დღეს, 13 მარტს, საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ მიიჩნიეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი – ალეკო ბალაძე და მამუკა ბერიძე.
სასამართლომ მათ სასჯელის სახით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
„როინ შავაძის საქმეზე“ პროკურატურას 12 პირის მიმართ აქვს ბრალი წარდგენილი. დღევანდელ ბრიფინგზე პროკურორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გამოძიება ამ საქმეზე გრძელდება, მათ შორის, სხვა პირთა მხილების მიზნით.
„ნაფიცმა მსაჯულებმა სამხედრო მოსამსახურის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნეს.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.
მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა.
იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.
როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.
სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ – ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.
ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს.
აჭარისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ: უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს. ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა. კერძოდ ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.
ჩატარებული გამოძიებით, უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა.
აღსანიშნავია, რომ როინ შავაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბრიგადის სერჟანტის წოდებით. 2005-2006 წლებში მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. როინ შავაძეს ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებულები წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ კი, მათ სასჯელის სახით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
საზოგადოებას შევახსენებთ რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
————————-
ამ გახმაურებული მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, პროკურატურამ 8 პირი დააკავა, 2 პირის მიმართ კი, ძებნა გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე 2020 წელს ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის [სიცოცხლის უფლება] დარღვევა დაადგინა.
ევროსასამართლომ საქართველოს პროკურატურას საქმის ხელახლა გამოძიება დაავალა.
პროკურატურას აქვს ვერსია, რაც ამ საქმეში ფაქტების ანალიზით და ჟურნალისტური მოკვლევით 15 წლის წინაც ჩანდა.
ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით [ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა] და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით [განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია] დაიწყო.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2023 წლის 27 ივლისს ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ არაერთმა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა როინ შავაძის მკვლელობის რეალური გარემოებები. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„როინ შავაძის საქმის“ სათავისოდ გამოყენება არაერთხელ სცადა „ქართულმა ოცნებამ“ იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში დამნაშავეები არავის დაუსჯია. მაგალითად, იმ დროს, როცა როინ შავაძე მოკლეს და საქმე არ გამოიძიეს – ეს უკვე ევროსასამართლოს შემდეგ საქართველოს პროკურატურამაც დაადასტურა – აჭარის მთავარი პროკურორი ვასილ როინიშვილი იყო. ის 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2020 წლის 19 ნოემბერს გამოქვეყნდა, არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე. მაშინ ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა სერჟანტის საქმის გამოძიების ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა – რესან კონცელიძემ. ის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო პარლამენტში, დღეს კი დეპუტატია.
წაიკითხეთ ამავე თემაზე 2008 წლის აგვისტოში მომზადებული სტატია:
სამშობლოს ღალატი თუ ნარკოტიკი- გარდაცვლილის მეუღლის თქმით, სპეცრაზმმა ჯარისკაცი წამებით მოკლა