მთავარი,სიახლეები

„ვიხრჩობით ცემენტში“ – მოქალაქე ბათუმში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ბიზნესის წინააღმდეგ

14.03.2023 • 10468
„ვიხრჩობით ცემენტში“ – მოქალაქე ბათუმში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ბიზნესის წინააღმდეგ

„ვიხრჩობით ცემენტში, საშინელი მტვერია, მთელი დღე ფანჯარას ვერ გააღებ, ზოგჯერ ღამითაც მუშაობს ტრაქტორი, ტრაილერები იცლებიან, ხმაურია,“ – ამბობს ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე მცხოვრები მადონა ვარშანიძე. იგი თავისი სახლის გვერდით და მჭიდროდ დასახლებულ უბანში ცემენტის საწყობის არსებობას აპროტესტებს.

„აქედან მარაგდება სხვა მაღაზიებიც, როგორც გავიგე, ბაგრატიონის ქუჩაზე პირდაპირ ქუჩაში ცლიან მანქანებს. სხვა რეგიონებშიც ამ საწყობიდან მიაქვთ ცემენტი“ – გვიყვება მადონა ვარშანიძე. – „მეზობლებმა ერთობლივი განცხადებაც შევიტანეთ გარემოს ზედამხედველობაში, რამდენჯერმე დავრეკეთ ცხელ ხაზზეც, პოლიციაც გამოვიძახეთ, მაგრამ არაფერი იცვლება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მადონა ვარშანიძემ. მისივე თქმით, სავაჭრო ობიექტის მესაკუთრე მამუკა ფარტენაძე ხშირად უმეორებს, რომ სუს-ის ყოფილი თანამშრომელია და გავლენები აქვს.

„ამას წინათ ქურდული მენტალიტეტის კაციც მოგვიგზავნა, ჩემს ძმას ელაპარაკა, ისიც ვარშანიძეა, შეეშვით, ნუ ჩივითო… ჩემი პოზიციაა ის, რომ ასე სიცოცხლეს აზრი არ აქვს, ძილი და მოსვენება უკვე შეუძლებელია, არავინ გვაქცევს ყურადღებას, როგორ აისახება ასეთი მტვერი ჩვენს ჯანმრთელობაზე?

თავიდან, საწყობს როცა აწყობდნენ, საყვირსაც ვერ ვართვევინებდით ტრაქტორს, ეტყობა, გვაჩვევდნენ ხმაურს. საწყობის გვერდით, ჩემს სახლამდე ჯერ ჩემი ბიძაშვილის სახლია, შშმ პირია და იმაზე თქვა, ეს სახლი უკანონოდ არის ჩადგმულიო, მეორე მეზობელს უთხრა, რომ მის ფართობში არიან შეჭრილი. ასე სცადა ყველას გაჩუმება.

ბოლოს, აქეთ მიჩივლეს და ხულიგნობის მუხლით გადამიყვანეს სასამართლოში. მოსამართლემ გაფრთხილება მომცა, მაგრამ მაინც რომ არ გავჩერდით, შემდეგ პოლიციის მე-4 განყოფილებაში გადაგვიყვანეს. პოლიციის უფროსმა მითხრა, კაცს თავისი ბიზნესი აქვს, რა გინდა, აღარ დარეკოთ აწი 112-ზეო…“ – გვიყვება მადონა ვარშანიძე.

სამშენებლო მასალების საწყობი მამია ვარშანიძის ქუჩაზე

„მთელი ჩემი ცხოვრება მაგ ხალხს [ქურდული სამყარო] ვებრძვი და მომიყვანოს ვინმე, რომელიც იტყვის, რომ მივუგზავნე, გამორიცხულია“, – გვითხრა მამუკა ფარტენაძემ, სავაჭრო ობიექტის მესაკუთრემ. მან დაგვიდასტურა, რომ სუს-ში მუშაობდა და გამორიცხავს მის მიერ კანონის დარღვევას.

„7 წელია უკვე ამ სამსახურიდან [სუსი] წამოსული ვარ, ჩვეულებრივი თანამშრომელი ვიყავი და არასდროს არ მისარგებლია სამსახურებრივად. ჩვეულებრივი ბიზნესმენი კაცი ვარ… სუსი რომ შეიქმნა, მე წამოვედი სამსახურიდან [სუსი 2015 წელს შეიქმნა], ეს საკითხები კონფიდენციალურია და ამ საკითხებზე ნუ მელაპარაკებით, ჩემს პირად ცხოვრებას ნუ ეხებით, ძალიან გთხოვთ. ნახავთ სამართალდარღვევას, რეაგირება მოახდინეთ. უკანონო საქმიანობას არ ვეწევი, კანონის ფარგლებში ვეწევი ყველანაირ საქმიანობას.

პოლიციაში არაერთი განცხადება მაქვს დაწერილი ამ მეზობლის წინააღმდეგ, გადაყვანილი იყო სასამართლოში და გააფრთხილეს…,“ – უთხრა მამუკა ფარტენაძემ „ბათუმელებს“.

მტვერი და ხმაური, რაც გამოწვეულია ცემენტის მასობრივად ჩამოცლით, დასაწყობებით და შემდეგ მისი გატანით, არ არის მინიმუმ შემაწუხებელი? – ვკითხეთ მამუკა ფარტენაძეს.

„მაგას აქვს მისი დეციბალები, თუ იცით, მე ძალიან კარგად ვიცი ეს საკითხები და გავლილი მაქვს, ყველანაირი კანონის ჩარჩოში ხორციელდება აღნიშნულ ობიექტზე კომერციული საქმიანობა.

ცემენტი კორპუსების ქვეშაც იყიდება, ანალოგიური საცალო ვაჭრობა მიმდინარეობს ამ ობიექტზე… ეს კომერციული დანიშნულების ობიექტია, სადაც არის საცალო ვაჭრობა,“ – დასძინა მამუკა ფარტენაძემ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამ დრომდე ვერ გვითხრეს, დაფიქსირდა თუ არა სამართალდარღვევა ამ ობიექტზე. „საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტის მოწყობაზე“ კი, ნებართვა ბათუმის მერიას 2022 წლის თებერვალში გაუცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: