„ბათუმელებმა“ სასამართლოების საქმისწარმოების ელექტრონულ გვერდზე შეისწავლა რამდენიმე მოსამართლის გრაფიკი – დღის განმავლობაში განსახილველი საქმეების რაოდენობა: მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი ებანოიძეს 18 სექტემბერს არც მეტი, არც ნაკლები – 20 სისხლის სამართლის საქმე უნდა განეხილა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ რვასაათიანი სამუშაო დღე აქვთ მოსამართლეებს და თუ დავუშვებთ, რომ მოსამართლეებს დასვენება საერთოდ არ სჭირდებათ, გამოდის, რომ თითო საქმეს მოსამართლემ 24-24 წუთი დაუთმო.
თუმცა გიორგი ებანოიძე არ არის ერთადერთი მოსამართლე, ვისაც წინა კვირას წარმოუდგენლად ბევრი საქმე უნდა განეხილა ერთ დღეში. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 სექტემბერს მოსამართლე ლილი მსხილაძეს 12 სისხლის სამართლის საქმე უნდა განეხილა, ლაშა ჩხიკვაძეს – 10 საქმე.
განსაკუთრებული დატვირთვით დიდი ქალაქების სასამართლოებში მუშაობენ, მათ შორის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში. თუმცა საქმისწარმოების ელექტრონულ გვერდზე ხშირად ინფორმაცია ყველა სხდომის შესახებ სრულად არც კი ქვეყნდება.
მაგალითად, 20 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინტერნეტგვერდზე მხოლოდ მოსამართლე ნინო სახელაშვილის სხდომების შესახებ იძებნება ინფორმაცია – მას დღის განმავლობაში სისხლის სამართლის 10 საქმე უნდა განეხილა.
რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, რაც სამართალწარმოების ოფიციალურ გვერდზე სასამართლოების განრიგის გრაფაშია გამოქვეყნებული?- „ბათუმელებს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესცენტრში დაუდასტურეს, რომ განრიგის შესახებ ინფორმაცია რეალურია და ნამდვილად, მოსამართლე გიორგი ებანოიძეს 18 სექტემბერს 20 საქმე უნდა განეხილა. რეალურად განიხილა თუ არა ამ რაოდენობის საქმეები მოსამართლემ? – პრესცენტრში გვითხრეს, რომ დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
სასამართლოს გადატვირთულობა ის თემაა, რაც სასამართლო სისტემის ლიდერებისგანაც ხშირად სახელდება, როგორც სასამართლოს მთავარი პრობლემა. მაგალითად, 2022 წლის ოქტომბერში, როცა ლევან მურუსიძე, კლანის ლიდერი, ხელახლა აირჩიეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად, ეს თქვა: „მთავარი პრობლემა, რომელიც მიმაჩნია, უნდა გამოსწორდეს – ეს არის გადატვირთულობა. საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, რათა მოსახლეობის წინაშე ვიყოთ მართლები, რომ სასამართლო იმუშავებს გამართულად, არ იქნება საქმეების გაჭიანურება”, – უთხრა მაშინ ჟურნალისტებს ლევან მურუსიძემ.
___
სასამართლოს გადატვირთულობასა და მის შედეგებზე სტატია ვრცლად:
„სად წავიდეს მომჩივანი: ქურდთან თუ ოლიგარქთან?“ – „კლანს“ გადატვირთული სასამართლო აწყობს