14-16 სექტემბერს ბათუმში ტრადიციულად გაიმართა რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 14 ნომინაციაში შეეჯიბრნენ (მათ შორის: ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია). მათ ნამუშევრებს 17 ქვეყნიდან მოწვეული ჟიურის 32წევრი აფასებდა.
ფესტივალის პირველ დღეს მთავარ სცენაზე ვიხილეთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობით მოწვეული მომხსენებლები ისლანდიიდან სელმა თორსთეინსდოტირი და აგა იონსდოტირი. მათი მოხსენება შეეხებოდა რეკლამის სფეროში მუშაობას ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც ისლანდიაა. ასევე ისეთ სამაგალითო ქალს, როგორიც ვიგდის ფინბოგადოტირია, მსოფლიოსა და ისლანდიაში არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი, თუ რამ მოიტანა გენდერული თანასწორობისაკენ ეს სვლა ისლანდიაში.
აგა და სელმა აქტიურად თანამშრომლობენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან და ამზადებენ მათთვის სარეკლამო კამპანიებს. სანამ უშუალოდ ინტერვიუს ნაწილზე გადავალთ, გთავაზობთ ვიდეოს, რომლის მთავარი სლოგანია: გენდერული ძალადობა იმაზე ახლოსაა, ვიდრე წარმოგიდგენია.
თქვენ პრეზენტაციის დროს ახსენეთ, რომ ხართ „შეშლილი ქალები“ (M’ad women) ისლანდიიდან. მოგვიყევით, როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ აღმოჩნდით რეკლამის ინდუსტრიაში?
სელმა: ორივენი ამ ინდუსტრიაში ვართ 20 წელია. ისლანდიის ხელოვნების აკადემიიდან მოვდივართ. დაახლოებით 10 წლის წინ ჩვენი კომპანიები გაერთიანდა. მანამდე ჩვენ ვიყავით მხოლოდ 2 მაღალი დონის ქალი წარმომადგენელი რეკლამის სფეროში, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ უფრო წინ წავიწიეთ. ახლა უფრო მეტი კრეატიული დირექტორი ქალია ამ სფეროში.
წარსულისგან განსხვავებით, როცა ქალების სხეული უფრო დიდი დოზით იყო განხილული პროდუქტის გასაყიდ ელემენტად პოსტერებსა თუ სარეკლამო რგოლებში, დღევანდელ ტენდენციებს როგორ შეაფასებდით?
აგა: ვფიქრობ, უმჯობესდება. დღეს ქალები ისე აღარ არიან გამოსახული, როგორც რაიმე სახის პროდუქტი. რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა ქვეყნის ბაზართან მიმართებაში განსხვავებულია, მაგრამ ჩვენთან, ისლანდიაში და ასევე ევროპაში ვცდილობთ სარეკლამო კამპანიებისთვის შევარჩიოთ ქალების მრავალფეროვანი სახეები, ფორმები და ზომები. იგივე ხდება კაცების შემთხვევაშიც. არ ვფიქრობთ, რომ „ლამაზი“ ეს არის ნორმა დღეისათვის.
რა განსხვავებაა „ქალის ხედვასა“ და „კაცის ხედვას“ შორის, როცა საქმე ეხება გრაფიკულ დიზაინს? არის თუ არა ისეთი დეტალები, რომლებსაც ქალები და კაცები სპეციფიკურად უყურებენ?
სელმა: ქალები უფრო მეტ დეტალს აქცევენ ყურადღებას. ჩვენ მუდამ თითის წვერებზე დავდივართ, რათა არ გავაღრმაოთ სტერეოტიპები, დამაზიანებელი იდეები. უშუალოდ ჩვენი კომპანია მართულია ქალების მიერ, ისლანდიაში გენდერული თანასწორობა საკმაოდ კარგ დონეზეა, თუმცა ხშირად სტერეოტიპები იმდენად ფესვგადგმულია, რომ ჩვენი თანამშრომელი კაცებისთვისაც გვიწევს ხოლმე ხანდახან უნებლიე დეტალების შესწორება, და ჩვენ სწორედ ამისთვის ვართ აქ.
თანამედროვე ტექნოლოგიების ასათვისებლად რა უნდა გაკეთდეს ქალების გაძლიერების კუთხით, რათა მათ შეძლონ უნარების განვითარება არაპრივილეგირებული საზოგადოებების ფენებში? მაგალითად, თუნდაც ისეთ ღონისძიებაზე დასწრება, როგორიც Ad Black Sea-ა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ადგილობრივი ღარიბი ქალებისთვის.
სელმა: ეს ძალიან კომპლექსური თემაა. უნდა ვიყოთ მისაბაძი მაგალითები. საჭიროა ვთქვათ მეტი კი. რადგანაც სოციალურად განპირობებული ბუნებიდან გამომდინარე უფრო მეტად ვართ ხოლმე უკანა პლანზე. არ უნდა ვისაუბროთ რბილი ხმით. ჩვენ ისლანდიაში ვცდილობთ სწავლა იყოს ძალიან იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ხანდახან გამოცხადებულ ვაკანსიაზე ქალები საკუთარ CV-საც არ აგზავნიან, რადგან კომპეტენტურად არ მიიჩნევენ თავს, როცა კაცები დაუფიქრებლად, თავდაჯერებულები მიდიან გასაუბრებაზე. ასე, რომ მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ქალები საკუთარ თავს მეტ ნდობას გამოუცხადებენ.
როგორია თქვენი კლასიკური მიდგომა, ოქროს სტანდარტი, რაც ყველას და ყველგან გამოადგება, რომ იპოვოს ძალა და საკუთარ არჩეულ გზას არ გადაუხვიოს დიზაინერის პროფესიაში, როცა ირგვლივ უკვე ამდენი ადამიანია გრაფიკული დიზაინერის სქილებით?
აგა: ყოველთვის სიახლეების ძიება. არასდროს არ უნდა გაჩერდე იმაზე, რაც უკვე მიღებული ნორმაა. ოქროს სტანდარტი ჩვენთვის არ არსებობს. ჩარჩოს მიღმა ფიქრი და სიახლის ძიებაა ჩვენი მუდმივი მამოძრავებელი.
რა არის გრაფიკული დიზაინის მომავალი? თქვენი აზრით ხელოვნური ინტელექტის გაელვება წამიერი იქნება, თუ სამუდამოდ შეცვლის, ასე ვთქვათ, ჩაანაცვლებს ადამიანურ უნარებს?
სელმა: ხელოვნური ინტელექტი (AI) არის მხოლოდ და მხოლოდ ხელსაწყო, ის ვერასდროს ჩაანაცვლებს ადამიანის გონებასა და სულს. ჩვენ შეიძლება უბრალოდ უკეთ ვმართოთ AI, მაგალითად, დაახლოებით 10 წელიწადში, როცა ფოტოშოპის დასასრული დადგება. ადამიანური კრეატიულობა იქნება უკანასკნელი სამსახური დედამიწაზე, მას ვერაფერი ჩაანაცვლებს.
რას ფიქრობთ Ad Black Sea-ზე, როგორი შთაბეჭდილებით ტოვებთ ბათუმს?
აგა: ნამდვილად გაოგნებულები ვართ, ყველაფერი მშვენივრად დაგიგეგმავთ. მოლოდინს გადააჭარბა ფესტივალმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართულ სარეკლამო ინდუსტრიას დიდი პოტენციალი აქვს.
სელმა: გავისეირნეთ ძველ ბათუმშიც, შავი ზღვა ძალიან მშვიდი და ლამაზია. ძალიან სტუმართმოყვარე და კარგი ქვეყანა გაქვთ.