მთავარი,სიახლეები

„ფარცხალაძე მომენტალურად უნდა დაეკავებინათ“ – უჩა ნანუაშვილი

21.09.2023 • 2556
„ფარცხალაძე მომენტალურად უნდა დაეკავებინათ“ – უჩა ნანუაშვილი

„ფარცხალაძე მომენტალურად უნდა დაეკავებინათ და უნდა დაწყებულიყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, რადგან აგენტობა, ჯაშუშობა, საქართველოს კანონმდებლობით ისჯება“- ამბობს „ბათუმელებთან“ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

რა და რატომ დაარღვია იუსტიციის სამინისტრომ, როცა აშშ-სგან სანქცირებულ პირს ქონების გასხვისების საშუალება მისცა? – უჩა ნანუაშვილს სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ.

  • ბატონო უჩა, რამდენად სწორად მოიქცა იუსტიციის სამინისტრო, როცა ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულს მისცა ქონების სხვა პირზე გადაფორმების საშუალება? 

სანქცირებულ პირს მომენტალურად ეზღუდება გარკვეული უფლებები. ეს ეხება როგორც საკუთრების, ასევე თანხების განკარგვას, წილების გადაფორმებას და ასე შემდეგ. პრაქტიკულად, ყველა მსგავსი უფლება უნდა შეეზღუდათ ფარცხალაძისთვისაც.

  • ის, რომ ფარცხალაძეს არ შეეძლო ქონების გაყიდვა, ეს ცალკე უნდა ეწეროს კონკრეტულ დოკუმენტში, თუ თავისთავად მოიაზრებს ამ ყველაფერს სანქცირება?

ყველაფერს ავტომატურად მოიაზრებს ამ შემთხვევაში, რადგან აქ არ ყოფილა საუბარი მხოლოდ გადაადგილების შეზღუდვაზე აშშ-ში, როგორც ეს იყო, ვთქვათ, მოსამართლეების შემთხვევაში. ეს კიდევ სხვა კატეგორიაა, გააჩნია კონკრეტულ შემთხვევას.

ფარცხალაძის შემთხვევაში საუბარია გაცილებით უფრო რთულ და მძიმე შეზღუდვებზე, რადგან აქ საუბარია რუსეთის სასარგებლოდ აგენტობაზე, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენების მოხდენაზე, რომელიც აზიანებს აშშ-ის ინტერესებს.

გუშინ ცალკე გააკეთა კიდევ სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება, რომ ვინც განახორციელებს ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს, ისე ასევე დადგება სანქცირების რისკის ქვეშ და ეს პირდაპირ იყო ნათქვამი.

ეს გულისხმობს იმას, რომ ფარცხალაძეს ეზღუდება როგორც უძრავი ქონების გადაფორმება, გასხვისება, ასევე ნებისმიერი თანხის განკარგვა.

  • როგორც ვნახეთ, სანქცირებულმა ფარცხალაძემ ერთ დღეში გაასხვისა სახლები, მიწები, ბინები და გადაუფორმა შვილს. თუკი არ გადააფორმებდა, ჩამოართმევდა ვინმე? თუ გასხვისებაზე შეექმნებოდა პრობლემა და ამის გამო მოხდა ეს? 

დიახ, როდესაც სანქციები იწყება კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ მათ ყველაფერზე ეზღუდებათ წვდომა და რეალურად ხდება მათი ქონების გაყინვა.

შესაბამისად, დასანქცირებული ფარცხალაძე თუკი მოინდომებს, ქონებას ვერც გაყიდის და ვერც გააქირავებს.

სანქცირება იმიტომ ხდება, რომ ზეწოლა მოხდეს იმ ადამიანზე, ვინც ეჭვმიტანილია სერიოზულ დანაშაულში, კორუფციაში, ადამიანის უფლებების დარღვევებში, ძალადობაში ან ომის დანაშაულებში.

  • ჩვენ ვნახეთ ფარცხალაძის უძრავი ქონების გადაფორმების ფაქტები, მაგრამ არ მოგვისმენია არაფერი იმის შესახებ, ფარცხალაძემ გადაიტანა თუ არა სადმე ფინანსური კაპიტალი. ეს ნიშნავს, რომ მისი ფინანსური აქტივები მთლიანად რუსეთშია განთავსებული?

არავინ იცის, რეალურად რა ქონებაზეა საუბარი, სად მოხვდა ეს თანხები, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ თანხებიც გატანილია ან განთავსებული აქვს ისეთ ბანკებში, რომლებიც არ უერთდებიან სანქციებს.

ამიტომ უნდა ჰქონოდა ხელისუფლებას ამ ყველაფერზე დაუყოვნებლივ რეაგირება, რომ ფარცხალაძეს არ ესარგებლა ამ რამდენიმე დღით და არ გაეტანა ეს თანხები.

  • რა დაარღვია ამ ქმედებებით თუ უმოქმედობით იუსტიციის სამინისტრომ?

აქ საუბარია იმაზე, რომ აშშ-მ, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, კონკრეტული პირი გამოაცხადა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აგენტად და მასთან თანამშრომლობა გაშიფრა. პრაქტიკულად მან დაადგინა, რომ ეს ადამიანი ვნებს საქართველოს ინტერესებს, ასევე, აშშ-ს ინტერესებს და ეხმარება რუსეთს ბევრი მიმართულებით.

ამ დროს საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად ეხმარება ფარცხალაძეს და მას შეუქმნა მაქსიმალურად ნოყიერი პირობები იმისთვის, რომ დაემალა ქონება და გაესხვისებინა სხვა პირებზე, გადაადგილებულიყო თავისუფლად და არ მომხდარა მისი დაკითხვაც კი, როცა მისი ჯაშუშობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ფარცხალაძე მომენტალურად უნდა ყოფილიყო დაკავებული, რომ დაწყებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, რადგან ჯაშუშობა, აგენტობა არის სისხლის სამართლის დანაშაული საქართველოს კანონმდებლობით.

მით უმეტეს, რომ აქ საუბარია არა რიგით მოქალაქეზე, არამედ ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირზე, რომელსაც წვდომა ჰქონდა ბევრ მნიშვნელოვან საქმეზე, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციაზეც.

და ამ დროს ის გახდა რუსეთის მოქალაქე. მას იმავე დღეს უნდა ჩამორთმეოდა საქართველოს მოქალაქეობა, როგორც კი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე გახდა და იმ დღესვე უნდა დაწყებულიყო რეაგირება საქმეზე, რადგან საუბარია იმაზე, რომ ფარცხალაძემ კანონის დარღვევით, ისე, რომ არ გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები, აიღო უცხო ქვეყნის პასპორტი.

ცალკე გამოძიების საგანია ის, თუ როგორ დააგროვა მან მცირე დროში სერიოზული ქონება, მას შემდეგ რაც აღარ იყო პროკურორი. რამდენიმე მიმართულებით ვხედავთ აქ აშკარა დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ შესაძლებელი იყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყება.

ხელისუფლება კი საპირისპიროდ მოიქცა. მის გამო მთელი საფინანსო და საბანკო სექტორი დადგა სერიოზული კრიზისის წინაშე და დღეს ვნახეთ, რომ ორ დღეში 57 მილიონი დოლარი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა იმის გამო, რომ ინფლაცია შეეჩერებინა და ეს ყველაფერი აი, ამ ერთი ფარცხალაძის ინტერესების გამო.

  • სინამდვილეში ვინ მოიაზრება ამ ერთი ადამიანის უკან, ბიძინა ივანიშვილი, თუ მთლიანად „ქართული ოცნება“, რომელიც ფარცხალაძის სახელით თანამშრომლობს რუსეთთან?

ის იყო რუსეთის რეზიდენტი, შუამავალი საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის და მას ჰქონდა საკმაოდ სერიოზული გავლენები როგორც რუსეთში, ასევე საქართველოს ხელისუფლებაში.

ის, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ჯაშუშობაში მხილებული პირის წინააღმდეგ, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების ინტერესებია ამ საქმეში.

რა განცხადებაც გააკეთა იგივე კობახიძემ უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, პრაქტიკულად იგივე გაიმეორა ეროვნულმა ბანკმაც, რაც სრული ნონსენსია.

  • ეროვნული ბანკი როცა ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე არ დასანქცირდება ავტომატურად, რას ამბობს ამ განაცხადით და ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თუკი მომავალშიც დაასანქცირებს რომელიმე ქართველ მაღალჩინოსანს აშშ-ი, იგივე განმეორდება, რაც ფარცხალაძესთან მიმართებაში გააკეთეს? და სად მიგვიყვანს ეს პოლიტიკა?

ეს მიგვიყვანს იქ, რომ პრაქტიკულად საქართველო ჩაჯდება მეორე ბანაკში, რომელიც დაპირისპირებულია ცივილიზებულ სამყაროსთან: აშშ-სთან, ევროკავშირთან და ასე შემდეგ, იმ ქვეყნებთან, რომლებმაც ეს სანქციები დააწესეს რუსეთისთვის, უკრაინაში ტერორისტული ომის დაწყების გამო.

აქამდე საქართველოს ხელისუფლება ფორმალურად მაინც უერთდებოდა ამ სანქციებს, თუმცა ფარცხალაძის ფაქტის შემდეგ, ხელისუფლება რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ინტერესებს და მიდის აბსოლუტურად ყველა დარღვევაზე იმის გამო, რომ რუსეთს მაქსიმალურად შეუქმნას დასაყრდენი ამ ქვეყანაში.

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად შორს წავა „ქართული ოცნება“, შეიძლება ქვეყანა მიიყვანოს დასანქცირებამდე? ეს ხომ ნიშნავს ჩვენი ეკონომიკის ჩამოშლას, გზავნილების შეწყვეტას, ქვეყნის კიდევ უფრო გაღარიბებას. 

ფაქტია, რომ ხელისუფლება რუსული ინტერესების გამტარებელია და ის პირები, ვინც მხილებული არიან ამ ყველაფერში, არ აგებენ პასუხს, არამედ ხელს უწყობენ იმაში, რომ არ დაკარგონ არცერთი ცენტი.

აქ მხოლოდ თანხებზე არ არის საუბარი, არამედ გავლენაზე, დაუსჯელობაზე, რომელსაც ხელისუფლება ამკვიდრებს და იმაზე, რომ რუსეთის აგენტები საქართველოში არიან დაუსჯელი. ეს არის კიდევ უფრო სერიოზული დანაშაული.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ეყრდნობა ფარცხალაძეს და მსგავს ოდიოზურ ფიგურებს და პრაქტიკულად ყველა სახელისუფლებო ინსტიტუცია ჩამოშლილია.

  • ემუქრება თუ არა ფარცხალაძის შვილს დასანქცირება ან იმ პირებს, ვინც მისგან შეიძენს ვთქვათ, ქონებას ან ითანამშრომლებს რაიმე ფორმით?

რა თქმა უნდა, რადგან ვიცით, რომ არაერთ ოლიგარქს შეექმნა ამის გამო პრობლემა და ისინიც მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში.

ვინც რაიმე ტრანზაქციას ახორციელებს ფარცხალაძესთან ან ნებისმიერ გარიგებაზე მიდის, ისიც სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ თავს. ეს შეეხება, ვფიქრობ, მის შვილსაც და მე ველოდები, რომ ფარცხალაძის შვილიც დასანქცირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: