მთავარი,სიახლეები

უკრაინამ ოკუპირებულ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყა

22.09.2023
უკრაინამ ოკუპირებულ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყა

დღეს, 22 სექტემბერს, დილით, ყირიმში, ოკუპირებულ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყეს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა უკრაინამ განახორციელა.

მედიის ცნობით, შტაბ-ბინის მიმართულებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები მიდიან.

ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხეილ რაზვოჟაევი აცხადებს, რომ მოსალოდნელია კიდევ ერთი შეტევა და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წავიდნენ ქალაქის ცენტრში.

მისი თქმით, ადგილზე რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ, ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრეები, რომლებიც ხანძარს აქრობენ.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ სევასტოპოლზე თავდასხმის მოგერიებისას ხუთი რაკეტა ჩამოაგდო და ფრთოსანი რაკეტით შეტევის შედეგად დაზიანდა შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინის ისტორიული შენობა, დაიღუპა ერთი სამხედრო.

უკრაინულ მხარეს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ 20 სექტემბერს, დილით, სევასტოპოლის მახლობლად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტზე წარმატებული სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: