ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გონიოს ყოფილ პოლიგონზე 9.9 ჰექტარი დაჭაობებულია – ტენდერი ტერიტორიის შესწავლაზე

14.10.2022
გონიოს ყოფილ პოლიგონზე 9.9 ჰექტარი დაჭაობებულია – ტენდერი ტერიტორიის შესწავლაზე

გონიოს ყოფილ პოლიგონზე დაჭაობებულ ადგილებს გეორადიოლოკაციური მეთოდით განსაზღვრავენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაჭაობებული ტერიტორიის მოცულობების განსაზღვრაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 19 300 ლარია.

„გონიოს დასახლებაში მდებარე დაჭაობებული ტერიტორიის სიღრმე უნდა განისაზღვროს გეორადიოლოკაციური მეთოდით, ხოლო მოცულობების შესახებ ინფორმაცია მოწოდებულ უნდა იქნას ცალ-ცალკე საკადასტრო კოდების მითითებით. დაჭაობებული ტერიტორიის სავარაუდო ფართობი შეადგენს 9,9 ჰექტარს“, – აღნიშნულია სატენდერო განცხადებაში.

სამინისტროს მონაცემებით, დაჭაობებული ტერიტორია [ლურჯი ფერით] გონიოს ყოფილ პოლიგონზე დაახლოებით 9,9 ჰექტარია – რუკაზე ეს ტერიტორია შემოსაზღვრულია წითელი ხაზით

დოკუმენტების მიხედვით, „გონიოს დასახლებაში მდებარე დაჭაობებული ტერიტორიის მოცულობების გეორადიოლოკაციური მეთოდით განსაზღვრის მომსახურების შესყიდვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტმა მოითხოვა.“

„საინვესტიციო ტერიტორიაა და დასაზუსტებელია რა მოცულობისაა დაჭაობებული ტერიტორია. ეს საჭიროა, რათა დადგინდეს მიწის საბაზრო ღირებულება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სამინისტროში.

სპეციალისტის განმარტებით, გეორადიოლოკაციური მეთოდი, ეს არის გეოფიზიკური მეთოდებით კვლევა, რათა დადგინდეს, მაგალითად, ტბის სიღრმე, რამდენადაა დაჭაობებული ტერიტორია, როგორია [არის თუ არა] რადიაციის დონე და სხვა. ეს მეთოდი იძლევა დიდი სიზუსტით მონაცემებს ობიექტის ზომებზე და მის მახასიათებლებზე.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 14 ოქტომბერს დაიწყება და 17 ოქტომბერს დასრულდება. მომსახურების შესრულების ვადა კი, ტენდერში გამარჯვებულს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღე აქვს.

ბათუმი / გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია მთლიანობაში 300-ზე მეტი ჰექტარია. ხელისუფლებამ აქ პოტენციური ინვესტორების მიყვანა წლების წინ დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, ჯერ კიდევ 2017 წელს მომზადდა აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფცია და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. თუმცა ეს კვლევა მთავრობას არაფერში გამოუყენებია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი 2019 წელს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ  ეს იყო „ერთი კერძო კომპანიის მოსაზრება და არა სახელმწიფო მიდგომა“. შესაბამისად, ე.წ. „გონიოს პოლიგონის“ და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე თავად მუშაობდნენ.

ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარების გეგმა-კონცეფცია არც 2021 წელს არსებობდა:

იმავე, 2021 წელს, წინასაარჩევნოდ, პრემიერმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დააანონსა, რომ „გონიოში აშენდება ახალი ქალაქი კაზინოებითა და ბანკებით.“

ამ თემაზე:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

მთავარი ფოტო: გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: