„87 წლის წინ, 1937 წლის 14 ივლისს, ჩემი დიდი ბაბუა მემედ გვარიშვილი, ბებია და მათი ოთხი არასრულწლოვანი შვილი ბეშუმში წასასვლელად ემზადებოდნენ. იმ ღამით შინსახკომის წევრები შეცვივდნენ ჩემი დიდი ბაბუის სახლში და დააპატიმრეს,“ – ასე იხსენებს მრავალი წლის შემდეგ მემედ გვარიშვილის შვილთაშვილი ოჩი კონცელიძე ამბავს, რომელმაც მისი წინაპრები იმსხვერპლა.
სტალინური რეპრესიების სისასტიკე მხოლოდ მემედ გვარიშვილის დაპატიმრებით არ დამთავრებულა.
მემედის დაპატიმრებიდან ორ თვეში, მთელი მისი ქონების კონფისკაცია მოხდა. მემედის მეუღლე, ფიქრიე ბეჟანიძე, ოთხ შვილთან ერთად სახლიდან გამოასახლეს და ქუჩაში დატოვეს.
„1937 წლის სექტემბრის თვეში ჩემი დიდი ბებია თავის შვილებთან ერთად გამოასახლეს მათი კუთვნილი სახლიდან. ბრალდების თანახმად, მემედ გვარიშვილი გახდა „ხალხის მტერი და, შესაბამისად, მისი ქონება ექვემდებარებოდა კონფისკაციას“.
დღეს აქტუალურია უცხოური გავლენის აგენტი, მაშინაც ასე აკრავდნენ ადამიანებს „ხალხის მტრის“ იარლიყს. ასეთი ადამიანები ვითომდა „საქმიანობდნენ საბჭოთა კავშირის და საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ“.
ბებია და ბავშვები დარჩნენ ღია ცის ქვეშ, სახლის გარეშე. გამოსახლებული ოჯახი მეზობლად მცხოვრებმა ბადოევებმა შეიფარეს. ბავშვების ტანსაცმელიც კი არ გამოატანეს ბინიდან. ბადოევებთან გარკვეული პერიოდი გაჩერდნენ და შემდეგ გადავიდნენ სხვაგან.
მოგვიანებით, მემედის უფროსმა ქალიშვილმა, ნანამ ამოიცნო ის კაცი, ვინც მონაწილეობდა მამამისის დაპატიმრებაში – ის მათ სახლს დაეპატრონა. როგორც ჩანს, სახლსაც დაპატიმრების დროს დაადგა თვალი.
მთელი 20 წელი, 1937 წლიდან 1957 წლამდე, სანამ მემედ გვარიშვილის რეაბილიტაცია არ მოხდა, საშინელი ტანჯვა გამოიარა მისმა ოჯახმა. გარიყულობა საზოგადოებისგან, უსახლკარობა და სიღარიბე,“ – უყვება ოჩი კონცელიძე „ბათუმელებს“ საკუთარი ოჯახის ისტორიას.
- მემედ გვარიშვილის ამბავი
მემედ გვარიშვილი წარმოშობით ჩაქვიდან იყო. მისი ოჯახი ბათუმში საცხოვრებლად მე-20 საუკუნის დასაწყისში გადმოვიდა.
მემედ გვარიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა ჩაქვისა და სალიბაურის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად, ქობულეთის რაიონული აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის ასსრ მიწათმოქმედების (1928-1929), ხოლო შემდგომ სოციალური უზრუნველყოფის (1933-1935) სახალხო კომისრად (მინისტრად).
1937 წლამდე, ანუ სანამ დააპატიმრებდნენ და დახვრეტდნენ, იყო აჭარის ასსრ-ს ხორცის დამზადების, მრეწველობისა და გასაღების მთავარი სამმართველოს უფროსი.
„როდესაც დააპატიმრეს, არავინ იცოდა ზუსტად, სად ჰყავდათ. ბათუმი პატარა ქალაქი იყო, უცებ გავარდა ხმა ქალაქში ჩეკას შენობის სარდაფში ჰყავთ დაპატიმრებულებიო. ახლანდელი ბარათაშვილის ქუჩის დასაწყისში დგას ეს შენობა. ბაბუაჩემი, ოსიკო გვარიშვილი, მემედის შვილი, თავის წიგნში „ავადმოსაგონარი 1937 წელი“ აღწერს იმ შემთხვევას, როდესაც დედასთან ერთად მივიდა ჩეკას შენობაში და მამის ამბავი მოიკითხა,“ – ამბობს ოჩი კონცელიძე.

სახლი, სადაც 1937 წელს ჩეკა იყო და რომლის სარდაფშიც უდანაშაულო ადამიანები ჰყავდათ გამოკეტილი
„1937 წელს ამ შენობაში ჩეკას რეზიდენცია იყო. ზემო პირველ და მეორე სართულზე, აგრეთვე სხვებზე, უფროსობა, ანუ მტანჯველნი ისხდნენ, ხოლ ქვევით „პადვალში“ – სახელდახელოდ, ვინაობის გარკვევის გარეშე, ქუჩაში შემთხვევით, უდანაშაულოდ გამვლელნიც იტანჯებოდნენ. პატიმართა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ რკინის საკნის კარებს ძლივსღა კეტავდნენ. შუაღამისას ჭოროხის პირას მარხავდნენ ამ ჯოჯოხეთში დახოცილთ….
უთენია დილით კი, „პადვლის“ ჩასასვლელში, რომელიც ახლა ამოქოლილია, პატიმართა ჭირისუფლების რიგი იმართებოდა „პერედაჩის“ გადასაცემად.
ჰოდა, ვიდექით იმ რიგში დედაჩემი და მე – ჩემს დედმამიშვილებში ყველაზე პატარა, დედაჩემის კალთას ჩაბღაუჭებული, ირგვლივ შეშინებულ თვალებს ვაცეცებდი და წამითაც არ ვშორდებოდი მას.
დროდადრო ზემო სართულის მესვეურთაგან ვინმე გამოჩნდებოდა, პატიმრის გვარს ამოიძახებდნენ და მასთან მისულს „საკითხის გასარკვევად“ წაიყვანდა. შემდეგ გავიგეთ, ასეთი მზაკვრული ოინით „კაცის წაყვანა“ რას ნიშნავდა. გავიგეთ მაშინ, როდესაც ჩემი ორი ბიცოლა ასე დააპატიმრეს. ჩეკას შენობასთან უმთავრესად ქალები იდგნენ რიგში „პერედაჩის“ გადასაცემად,“ – ასე აღწერს ჩეკას შენობაში არსებულ სიტუაციას ოსიკო გვარიშვილი თავის წიგნში „ავადმოსაგონარი 1937 წელი“.
- კონფისკაცია
1937 წელს, როდესაც ხალხს აპატიმრებდნენ, თუ მათ რაიმე ქონება ჰქონდათ, ყველაფრის კონფისკაციას ახდენდნენ. ასე მოხდა მემედ გვარიშვილის შემთხვევაშიც.
ოსიკო გვარიშვილის მოგონებებში ვკითხულობთ, რომ მისი ქონების გაყოფა მემედის დასაპატიმრებლად მისულმა შინსახკომის წევრებმა იქვე, მის ბინაშივე დაიწყეს. უცებ გააქრეს სახლიდან იარაღის კოლექცია, მოოქროვილი პორტსიგარი და სხვა ღირებული ნივთები.
„აჭარაში კონფისკაციაში მოხვედრილი ბინებისა და ქონების „განაწილება“ უფრო მოწესრიგებული და გაიოლებული იყო. განაწილება-მითვისება ხდებოდა რიგის მიხედვით, ჯერ უფროსი რანგის მოხელეები აირჩევდნენ, მერე მიყვებოდნენ დანარჩენები, ხოლო მორჩენილი „ნადავლი“ სპეციალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
ჩვენ, ბავშვების ინტერესს იქ გამოწყობილი სათამაშოები, ბავშვთა ველოსიპედები, ხმლები და სხვა იწვევდა. მაგრამ რატომღაც მშობლების მიერ შიგ შესვლაც კი აკრძალული გვქონდა, „იქ ნამტირალევი და დაწყევლილი საქონელი აწყვიაო,“ – ვკითხულობთ ოსიკო გვარიშვილის მოგონებებში, რომელიც მამია ხარაზის მონათხრობს ეყრდნობა.
ამავე მოგონებებიდან ხდება ცნობილი, რომ ბინა შინსახკომის მძღოლმა, გოგი თოდაძემ და მისმა ცოლმა, პარტიულმა მუშაკმა, ფატუშა დუმბაძემ მიისაკუთრეს. მძღოლი უშუალოდ იღებდა თურმე მონაწილეობას მემედ გვარიშვილის დაპატიმრებაში.
1957 წელს, როდესაც მემედ გვარიშვილის რეაბილიტაცია მოხდა და დღის წესრიგში მისი ოჯახისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი დადგა, ბინის ახალმა მფლობელებმა სასტიკი უარი განაცხადეს ძველი მეპატრონეებისთვის დაბრუნებაზე.
„გაყოყოჩებულმა ცეკას მდივანმა, ფატუშა დუმბაძემ კატეგორიული უარი განაცხადა მითვისებული ქონების დაბრუნებაზე. აჭარის მაშინდელმა ხელისუფლებამ კი ვერ შებედა მასთან ქონების დაბრუნებაზე საუბრის ჩამოგდება. განსაკუთრებით მაღალი პოსტის მქონე ქალბატონის მაამებლად ყველაფერს აკეთებდა მაშინდელი აჭარის სუკის ხელმძღვანელი, გამოწრთობილი ჩეკისტი, პოლკოვნიკი ტიტე ჩიქოვანი.
ერთი კი არის, სუკის არქივში ხელშეუხებლად ინახებოდა ჩამორთმეული ქონების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაზე ფატუშა დუმბაძის მკაფიო ხელწერა იყო აღბეჭდილი.
ვეღარ შეიკავა თავი უკვე სამოც წელს მიღწეულმა დედაჩემმა: გულის სიღრმიდან წამოსული წყევლა-კრულვა კვლავ გაუგზავნა ყველას…
1957 წელს ოდნავ ამოვისუნთქეთ მთელმა ოჯახმა, მაგრამ სიმწრის ფასად. სამხედრო კოლეგია იტყობინებოდა, რომ მამაჩემი თურმე უდანაშაულოდ დაუხვრეტიათ და ახლა, სიკვდილის შემდეგ, რეაბილიტირებულ იყო.
სულიერმა ტკივილმა ამიტანა. მართალი ყოფილა, უდანაშაულო ყოფილა 36 წლის ახალგაზრდა კაცი, ოთხი შვილის მამა. თურმე მართალი ყოფილა. ჩვენც მართლები ვყოფილვართ, ქუჩაში გამოყრილები 20 წლის განმავლობაში შიშსა და ძრწოლაში მყოფნი, ახლა ერთი ნაკუწი ქაღალდი გვამცნობდა ჩვენს სიმართლეს“, – ვკითხულობთ ოსიკო გვარიშვილის მოგონებებში.
როდესაც 20-წლიან ტერორზე საუბრობს, ოსიკო გვარიშვილი იხსენებს ორ მნიშვნელოვან მომენტს, საიდანაც ნათელი ხდება, თუ როგორი შიშის ქვეშ უწევდათ ცხოვრება რეპრესირებული ადამიანების ოჯახის წევრებს.
„ბათუმის პედინსტიტუტში მეორე სართულზე ასვლამდე, კიბის თავზე დიდი პორტრეტი ეკიდა ქვეყნის ბელადის, სტალინისა ჩიბუხით ხელში. ვიღაც ოხერმა დანით გაჭრა ტილო. ატყდა ორომტრიალი ფორმიანი და უფორმო მუშაკებისა, გაკითხვა-გამოკითხვა. იმ საღამოს მეც იქ ვიყავი. მუხლები მომეკვეთა, თანდაყოლილმა შიშმა ამიტანა: ტროცკისტის შვილს შეიძლებოდა დამბრალდებოდა ეს აქცია… გადავრჩი.
მტრად გამოცხადებული მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ მათხოვა ერთმა ჩემმა ნათესავმა. წიგნი შესვენებისას მერხში დამრჩენოდა. სწრაფად გადავმალე, ეტყობოდა დავაგვიანე. სტუდენტთა შორის „მომუშავე“ ნაცნობის თხოვნაზე, წიგნი მაჩვენეო, მივხვდი, ვიღაცას ენახა მერხში და დავესმინე. ცივი უარი ვუთხარი, სამაგიეროდ, სახლში წასვლისას წიგნი დავწვი, მოსალოდნელი ჩხრეკისას რომ არ ენახათ,“ – ვკითხულობთ წიგნში „ავადმოსაგონარი 1937 წელი“.