განათლება,მთავარი,სიახლეები

სწავლა დოქტორანტურაში – რა პრობლემები აქვთ მკვლევრებს? | ინტერვიუ

17.10.2022 •
სწავლა დოქტორანტურაში – რა პრობლემები აქვთ მკვლევრებს? | ინტერვიუ

საქართველოში დოქტორანტურის საფეხურს ბევრად ნაკლები ადამიანი ამთავრებს – კვლევ, რომელიც მიმდინარე წელს გამოქვეყნდა და საქართველოს 12 საჯარო უნივერსიტეტში დოქტორანტის საფეხურზე მიღების, დამთავრებისა და აკადემიური შვებულების მაჩვენებლებს შეეხება, სწორედ ასეთ დინამიკას აჩვენებს.

ბოლო 6 წელიწადში დოქტორანტების რაოდენობა 1029-იდან 797-მდე შემცირდა, ხოლო კურსდამთავრებულთა რაოდენობა – 480-იდან 285-მდე. აკადემიურ შვებულებაში იმყოფება 1201 დოქტორანტი.

რა პრობლემების წინაშე დგანან მკვლევრები საქართველოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტს, ქეთი ცოტნიაშვილს ესაუბრა.

  • ქალბატონო ქეთი, როგორც ვიცით, საქართველოშიც სწავლობდით დოქტორანტურაში, თუმცა შეწყვიტეთ სწავლა და ახლა ამერიკაში ხართ. რა იყო მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ?

მეოთხე წელია, რაც ამერიკაში ვსწავლობ სადოქტორო პროგრამაზე. მანამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, თუმცა იმის გამო, რომ დოქტორანტურასთან ერთად საჯარო სამსახურში ვმუშაობდი სრულ განაკვეთზე და პრინციპში, ბევრი ვერაფერი გავაკეთე, ამიტომ იქ შევიჩერე სტატუსი.

  • ეს იმას ნიშნავს, რომ სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად კვლევაზე მუშაობა შეუძლებელია?

ახლა როცა ვუყურებ, თუ რამდენი დრო და ენერგია სჭირდება იმას, რომ სრულფასოვნად ისწავლო სადოქტოროზე, ჩემს თავზე აღარ ვბრაზდები, რომ მაშინ ბევრი ვერაფერი გავაკეთე, რადგან შეუძლებელია სრულ განაკვეთზე იმუშაო და თან სადოქტორო გააკეთო.

თუმცა არსებობს ალტერნატიული გზებიც, მაგალითად, პროფესიული მიმართულებით სადოქტორო პროგრამაზე თუ სწავლობ და კვლევაც იმ სფეროს შეეხება, სადაც მუშაობ, ეს უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ სამსახურისა და სამეცნიერო კვლევაზე მუშობის დრო დააბალანსო. ასეთ შემთხვევაში სამუშაო გარემოც  მდიდარ საველე სივრცეს გაძლევს  კვლევისთვის. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ კლასიკურ სადოქტორო პროგრამაზე, ეს შეუთავსებელია.

მე, მაგალითად, ახლა აქაც ვმუშაობ უნივერსიტეტში, მაგრამ კვირაში მხოლოდ 20 საათი, კვლევის ასისტენტი ვარ ორ პროფესორთან. თუმცა ეს ჩემთვის უფრო კვლევითი გამოცდილების მიღებაა და საბოლოოდ მეც იმ კვლევითი შედეგის თანაავტორი ვხდები, რომლებზეც ჩემს ხელმძღვანელებთან ერთად ვმუშაობ. ეს შეიძლება იყოს სტატია, წიგნი, წიგნის თავი და ა.შ. შესაბამისად, ეს ჩემს სამეცნიერო პროდუქტიულობასაც ზრდის და ჩემს კვლევით უნარებსაც ავითარებს.

ერთი წელი ერაზმუსის პროგრამითაც ვიყავი წასული პორტუგალიაში. გაცვლითი პროგრამები ერთგვარი გაქცევის საშუალებაცაა იმისთვის, რომ წახვიდე და იპოვო დრო კვლევაზე მუშაობისთვის, მაგრამ ეს ერთი წელი საკმარისი მაინც არ არის.

  • საქართველოში რა თემაზე მუშაობდით, თუ შეცვალეთ კვლევის თემა ამერიკაში და რატომ?

დიახ, თემა შეცვალე, რადგან მაშინ ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, განათლების ხარისხის მიმართულებით ვმუშაობდი, ჩემი კვლევის ინტერესი იყო ბოლონიის პროცესი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმები.

მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს თემა აღარ მაინტერესებს და ახლა ჩემი კვლევის მთავარი ფოკუსი  არის აკადემიური პერსონალის ტრანსფორმაცია პოსტსაბჭოთა პერიოდში,  ევროპული რეფორმების კვალდაკვალ როგორ შეიცვალა აკადემიური პერსონალის იდენტობა, მათი ფუნქციები, მოლოდინები, აკადემიური ცხოვრება.

როგორ მოხდა მთლიანად საუნივერსიტეტო კულტურის ტრანსფორმაცია და ამ ორ, საბჭოთა და ევროპულ კულტურებს შორის შეჯახების შედეგად როგორ შეიცვალა მთლიანად აკადემიური გარემო.

  • მოგვიყევით ამ ცვლილებაზე, რა შეიცვალა და რა – ვერ. რა დარჩა ყველაზე დიდ პრობლემად სადოქტორო განათლების მიმართულებაზე?

პირველ რიგში, ეს არის დაფინანსების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ილიას უნივერსიტეტს სხვებთან შედარებით კარგი პირობები აქვს, რადგან პირველი 5 წელი უფასოა სადოქტოროზე სწავლა, დოქტორანტს მაინც უწევს მუშაობა სწავლის პარალელურად.

ამერიკაშიც ვმუშაობთ, მაგრამ აქ ხელფასი იმდენია, რომ შემიძლია თავი შევინახო, სწავლაც დაფინანსებული მაქვს. დრო და დრო გვაქვს დამატებითი საგრანტო დაფინანსებებიც, თუ გვჭირდება გარკვეული რესურსები, კონფერენციებში მონაწილეობა და ასე შემდეგ. ფინანსური მხარდაჭერა ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორე პრობლემა საქართველოში ეს არის რესურსებზე ნაკლები წვდომა. ასევე იმის არცოდნა, როგორ გამოიყენო ის რესურსები, რაზეც უკვე მიგიწვდება ხელი. ამაში ვგულისხმობ ძირითადად საბიბლიოთეკო ბაზებს. საქართველოში ბოლო წლებში შედარებით გაუმჯობესდა ეს საკითხი, მაგრამ საერთაშორისო საბიბლიოთეკო ბაზებზე მეცნიერებს მაინც არ აქვთ სრული წვდომა.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტებმა ტრენინგების ჩატარებაც დაიწყეს, თუ როგორ გამოიყენონ ეს ბაზები, ჩემი დაკვირვებით, ეს საკითხი მაინც პრობლემურია, რადგან ჩვენთან საბიბლიოთეკო საქმე რაღაც ტექნიკურ საქმედ არის მიჩნეული და სინამდვილეში, დიდი მეცნიერებაა, როგორ იპოვო ეს რესურსები, როგორ მოახერხო სწორი ნავიგაცია ამ სივრცეში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ქართველი მეცნიერები ვერ ახერხებენ.

  • განათლების მინისტრი ირწმუნება, რომ ამ მხრივ მეცნიერებს პრობლემები არ აქვთ.

ცოდნის თვალსაზრისითაც და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც არის პრობლემა.

ბოლო წლებში გარკვეულ ბაზებზე წვდომა გაიზარდა, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა პერსონალმაც და სტუდენტებმაც  არ იციან, რომ ამ ბაზებთან წვდომა აქვს უნივერსიტეტებს.

პრობლემაა ისიც, რომ ამ ბაზებში ძირითადად ინგლისურ ენაზეა ლიტერატურა და ენის ფლობაც პრობლემაა როგორც პროფესორებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის.

  • გარდა დაფინანსების, ენის ბარიერისა და დროის ფაქტორისა, კიდევ რა ტიპის პრობლემა დგას ქართულ უნივერსიტეტებში?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, ჩემი აზრით, სადოქტორო ხელმძღვანელის შერჩევის საკითხი, რადგან დოქტორანტურის სტუდენტს სჭირდება ძალიან კარგი ხელმძღვანელი, ის, ვინც გამოცდილია იმ კვლევითი ინტერესის სფეროში, რომლის კვლევაც სტუდენტს უნდა.

ჩვენთან კი, ხშირია შემთხვევა, როცა სადოქტორო ხელმძღვანელს არ აქვს დოქტორანტის კვლევის საკითხთან მიმართებით კვლევითი გამოცდილება.

მაგალითად, მინახავს განათლების მიმართულებით დაცული დისერტაციები, როცა სტუდენტს ხარისხი დაცული აქვს  შედარებით და საერთაშორისო განათლების პოლიტიკაში და მისი  ხელმძღვანელი იყო პედაგოგიკის მიმართულების მკვლევარი.

მსგავსი შეუსაბამობებით რთულია, სადოქტორო დისერტაცია ხარისხიანი გამოვიდეს. ხელმძღვანელისგან მიღებულ კრიტიკულ და კომპეტენტურ უკუკავშირს, თეორიული და მეთოდოლოგიურ თვალსაზრისით გაწეულ კონსულტაციას, სათანადო რესურსების მითითებას და დაკვალიანებას, დოქტორანტისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

დროის პრობლემა ამერიკაშიც არის ცხადია და შესაძლოა უკუკავშირი დაგიგვიანოს ხელმძღვანელმა, მაგრამ შენ იცი, რომ ეს არის მისი პროფესორის/ხელმძღვანელის საქმიანობის მნიშვნელოვანი  ნაწილი. ხოლო საქართველოში ძალიან გაფანტული და ფრაგმენტირებულია ეს საკითხი, რადგან ვერც პროფესორები და ვერც სტუდენტები ვერ ახერხებენ მთლიანად აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას და პარალელურად უწევთ სხვადასხვა სამსახურში მუშაობა.

  • ალბათ თქვენც გსმენიათ, როცა ამბობენ, რომ საქართველოში დაწერილი დისერტაციების უმრავლესობა თაროზეა შემოდებული, რომ მათ არანაირი სამეცნიერო და კვლევითი ღირებულება არ აქვთ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

ძალიან ბევრია ასეთი პრობლემური ნაშრომი, იმ ადამიანებისაც, რომლებიც უკვე პროფესორები არიან და მათიც, ვისაც ახალი დაცული აქვთ. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი კვლევის მეთოდოლოგიური და თეორიული კომპონენტების სწავლების ძალიან სუსტი ხარისხია.

ჩვენთან სადოქტოროზე ჩაბარების წინაპირობა არის სამაგისტრო საფეხურის დასრულება, სადაც ასევე სუსტია კვლევის მეთოდოლოგიური ნაწილი. ხოლო სადოქტოროზე რაც ისწავლება, ჩემი აზრით, ეს არ არის სადოქტორო დონის შესაბამისი მეთოდები.

კვლევის მეთოდების სწავლება, ხშირ შემთხვევაში, შესავალი კურსის დონეზე ჩერდება, რაც მაგისტრატურის  დონეს წარმოადგენს და ის საკმარისი არ არის სადოქტორო საფეხურის დონეზე სრულყოფილი, მეთოდოლოგიურად და თეორიულად გამართული კვლევის ჩასატარებლად.

  • დასავლურ უნივერსიტეტებში რა ემატება, ვთქვათ, იმ კომპონენტებს, რაც ჩამოთვალეთ?

მარტივად რომ ვთქვა, ის, რაც შესავალი კურსის დროს ერთი თემის ფარგლებში ისწავლება, ეს საკითხები ცალკე კურსებად არის შემოთავაზებული, მაგალითად,  დისკურსის ანალიზი, ეთნოგრაფიული კვლევა, პოსტთვისებრივი კვლევა, და ა.შ., შესაბამისად დოქტორანტს შეუძლია კონკრეტული მეთოდოლოგიური მიმართულებით გაიღრმაოს ცოდნა და აირჩიოს კურსი იმ მეთოდოლოგიაში, რომლის გამოყენებასაც სადოქტორო კვლევაში აპირებს.

ჩემი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სადოქტორო ხელმძღვანელს ჰქონდეს კვლევის მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა და მათი გამოყენების გამოცდილება, რათა შეძლოს დოქტორანტის სათანადო დაკვალიანება. თუმცა ეს საკითხი ჩვენს უნივერსიტეტებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

  • ამის გამოსწორება სახელმწიფოზეა დამოკიდებული, თუ უნივერსიტეტებზე?

ეს საკითხი ისევ მიდის დაფინანსების პრობლემასთან.  აკადემიურ პერსონალს დღეს ძალიან დაბალი ხელფასი აქვს, შესაბამისად, ისინი ვერ უთმობენ სათანადო დროს აკადემიურ და კვლევით საქმიანობას. ასევე, ის გარემო, რომელიც უნივერსიტეტშია, არ არის წამახალისებელი იმისთვის, რომ მეტი კვლევა გააკეთონ.

დასავლეთის აკადემიურ სივრცეში იზრდება კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ პროფესორმა მუდმივად უნდა აქვეყნოს ახალი სტატიები და  იზრუნოს მისი პროდუქტიულობის გაზრდაზე. შესაბამისად, მეტი აქცენტი გადადის აკადემიური პროდუქტიულობის რაოდენობრივ მაჩვენებლებზე, რაც გარკვეულწილად მნიშვნელოვანი სიახლისა და აკადემიური ექსპერიმენტების ჩატარების პოტენციალს ამცირებს. ჩვენთან კი მეორე უკიდურესობაა, რადგან ეს შეფასების სისტემა საერთოდ არ მუშაობს.

ორი-სამი წელიც რომ არ გამოაქვეყნოს პროფესორმა რაიმე ნაშრომი, მას რაიმე საფრთხე არ დაემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ უნივერსიტეტებს რეგულაციებში აქვთ ეს მოთხოვნები ჩადებული, ამაზე რეაგირება მაინც არ ხდება.

იმდენად სწრაფად იქმნება ახალი ცოდნა და მიმართულებები სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში, რომ თუ მეცნიერი კვლევით პროცესებში მუდმივად არ არის ჩართული, ძალიან მარტივია სფეროს ჩამორჩე.

ამის გამოსასწორებლად აუცილებელია სისტემური ცვლილებები.  უნდა შეიცვალოს აკადემიური პერსონალის დასაქმებისა და სახელფასო პოლიტიკა ისე, რომ აკადემიურ პერსონალს ჰქონდეს კვლევის ჩასატარებლად საჭირო გარემო და პირობები.

ასევე, საჭიროა სასწავლო და კვლევითი დატვირთვის დაბალანსებაც. დაბალ აკადემიურ პოზიციაზე  მყოფ აკადემიურ პერსონალს – ასისტენტ პროფესორებს ძალიან დიდი სასწავლო დატვირთვა აქვთ და ძალიან დაბალი ხელფასი, რაც მათ კვლევისთვის დროს არ უტოვებს.  არსებობს მოლოდინი, რომ პროფესორები უფრო მეტად უნდა მუშაობდნენ კვლევაზე, და შესაბამისად, მათი სასწავლო დატვირთვა შედარებით დაბალია. მაგრამ ხშირად სამეცნიერო დატვირთვაზე გამოყოფილი დრო მათ კვლევით შედეგიანობაზე ნაკლებად აისახება. საჭიროა უფრო მოქნილი და აკადემიური პერსონალის კვლევით თუ სასწავლო პოტენციალზე მორგებული დატვირთვის სქემების შემუშავება.

  • აკადემიური შეფასების სისტემა ნეპოტიზმის გამო არ მუშაობს?

ცალკეული შემთხვევები რომ იყოს, ვიტყოდი, რომ ნეპოტიზმია, მაგრამ ეს არის იმდენად სისტემური, რომ ნეპოტიზმს ვერ დავარქმევ. ჩვეულებრივი ამბავია, ყველამ იცის, რომ, მაგალითად, რეგულარულად არ ჩაატარე კვლევა და არ გამოაქვეყნე რეფერირებად ჟურნალებში, მაინც არავის არაფერს მოსთხოვენ.

ბოლო დროს გაჩნდა პრაქტიკა, რომ იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში გამოქვეყნების შემთხვევაში, აკადემიურ პერსონალს უნივერსიტეტები გარკვეულ წამახალისებელ ფულად დანამატს უხდიან. ეს კარგი პრაქტიკაა, თუმცა არასაკმარისი მთლიანი სურათის გამოსასწორებლად.

  • როგორ ფიქრობთ, სისტემური პრობლემები განაპირობებს იმას, რომ პროფესიონალები ქვეყნიდან მიდიან? თქვენ თუ აპირებთ დაბრუნებას?

ყველაზე ხშირად ის სტუდენტები ბრუნდებიან უკან, რომლებიც სამაგისტროზე საფეხურზე სწავლობენ საზღვარგარეთ, ძირითადად კი ის სეგმენტი, რომლებიც დაფინანსებას სხვადასხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სასტიპენდიო პროგრამებიდან იღებენ. ხელშეკრულების პირობები მათ დაბრუნებას ავალდებულებს.

სადოქტოროზეც როცა სწავლობ, ძალიან დიდ ძალისხმევას დებ ამ საქმეში და მთავარი მოტივაცია მაინც არის სამეცნიერო სფეროში დასაქმება. საქართველოში კი ამ სფეროში ანაზღაურება ძალიან დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ საქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას, მირჩევნია, ძირითადად დასაქმების ადგილი საზღვარგარეთ ვიპოვო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: