მთავარი,სიახლეები

კორპუსი შუა ბათუმში მრიცხველების გარეშე – რას ამბობს „ოცნებასთან“ დაახლოებული მშენებელი

01.07.2024 •
კორპუსი შუა ბათუმში მრიცხველების გარეშე – რას ამბობს „ოცნებასთან“ დაახლოებული მშენებელი

„აქ ცხოვრება აღარ შეიძლება – როდის გაითიშება შუქი და რამდენი ხნით, არავინ იცის. დღესაც არ გვქონდა შუქი, ახლა მოვიდა… არ შეასრულა პირობა ბიზნესმენმა მერაბ ფარტენაძემ, კომპანიამ, რომელმაც ეს კორპუსი ააშენა,“ – ამბობს ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრები მაგული სურმანიძე.

კორპუსი, სადაც ის 2018 წლიდან ცხოვრობს, გამრიცხველიანებული არ არის.

მერაბ ფარტენაძე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია.

მცხოვრებთა ბრალდებას იმაზე, რომ მშენებელმა კომპანიამ პირობა არ შეასრულა, ადასტურებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ – კომპანია „ბალავარს“ შესაბამისი პროექტით ენერგოკომპანიისთვის არ მიუმართავს. ეს ბინა არც ბათუმის მერიას ჩაუბარებია.

„მე ძველი მაცხოვრებელი ვარ, ამ კორპუსის აშენებამდე ამ ადგილას ვცხოვრობდი და იმდენნაირად დავზარალდი, აღარ მაქვს მაგის აღწერის თავი. მხოლოდ შუქი გვქონდეს, იმას ვდავობთ ამდენი წელია და არ იქნა, ვერ მივაღწიეთ ამას. მშენებელი თავის ვალდებულებას არ ასრულებს, ენერგო-პრო კი გვეუბნება, რომ კომპანიამ უნდა შეასრულოს ვალდებულება,“ – გვიყვება მაგული სურმანიძე. – „სადარბაზოც პრობლემაა, ლიფტი და სახურავი…

არ ვიცი, რატომ არ სურს კომპანიას ჩვენთან აღებული ვალდებულების შესრულება. თავის დროზე, ვინც დაიწყო მშენებლობა, მან არ შეასრულა პირობა და გადაიბარა მერაბ ფარტენაძემ იმ პირობით, რომ შეღავათები ექნებოდა მერიიდან. მშენებლობა ამ ბიზნესმენმა კი დაასრულა 2018 წელს, მაგრამ პრობლემაა სადარბაზო, ლიფტის კარი ვარდება, სახურავიც დაუსრულებელია“.

მაგული სურმანიძემ „ბათუმელებს“ ასევე უთხრა, რომ კომპანია „ბალავარი“ უკვე გაკოტრებულია. აღარ ვიცით, ვის მივმართოთო.

ამ კორპუსის კიდევ ერთი მცხოვრები, მაია ფაღავა გვიყვება, რომ ისიც უშუალოდ ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძეს შეუთანხმდა, როცა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 2017 წელს ბინას ყიდულობდა. ის კომპანია „ბალავართან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას გვაჩვენებს, სადაც მითითებულია, რომ კორპუსში, სადაც მან ბინა იყიდა, კომპანია უზრუნველყოფდა „ელექტროგაყვანილობის ცენტრალურ დგარებს“.

„წლების განმავლობაში ვსარგებლობთ კომერციული ფართობების დენით, კომერციულ ფასს ვიხდით, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ ხშირად უშუქოდ ვრჩებით – ადრე დაბალი სიმძლავრის გამო ითიშებოდა – მბჟუტავი შუქი გვქონდა, ახლა კი, დავალიანების გამო ითიშება. ჭირს იმის გარკვევა, ვინ არ იხდის ამ კომერციული ელექტროენერგიის საფასურს, მხოლოდ თვითნებურად დამონტაჟებული მრიცხველები გვაქვს. კომერციული ფართობების მფლობელებმა რამდენჯერმე დაფარეს სხვების დავალიანება, მაგალითად, საკონდიტრომ, რომელსაც პროდუქტები გაუფუჭდებოდა, მაგრამ გადიან ისინიც უკვე აქედან… რამდენ ხანს უნდა იხადონ სხვისი გადასახადები?

თავის დროზე, როცა ბინები შევიძინეთ, 400-400 ლარი გადავიხადეთ მრიცხველებისთვის, მაშინ ეს იყო საფასური, მაგრამ გამრიცხველიანება არ მომხდარა. კომპანიაში ამბობდნენ, რომ ეს იყო ენერგოკომპანიის პრობლემა, ენერგოკომპანიაში კი მიპასუხეს, რომ კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამისი პროექტით. ჩვენ, ინდივიდუალურად ენერგო-პროს ვერ მივმართავთ.

საბოლოოდ კომპანია გაკოტრდა და იქ აღარავინ გვპასუხობს. სასამართლოს რომ მივმართოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დავა, არავინ იცის.

მერაბ ფარტენაძესაც დავურეკე. მიპასუხა, მე გავედი უკვე მაქედან, არ მაქვს კომპანიასთან შეხება, თუ არ მოგწონს, გაყიდეო. მიპოვა გამოსავალი,“ – გვითხრა მაია ფაღავამ.

„მე რა შუაში ვარ? მე ვიყავი შავი მშენებლობის შემსრულებელი და 2017 წლიდან გავედი „ბალავარიდან“, ჩემი წავიღე და წავედი,“ – ამბობს ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე. ის მართლაც აღარ ფიგურირებს კომპანია „ბალავარში“, რომელსაც 2017 წელს აშენებული კორპუსი ამ დრომდე ბათუმის მერიისთვის არ ჩაუბარებია. თუმცა მერაბ ფარტენაძის ცოლი, თამუნა კახიძე „ბალავარის“ მესაკუთრე იყო 2023 წლის ნოემბრამდე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, თამუნა კახიძისგან წილები 2023 წელს იაშა გოჩიტიძემ იყიდა. მისი ტელეფონი დღეს, პირველ ივლისს მიუწვდომელი იყო. „ბათუმელებმა“ სცადა დაკავშირება თამუნა კახიძესთან, თუმცა მან ჩვენი სატელეფონო შეტყობინება უპასუხოდ დატოვა.

კომპანიის ყოფილი და ამჟამინდელი მესაკუთრეებისთვის გვინდოდა გვეკითხა: რატომ არ შეასრულა ამ დრომდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება?

ბიზნესმენმა მერაბ ფარტენაძემ გვითხრა, რომ შუქის პრობლემა კომპანიის კი არა, მცხოვრებლების ბრალია.

„მეც მაქვს ბინა ამ კორპუსში, მეც მაქვს ანალოგიურად პრობლემა, მეც კომერციულს ვიხდი… მოსახლეობაა ასეთი, თანხის დადება არ უნდათ, მრიცხველები გაძვირდა, ადრე თუ იყო 400 ლარი, ახლა ძვირია,“ – ამბობს მერაბ ფარტენაძე.

მას ამ კორპუსის სადარბაზოში გამოკრულ განცხადებაზე ვკითხეთ, რომლის მიხედვითაც გამრიცხველიანებისთვის ბინადრებმა 2500-2500 ლარი უნდა დადონ. განცხადებაში მითითებული არ არის, ვინ შეადგინა განცხადება და ვინ ითხოვს 2500 ლარს. ბიზნესმენი ირწმუნება, რომ ქალაქის უბნის მდებარეობასა და კორპუსზეა დამოკიდებული მრიცხველის ფასი.

„ეს გამორიცხულია,“ – „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ სისტემაზე ინდივიდუალური მრიცხველის დაკავშირება ამ ეტაპზე 800 ლარი ღირს, თუმცა მანამდე შესაბამისი სიმძლავრის ელექტროენერგია უნდა შევიდეს კორპუსში.

„იმისთვის, რომ მოხდეს მრავალბინიანი სახლის ქსელზე მიერთება, საჭიროა ობიექტის მესაკუთრემ მოგვმართოს შესაბამისი განაცხადით. განაცხადს უნდა დაერთოს სრულყოფილი დოკუმენტაცია. სრულყოფილად განაცხადის შემოტანის შემთხვევაში სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განიხილავს და იმოქმედებს კანონის შესაბამისად, რათა უზრუნველყოს ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება,“ – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიის“ პრესცენტრიდან და დასძინეს, რომ ამ კომპანიიდან პროექტი 2021 წელს მიიღეს, მაგრამ ის დახარვეზდა. ახალი, სრულყოფილი პროექტით კი, კომპანიას „ენერგო-პრო ჯორჯიისთვის“ 2021 წლის შემდეგ არ მიუმართავს.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ასევე განმარტეს, რომ ცალკეული მოქალაქეები, როცა ისინი ახალ კორპუსში შედიან საცხოვრებლად, ენერგოკომპანიას გამრიცხველიანების მოთხოვნით ვერ მიმართავენ.

რატომ არ ჩაიბარა ბათუმის მერიამ კორპუსი ქალაქის ცენტრში, სადაც ოჯახები 2018 წლიდან ცხოვრობენ?

„აღნიშნული სამშენებლო კომპანიას ექსპლუატაციის მიღების მოთხოვნით არ მოუმართავს. რაც შეეხება კანონდარღვევას, ძველი სამშენებლო სამართალწარმოების ფარგლებში კომპანია დაჯარიმებულია,“ – მოგვწერეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრიდან.

მერაბ ფარტენაძე [მარცხნივ] ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან, რამაზ ჯინჭარაძესა და მის მოადგილესთან ერთად

მერაბ ფარტენაძე [მარჯვნივ პირველი] „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: