მთავარი,სიახლეები

“ვაგონის პატარა ფანჯრიდან ბოლო ათი მანეთი გადმოგვიგდოო” – ორჯერ რეპრესირების ისტორია

03.07.2024 •
“ვაგონის პატარა ფანჯრიდან ბოლო ათი მანეთი გადმოგვიგდოო” – ორჯერ რეპრესირების ისტორია

75 წლის ეთერ მიქელაძე მრავალგზის რეპრესირებული ოჯახის წევრია. ეთერ მიქელაძე ამბობს, რომ მისმა ოჯახმა უმძიმესი პერიოდი გამოიარა სტალინური რეპრესიების დროს. დაუხვრიტეს ბიძა, გადაუსახლეს მამა და დეიდის ქმარი.

„ბაბუაჩემი, ეუბი ქამადაძე შუახევში, ნენიაში ცნობილი კაცი იყო. ვაჭრობდა, თურქეთში გადადიოდა, შეძლებული ოჯახი ჰქონდა. მიყვებოდნენ, რომ ნენიაში პირველი მასწავლებელი სწორედ ჩვენ ოჯახში მოიყვანეს. ასევე, სოფელში პირველად ჩვენი ოჯახის ქალებმა მოიხსნეს ჩადრი და საზოგადო ცხოვრებაში ჩაებნენ.

განსაკუთრებით ცნობილი იყო ბიძაჩემი, ხულუსი ქამადაძე, რომელიც 1938 წელს ბათუმში, ე.წ. სამეულმა სასამართლოს გარეშე დახვრიტა.

მამაჩემი, ხუსეინ მიქელაძე, ხულოში მუშაობდა, საფინანსო განყოფილების უფროსი იყო, ასე ვიცი. ნაკითხი, კულტურული და განათლებული კაცი. 1937 წელს დააპატიმრეს და ათი წლით გადაასახლეს. მასთან ერთად გადაასახლეს დეიდაჩემის ქმარიც. მამა დაბრუნდა, ბიძაჩემი კი უგზო-უკვლოდ გაქრა“, – გვიყვება ეთერ მიქელაძე.

ეთერ მიქელაძე

როგორც ეთერ მიქელაძე იხსენებს, მამა გადასახლებიდან ათი წლის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა მას მშობლიურ სოფელ ნენიაში ცხოვრების უფლება არ მისცეს, ამიტომ ქობულეთში, რკინიგზასთან ახლოს დასახლდა.

„მე დავიბადე 1949 წელს, მამაჩემის გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ. 9 თვის ვყოფილვარ, როდესაც მამას კიდევ ერთი უწყება მოუვიდა. ისევ ასახლებდნენ, ამჯერად სამუდამოდ, ყაზახეთში.

როცა მეორედ დააპატიმრეს, მაშინ უკვე ქობულეთში ვცხოვრობდით. ჩვენი სახლი რკინიგზის პირას იყო. დედისგან მახსოვს, ჰყვებოდა: „როცა მატარებელმა ჩამოიარა, მთელი სოფელი რკინიგზის გასწვრივ იყო შეკრებილიო. მამაშენმა ვაგონის პატარა ფანჯრიდან ბოლო ათი მანეთი გადმოგვიგდო, ალბათ იფიქრა „მე აღარაფერში დამჭირდებაო“. როცა ყაზახეთში ჩავიდა, იქიდან წერილებს წერდა. ერთხელაც მოიწერა, ჩამოდითო.

წავედით დედა და ბავშვები. 1951 წელი იყო, მე წლინახევრის ვიყავი. როცა ჩავედი, გავიქეცი და პირველი მამაჩემს ჩავეხუტე. მამაჩემმა იტირა, როგორ მიცნო ბავშვმაო. სტალინი რომ გარდაიცვალა 1953 წელს, მაგის მერე გაგვათავისუფლეს. 4 წლის ვიყავი, როდესაც ქობულეთში დავბრუნდით. თავიდან ქართული არ ვიცოდი კარგად, სულ რუსულად ვლაპარაკობდი,“ – იხსენებს ეთერ მიქელაძე.

ხუსეინ მიქელაძის რეაბილიტაციის ცნობა ოჯახმა 1989 წელს მიიღო. ამ რეაბილიტაციის ცნობის თანახმად, ხუსეინ მიქელაძის ბრალი ასე იყო ფორმულირებული:

„მოქალაქე ხუსეინ ისმაილის ძე მიქელაძეს, დაბადებულს 1908 წელს, ხულოს რაიონში, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს განსაკუთრებული სათათბიროს 1950 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 5842 შეიარაღებული აჯანყება და 50-11 ყოველგვარი ორგანიზებული ქმედება მიმართული დანაშაულის მომზადებისა და ჩატარებისათვის, მუხლების საფუძველზე მიესაჯა გასახლება ჯამბულის ოლქში“, – ვკითხულობთ ოფიციალურ დოკუმენტში.

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 16 იანვრის ბრძანებულების პირველი პუნქტის თანახმად, ხუსეინ მიქელაძეს ბრალი მოეხსნა და ის რეაბილიტირებულია.

„მამაჩემი სულ სვამდა კითხვას, რისთვისო, რისთვის გამასახლესო. რა დავაშავეო. ეს კითხვები მეც მქონდა. რა დააშავა მამაჩემმა-მეთქი. ერთხელ მითხრეს სამსახურში – „კარგი, ეთერიო, ტყუილად არავინ არ გაასახლებდა მამაშენსო“. გული მეტკინა, მაგრამ არაფერი ვთქვი და დარდი გულში ჩავიკალი.

ჩემმა დამ ვერ გაუძლო ქობულეთში მეზობლების მუდმივ გაკიცხვას, „ხალხის მტრის“ შვილის სახელს. ნენიაში დაბრუნდა და იქ დაამთავრა სკოლა. მერე კი კარგი განათლება მიიღო, მაგრამ ის მაშინდელი ამბები სულ ახსოვდა“, – იხსენებს ეთერ მიქელაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: