მთავარი,სიახლეები

„რატომ ვერ იცავს ძეგლს სტატუსი?“ – მესაკუთრე ძეგლთა დაცვას სასამართლოში უჩივის

11.06.2020 • 2166
„რატომ ვერ იცავს ძეგლს სტატუსი?“ – მესაკუთრე ძეგლთა დაცვას სასამართლოში უჩივის

„ეს სახლი გასული საუკუნის დასაწყისში სავარაუდოდ ბერძნებმა ააშენეს, ახლა ირგვლივ იმდენი რამ შენდება, მალე სინათლე აღარ შემოვა და ნესტისგან ცხოვრება გაუსაძლისი გახდება აქ, ბულვარის ცენტრში,“ – გვითხრა ირმა სიხარულიძემ, რომელიც ბათუმში, ნინოშვილის 15-ში ცხოვრობს. სახლი, სადაც ირმა ცხოვრობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თუმცა მესაკუთრე დანანებით ჰყვება, როგორ ვერ იცავს სტატუსი ისტორიულ სახლს. ირმა სიხარულიძემ სახლის გადასარჩენად ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ირმას სახლის უკან მდებარე ეზოში გავყავართ. ეზოში გასვლისთანავე თვალში კედელი მოგხვდებათ, რომელიც ისტორიულ სახლზე მაღალია და მზის შუქს ეზოსკენ აღარ უშვებს – კედლის მიღმა ახალი სასტუმრო შენდება, რომელიც 4 სართული იქნება. ახალი მშენებლობა ისტორიული სახლის ეზოს ესაზღვრება. ვენტილაციის და სინათლის ნაკლებობაზე წუწუნებენ სხვა მეზობლებიც, რომლებიც ამ ეზოს გვერდით, საერთო ეზოში ცხოვრობენ, თუმცა სასამართლოსთვის მიმართვა მხოლოდ ირმამ გადაწყვიტა.

ხედი ისტორიული სახლის ეზოდან

„…სასტუმროს რამაზ კაჭახმაძე აშენებს, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, მთხოვა, რესტავრაციას ჩავუტარებ ჩემს პატარა სახლსო – ორსართულიანი სახლის პირველი სართული თითქმის მიწაში იყო, სათავსოსავით იყო. შემითანხმდა, დაახლოებით 20 სანტიმეტრით მაღალი იქნება იმაზე, რაც ახლა არისო…. მერე უცხოეთში წავედი, როცა დავბრუნდი, ეს უკვე აშენებული დამხვდა – ოთხი სართული. ეზოში სინათლე მხოლოდ ერთი საათით აღწევს, სამზარეულოში უკვე ნესტია. ასე დაზიანდება და განადგურდება ისტორიული სახლი,“ – გვიყვება ირმა სიხარულიძე.

„შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისის პატარა, რიგითი საცხოვრებელი სახლის კარგი ნიმუშია…“ – ასე იწყება ნინოშვილის 15-ში მდებარე ისტორიული სახლის აღწერა ძეგლის სააღრიცხვო ბარათში, როცა ამ ობიექტს ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.

აქვე ნახავთ ამ ჩანაწერსაც: „…მარჯვენა მხარეს კი, უკან სახლს აქვს პატარა ეზო. ეზოში გამავალი ფასადები ნაწილობრივ სახეცვლილია“, – წერია სააღრიცხვო ბარათში.

რამაზ კაჭახმაძეს ნებართვა აქვს. მისი ძველი სახლი, რომელიც ახალმა მშენებლობამ ჩაანაცვლა, ძეგლი არ იყო, მაგრამ რადგან ისტორიული სახლის მეზობლად მდებარეობდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნებართვა დასჭირდა. სააგენტომ ნებართვა სამი სართულის აშენებაზე გასცა, რასაც დაემატა მანსარდიც.

ირმა სიხარულიძე ხელოვნებათმცოდნის დასკვნას გვაჩვენებს, რომელსაც სააგენტო დაეყრდნო, თუმცა ხელოვნებათმდოცნე ხაზგასმით წერს:

„…დაშენების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შენობა სიმაღლეში არ გასცდეს ძეგლის ზედა კონტურს, ზიანი არ მიაყენოს ისტორიული შენობის უკანა ეზოს ფასადს,“ – ვკითხულობთ დასკვნაში, რომელსაც ხელოვნების აკადემიური დოქტორი ს. სანიკიძე აწერს ხელს.

ირმა სიხარულიძე ეზოს ირგვლივ აშენებულ სხვა სახლებსაც გვაჩვენებს, რომელიც ასევე ჩრდილავს ისტორიულ სახლს.

„ზოგი ჩავლილი ამბავია, იგეგმება სხვა მშენებლობებიც, მიუხედავად იმისა, რომ სხვებმა სასამართლო დავა გადაიფიქრეს, მე მაინც გადავწყვიტე დავა, ასე აღარ შეიძლება…

თუ ვერ იცავს ძეგლის სტატუსის მქონე სახლს, რაღა აზრი აქვს მაშინ რამეს? მეც მომცენ მაშინ მშენებლობის ნებართვა და დავადგამ სახლს სართულებს,“ – ამბობს ირმა და იმ ეზოში შევყავართ, სადაც ახალი მშენებლობა უკვე დასრულების ეტაპზეა.

ეს საერთო ეზოც ისტორიული სახლის მეზობლადაა. აქაც აპროტესტებენ ახალი მშენებლობის სიმაღლეს, თუმცა სასამართლო დავა ჯერ არ გადაუწყვეტიათ.

მშენებლობა, რომლის სიმაღლე ისტორიულ სახლზე მაღალია, დუმბაძის 2-შია. აქ ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2019 წლის 27 ივნისს გასცა. სააგენტოს გადაწყვეტილება ირმა სიხარულიძემ აჭარის განათლების სამინისტროში გაასაჩივრა, თუმცა მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი დარგის სპეციალისტებით, დასაშვებად მიიჩნია წარმოდგენილი სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება,“ – ჩაწერა ბრძანებაში 3 ივნისს მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ისტორიული სახლის მესაკუთრეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

რას დაეყრდნო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, როცა ოთხსართულიან მშენებლობაზე გასცა ნებართვა ისტორიული, ორსართულიანი სახლის მეზობლად და რისთვის დაიწერა ხელოვნებათმცოდნის დასკვნა, თუკი მას სააგენტო არ ითვალისწინებს? – ამ კითხვის დასმა ზაურ ახვლედიანისთვის გვინდოდა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელისთვის. მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

ირმა სიხარულიძის მოპასუხე სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად აჭარის განათლების სამინისტროც იქნება.

____

მთავარი ფოტო: ისტორიული სახლი ნინოშვილის #15

გადაბეჭდვის წესი


ასევე: