ბათუმი,მთავარი,სიახლეები

შსს-ს მომსახურების სამსახური ბათუმიდან გონიოში გადასვლას გეგმავს

28.11.2023
შსს-ს მომსახურების სამსახური ბათუმიდან გონიოში გადასვლას გეგმავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გონიოში ახალი ოფისის მშენებლობას გეგმავს. ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის მიმდებარედ სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემულია აჭარის საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარი ტერიტორია.

სააგენტოს ბათუმის სამსახური ამჯერად სულხან-საბა ორბელიანის N2-ში ფუნქციონირებს. ამ მისამართზე 11 843 კვადრატული მეტრი ტერიტორია ქალაქ ბათუმის საკუთრებაშია და ის სააგენტოსთვის უზუფრუქტითაა გადაცემული.

გონიოში ახალი ოფისის დაპროექტება-მშენებლობასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტო ბაზარს იკვლევს.

ამ ეტაპზე უცნობია ბათუმიდან ყველა მომსახურებას გადაიტანენ გონიოში თუ არა. თუმცა შესყიდვების პორტალის დოკუმენტების მიხედვით, შენობებთან ერთად გონიოში მოეწყობა საგამოცდო მოედნები და ტექდათვალიერების ცენტრი [ავტომობილების განბაჟებისთვის].

მომსახურების სააგენტოს ოფისის გენგეგმა გონიოში

ადმინისტრაციული შენობისთვის საერთო ფართობი გათვლილია 5 300 კვ.მ, რომელშიც სხვადასხვა სივრცესთან ერთად უნდა განთავსდეს:

  • სანომრე ნიშნების დასაბეჭდად განკუთვნილი სივრცე, სანომრე ნიშნების დამზადებისთვის განკუთვნილი მასალის შესანახი ოთხი
  • ბალისტიკის ოთახი ავზით; IT თანამშრომლების სამუშაო ადგილი; სარეგისტრაციო სივრცე
  • მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ორი ოთახი; მართვის მოწმობებთან დაკავშირებული სივრცე
  • სამოქალაქო ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღის რეგისტრაციისათვის განკუთვნილი სივრცე
  • დამზადებული მოწმობებისა და სანომრე ნიშნების გაცემისთვის განკუთვნილი სივრცე
  • ბანკის ოპერატორებისთვის განკუთვნილი სივრცე
  • ხელმძღვანელების ოთახები (უფროსი, მოადგილე] და სხვა.

ბაზრის კვლევის დავალება მოიცავს „საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებას, რომლის თანახმადაც მიმწოდებელი ვალდებულია,  სააგენტოს მიერ გადაცემული ტექნიკური დავალების საფუძველზე მოამზადოს დეტალური სამშენებლო პროექტი და მის საფუძველზე  განახორციელოს მშენებლობა“.

საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები.

სააგენტო მიმწოდებელს გადასცემს მის ხელთ არსებულ ყველა მასალას, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს ტექნიკური და ფინანსური წინადადების მოსამზადებლად.

„ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) აჭარაში, გონიოში [ნაკვეთის საერთო ფართობი 61 017 კვ.მ, განაშენიანების ფართობი 39 100 კვ.მ] მომსახურების სააგენტოს შენობების მშენებლობისა და ტერიტორიის/საგამოცდო მოედნების მოწყობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების ტექნიკურ დავალებასთან“ დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განფასება, ასევე თავიანთი წინადადებები და შენიშვნები სააგენტოს 2023 წლის 16 დეკემბრამდე წარუდგინონ.

 

მთავარი ფოტო: მომსახურების სააგენტოს ბათუმის სამსახურის შენობა სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: