მთავარი,სიახლეები

„იცოდა – ვაი, არ იცოდა, მთლად უარესი“ – ფარცხალაძის საქმეში სუსის და იუსტიციის როლი

21.09.2023 •
„იცოდა – ვაი, არ იცოდა, მთლად უარესი“ – ფარცხალაძის საქმეში სუსის და იუსტიციის როლი

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. ინფორმაცია ფარცხალაძის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე საზოგადოებისთვის მედიის საშუალებით, კერძოდ „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტის შემდეგ გახდა ცნობილი, 2023 წლის თებერვალში.

მოქმედი კანონმდებლობით, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა იუსტიციის სამინისტროს საჯაროდ გაცხადებული ინფორმაციის შემდეგ უნდა დაეწყო. თუმცა ასე არ მოხდა.

„ბათუმელებმა“ დღეს, 21 სექტემბერს, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა სამი კითხვით. ვინაიდან კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია, იუსტიციის სამინისტროს ამჯერად საჯაროდაც მივმართავთ.

  • რატომ არ ჰქონდა იუსტიციის სამინისტრომ რეაგირება ოთარ ფარცხალაძის საქმეზე მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ 2021 წლის 24 თებერვალს ამ უკანასკნელმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და რატომ არ დაიწყო შესაბამისი პროცედურა მოქალაქეობის შეწყვეტაზე?
  • თუ განიხილავს უწყება ფარცხალაძის საკითხზე ვინმე კონკრეტული საჯარო მოხელის ან თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხს? დაიწყო თუ არა მოკვლევა?
  • ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაში რა არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის როლი?

სანამ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჩვენ კითხვებს უპასუხებს, „ბათუმელებმა“ იურისტ ლევან ალაფიშვილს სთხოვა ინტერვიუ. ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რა უნდა გაეკეთებინა იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს და რა არ გააკეთა.

ლევან ალაფიშვილი, იურისტი

  • ბატონო ლევან, რა არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის როლი ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების საქმეში?

აქ ორი საკითხი უნდა გავითვალისწინოთ – პოლიტიკური და ადმინისტრაციული. მინისტრი, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი, იუსტიციის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირია და, ბუნებრივია, ადმინისტრაციული, კონკრეტული პროცედურების წარმართვაზე უფლებამოსილი და პასუხისმგებელი პირი.

მინისტრის პასუხისმგებლობა პოლიტიკური შეიძლება იყოს, მაგრამ ადმინისტრაციულს რაც შეეხება, აქ შეიძლება სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს. აი, რატომ:

საჯარო სამართალში, გნებავთ ადმინისტრაციული სამართალი იყოს, გნებავთ სისხლის სამართალი, მოქმედებს ვალდებულება ყველა სახელმწიფო, საჯარო დაწესებულებისთვის, რომ თუკი არის მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე რაიმე საჯარო ცნობა გავრცელებული, რომელმაც შეიძლება მათ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს, ან წარმოუქმნას ვალდებულება, მიიღონ გადაწყვეტილება, მათ უნდა დაიწყონ საკითხის შესწავლა. ეს საჯარო მმართველობის ვალდებულებაა.

თუკი ეს ვალდებულება არ სრულდება, ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი, თუკი დანაშაულთან გვაქვს საქმე, ან პოლიტიკური. აქ, რა თქმა უნდა, მინისტრის პასუხისმგებლობაა.

მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმთავითვე გამოვკვეთეთ.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს, უნდა გავითვალისწინოთ ორი რამ: პირველი – ადმინისტრაციული პროცესი წარიმართება იუსტიციის სისტემაში შემავალ სერვისების განვითარების სააგენტოში. ბუნებრივია, კონკრეტული პირები იქ უნდა მოიძებნოს, რომელთაც ეს საჯაროდ გავრცელებული ცნობა დატოვეს ყურადღების მიღმა და არ დაიწყეს საკითხის შესწავლა. რა თქმა უნდა, ამ ვალდებულების არ შესრულებაზე საერთო პასუხისმგებლობა ამ სააგენტოს ხელმძღვანელსაც აქვს.

ანუ ორი სავარაუდო პირი – მინისტრი და სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი არიან ამ ყველაფერზე პასუხისმგებლები.

მეორე, იყო თუ არა შესაძლებელი, დავუშვათ ერთი წლის წინ, რომ დაწყებულიყო ეს პროცედურები, ოთარ ფარცხალაძეს დიდი ხნის წინ შეწყვეტოდა მოქალაქეობა. ჩემი აზრით, პასუხი არის „დიახ“.

ამის დასტურია თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში თვით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში წარმართული პროცესი. ანუ მათ შეძლეს დროის ასეთ მცირე მონაკვეთში, საკმარისი მონაცემების, დოკუმენტების შეკრება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა.

მაშინ რა უშლიდათ ერთი წლის წინ მათ ხელს? ექვსი თვის წინ? სამი თვის წინ?

ეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას პერსონალურად უფრო ამძიმებს.

აქ შეიძლება იყოს შიდა დისციპლინური წარმოება იუსტიციის სისტემაში, შეიძლება იყოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ვერ გეტყვით.

ყოველ შემთხვევაში საკითხი რომ შესასწავლია, ეს ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ცხადია.

  • ამ ეტაპზე რა პროცესი უნდა მიდიოდეს სისტემურად, სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად რომ მუშაობდეს?

მინიმალური სტანდარტით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია არსებობს და იქ საკითხის შესწავლა დაწყებული უნდა იყოს.

  • პრეზიდენტმა როდესაც გაიგო საჯარო წყაროებით ფარცხალაძის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების შესახებ, მას რა უნდა ექნა?

მართალია, მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა, მაგრამ განსხვავებით შეწყალების უფლებისგან, რომელიც შეუზღუდავია, მოქალაქეობასთან მიმართებაში კონსტიტუციით მის ამ უფლებამოსილებას ორგანული კანონი ზღუდვას.

ანუ მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტასთან მიმართებაში პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია. ეს უფლებამოსილება იმაში გამოიხატება, რომ იგი შეზღუდულია იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით – იქნება ეს მოქალაქეობის შეწყვეტა თუ მინიჭება.

პარლამენტში გამოსვლისას და მოგვიანებითაც საჯაროდ თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომ მოქალაქეობის არსებული წესი, განსაკუთრებით ემიგრანტ თანამემამულეებთან მიმართებაში ხელისშემშლელია და ვერაფრით მივაღწიე კონსენსუსს მთავრობასთან, რომ ეს წესი შეიცვალოსო.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, ფარცხალაძის საკითხში მოკლებული იყო ყოველგვარ შესაძლებლობას, რაიმე გავლენა მოეხდინა პროცესზე.

  • ფარცხალაძის საქმე რას აჩვენებს, როგორი სისტემა გვაქვს?

ეს მაგალითი წარმოაჩენს, რომ რეალურად ჩვენთან ინსტიტუციური დემოკრატია არ მუშაობს – ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ პოლიტიკურ მოცემულობაზე, თუ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის და მისდამი ლოიალობაზე.

სხვანაირად ვერ აიხსნება – ის, რაც შესაძლებელი ყოფილა ერთ დღეში გაკეთებულიყო, რატომ არ გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში. ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს – სისტემა თუკი მუშაობს, სადაც ასეთ საჯარო ინფორმაციას ამოწმებენ და თუ საფუძვლიანია, მაშინვე რეაგირებენ.

შესაძლებელი იყო ერთ დღეში გადაწყვეტილიყო ეს საკითხი, არ გადაწყდა – ეს ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში ვიღაცამ, ეს პოლიტიკოსი იქნება, პოლიტიკური სუბიექტი თუ მმართველი პოლიტიკური ძალა… ვიღაცამ ეს  პროცესი გააჩერა.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს გაუგზავნა შეტყობინება, შეგიწყვიტეთ მოქალაქეობაო – ამ მოქალაქეების სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შესახებ ყოველგვარი საჯარო ცნობების გავრცელების გარეშე. როცა საქმე ყოფილ გენპროკურორს და მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაახლოებულ პირ ფარცხალაძეს შეეხო, მისი პროცესი გააჩერეს.

ნებისმიერი ლოგიკური სცენარის წარმოდგენის შემთხვევაში, ერთ დასკვნამდე მივყავართ ამ ყველაფერს, რომ საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატია მნიშვნელოვნად დაზიანებულია და პრაქტიკულად არ არსებობს.

  • გამომდინარე ამ სისტემიდან, რამდენად არსებობს იმის რისკი, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდეთ მიღებული სხვა სანქცირებულ პირებს, მაგალითად ისეთ პირებს, რომლებიც შესაძლოა სანქციების რისკის ქვეშ არიან, იგივე რუსეთიდან?

ამას ვერ გამოვრიცხავ, საქართველოს მოქალაქეობის მიღების კანონმდებლობიდან და აი, ამ სისტემიდან გამომდინარე, რაც გვაქვს. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა უკვე მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა ან ორმაგი მოქალაქეობა, ან რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვეს და საქართველოს მოქალაქეები გახდნენ.

მე არ ვიცი, ვარაუდს გამოვთქვამ, რომელსაც აქვს საფუძველი.

პირველი მობილიზაცია რომ გამოაცხადა პუტინმა, რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ, მაშინ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო მათი აქ [ლეგალურად] ყოფნა.

ვხედავთ რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. უცხო ქვეყნის მოქალაქეს მაქსიმუმ ერთი წელი შეუძლია ლეგალურად იყოს საქართველოში.  თუკი დიდი ნაწილი 1 წელზე მეტია საქართველოშია, ეს ნიშნავს, რომ მათ სტატუსი შეიცვალეს.

სტატუსის შეცვლის ერთ-ერთი მეთოდი არის მოქალაქეობა – ორმაგი ან საქართველოს მოქალაქეობა. ამას დაუმატეთ ისიც, რომ მოქალაქეობის მიღების გაადვილება სულ ახლახან მიიღო მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ.

  • ნათია თურნავას ბრძანება ხომ არ აჩენს იმის საფრთხეს, რომ სანქცირებულმა რუსმა ბიზნესმენებმა ჩადონ მსხვილი ინვესტიცია საქართველოში, შედეგად მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა და, შესაბამისად, ამ გზით აარიდონ თავი სანქციებს?

ომის დაწყების შემდეგ, როდესაც გამოცხადდა პირველი სანქციები, რომელიც შედარებით რბილი იყო, იქიდან მოყოლებული ამის ალბათობა სულ იყო/არის. რუსეთის მოქალაქე, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა, ან რუსი წარმომავლობის, მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ან რუსი, რომელმაც უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და დღეს საქართველოს მოქალაქეა, ბუნებრივია არ ექცევა ევროპული, ამერიკული და ბრიტანული სანქციების მოქმედების არეალში.

  • ირაკლი კობახიძემ ფარცხალაძის საქმის კომენტირებისას თქვა, რომ „როდესაც საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, ეს ჩვენი კანონმდებლობით არის სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ ასეთ დროს წარმოებს შესწავლა, გამოძიება, შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, – ამას სჭირდება მტკიცებულებები“. კობახიძის ხაზს რომ გავყვეთ, რომელმა სახელმწიფო ინსტიტუტმა უნდა დაიწყოს გამოძიება, რომ დაასაბუთოს აშშ-ის ხაზინის ბრალდებები ფარცხალაძის მიმართ?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელიც კონტრდაზვერვაზე და იმ დანაშაულებებზეა [რაც სავარაუდოდ ფარცხალაძემ ჩაიდინა ქვეყნის წინაშე] პასუხისმგებელი, გააკეთა კიდეც საჯაროდ განცხადება, ჯერ შევისწავლითო. საზოგადოების მკვეთრი რეაქციის შემდეგ დააზუსტეს, თუ სწორად მახსოვს – „შესწავლა გადაიზარდა გამოძიებაშიო“.

ეს საჯაროდ განცხადებაა, თუმცა აქ ერთი რამაა მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის კონტრდაზვერვაზე წამყვანი ინსტიტუტი, რომელსაც ეს ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებამდე უნდა ჰქონოდა.

საჯარო განცხადებაში, რაც ფარცხალაძეზე ეწერა, ის ერთი და ორი წლის კავშირს არ მიუთითებს. შესაბამისად, ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა ყველა შემთხვევაში. მით უმეტეს, იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც საქართველოში თავისუფლად გადაადგილდება, გავლენებიც ჰქონდა და აღარ იყო თანამდებობაზე.

თუკი ჩვენ გვყავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოლიტიკურად ნეიტრალური, დამოუკიდებელი და პროფესიონალური კონტრდაზვერვითი სამსახური, ეს ინფორმაცია, როგორც მინიმუმ, მას უნდა ჰქონოდა. თუკი ეს ინფორმაცია არ ჰქონდა, ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახური არ გვქონია.

თუკი ჰქონდათ და არ რეაგირებდა, ეს უარესი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, რომ ეს პროფესიული, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი და აპოლიტიკური ინსტიტუტი რეალურად შეიძლება არაფორმალური პოლიტიკური გავლენების მსახური იყოს.

ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია.

ინტერვიუს დასაწყისში ჩვენ ვისაუბრეთ იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე, მაგრამ ანალოგიური ლოგიკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმართებაშიც გამოგვადგება.

იცოდა – ვაი, არ იცოდა, მთლად უარესია.

გამოძიება დავიწყეთო, რა უნდა გამოიძიოს – თვითონ რომ არ გამოიძია? ინსტიტუტს რომ არ ჰქონდა აქამდე სათანადო რეაგირება, ისიც უნდა გამოიძიოს? თუ მხოლოდ ფარცხალაძის კავშირები რუსეთთან?

თვითონ რამდენად ეფექტურად მოქმედებდა, ის ვინ უნდა გამოიძიოს?

როგორ გგონიათ ობიექტური იქნება ეს გამოძიება? ეჭვი მაქვს, რომ არა. იმიტომ, რომ როგორც კი დაადგენენ, რომ იყო რაღაც კავშირი, ეგრევე დაადასტურებს, რომ თვითონ არასათანადოდ შეასრულა თავისი ვალდებულება. შესაბამისად, თვითონაცაა პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე.

  • აშშ-ის ხაზინამ განაცხადა, რომ „ეფესბეს“ ოფიცერმა ალექსანდრე ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. სამართლებრივად რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს სახელმწიფოს ფარცხალაძესთან დაკავშირებით? რა ღონისძიებები უნდა გაეტარებინა?

იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეობასთან დაკავშირებული პროცესი დაგვიანებული, მაგრამ მაინც უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად, ეს საკითხი აქამდე გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო.

ეროვნულ ბანკს დამატებით არანაირი გადაწყვეტილება არ სჭირდებოდა იმ რეჟიმში, რაც საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთანაა დაკავშირებული, თუნდაც დამატებითი განმარტება, არა ინსტრუქცია ან ნორმატიული აქტი, მიეცა ბანკებისთვის.

თუკი დანაშაულია, შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია გადაეცით სამართალდამცავ ორგანოებს.

რაც შეეხება კონტრდაზვერვით ნაწილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა დაეწყო შესწავლა, ოღონდ არა მხოლოდ რუსეთთან კავშირებისა, არამედ ეს ინფორმაცია სისტემურად არსებობდა თუ არა თვითონ სუსში. თუ არ არსებობდა, რატომ არ არსებობდა და თუ არსებობდა, რატომ არ იყო რეალიზებული, ეს უნდა გაკეთებულიყო.

რადგან საკითხი ფართო საკითხთა წრეს მოიცავს და რეზონანსულიცაა, ვფიქრობ, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიაც შესაძლებელია შექმნილიყო, როგორც მინიმუმ ამ სამ მიმართულებასთან მიმართებაში, თუ როგორ იქცეოდა  მანამდე სახელმწიფო და როგორ მოიქცა აი, ამ ერთ შემთხვევაში.

რეალურად მივდივართ იქამდე, რომ სისტემას რაღაცა დიდი ხნით ადრე უნდა გაეკეთებინა, არ გააკეთა და ახლა თვითონ იძიებს რაღაცას.

ბუნებრივია, ამ შემთხვევაში გამოძიების ობიექტურობა, დამოუკიდებლობა და შედეგი ნაკლებსავარაუდოა. თუმცა საგამოძიებო კომისია პოლიტიკურ ორგანოში, პარლამენტში, იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხები, სადაც გამოძიების ობიექტურობა დაბალია, ან გამოძიების ალბათობა საერთოდ არ არსებობს, გამოკვეთოს პრობლემური საკითხები საგამოძიებო კომისიაში.

და თუკი დადგება კონკრეტული პოლიტიკური და სხვა საჯარო პირების პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, იქიდან მოახდინოს რეაგირება – გასცეს დავალება აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ორგანოებისადმი, საკუტარი დასკვნის შესაბამისად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: