, რომელიც არ იყო განკუთვნილი საქართველოს ბაზრისთვის. როდესაც ხვდება ასეთი პროდუქცია ჩვენთან, ჩვენ ვცვლით ან/და ზემოდან ვაკრავთ ფასზე [ქათულ ეტიკეტს]. უბრალოდ, შეიძლება ვიღაცამ ააძრო ეტიკეტი, გადაიღო ეს სურათი და გამოიყენა სოციალურ ქსელში.

თქვენ რამდენი შეგხვდათ ჩვენთან რუსული ეტიკეტი? მე არ შემხვედრია, მაგალითად. ეს ერთი იყო, რაც შეიძლება გამორჩა ადამიანურად თანამშრომელს.

„ელსივაიკიკის“ მაღაზიები არის ძალიან ბევრ ქვეყანაში და მათ შორის რუსეთში. ჩვენ გამოგვიგზავნეს პროდუქცია, რომელიც უნდა გაგზავნილიყო რუსეთში, მაგრამ გამოიგზავნა საქართველოში, რა პრობლემას ხედავთ ამაში? ეს ნივთი იყო წარმოებული თურქეთში, რუსეთში გასაგზავნად და უბრალოდ მოვიდა ჩვენთან. სხვა ვალუტაში ვაჭრობას რაც შეეხება, ეს ეწინააღმდეგება კანონს და რა საკვირველია არ ხდება ჩვენთან“, – ამბობს „ელსივაიკიკის“ მენეჯერი საქართველოში.

ადგილზე დათვალიერებით დასტურდება, რომ მაღაზიაში პროდუქციას ქართული ფასები ძირითადად ზემოდა აქვს გადაკრული სხვა, თავდაპირველ ფასმაჩვენებლებზე. სხვა ნივთები, რომელზეც ფასი რუსული ენაზე იყო მითითებული, არ აღმოგვიჩენია.

„არა რუსულ ფულზე გაყიდვებს“ – შეძახილის გამო მოქალაქე პარლამენტიდან გააძევეს

დღეს, 14 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი წარწერით: „არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას, დაოჯახებულებისგან“.

დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა და ამ დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიწვევით საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ შშმ პირები. აღნიშნული მოქალაქე სწორედ ამ ჯგუფს ახლდა სხდომათა დარბაზში.

ამ ჯგუფთან მისალმების დროს გამოფინა მოქალაქემ ბანერი და დაიძახა: „არა რუსულ ფულზე გაყიდვებს“, „არა რუსულ მთავრობას“, „დიდება გმირებს“, დიდება საქართველოს“.

პარლამენტის თავმჯდომარემ, მოქალაქეს პროტესტის გამო დარბაზი დაატოვებინა. შალვა პაპუაშვილმა მას „არაადეკვატური“ უწოდა.

„სამწუხაროდ, არსებობენ არაადეკვატური მოქალაქეებიც, თქვენნაირი დამოკიდებულების მოქალაქეები, ამ თემას (შშმ პირებს გულისხმობს) იყენებთ სპეკულაციისთვის და აჩვენებს რამდენად არაადეკვატური ბრძანდებით.

სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს რადიკალური ადამიანებიც. გთხოვთ დაატოვებინოთ დარბაზი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მას შემდეგ, რაც მოქალაქე დარბაზიდან გააძევეს, სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთით ხმაური იყო.

რა ტენდერებს იგებს ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანია – TI-ის კვლევა კორუფციაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი“ 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1 869 747 ლარი აქვს მიღებული.

ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა.

აკაკი ბერიძის ერთი ძმა, როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის არჩეული მერია.

მათი კიდევ ერთი ძმა რაულ ბერიძე კი გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე.

„ესია ჯგუფი“ ქედის მერიისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორია და მნიშვნელოვან შემოსავალს აქედან იღებს.

ქვეკონტრაქტორი კომპანია ტენდერებით გათვალისწინებული თანხის თითქმის 100% იღებს, რაც კორუფციულ გარიგებებზე მიანიშნებს.

ჯერი იყო შპს „რბ – ახალი გზა“ შემდეგ კი შპს „ესია ჯგუფამდე“

აკაკი ბერიძე ბათუმის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მუნიციპალური იურიდიული პირის, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელია. მანამდე იგი შპს „რბ – ახალი გზის“ 33% მფლობელი და დირექტორი იყო.

მასთან ერთად, კომპანიის მეწილეები იყვნენ ირაკლი აზნაურიშვილი (34%) და ვალერი ადონია (33%). 2017 წელს აკაკი ბერიძე კომპანიის დირექტორობიდან გადადგა, საკუთარი წილი 100 ლარად გაყიდა. შემდეგ ინჟინრად მუშაობდა კომპანია „ანაგში“ და აჭარის მთავრობის კუთვნილ შპს „აჭარის მყარი ნარჩენების მართვის“ კომპანიაში. 2021 წელს კი ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში ჯერ დირექტორის მოადგილედ, დეკემბრიდან კი დირექტორად დანიშნეს.

ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა „ესია ჯგუფი“ 2018 წლის ივნისში დააფუძნა. შპს „ესია ჯგუფი“ და შპს „რბ-ახალი გზა“ ერთსა და იმავე მისამართზე, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის #21 ბ.4-შია რეგისტრირებული.

TI-ის ინფორმაციით, „ესია ჯგუფმა“ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. მაშინ როლანდ ბერიძე, აკაკი ბერიძის ძმა, ქედის მერის მოადგილე იყო. კომპანიამ ქვეკონტრაქტორობის პირველი ხელშეკრულება იმავე წლის ივლისში მიიღო.

„მაშინ კომპანიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გალ-მშენის“ მიერ აღებული სამუშაოების მოცულობის 95% შეასრულა.

ქედის მუნიციპალიტეტის ტენდერებში გამარჯვებული სხვა კომპანიებიც ქვეკონტრაქტორობის ხელშეკრულებებს „ესია ჯგუფს“ იმ თანხაზე უფორმებდნენ, რაც მცირედით ჩამოუვარდებოდა ძირითად სატენდერო თანხას.

აღნიშნული სქემა, შესაძლოა, კორუფციის ნიშნებს შეიცავდეს“, – ამბობს TI-ი.

„აღსანიშნავია ერთი გარემოება: ქედის მერიამ მოგვწერა, რომ მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ ტენდერში (NAT210012760) გამარჯვებულ „იბერია-ჯ“-ს ქვეკონტრაქტორად „ესია ჯგუფი“ არ დაუქირავებია.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს „ესია ჯგუფის“ მიერ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული გამოცდილების დამადასტურებელი ჩამონათვალი და ამავე კომპანიასთან გაფორმებული ქვეკონტრაქტორობის ხელშეკრულება.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქედის მუნიციპალიტეტმა ინფორმაცია მერის ძმის ყოფილ ბიზნესპარტნიორის კომპანიის ქვეკონტრაქტორობაზე საგანგებოდ არ მოგვაწოდა, რაც ეჭვებს კორუფციულ გარიგებებზე აღრმავებს“, – წერს TI.

მათივე ინფორმაციით, „ესია ჯგუფმა“ უმთავრესად ქვეკონტრაქტორობის საქმიანობით, აგრეთვე ცალკეული კერძო დაკვეთით („ამბასადორი გოდერძიმ“ ბეტონის კედლის მოსაწყობად და გზის სარეაბილიტაციოდ „ესია ჯგუფს” 625 000 ლარზე მეტი მისცა) დააგროვა სათანადო გამოცდილება და ქედის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერშიც მიიღო მონაწილეობა.

„ესია ჯგუფმა“ უკონკურენტოდ, ყოველგვარი ფასდაკლების გარეშე გაიმარჯვა და ქედის მერიასთან ხელშეკრულება 157 730 ლარზე გააფორმა“.

„ესია ჯგუფის“ ქვეკონტრაქტორობის სხვა მაგალითები

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მსგავსად, აჭარის მთავრობის კუთვნილმა „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამაც“ არ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, ჰყავდა თუ არა ქვეკონტრაქტორი  შუახევის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას. ეს ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო „გლობალ სტანდარტმშენმა“.

„ესია ჯგუფმა“ თავად დაადასტურა საკუთარ Facebook გვერდზე, რომ ამ ტენდერში იყო ქვეკონტრაქტორი

ამავე წყაროს ცნობით, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ ორგანიზაციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ „ესია ჯგუფმა“ 1 206 955 ლარის ქვეკონტრაქტი მიიღო დაბა ჩაქვში რაგბის ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობიდან.

ამ ობიექტის მშენებლობის ტენდერში, ასევე, შპს „გლობალ სტანდარტმშენმა“ გაიმარჯვა.

მართვის კომპანიის ინფორმაციით, ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანიამ სამუშაოების მოცულობის 27,8% შეასრულა. „თავად „გლობალ სტანდარტმშენმა” ამ ტენდერშიც უკონკურენტოდ გაიმარჯვა“.

TI – ის განმარტებით, არცერთი ხელშეკრულება არ ავალდებულებს „გლობალ სტანდარტმშენს“, შეატყობინოს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ, რაც თავისთავად არასწორი პრაქტიკაა.

„გაუგებარია, თუ რით იხელმძღვანელა აჭარის მთავრობის კუთვნილმა შპს-მ, როცა შუახევის სტადიონის მშენებელ კომპანიას არ მოსთხოვა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების შესახებ შეტყობინება.

ამ ინფორმაციის გასაჯაროება რამდენიმე ასეული ათასი ლარით გაზრდის „ესია ჯგუფის” ქვეკონტრაქტორობის საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება აღწერილ სახელმწიფო შესყიდვებში სავარაუდო კორუფციის გამოსავლენად.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 217 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +680]
  • ტანკი – 3 943 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 7 653 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 3 783 ერთეული [+17]
  • MLRS – 603 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 364 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 300 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 324 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 196 ერთეული [+13]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 482 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 516 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 442 თვითმფრინავი
  • 238 ვერტმფრენი
  • 4 605 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 982 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 124 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 111 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 947 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

[yellow_box]ზუსტდება, მოკლეს თუ დაჭრეს კადიროვის “მარჯვენა ხელი” უკრაინაში[/yellow_box]

ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან სამ 18-სართულიან კორპუსს აშენებენ

ბათუმში არქეოლოგიურ მუზეუმთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, კვარტალი გადათხარეს და  კორპუსის მშენებლობას გეგმავენ.

კომპანიამ აქ ერთი დაუსრულებელი კორპუსის დასრულებისა და ორი ახალი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღო.

ესკიზი
ესკიზი

ჭავჭავაძის #81/83/85/87-ში სამშენებლო ტერიტორია 5 საკადასტრო ერთეულს აერთიანებს, მათ შორის არის  მიწის ნაკვეთი, სადაც წლების წინ მშენებლობა დაიწყეს და ვერ დაასრულეს.

ჭავჭავაძის 87-ში მშენებლობა შპს „ჰოლდერმა“ წლების წინ დაიწყო, თუმცა დასრულება ვერ შეძლო. მერიასთან შეთანხმებით აქ მშენებლობას „ბმ ჯგუფი“ გააგრძელებს.

ახალი ნებართვის მიხედვით, კომპანია ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან ერთ დაწყებულ კორპუსს დაასრულებს და კიდევ 2 ახალ კორპუსს ააშენებს. კორპუსები 18-სართულიანი იქნება.

მარცხნივ დაუსრულებელი კორპუსი, რომლის ნაწილშიც მოქალაქეები ცხოვრობენ, პირველ სართულზე კი კომერციული ფართობებია განთავსებული

სამშენებლო მოედნის უკანა ნაწილში, პუშკინის ქუჩის მხარეს, 18 ოჯახი ბარაკული ტიპის სახლებში ცხოვრობს. მათი თქმით, მათ ინვესტორს სთხოვეს მათი საკუთრებაც აეთვისებინა, თუმცა უარი უთხრეს.

მას შემდეგ კი რაც კომპანიამ საძირკვლის მოსაწყობად სამუშაო სპეციალური ტექნიკით დაიწყო, რყევებმა მათ საცხოვრებლებსა და შესასვლელ გზას პრობლემები შეუქმნა:

„გზა უფრო ფართო იყო და ჩასკდა, ერთი ოჯახი გაიყვანეს, რომელიც უფრო ახლოს იყო, ორი ელოდება“ – გვითხრეს აქ.

ბარაკული ტიპის სახლები სამშენებლო მოედანთან

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კრძალავს ისეთ მშენებლობას, რომელიც დაჩრდილავს ძეგლს. ძეგლიდან 150 მეტრში, იგივე ძეგლის დაცვის ზონაში მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭო ითანხმებს.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

შპს ბ.მ ჯგუფს მალხაზ მალაყმაძე [50%] ვაჟა ბერიძე[ 45%] და ისრაელის მოქალაქე [5%] ფლობენ.

ბათუმში ავტოავარიის შედეგად დაშავებული კაცი დაიღუპა

ბათუმში, დღეს, 13 ივნისს, სასტუმრო „ეიფორიასთან“ ავტოავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი დაიღუპა.

„ბათუმელებს“ ინფორმაცია კლინიკა „ბაუ“-ში დაუდასტურეს. გარდაცვლილია 35 წლამდე ასაკის კაცი, რომლის ვინაობასაც ამჟამად პოლიცია არკვევს. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ავარია დღეს, საღამოს საათებში მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა.

ამავე თემაზე: 

ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა – ავარია ბათუმში

ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა – ავარია ბათუმში

ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიასთან“ ავტოავარია მოხდა დღეს, 13 ივნისს, საღამოს.

თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

„ბათუმელები“ შს სამინისტროში აზუსტებს ინფორმაციას.

Greendoor –  მყუდრო აპარტამენტი ბათუმის ცენტრში, ზღვასთან

თუ ბათუმში გამგზავრებას აპირებთ და ქალაქის ცენტრში კომფორტულ, მყუდრო ადგილს ეძებთ დასარჩენად, ჩვენი აპარტამენტი შესანიშნავი არჩევანია.

Greendoor – ის უპირატესობაა:

  • კარგი ადგილმდებარეობა
  • დაცული და მეგობრული გარემო

Greendoor-ი ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს და აქედან ბულვარში, პლაჟსა თუ  ევროპის მოედანზე  ფეხით ხუთ  წუთში მიხვალ.

ჩვენი ბინა ორ დიდ ოთახს აერთიანებს – საძინებელ და მისაღებ ოთახებს, ფართო ფანჯრებით, ხის იატაკითა და ფერადი ინტერიერით. სამზარეულოში არის მაცივარი, ელექტროჩაიდანი,  მიკროტალღური ღუმელი და ტელევიზორი.

ჰოსტელში ორი სააბაზანო და საპირფარეშოა. აქ დაგხვდება პირსახოცები და თეთრეული, ასევე სარეცხი მანქანა. მოკლედ, ყველაფერი, რაც კარგად დასვენებისა და განტვირთვისთვის არის საჭირო.

მემედ აბაშიძის ქუჩა იდეალური ადგილია ბათუმში დასარჩენად. ეს ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ძველი ბათუმისათვის დამახასიათებელი არქიტექტურა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსტელი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ეს ქუჩა მყუდროა  და თქვენს მშვიდ ძილს არაფერი ემუქრება.

დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით: 555 928 928; 555 267 262

 

„სქესობრივ განათლებაზე უარის თქმა, ნიშნავს გაწირო ბავშვები ძალადობისთვის“

ევროპის რეგიონში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოზარდებს შორის შობადობის და აბორტის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი და საქართველო, „სადაც არ არსებობს სავალდებულო ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების პროგრამები“.

ამ ქვეყნებში ასევე ძალიან მაღალია ბავშვებზე კიბერსექსუალური ძალადობის რისკები და შემთხვევები. სკოლებში სქესობრივი განათლების დანერგვაზე საქართველოს მთავრობას ევროპის ასოცირების შეთანხმების ფარგლებშიც მიუთითეს, მიუთითა გაერომაც.

მმართველი პარტია კი უარს ამბობს და მტრულ რიტორიკას ინარჩუნეს. სქესობრივ განათლებაზე უარის თქმა ნიშნავს გაწირო ბავშვები, განსაკუთრებით კი შშმ გოგოები სქესობრივი ძალადობისთვის“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

„ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, გამოძიება დაიწყო შშმ გოგონებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის და ვიდეოკადრების გავრცელების საქმეზე. მუქარის ბრალდებით დააკავეს ერთი პირი, საქმეზე ისევ მიმდინარეობს გამოძიება.

შშმ ბავშვები და სქესობრივი დანაშაული

დალი თავართქილაძე ორი სრულწლოვანი შშმ ქალის დედაა. ისინი დაბა ხულოში ცხოვრობენ. უფროსი შვილი 29 წლისაა, უმცროსი კი 20 წლის. უსინათლო ქალებს ძირითადად სახლში უწევთ ყოფნა, რადგან გარემო მათთვის არაინკლუზიურია.

როგორც დალი გვიყვება, ხულოში შშმ ბავშვების განვითარებისთვის არანაირი პირობა არ არის შექმნილი, რომ მიიღონ სრულყოფილი განათლება და დასაქმდნენ. ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი ადაპტირებულ წიგნებზე, ტექნიკაზე. შესაბამისად, მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციაზეც ნაკლებად აქვთ წვდომა.

„დღეს ძალიან აქტუალური გახდა ინტერნეტ სივრცეში ბავშვთა მიმართ სექსუალური დანაშაულების და სექსუალური ძალადობის თემა. სტატიაც წავიკითხე ამის შესახებ, რომ შშმ გოგოები შესაძლოა ადვილად გახდნენ ძალადობის მსხვერპლი.

მართალია, ჩემ შვილებს არ ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა, მაგრამ მე ყველა ბავშვს ვგულშემატკივრობ და მინდა, რომ ისინი დაცული იყვნენ ამ საფრთხეებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილები უკვე ზრდასრულები არიან, მაინც არავინ ვართ დაზღვეული“.

მე მაგალითად მირჩევნია, რომ სქესობრივ განათლებაზე და სექსუალურ ძალადობაზე სპეციალისტი ესაუბროს ბავშვებს, რადგან შეიძლება მე ისე ვერ ავუხსნა, როგორც საჭიროა.

თუ ვინმე გადამამზადებს, როგორ ვესაუბრო მათ ამ საკითხებზე, არც ამაზე ვიტყვი უარს. თუმცა, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არასდროს მქონია“, – ამბობს დალი თავართქილაძე.

დალი თავართქილაძე/შშმ გოგოების დედა

მისი თქმით, პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის გარემოება, რომ შშმ ბავშვები სოფლებში მოწყვეტილი არიან განვითარების შესაძლებლობებს.

„მე მცირე მეწარმე ვარ და მთელი დღე გამოსული ვარ სახლიდან. ამიტომ გოგონებს ძირითადად ინტერნეტით უწევთ გარემოსთან ურთიერთობა და რისკები ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს.

ვწუხვარ იმის გამო, რომ ჩემ გოგონებს ვერ მივეცი სათანადო განათლება, რადგან ხულოში არ არსებობს ინკლუზიური კლასები. არც კოლეჯია, რომ პროფესიული განათლება მიიღონ.

პატარა გოგონა ძალიან ნიჭიერია, თუმცა ვერც მას ვაძლევ განათლებას. მოვახერხე და ცხრა კლასი დავასრულებინე, თუმცა ეს არ არის საკმარისი. არც განათლებით ვარ კმაყოფილი“, – ამბობს დალი.

მისი თქმით, უსინათლო გოგონებს სახელმწიფომ უნდა მისცეს ადაპტირებულ რესურსებზე წვდომა, რომ მათ შეძლონ საჭირო ინფორმაციის მიღება კომპეტენტური ადამიანებისგან. „უსინათლოთა კავშირმა ადაპტირებული ტელეფონი გამოუგზავნა უმცროს გოგონას, უნდა ამოსულიყვნენ და ესწავლებინათ გამოყენება, მაგრამ თითქმის ორი წელი გავიდა და ისევ თაროზეა შემოდებული ეს ტელეფონი, ვერ სარგებლობს.

შშმ შვილების მშობლებს ბევრ რამეზე გვიწევს ფიქრი, მათ შორის იმაზე, როგორ დაიცვა შვილი სქესობრივი ძალადობისგან, როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს შემთხვევებში და ვის უნდა მიმართონ.

რაღაც რომ არ აქვთ, ჩემ თავს ვადანაშაულებ ხოლმე „ალბათ ცუდი დედა ვართ-მეთქი“, მაგრამ ასეც არ არის. ყოველთვის ვცდილობ მათ საჭიროებებს გავწვდე, მაგრამ არის საკითხები, რაშიც გვჭირდება გაძლიერება და სახელმწიფოს დახმარება. ასეთი საკითხია, ახალგაზრდებისთვის სქესობრივი განათლების მიცემა“ – გვეუბნება დალი თავართქილაძე.

ნატალი დავითაძეც შშმ გოგონას მშობელია. მისი თქმით, მცირე გამოკვლევაც რომ ჩავატაროთ თემში, მაშინვე დავინახავთ, თუ რამდენად საჭიროა სქესობრივ განათლებაზე მათი ინფორმირება.

ნატალი დავითაძე, შშმ გოგონას დედა

„როცა გავიგე შშმ გოგონებზე სექსუალური ძალადობის შესახებ, ძალიან შევშფოთდი. ვიფიქრე, ხომ შეიძლება ერთ-ერთი ჩემი შვილი ყოფილიყო? მიუხედავად იმისა, რომ ჩემ შვილს ძალიან ვუფრთხილდები, მაინც არავინ ვართ დაზღვეული.

ზოგადად, სქესობრივი განათლების მხრივ ძალიან რთული მდგომარეობაა არათუ ახალგაზრდებში, ზრდასრულებსაც კი არ აქვთ სათანადო ცოდნა, რომ ბავშვები დაიცვან“, – მიიჩნევს ნატალი.

მისი თქმით, ბევრმა შშმ გოგონამ და ბიჭმა არც კი იცის, რა არის სქესობრივი ძალადობა.

„პრობლემაა ის, რომ იშვიათად ხდება ამ საკითხებზე ახალგაზრდებთან საუბარი და როცა ტარდება ვთქვათ ტრენინგები, მაგალითად სმენისარმქონეებს თუ ესაუბრები აქ პრობლემას ქმნის ის, რომ ყველა ახალგაზრდას არ შეუძლია ბოლომდე გაგება მიღებული ინფორმაციის.

თარგმნის დროს იკარგება ჟესტები, შეიძლება თარჯიმანს გამოეპაროს რაღაც, ჟესტურ ენაზე საუბრისას თვალით კონტაქტი უნდა დაამყაროს ხომ მსმენელებთან, ვიღაც ტელეფონზე გადაერთო, ვიღაცამ ჟესტი ვერ გაიგო… სამწუხაროდ, ყველა ჟესტიც კი არ იციან, ამიტომ ვერ იგებენ ბოლომდე მიწოდებულ ინფორმაციას“, – ამბობს ნატალი.

მისი აზრით, შშმ ბავშვებთან და მოზარდებთან სქესობრივი განვითარების თემაზე უნდა საუბრობდნენ კვალიფიციური ადამიანები ხშირად, ასევე კონკრეტული თემის სპეციფიკიდან გამომდინარე.

„ძალიან რთულია ის, რომ ბევრმა მშობელმა არ იცის ჟესტური ენა და ვერ ესაუბრება შვილს. ძალადობის მსხვერპლი რომ იყოს, ან სჭირდებოდეს რაიმეს ახსნა, ვერ დაელაპარაკება მშობელს. საბედნიეროდ, მე და ჩემ შვილს ჩვენივე გამოგონილი ჟესტები გვაქვს და ასე ვცდილობ სრულყოფილად მივაწოდო ინფორმაცია.

თუმცა ბოლომდე არც მე გამომდის და ახლა წარმოიდგინეთ ის მშობლები, რომლებმაც საერთოდ არ იციან ენა ან არ აქვთ მზაობა, რომ ესაუბრონ შვილს სექსუალური ძალადობის საფრთხეებზე.

უარესიც ხდება, არიან მშობლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სქესობრივი საკითხები ტაბუირებული თემაა და არ უნდა ესაუბრონ ამაზე შვილებს. 21-ე საუკუნეში ვერ იქნება ეს საკითხი გასაიდუმლოებული, ამიტომ სწორი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია“, – მიიჩნევს ნატალი დავითაძე.

ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკა წლების მიხედვით/ წყარო: PHR

მისი თქმით, შშმ ბავშვების მშობლები ინფორმირებული არიან ძალადობის ფაქტებზე, თუმცა ხშირად ისინი დუმილს ამჯობინებენ, ვიდრე ბრძოლას.

„არ ვიცი, რატომ ხდება ასე. შესაძლოა იმიტომ, რომ თვითონ ასე გაიზარდნენ, ასე ასწავლეს მშობლებმა. ზოგს შესაძლოა იმიტომ არ აინტერესებს, რომ თავისი გასაჭირი აქვს – ლუკმაპურისთვის იბრძვის და დრო აღარ რჩებათ ამაზე ფიქრისთვის. თუმცა ახალგაზრდა მშობლებში უკვე შეცვლილია ეს დამოკიდებულება: ბევრი ფიქრობს, რომ სქესობრივი განათლების მიღება ბავშვებისთვის აუცილებელია“, – გვეუბნება ნატალი.

ნატალია მიიჩნევს, რომ როგორც მშობლის, ასევე ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

„განსაკუთრებით იმ მშობლებზე, ვისაც ჰყავს შშმ ბავშვები და არ აქვთ წვდომა ამ ბავშვებს მათთვის საჭირო ინფორმაციაზე. ინკლუზიური სპეციალისტები მუდმივად დეფიციტია ქვეყანაში, არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, თუმცა ვერ ფარავენ ყველა საჭიროებას, ამიტომ სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს ეს კომპონენტი.

კითხვა მაქვს სახელმწიფოსთან იმაზეც, თუ რატომ არ ასწავლიან ჟესტურ ენას? ადრე ბევრი სტუდენტი იყო მსურველი. ვფიქრობ, როგორც უცხო ენა ისწავლება, ასე უნდა ასწავლონ ჟესტური ენაც“, – ამბობს ნატალი დავითაძე.

ესმა გუმბერიძეც შშმ პირია და გოგოების სქესობრივი განათლების საჭიროებაზე მასაც ვესაუბრეთ.

ესმა გუმბერიძე

„მე პირადად, პატარა ასაკში რაც ვიცოდი ის იყო, რომ უცხოებს არსად არ უნდა გავყოლოდი, არაფერი გამომერთვა მათთვის, კარი არ უნდა გამეღო, როცა მარტო ვიყავი და ასე შემდეგ.

მშობლები მასწავლიდნენ, რომ არც ნათესავებში უნდა წავსულიყავი გაფრთხილების გარეშე. მეტი არაფერი ვიცოდი შესაძლო საფრთხეებზე.

მეც მსმენია, რომ შშმ ქალები პროსტიტუციაშიც ჰყავთ ჩართული და, რა თქმა უნდა, არსებობს გოგოებზე სექსუალური ძალადობის საფრთხეც“, – ამბობს ესმა.

მისი აზრით, პრობლემაა ისიც, რომ სპეციალიზებულ სკოლებშიც კი შშმ ბავშვებს სათანადოდ არ ასწავლიან წერა-კითხვას, ხშირად არც ჟესტურ ენას, რომ შეძლონ სპეციალურ ჯგუფებში გაწევრიანება და მათთვის საჭირო საკითხებზე ცოდნის მიღება.

„სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე განათლება აუცილებელია. არც მე მისწავლია სკოლაში მსგავსი არაფერი და სექსუალურ ძალადობაზე მით უმეტეს, არავის უსაუბრია.

ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, მეხუთე კლასში ვიყავი, როცა რომელიღაც ორგანიზაციამ ჩაგვიტარა ლექცია, თუმცა მაშინ რამდენად სერიოზულად აღვიქვით ეს საკითხი ვერ გეტყვით.

სახლში არ გვისაუბრია ძალადობის თემებზე. შემდეგ, მოზარდობის ასაკში თანატოლებისგან მომისმენია ამ საკითხზე და როცა მე თვითონ გავხდი ტრენერი, სასწავლო მასალებიდან გავიგე ბევრი რამე“, – გვეუბნება ესმა.

მისი თქმით, ზოგადად, ჩვენ კულტურაში არ ასწავლიან სიფრთხილეს – ბავშვებს ეუბნებიან, რომ უფროსს უნდა ჩაეხუტონ, მიესალმონ და ასე შემდეგ, რაც ასევე საყურადღებოა.

ანა არგანაშვილი

ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, შშმ ბავშვების აქტიური უფლებადამცველია. მისი თქმით, სექსუალური ძალადობის არაერთ საქმესთან ჰქონია შეხება, უმეტესად არის გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება და ასევე ონლაინ სექსუალური ძალადობა. ანა ამბობს, რომ ეს უკანასკნელი, სტიქიურადაა გავრცელებული.

„დავიწყოთ ონლაინ ნაწილიდან – არაინკლუზიური გარემოს გამო შშმ გოგოებს, ქალებს, კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ, ამიტომ ამის საკომპენსაციოდ აქტიურად იყენებენ ონლაინ არხებს. სამწუხაროდ, გოგოები ხდებიან ონლაინსქესობრივი ძალადობის მსხვერპლი“-ამბობს ანა.

ონლაინსივრცეში სქესობრივი ძალადობა გამოიხატება ე.წ. გრუმინგით (Grooming), რომელიც გულისხმობს იძულებას ონლაინ შეხვედრაზე, რა დროსაც ხდება სქესობრივი ძალადობა.

„მოტყუებით ონლაინ ურთიერთობა, ეს არის გრუმინგი. ამ დროს ხდება სექსუალური ურთიერთობის იძულება უმეტესად ზრდასრული კაცების მხრიდან არასრულწლოვან შშმ გოგოებზე.

ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ძალით მოპოვება ონლაინში, შემდეგ ჩამოტვირთვა, შენახვა და დაშანტაჟება, ამ კადრების გავრცელებით ან გავრცელება.

ყველაფერი, რაც ეხება პირად ცხოვრებას, აქვს სქესობრივი ხასიათი და პორნოგრაფიის შინაარსი, არის დანაშაულის შემადგენლობა. ამ გოგოებმა და ქალებმა, სამწუხაროდ, ეს არ იციან – უჭირთ ჯერ უარის თქმა, შემდეგ კი ამის დასრულება ან დახმარების თხოვნა სხვებისთვის“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, არაერთ საქმესთან ჰქონია შეხება, როცა სექსუალურად ძალადობდა ოჯახის ახლობელი, ნაცნობი – დაწყებული გაუპატიურებიდან, დასრულებული გარყვნილი ქმედებით, რომელიც წლები გრძელდებოდა.

„ხშირად ისიც არ იციან არასრულწლოვნებმა, რომ როცა სრულწლოვანი კაცი ცდილობს ამის გაკეთებას, ეს ძალიან მძიმე ფორმის დანაშაულია და ვერავის პოულობენ, რომ დასახმარებლად მიმართონ მანამდე, სანამ არ დამძიმდება საქმე – მუქარები, შანტაჟი, რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება მოძალადის მხრიდან“, – გვეუბნება ანა.

მას მიაჩნია, რომ ამ საკითხზე პირდაპირი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, რადგან ის ბლოკავს სკოლებში სქესობრივი განათლების დანერგვას.

„დანერგვის ნაცვლად ბლოკავენ ამ კომპონენტს. მმართველი პარტიის რიტორიკა ამ საკითხში არის ულტრამემარჯვენე და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო.

ასეთ პირობებში აბსურდია, განათლების სამინისტროს რაიმე გადაწყვეტილება მოვთხოვოთ, მიუხედავად იმისა, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც კარგად იაზრებენ ამის საჭიროებას და მზაობაც აქვთ, რომ ეს კომპონენტი დანერგონ სკოლებში. ეს თემა იბლოკება ზემოდან – იქ, სადაც იგეგმება მმართველი პარტიის გზავნილები და მესიჯები. ამიტომაც პასუხისმგებლობაც მთლიანად ამ პოლიტიკურ გუნდზეა“, – მიიჩნევს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშიც მიუთითეს, ასევე მიუთითა გაერომ, [შშმ პირთა კომიტეტის ანგარიშის და ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის ანგარიში], რომ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს სქესობრივი განათლება, მთავრობა ამ მითითებას მაინც არ ასრულებს.

„არაერთხელ უთხრეს, რომ სქესობრივ განათლებაზე უარის თქმა, ნიშნავს გაწირო ბავშვები, განსაკუთრებით კი შშმ გოგოები სქესობრივი ძალადობისთვის.

ხელისუფლება მაინც იყენებს მტრულ რიტორიკას და მცდარ ინფორმაციას ავრცელებს, რომ თითქოს სკოლებში ექიმის საათის დანერგვით მოაგვარებს ამ პრობლემას.

ექიმის საათი ჯერ მხოლოდ რამდენიმე სკოლაში დაინერგა და ესეც წელიწადში ნახევარი საათი, სადაც შეიძლება ესაუბრონ ძალადობაზე და ეს არანაირი სქესობრივი განათლება არ არის. თუმცა შშმ ბავშვებისთვის ესეც არ დანერგილა“, – გვეუბნება ანა.

ის, რომ ბავშვს ასწავლო არავის გაუგზავნოს საკუთარი ფოტო, ეს ვერანაირად ვერ იქნება ბავშვის წინააღმდეგ მიმართული, ამით მხოლოდ ბავშვებს დავიცავთ. ამის შემადგენელია სქესობრივი და რეპროდუქციული განათლებაც, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის მმართველი პარტია.

ანა საუბრობს იმ მძიმე შედეგებზე, რომელსაც სწორედ ამ ტიპის განათლების არარსებობა წარმოშობს. საუბარია აბორტების და ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაზე არასრულწლოვნებში.

კვლევა, რომელიც 2022 წელს გამოაქვეყნა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს კრიტიკულ მიმოხილვას საქართველოში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, სადაც ასევე შესულია მძიმე მონაცემები ბავშვთა ასაკში აბორტების და მშობიარობის შესახებ.

ამ კვლევის მიხედვით, 2018-2021 წლებში საქართველოში ბავშვებს შორის 454 აბორტი და 2 564 მშობიარობა დაფიქსირდა. 2018 წლის „დაგეგმილი მშობლობის საერთაშორისო ფედერაციის ევროპული ქსელის “ანგარიშის (სახელწოდებით „სექსუალური განათლება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“) მიხედვით, მოზარდებს შორის შობადობა საქართველოში ყველაზე მაღალია (51.5) ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

მაგალითად, 2015 წლის მონაცემით, საქართველოში 15-19 წლის ასაკში ათასმა გოგონამ იმშობიარა. რაც ყველაზე მაღალია ყველა შესწავლილ ქვეყანას შორის.

ევროპის რეგიონში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ მოზარდებს შორის შობადობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი და საქართველო, „სადაც არ არსებობს სავალდებულო ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების პროგრამები.

არასრულწლოვან გოგონებს შორის აბორტებისა და მშობიარობის მაღალი მაჩვენებელი დიდწილად სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია კვლევაში.

ამ ანგარიშის მიხედვით, ბავშვები არაფორმალური არხებით, მათ შორის სოციალური მედიისა და თანატოლების მეშვეობით, იღებენ ინფორმაციას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. ამ ინფორმაციის მოძიებისას ისინი აწყდებიან კიბერსექსუალური ძალადობისა და არასათანადო მიზნებით მათი ნდობის მოპოვების გაზრდილ რისკებს.

„მახსენდება ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელიც მოსამართლეებს მოუყვა, რომ როცა თავის კლასელებს ეკითხებოდა, მათაც ეხება თუ არა მამა ინტიმურ ადგილებში, ამის გამო დაკარგა მეგობრები. არაფერი იცოდა, ვერავის სთხოვა დახმარება.

წარმოიდგინეთ, როგორი უმწეოები არიან ბავშვები და შშმ ბავშვები, როგორი სასოწარკვეთილია ბავშვი, როცა კლასელს ეკითხება, „მამა შენც ამას გიკეთებს?“ როგორი დეფიციტი აქვთ ინფორმაციის, რომ ერთმანეთს უსვამენ მსგავს კითხვებს“, – გვეუბნება ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, ეს ბავშვი ყველგან დახმარებას ეძებდა, მაგრამ არც კლასელმა, არც მასწავლებელმა არ იცოდა, როგორ დახმარებოდა.

„შშმ პირებზე ძალადობა, გაუპატიურება ხშირად წლები გრძელდება. ყველა ჩუმად არის. ბავშვი როცა ხვდება, რომ მასზე ძალადობენ, უკვე ძალიან გვიანია. გაუპატიურებას ემატება მუქარა სიცოცხლის მოსპობით, დედის სიცოცხლის მოსპობით, ბავშვს არ აქვს იმხელა ძალა, რომ ამ მუქარას გაუძლოს.

მმართველი პარტიის მხრიდან გვესმის, რომ არ გვინდა ევროკავშირი, რომ იქ გარყვნილებას ასწავლიან – ბავშვების სქესობრივ უსაფრთხოებას გარყვნილებასთან აიგივებენ.

სწორედ გარყვნილებას უწყობს სახელმწიფო ხელს, რადგან ძალადობას არ აღიარებს და მალავს“, – ამბობს ანა.

ამის საილუსტრაციოდ, როგორც ანა ამბობს, მმართველ პარტიას შეუძლია ნახოს წლების განმავლობაში როგორ მძიმე, მიტოვებულ მდგომარეობაში არიან შშმ ბავშვები მათთვის აუცილებელი ცოდნის არქონის გამო.

ანა ასევე საუბრობს მშობლების როლზეც, რადგან სწორედ მათ აქტიურობაზეა დამოკიდებული, რამდენად შეცვლის სახელმწიფო ამ საკითხზე თავის პოზიციას.

„მშობლებმა სწორად უნდა გაიაზრონ პრობლემა და არ დაექვემდებარონ დეზინფორმაციულ მესიჯებს, მათ იციან ბავშვს რა ცოდნა სჭირდება და ისიც – რომ თვითონ ვერ პასუხობენ ამ კითხვებს.

მშობლები, რომლებიც აცნობიერებენ სქესობრივი განათლების საჭიროებას, ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ ამ ტიპის განათლების დანერგვის აუცილებლობაზე“, – გვეუბნება ანა არგანაშვილი.

სხვა შემთხვევაში, ქვეყანაში გვეყოლება ათასობით ბავშვი, რომელიც წლობით იქნება ონლაინსექსუალური თუ სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი – მათ მოძალადეებისგან ვერ დავიცავთ“.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში აფეთქება მოხდა – მედია

დღეს, 13 ივნისს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში რამდენიმე აფეთქება იყო – ამის შესახებ რუსული მედია წერს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი რაკეტა – Storm Shadow გაუშვა ლუგანსკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

ამ დრომდე [19:30 სთ.] არ ვრცელდება ინფორმაცია დაზარალებულებისა და მიყენებული ზარალის შესახებ.

______________

ფოტოზე: კადრი ტელეგრამზე გავრცელებული ვიდეომასალიდან.

რკინიგზა ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

14 ივნისიდან საქართველოს რკინიგზა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, დამატებით რეისებს ნიშნავს.

გრაფიკი ასე გამოიყურება:

14 ივნისიდან:

  • თბილისი [გასვლა] – 10:25 სთ – ბათუმი [ჩასვლა] 15:38 სთ
  • ბათუმი [გასვლა] – 17:15 სთ – თბილისი [ჩასვლა] 22:23 სთ

16 ივნისიდან:

  • თბილისი [გასვლა] – 00:35 სთ – ბათუმი [ჩასვლა] 05:47 სთ
  • ბათუმი [გასვლა] – 00:45 სთ – თბილისი [ჩასვლა] 05:53 სთ

რკინიგზის ცნობით, აღნიშნული გრაფიკი 15 სექტემბრამდეა ძალაში.

დამატებითი რეისების პარალელურად ძალაში რჩება რეგულარული რეისები.

ოჯახი და პოლიცია ახალგაზრდა კაცს ეძებს, რომელიც 7 ივნისს გაუჩინარდა

ოჯახი და პოლიცია 27 წლის ნიკა ხვედელიძეს ეძებს.

ნიკა ჭიათურაში ცხოვრობს. როგორც „ბათუმელებს“ უთხრა მისი ოჯახის წევრმა, იგი ბოლოს 7 ივნისს ნახეს ზესტაფონში, რის შემდეგაც მისი კვალი გაქრა.

ოჯახმა მიმართა პოლიციას.

იმ შემთხვევაში, თუ იცით ნიკა ხვედელიძის ადგილსამყოფლის შესახებ, დაუკავშირდით ოჯახს აღნიშნულ ნომერზე: 571 753 232.

რა მოთხოვნებს უყენებს სახელმწიფო არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, არაქართულენოვანი სკოლების, ასევე ქართულენოვანი სკოლების რუსული სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლები 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.

2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე არაქართულენოვანი სკოლების (სექტორების) პრაქტიკოსი მასწავლებელი იმ შემთხვევაში მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, თუ გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს და საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგების გათვალისწინებით მიენიჭება 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულა.

ასეთ შემთხვევაში მასწავლებელს უფლება მიეცემა გაიაროს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

იმ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან რუსულენოვან სკოლებში/სექტორებზე რუსულს, როგორც მშობლიურ ენასა და ლიტერატურას და ჩაბარებული ან ნაწილობრივ დადასტურებული აქვთ რუსული, როგორც უცხო ენის გამოცდა, 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე, აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

იმ არაქართულენოვან სკოლებში დასაქმებული პრაქტიკოსი მასწავლებლების ადგილას, რომლებიც 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ვერ შეიცვლიან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს.

მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე, უსტატუსოდ“-წერია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც გუშინ, 12 ივნისს გამოქვეყნდა.

ბრიტანული დაზვერვა: ირანმა გაზარდა დრონების ექსპორტი რუსეთში

დღეს, 13 ივნისს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ყოველდღიურ, მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ტვიტერზე წერს, რომ ირანი, დრონების მიწოდების გაზრდის გარდა, რუსეთს შესაძლოა ეხმარება დრონების წარმოების დაწყებაში.

დაზვერვა წერს, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა, დიდი ალბათობით, იმუშავა იმისთვის, რომ უზრუნველყოს უპილოტო საფრენი აპარატების დიდი მოცულობით მიწოდება ირანიდან. რუსეთი, სავარაუდოდ, ირანული დრონების – OWA-UAV-ების საჰაერო გზით მცირე მიწოდებიდან გადავიდა ირანიდან კასპიის ზღვის გავლით გემებით უფრო დიდ ტვირთების მიწოდებაზე.

ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ ამ „საერთაშორისო, ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფანს“ გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რადგან ის რუსეთს აზიის ბაზრებზე წვდომის საშუალებას აძლევს, იარაღის გადაცემის ჩათვლით.

„ამ იარაღის მიწოდებით ირანი აგრძელებს გაეროს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის დარღვევას“ – აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.

ანალიტიკოსები ასევე წერენ, რომ რუსეთი მუშაობს OWA-UAV-ების შიდა წარმოების დასაწყებად, დიდი ალბათობით, ირანის დახმარებით.

„რუსეთი დიდი ალბათობით განახორციელებს ინვესტიციას OWA-UAV-ებში, რადგან ის რუსეთს აწვდის შედარებით შორ მანძილზე იაფი დარტყმის შესაძლებლობას იმ დროს, როდესაც რუსეთმა თავისი ფრთოსანი რაკეტების მარაგის დიდი ნაწილი დახარჯა უკრაინაში“ – წერს დაზვერვა.

ბათუმში ავტობუსები 15 ივნისიდან განახლებული გრაფიკით იმოძრავებენ

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები 15 ივნისიდან განახლებული გრაფიკით იმოძრავებენ.

„საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, 15 ივნისიდან ხანგრძლივდება ავტობუსების სამუშაო დრო“ – მოგვწერეს „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“.

განახლებული ინფორმაცია სამარშრუტო ხაზების სამუშაო საათებთან დაკავშირებით [დაწყება-დასრულება, 15 ივნისიდან]:
ბათუმში ავტობუსების მოძრაობის განახლებული გრაფიკი / ამოქმედდება 2023 წლის 15 ივნისიდან / წყარო: „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

განახლება: აღნიშნული გრაფიკი „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეცვალა თავის ვებგვერდზე. მანამდე გამოქვეყნებულ გრაფიკზე ზოგიერთმა მგზავრმა კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ეს გრაფიკი კარგა ხანია გამოქვეყნებულია, ჩანს აპლიკაციაშიც, თუმცა, ავტობუსები საღამოს საათებში ამ გრაფიკში/აპლიკაციაში მითითებულ დროზე ადრე წყვეტენ მოძრაობას.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ივნისის 21 საათიდან 14 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან, დღის მეორე ნახევრიდან კი უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 15 ივნისს მოსალოდნელია ბათუმში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, 15-17 ივნისს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 216 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470]
  • ტანკი – 3 935 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 7 642 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 3 766 ერთეული [+20]
  • MLRS – 601 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 363 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 300 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 309 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 183 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 473 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 511 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 442 თვითმფრინავი
  • 238 ვერტმფრენი
  • 4 585 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 939 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 122 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 100 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 927 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

[yellow_box]ბრიტანული დაზვერვა: ირანმა გაზარდა დრონების ექსპორტი რუსეთში[/yellow_box]

  • უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა ღამით ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივიი რიჰზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ექვსი ადამიანი, დაშავდა 20-ზე მეტი. გარდა ამისა, ნანგრევების ქვეშ შეიძლება შვიდი ადამიანი იყოს.

ამავე თემაზე:

რუსეთი ცდილობს უკრაინის ფრონტზე წარმატება დააკნინოს – ISW

„მიდგომა იყო, რომ რუსები არ უნდა გავაღიზიანოთ“ – „რეტროს“ ყოფილი მენეჯერი

„გვთხოვდნენ რუსულად საუბარს რუსულენოვან მომხმარებელთან, მათთვის მეტი ყურადღება უნდა მიგვექცია, მათ ენაზე უნდა დავლაპარაკებოდით. ეძებდნენ რუსულენოვან მიმტანებს. მთხოვდნენ, ტელეგრამ არხებში დამეწერა, რომ ვაკანსია გვქონდა. ეს უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი იყო“ – გვიყვება მარია ზოიძე, ბათუმში მდებარე კაფე „რეტროს“ ყოფილი მენეჯერი.

მარია მათ შორისაა, ვინც „რეტროში“ სამსახური, ერთ-ერთ მიმტანთან დაკავშირებულ სკანდალურ ამბამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. სწორედ მან გამოაქვეყნა „რეტროში“ დირექტორის, თეიმურაზ ვარშანიძის მიერ მიმტანზე ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები ფეისბუქზე.

მარია ამბობს, რომ ამ კადრების აღების მოთხოვნით მის ახლობლებს ურეკავდნენ, შეტყობინებები თავადაც მიიღო, თუმცა ვიდეო არ წაუშლია.

მარია „რეტროში“ 2019 წელს დასაქმდა, მაშინ აბიტურიენტი იყო და უნივერსიტეტისთვის ფულს აგროვებდა. მალევე სტუდენტი გახდა და რიგი გამოწვევების წინაშე დადგა, რის გამოც დროებით მიატოვა სამსახური, შემდეგ კი პანდემია დაიწყო და ყველაფერი დაიკეტა.

პანდემიის აქტიური პერიოდის ჩავლის შემდეგ, როცა კაფეები გაიხსნა, უნივერსიტეტი ისევ ონლაინ სწავლებაზე დარჩა და მარია „რეტროში“ მიმტანის პოზიციაზე დაბრუნდა.

ცოტა ხანში ის სუპერვაიზერი გახდა: „ახალ მენეჯერს ვეხმარებოდი, ისიც თავის მხრივ მასწავლიდა ყველაფერს. მოვეწონე და სუპერვაიზერობა შემომთავაზეს“. მენეჯერის წასვლის შემდეგ კი ეს პოზიცია მარიამ დაიკავა.

მარიას, როგორც მენეჯერს, ზაფხულის აქტიური სეზონისთვის ახალი თანამშრომლებიც მოძებნასაც ავალებდნენ, მოთხოვნა რუსების აყვანა იყო. მარიას ახსოვს ისიც, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვის უფლება არ მისცეს:

„როცა უკრაინაში ომი დაიწყო ისევ მიმტანი ვიყავი. შეძრული ვიყავი ამ ომის გამო, მეზიზღება რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა, მეზიზღება რუსული პოლიტიკა, ოკუპაციის პოლიტიკა. ომის პირველივე დღიდან ვთხოვე ჩემს დირექტორს, რომ დავბეჭდავდი პატარა პოსტერს, დროშას ან ფრაზას, ვთქვათ „სლავა უკრაინეს“, რაც იქნებოდა უკრაინის მხარდამჭერი და გავაკრავ- მეთქი, პასუხად მივიღე, ჩვენ რუსი მომხმარებლებიც გვყავსო.“

მარია გვიყვება, რომ „არ გაღიზიანების პოლიტიკა“ მის სამსახურშიც ჰქონდათ გაზიარებული:

„მიდგომა იყო, რომ რუსები არ უნდა გავაღიზიანოთ არასდროს. ეს ნიშნავს, რომ მოსულ რუს ტურისტს არ მოეწონებოდა ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. იყო კიდევ ის, რომ რუსების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოგვეჩინა“.

ყოფილი მენეჯერი გვიყვება, რომ თანამშრომლის ასაყვანად გასაუბრებისას რუსულის ცოდნა პრიორიტეტად აქციეს:

„ინგლისურის ხსენებამდე ეკითხებოდნენ გამართული ქართული და რუსული თუ იცითო. დიახ, ამას ვეკითხებოდით ყველას, ასე იყო ნორმალური მათთვის. გარდა ამისა ჩემი უფროსი მიგზავნიდა რუსულ ტელეგრამ არხებს, სადაც რუსები იყვნენ, მე სამსახური უნდა შემეთავაზებინა მათთვის. რუსულად უნდა განმეთავსებინა ინფორმაცია, რომ გვქონდა ვაკანსია და შეეძლოთ მოსულიყვნენ. ეს იყო ჩვენი უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი, მე ჩემს დამოკიდებულებას ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი, არასდროს დამიმალავს.“

მარია ამბობს, რომ მისი პასიურობა რუსულენოვანი თანამშრომლების მოძებნასთან დაკავშირებით დირექტორს არ მოეწონა:

„რუსულენოვან თანამშრომლებს რომ არ ვეძებდი, ამის გამო ბრაზდებოდა კიდეც. თუ დაწერე იმ არხებშიო – მეკითხებოდა. მართლა დავწერე ერთხელ, ვალდებული ვიყავი ეს გამეკეთებინა, რადგან დავალება იყო. ან უნდა დავრჩენილიყავი და მემუშავა, ან უნდა წავსულიყავი, ასეთი იყო გარემო. ან უნდა იყოს ყველაფერი, როგორც მათ უნდათ, ან, თუ არ გინდა – წადი – ეს არის მათი პოლიტიკა. რამდენიმე რუსულენოვანი თანამშრომელი მოვიდა კიდეც. ბოლოს უკვე მენეჯერიც რუსულენოვანი იყო“.

მარია გვიყვება, როგორ ღიზიანდებოდა ადგილობრივი მომხმარებელი, როცა მათ რუსულენოვანი მიმტანი სთავაზობდა მომსახურებას:

„წარმოიდგინეთ, ქართულ რესტორანში შედიხარ და მიმტანი რუსულად გესაუბრება. ეს, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია. ამის გამო ძალიან დაძაბული ვიყავი, რაზეც ჩვენი უფროსის პასუხი იყო, რატომ მიუშვით ქართველთან რუსიო. თან უნდა დაგვემალა, რომ რუსები იყვნენ, უთხარით, რომ უკრაინელები არიანო. როგორ უნდა მოიტყუო? – ყველამ იცის, ყველა ხვდება“. 

მარიას თქმით, გაღიზიანებას რუსი მომხმარებელიც ღიად გამოხატავდა, როდესაც ინგლისურად პასუხობდა მათ:

„იძაბებოდნენ, რატომ არ მესაუბრებით რუსულადო. რატომ ვერ გაიგეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ვართ ვალდებულები თავიანთ ენაზე ვესაუბროთ. უფროსი ითხოვდა მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას, თუ რუსული არ იცით, ნუ მიდიხართ მაგიდებთანო – ამასაც გვეუბნებოდა. ვინც იცის, ის მიუშვით, ნუ უქმნით დისკომფორტსო“. 

მარია ცდილობს აგვიხსნას, რომ მის გაღიზიანებას უცხო ქვეყანა ან ენა კი არ იწვევს, არამედ რუსული პოლიტიკა, ოკუპაცია.

„რომ შემოსულიყო მაგალითად ბრიტანელი, ან უკრაინელი, მათ პირადად ჩემგან არ ექნებოდათ არანაირი დისკომფორტი. რუსებს კი მათ მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში მე ვალდებული არ ვარ კომფორტი შევუქმნა. ეს არის ჩემი პოზიცია და დარწმუნებული ვარ სხვა თანამშრომლებისაც. იმის ნაცვლად რომ რაღაც შეცვალონ, მოდიან და აქეთ გავიწროებენ შენსავე საწყალ ქვეყანაში.

ჩემი დამოკიდებულება რუსების მიმართ გამოწვეულია არამხოლოდ იმით, რომ ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, არამედ იმითაც, რომ ახლა აწარმოებენ ომს უკრაინასთან, სხვანაირად მე არც ვიცნობ იმ ადამიანებს, არცერთს არ ვიცნობ. ჩემთვის საშინელებაა, შევიდე რესტორანში და იქ ვიღაც რუსულად მესაუბროს. მაშინ როდესაც ამდენი სტუდენტია, ვისაც სჭირდება დასაქმება და ანაზღაურება. ქართველი სტუდენტების მიმართ არასდროს ყოფილან ისეთი ჰუმანურები, როგორებიც არიან რუსების მიმართ.

მარია ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ახლა „რუსული მთავრობა“ ჰყავს და თავის არგუმენტებზე გვიყვება:

„ახლა, შეიძლება ითქვას, რუსული მთავრობა გვყავს. ასე ვფიქრობ იმის გამო, რომ მთელი თავისი სამყარო ფრენებს უჩერებს და ვიზებს არ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს, ქონებაზე სანქციებს უწესებენ, ჩვენთან კი, ქალაქის პრესტიჟულ უბნებში უკვე ბიზნესი აქვთ და რეკლამებს ვხვდები რუსულ ენაზე“.

კიდევ ერთი რამ, რაზეც მარია საუბრობს, დასაქმებულების უფლებების დარღვევა, მათი მაქსიმალური დატვირთვაა. ამბობს, რომ რეალურად ერთი თვე ასრულებდა იმ მოვალეობებს, რაც მენეჯერს ევალება, შემდეგ კი ფუნქციები დაუმატეს და თანდათან ყველაფერი გართულდა.

მარია გვიყვება, რომ მას შეუთავსეს პიარ-მენეჯერის მოვალეობებიც, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს, ასევე, დაავალეს კაფეს დაკეტვა სამუშაოს დასრულების შემდეგ, მანამდე კი შემოსული თანხა უნდა ჩაებარებინა და დაეთვალა, შემდეგ კი ინფორმაცია სპეციალურ ჟურნალებში შეეტანა.

„ხშირად უთანხმოების მიზეზი იყო ის, რომ მთხოვდნენ ფეისბუქის კონტენტი მემართა მე. პიარის სამსახურის თანამშრომელი გაათავისუფლა, არ ვიცი რატომ. მთხოვდნენ, რომ ვიდეოები და ფოტოები განმეთავსებინა სოციალურ ქსელში. დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს მენეჯერის მოვალეობა არ არის, მით უმეტეს სერვისმენეჯერის, თავიდანვე არ ვიყავი ამაზე შეთანხმებული, ვუთხარი, რომ არ შემეძლო, არ ვიცოდი ფეისბუქგვერდის მართვა, არ მაქვს სათანადო გამოცდილება. მაინც მთხოვდნენ, მეორე-მესამე დღეს მიბრაზდებოდნენ იმის გამო, რომ ახალი პოსტი არ მქონდა განთავსებული“.

მარიამ გვითხრა ისიც, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში ყველაზე მეტი მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პროფკავშირებმა გამოუცხადეს, მათი პოლიტიკა და ღირებულებები კი არის დასავლური და ევროპული, ამან კიდევ ერთხელ აჩვენა მარიას, რომ ვინც ევროპისკენ არ არის, მას მხარდაჭერაც არ შეუძლია.

„პრემიერ- მინისტრს რომ ეკითხებიან, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტიო და ამბობს, რომ ეს პროვოკაციაა და არ პასუხობს, ისედაც ჩანს და ნათელია, საით მიჰყავს საქართველო. ჩემთვის არ შეიძლება დასავლურ უნივერსიტეტში სწავლა და მათი შვილებისთვის „გარყვნილად“ წოდებული ამერიკაც შეიძლება და ევროპაც. მე არ დამინახავს, რომ მათი რომელიმე შვილი რუსეთში სწავლობდეს“.

მარიას თქმით, არასოდეს დაიწყებს სამსახურს ხელშეკრულების გარეშე და მომზადებულ ხელშეკრულებას აუცილებლად კარგად წაიკითხავს. ახლა 21 წლის მარია ახალი სამსახურის ძიებაშია და ახალი გამოწვევებისთვისაც მზად არის.

________________

3 ივნისს ბათუმში, რესტორან „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს სცემა. ძალადობის დამადასტურებელი კადრები ფეისბუქზე გავრცელდა. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით პოლიციამ გამოძიება 4 ივნისს დაიწყო – სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე. 5 ივნისს კი პოლიციამ დააკავა თეიმურაზ ვარშანიძე, რესტორან „რეტროს“ მესაკუთრე. გამოძიება მას მიმტანზე ფიზიკურ ძალადობას, ასევე, მუქარას ედავება.

6 ივნისს სასამართლომ „რეტროს“ მესაკუთრე გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

5 ივნისს, ბათუმში რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა ოფიციალურად დატოვა, მათ შორის არიან მზარეულებიც.

ამავე თემაზე: 

„რეტრო“ ყველამ დავტოვეთ, რუსების და მფლობელის ნათესავების გარდა – რესტორნის თანამშრომლები

 

Exit mobile version