მთავარი,სიახლეები

ბათუმში 3 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, 780-მდე ბავშვი კი ბაღის გარეშე დარჩა

21.09.2023
ბათუმში 3 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, 780-მდე ბავშვი კი ბაღის გარეშე დარჩა

ბათუმის მერია სამი ახალი საბავშვო ბაღის გახსნის შესახებ იუწყება და ბაღების საზეიმოდ გახსნის ფოტოებს ფეისბუქზე აქვეყნებს.

ახალი ბაღების გახსნას ბათუმში ბაგრატიონისა და ქათამაძის ქუჩებზე ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ახალი ბაღი გაიხსნა ასევე დაბა ჩაქვში, ჭავჭავაძის ქუჩაზე.

მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, შენობები ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. ბაღებს აქვს კეთილმოწყობილი ეზოები, სათამაშო მოედნები და ატრაქციონები.

ფოტო: ბათუმის მერია

სამივე ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 7 მილიონ 300 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა და 800-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც 150-მდე ადამიანი დასაქმდა. თუმცა, ბათუმის საბავშვო ბაღების ვებპორტალის მიხედვით, იმისთვის, რომ ბათუმში ბაღის ასაკის ბავშვს რიგში დგომა არ მოუწიოთ, სამი ბაღი საკმარისი არ არის.

როგორც ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. თუმცა რამდენიმე ბაღში დარეგისტრირებას თუ ცდით, დაინახავთ, რომ ბაღში ბავშვის მიყვანა ყველა მსურველმა ვერ შეძლო.

ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით 780-მდე დარეგისტრირებული ბავშვია, ვინც თავის რიგს ელოდება: „ეს მონაცემები შეიძლება შემცირდეს სექტემბრის ბოლოს.“

ბაღების გაერთიანების ვებგვერდის მიხედვით, მაგალითად, ძველ ბათუმში, #1 საჯარო ბაღში, წელს 20 ბავშვი მიუღიათ. თავის რიგს კი დარეგისტრირებული 39 ბავშვი ელოდება. ვებგვერდზე მშობლებს ურჩევენ სარეზერვო საბავშვო ბაღებიც მიუთითონ.

ამ ბაღში 4 წლის 50 ბავშვი მიუღიათ, ამ ასაკის ჯგუფში რიგს მხოლოდ ერთი ბავშვი ელოდება. 5-წლიანების რიგში კი 55 ბავშვი მიუღიათ და რიგს 4 ბავშვი ელოდება.

ბავშვები ბაღებში მისაღებად თავის რიგს ელოდებიან, როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე გარეუბნებში მდებარე ბაღებშიც.

მაგალითად, მე-10 ბაღში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, 3 წლის 75 ბავშვი ელოდება თავის რიგს.

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, „იწყება კიდევ 3 ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16 ბაღს, მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. პარალელურად 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: