„გადასახლებისას დედა ფეხმძიმედ იყო, ბავშვი დაეღუპა“ – ორგზის რეპრესირებული ოჯახის ისტორია

„როცა ჩემი მშობლები გადაასახლეს, დედაჩემი ფეხმძიმედ იყო. ყაზახეთში რომ ჩავიდა, იქ იმშობიარა. მაგრამ ბავშვმა დიდხანს ვერ იცოცხლა, რაღაც ავადმყოფობა შეხვდა და  გარდაიცვალა. საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ,“ – ასე იწყებს საკუთარი ოჯახის რეპრესირების ამბის მოყოლას ჟუჟუნა აბუსერიძე-ბეჟანიძე.

„ორგზის რეპრესირებული ოჯახის შვილი ვარო“, – იქვე ამატებს.

აბუსერიძეების ოჯახმა სტალინური რეპრესიები ორჯერ გამოიარა. პირველად 1937 წელს, მეორედ კი 1951 წელს.

„ბაბუაჩემი, ზაბით აბუსერიძე გასაბჭოებამდე თურქეთში, სამსუნში გადადიოდა სავაჭროდ. გასაბჭოების მერე საზღვრები რომ ჩაიკეტა, ბაბუა დარჩა თურქეთში. ბებიაჩემი აიშე ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა – დარჩა მარტო ბავშვებთან. ერთი პერიოდი წერილებს წერდნენ თურმე ერთმანეთს. ბებია მიყვებოდა: მივწერე, ცოლი შეირთე და შვილი გააჩინე, მომვლელი მაინც გეყოლება-მეთქი. მართლაც შეირთო ბაბუამ მეორე ცოლი და ასე გააგრძელა ცხოვრება თურქეთში.

საქართველოში დარჩენილი მისი ოჯახი კი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ჯერ ბიძაჩემი, სულეიმან აბუსერიძე დაუჭერიათ. ვიღაცებმა უჩივლეს – „სულეიმანი მოღალატე კაცია, თურქეთში გადასვლა უნდა ალბათ მამამისთანო“. ბიძაჩემი დაიჭირეს ამის მერე და გააქრეს. დაიკარგა, აღარაფერი გვსმენია მის შესახებ,“ – გვიყვება მისი წინაპრების ისტორიას ჟუჟუნა აბუსერიძე-ბეჟანიძე.

17 სოფელი დაგვხვდა სადგურზე, სადეთის ძმისშვილი ჩამოდისო - საბჭოთა პერიოდში გახლეჩილი ოჯახის ისტორია

ჟუჟუნა აბუსერიძის თქმით, ბიძის დაპატიმრების და გაქრობის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ აბუსერიძეების ოჯახის სრული რეპრესირება განიზრახა.

„ბებიაჩემი აიშე და მამაჩემი, მამუდ აბუსერიძე, შუახევიდან, სოფელ უჩამბადან იყვნენ. მამის მონათხრობიდან ვიცი, რომ 1937 წელს დაატოვებინეს მშობლიური სოფელი და გადაასახლეს ციმბირში.

მთელი ოჯახი გააციმბირეს. მამა მიყვებოდა, რომ ციმბირში საშინელ პირობებში მოუწიათ ცხოვრება. მამაჩემს აიძულებდნენ მუშაობას, საკმაოდ საშიშ სამუშაოზე. მდინარეში ჩაყრილი მორების გასწორება ევალებოდა თურმე. რამდენიმე წელში გაათავისუფლეს. მამა ამბობდა, ციმბირიდან დაავადებულები დავბრუნდით, მაგრამ ყოჩაღები ვიყავით მაინც და ერთმანეთს ვუპატრონეთო. ცხოვრება გააგრძელეს უჩამბაში.

მამას შრომა არ ეზარებოდა. მუხლჩაუხრელი შრომით მიაღწია იმას, რომ ძლიერი ოჯახი შექმნა დედაჩემთან ერთად.

მაგრამ მოვიდა 1951 წელი და მეორედ მოუწია გადასახლება. ამჯერად გადაასახლეს დედაჩემი, მამაჩემი, ბებია და ჩემი ერთი წლის ძმა. დედა, როგორც გითხარით, ფეხმძიმედ იყო, როდესაც ყაზახეთისკენ გაუყენეს რთულ და სახიფათო გზას. მიზეზი? ბევრი ქონება გაქვსო. 50 ძირი სკა ჰყოლია მამას, ასევე საქონელი. ძალიან მშრომელი იყო და ეს არ აპატიეს,“ – გვიყვება ჟუჟუნა აბუსერიძე-ბეჟანიძე.

აბუსერიძეების ოჯახი

რეპრესირებულის შვილი იხსენებს, რომ 1951 წელს მამუდ აბუსერიძეს სამუდამო განსახლების ცნობა მიუვიდა. თუმცა 1953 წელს, როდესაც სტალინი გარდაიცვალა, აბუსერიძეების ოჯახის მიმართ გამოტანილი განაჩენი შეიცვალა და მათ სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს.

„დაბრუნდა მამაჩემი ოჯახით საქართველოში. მაგრამ უჩამბაში ცხოვრება აღარ მოინდომა. არ მინდა იმ სოფელში დაბრუნებაო. სოფელ ქვედა აჭყვაში დასახლდნენ. ჩვენი სოფელი ახლოს იყო საძოვრებთან. მამაჩემი, როგორც გითხარით, ძალიან მშრომელი კაცი იყო. ვეტერინარის განათლება ჰქონდა. მოაშენა საქონელი ისევ, ააშენა სახლი და დაიწყო ბებიასთან ერთად ცხოვრება აჭყვაში. ჩემი ძმის გარდა, რომელმაც მცირე ასაკში გამოიარა გადასახლების სიმძიმე, დანარჩენი შვილები აქ გავჩნდით,“ – იხსენებს ჟუჟუნა აბუსერიძე-ბეჟანიძე.

რეპრესირებულის შვილის თქმით, მამამისი, მამუდ აბუსერიძე სულ ცდილობდა გაეგო მიზეზი, თუ რატომ გადაასახლეს და ორჯერ გამოატარეს უმძიმესი გზა.

„წერილებს წერდა, არ ჩერდებოდა. უდანაშაულო ვარ და რის გამოო – სვამდა ამ კითხვას. შეიტანა განცხადება სასამართლოში – „სახელი მაინც აღმიდგინეთ, აღიარეთ, უდანაშაულო რომ ვიყავიო“.

მახსოვს 1961 წელს მიიღო რეაბილიტაციის ფურცელი. ამ ცნობაში ეწერა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი არ დასტურდებოდა და რეაბილიტირებული იყო. ძალიან გაუხარდა მამას. როგორც რეპრესირებულმა კომპენსაციაც მიიღო, მაგრამ იმ თანხიდან ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს თვითონ.

მამა ობოლ ძმისშვილს ზრდიდა. ჩვენთან ერთად იზრდებოდა ჩვენი ბიძაშვილი. კომპენსაციის ფული მთლიანად მას მოახმარა მამამ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რეაბილიტაციის ცნობის მიღება, რადგან ამით დადასტურდა, რომ არც მამაჩემს და არც ბიძაჩემ სულეიმანს დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი,“ – ამბობს ჟუჟუნა აბუსერიძე-ბეჟანიძე.

საქართველოს 7 -კაცა რაგბის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს ჰამბურგში ითამაშებს

საქართველოს 7-კაცა გერმანიაში, ჰამბურგში, რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს ითამაშებს 28-30 ივნისს.

პირველი, მაკარსკას (ხორვატია) ეტაპის მეოთხე ადგილზე დასრულების შემდეგ, საქართველოს 14 ქულა აქვს და 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს.

ჩელენჯერზე ევროპიდან სამი გუნდი გადის და ამ მომენტისთვის პირველი ადგილზე გერმანიაა 16 ქულით, საქართველო მეორე პოზიციაზეა 14 ქულით, მას 2 ქულით პორტუგალია, ხოლო 4-ით იტალია ჩამორჩება. მე-8 ადგილზეა ბელგია 6 ქულით, მე-10-ზე – ლიეტუვა 3 ქულა, ხორვატია და უკრაინა კი ბოლო ორ ადგილს იკავებენ.

ჰამბურგში, ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს მეტოქეები ესპანეთი, ლიეტუვა და მასპინძელი გერმანია იქნებიან.

28 ივნისს ორი თამაშია – საქართველოს დროით 13:58 საათზე – ესპანეთთან, ხოლო 18:58 საათზე – ლიეტუვასთან. ჯგუფური ეტაპი 29 ივნისს გერმანიასთან მატჩით დასრულდება.

გერმანიასთან თამაშის შემდეგ „ფლეი ოფის“ ეტაპი დაიწყება და  მეორე, დასკვნითი ეტაპი 30 ივნისს ნახევარფინალებითა და ფინალებით სრულდება.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 7 -კაცა რაგბის ნაკრების ყველაზე დიდი მიღწევა 2008 წლით თარიღდება. მაშინ ჩვენმა ნაკრებმა ჰანოვერში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას, უზრუნველყოფილი იქნება კენჭისყრის იმიტაცია, კერძოდ საარჩევნო მოხელეების მეთვალყურეობით, დაინტერესებული პირები თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს (საცდელი წრის გაფერადება, ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება), მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას როგორც უშუალოდ საარჩევნო აპარატების გამოყენების, ისე საქართველოში საპილოტე რეჟიმში ჩატარებული ელექტრონული არჩევნების შესახებ.

პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე განხორციელდება. მონაწილეობის მსურველებმა, 2024 წლის 26 ივნისიდან ელექტრონული წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://calendly.com/d/ck3d-mpp-4v6  და აირჩიონ სასურველი თარიღი და დრო. დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში, კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით კონტაქტ – ჰაბის ნომერზე 2 51 00 51.

შეხვედრები ჩატარდება 6 – 28 ივლისის პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას 11 საათიდან 18:00 საათამდე.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროცესში და გაეცნონ  საარჩევნო  ტექნოლოგიებს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის ვისაც უკვე არაერთხელ მიღებული აქვს მონაწილეობა ცესკოს სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება და მოახლოებული არჩევნებისთვის ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც, ასევე, ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წელიწად ნახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის 3 000-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა და ინფორმირებულია 400 000-მდე ამომრჩეველი.

საარჩევნო ადმინისტრაცია ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებს და პროექტებს არჩევნების დასრულებამდე კიდევ რამდენიმე ეტაპად რეგულარულად განახორციელებს.

დღეს ბათუმში ავტობუსები ღამის 2 საათამდე იმოძრავებენ ფეხბურთის გამო – მერია

ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმში, საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრე პირებს მუნიციპალური ავტობუსები გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშის ყურება ბათუმის სტადიონთან და ანბანის კოშკთან იქნება შესაძლებელი.

მატჩის შემდეგ, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსები შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: #1, #1ა, #2, #3, #4, #7, #8, #9, #10, #11, #12, #13, #16 27 ივნისის 02:00 საათამდე იმოძრავებს.

საქართველო-პორტუგალიის შეხვედრა ევროპის ჩემპიონატზე დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე იწყება.

აჭარის სოფლებში წყლის სისტემისთვის აღებული სესხი ვერ აითვისეს – 98 000 ევრო ზედმეტადაა გადახდილი 

სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, 2023 წლის ბოლოს აჭარის ბიუჯეტის მიერ აღებული სესხებიდან ათვისებული იყო 80,1 მილიონი ლარი, რაც ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის მხოლოდ 37.3 პროცენტია. სესხის აუთვისებლობის გამო დარიცხულმა პროცენტმა კი ჯამში 98 ათასი ევრო შეადგინა.

„საკრედიტო რესურსი ვერ იქნა ათვისებული აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამისათვის გამოყოფილი სესხის ფარგლებში. საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველწლიურად სესხის აუთვისებელ ნაწილზე ხორციელდება ვალდებულების გადასახადის გადახდა, აუთვისებელი თანხის 0.5%-ის ოდენობით“ – წერს აუდიტი.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიერ აღებული სესხების მოცულობა 215 018 700 ლარს შეადგენდა [1 EUR = 2.8 ლარი – ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი 31/12/2023], საიდანაც ათვისებულია 80 122 600 ლარი.

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხები / წყარო: აუდიტი

საანგარიშო პერიოდისთვის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამისათვის გამოყოფილი 40 მლნ ევროს მოცულობის სესხიდან ათვისებულია 11 მლნ ევრო.

„მოწოდებული ინფორმაციით, სესხის აუთვისებლობის მიზეზია შესყიდვის განსახორციელებლად გამოცხადებული ტენდერის ორჯერ წარუმატებლად დასრულება“ – წერს აუდიტი.

მიუხედავად ამისა, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, უზრუნველყოფილ იქნეს პროექტის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების იდენტიფიცირება, ხარვეზებზე დროული რეაგირება და მოზიდული ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენება“.

აჭარის სოფლებსა და დაბებში წყლის და წყალარინების თანამედროვე სისტემის მოწყობის პროექტს „აჭარის წყლის ალიანსი“ ახორციელებს, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა – მის აქციებს ფლობენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი, ბათუმის ჩათვლით.

პროექტის ფარგლებში სამუშაოების ჩატარებაზე „ალიანსს“ საერთაშორისო ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც გამარჯვებულად საბოლოოდ შპს „გზა“ გამოავლინეს. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 62 მილიონი ევროა.

ვრცლად ნახეთ ბმულზე:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

 

ბათუმში და ქალაქის შემოგარენში აბონენტების ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა

კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, უხვი ნალექის შედეგად სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო დღეს, 26 ივნისს, წყალმომარაგება შეეზღუდათ აბონენტებს:

  • ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში
  • ბენზეში
  • ბარცხანაში
  • წინსვლაში
  • ორთაბათუმში
  • ჩაისუბანში
  • მაიაკოვსკის, გ. წერეთლის, თაბუკაშვილის, სახოკიას, სვიშევსკისა და ნიჟარაძის ქუჩებზე

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდება აბონენტებს დღეს, 22:00 საათამდე შეუწყდათ.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 538 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
  • ტანკი – 8 039 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 15 450 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 14 321 ერთეული [+40]
  • MLRS – 1 108 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 863 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 435 ერთეული [+22]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 324 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 407 ერთეული [+45]
  • სპეცტექნიკა – 2 409 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 642 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 533 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 433 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 353 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 913 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 975 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკში ორი „ისკანდერი“ გაისროლა – 4 ადამიანი დაიღუპა, ათობით – დაიჭრა

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

აჭარაში, გურიაში და სხვა რეგიონებში მოსალოდნელია ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

„26 ივნისს აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა.

საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს – საფრთხის დონე მაღალი“ – იუწყება სააგენტო.

მთავრობა რთულ სიტუაციაში გვაგდებს ემიგრანტებს – ხულოდან ემიგრაციაში წასული მასწავლებელი

„საქართველოს მთავრობა საკმაოდ რთულ სიტუაციაში გვაგდებს ათასობით ემიგრანტს საზღვარგარეთ“, – ამბობს 47 წლის დარო ბოლქვაძე, მასწავლებელი, გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი ქალი ხულოს სოფელ დეკანაშვილებიდან.

„როგორც მე ვხედავ, საქართველოს მთავრობა დარჩენილ ქართველებზე კი არა, წამოსულ ქართველებზეც არ ფიქრობს. რასაც ამბობს ჩვენი მთავრობა, რომ ევროპა გვიქმნის საფრთხეს დავკარგოთ ენა, მამული და სარწმუნოება, მე ამის ძალიან მრცხვენია“ – ამბობს ემიგრანტი. 

დარო შიშობს, რომ რუსული კანონი, რომელიც ქართველი ხალხის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, ბევრ პრობლემას შეუქმნის ქვეყნიდან წასულ ემიგრანტებს.

„როდესაც საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები მიდიოდა, აქ ყველა დედა შეშფოთებული იყო. ვიცი, რომ რამდენიმე უკვე წამოსვლასაც გეგმავდა, რადგან მათი შვილები წინა ხაზზე იდგნენ. სამწუხაროდ, ეს კანონი მაინც მიიღეს, რასაც დრამა მოჰყვა აქ.

პირველ რიგში, ჩვენ აუცილებლად შეგვექმნება პრობლემა თანხების გადარიცხვა-გადმორიცხვაში, ამაზე უკვე ლაპარაკობენ და რამდენადაც არ უნდა დავმშვიდდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვიცით, რომ საზღვარზე განსაზღვრული ლიმიტის გამო [ფულის] გამოტანის საშუალებაც არ გვაქვს.

მე თუ ვიმუშავებ და ჩემს შვილს, ჩემს სტუდენტს, ჩემს ავადმყოფს, ჩემს მოხუც დედას ვერ შევეწევი, რატომ ვმუშაობ აქ, რა მინდა?!

თუ ევროპაში არ წამოვიდა ხალხი სწავლისთვის, განვითარებისთვის ან სამუშაოდ, საქართველო რას მომცემს მე?! ვერაფერს. ძალიან გაუჭირდება. დავანებოთ ეკონომიკურ კრიზისებს თავი, ახალგაზრდებს არ ექნებათ ისეთი განვითარება და განათლება, როგორიც სჭირდებათ. საქართველოში უმაგრესი თაობა მოდის დღეს, მათ ევროპული განათლება სჭირდებათ.

მე არ ვიცნობ თბილისის ელიტას და მთავრობას. ვიცნობ ჩვენ, აჭარის მთავრობას. თუ ასე ძალიან მოსწონთ რუსული კანონი, შეუძლიათ წავიდნენ რუსეთში.

როცა ევროპული მანქანის საჭეს ატრიალებ და ევროპული ბრენდის საათი გიკეთია [რუსულ კანონზე] ხელმოწერის, ხელის აწევის დროს, რასაც ძალიან კარგად ვხედავთ ევროპიდან ქართველები, როგორ არ ვთქვა – „არა რუსულ კანონს!“ თუ შენ [ევროპა] მოგწონს, მე რატომ მაიძულებ, რომ ვიცხოვრო რუსეთში?“ – ამბობს დარო.

დარო ბოლქვაძე 2 წელია და 6 თვეა რაც ემიგრაციაში იმყოფება. ქალის თქმით, ძალიან რთულია ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტო, მით უფრო მაშინ, როცა არც მონდომებას და არც ბრძოლას არ აკლებ, რომ შენს სამშობლოში მოახერხო შესაფერი სამსახურის პოვნა, მეტ-ნაკლებად ღირსეული ანაზღაურებით.

„ძალიან ბევრი ფიქრი სჭირდება ჩემოდნის ჩალაგებას, გადაწყვეტილებას კი ზუსტად 4 წუთში იღებ.

მე კიდევ ძალიან დიდხანს ვიბრძოლე ჩემს სამშობლოში. ბევრი ვეცადე, მივიღე განათლება, გავიარე უამრავი ტრენინგ-კურსი, აქტიურად ვიყავი სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართული და ბოლომდე მეიმედებოდა, რომ მიუხედავად ჩვენი მინიმალური ხელფასებისა, ოდესმე მაინც გამოჩნდებოდა შესაფერისი სამუშაო ჩემთვის, თუმცა საბოლოოდ ჩემი ეს აქტიური ცხოვრება მხოლოდ უამრავი სერტიფიკატითა და დიპლომით შემოიფარგლა.

საფუძველი ჩემს წამოსვლას 2 წლის უკან, იანვარში დაედო, როდესაც მივიღე შემოთავაზება, რომ მე, როგორც მარტოხელა დედას, მექნებოდა სოციალური დახმარება და რაიონის მთავრობა ქირით გამიყვანდა საცხოვრებლად. ეს იყო ჩემთვის ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი შემოთავაზება, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელსაც შემიძლია შრომა და მაქვს იმდენი განათლება მიღებული, რომ შემეძლო დავსაქმებულიყავი. ჩემს უკან დავინახე ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებოდათ სოციალური დახმარება და სჭირდებოდათ ქირით გაყვანა.

წლების განმავლობაში ხულოს მუნიციპალიტეტს ვთხოვდი, რომ შეეწყოთ ხელი, როგორც მარტოხელა დედისთვის, რომ მეცხოვრა ცალკე. ვცხოვრობდი ძმის ოჯახში, სადაც არავის არ მოვბეზრებივარ, მაგრამ მათ ჰყავთ ოთხი შვილი. ძალიან ბუნებრივი იყო, როდესაც შენდებოდა ხულოს სოციალური სახლები, გავაკეთე განაცხადი, იმედი მქონდა, რომ როგორც მარტოხელა დედა, დავაკმაყოფილებდი რაღაც დონის კრიტერიუმს, მაგრამ მითხრეს, რომ მე არ ვიყავი მარტოხელა დედა, რადგან ვიყავი ქორწინებაში და ქორწინებაში მყავდა შვილი გაჩენილი.

კი ბატონო, ქორწინებაში მეყოლა შვილი, მაგრამ იქ აღარ ეწერა, რომ რვა თვის ორსული, რომელმაც მივატოვე ოჯახი, თუ მიმატოვეს, მარტო ვზრდიდი ამდენ ხანს შვილს და მინდოდა მცირედი მხარდაჭერა, თუნდაც ნაწილობრივი“, – გვეუბნება ქალი, რომელიც მეუღლეს წლების წინ გაეყარა ოფიციალურადაც.

„ერთი თვის განმავლობაში ჩალაგდა ძალიან ხასხასა, წითელი ჩემოდანი, რომელიც გაუფერულდა დამძიმებული ფიქრებით და აღმოვჩნდი სასაზღვრო ზოლში.

როცა მივდიოდი და ვუყურებდი ადამიანებს, მებრალებოდა ყველა მიმავალი, რადგან არ იცოდნენ სად მიდიოდნენ, რა ელოდათ და მებრალებოდა ყველა მომავალი, რომლებმაც არ იცოდნენ სიმწრით ნაშოვნი ფული სად დაებანდებინათ: ბავშვის განათლებაში, საყოფაცხოვრებო დონის მოწყობაში თუ სხვა საჭიროებაში.

ძალიან რთულია, როდესაც გადმოდიხარ ავტობუსიდან და არ იცი სად მიდიხარ. პირველი დღეები ყველა ემიგრანტისთვის კატასტროფულია“- ამბობს დარო.

ის პირველად თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ჩავიდა, სადაც ნახევარი წელი მუშაობდა.

„პირველი, რამაც გული დამწყვიტა, ის იყო, რომ ჩემი ოჯახის მასპინძელი პედაგოგი ქალი იყო, რომელსაც თავისი ხელფასი ჰყოფნიდა ორი შვილის აღზრდაში, განათლებაში, სახლში დამხმარის ყოლაში.

მე გამიმართლა. მევალებოდა ორი მოზრდილი ბავშვის მოვლა: დილით გაღვიძება, სკოლაში გაცილება, სადილის გამზადება, დალაგება, დასუფთავება, დახვედრა და ა.შ., მაგრამ ყველას ასე არ უმართლებს. მე, სხვა ემიგრანტებისგან განსხვავებით, მქონდა ჩემი ოთახი, ჩართული ტელეფონი, არ ვიზღუდებოდი ლაპარაკის დროს და არ მეკრძალებოდა არაფერი.

როდესაც დასვენების დღეს გავდიოდი და ვისმენდი სხვა ემიგრანტების წუხილს და დარდს, ვეღარც კი ვამბობდი ჩემს შედარებით კარგ პირობებს. მერიდებოდა“, – იხსენებს დარო ჩვენთან საუბრისას.

შემდეგი ქვეყანა ქალისთვის შვეიცარია იყო, სადაც წელიწადი და სამი თვე იმუშავა – „შვეიცარია აეროპორტების ქვეყანაა. როდესაც იქ ვიყავი მეგონა, რომ ყველა გადაფრენილი თვითმფრინავი საქართველოში მიფრინავდა. წამოსვლის სურვილი ყველას გვაქვს, ოღონდ მერწმუნეთ, რომ არავინ არ ადის ჯერჯერობით იმ რეისზე, რომელიც საქართველოში გადმოგვაფრენს. ისევ ჩვენი სოციალური პირობების გამო.

როცა ახალგაზრდა ქალს, ჯან-ღონით სავსეს მეუბნები – „გამოგიყვან ქირით და გადაგიხდი“, მე იმ საქართველოში არ დავბრუნდები. მე შემიძლია შრომა, მიწაზეც კი.

მე ინკლუზიური განათლების ძალიან ბევრი პროგრამა გავიარე და იმ ბავშვებს ვერ მივეცი ჩემი ცოდნა, ვისაც ეს სჭირდებათ. მე შემიძლია ვიმუშაო დამლაგებლად, მრეცხავად საქართველოშიც. მე შემიძლია საქართველოში თუ იქნება ჩაის კულტურაც, ვიმუშავო ჩაიშიც და არა ის, რომ მთავრობა სახლში დამჯდარს 300 ლარს სახლში მომცემს და ვიქნები მისი ამომრჩეველი.

ვიქნები ევროპაში და ვიქნები დამლაგებელი, რადგან ჩვენ ვხედავთ იმ ბავშვებს, იმ მოხუცებს და იმ ადამიანებს, მართლაც სჭირდებათ ეს სოციალური დახმარება. დაუნიშნონ მათ. მე არ მინდა, მე შრომა შემიძლია“, – მტკიცედ გვეუბნება ემიგრანტი ქალი.

დარო ამ დროის განმავლობაში საქართველოში ორი წლის წინ, მხოლოდ ერთხელ, ორი დღით, პასპორტის განახლებისთვის ჩამოვიდა.

დარო ამბობს, რომ მისი შვილი მის გადაწყვეტილებას სიხარულით არ შეხვედრია:

„მის თვალებში ვხედავდი, რომ საკუთარ თავს უფრო მეტს სთხოვდა, ვიდრე მე. არ ემეტებოდა დედა ემიგრაციისთვის. რამდენჯერმე მითხრა კიდეც, მოდი, ჩაი დავლიოთ და ვიყოთ ერთადო, მაგრამ მე მინდა, რომ მისი მომავლისთვის რაიმე შევქმნა.

საქართველოში შვილები დარდობენ ჩვენს ემიგრაციაზე და ჩვენ აქ ვდარდობთ მიტოვებულ შვილებზე. ამ შემთხვევაში, მე ცოტა წინ ვარ, რადგან ჩემი შვილი დიდია, საკუთარი თავის მოვლა შეუძლია. ძალიან მებრალება აქ, ჩემს ოთახში მცხოვრები ქალი, მისი ცრემლები, რადგან მას ძალიან პატარა შვილი ჰყავს დატოვებული.

ძალიან ბევრ ატირებულ ახალგაზრდა დედას ნახავთ აქ, რომელთაც გული სტკივათ, მათი შვილები სკოლაში მარტო რომ მიდიან. გაბრიელი გუშინ დედას ურეკავდა, მამა არ არის სახლში, მეშინია და ცოტა ხანი არ დაიძინოო“ – ცრემლს ვერ იკავებს დარო.

დარო ბოლქვაძე ახლა გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში ცხოვრობს და რესტორანში დამხმარედ მუშაობს.

„საბედნიეროდ, ჩემი ოჯახის წევრები დიდად არ მაწუხებენ, რომ დავეხმარო. ჩემ საფულეში გროვდება იმისათვის, რომ საქართველოში დაბრუნებულს ჩემი ჭერი მქონდეს. ხელს მიწყობს ჩემი ვაჟიშვილი, რომელიც მუშაობს და არასოდეს არ არის დედის საფულეზე დამოკიდებული. თავი გააქვს საქართველოში. ძალიან ბევრი ნაცნობი, მეგობარი თუ ახლობელია საქართველოდან, რომლებიც ითხოვენ დახმარებას. გვინდა ყველას დავეხმაროთ, მაგრამ, სამწუხაროდ ვერ ვწვდებით.

არ დამნანებია ფული საქველმოქმედო აქციებში ჩასარიცხად, როცა ვხედავ ამდენ მშიერ ქართველ ბავშვს სოციალურ ქსელში“, – გვითხრა საუბრის დასასრულს დარომ.

_______________

ფოტოზე: დარო ბოლქვაძე/facebook

ნახეთ ვიდეო:

YouTube video player

აჭარის მთავრობამ 40 მილიონი ლარი ვერ დახარჯა ბიუჯეტიდან

„გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, რაც ართულებს და რიგ შემთხვევებში შეუძლებელს ხდის პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას“, „მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა“, „ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 40 მილიონი ლარი, საიდანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წილი 21,7 მილიონი ლარია“ – წერს აუდიტი აჭარის 2023 წლის ბიუჯეტის წლიურ ანგარიშზე.

სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, აჭარის 2023 წლის ბიუჯეტიდან გადასახდელების მთლიანი მოცულობის 79.4% [422,8 მილიონი ლარი] „ხარჯებმა“ შეადგინა, რაც წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მაჩვენებლის 95.6%-ია და 35.1%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე.

„ხარჯების საკასო შესრულება 19 582 000 ლარით ჩამორჩება დაზუსტებული ბიუჯეტის გეგმურ მაჩვენებელს. ეს მაჩვენებელი ძირითადად დაკავშირებულია „გრანტების“ და „საქონელი და მომსახურების“ მუხლებთან, სადაც ჯამში აუთვისებელი დარჩა 14 მილიონი ლარი. მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებიდან აუთვისებელი დარჩა 7,4 მილიონი ლარი.

აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები კი შესრულების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა“ – წერს აუდიტი. 2023 წელს დაგეგმილი თუ დასასრულებელი ზოგიერთი პროექტის ფარგლებში კი, სამუშაოები საერთოდ არ შესრულებულა.

აუდიტი ასახელებს რამდენიმე პროექტს და მათი შეუსრულებლობის მიზეზს. მაგალითად:

  • ქობულეთის სოფელ ქვედა კვირიკეში საბავშვო ბაღის მშენებლობა – ღონისძიება იყო 2021-2022 წლების გარდამავალი პროექტი, რომელიც სახელშეკრულებო ვადებში დაუსრულებლობის გამო გადმოვიდა 2023 წელს. მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2023 წელს ხელშეკრულება შეწყდა. ახალი ხელშეკრულება გაფორმდა 2024 წლის 12 იანვარს;
  • ქობულეთში, სანაპირო ზოლის, ზღვისპირა პარკის მოწყობა – ტენდერის გამოცხადებამდე საჭირო გახდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება, რამაც გამოიწვია ღონისძიების თანხობრივი კორექტირებაც. ტენდერი ჯერ არ არის გამოცხადებული. გათვალისწინებულია 2024 წლის ბიუჯეტით;
  • ქობულეთში, ფიჭვნარის საკანალიზაციო მაგისტრალური ხაზის მოწყობა – ტენდერის გამოცხადებამდე საჭირო გახდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება, რამაც გამოიწვია ღონისძიების თანხობრივი კორექტირებაც. ტენდერი ჯერ არ არის გამოცხადებული. გათვალისწინებულია 2024წლის ბიუჯეტით;
  • ქობულეთში პოპოვის ქუჩა N12-ში მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა – ტენდერი არ შედგა;
  • შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ ერთი ერთეული ექსკავატორ-დამტვირთველის შეძენა – ტენდერი არ შედგა.

აჭარის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, აუდიტი აცხადებს, რომ „მიუხედავად იმისა, ბოლო წლებში გაუმჯობესდა პროგრამების/ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორების შესახებ დანართში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხი, იგი ჯერ კიდევ საჭიროებს შემდგომ სრულყოფასა და გაუმჯობესებას“.

ანალიზის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, რაც ართულებს, რიგ შემთხვევებში კი შეუძლებელს ხდის ანგარიშგების ეტაპზე პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას.

კერძოდ:

  • პროგრამული ბიუჯეტის დანართში წარმოდგენილი 61 პროგრამიდან 20 პროგრამა არ არის ჩაშლილი ქვეპროგრამებად;
  • ზოგიერთ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში მისაღწევი კონკრეტული მიზანი ან მიზნობრივი მაჩვენებელი არ აკმაყოფილებს პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რაც ანგარიშგების ეტაპზე ართულებს აღნიშნული პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას;
  • პროგრამების/ქვეპროგრამების ნაწილისთვის სრულად არ ხდება მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშგება ან შედეგების შეფასება წინასწარ განსაზღვრულ ინდიკატორებთან მიმართებით;
  • პროგრამული ბიუჯეტის დანართში წარმოდგენილი ინდიკატორების 100%-ის შემთხვევაში არ ხდება ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა;
  • ზოგიერთი პროგრამის/ქვეპროგრამის შემთხვევაში მიღწეული შედეგების წარმოდგენა ხდება დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრულ მაჩვენებლებთან შეუსაბამოდ, განსხვავებული სახით/ფორმატით, რაც ართულებს ან შეუძლებელს ხდის დაგეგმილი და მიღწეული შედეგების ერთმანეთთან შედარებას.

„პროგრამული ბიუჯეტირების შემდგომი განვითარებისთვის, მიზანშეწონილია, შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით.

რეფორმის გაცხადებული მიზნობრივი ნიშნულების არსებობა გაზრდის ამ პროცესში ჩართული საჯარო უწყებების ანგარიშვალდებულების ხარისხს და ხელს შეუწყობს რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგს“ – წერს აუდიტი.

აუდიტის შეფასებით კვლავ პრობლემურია ის რომ აჭარის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების ათვისება სრულად ვერ ხდება. 2023 წელს აუთვისებელმა თანხამ ჯამურად შეადგინა 40 372 700 ლარი, საიდანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წილი 21,7 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ძირითადად გამოწვეულია შემდეგით:

კონტრაქტორი კომპანიების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების გამო, 2023 წელს „გზების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 10,7 მილიონი ლარი, შედეგად, მუნიციპალიტეტებში სრულად არ განხორციელებულა ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

„სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის“ პროგრამაში კი აუთვისებელი დარჩა 941 800 ლარი [ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელმა კომპანიამ ვერ შეძლო სამშენებლო სამუშაოების დასრულება].

„ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 782 100 ლარი.

აუდიტი ასევე წერს, რომ წინა წლების მსგავსად, თვეების მიხედვით შემოსულობების მაჩვენებლები ძირითადად აღემატება გადასახდელების მაჩვენებლებს, რაც განაპირობებს ბიუჯეტში ნაშთის დაგროვებას. აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით 2023 წლის განმავლობაში ბიუჯეტის ნაშთის მოცულობა 45,7 მილიონი ლარიდან 55,9 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ხაზინის მონაცემებით კი, პროცენტების სახით 2023 წელს რესპუბლიკურ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 11,9 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7,4 მილიონი ლარით მეტია.

„პროცენტების“ სახით მიღებული შემოსავლების ზრდა განპირობებულია ბიუჯეტის ნაშთის და პარალელურად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტების მოცულობის ზრდასთან… კომერციული ბანკის დეპოზიტზე განთავსებული თავისუფალი ფულადი სახსრების მოცულობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, უზრუნველყოფილ იქნეს თავისუფალი ფულადი სახსრების მიმართვა ახალი პროდუქტების/სერვისების შექმნის ან/და გაუმჯობესების მიმართულებით.“ – აცხადებს აუდიტი.

„მოხსენება აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს, 25 ივნისს გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე:

საჯარო მოხელეთა ხელფასებში 69 მილიონი ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან

 

 

 

 

მკვლელობა გურიაში – რატომ დააკავა პროკურატურამ მთავარი მოწმე

„პროკურორმა თადარიგი დაიჭირა, რომ სხვა მოწმეებსაც იგივე არ ექნათ. ეს არის მანიპულაცია, რადგან კანონი შეიცავს დიდ ხარვეზს ამ კუთხით. თუ პრაქტიკა აქეთ წავა, მაშინ მოსამართლის და ნაფიცი მსაჯულების როლი აღარ იარსებებს საერთოდ,“ – მიიჩნევს სისხლის სამართლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

ადვოკატს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე ვესაუბრეთ – ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული კაცი სრულად გაამართლეს, ამ საქმის „ოქროს მოწმე“ კი, პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავა.

საუბარია გურიაში 2023 წლის 28 სექტემბერს მომხდარ ამბავზე. პროკურატურის ვერსიით, 23 წლის ავთანდილ სიხარულიძე დანით დაჭრეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პროკურატურამ ამ საქმეზე ბრალი გარდაცვლილის თანასოფლელს, შოთა სიხარულიძეს წაუყენა. ყოფილი ბრალდებულის ადვოკატების მტკიცებით, შოთა სიხარულიძე უდანაშაულოა, რადგან იგი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და ისიც დაჭრეს. პროკურატურის მტკიცებით კი, საქმე აუცილებელ მოგერიებასთან არ გვაქვს და ბრალდებულისთვის ავთანდილ სიხარულიძეს დანა არ დაურტყამს.

„ოქროს მოწმე“ კიდევ ერთი თანასოფლელია – ამ შემთხვევის ერთადერთი თვითმხილველი.

„…მან უთხრა მსაჯულებს პროცესზე, რომ შემთხვევის ადგილიდან, სადაც ისინი ერთად იყვნენ, ბრალდებული პირველი წავიდა იქიდან, განერიდა იქაურობასო. თუ მას მკვლელობის განზრახვა ჰქონდა, რატომ განერიდა? დაზარალებულმა დაუძახა [ბრალდებულს] დამელოდეო და უკან გამოედევნა, შემდეგ გავიგონე ხმა და მივედი, დავინახე, ერთმანეთს უქნევდნენ დანებს, ბრალდებული თავს იცავდაო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ზაზა პაპიძე. ის სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებულის ინტერესებს იცავდა.

ადვოკატის მტკიცებით, სასამართლო განხილვამდე საგამოძიებო ორგანოში მოწმე იძულების ქვეშ გამოჰკითხეს და დააშინეს, ამიტომაც იგივე მოწმემ სხვა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და პრაქტიკულად ის ვერსია დაადასტურა, რაც პროკურატურას აქვს.

ადვოკატები ადასტურებენ კანონის მოთხოვნას, რომ მოწმემ სიმართლე უნდა ილაპარაკოს, მათ შორის, როცა მას გამომძიებელი საგამოძიებო ორგანოში გამოჰკითხავს, მაგრამ კანონით, ჩვენების ძალა მხოლოდ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას აქვს.

„ჩვენების სიმართლე დგინდება სასამართლოში. თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა და დადგინდებოდა ის, რომ მოწმემ სიცრუე ილაპარაკა, მაშინ შეიძლება წარედგინათ ბრალი. მოწმემ მისცა ჩვენება სასამართლო პროცესზე და მაშინვე დააკავეს. როგორ დაადგინა პროკურატურამ, რომ ეს სიცრუე იყო, როცა გამამართლებელი განაჩენი დადგა?“ – კითხულობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

„მას აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდეს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, გირაო 7 ათასი ლარია,“ – გვითხრა ადვოკატმა ლიკა გოგაძემ. იგი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულ „ოქროს მოწმეს“ იცავდა. ადვოკატი სხვა დეტალების შესახებ ჯერ ვერ გვიყვება, რადგან ბრალდებულს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვინ დაიცავს მას შემდეგ ეტაპზე.

მკვლელობის საქმის „ოქროს მოწმეს“ გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა შეუფარდა. ბრალდებულს საპატიმრო დაწესებულება ჯერ არ დაუტოვებია.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით მოწმის ჩვენება ამგვარადაა განმარტებული:

„მოწმის ჩვენება – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“ – ამ სამართლებრივ ნორმაზე მიუთითებს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ჩვენებად სასამართლოსთვის მიცემულ ინფორმაციას მიიჩნევს.

არჩილ ჩოფიკაშვილს ვკითხეთ: რას ნიშნავს, როცა საქმეზე გამამართლებელი ვერდიქტი არსებობს, ე.წ. ოქროს მოწმეს კი, ვის ჩვენებასაც მეტწილად მსაჯულები დაეყრდნენ, პროკურატურა აკავებს?

„განაჩენი უნდა დაეყრდნოს იმ ინფორმაციას, რაც სასამართლო სხდომაზე იქნა გაჟღერებული, თუმცა ჩვენმა საპროცესო კოდექსმა იმდენჯერ განიცადა ცვლილებები, იმდენი რეფორმა და ქარტეხილი გადაიტანა, რომ არსებობს ბევრი წინააღმდეგობა. ბევრი ისეთი იურიდიული საკითხია, რომელიც ორმაგი, ან სამმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა,“ – ამბობს სისხლის სამართლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი, – „იმ ქვეყნებში, სადაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტია, არანაირი ღირებულება არ აქვს გამომძიებელთან შედგენილ გამოკითხვის ოქმს. საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, გამოძიების ეტაპზე შედგენილი გამოკითხვის ოქმი იყო ჩვეულებრივი მტკიცებულება, იგი არაფრით განსხვავდებოდა სასამართლო სხდომაზე ნათქვამი ინფორმაციისგან. ამას ჰქონდა მატერიალურ სისხლის სამართალში შესაბამისი უზრუნველყოფა.

გამომძიებელი და პროკურორი ყოველთვის ცდილობენ, რომ ოქმში ასახონ ის ინფორმაცია, რაც ბრალდების მხარისთვის სასიკეთოა, მათ შორის, მოწმის იძულების გზითაც. ეუბნებიან მოწმეს, მაგალითად, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაგიჭერთ, აშინებენ. დამერწმუნეთ, ადამიანების 95% ვერ უძლებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, თუ საჭიროა, ფიზიკურსაც, რასაც იყენებს პოლიცია.

დასაჯო იმის გამო ადამიანი, რომ გამოკითხვის ოქმში სხვა რამ თქვა და სასამართლო ეტაპზე – სხვა, ეს პირდაპირ ხელს უშლის მართლმსაჯულებას. ჩვენება უნდა იყოს მხოლოდ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია: გამოძიებაში გამოკითხვას ატარებს მხოლოდ ბრალდების მხარეს. მოწმის დაკითხვა შეუძლებელია სრულყოფილი იყოს, თუ მეორე მხარეს არ აქვს შეკითხვების დასმის შესაძლებლობა.

ამგვარი პრაქტიკის შემთხვევაში, ნებისმიერ საქმეზე დაიჭერს პროკურატურა მოწმეს ცრუ ჩვენების ბრალდებით, თუ ის ზუსტად იმავეს არ გაიმეორებს სასამართლოში, რაც გამოკითხვის ოქმში დაფიქსირდა,“ – განმარტავს არჩილ ჩოფიკაშვილი და ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რამდენად იზრდება გამოძიების ეტაპზე მოწმეზე ზემოქმედების რისკი, როცა მას მთელი დღე საგამოძიებო ორგანოში აყოვნებენ, ბოლოს კი, ამბობს, ჯანდაბას, რაც არის, იმას მოვაწერ ხელსო.

რამდენად მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში ის, რომ მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს? – ესეც ვკითხეთ იურისტს.

„მოსამართლე რომ ყოფილიყო, გაცილებით ნაკლები შანსი იარსებებდა იმის, რომ პროცესზე რა ინფორმაციაც გაჟღერდა, იმის მიხედვით მიეღო განაჩენი. მე მქონია რამდენიმე შემთხვევა, როცა მოსამართლეს უთქვამს, მაინც გამოკითხვის ოქმს ვუჯერებო.

პროფესიონალი მოსამართლე გაცილებით საშიშია, ვიდრე ნაფიცი მსაჯულები. პლუსი ისაა, რომ მათზეც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ, მაგრამ ისინი არსობრივად არიან დამოუკიდებლები, იმათ გულით თუ არ დაიჯერეს რაღაც, ისე არ გადაწყვეტენ საკითხს, ღამე აღარ დაეძინება, ჩვეულებრივი ადამიანი რატომ აიტკივებს თავს, თუ ვერ დააჯერა მას პროკურორმა ობიექტურად, რომ მისი ვერსია სიმართლეა,“ – უთხრა არჩილ ჩოფიკაშვილმა „ბათუმელებს“.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მკვლელობაში ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულები მოითხოვა და მისი საქმე მსაჯულებმა განიხილეს. ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად არიდებს საქმე ნაფიც მსაჯულებს, რომ გამამართლებელი განაჩენი რისკი შეამციროს.

მაგალითად, მკვლელობაში ბრალდებულს გიორგი სულხანიშვილსაც რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები აურჩევია, მაგრამ მსაჯულების შერჩევის ეტაპზე პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და ბრალდებულს მკვლელობის ნაცვლად, ამჯერად მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინეს ბრალი, ამ მუხლით საქმეს კი მსაჯულები ვეღარ განიხილავენ.

ნაფიც მსაჯულებს ითხოვდა ზურაბ საღინაძეც, რომელიც „ბათუმში 16 წლის ლუკას ზღვაში დაღუპვის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დამნაშავედ ცნო. ზურაბ საღინაძეც მკვლელობის მცდელობის მუხლით გასამართლდა. მან სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა სარჩელი საკონსტიტუციოში ჯერ არ განუხილავთ. საკონსტიტუციო სარჩელში ხაზგასმულია, რომ არასრულწლოვანის გარდაცვალების მიუხედავად, პროკურატურამ მას ბრალი მაინც დაუსრულებელი დანაშაულისთვის წარუდგინა, რომ ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულებისთვის ვერ მიემართა.

ქობულეთში პოლიციელი დანით დაჭრეს – ის ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე იყო გამოძახებული

ქობულეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დანით დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 25 ივნისს მოხდა.

„ბათუმელებს“ ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქემ უთხრა, რომ პოლიციელი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს დაჭრეს დანით, როცა განქორწინებული კაცი ყოფილ ცოლთან მივიდა და პოლიციას გამოუძახეს.

პოლიციელი მძიმედ დაჭრილი არ არის, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში შემთხვევას ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ თავმდასმხელი უკვე დაკავებულია.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353​1 მუხლის შესაბამისად, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება – ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა

ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო და გადამწყვეტ შეხვედრაში, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა ოთხშაბათს, 26 ივნისს, გელზერკინხენში, „ არენა აუფშალკეზე“ შედგება. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებს საქართველოს ნაკრები ერთხელ, 2008 წელს ამხანაგურ შეხვედრაში ეთამაშა და მაშინ მატჩი პორტუგალიელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ორი ტურის შემდეგ ჯგუფს პორტუგალიის ნაკრები ლიდერობს ორი მოგებით და 6 ქულით. მეორე ადგილზე 3 ქულით თურქეთია. მესამე ადგილს, 1 ქულით და ბურთების უკეთესი შეფარდებით ჩეხეთის ეროვნული ნაკრები იჭერს. ხოლო, ასევე ერთ ქულიანი საქართველო შესაბამისად მე-4 ადგილზეა ჯგუფში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-3 ტურის წინ 1 ქულით F ჯგუფის ბოლო ადგილზეა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს მაინც ინარჩუნებს

ნახეთ რა სცენარები არსებობს იმისა რომ საქართველო ჯგუფიდან გავიდეს :

სცენარები: რა შემთხვევაში გავა საქართველო ჯგუფიდან

  • მოკლედ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შესახებ

პორტუგალიის ეროვნული გუნდი ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. გუნდში თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი თამაშობს. ფიფას რეიტინგში პორტუგალიის ეროვნული გუნდი მე-6 ადგილზეა.

ცნობილი საფეხბურთო საიტის, „ტრასფერმარკტის“ ინფორმაციით, პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნაკრებების რეიტინგში მესამეა და მისი ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 1,05 მილიარდი დოლარია. ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მილანის ფეხბურთელი რაფაელ ლეაუა, რომლის ფასიც იმავე „ტრანსფერმარკტის“ მონაცემებით 90 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ ლეაუ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ორ თამაშში მიღებული ყვითელი ბარათების გამო საქართველოსთან შეხვედრას გამოტოვებს.

მეორე ტურის მატჩის მოგების შემდეგ, რომელიც თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დიდი ანგარიშით 3-0 მოიგო პორტუგალიამ და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა, მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა განაცხადა რომ შემადგენლობას გადაახალისებდა და გუნდში არსებულ სხვა ფეხბურთელებს მისცემდა თავის გამოჩენის შანსს.

CNN Portugal -ის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების ვარჯიშზე ეროვნული გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრი, ნუნო მენდეში მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა – მან დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა. მცირე ტრავმა აქვთ ასევე დიოგოს ჟოტას და გონსალო რამოშს, რომლებსაც კუნთი აქვთ დაჭიმული.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოთარ კიტეიშვილმა ნაკრების შემადგენლობასთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და ხვალ ის ითამაშებს.

პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები EURO 2016-ის გამარჯვებულია.

საქართველოს ნაკრების თამაშს ევროპის ჩემპიონატზე ხვალ, 26 ივნისს, ბათუმში, ღია სივრცეში დამონტაჟებულ მონიტორთან შეგიძლიათ უყუროთ.

მთავარი ფოტო: nakrebi.ge

ბათუმში საქართველოს ნაკრების თამაშს ღია ცისქვეშ ორ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ

ბათუმში საქართველოს ნაკრების თამაშს ღია ცისქვეშ ორ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ

საქართველოს ნაკრების თამაშს ევროპის ჩემპიონატზე ხვალ, 26 ივნისს, ბათუმში, ღია სივრცეში დამონტაჟებულ მონიტორთან, სხვებთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ.

ბათუმის მერიის ცნობით, ლედმონიტორები ბათუმის სტადიონთან [„აჭარაბეთ არენა“] და ანბანის კოშკთანაა მოწყობილი.

26 ივნისს, საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებთან ითამაშებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის ყველა სხვა მატჩის ნახვას აქვე შეძლებთ.

ლედმონიტორები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჩემპიონატის დასრულებამდე მითითებულ ადგილებში დარჩება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-3 ტურის წინ 1 ქულით F ჯგუფის ბოლო ადგილზეა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს მაინც ინარჩუნებს.

ნახეთ რა სცენარები არსებობს იმისა რომ საქართველო ჯგუფიდან გავიდეს:

საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება – ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა

 

საჯარო მოხელეთა ხელფასებში 69 მილიონი ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან

აჭარის ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში 2023 წელს 69 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 13,2 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე 2022 წელს.

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა [სსიპ] და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში [ააიპ] დასაქმებულთა ხელფასებში 2023 წელს:

  • უშუალოდ შრომის ანაზღაურების მუხლით დაიხარჯა 52 235 700 ლარი, რაც 9 921 300 ლარით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს,
  • ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურებაში დაიხარჯა 16 837 800 ლარი, რაც 3 294 500 ლარით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს.

რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აჭარის უმაღლეს საბჭოს რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ „ანგარიშში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შესახებ“.

აღნიშნული ინფორმაციის არარსებობის გამო კი, როგორც აუდიტი აცხადებს, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად შესაბამისად და ადეკვატურად იქნა გაცემული ხელფასები საჯარო უწყებებში.

„მიზანშეწონილია, რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილი იქნეს ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შესახებ, დასაქმების ტიპის მიხედვით, რაც შესაძლებელს გახდის სხვადასხვა ფუნქციის მქონე თანამშრომლების რაოდენობების კანონმდებლობით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობის ანგარიშგებას“ – აცხადებს აუდიტი.

აჭარის ბიუჯეტიდან გაცემული ხელფასები

აჭარის ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში გაცემული თანხები / წყარო: აუდიტი

2 კაპიტანი ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვეს

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, ბათუმში დააჯილდოვეს საზღვაო სფეროსთან დაკავშირებული პირები.

საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ:

  • ლალი ხვედელიძე
  • ანზორ დიასამიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი
  • ილგარ ალი ზადე
  • არჩილ ინასარიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი
  • ალი სარიშვილი, უფროსი მექანიკოსი
  • ანატოლი სიხარულიძე, უფროსი მექანიკოსი
  • სოსლან ჩხაიძე
  • ეკა ბარამიძე

ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ჯილდო გადაეცა შორეული ნაოსნობის ორ ქართველ კაპიტანს.

არქიმანდრიტი ილია კარტოზია ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 2015 წლის 28 დეკემბერს დაიღუპა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, საქართველოს რვა მოქალაქე. ილია კარტოზიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

ილია კარტოზიას ჯილდო გადაეცა შორეული ნაოსნობის კაპიტანს, ვაჟა ჯანგველაძეს.

2024 წლის 20 იანვრის ღამეს ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემს კუნძულ კრეტასთან სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა. ადამიანები შველას ითხოვდნენ. ქართველი კაპიტნის მეთაურობით დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომლის შედეგადაც 34 ადამიანი გადაურჩა ზღვაში დაღუპვას.

ილია კარტოზიას ჯილდო გადაეცა შორეული ნაოსნობის კაპიტანს, ალექსანდრე სურმანიძეს.

2023 წლის 28 აგვისტოს კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ თენგიზ დიასამიძემ ატლანტის ოკეანეში მოდრეიფე ნავზე მყოფი ადამიანები შენიშნა. მიგრანტები მაროკოდან ესპანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, ამინდი გაუარესდა და დინებამ ნავი სხვა მხარეს გაიტაცა. ქართველმა მეზღვაურებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად 10 ადამიანი გადაარჩინეს.

ასევე, დღეს დაასახელეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კეთილი ნების საზღვაო ელჩების ვინაობა. კეთილი ნების ელჩები გახდნენ შორეული ნაოსნობის კაპიტნები: გიორგი ოვჩრენკო და მამუკა კუნჭულია.

დაჯილდოებულთა ფოტოები:

 

საქართველოში 18 ათასი მეზღვაურია – ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

საქართველოში 18 ათასზე მეტი მეზღვაურია – ეს რიცხვი დასახელდა დღეს, ბათუმში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებიან. აქვე ითქვა, რომ ქართველ მეზღვაურებს 74 საზღვაო დროშის ქვეშ შეუძლიათ დასაქმება და ეს რიცხვი იზრდება.

დღეს სააგენტო დააჯილდოებს საზღვაო სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც  საზღვაო დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) 25 ივნისი მეზღვაურთა დღედ 2011 წელს გამოაცხადა.

ბათუმში მეზღვაურთა დღეს აღნიშნავენ / 25.06.2024

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 536 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
  • ტანკი – 8 035 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 15 431 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 14 281 ერთეული [+35]
  • MLRS – 1 108 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 863 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 413 ერთეული [+31]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 324 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 362 ერთეული [+58]
  • სპეცტექნიკა – 2 403 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 566 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 533 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 423 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 348 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 856 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 924 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკში ორი „ისკანდერი“ გაისროლა – 4 ადამიანი დაიღუპა, ათობით – დაიჭრა

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ცესკოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა საარჩევნო გარემოს შესახებ იმსჯელეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. შეხვედრა სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან და მის წარმომადგენლებთან დღეს გამართა.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, ხაზი გაუსვა ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

„ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, თითქოს საარჩევნო ადმინისტრატორებზე ზეწოლა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ როდესაც ჯანსაღი საარჩევნო გარემო თავის მხრივ მშვიდ და თავისუფალ გარემოში საქმიანობის წარმართვაში მდგომარეობს. განვიხილეთ ყველა ის შემთხვევა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ განვლილი პერიოდის განმავლობაში გამოავლინა. ვიმსჯელეთ იმ საკომუნიკაციო არხის ფორმირებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ასეთი შემთხვევების პრევენციას, მეორე მხრივ კი კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებას ჩვენ-ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. უნდა აღინიშნოს, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევა, ამაზე საუბარია არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში, მათ შორის საერთაშორისო აიდეას დოკუმენტში, (International Idea) სადაც აღნიშნულია რომ 53 გამოკითხული ქვეყნიდან 92 %-ის შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციები იყვნენ მსხვერპლი ცილისწამების, სიძულვილის ენის, ზეწოლის, ცრუ და დეზინფორმაციული საინფორმაციო კამპანიების. ჩვენ გვმართებს შევქმნათ გარკვეული მინიმალური გარანტიები თანამშრომლებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათ საქმიანობას თავისუფალ და მშვიდ გარემოში, მაღალ პროფესიულ დონეზე“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მოახლოვდა არჩევნები და არჩევნების პერიოდში – როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს და შემდგომ, მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის აპარატს კოორდინაცია ჰქონდეს ცესკოსთან, რადგან იმ სავარაუდო დარღვევებზე, რაც შეიძლება წარმოიშვას, ჩვენ გვქონდეს დროული რეაგირების შესაძლებლობა, მივიღოთ დროული ინფორმაცია. შევთანხმდით ასეთი საკომუნიკაციო არხის შექმნაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმ ახალ ტექნოლოგიებზე, რომლის გამოყენებითაც ჩატარდება არჩევნები და ამ მიმართულებითაც ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, რამდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით ყველას ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ უნდა მისცეს ხმა“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას, ასევე, დაესწრნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნოდარ მელაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძე, წარმომადგენლები ლიკა წიკლაური და ნინო ათაბეგაშვილი.

პარაშუტით აფრენა 100-150 ლარი ღირს – რა დაგიჯდებათ წელს პლაჟზე დასვენება ბათუმში

„გასული წლის ივნისში სიცივე იყო ამ დროს და ამაზე მეტი ხალხი გვყავდა, წელს ნაკლებია ხალხი, ფასები იგივეა“ – ამბობს კახა, რომელიც ბათუმის სანაპიროზე წელსაც შეზლონგებს აქირავებს.

ზაფხული მოვიდა და პლაჟზე იჯარით მოსარგებლეებმა ისევ ჩაამწკრივეს შეზლონგები. წელსაც რთულია შეზლონგებს აუარო გვერდი და კომფორტულად წამოწვე სანაპიროზე.

იახტკლუბშიც მზად არიან ტურისტების მისაღებად. ბათუმის ბულვარს თუ დაუყვებით იახტკლუბისკენ, შეგაჩერებენ და, მაგალითად, პარაშუტით აფრენასაც შემოგთავაზებენ 150 ლარად.

ბათუმის პლაჟი დღეს, 24 ივნისს
დამსვენებლების დიდი ნაწილი ზღვასთან ახლოს ყოფნას ამჯობინებს შეზლონგით, ან მის გარეშე

შეზლონგის ფასები არ გაზრდილა – მთელი დღით აიღებ, თუ ერთი საათით, ფასი მაინც 5 ლარიაო – გვიხსნის კახა და ხელით გვანიშნებს მოპირდაპირე მხარეს ჩამწკრივებულ, ე.წ. ბადეებიან შეზლონგებზე, ის შეზლონგები 10-10 ლარად ქირავდებაო.

5 ლარი ღირს ქოლგაც.

შეზლონგის გამქირავებლები ადასტურებენ იჯარით პლაჟის გაცემის წესებს – ზღვასთან ახლოს და პლაჟზე თავისუფლად უნდა შეძლოს მოთავსება დამსვენებელმა ისე, რომ შეზლონგებმა არ ხელი შეუშალოს.

„ასეცაა, ვიცავთ წესებს, მაგრამ ზოგიერთი რომ აიღებს შეზლონგს, მერე ზღვასთან ახლოს ჩააქვს, ვერ ეტყვი რამეს,“ – ამატებს შეზლონგის კიდევ ერთი გამქირავებელი.

იჯარით კონკრეტულ პირებზე გადაცემული პლაჟის ნაკვეთებისგან განსხვავებით, შეზლონგი და ქოლგაც ბევრად ძვირი დაგიჯდებათ ძვირადღირებული სასტუმროების ფასიან პლაჟზე.

ერთი საათით საპის დაქირავება 30 ლარია. თუ ცოტას დროს გადააშორებთ, არა უშავსო – გვიხსნის გამქირავებელი.

იახტკლუბშიც გვითხრეს, რომ მომსახურება არ გაძვირებულა, თუმცა „ბათუმელები“ 2023 წლის ზაფხულში წერდა, რომ, მაგალითად, კატერით ბათუმის ზღვის სანაპიროზე ნახევარი საათით გასეირნება 100-150 ლარი დაგიჯდებოდათ.

„200 ლარი ნახევარი საათი,“ – მოკლედ მოგვიჭრეს წელს კატერის გამქირავებლებმა. სკუტერით ბათუმის ზღვაში სულ რაღაც 10 წუთით გასვლა კი 100 ლარი დაგიჯდებათ.

იახტკლუბი
ამ ზაფხულს პარაშუტით სარგებლობა არ გაძვირებულა: „150 ლარია ერთი აფრენა, დაახლოებით 10 წუთი გამოდის, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი 100 ლარია. გასულ წელსაც ეს ფასი გვქონდა,“ – გვითხრეს პარაშუტის გამქირავებლებმა
მომხმარებლების ნაკლებობას ელექტრო მოპედის მფლობელები არ უჩივიან. ელექტრომოპედით ბათუმის ბულვარში სეირნობა საათი 40 ლარია.
ყველაზე იაფი ველოსიპედია დაქირავებაა – საათი 15 ლარი. ანბანის კოშკთან შესაძლებელია ელექტრონული ველოსიპედის დაქირავებაც 30 ლარად.

გაძვირდება თუ არა პლაჟის ინფრასტრუქტურის ეს ფასები ივლისსა და აგვისტოში, როცა ზღვაზე ყველაზე მეტი დამსვენებელია? – „ასე თუ გაგრძელდება, შეიძლება, დაკლება მოგვიწიოს, ნაკლებია ხალხი,“ – წუხან ბათუმის სანაპიროზე.

ქედაში ტრაილერი მსუბუქ მანქანას შეეჯახა – არის მსხვერპლი

ბათუმი- ახალციხის მაგისტრალზე, კერძოდ ქედის გზის მონაკვეთში ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

რა გახდა ავარიის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

კაზინოებიდან 8,5 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში – I კვარტალი

ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში პირველ კვარტალში სათამაშო ბიზნესიდან 16,6 მილიონი ლარი შევიდა. აქედან 8,5 მილიონი ლარი უშუალოდ კლუბისა და კაზინოს [სამორინეს] მაგიდიდან.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ბათუმში [2024 წლის 24 ივნისის მდგომარეობით] 15 კაზინო მუშაობს. აქედან 2 კაზინოზე ნებართვა 2024 წლის აპრილშია გაცემული, ერთზე კი – ამავე წლის თებერვალში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 2024 წლის პირველ კვარტალში [იანვარი-აპრილი] ჯამში 16 668 000 ლარი შეადგინა, რაც, მერიის განმარტებით, კვარტალური გეგმის 128,2 პროცენტია.

აქედან:

  • სათამაშო აპარატებიდან – 7 623 500 ლარი
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან – 300 000 ლარი
  • წამახალისებელი გათამაშებიდან – 153 100 ლარი
  • სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი [კლუბის მაგიდიდან და სამორინეს მაგიდიდან] – 8 591 400ლარი

ზოგადად შემოსულობების ნაწილში ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტი პირველ კვარტალში 82 პროცენტით შესრულდა.

„შემოსულობებიდან გადასახადების სახით მიღებულ შემოსავლებზე მოდის 15 155 400 ლარი; გრანტებისა და ფინანსური დახმარების სახით მიღებულ შემოსავლებზე – 13 315 400 ლარი; სხვა [არასაგადასახადო] შემოსავლებზე – 24 022 900 ლარი და არაფინანსური აქტივების კლებაზე [ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებულ შემოსულობაზე] – 620 200 ლარი“ – აღნიშნულია მერიის დოკუმენტში.

მერიის ინფორმაციითვე სანქციების [ჯარიმები და საურავები] სახით ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტში პირველ კვარტალში მობილიზებულია 3 360 800 ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის [1 900 000 ლარის] 176.9 პროცენტია.

გასულ, 2023 წელს კი, ქალაქის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 62 070 200 ლარი შევიდა. მათ შორის:

  • სათამაშო აპარატებიდან – 29 968 300 ლარი;
  • წამახალისებელი გათამაშებიდან – 439 200 ლარი;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან – 300 000 ლარი;
  • სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი [კლუბის მაგიდიდან და სამორინეს მაგიდიდან] – 31 362 600 ლარი

 

გერმანიის მატარებლებში ლუდის და ძეხვეულის გაყიდვები გაიზარდა ჩემპიონატის ფონზე – მედია

გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატმა ფეხბურთში მატარებლის ბილეთების და ასევე, ადგილობრივ მატარებლებში ლუდის გაყიდვების ზრდა გამოიწვია – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს Deutsche Bahn-ზე [გერმანიის სატრანსპორტო ჯგუფი] დაყრდნობით.

14-დან 19 ივნისამდე, Deutsche Bahn-ის მატარებლებში გაიყიდა 44,558 ლიტრი ლუდი – დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ იყიდება ექვს დღეში. გაიზარდა მოთხოვნა საჭმელსა და გამაგრილებელ სასმელებზეც. ამავე პერიოდში ტრადიციული გერმანული ძეხვეული ჩვეულებრივზე 63 პროცენტით მეტი გაიყიდა.

Deutsche Bahn-ი ასევე აცხადებს, რომ გერმანიაში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ექვს დღეში ჩქაროსნულმა მატარებლებმა გადაიყვანა 3 მილიონზე მეტი მგზავრი, მათ შორის ასობით ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი. მატჩის დღეებში კომპანია დამატებით რეისებს სთავაზობს მგზავრებს.

ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესობა, Deutsche Bahn-ის მიხედვით, ბერლინში ჩადის. ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილზე არიან მაინის ფრანკფურტი და მიუნხენი.

Deutsche Bahn-ის მომსახურებით სარგებლობენ არა მხოლოდ გულშემატკივრები, არამედ ჩემპიონატში მონაწილე ზოგიერთი გუნდიც. DB-ის ცნობით, შვეიცარიისა და რუმინეთის გუნდებმა უკვე არაერთხელ იმოგზაურეს ქალაქიდან ქალაქში მატარებლებით.

ამავე დროს, გერმანული მედია წერს, რომ Deutsche Bahn-მა ვერ მოაგვარა დაგვიანებული მატარებლების პრობლემა და ფეხბურთის გულშემატკივრები აღშფოთებულნი არიან გერმანული მატარებლების არაპუნქტუალურობით, რის გამოც ისინი ან მნიშვნელოვნად აგვიანებენ მატჩებზე, ან საერთოდ ტოვებენ თამაშებს.

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების თანახმად, შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

„კვლევებისას ისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის: 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს“ – ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს.

როგორ დახვრიტეს ძმები ჭედიები – სტალინური რეპრესიები

„ჩემს ბავშვობაში, როცა სკოლაში დავდიოდი, სკოლის ეზოში ბავშვებს გვავარჯიშებდნენ ხოლმე. მესამე კლასში ვიყავი ალბათ. ვარჯიშის დროს ბავშვების უკან ორი მასწავლებელი იდგა. ერთმა ჩემზე ანიშნა მეორეს და ჰკითხა – ეს ვერა გოგოლაძის შვილი არისო? კიო. მე გამიხარდა ეს რომ გავიგონე. და უცებ მასწავლებელი აგრძელებს – მაგათი მამა იყო, სამშობლოს ღალატის მუხლით რომ დახვრიტესო.

სახლში როგორც კი მივედი, ეს ამბავი მოვყევი. დედაჩემი კინაღამ მოკვდა. დაჯდა და შემეხვეწა – აღარასოდეს არ ახსენო ბაბუა და არც არავის არაფერი არ კითხოო,“ – ასე იხსენებს მრავალი წლის შემდეგ ქეთევან გოგოლაძე იმ დღეს, როცა პირველად შეეჯახა სტალინური რეპრესიების სისასტიკეს.

მოგვიანებით, როცა გაიზარდა და საკუთარი ოჯახის ისტორიის კვლევა დაიწყო, გაიგო, რომ მისი ბაბუა, ვიქტორ ჭედია, 1938 წლის 6 მაისს დახვრიტეს სტალინის მიერ ხელმოწერილი სიით. სტალინურ რეპრესიებს შეეწირა ბაბუას ძმა, ტარას ჭედიაც. შინსახკომის სამეულმა ძმებს დახვრეტის განაჩენი ბრალის დადასტურების და სასამართლოს გარეშე გამოუტანა.

ორივე მათგანი გაამართლეს სტალინის სიკვდილის შემდეგ. ოჯახს ცნობები გაუგზავნეს, რომ ძმები ჭედიები რეაბილიტირებულები არიან ბრალის დაუდასტურებლობის გამო.

  • ტარას ჭედიას დახვრეტის ამბავი

ტარას ჭედიას ახლობლები „ტელმაკს“ ეძახდნენ. ის 1896 წელს დაიბადა ლანჩხუთში. ტარასი სამხედრო პირი იყო. 19 წლის იყო, როცა ჯარში გაიწვიეს, ჯერ ბათუმში, შემდეგ კი – განჯაში, იქიდან სპარსეთის ფრონტზე გააგზავნეს, სადაც დაიჭრა.

1918 წელს ტარას ჭედია იბრძოდა ოსმალების წინააღმდეგ. ბრძოლისას დაიჭრა. როგორც ოჯახმა საარქივო ცნობებით მოიძია, 1920 წლამდე თურმე ქუთაისის სამხედრო საავადმყოფოში მკურნალობდა. 1920 წელს ის ისევ ფრონტზე გაგზავნეს, ამჯერად დენიკინის წინააღმდეგ საბრძოლველად. როცა ფრონტიდან დაბრუნდა, თადარიგში გასულა და მუშაობა ბათუმის ნავსადგურში დაუწყია დაცვის უფროსად. 1937 წლამდე სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, როგორც ომის პენსიონერი.

„მაქვს 1937 წლის 2 ნოემბრის ოქმი. ეს ოქმი გვაუწყებს, რომ ტარას ჭედია დააპატიმრეს. ბრალის მიხედვით „მონაწილეობდა კონტრრევოლუციურ მოძრაობაში. წერია, რომ თითქოს ის ამზადებდა შეიარაღებულ თავდასხმას და იყო არალეგალური პარტიების წევრი. ოქმშივე წერია, რომ ბრალდებული უარყოფდა ყველა ბრალდებას. ასევე საბუთებში ჩანს, რომ ვინმე ერმალო ჩახვაძე დებს ბრალს და იქვე, მისი თანდასწრებით უდგება პირში,“ – გვიყვება ქეთევან გოგოლაძე.

მიუხედავად ბრალდებისა და ბრალმდებლებისა, ტარას ჭედიას არ უღიარებია ის, რაშიც ბრალს დებდნენ. დახვრეტის განაჩენი მას გამოუტანა ე.წ. სამეულმა.

ტარას ჭედიას დაპატიმრების მერე მეუღლე და სამი შვილი დარჩა. როგორც ქეთევან გოგოლაძე იხსენებს, ჭედიების ოჯახი სასტიკი სიღარიბის წინაშე მარტო აღმოჩნდა, თუმცა იმდენი შეძლეს, რომ ყველამ კარგი განათლება მიიღო.

სტალინის სიკვდილის შემდეგ ტარას ჭედია რეაბილიტირებულად ცნეს.

ტარას ჭედია
  • ვიქტორ ჭედიას დახვრეტის ამბავი

ბაბუის ამბის მოყოლამდე ქეთევან გოგოლაძე მისი რეაბილიტაციის ცნობას კითხულობს და ამბობს, რომ 1956 წლამდე, სანამ რეაბილიტაციის შესახებ გახდებოდა ცნობილი, მისმა ოჯახმა მძიმე დღეები გამოიარა.

ქეთევანს უფროსი დები ჰყავდა, რომლებიც თავიდან ყველანაირად ცდილობდნენ უმცროსი დისთვის დაემალათ ბაბუას ამბავი. „ეშინოდათ, ბავშვს სადმე რამე არ მეთქვაო“, – იხსენებს ქეთევან გოგოლაძე.

როცა წამოიზარდა, მრავალი საათი გაატარა არქივებში და იპოვა თითქმის ყველა შემორჩენილი დოკუმენტი, რომელიც ბაბუას ეხებოდა.

„გულახდილად რომ გითხრათ, მე ვეძებდი რამდენი ხანი იყო ცოცხალი, იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ გვეუბნებოდნენ გადაჭრით ამ თარიღს. ზოგი მეკითხება: რაო, არ იცოდნენ სახლიდან როდის წაიყვანესო?

საქმე იმაში იყო, რომ ასეთი წაყვანა მას ჰქონდა 1922-24 წლებშიც. მაშინ ეგონათ, რომ შეთქმულებაში მონაწილეობდა, მაგრამ იმის გამო, რომ არაფერში არ ერია, გაათავისუფლეს.

ამიტომ, ბათუმის ქალაქის სათათბიროში წარმოებული ოქმებით ვცდილობდით დადგენას, როდემდე იყო ბაბუა თანამდებობაზე,“ – გვიხსნის ქეთევან გოგოლაძე.

პირველი დოკუმენტი, რომელიც მან იპოვა, 1916 წლით თარიღდება.

„ეს არის ბათუმის გენერალ გუბერნატორისა და ქალაქის თავის, ე.მ. კრინიცკის მიერ 1916 წლის 16 ნოემბერს მოწვეული საგანგებო თათბირის ოქმები. კრებაზე განიხილებოდა ბათუმი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის გეგმა.

ამ რკინიგზის მშენებლობის საფუძვლის მოსამზადებლად ვიქტორ ჭედიას ევალებოდა თურქეთის შესაბამისი ინსტანციების წარმომადგენლებთან საქმიანი კონტაქტი. დედა და ბებია მიყვებოდა, რომ ბაბუა იმ პერიოდში ხშირად დადიოდა ტრაბზონში ამის გამო,“ – ამბობს ქეთევან გოგოლაძე.

ვიქტორ ჭედია

ვიქტორ ჭედიას შვილიშვილის თქმით, მის ბაბუას ახლო ურთიერთობა ჰქონდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან, ნოე ჟორდანიასთან და ნოე რამიშვილთან.

„ბებიაჩემი, ლიდა კალანდაძე მიყვებოდა, რომ სანამ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში წავიდოდა, ნოე ჟორდანიამ ურჩია ვიქტორს ემიგრაციაში წასვლა. ვიქტორს და ლიდას 7 შვილი ჰყავდათ, აქედან 4 შვილი იმ დროს უკვე დაოჯახებული იყო. ბაბუას შეეშინდა რეპრესიები არ დაეწყოთ მისი შვილების წინააღმდეგ, ამიტომ უარი თქვა საქართველოს დატოვებაზე და დარჩა,“ – ამბობს ქეთევან გოგოლაძე.

ვიქტორ ჭედია ხმოსანი იყო – ბათუმის ქალაქის საბჭოში ხმის უფლებით სარგებლობდა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ქეთევან გოგოლაძემ არქივში იპოვა.

„ვიპოვე 1931 წლის 8 სექტემბრის ქალაქის საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის ოქმი, პრეზიდიუმის წევრი იყო ჭედია. მოხსენიებულია დოკუმენტში.

მაგალითად, 1933 წლის 28 დეკემბრის ოქმში ჩანს, რომ ბაბუა, ვიქტორ ჭედია დანიშნულია ქალაქის კეთილმოწყობის სამმართველოს სამსახურის უფროსად.

1935 წელს ბათუმის საქალაქო დეპუტატების კანდიდატების სიაა და 280-ე ნომრადაა ამ სიაში ჭედია.

არქივში ამიხსნეს, რომ დოკუმენტების დიდი ნაწილი გატანილი იყო. ეს დოკუმენტები, რომელიც მე მოვიპოვე, რაღაცნაირად შემორჩა.

ვიპოვე 1937 წლის 21 ივლისის ბათუმის საქალაქო სხდომის ოქმი. ამ ოქმის მიხედვით, გაათავისუფლეს ვიქტორ ჭედია ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან.

1937 წლის 27 ოქტომბრის ოქმიც გახდა ჩემთვის ხელმისაწვდომი. იქ უკვე ჭედიას სახელი აღარ ფიგურირებს. თან მარტო ბაბუა კი არ გაქრა ამ ოქმებიდან, არამედ ქალაქის საბჭოში მომუშავე სხვა ადამიანებიც,“ – ამბობს ქეთევან გოგოლაძე.

ძმები ჭედიების დახვრეტის ამბავი - ქეთევან გოგოლაძის მონათხრობი

  • ოფიციალური ბრალი

„მოვიპოვე დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილია ყველა ის ბრალდება, რომელიც ბაბუას წაუყენა საბჭოთა ხელისუფლებამ.

კერძოდ, ბრალად დასდეს, რომ იყო „აჭარის არალეგალური მენშევიკური ორგანიზაციის კონტრრევოლუციური ცენტრის რეზერვის წევრი, იღებდა მონაწილეობას მითითებული ცენტრის სხდომებზე, გეგმავდა საბჭოთა ხელისუფლებასთან ბრძოლის გეგმას. ცდილობდა დაემყარებინა კავშირი საქართველოს მენშევიკურ ცენტრთან, აჭარაში კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ჩავარდნის შემდეგ. დანაშაული ითვალისწინებს შემდეგ მუხლებს – 58-10 და 58-11. დაადგინეს – ვიქტორ იაგორის ძე ჭედია დაიხვრიტოს, მოხდეს მისი კუთვნილი ქონების კონფისკაცია.

თავმჯდომარე, გოგლიძე, წევრები – ტალახაძე, წერეთელი. სამეულის მდივანი მოროზოვი. განაჩენი მოყვანილია სისრულეში 1938 წლის 6 მაისს,“ – გვიკითხავს ვიქტორ ჭედიას ოფიციალურ ბრალს ქეთევან გოგოლაძე.

იგი ბრალდების ფურცლის გვერდით ინახავს დოკუმენტებში ვიქტორ ჭედიას რეაბილიტაციის ცნობას.

„აჭარის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმმა გადასინჯა საქმე ვიქტორ იაგორის ძე ჭედიას ბრალდებაზე. 1956 წლის 27 მარტის დადგენილებით, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულის 1938 წლის 28 აპრილის დადგენილება ვიქტორ ჭედიას მიმართ გაუქმდა და საქმე წარმოებით მოისპო ბრალდების დაუდასტურებლობის გამო.

ვიქტორ იაგორის ძე ჭედია მთლიანად რეაბილიტირებულია,“ – წერია რეაბილიტაციის ცნობაში.

„ვერ ვიტყვი, რომ ყველა კადრულობდა რამე შეურაცხყოფა მოეყენებინათ ოჯახისთვის. მაგრამ ხომ იცით, მაინც არის ისეთი ადამიანი, რომელიც ირთობს ამაზე თავს. ამ ერთი ქაღალდით რეაბილიტაცია არამარტო ბაბუაჩემმა, არამედ მთელმა სანათესავომ მიიღო. ორივე შემთხვევაში, ბაბუას ძმა, ტარასიც რეაბილიტირებულია. ისინი არ იყვნენ დამნაშავეები, პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მათი სამშობლო, საქართველო ყოფილიყო უკეთესი,“ – ამბობს ქეთევან გოგოლაძე.

ვიქტორ ჭედიას ბრალდების და რეაბილიტაციის ცნობების ასლი

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა გარდაცვალების ცნობა მიიღო, სიკვდილამდე არ სჯეროდა ვიქტორის მეუღლეს, რომ მისი ქმარი დახვრიტეს.

„ისე გარდაიცვალა ბებია, ძალიან ხანდაზმული, სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ვიქტორი სადღაც არის გადასახლებული. ვერ იმეტებდა რომ [დახვრეტილი იყო]… არც ლაპარაკობდა ამაზე,“ – იხსენებს ქეთევან გოგოლაძე.

  • სტალინის შესახებ

ვიქტორ ჭედიას განაჩენი კი შინსახკომის სამეულმა გამოუტანა, მაგრამ ისინი სტალინის მითითებით მოქმედებდნენ.

1937 წელს, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირში რეპრესიები დაიწყო, სტალინი პერიოდულად აწერდა ხოლმე ხელს სიებს, რომელი სიებიც საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში იგზავნებოდა და შინსახკომის სამეულები ამ სიების საფუძველზე ხვრეტდა ხალხს.

სიას, რომელშიც ვიქტორ ჭედიას სახელი მოხვდა, 1938 წელის 19 აპრილს მოაწერა სტალინმა ხელი. ხელმოწერიდან მალევე, 6 მაისს, ვიქტორ ჭედია დახვრიტეს.

„ბაბუაჩემი რომ იყო, მე ის მტკივა, მაგრამ ნახეთ ვის კლავდა. ბაბუაჩემი, ბაბუა იყო და იმიტომ მტკივა მე, მაგრამ ჟენია მიქელაძეს რომ კლავ და მიხეილ ჯავახიშვილს, როგორ კლავ?!

ხშირად ისმება შეკითხვა, როგორი კაცი იყო სტალინი. ის იყო ძალიან ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ იყო თუ არა კეთილშობილი?

მსოფლიოს უნიჭიერესმა ხალხმა აღიარა, რომ იმას, რასაც საბჭოთა ქვეყანას უწოდებდნენ და საბჭოთა კავშირს, იყო ბოროტების იმპერია, რომელმაც მილიონობით ადამიანი გაანადგურა – ზოგი შიმშილით, ზოგი წამებით, ზოგი დახვრეტით.

როდესაც ბოროტების იმპერია იქმნება, შეიძლება ბოროტების იმპერიას კეთილშობილი ადამიანი მართავდეს?

იყო კეთილშობილი ლენინი?

იყო სტალინი კეთილშობილი?

დღევანდელ დღეს, იმით აღფრთოვანება, რომ სტალინმა ომი მოიგო… სტალინმა არ მოიგო. ომი მოიგო დამხმარე ანტანტამ, რომლებიც იყვნენ ევროპა და ამერიკა. ესენი რომ არ ჩართულიყვნენ ამ ომში, სტალინი გაწყვეტდა, დაჟლეტდა მთელ საბჭოთა კავშირს ბოლომდე, რასაც დღეს აკეთებს პუტინი. რა გააჩერებდა? რატომ გაჩერდებოდა?!”- სვამს კითხვას ქეთევან გოგოლაძე.

რუსეთმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკში ორი „ისკანდერი“ გაისროლა – 4 ადამიანი დაიღუპა, ათობით – დაიჭრა

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 34 დაიჭრა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკიზე რუსეთის თავდასხმის შედეგად.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქში ორი „ისკანდერ-მ“ რაკეტა გაისროლეს, რის შედეგადაც ერთი კერძო სახლი დაინგრა და 16 შენობა დაზიანდა.

პოკროვსკი მდებარეობს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზთან.

რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი „ტელეგრამზე“ წერს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტრის თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბოლო დროს და მისი საბოლოო შედეგები ჯერ დადგენილი არ არის.

 

 

25 ივნისს გაავდრდება, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – იუწყება სააგენტო და გავრცელებულ ინფორმაციაში აზუსტებს, რომ „საფრთხის დონე საშუალოა“.

ბათუმში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს მკვლელობაში ბრალდებული – ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ბათუმში მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს. გამამართლებელი ვერდიქტი მსაჯულებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს მიიღეს.

საუბარია გურიაში 2023 წლის 28 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე. პროკურატურის ვერსიით,  23 წლის ავთანდილ სიხარულიძე დანით დაჭრეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პროკურატურამ ამ საქმეზე ბრალი გარდაცვლილის თანასოფლელს, შოთა სიხარულიძეს წაუყენა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებოდა.

მსაჯულებმა ბრალდებული ორივე მუხლში უდანაშაულოდ მიიჩნიეს, ის მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ბრალდებულის ადვოკატების მტკიცებით, შოთა სიხარულიძე უდანაშაულოა, რადგან იგი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

„ვიდრე თვითონ დაარტყამდა დანას ავთანდილს, ავთანდილმა მას დანით ორი ჭრილობა მიაყენა. ეს აღნიშნულია დაკავების ოქმშიც, რომ მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა“, – ამბობდა ადვოკატი ზაზა პაპიძე სასამართლო განხილვის ეტაპზე.

ამ ვერსიას პროკურორი გამორიცხავდა. პროკურატურის მტკიცებით, დაზარალებულს ბრალდებული არ დაუჭრია და საქმე აუცილებელ მოგერიებასთან არ გვქონდა.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა არჩია, მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მკვლელობაში ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს ითხოვს. ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად არიდებს საქმე ნაფიც მსაჯულებს, რომ გამამართლებელი განაჩენი რისკი შეამციროს.

მაგალითად, მკვლელობაში ბრალდებულს გიორგი სულხანიშვილსაც რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები აურჩევია, მაგრამ მსაჯულების შერჩევის ეტაპზე პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და ბრალდებულს მკვლელობის ნაცვლად, ამჯერად მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინეს ბრალი, ამ მუხლით საქმეს კი მსაჯულები ვეღარ განიხილავენ.

ნაფიც მსაჯულებს ითხოვდა ზურაბ საღინაძეც, რომელიც „ბათუმში 16 წლის ლუკას ზღვაში დაღუპვის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დამნაშავედ ცნო. ზურაბ საღინაძეც მკვლელობის მცდელობის მუხლით გასამართლდა. მისმა ადვოკატმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა სარჩელი საკონსტიტუციოში ჯერ არ განუხილავთ. საკონსტიტუციო სარჩელში ხაზგასმულია, რომ არასრულწლოვანის გარდაცვალების მიუხედავად, პროკურატურამ მას ბრალი მაინც დაუსრულებელი დანაშაულისთვის წარუდგინა, რომ ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულებისთვის ვერ მიემართა.

ამ თემაზე:

განზრახ მკვლელობა თუ მოგერიება – რა კითხვებს სვამენ ნაფიცი მსაჯულები ბათუმის სასამართლოში

 

ფეიერვერკმა ხანძარი გამოიწვია საბერძნეთში, კუნძულ ჰიდრაზე – დააკავეს 13 ადამიანი

საბერძნეთში, კუნძულ ჰიდრაზე ხანძარი გამოიწვია ფეიერვერკმა, რომელიც ჰიდრას სანაპიროსთან, კერძო იახტიდან გაისროლეს მგზავრებმა.

შემთხვევა პარასკევს, 21 ივნისს მოხდა.

გასროლილი ფეიერვერკის შედეგად სანაპიროსთან ახლოს მდებარე ტყეს ცეცხლი მოედო, მეხანძრეებისთვის რთულად მისადგომ ადგილას. ბერძენი მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას სანაპირო დაცვის გემებიდან ცდილობდნენ.

22 ივნისს საბერძნეთის პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა ხანძრის გაჩენის ბრალდებით.

ხმელთაშუა ზღვის რეგიონი, მათ შორის საბერძნეთის კუნძულები, განსაკუთრებით დაუცველია ტყის ხანძრებისგან ზაფხულში.

ბერძნული მედიის ცნობით, 21 ივნისს საბერძნეთში 45 ტყის ხანძარი გაჩნდა.

______________

ფოტოზე: ხანძარი კუნძულ ჰიდრაზე. ფოტო: Εποχικοί Πυροσβέστες/facebook

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 535 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
  • ტანკი – 8 031 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 15 413 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 14 246 ერთეული [+51]
  • MLRS – 1 108 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 863 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 382 ერთეული [+27]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 323 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 304 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 2 397 ერთეული [+20]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 487 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 533 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 416 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 348 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 825 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 893 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში 2 საბავშვო ბაღის ასაშენებლად 10 მილიონი ლარია გამოყოფილი

ბათუმში, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე ორი საბავშვო ბაღის აშენებაა დაგეგმილი.

ერთი ბაღი ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ, ხოლო მეორე – ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა N33„დ“-ს მიმდებარედ უნდა ააშენონ.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ბაღების ასაშენებლად ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული – 10 763 601 ლარით.

ადგილები სადაც საბავშვო ბაღები უნდა ააშენონ: 1 – ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ.  2 – ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა N33„დ“-ს მიმდებარედ.

ტენდერს თან ახლავს პროექტები, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღები უნდა ააშენონ. შენობები ორსართულიანი იქნება. დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიის/ბაღის ეზოს კეთილმოწყობაც.

მესხის პირველ ჩიხში [მარცხნივ] და მუსხელიშვილის ქუჩაზე [მარჯვნივ] ასაშენებელი ბაღების რენდერები პროექტიდან
მერიის სააგენტომ, როგორც შესაბამის ოქმშია აღნიშნული, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრა.

„ამასთან, სატენდერო პირობების განსაზღვრის მიზნით, ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით გამოყენებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის ანალიზი… რაც ადასტურებს, რომ ბაზარზე ოპერირებს მიმწოდებელთა საკმარისი რაოდენობა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დააკმაყოფილონ სატენდერო დოკუმენტაციით დაწესებული მოთხოვნები.“ – აღნიშნულია სატენდერო კომისიის ოქმში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 20 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

სამუშაოს შესრულების ვადა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდია.

ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ ასაშენებელი საბავშვო ბაღის რენდერი პროექტიდან

ამასთან, „შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 60 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორებამდე წარმოადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით.“

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს „2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე [(EU) ან OECD-ს შემთხვევაში ჩაითვლება ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორია] შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობის/ნაგებობის მშენებლობის სამუშაოების [გამოცდილებაში არ ჩაითვლება გზების, ხიდების, გაბიონების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, ეზოების, ქუჩების მოწყობის/რეაბილიტაციის და მსგავსი სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სამუშაოები სხვა ძირითადი სამუშაოების თანმდევი სამუშაოებია] მიწოდება საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 მილიონი ლარის ოდენობით“;

პრეტენდენტს „2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ასევე სასწავლო დაწესებულების, ან/და სკოლამდელი ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 მილიონი ლარის ოდენობით“.

ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა N33„დ“-ს მიმდებარედ ასაშენებელი საბავშვო ბაღის შენობის რენდერი პროექტიდან

გონიოში 2 კორპუსს და 38 სახლს „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი აშენებს

ბათუმში, ახალსოფლის დასახლებაში შემაღლებულ ფერდობზე, საიდანაც ზღვისა და ქალაქის ხედები იშლება შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

პროექტის მიხედვით კომპლექსი ორ თხუთმეტსართულიან მრავალბინიან კორპუსს და 38 ინდივიდუალურ სახლს აერთიანებს და ის 2,5 ჰექტარ ფართობზე [25 773 კვ/მ] ტერასულად უნდა განლაგდეს.

პროექტის განაშენიანების დეტალურ გეგმაში [გდგ] მოცემული ინფორმაციით ამ პროექტიდან ბიზნესმენმა 18 მილიონი ლარი უნდა მოიგოს.

რენდერი
საპროექტო ტერიტორია ბათუმში, გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალსოფლის დასახლებაში მდებარეობს

განაშენიანების დეტალური გეგმისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მიხედვით მრავალბინიანი კორპუსების ორ სართულზე პარკინგს მოაწყობენ, ერთ სართულზე ჰოლი და სავაჭრო სივრცეები განლაგდება, დარჩენილ 12 სართულზე კი საცხოვრებელი ბინები.

ორივე კორპუსში ჯამში 520 ბინა განთავსდება. 1300 კვ.მეტრი კი კომერციულ ფართობებს დაეთმობა. პროექტის მიხედვით კორპუსებს მიწისქვეშა პარკინგი ექნება, ჯამში 88 ავტომობილზე გათვლილი. ინდივიდუალური პარკინგის ადგილები ექნებათ დაბალ სახლებსაც.

ბათუმი, ახალისოფელი / ტერიტორიას მშენებლობისთვის უკვე ამზადებენ / 21.06.2024

შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ „ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენს, გია ჭყონიას ეკუთვნის. მასვე ეკუთვნის სამშენებლო ტერიტორია, რომელიც ტერასულ ფერდობზე, ზღვისა და მთის ხედებით ორ-ნახევარ ჰექტარს მოიცავს. ეს ახალი კომპანია ბიზნესმენს, რომელიც საერთო ჯამში 20-მდე კომპანიის მფლობელია, 2023 წლის მარტში დაუფუძნებია.

გია ჭყონია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი და ამ პარტიის მსხვილი შემწირველია. ის ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც 2022 წელს, აჭარის მთავრობასთან ერთად იმყოფებოდა კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს ვიზიტი სწორედ ბათუმელმა ბიზნესმენებმა დააფინანასეს.

გიორგი ჭყონიას კომპანიები: შპს „გზა“, შპს „ბათუმი ცენტრალი“ და შპს „შატო კვირიკე“ აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, საიდანაც 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით მიიღეს 335 მილიონ 638 ათას 719 ლარი.

გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ჯამში 1 394 000 ლარი შესწირეს. ბიზნესმენის საქმიანობაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ. 

2016 წლიდან 2023 წლის ჩათვლით პირადად გიორგი ჭყონიამ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 400 000 ლარზე მეტი შეწირა. 

ბათუმელი ბიზნესმენები მალიორკაზე – ბიზნესმენი გიორგი ჭყონია (მარჯვნიდან პირველი) აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და ბიზნესმენებთან ერთად კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტი, რომელშიც უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ბიზნესმენებმა დააფინანსეს.

„გონიო ლაქშერი რეზიდენსის“ პროექტის განაშენიანების დეტალურ გეგმაში, პროექტის ეკონომიკური გათვლაც არის მოცემული, რომლის მიხედვითაც მშენებლობის სავარაუდო ხარჯი 55 მილიონი ლარია, ხოლო სავარაუდო შემოსავალი 82 მილიონამდე ლარი. მოგება გადასახადების გამოკლებით კი, 18 მილიონი ლარი უნდა იყოს.

ამონარიდი განაშენიანების დეტალური გეგმიდან

მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, რომელიც კომპანიამ მერიას წარუდგინა პროექტი ახალი შიდა გზების მოწყობასაც ითვალისწინებს. ამ გეგმით, საპროექტო ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 6 მეტრი სიგანის შიდა გზების და საფეხმავლო ბილიკებისა და ტროტუარების მოწყობა.

რენდერი

ახალსოფლის ცენტრიდან სამშენებლო მიწის ნაკვეთამდე მანძილი დაახლოებით 650 მეტრია. კომპლექსი რელიეფურად გორაკიან ადგილზე შენდება და ახალსოფლის დასახლების ცენტრიდან სამშენებლო ტერიტორიამდე მისასვლელად ავგიის ქუჩისა და ავგიის პირველი ჩიხის საავტომობილო გზის გამოყენება იქნება საჭირო. ამ გზაზე ორმხრივი მოძრაობაა, თუმცა ის საკმაოდ ვიწრო გზაა იმისთვის, რომ აქტიურად მოძრავი ავტომობილები შეუფერხებლად გაატაროს.

განაშენიანების დეტალურ გეგმაში წერენ, რომ ობიექტის ეზოში სამოძრაო არეალი საშუალებას იძლევა ავტომობილების შეუფერხებელი გადაადგილებისათვის თითოეული ბლოკის მიმართულებით და „წარმოდგენილი სქემა ხელსაყრელია საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო სამაშველო ბრიგადების შეუფერხებელი გადაადგილებისათვის,“ თუმცა, იგივე დოკუმენტში ვკითხულობთ:

„დღევანდელი მოცემულობით როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტში, ავტომანქანების რაოდენობის მატების ტენდენცია კვლავ გრძელდება, შესაბამისად მრავალბინიანი, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პირობებში აუცილებელია ავტომფლობელი მაცხოვრებლებისათვის და ასევე ვიზიტორებისათვის გათვალისწინებული იქნეს საპარკინგე სივრცის მოწყობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ავტომანქანების სიმრავლემ, საკვლევი ობიექტის მიმდებარე ქუჩებზე გამოიწვიოს ავტომანქანების ნაკადების მოძრაობის შეფერხება. აქედან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს საკვლევ ობიექტს გააჩნდეს ინდივიდუალური მიწისქვეშა ან მიწისზედა ავტოპარკინგები.“

ხედი საპროექტო ტერიტორიიდან [ფოტოს უკანა ფონზე ჩანს ზღვა, გონიოს ყოფილი პოლიგონი, ჭოროხის დელტა და ბათუმი] / 21.06.2024
დოკუმენტების მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია ავტოსადგომების მოწყობა საცხოვრებელი ბლოკების შესაბამისად. მაგალითად: A ბლოკში 225 ბინაზე გათვალისწინებულია ორ დონეზე ავტომობილების 36 მიწისქვეშა სადგომი. B ბლოკში 295 ბინაზე, ასევე ორ დონეზე – 52 ავტოსადგომი. ინდივიდუალური კოტეჯების მაცხოვრებლებისათვის – მიწისზედა 38 ავტოსადგომი.

ასევე ობიექტის შიდა ტერიტორიაზე მოეწყობა 50 ერთეული მიწისზედა ავტოსადგომი. სულ ჯამში საპარკინგე ადგილების რაოდენობა შეადგენს 176 ერთეულს, რაც კომპანიის ინფორმაციით „სავსებით აკმაყოფილებს მოთხოვნებს“.

ანუ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ 176 ავტომანქანის ადგილი „სავსებით აკმაყოფილებს მოთხოვნებს“ 520 ბინისთვის.

დოკუმენტებში წერენ ასევე, რომ სამშენებლო ტერიტორიის სატრანსპორტო პროექტით საცხოვრებელი კომპლექსისა და უბნისათვის დამატებითი შესავლელები და გამოსასვლელები გათვალისწინებულია ავგიის პირველი ჩიხიდან და მეფე მირიანის პირველი ჩიხიდან. გარდა ამისა, გეგმარებითი ერთეულის ტერიტორიის მხარეს საპროექტო მიწის ნაკვეთების გასწვრივ, დაგეგმილია გზის გაფართოება 6 მეტრ სიგანემდე.

„კომპლექსის ტერიტორიაზე დაგეგმილი გზები ქმნიან ერთიან საგზაო ინფრასტრუქტურას არსებულ გზებთან, რითაც დამატებით ფაქტორი იქმნება და ჩიხური მონაკვეთი გადაიქცევა სრულყოფილ გზად. რაც არსებითად აუმჯობესებს საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას“ – წერენ დოკუმენტში.

რაც შეეხება გეოლოგიურ კვლევას, განაშენიანების დეტალურ გეგმაში მოცემული ინფორმაციით „სამშენებლო ტერიტორია მდგარადია და არ შედის სტიქიური პროცესების საშიშროების ზონაში; ასევე საკვლევ ტერიტორიაზე მცირეწყლიანი ღელე ჩაედინება“.

ამ ღელის კალაპოტი ერთ ადგილზე დღეს გამოთხრილი მიწითაა ნაწილობრივ ამოვსებული:

ღელე და გამოთხრილი მიწა საპროექტო ტერიტორიაზე

გდგ-ში ვკითხულობთ იმასაც, რომ კომპანიამ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობაც გამოჰკითხა, სულ 47 ადამიანი და მერიას აცნობა, რომ უმეტესობა მიესალმება პროექტის განხორციელებას.

კომპანიამ მერიას წარუდგინა ასვე ფოტომასალაც, რომლითაც აცნობა, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე საინფორმაციო დაფა ჰქონდა გამოკრული.

ამ ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ცხადი ხდება, რამდენად აინტერესებს კომპანიას მიმდებარედ მცხოვრებთა მოსაზრებები, ან მერიას, რომელმაც საინფორმაციო დაფის ასე განთავსება მიზანშეწონილად მიიჩინა. ამაზე კითხვა არც საკრებულოში გასჩენიათ, მათ დოკუმენტი უპრობლემოდ დაამტკიცეს.

საინფორმაციო დაფა გდგ-ს შემუშავების თაობაზე
სამშენებლო ტერიტორიის ხედები გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის მხრიდან / 21.06.2024

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ივნისის 21 საათიდან 24 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი 
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია, ღელვა 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 25 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 26 ივნისს დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 534 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
  • ტანკი – 8 019 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 15 398 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 14 195 ერთეული [+61]
  • MLRS – 1 108 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 863 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 355 ერთეული [+50]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 321 ერთეული [+13]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 248 ერთეული [+44]
  • სპეცტექნიკა – 2 377 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 311 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 533 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 406 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 346 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 785 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 840 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში უკრაინული დრონების მასობრივი თავდასხმა დაფიქსირდა

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში საქართველოს ნაკრების თამაშს ღია ცისქვეშ ორ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ

საქართველოს ნაკრების თამაშს ევროპის ჩემპიონატზე დღეს, 22 ივნისს, ბათუმში, ღია სივრცეში დამონტაჟებულ მონიტორთან, სხვებთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ.

ბათუმის მერიის ცნობით, ლედმონიტორები ბათუმის სტადიონთან [„აჭარაბეთ არენა“] და ანბანის კოშკთანაა მოწყობილი.

დღეს, 22 ივნისს, საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ნაკრებთან ითამაშებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის ყველა სხვა მატჩის ნახვას აქვე შეძლებთ.

ლედმონიტორები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჩემპიონატის დასრულებამდე მითითებულ ადგილებში დარჩება.

ამავე თემაზე:

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების შეხვედრა შაბათს, 22 ივნისს, ჰამბურგში, „ვოლკსპარშტადიონზე“ შედგება.

საქართველოს ნაკრები შაბათს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება ევროპის ჩემპიონატზე

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 533 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110]
  • ტანკი – 8 009 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 15 383 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 14 188 ერთეული [+28]
  • MLRS – 1 106 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 861 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 305 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 302 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 204 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 2 369 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 236 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 531 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 399 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 346 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 745 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 779 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში უკრაინული დრონების მასობრივი თავდასხმა დაფიქსირდა

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version