„სამნი დავრჩით, მე დედა და პატარა და. მამა არ მყავს. ახლა ბათუმთან ახლოს, ნაქირავებ სახლში ვცხოვრობთ. დედა მუშაობს, მაგრამ სრულიად არ შეუძლია ოჯახის გატანა. წინა ზაფხულს და ზამთარშიც, სკოლის პერიოდში ვმუშაობდი, მაქსიმალურს ვაკეთებდი, ოჯახში რაიმე უნდა შემეტანა, რომ საჭმელი გვქონოდა. ხშირად მიწევდა სკოლის გაცდენა და რისკზეც დავდექი, რამდენიმე საგანში ლამის საშემოდგომო გამომყვა, ბოლოს მოვუკელი სამუშაოზე სიარულს, არ მინდოდა კლასში ჩარჩენა“, – ასე იწყებს 16 წლის გივიკო არჯევნიშვილი თავისი ამბობს მოყოლას.
ამბავი კი უფრო იმაზეა, რომ გივიკოს სწავლა უნდა, რისი შესაძლებლობაც სიდუხჭირის გამო არ ეძლევა. უნდა ისწავლოს, მეზღვაური გახდეს, უნდა დას სახლი უყიდოს, რომ მომავალში არასდროს გაიაროს ის, რაც დედამ გადაიტანა.
გივიკოს მამა ჰყავს, თუმცა მისი მშობლები დაშორდნენ – გივიკო და მისი ოჯახი 12 წელი კახეთში, სოფელ ძირბუხში ცხოვრობდნენ. შემდეგ დედა მეუღლეს დაშორდა და ყვარლის რაინში, სოფელ მთისძირში გადავიდნენ. არც იქ გაუმართლათ, ფსიქოლოგიური ძალადობის, წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. გადაწყვეტილება გივიკომ მიიღო, მან დედის ძმას დაურეკა და უთხრა, რომ რაღაც უნდა შეეცვალათ, წინააღმდეგ შემთხვევაში „შეიძლებოდა ცუდი მომხდარიყო.“
ბიძამ ისინი საკუთარ სახლში წაიყვანა – მწვანე კონცხზე. გივიკო გვიყვება, რომ ბიძის ოჯახში „ბევრნი არიან“, ამიტომაც მასთან დიდხანს ვერ დარჩნენ: „არ გვინდოდა მათთვის დისკომფორტი შეგვექმნაო“.
ახლა გივიკო სამი წლის დასთან და დედასთან ერთად ცხოვრობს სოფელ ფერიაში. დედამ სამუშაო დაიწყო.
„აპარტამენტებს და სადარბაზოებს ვალაგებ“ – საუბარში ერთვება ანჟელა გაბაიძე, გივიკოს დედა. პატარა გოგო კერძო ბაღში მიიყვანეს, სადაც 300 ლარს იხდიან: „აჭარაში ჩაწერილები არ ვართ, საჯარო ბაღში ბავშვი არ მიიღეს“.
ნაქირავებ სახლში ყოველთვიურად 300 ლარს იხდიან. ცოტა ხნის წინ გაიგეს, რომ მეპატრონემ ეს სახლი გაყიდა და აგვისტოში ადგილის შეცვლა მოუწევთ. ახლა ის აქვთ დარდად, სად და როგორ იპოვიან ღამის გასათევს ისევ 300 ლარად.
„ისეთი ბედი მაქვს… ამ ძველ სახლში რომ შემოვედი, დავასუფთავე, მოვაწესრიგე და დავსახლდით, ვამბობდი ამასაც მალე გაყიდიან, აქედანაც გამიშვებენ-მეთქი. ასეც მოხდა, სახლი გაყიდეს. აგვისტოში სრულად დაუფარავს მყიდველი საფასურს და გაგვიშვებენ“, – გვყვება ანჟელა გაბზარული ხმით.
გივიკო 12 წლის იყო, როცა ფულის გამოსამუშავებლად შრომა დაიწყო, კახეთში. ეკონომიკურმა სიდუხჭირემ მოზარდი აიძულა ოჯახს დახმარებოდა, უფრო მეტად კი დედას. როგორც დედა გვიყვება, გივიკოს მისი დაცვა უნდოდა: „რომ მე არ დავსჯილიყავი…“
გივიკოს სამუშაო რთველზე, მოსავლის აღებაში სხვების დახმარება იყო.
„ბათუმში რომ დავიწყე პირველი სამუშაო 15 წლის ვიყავი, კახეთში ალბათ, სადღაც 12-13 წლის. მაშინ ისეთ სამუშაოებს ვასრულებდი, რითაც ფული გამოვიდოდა, ალუჩის კრეფა, საზამთროს კრეფა, რთველზე ვმუშაობდი სოფლის საქმეებზე“.
ბათუმში გივიკო ძირითადად კაფე-ბარებში და საქორწინო დარბაზებში მუშაობს:
„წინა სეზონზე ვმუშაობდი ბარში, იქ ძალიან კარგი ხალხი იყო. არ მაგრძნობინებდნენ, რომ ვინმე უფროსია, მაქსიმალურს აკეთებდნენ და ახლაც ძალიან კარგად ვარ მათთან, მივიდოდი მოვაწესრიგებდი რაღაცებს. სეზონი, რომ გავიდა და სამუშაო აღარ იყო, გადავწყვიტე სხვა სამუშაო მეპოვა, რადგან ფული გვესაჭიროებოდა. ერთ-ერთი რესტორანში დავიწყე მუშაობა, მთელი ზამთარი ვიმუშავე. მართალია, რესტორანიც ხელს მიწყობდა, შაბათ-კვირას ვიყავი ჩაწერილი, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც თათბირზე მისვლა იყო საჭირო, ქორწილში, რომ მივსულიყავი სამუშაოდ. ისეთი მომენტებიც იყო, რომ მე თვითონ დავდიოდი სკოლის დღეებში – ფული იყო საჭირო ოჯახისთვის.“
გივიკოს სეზონურად სხვადასხვა სირთულის სამუშაოს შესრულება უწევს:
„სეზონურ სამუშაოზე 60 ლარი გამომდიოდა იმ განსხვავებით, რომ ცოტა ნაკლები იყო სამუშაო საათები. რესტორანში 60 გამომდიოდა, ქორწილებში შეიძლება 70 ან 80 გამოსულიყო, იქ ცოტა მეტ ხანს მიწევდა მუშაობა, რესტორნის სამუშაო თავისთავად მძიმეა, დაძაბულიც ხარ, დასტრესილიც, საჭმელი არ უნდა გაცივდეს. როდესაც 400 ადამიანი მოდის მაქსიმალურად უნდა იჩქარო, თან 2 სართული უფრო რთულია, ამიტომ გონებრივადაც იძაბები და ფიზიკურადაც, საჭმელი დროულად უნდა აუტანო, რომ არ გაცივდეს, კლიენტმა უკმაყოფილება არ გამოთქვას“.
გივიკო მეზღვაურობაზე ოცნებობს. უნდა, რომ ისწავლოს, ამბობს, რომ ინგლისური იცის და ამას შეძლებს. ერთ-ერთ საზღვაო სასწავლებელში პირობები უკვე მოიკითხა… თუმცა უსახსრობის გამო იძულებულია გაჩერდეს:
„საზღვაო სასწავლებელში მომთხოვეს საბუთები, შესაბამისი ტანსაცმელი, მაგრამ ფინანსურად ამდენს ვერ გავწვდები. მინდოდა, რასაც ვმუშაობდი ეს ფული გადამედო, მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა, ოჯახს სჭირდებოდა – იხარჯებოდა საკვებზე ან წამლებზე.“
გივიკომ მეზღვაურობა არ მხოლოდ კარგი შემოსავლის მიღების სურვილით, არამედ ზღვის სიყვარულით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზით გადაწყვიტა, ის გეგმავს 3 წლის დას სახლს უყიდის, რომ დედის ცხოვრება არასოდეს გაიაროს:
„ბათუმშია დედის მხარე. როცა ჩამოვდიოდით, ყოველთვის ზღვაზე მივდიოდით, პატარაობიდან მიყვარდა. ზღვის სიყვარულით გადავწყვიტე, რომ ნავიგაციაზე ჩავაბარო, მინდა კაპიტანი ვიყო, ასე მეტი შეხება მექნება გემთან და ზღვასთან.
მინდა მომავალში მქონდეს სამსახური კარგი შემოსავლით, რომ შევინახო ჩემი ოჯახი და შევუწყო ხელი ჩემს დას. მინდა, რომ მას საკუთარი სახლი ჰქონდეს; არ მინდა, დედაჩემისნაირი ცხოვრება გამოიაროს. რომ გაიზრდება და დაქორწინდება, თუ პრობლემები შეექმნა, საშუალება ჰქონდეს, რომ სადმე გაჩერდეს და სახლი უწოდოს მას.“
გივიკოს ოჯახი არც სოციალურ დახმარებას იღებს და არც სხვა რაიმე სახელმწიფო შემწეობას. დედის ხელფასი და გივიკოს მიერ გამომუშავებული თანხა აუცილებელ საჭიროებებს ჰყოფნის, გივიკოს ამიტომაც არ რჩება სწავლის ფული:
„სხვა გზა არ არის. დედაჩემს 800 ლარი აქვს ხელფასი, 300 ლარს ქირაში ვიხდით, 300 ლარს საბავშვო ბაღში. არ გვაქვს ცხელი წყალი, გაზის ბალონს ვყიდულობთ. მიწევს შორიდან ამოვიტანო ბალონი, რადგან ახლოს არ არის. ხან ძვირი გამოდის, 40 – 45 ლარის გადახდა გვიწევს. დედაჩემს თვეებია უკვე კბილი აწუხებს, ღამე ვერ იძინებს, რადგან ტკივილები აქვს, დღეს დილითაც რომ გაიღვიძა, მთლიანი ყბა სტკიოდა. ჩემი და ზამთარში მარტივად ცივდება, ზაფხულში კი ძალიან ალერგიულია და შესაბამისად მის წამლებზე იხარჯება ბევრი. იყო მომენტები, რომ ქორწილში გათენებამდეც ვიმუშავე, ამის გამო ძილის რეჟიმი დამერღვა – დამამშვიდებლებზე და ძილის წამლებზე მეხარჯებოდა ფული.“
გივიკოს დასასვენებლად და გასართობად დრო არასდროს აქვს. ამბობს, რომ გაკვეთილებს შორის შესვენება არის მისი დასვენება-გართობის დრო.
„ვფიქრობ, განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სკოლაში შედის ბავშვი და მეთორმეტე კლასამდე სწავლობს, ეს არამხოლოდ ცოდნას მატებს მას, არამედ გონებრივადაც ავითარებს, უფრო ინტელექტუალურს, პასუხისმგებლიანს, აქტიურს და კრეატიულს ხდის“ – ფერიის საჯაროს სკოლა მეხუთე სკოლაა გივიკოსთვის.
მას ძალიან მოსწონდა მთისძირის სკოლა და მასწავლებლებიც, მაგრამ ამ სოფელში ვერ იცხოვრეს, როგორც გივიკო ამბობს – „ვითარება დაიძაბა“. აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ კი, ხულოს სოფელ ხიხაძირში ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად და სწავლაც ამ სოფელში გააგრძელა. თუმცა მცირე ხნით – პატარა გოგო სულ ძმას ეძებდაო. მერე იყო დაბრუნება ბიძის სახლში და ხელვაჩაურის 25-ე სკოლა, რომელიც სახლიდან ძალიან შორს იყო.
ახლა გივიკო კმაყოფილია, სკოლა სახლთან ახლოს აქვს. თუმცა თუ სახლს დაატოვებინებენ, მას კიდევ ერთი სკოლის გამოცვლა მოუწევს. საზღვაო სასწავლებელში თუ ვერ მოეწყო, შესაძლოა სკოლის შეცვლა კიდევ რამდენიმეჯერ მოუწიოს.
გივიკო კარგად სწავლობდა და სკოლაში ყოველთვის მომზადებული მიდიოდა, განსაკუთრებით სოფელ მთისძირის სკოლაში, სადაც მასწავლებლებიც მოსწონდა:
„როცა არ ვმუშაობდი, უფრო დიდი დრო მქონდა მთისძირის საჯარო სკოლაში, იქ დღე არ გასულა, რომ მომზადების გარეშე მივსულიყავი და გაკვეთილი არ მცოდნოდა, ან დავალება არ მქონდა დაწერილი. ძალიან კარგად ვსწავლობდი“.
გივიკოს დედა გასაჭირზე საუბრის გამო გარკვეულ უხერხულობას გრძნობს. ანჟელა გვიყვება, რომ პირველ ქმართან დაშორების შემდეგ ყოფილი ქმრის ნათესავები ეხმარებოდნენ და მხარს უჭერდნენ: ვემადლიერები მათ, თუმცა ოჯახი მხოლოდ დახმარებით ვერ შეძლებს ცხოვრებასო:
„არ ვარ ის ადამიანი, რომ ვთქვა მთავრობამ მომცეს, მაჭამოს-მეთქი. ძალიან ვდარდობ, სახურავი უნდა მოეხსნა სახლისთვის ახალ მეპატრონეს და არ მოხსნა ჩვენს გამო. აგვისტომდე მოძებნეთ ახალი ბინაო, რა ქირა მოვძებნო 800 ლარით. 300 ლარად რომ ვარ აქ ეს ჩემთვის ღვთის წყალობაა.“
___
მკითხველის თხოვნით ვაქვეყნებთ გივიკოს დედის ანგარიშის ნომერს:
საქართველოს ბანკი: