დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 22 სექტემბერს, ყოველდღიურ ცნობებში წერს, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ გადაიტანეს უჩვეულოდ ინტენსიური თავდასხმები ფრონტის ხაზებზე.
ამავე პერიოდში გავრცელდა ცნობები ოკუპირებულ ყირიმში, კრასნოდარის ოლქში და მოსკოვის მახლობლად რუსეთის ლოჯისტიკურ ობიექტებზე საჰაერო ბაზებისა და სამეთაურო პუნქტებზე აფეთქებების შესახებ.
ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ დიდი ალბათობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი კვლავ სამიზნე გახდა. თუმცა აფეთქებები მოსკოვის მახლობლად, ჩკალოვსკის საჰაერო ბაზაზე, სავარაუდოდ, ყველაზე შემაშფოთებელია რუსეთისთვის.
„ეს სენსიტიური ადგილია, რადგან აქ განლაგებულია სპეციალიზებული სამხედრო თვითმფრინავები და, ასევე, რუსეთის ლიდერების VIP ტრანსპორტი“ – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა და იქვე დასძენს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობები სპეციალური მისიის თვითმფრინავის [Ил-20] დაზიანების შესახებ, მისი სადაზვერვო შესაძლებლობების გამო.
„რუსეთმა გასული კვირის განმავლობაში არაერთხელ განახორციელა დისტანციური დარტყმები უკრაინაზე.
ეს უჩვეულო ინტენსივობა, სავარაუდოდ, ნაწილობრივ არის პასუხი რუსეთსა და ყირიმში მომხდარ ინციდენტებზე. რადგანაც სახმელეთო ბრძოლა შედარებით სტატიკურია, თითოეული მხარე უპირატესობას ეძებს მოწინააღმდეგის სტრატეგიულ სიღრმეზე დარტყმით“ – წერს დაზვერვა.