მთავარი,სიახლეები

„გამოვიქეცი გერმანიაში, ჩემს შვილებს რომ არ ენახათ, როგორ მოვკვდებოდი“ – ემიგრანტი ქალი

20.09.2023 • 39595
„გამოვიქეცი გერმანიაში, ჩემს შვილებს რომ არ ენახათ, როგორ მოვკვდებოდი“ – ემიგრანტი ქალი

ეკა ვაჩაძეს მეუღლე და ორი შვილი ორი წელი არ ჰყავდა ნანახი. ორი წლის წინ იგი გერმანიაში მარტო წავიდა სამკურნალოდ, ერთი თვის წინ კი მისი ოჯახიც ჩავიდა გერმანიაში და ეკამ შვილები და მეუღლე პირველად ნახა ხანგრძლივი განშორების შემდეგ.

ეკა გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სტატუსს ელის. გერმანიის სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ეკას ჯერ ლტოლვილის სტატუსი არ აქვს, მას სრულად უწევს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას. ოჯახი ახლა სამოთახიან ბინაში ცხოვრობს, გერმანიის სახელმწიფომ ეს საცხოვრებელი მას შემდეგ გამოუყო ეკას, რაც მისი მეუღლე და შვილებიც ჩავიდნენ გერმანიაში, ეკას მსგავსად, თავშესაფრის საძიებლად.

  • „გამოვიქეცი გერმანიაში, რომ ჩემს შვილებს არ ენახათ როგორ მოვკვდებოდი, ეს იყო გამოქცევის ერთადერთი მიზანი“

„სიმსივნე მოულოდნელად აღმოაჩნდა. ერთ ღამეს გაეღვიძა და იღლიაში კვერცხისოდენა წანაზარდმა შეაწუხა. მანამდე გული გაუჩერდა და ეგონა, რომ ნევროპათოლოგიურ შემთხვევასთან ჰქონდა საქმე. სამედიცინო კვლევის შემდეგ უთხრეს, რომ 10 დღიდან 1 თვემდე იცოცხლებდა – ყველაზე კარგ შემთხვევაში.

„ჩემი შვილები ამ დროს 14 და 8 წლის იყვნენ. მარტო მე და ჩემმა მეუღლემ ვიცოდით ეს ამბავი, არავის ვუმხელდით. მეუღლესაც ჯანმრთელობის ასევე სერიოზული პრობლემა აქვს.

საძილე არტერიაზე იყო სიმსივნე და იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ადრენალინის გამოყოფის შემთხვევაში სისხლს საჭირო რაოდენობით ვეღარ აწოდებდა, კეტავდა არტერიას და გული მიჩერდებოდა.

პირველივე ვიზიტისას ექიმთან საქართველოში 1600 ლარი გადავიხადე გამოკვლევებში. მეორე დღეს მითხრეს, რომ 2200 ლარი იყო კიდევ სხვა კვლევებისთვის საჭირო, რომ გაგვეგო, ძვლებზეც ხომ არ იყო მეტასტაზები გადასული. იმ დღესვე ეს ფული არ მქონდა და ექიმს ვუთხარი, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ვარ, მივწერ სოციალურ სამსახურს, იქნებ დამიფინანსონ კვლევა-მეთქი. დაფინანსების ლოდინი იცი შენ რამდენ ხანს გაგრძელდებაო? – მიპასუხა. ვუთხარი, რომ ათი დღიდან ორ კვირამდე იყო დაფინანსების ლოდინის დრო. მერე არ მეკითხები, მაგდენ ხანს თუ იცოცხლებ? ათი დღე, მაქსიმუმ ერთი თვე გაქვს დარჩენილი საუკეთესო შემთხვევაშიო – პირდაპირ ასე მითხრა.

ვიცოდი, რომ ცუდი მდგომარეობა მქონდა, მაგრამ ასე ნათქვამმა სრულიად გადამიწურა საქართველოში ყველაფრის იმედი. ვკითხე: დავუშვათ დაფინანსება რომ მივიღო, რა შანსი მაქვს გადარჩენის – მეთქი. ალბათ 10%, მაგრამ საშვილოსნო უნდა ამოვიღოთ, მკერდი უნდა მოიკვეთოს და მერე ვნახოთო.

ზუსტად ერთ კვირაში მომივიდა შეტყობინება ჯანდაცვის სამინისტროდან, რომ საჭირო 2200 ლარიდან დამიფინანსებდნენ მხოლოდ 476 ლარს. არ ვიცოდი საიდან უნდა მომეტანა დანარჩენი თანხა. ეს იყო კოვიდის პერიოდი და შვილებისთვის რა გვეჭმია ყოველდღე ეს ფიქრი გვქონდა.

თუ მოვკვდებოდი, სტატისტიკას მიმატებული +1 გარდაცვლილი ვიქნებოდი. ისეთი დიაგნოზი მქონდა, რომ არ ვიცოდი, გავიღვიძებდი თუ არა მეორე დღეს.

ორ დღეში მივიღე საზღვარგარეთ წამოსვლის გადაწყვეტილება. მეგობრების, ახლობლების დახმარებით შევაგროვეთ წამოსასვლელი ფული და გამოვიქეცი გერმანიაში, რომ ჩემს შვილებს არ ენახათ, როგორ მოვკვდებოდი, ეს იყო გამოქცევის ერთადერთი მიზანი“ – იხსენებს ეკა ვაჩაძე.

  • „100 ათას ევროზე მეტი დაიხარჯა ჩემს მკურნალობაში და გერმანიის სახელმწიფომ დაფარა“

ეკას გერმანიაში ჩასვლისთანავე დაეხმარა ეთნიკურად ქურთი, ქართველი თარჯიმანი ლტოლვილთა ბანაკში. ეკა ჰყვება, რომ თარჯიმანი რამდენიმე დღის წინ შეესწრო, როგორ გარდაიცვალა ლტოლვილთა ბანაკში სიმსივნის დიაგნოზით 40 წლის ქართველი ქალი, სტატუსის მოლოდინში, ისე, რომ ექიმამდე ვერ მიაღწია.

„ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ეს გოგო ყველაფერს ცდილობდა გამეღწია ლტოლვილთა ბანაკიდან და მივსულიყავი ექიმამდე“ – გვიყვება ეკა. ექიმთან ვიზიტის შემდეგ დახმარების ჯაჭვი მალევე ამოქმედდა. ოპერაცია გამოირიცხა, 1 კვირაში სიმსივნე 7 მილიმეტრით იყო გაზრდილი. ეკას ქიმიოთერაპია დაუნიშნეს.

ლტოლვილთა ბანაკში ყოფნისას, როცა მისი დიაგნოზი გაირკვა, მალევე გადაიყვანეს ცალკე. მისცეს ახალი თეთრეული, პირველადი საჭიროების ყველა ნივთი, დაენიშნა ორჯერადი კვება და ყოველთვიური შემწეობა.

გერმანიაში ლტოლვილის სტატუსის მომლოდინეებსაც აქვთ ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის უფლება, შესაბამისად სამედიცინო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ ეკას 1 წლის მანძილზე 2 ოპერაცია გაუკეთდა. ჩაუტარეს ქიმიოთერაპიისა და სხივებით მკურნალობის რამდენიმე კურსი, გამოკვლევები, რაც ჯამში 100 ათას ევროზე მეტი ღირდა და გერმანიის სახელმწიფომ დაფარა. ემსახურებოდა ტაქსი, ფსიქოლოგიური ცენტრი, რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ინტეგრაციაში ეხმარება ლტოლვილის სტატუსის მაძიებლებს.

ეკა გვიყვება, რომ ოპერაციის შემდეგ მას ერთოთახიანი ბინა გამოუყვეს, იქვე იყო სოციალური მუშაკი ექიმთან კომუნიკაციისას, სხვადასხვა საჭიროებისას.

როცა მარტო ცხოვრობდა, ეკას 367 ევრო ერიცხებოდა ყოველთვიურად სხვადასხვა საჭიროებისთვის.

ეკა ამბობს, რომ ყოველთვიური შემწეობა ლტოლვილის სტატუსის მაძიებლებისთვის განისაზღვრება ქალაქისა და რეგიონის მიხედვით და განსხვავებულია, რადგან განსხვავებულია სხვადასხვა რეგიონში პროდუქტის ფასები და საარსებო მინიმუმი.

ახლა ეკას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სიმსივნე დაამარცხა, მაგრამ ქიმიოთერაპიებმა, წამლებმა, დასხივებებმა იმოქმედა და ძვლების და სისხლის პრობლემა აქვს. ბევრი სხვა ქრონიკული დაავადება გამწვავდა:

„ახლა მედიკამენტურად ვმკურნალობ, რადგან ძვლები განილევა, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას. თუ დროულად ვიმკურნალებ, დიდხანს ვიცოცხლებ, თუ დროზე ვერ მივიღებ წამლებს, პროცესი დაჩქარდება და დავუშვათ, 10 წელი რომ უნდა ვიცოცხლო, შეიძლება მოვკვდე 2 წელიწადში – თუ უკან დამაბრუნებენ, საქართველოში.

ჩემმა შვილებმა და ქმარმაც ის გზა გაიარეს ლტოლვილთა ბანაკში, რაც მე. ოთხი თვის წინ ჩამოვიდნენ და 3 თვე ბანაკში იყვნენ. ერთი თვეა რაც ერთმანეთი ვნახეთ ამდენხნიანი განშორების მერე. ბავშვები ახლა სკოლაში დადიან, თუმცა მდგომარეობა ძალიან არასტაბილურია და სულ გვეშინია, რომ უკან, საქართველოში დაგვაბრუნებენ“ – ამბობს ემიგრანტი.

ეკა შვილებთან ერთად

  • „არ იცი როდის დაგიკაკუნებენ და გეტყვიან, რომ უნდა ჩაალაგო ბარგი და წახვიდე“

ეკა გვეუბნება, რომ ექიმების დასკვნით, 5 წლის განმავლობაში დაავადების რემისია ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი. 3 თვეში ერთხელ გეგმურ სამედიცინო კონტროლს გადის, უტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა. საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში კი ამ ყველაფერს, მისი თქმით, ვერ შეძლებს საკუთარი სახსრებით.

„მე ახლა თავშესაფრის მოლოდინში ვარ. მართალია ლტოლვილის სტატუსის მიღებამდეც ვმკურნალობ გერმანიის სახელმწიფოს ხელშეწყობით, მაგრამ თუ მკურნალობა 5, 7, 8 წელი გაგრძელდა, ამ ქვეყანას რა ვალდებულება აქვს სულ მიპატრონოს. ლტოლვილის სტატუსის მოპოვება აქ ძალიან რთულია, ათასში ერთხელ ასე რომ მოხდეს. ძირითადად ცხვრის ფარასავით ერეკებიან საქართველოში ქართველებს, რადგან ჩვენმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ონკოპაციენტებს საქართველოში მკურნალობა უფინანსდებათ.

ვიცი შემთხვევა, როცა კლინიკაშივე მოხსნეს ბავშვს გადასხმის აპარატი და მამასთან ერთად აეროპორტში გადაიყვანეს, თქვენს ქვეყანაშიც იმკურნალებთო.

კვირა ისე არ გავა, ქართველები არ გამოადეპორტონ. საშინელებაა ასეთ სტრესში ცხოვრება, როცა არ იცი, როდის დაგიკაკუნებენ და გეტყვიან. რომ უნდა ჩაალაგო ბარგი და წახვიდე“ – ამბობს ეკა.

მისი საქმეზე სასამართლოში ახლა დავა მიმდინარეობს. ეკას ადვოკატს უწევს მტკიცებულებების და ფაქტების შეგროვება, მტკიცება იმისა, რომ რასაც საქართველოს პირველი პირები აცხადებენ, სრულად არ შეესაბამება რეალობას და რომ ეკასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გერმანიაში მკურნალობის გაგრძელება.

„თქვენმა ქვეყანამ გიმკურნალოთ, საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ ონკოპაციენტებს საქართველოში ამის შესაძლებლობა აქვთ – ამას გვეუბნება სასამართლო და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ რეალობა ვაჩვენოთ ჩვენი რეალური მაგალითით.

წარმოიდგინეთ, რომ ყოველ კვირაში გჭირდება 600-ლარიანი წამალი, ამ წამლის გადასხმამდე გჭირდებათ გამოკვლევა, რაც დაახლოებით 200-290 ლარი ღირს. სამ თვეშ ერთხელ საჭიროა კვლევები: მამოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, რაც ძვირია და ხშირად ამას აღარ აფინანსებს ჯანდაცვა. შეიძლება ერთხელ, ორჯერ დაგიფინანსოს და შემდეგ ჩვეულებრივი შემოსავლის მქონე ოჯახი ამას ვერ გასწვდება“ – ამბობს ეკა.

ეკას ოჯახს საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა. ამ სტატუსით გათვალისწინებული შემწეობა ოჯახს საზღვრის გადაკვეთისთანავე მოუხსნეს. კერძო დაზღვევით, რომელიც ონკოდაავადებების მკურნალობას აფინანსებს ეკას არასდროს უსარგებლია საქართველოში და მხოლოდ საყოველთაო დაზღვევით სარგებლობდა.

თბილისში ეკას მეორადი ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა, მაგრამ მძიმე ტომრების აწევ-დაწევა დიდხანს ვერ შეძლო. მისი მეუღლე დისტრიბუციაში მუშაობდა 18 წელი, მარნეულის მაღაზიებს ამარაგებდა  ძეხვეულით, თუმცა სამსახურისთვის თავის დანებება მოუწია – ეკას მეუღლეს საყლაპავი მილის ვარიკოზი აქვს.

ქალი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დეპორტი გარდაუვალი იქნება, საქართველოში ერთადერთი ბინის გაყიდვა მოუწევს მკურნალობის გასაგრძელებლად, რის შემდეგაც მისი ოჯახი უსახლკაროდ დარჩება:

„გასაგებია, რომ საქართველოში ვერ გვშველიან ონკოპაციენტების ნაწილს, გასაგებია, რომ არ აქვს ქვეყანას ამდენი რესურსი, მაგრამ თავიანთი განცხადებით საქმეს მაინც ნუ გვიფუჭებენ, გვაცალონ გადავრჩეთ სხვაგან, მოგვცენ შესაძლებლობა ფიზიკურად გადარჩენისთვის სხვა ქვეყანაში მაინც ვიბრძოლოთ, ამაში მაინც ნუ გვიშლიან ხელს თუ ვერ გვეხმარებიან“ – ამბობს ემიგრანტი და ონკოპაციენტი.

ევროკავშირის ოფიციალური მონაცემებით, კერძოდ მიგრაციის სტატისტიკით, 2022 წლისთვის გერმანიაში ლტოლვილთა რაოდენობა საერთო მოსახლეობის 2,7%-ს შეადგენდა და 2 234 932 ადამიანი იყო. გერმანიის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 83 მილიონ ორასი ათასზე მეტია.

ამავე წყაროს მონაცემებით საქართველო იყო იმ პირველ 15 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებიც 2022 წელს ყველაზე ხშირად ითხოვდნენ თავშესაფარს ევროპაში. ამ სიაში საქართველოს გარდა სირია, ვენესუელა, პაკისტანი, ბანგლადეში, ერაყი, მაროკო, სომალი და სხვა ქვეყნებია.

წყარო: ევროკავშირის მიგრაციის სტატისტიკის სამსახური

გადაბეჭდვის წესი


ასევე: