დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 20 სექტემბერს, ყოველდღიურ ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მიმოიხილავს ბახმუტის ირგვლივ შექმნილ ვითარებას.
დაზვერვა წერს, რომ 2023 წლის 15 სექტემბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამყარეს კონტროლი კლიშჩიივკასა და ანდრიივკაზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან დაახლოებით 8 კილომეტრში, სამხრეთით.
„ეს ტაქტიკური წარმატება აახლოებს უკრაინულ ძალებს T 05-13 გზასთან, ბახმუტის ერთ-ერთ მთავარ მარშრუტთან.
თუმცა რუსეთი აგრძელებს სარკინიგზო ხაზის შენარჩუნებას კლიშჩიივკასა და T 05-13-ს შორის.
რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ბოლოდროინდელმა გადანაწილებამ ბახმუტიდან ზაპოროჟიეში სამხრეთ უკრაინაში, სავარაუდოდ, შეასუსტა რუსეთის თავდაცვა ბახმუტის ირგვლივ“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
უკრაინის გენერალური შტაბის დღევანდელი ცნობების თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალები შეეცადნენ აღედგინათ დაკარგული პოზიციები ანდრიივკაში, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. გენერალური შტაბი იუწყება, რომ უკრაინა აგრძელებს შეტევით ოპერაციას ბახმუტის სამხრეთით.