როსტოვში უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად ნავთობის საცავი იწვის

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და სპეციალური ძალების სპეცრაზმის სამხედროებმა რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის საცავს, „ატლასს“ უკრაინული წარმოების დრონებით შეუტიეს.

აღნიშნული საცავი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია და ნავთობპროდუქტებს აწვდის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.

თვითმხილველების თქმით, ნავთობის საცავში ხანძარი ამ დრომდე გრძელდება.

_________

ფოტო: „ტელეგრამი“

 

სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 22-25 აგვისტოს სარფის საბაჟოზე მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური ასევე, ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 402,08 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 47 214,18 ლარი შეადგინა. აღნიშნულ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრების მიერ კიდევ ერთი კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა – უცხო ქვეყნის მოქალაქეს საზღვარზე არადეკლარირებული 40 000 აშშ დოლარი და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა: 328.46 გრამი) შემოჰქონდა.

უწყების ცნობით, კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბათუმში ჭაჭა თაუერს დანგრევა დაიწყეს

ბათუმში, ნავსადგურის მიმდებარედ ჭაჭა თაუერს ანგრევენ.

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ არსებული სკვერის კონცეფცია ბათუმის მერიას შპს „ბათუმი რივიერამ“ წარუდგინა. კომპანიის განცხადებით, პარკის კონცეფცია, რომელიც „ქალაქის საკუთრება იქნება“ საკრებულომ მოიწონა. ჭაჭა თაუერის დანგრევას სწორედ ეს კონცეფცია ითვალისწინებს.

ბათუმში ჭაის კოშკის დანგრევა დაიწყეს / 28.08.2024. ფოტოები: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

საკრებულოს 2024 წლის 9 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, სკვერის კონცეფცია მოიცავს ე.წ. „ბურუნ-თაბიეს“ ტერიტორიას, რომელიც ერთი მხრიდან ნავსადგომსა და გოგებაშვილის ქუჩას შორის არის მოქცეული, ხოლო მეორე მხრიდან – ბულვარსა და ე.წ. „ჭაჭის კოშკის“ სკვერს შორის.

ბათუმში ჭაის კოშკის დანგრევა დაიწყეს / 28.08.2024.

„ჭაჭის თაუერი“ 2012 წელს აშენდა. მისი მთავარი გუმბათი 25 მეტრი სიმაღლისაა, დანარჩენი 4 გუმბათი კი – 5 მეტრი სიმაღლის. კოშკს გარს აკრავს ოთხი შადრევანი. თითოეულ მათგანზე დამონტაჟებულია ჭაჭის ჩამოსასხმელი, სადაც ჭაჭა, განსაზღვრულ საათებში, სპეციალური სენსორული მოწყობილობის საშუალებით მოედინებოდა.

„ჭაჭის თაუერის“ მშენებლობაში ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან თავის დროზე 810 055 ლარი დაიხარჯა.

ბათუმში ჭაის კოშკის დანგრევა დაიწყეს / 28.08.2024.

ამ თემაზე:

ანგრევენ ჭაჭა თაუერს, რაშიც ბათუმმა 810 000 ლარი დახარჯა – „რივიერას“ კონცეფცია დაუმტკიცეს

„ოცნებას“ ყველაზე ბევრი აჭარიდან შესწირეს – მშენებლების „ფანდრაიზინგი“

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ე.წ. დელეგატების წარდგენის შემდეგ თქვა, რომ საარჩევნოდ პარტიის ფანდრაიზინგი მას ევალება. ეს იგივეა, რაც არჩევნებზე პიარისთვის დასახარჯი ფულის შეგროვება. პრემიერმა განგვიმარტა ისიც, რომ „მთელ მსოფლიოში“ ასე ხდება.

შემოწირულობა ერთხელაც თუ გადაავლებთ თვალს, მიხვდებით, რომ აგვისტოში ყველაზე მეტი ფული პარტიისთვის ირაკლი კობახიძეს აჭარაში შეუგროვებია, ეს თანხა ნახევარ-მილიონზე მეტია. ერთი თვალის გადავლებით მიხვდებით იმასაც, რომ „ოცნების“ სასარგებლოდ ძირითადად ის იხდის, ვინც დიდ ფულს აკეთებს ტენდერებიდან, მშენებლობიდან და ასე შემდეგ.

აგვისტოს მონაცემებს თუ შევისწავლით, მათი უმეტესობა სამშენებლო კომპანიის მფლობელია.

8 აგვისტოს „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის შვილმა, თემურ ბიწაძემ „ოცნებას“ 45 000 ლარი შესწირა, მმართველი პარტიის ანგარიშზე მან  გასული წლის ბოლოსაც გადარიცხა 40 000 ლარი. საერთო ჯამში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მმართველი პარტიის ანგარიშის შესავსებად თემურ ბიწაძემ 85 000 ლარი გაიღო. თემურ ბიწაძე თავადაც რამდენიმე სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი, თანამფლობელი და ხელმძღვანელია.

იმავე დღეს „ოცნებას“ 58 000 ლარი შესწირა „ალიანსის“ ფინანსურმა დირექტორმა დავით ბალაძემ. 2023 წლის დეკემბერში კი მას „ოცნების“ ანგარიშზე 60 000 ლარი აქვს შეტანილი. დავით ბალაძე „ოცნების“ შემწირველია 2019 წლიდან, ამ დროიდან 2024 წლის ჩათვლით მან „ოცნებას“ 258 000 ლარი შესწირა.

დავით ბალაძე აჭარის ყოფილი ფინანსთა მინისტრია. ერთ-ერთი კომპანიის დირექტორად ზაურ ფუტკარაძის დანიშვნის შემდეგ ის მეორე ყოფილი მინისტრია, რომელიც „ალიანსისთვის“ მუშაობს.

8 აგვისტოს „ოცნების“ ანგარიშზე 58 000 ლარი შეიტანა „ალიანსის“ კიდევ ერთმა პარტნიორმა და თანამესაკუთრემ, ბესიკ ჟღენტმა. გასული წლის ბოლოს მან ასევე შესწირა „ოცნებას“ 60 000 ლარი. ბესიკ ჟღენტს „ოცნებისთვის“ თანხა 2020-2021 წლებშიც შეუწირია, ჯამში 120 000 ლარი.

ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ალიანს ცენტროპოლისის“ კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო. მარცხნიდან მეორე „ალიანსის“ დამფუძნებელი გია ბიწაძე, ყოფილი პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ფოტო: საქართველოს მთავრობა.

2024 წლის 8 აგვისტოს „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა ზურა ნასყიდაშვილმა, ის შპს „ატმ – ანბანის კოშკის მენეჯმენტის“ ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორია, ამ კომპანიას ბათუმის ანბანის კოშკი მართვაში აქვს გადაცემული. ზურა ნასყიდაშვილი ხელმძღვანელობს შპს „მზიური დეველოპმენტს“, რომელმაც მახინჯაურში, ზღვასთან ახლოს მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენა. ის კიდევ რამდენიმე კომპანიის მფლობელი და თანამფლობელია.

„მზიური დეველოპმენტი“ – მიმდინარე მშენებლობა

„ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა ბიზნესმენმა ჯუმბერ ზოიძემ. ის რამდენიმე სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელია. მმართველ პარტიას 60 000 ლარი შესწირა მისმა პარტნიორმა თამაზ ბექაიამაც. 40 000 ლარი შესწირა ასევე  „ოცნებას“ ჯუმბერ ზოიძის კიდევ ერთმა პარტნიორმა დავით დუმბაძემ, ის შპს „ჯეილან ჯორჯიას“, შპს „ტექნიკ სერვისის“ და სხვა კომპანიების დამფუძნებელი და თანამფლობელია. ოცნებას 15 000 ლარი შესწირა ალექსანდრე ბაღათურიამ, ისიც ჯუმბერ ზოიძის პარტნიორია.

2 აგვისტოს ნუკრი დოლიძემ „ოცნებას“ 58 000 ლარი შესწირა. ის შპს „ბონდი 2009“-ის დამფუძნებელი და ერთ-ერთი მფლობელია. ეს კომპანია სახელმწიფო უწყებების მაღალბიუჯეტიან ტენდერებს იგებს. ნუკრი დოლიძე შპს „მონოლითი 2005“-ის და კიდევ რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და თანამფლობელია.

ის იყო ბათუმის 2007-2010 წლების საკრებულოს წევრი  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი კომპანიების სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის ისტორიაც. მისი შვილი ლევან დოლიძე კი ბათუმის საკრებულოს წევრია „ოცნებიდან.“

„ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა ბიზნესმენმა რამინ დავითაძემ, ლაშა ზოიძემ კი მმართველ პარტიის ანგარიშზე 50 000 ლარი შესწირა, ჯემალ და ომარ ბოლქვაძეებმა ოცნებას 25-25 000 ლარი შეწირეს.

„ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა „ელთ ბილდინგის“ მფლობელმა ელგუჯა თურმანიძემ. მან ახალი ბულვარის მიმდებარედ რამდენიმე მასშტაბური სამშენებლო პროექტი დაასრულა, რამდენიმეს კი ახლა აშენებს.

25 ივლისს „ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა თენგიზ პეტრიძემ, ბათუმის ყოფილი მერის, ყოფილმა მოადგილემ. ის ახლა გია ჭყონიას ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია.

თავად გია ჭყონიამ კი, რომელიც პრემიერ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით „ოცნების“ გამსვლელ სიაში იქნება, მმართველ პარტიას 2024 წელს 50 000 ლარი, გასული წლის ნოემბერში კი 60 000 ლარი შესწირა. საერთო ჯამში 2016 წლიდან დღემდე გიორგი ჭყონიას 460 000 ლარი აქვე შეწირული „ოცნებისთვის“.

გია ჭყონიამ 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო ტენდერებიდან – მან მთავრობას ჩარტერი დაუფინანსა.

ბათუმელი ბიზნესმენები მალიორკაზე – ბიზნესმენი გიორგი ჭყონია (მარჯვნიდან პირველი) აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესა და სხვა ბიზნესმენებთან ერთად კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტი, რომელშიც უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სწორედ ბათუმში მოქმედმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს.

19 აგვისტოს ბიზნესმენმა გელა გაბაიძემ „ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა, ის დიდი ხანია, რაც სამშენებლო ბიზნესშია. ის არის „ტერასა ბათუმის“, „ბლექ სი ტერასას“ და კიდევ რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და თანამფლობელი. გელა გაბაიძემ 60 000 ლარი „ოცნებას“ გასული წლის ნოემბერშიც შესწირა. 2021 წელს კი 10 000 ლარი შეუწირია მმართველი პარტიისთვის.

30 000 ლარი შესწირა „ოცნებას“ შპს ინსტრა-ბათუმის დირექტორმა დალი ჯიჯავაძემ. ის არის ასევე შპს ბლექ სი ფერის და კიდევ რამდენიმე კომპანიის თანამფლობელი და ხელმძღვანელი.

2023 წლის 7-8 დეკემბერს მმართველი პარტიის ანგარიშზე „ნოვას“ პარტნიორებმა საერთო ჯამში 300 000 ლარი შეიტანეს.

შპს „ნოვას“ ერთ-ერთმა მესაკუთრემ, ჯემალ ბოლქვაძემ „ქართულ ოცნებას“  60 000 ლარი შესწირა. მისი შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე გასული წლის 8 დეკემბერს დაფიქსირდა.
ჯემალ ბოლქვაძე შპს „ნოვას“ 20 პროცენტის მფლობელია. ის შპს „აბბარენთის“ 50 პროცენტს, შპს „ბიას“ 25 პროცენტს და შპს „ელიტ ჰაუსის“ 12.5 პროცენტს ფლობს. ის არის ასევე შპს „ნოვა ტრანსის“ 20 პროცენტის მფლობელი.
„ნოვა“ დიდი ხანია, რაც ბაზარზე სამშენებლო მასალებისა და ავეჯის აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია.
შპს „ელიტ ჰაუსი“ კი სამშენებლო კომპანიაა, ბათუმის ახალ ბულვართან და ზღვასთან ახლოს მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა მისმა პარტნიორმა ზვიად აბულაძემაც. ის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და 20 პროცენტის მფლობელია. ის ფლობს ასევე შპს „ბიას“ 25 პროცენტს, „ელიტ ჰაუსის“ 25 პროცენტს და „ნოვა ტრანსის“ 20 პროცენტს.
ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად, პოლიტიკური სიმპათიები ფულადი შეწირულობით ზვიად აბულაძემ მეორედ დააფიქსირა. 2012 წელს მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 25 000 ლარი შეუწირია.
„ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა „ნოვას“ კიდევ ერთმა თანამფლობელმა ჯემალ ანთაძემ. 60-60 ათასი ლარი შეიტანეს „ოცნების“ ანგარიშზე „ნოვას“ პარტნიორებმა – რამაზ ირემაძემ და ემზარ ირემაძემაც.

გასული წლის ბოლოს „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა აკაკი სონგულიამ, ისიც „ალიანსის“ პარტნიორია. 2011 წლამდე სონგულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. „ალიანსში“ 2016 წლიდან გამოჩნდა. „ოცნების“ მხარდაჭერა კი ცოტა ადრე, 2014 წელსაც ფულადი შენატანით, 20 000 ლარით გამოხატა.

2023 წლის ბოლოს „ოცნებას“ თანხები „ალიანსის“ მენეჯმენტში დასაქმებულებმაც შესწირეს. გასული წლის დეკემბერში „ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა მაგდანა ფეიქრიშვილმა, ის „ალიანსის“ გაყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

2021 წელს მან „ოცნებას“ თანხა ორჯერ, ჯამში 60 000 ლარი, ხოლო 2020 წელს 40 000 ლარი შესწირა. „ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა სალომე სიხარულიძემ, ის „ალიანსის“ გაყიდვების უფროსი მენეჯერია. 2020-2021 წლებში სალომეს „ოცნების“ ანგარიშზე ჯამში 50 000 ლარი შეუტანია.

„ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებელი გია ბიწაძე „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და შემწირველია. 2014 წელს გიორგი ბიწაძემ „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 611 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090]
  • ტანკი – 8 568 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 16 681 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 17 522 ერთეული [+27]
  • MLRS – 1 174 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 938 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 348 ერთეული [+94]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 553 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 23 654 ერთეული [+41]
  • სპეცტექნიკა – 2 950 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 640 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 30 613 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 589 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 426 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 720 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 25 312 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კიევი: ჩამოგდებულია რუსული სუ-25

უკრაინამ შექმნა პირველი ბალისტიკური რაკეტა – ზელენსკი

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ქალი 30 სული პირუტყვით მთაში – „გაყინვა მელის, არ მაქვს ბოსელი და არც სახლი“ | ვიდეო

„სიღარიბეში გავიზარდე და ვიცი, რომ ძალიან ძნელია სიღარიბე. როცა ბავშვები კანფეტს ჭამდნენ და ქაღალდს აგდებდნენ, ავიღებდი და ვყნოსავდი, რა კაი სუნი აქვს-მეთქი. ამის თავიდან აცილება მინდოდა. არ მინდოდა, რომ უბრალოდ მეარსება. მეც მინდოდა მქონოდა ის კანფეტი.

სწორედ ამისთვის ვიბრძვი.

ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი მეთქვა. უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს. წელს მე აქ სიკვდილმისჯილი ვარ.

მინდა მქონდეს პატარა მიწა, სადაც ცალკე სახლი და ბოსელი მექნება, თავშესაფარი ჩემი ცხოველებისთვის, რათა როგორც მუშა ფუტკარმა, ისე ვიფუსფუსო და ვიყო ბედნიერი. აი, როგორც ჭრიჭინა, ისე. აბა დელი დელი დელა…“ – წაიმღერა ნათიამ და ხმა გაუწყდა – „ნეტა რა მაცინებს?“

38 წლის ნათია აბულაძე მთელი ცხოვრებაა იბრძვის, რომ სიღარიბეს თავი დააღწიოს და მშობლებისგან დამოუკიდებლად, მოძველებული ტრადიციული შეხედულებებისგან თავისუფალმა იცხოვროს.

YouTube video player

ნათია იხსენებს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მის ცხოვრებაში იყო დრო, როცა „თვალი მხოლოდ გაპრანჭვაზე ეჭირა“, მაგრამ მალევე მიხვდა, ეს არაფერს მომიტანსო. ორი ხბო იყიდა და მესაქონლეობას მიჰყო ხელი. ამ ორიდან ერთი მგელმა შეუჭამა, მაგრამ ყურები არ ჩამოყარა და ბრძოლა განაგრძო.

ახლა ნათიას 30 სული პირუტყვი ჰყავს, თუმცა არ აქვს ბოსელი და არ აქვს სახლი, სადაც დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებდა. ნათიას წასასვლელი არსად აქვს, ის მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

ბევრჯერ ეცადა საქონლის გაყიდვას, თუმცა მისი თქმით, ის ფასი, რასაც პირუტყვში სთავაზობენ საგრძნობლად დაბალია.

მაგრამ ნათია ბევრს მუშაობს და ოცნებობს პატარა სახლსა და პირუტყვის სადგომზე, რომ მშვიდად იცხოვროს და საქმის კეთება განაგრძოს.

ნათია არ ნებდება. გასულ წელს, პირუტყვისთვის სადგომის შეძენაში დახმარების თხოვნით მან მთავრობასა და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ნათია გულდაწყვეტით ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოატყუა.

ნათიას ხულოში, სოფელ ვაშლოვანის იალაღზე შევხვდი. მემთეურები უკვე ნელ-ნელა ტოვებენ იალაღს, პირუტყვი ბარში, სოფლებში ჩაჰყავთ, მაგრამ ნათიამ არ იცის, სად უნდა წაიყვანოს თავისი ძროხები.

„ვარ დარჩენილი აქ, იალაღზე, რადგან წასასვლელი არსად მაქვს. საკუთარი არაფერი არ მაბადია, გარდა ამ პირუტყვისა. შარშან 20 სული იყვნენ, წელს – 30. უკვე სამი თვეა, რაც აქ ვარ. მყიდველები რომ მოდიან, იძახიან – „რა პატარაა, მოდი, 50 ლარში მომეცი და წავიღებ“. თან – „წავიღებ“ – ასე ამბობენ. ამდენ შრომას როცა ვდებ, ვერ გავატან ასე, ჰაერზე. მშობელიც ვერ მეხმარება, იმიტომ, რომ 500 მეტრი მიწა აქვს. სახლიც და პატარა ბოსელიც ამ მიწაზეა. მანქანის გასაჩერებელი ადგილიც არ რჩება.

ვწვალობ.

მშობლები მეუბნებიან, საქონელი უნდა გაყიდოო. ჩაი დალიე და ნუ იკლავ თავსო. მე კი არ მინდა უბრალოდ ვარსებობდე. მინდა წინ წავიდე, განვვითარდე და ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ.

იმის გამო, რომ მათხოვარი და მაწანწალა არ ვყოფილიყავი, ვიფიქრე, მოდი, რაღაცას გავაკეთებ, მე შევცვლი ჩემს ცხოვრებას – გამოვალ სიღარიბიდან. სხვა რა უნდა გააკეთო ღარიბმა ადამიანმა? ვიყიდე ორი ხბო და გავზარდე. ორი ოთხი გახდა, ოთხი – ექვსი და ასე შემდეგ. ზოგი დამეღუპა, ზოგი მგელმა შეჭამა, მაგრამ მაინც არ ვნებდები და ვიბრძვი.

ნათია აბულაძე. ფოტო: ბათუმელები/ნინო ართმელაძე

შარშან 20 სული მყავდა და სახელმწიფოს ვთხოვე, რომ დამხმარებოდა. მითხრეს, ჩვენ ასეთი ფონდი არ გვაქვს, ამოწურულია და როგორც გინდა ისე მოიქეციო. ვუთხარი, სოფლის მეურნეობის მინისტრს დამალაპარაკეთ-მეთქი. ჩვენ ვერ ვხვდებით მაგას და შენ საიდან უნდა შეხვდეო.

გული მომიკლეს საბოლოოდ. იალაღზე ვიყავი და ველოდი, ეგებ რაღაც დახმარება გაეწიათ ჩემთვის, მაგრამ ერთ დღეს გავიხედე, რომ ისე თოვდა, შიშით გული კინაღამ გამისკდა.

მთელი დღე ვებრძოდი ქარბუქს. სახლებს მოხადა სახურავი და ხან სად გადააფრენდა და ხან – სად. ძროხებს შესცივდათ. კუდი ამოიჩარეს ფეხებში, კბილების კრაჭუნი დაიწყეს. თოვლმა დაფარა ყველაფერი. არც საკვები მქონდა, არც სითბო, არაფერი. საკუთარი ძალებით ვიბრძოდი საქონლის გადასარჩენად იმის იმედით, რომ მთავრობა რაღაცას დამეხმარებოდა.

ვიფიქრე, ამ სახლში ამოვიტან თივას, დავყრი და გამოვაზამთრებ ძროხებს, მაგრამ წყალი რომ გაიყინოს, რა ვქნა – მეთქი?! შარშან მგლები დამესივნენ, ძროხის სუნზე შეძვრნენ ქვემოთ. ბაგაში ჩავძვერი, რომ აიწყვეტდნენ ძროხები, მივაბამდი. დედაჩემს შიშით გული კინაღამ გაუსკდა. ლოგინში ჩაწვა და ხმას ვეღარ იღებდა.

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარეს ვთხოვე მაშინ, რომ ასეთი სიტუაციაა და იქნებ დამეხმაროთ რამენაირად-მეთქი. ვყიდდი და არ გაიყიდნენ, როგორ ფასშიც მე მინდოდა. უნდათ 1000 ან 500 ლარში. ავუხსენი ჩემი სიტუაცია, ბოსელი არ მაქვს სოფელში და მთაში არ გამიყინოთ პირუტყვი-მეთქი. რაღაც ვქნათ, დამეხმარეთ, მეც რაღაცას ვიზამ და ეგებ… სახელმწიფო ხარ და მეც სახელმწიფო ვარ, ჩემნაირებისგან შედგება სახელმწიფო.

მერს დაველაპარაკებით და რაღაცას ვიზამთო – მითხრა.

სიხარულისგან იცი როგორ ამოვედი იალაღზე?! სირბილით! გახარებული ვიყავი: დამეხმარებიან, მე ეს შევძელი, მე ეს გამომივიდა! და „ჩემი ფეხები“! ბოდიში.

დღეს ისევ ასე ვარ, ჩემი ხელების და ფეხების ამარა. ახლა უკვე მართლა არ მაქვს იმედი, იმიტომ, რომ ბევრნი არიან და ასეთი ბოსელი არავის არ აქვს. რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე? არ ვიცი. ცოტა ხნის მერე რომ დავურეკე საკრებულოს თავმჯდომარეს, მითხრა – მე ჩემი ძროხები მომწყენიაო. გული მომიკვდა. სხვა რაღა უნდა მეთქვა და რა უნდა გამეკეთებინა? შემომითვალეს, სასაკლაოა აგერ თუ ვერ გაყიდა, ჩამოკიდოს ფეხებითო“.

გასულ წელს ნათია იალაღზე პირუტყვთან ერთად რომ არ გაყინულიყო, მათ ჩამოსაყვანად ადგილზე პოლიცია და მაშველები ავიდნენ.

ნათია აბულაძე. ფოტო: ბათუმელები/ნინო ართმელაძე

„იქ შემხვდა ერთი ქალი პოლიციელი და მითხრა, თავს რატომ აკლავ მაგ პირუტყვს, წაისვი მანიკიური, გაიარე, თმები გაისწორე…

დღესაც ჩაფიქრებული დავდივარ, ნუთუ ეს სამარცხვინო საქმეა?! დამამცირა. სილამაზეზე ღირებულიც არსებობს. ჩემნაირი დაკოჟრილი, დახეთქილი ხელები… მას ჰგონია, რომ მე არ ვარ ლამაზი, მე არ მინდა „გაკრასვა“ და არ შემშვენის? მე დღეს უფრო ღირებულად ის მიმაჩნია, რომ სიღარიბეს თავი დავაღწიო. ალბათ მოვა დრო და მეც „გავიკრასკები“.

ნათიამ მიამბო, როგორ მდგომარეობაში მოუწია მთელი ზამთრის გატარება ბარში ჩამოსულს მას შემდეგ, რაც მაშვლებმა იალაღიდან სოფელში ჩამოიყვანეს, სადაც საქონლისთვის სადგომი არ ჰქონდა.

„პირველ დღეს საქონელი სკოლის ეზოში შევრეკე და ღამე იქ გავათიე. კარგა ხანს ვერ ვიპოვე სადგომი. ჩვენი სახლის 10-სულიან ბოსელში 20 სული მყავდა შეშვებული. ერთი ძროხა მომიკვდა.

არავინ არ დამეხმარა და ბოლოს ერთმა ადამიანმა, რომელიც სოფელში არ ცხოვრობდა და ცარიელი ჰქონდა ბოსელი, მითხრა, შეუშვიო. პატარა იყო ეს ბოსელიც, მაგრამ 12 სული შევუშვი როგორღაც. ნახევარი ჩვენი სახლის ბოსელში გამოვაზამთრე, ნახევარი – იქ. ძალიან აღმართში იყო ეს ბოსელი და დღეში სამჯერ ავდიოდი პირუტყვზე რომ მეზრუნა.

მთელი ზამთარი ხის ტოტებზე ვიყავი გამოკიდებული, ოღონდ ეცოცხლათ. აქედან რომ ჩავედი, უკვე ზამთარი იყო და რა დროს ვუყიდდი საკვებს? ყველას გაყიდული ჰქონდა. სულ ხის ტოტებზე ვიყავი ციყვივით შემოსკუპებული. მარტო წვერებს ვუტოვებდი ხეს. დავამტვრევდი ტანებს, მოვიგდებდი ზურგზე… საქონელს რომ ჩავუყრიდი და კნატაკნუტს დაიწყებდნენ, ჩემთვის ყველაფერი იყო ეს, ბედნიერი ვიყავი.

ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ ჩვენ რეგიონებში აღმოვფხვრით სიღარიბესო. მე დიდ სტიმულს მაძლევდა ეს სიტყვები და მუხლმოდრეკად ვშრომობდი, დღე და ღამეს ვასწორებდი, ეგება რამე გვეშველოს – მეთქი. ადამიანო, თუ კი შენ გლეხს არ დაასაქმებ, სასაკლაოზე გამიშვებ…

მეუბნები: უბრალოდ იარსებე და ნუ წვალობ. მე მინდა, რომ ამოვიდე სიღარიბიდან და გთხოვ, მშრომელი ადამიანი ვარ, ვიშრომებ და არ მაშრომებ… ისევე, როგორც მცენარეს სჭირდება ნიადაგი, რომ აღმოცენდეს და ყლორტი და ფოთლები გაშალოს, ისე სჭირდება გლეხსაც მთავრობის ხელშეწყობა. რა გააკეთოს საწყალმა გლეხმა, როცა არის ღარიბი და ღატაკი. უნდა შრომა, მაგრამ არანაირი პერსპექტივა და შესაძლებლობა არ აქვს, მაგალითად, მე – აგერ“.

ნათია აბულაძე. ფოტო: ბათუმელები/ნინო ართმელაძე

ნათია ამბობს, რომ პირუტყვის გაყიდვა ბევრჯერ სცადა, თუმცა, გარდა იმისა, რომ მისი თქმით, მყიდველების შემოთავაზებული ფასი ძალიან დაბალია, ასევე, მას სჭირდება გარანტია, რომ თუ მაინცდამაინც სახორცედ წაიყვანენ საქონელს, ძროხები, რომლებიც ახლა მაკედ არიან, ხბოების დაბადებამდე არ დაკლან.

როგორც ნათია ამბობს, მისთვის დიდი სირთულეა რძის ნაწარმის გაყიდვაც, რადგან იალაღიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს: „მძღოლს გაატანდი და სთხოვდი ჩაებარებინა. მე ვერ მივდივარ, ერთი დღითაც ვერ ვტოვებ საქონელს. ვინ უნდა მიხედოს?“

ნათიას იმედი აქვს ადამიანების, რომლებიც მას გაუგებენ.

„მიწა რომ მქონდეს, ერთი-ორი პირუტყვი გავყიდო და რამე ჩავდგა… მაგრამ მე ხომ მიწა არ მაქვს?!

მშობელმა მითხრა, არ გვაქვს ამდენი საქონლისთვის ბოსელი, მე ვერ გაგიკეთებ და რომ არ გაყიდო, არ ჩამოგიშვებ სახლშიო. არ მინდა ასე, მთელი ცხოვრების ნაწვალებს როგორ გავანიავებ, აბა?! მერე რა ვქნა?! რა ვაკეთო?! დავჯდე და მართლა მანიკიური ვისვა?!

მე მინდა, რომ ჩემი მცირე დანაზოგით და მოქალაქეების დახმარებით, თუ კი გვერდში დამიდგებიან, სადმე მოშორებით, ცალკე პატარა სახლი გავიჩინო, დამოუკიდებლად ვიცხოვრო და ჩემი საქმე ვაკეთო. მივხედო პირუტყვს“.

ჩვენი საუბრისას ნათიამ ბევრჯერ თქვა, რომ მისი უწყვეტი და დაუღალავი შრომა სიღარიბისგან თავის დაღწევის მცდელობაა. მას დღემდე ცხადად ახსოვს, რა გამოიარა სიღარიბის გამო.

„ისე ვიზრდებოდით, რომ ხან გვქონდა საჭმელი და ხან – არა. მეცხრე კლასში მომიწია ბათუმში ექსკურსიაზე წასვლა. ბაბუ, ექსკურსიაზე მივდივართ და ეგებ ხუთი ლარი მომცე-მეთქი. მომცა 8 ლარი. ჩავედით ბათუმში. ზოგი „ეშმაკის ბორბალზე“ დაჯდა, ზოგი – სად. ვიცოდი, რომ ფული არ მეყოფოდა და მოვიმიზეზე, რომ „ეშმაკის ბორბლის“ მეშინოდა. არ დავჯექი. რომ მოვდიოდით, ორი კილო შაქარი ვიყიდე და წამოვიღე. დავმალე, ბავშვებს რომ არ დაენახათ და არ დაეცინათ ჩემთვის. დილას ჩაი რომ მიმეყოლებინა მჭადისთვის და სკოლაში ცუდად არ გავმხდარიყავი.

ეს მხოლოდ არსებობა იყო. არ მინდა ახლაც ასე იყოს. მინდა, ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ. ვშრომობ“.

ნათია საუბრობს იმაზეც, რომ „აჭარაში გოგო შვილს დიდ უპირატესობას არ ანიჭებენ“, ქალს ხშირად უთითებენ, რომ დროა დაქორწინდეს და მისი პირადი მიზნებისთვის პირუტყვის მოვლას შეეშვას.

„…სხვისი აზრით ძალიან ძნელია ცხოვრება. ვერა და ვერ მოვახერხე ჩემი შრომით პატარა ქოხი ვიყიდო.

მინდა, სახლში რომ მივალ, მშვიდად ვიყო და დაღლილს აღარ დამიწყონ ყვირილი. ხომ ხვდებით, არა?! იმდენი ვქენი, 30 სული პირუტყვის შეგროვება მოვახერხე. აი, გავიგონებ – „ჭინჭარი 20 თეთრი ღირს“, გავიქცევი და ვკრეფ, რომ ჩავაბარო და პირუტყვს წამალი, ქატო, მარილი, ზამთრის საკვები ვუყიდო“.

იალაღზე დილით პირუტყვის მოვლისა და სადგომის დასუფთავების შემდეგ ნათია მაშინვე კენკრის, ნეგოს, ჭინჭრის ან სხვა მცენარეების შესაგროვებლად მიდის, რომ პირუტყვის საკვების ფული შეაგროვოს.

ნათიას ვკითხე, ბოლოს შენთვის რა იყიდე-მეთქი. მითხრა, რომ თმის საღებავი, გასულ წელს, მაშინ შევხვდი საკრებულოს თავმჯდომარესაცო.

ახლა ნათიას პირუტყვი იალაღზე ორ ბოსელში ჰყავს გადანაწილებული. ერთ მოსახლეს სახლი დაკეტილი ჰქონდა და ნათიამ სთხოვა, მისთვის დაეთმო, სანაცვლოდ კი კარტოფილი გაუთოხნა და კიდევ პატივსაც ვცემო – ამბობს. აქ ნათიას დენი არ აქვს და არც კარგი ფანარი.

ფარანი კი არა, ძალიან მიყვარს ნაყინი და ისე გავა ზაფხული, ერთხელაც ვერ ვჭამო – ცრემლნარევი სიცილით ამბობს.

განსაკუთრებით უყვარს ლექსები და სიმღერა. ყოველთვის მღერის, როცა ძროხებს წველის, ნეგოს კრეფს ან სხვა საქმეშია გართული.

ჩვენი საუბრის დროსაც მოუნდა ემღერა. იქნებ ხვალ და ზეგ აქ, იალაღზე გავიყინო წასასვლელის არ ქონის გამო და ჩემი ეს ნამღერი დარჩესო.

ნათიას საყვარელი სიმღერები სამშობლოზეა. მიყვარს საქართველო, ძალიან მიყვარსო – ბევრჯერ მითხრა ჩვენი შეხვედრის დღეს.

ნათია აბულაძე. ფოტო: ბათუმელები/ნინო ართმელაძე
  • ერთი ადამიანის ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ – სად არის ამ დროს სახელმწიფო და რა შეუძლია? 

„ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რენარ ბოლქვაძეს დაუკავშირდა. მას ვკითხეთ, რა შეუძლია ხულოს მუნიციპალიტეტს ნათიას მხარდასაჭერად, როგორ ჩაიარა ნათიას შეხვედრამ მასთან გასულ წელს და თუ დაინტერესდა, როგორ გადაჭრა ნათიამ პრობლემა, ახლა როგორ ცხოვრობს და რა სჭირდება.

„მას [ნათიას] ჰყავს მშობლები, ბოსელიც აქვთ საქონლისთვის. მამამისმა უთხრა, რომ თქვენ ხართ ახალგაზრდა გოგო და ამდენი საქონელი მე არ მჭირდება, დააცოტავე და გაყიდეო, თორემ მაგას სადგომიც აქვს და დამხმარე ნაგებობაც, სადაც შეუძლია საქონელი დააბინაოს“, – გვითხრა ბოლქვაძემ. მას დავუზუსტეთ, რომ გასულ წელს ნათია სხვის სადგომს იყენებდა.

„ჰო, მაგრამ თვითონ მშობლებთან ვერ ჩამოყალიბდა. მშობლები უკრძალავენ, ამდენი საქონელი ჩვენ არ გვჭირდებაო.

ჩვენ როგორ უნდა დავეხმაროთ? ეროზიაში არ არის. სხვა როგორ უნდა დავეხმარო, ბოსელს აუშენებს ვინმე? არის გეოლოგების დასკვნა, რომ საცხოვრებელი ნორმალურია… უნარშეზღუდული არ არის, შშმ პირი არ არის ან რამე. დღესდღეობით პროგრამაში არ გვაქვს ჩვენ, რომ მოვიდეს ადამიანი და თქვას, მინდა შენობა და ამიშენეთო. როგორ უნდა აუშენო, აბა?!

ნებისმიერი პროგრამა, რაც გვაქვს, ნებისმიერი ის საშუალება, რითაც შეიძლება სახელმწიფომ გაუწიოს მას დახმარება, უნდა აკმაყოფილებდეს რაღაც კრიტერიუმებს. მოვიდა მარტო და თქვა, მე მჭირდება ეს – ასე არ ხდება, იმიტომ, რომ სახლიც აქვს, ბოსელიც, მთაც და ბარიც“.

რენარ ბოლქვაძე გვეუბნება, რომ 20-22 სული საქონლის ყოლა უკვე ფერმად ითვლება და მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხია.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები აქვს, რომ ფერმა გააკეთოს, რაც თანადაფინანსებით კეთდება. ნებისმიერ პროგრამაში ჩაერთოს, რაც დღესდღეობით სახელმწიფოს გააჩნია. სამინისტროს იმდენი პროგრამა აქვს, რომ დაწეროს პროექტი, რა თქმა უნდა, დავეხმარებით ან მეწარმეობა, ან რაღაც გააკეთოს, მაგაზე უკან არავინ არ იხევს, მაგრამ ეს გოგო თავისებურად რაღაცას აკეთებს, ეს არ ვიცი. შარშან ასე იყო, თოვლი მოვიდა, არ მოდიოდა და მერე მერიამ გამოუყო მანქანა და ჩამოვბარგეთ.

ჩემთან არ მოსულა და არ უკითხავს, რაიმე პროგრამა არის თუ არა და რაში დამეხმარებითო… ტელეფონზე რეკავდა და ეუბნებოდა მერს, ან ვიღაცას, რა ვიცი… მეც დამირეკა, პირადად ერთხელ მყავს ნანახი. მე ვუთხარი, თუ სახლი დაზიანებული და ავარიულია, გეოლოგებზე დაწერე განცხადება, დაგეხმარებით. თუ რაიმე პროგრამაში დახმარება გინდა, ინფორმაციის სახით მოგაწვდით, სად როგორ უნდა ქნა. იმის მერე არც შეგვეხმიანა“.

რენარ ბოლქვაძე, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე

რენარ ბოლქვაძე ამბობს, რომ შარშანდელს შემდეგ ნათია მათ აღარ დაკავშირებია და ახლა ისიც არ იცის, საქონელი კიდევ ჰყავს თუ არა.

„მოემართა, დაეწერა განცხადება, მასალა მინდაო, მასალას მივცემდით და თავისით უნდა ააშენოს. როდის იყო, რომ ბოსელს ვინმე ვინმეს უშენებდა“.

„ბათუმელები“ შეეცადა დაეზუსტებინა, იმის შესახებ, რომ მასალის მოთხოვნა შეუძლია, გააცნო თუ არა მან ნათიას ინფორმაცია, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა ნათიას სწორი კითხვები ვერ დაესვა ამ სახის ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობის გამო.

„მე რატომ უნდა გამომეჩინა ინიციატივა, მას თუ არ ჰქონდა ინიციატივა, რომ მოსულიყო და ეკითხა ან ეთხოვა, სადღაც დამარეგისტრირეთო. არ უკითხავს არაფერი და როგორ უნდა გამეზიარებინა ინფორმაცია“, – ამბობს ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე.

  • „ფაქტობრივად, ნათია სრულიად მარტოა. ეს არის სისტემური პრობლემა“

„ფაქტობრივად, ნათია სრულიად მარტოა დარჩენილი, როცა წესით და რიგით, სახელმწიფოს აინტერესებს თავისი მოქალაქის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობა“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, რომელიც სიღარიბეს და მოწყვლად ჯგუფებს იკვლევს.

„ჩვენ რეალურად არ ვიცით, რა ბედი ეწევა ნათიას. როგორ წავა მისი ცხოვრება, როგორ შეძლებს მარტო წელში გამართვას… რა პრობლემებზეც ის საუბრობს, ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა. ეს არის სისტემური პრობლემა და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამაც ასე დაინახოს. ამ პრობლემის გადაჭრისკენ წლების განმავლობაში მოვუწოდებთ სახელმწიფოს არაერთი ორგანიზაცია, აქტივისტი, თუმცა არაფერი, რეალურად ხელშესახები, არ გაკეთებულა.

მარიამ ჯანიაშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი

უშუალოდ ჩემი სამუშაო მიმართულებაა სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობის საკითხი. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის რიტორიკაში ძალიან ფართოდ გვხვდება, რომ თითქოს საქართველოში მთავრობა არის სოციალურ თემებზე ორიენტირებული, ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და ა.შ., სინამდვილეში დღემდე არ გვაქვს სოციალური დაცვის ერთიანი პოლიტიკა და ხედვა.

სად მივდივართ, როგორც სახელმწიფო, სოციალური დაცვის მიმართულებით, არ ვიცით. არ გაგვაჩნია არც სტრატეგია, არც სამოქმედო გეგმა, არც გაცხადებული მიზანი.

ამის მაგივრად ჩვენ ვხედავ პროგრამებს და სერვისებს, რომლებიც, ძირითად შემთხვევებში, უკიდურესად ფრაგმენტულია.

იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, რომ ერთიან ჭრილში ვერც შეაფასებ მუნიციპალურ პროგრამებს. შეიძლება ორ ადამიანს ერთი და იგივე საჭიროება ჰქონდეს, სჭირდებოდეს მხარდაჭერა და ერთმა მუნიციპალიტეტმა მხარი დაუჭიროს იმიტომ, რომ რაღაც პროგრამა ითვალისწინებს ამ მხარდაჭერას, ხოლო მეორე მუნიციპალიტეტმა უარი უთხრას, რადგან მისი პროგრამები ამგვარ მხარდაჭერას არ ითვალისწინებს”, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქალები ყველაზე მეტად მოწყვლადები არიან არსებულ სოციალურ სისტემაში სიღარიბის მიმართ და ეს არ არის გასაკვირი, რადგანაც ქვეყანაში ქალებზე მოდის მთელი ტვირთი შინშრომის, შვილების, შშმ პირების და ხანდაზმულების მოვლის.

  • „გამოწვევები, რაც ნათიას წინაშე დგას, სპეციფიკურად გენდერული განზომილების მატარებელია“

შეგვიძლია თუ არა ნათიას შემთხვევა განვიხილოთ ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის მაგალითად? – ამის შესახებ ეკატერინე სხილაძეს ვკითხეთ, ექსპერტს გენდერის საკითხებში. მას ასევე ვთხოვეთ ზოგადი სურათის შეფასებაც, რამდენადაა დაცული ქალთა უფლებები საქართველოში.

„საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა, მათ შორის რესურსების გადანაწილების და დასაქმების მიმართულებით.

ქალების ეკონომიკური აქტიურობა არსებითად დაბალია და საქსტატის მონაცემებით 41.5%-ს შეადგენს (კაცების 64%-ია). ამის ძირითადი მიზეზი შეიძლება ვეძებოთ ზრუნვის შრომის არათანაბარ გადანაწილებაში, ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი პროგრამების სიმწირესა და, ზოგადად, ამ საკითხისადმი არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებში.

ნათიას შემთხვევაც ამის ნათელი მაგალითია.

ცხადია, სიღარიბე ზოგადი პრობლემაა, თუმცა ის გამოწვევები, რაც ნათიას წინაშე დგას, სპეციფიკურად გენდერული განზომილების მატარებელიცაა. ეს მისი მონათხრობიდანაც იკვეთება, თუ როგორ აღიქვამენ მისი, როგორც ქალის შრომას, როგორი რთულია მისთვის პრობლემების გადაჭრისთვის გადაწყვეტილების მიმღებთა ყურადღების მიპყრობა და სხვა.

ამ პრობლემების გადაჭრის გზა ადგილობრივ დონეზე მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა და გაძლიერებაა, თუმცა მნიშვნელოვანია არსებული დამოკიდებულებების ცვლილებაც, რაც გავლენას ახდენს ნათიას და სხვა ქალების წინაშე მდგარი გამოწვევების გადაუჭრელობაზე”, – გვითხრა ეკატერინე სხილაძემ.

ეკატერინე სხილაძე, ექსპერტი გენდერის საკითხებში

მკითხველთა თხოვნით ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს. ნათია აბულაძის დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ გადარიცხონ შემდეგ ანგარიშზე:

GE61BG0000000589327577 

მიმღები: ნათია აბულაძე

ვინ ჩაკეტა თავისუფალი საპარკინგე სივრცე – ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ არ იცის

ბათუმის სანაპიროზე, თამარის დასახლებაში, თავისუფალი საპარკინგე ადგილი შლაგბაუმითაა გადაკეტილი. ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელსაც გასულ კვირას მივმართეთ, ამ დრომდე ვერ დაადგინა, ვინ მოაწყო შლაგბაუმი და რა უფლებით ჩაკეტა თავისუფალი სივრცე.

„ბენზეში „ოქროს თევზის“ გვერდით თავისუფალი საპარკინგე ადგილი იყო, რომლითაც როგორც ადგილობრივები, ასევე ჩამოსული ტურისტები თავისუფლად სარგებლობდნენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ჩაიკეტა შლაგბაუმით და მანქანით შესვლას ვეღარ შეძლებთ. არც თანხის გადახდის საშუალებაა, რომ შეხვიდე და მანქანა გააჩერო. იქნებ მოიკითხოთ ვინ აკონტროლებს ამ პარკინგს“, – მოგვწერა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ჩაკეტილი პარკინგი „ოქროს თევზთან“

„ბათუმელები“ ქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა, საიდანაც მოგვწერეს, რომ „პარკინგის ტერიტორია და მუსიკალური ცენტრის შენობა არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და მათ აქვთ გაკეთებული სტუმრების მისაღებად. პარკინგის საკითხი მუსიკალურ ცენტრთან დააზუსტეთ“.

მუსიკალურ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათ აქვთ საკუთარი შენობის მიმდებარედ პარკინგი და სანაპიროზე [ოდისეი დიმიტრიადის ქუჩასა და ზღვას შორის] არც მიწის ნაკვეთი აქვთ და არც პარკინგი მოუწყვიათ.

ვინაიდან ინსპექციაში სხვა ვერაფერი დაგვიკონკრეტეს [დღეს გვითხრეს, რომ ოფიციალურად წერილობით მივმართოთ] რესტორან „ოქროს თევზს“ დავუკავშირდით. რესტორნის ოფიციალურ გვერდზე მითითებულ ნომერზე გვიპასუხეს, რომ პარკინგი მათი მოწყობილია და ტერიტორია ქალაქის მერიისგან იჯარით აქვთ აღებული.

„პარკინგი რესტორნის სტუმრების მანქანებისთვის მოვაწყვეთ და საიჯარო ქირაც უნდა ვიხადოთ ქალაქის ბიუჯეტში“, – გვიპასუხეს „ოქროს თევზში“.

ჩაკეტილი პარკინგი „ოქროს თევზთან“

რესტორანში იჯარის ხელშეკრულების ელექტრონული ასლის გადმოგზავნასაც დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე არ მოუწოდებიათ.

ტერიტორია, სადაც რესტორან „ოქროს თევზის“ შენობა დგას, 301 კვადრატული მეტრია და რეესტრის მიხედვით შპს „საგა ფუდის“ საკუთრებაშია.

რაც შეეხება პარკინგისთვის ჩაკეტილ სივრცეს, ის დაახლოებით 200 კვადრატული მეტრია და რეესტრის მიხედვით დაურეგისტრირებელია, ანუ არ ჩანს ეს ტერიტორია ბათუმის საკუთრებაა, ავტონომიური რესპუბლიკის, თუ სახელმწიფოსი.

როგორ გასცა მერიამ იჯარით ეს ტერიტორია, რა ვადით და რამდენია ყოველწლიური საიჯარო ქირა? – ბათუმის მერიისგან ამ კითხვებზე პასუხი „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო.

განახლება: მოგვიანებით რესტორან „ოქროს თევზიდან“ გადმოგვიგზავნეს ხელშეკრულების ასლის ერთი გვერდი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულება ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანსა და შპს „საგა ფუდს“ შორის 2024 წლის 29 ივლისს არის გაფორმებული. ამ ხელშეკრულების მიხედვით მერიამ „პარკირების ორგანიზების უფლება“ კომპანიას პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა. რესტორნის ინფორმაციით ხელშეკრულება 3 წლის ვადით არის დადებული.

„პარკირების ორგანიზების უფლების საფასურის ოდენობა ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის შეადგენს 150 ლარს, ყველა ადგილისათვის [104,25 კვ.მ.] კი 15 637,50 ლარს წელიწადში“ – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ჩაკეტილი პარკინგი [მონიშნულია შავი ხაზით], მის მომიჯნავედ „ოქროს თევზის“ ტერიტორია [წითელი ფერით], ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა და თამარ მეფის გამზირი [მწვანე ფერით] პლაჟი [ყვითელი] და ხელოვნური კუნძულის საპროექტო ტერიტორია ზღვაში [იასამნისფერი].
ადგილი თამარის დასახლებაში, სადაც [როგორც რესტორანში გვითხრეს] მერიამ საპარკინგე სივრცე იჯარით კერძო კომპანიაზე გაასხვისა, საცობების კუთხით ერთ-ერთი პრობლემურია ბათუმში.

ამ თემაზე ვრცლად: საცობში გაჭედილი ბათუმი – ქარავანი აღარ მიდის

ამ ადგილიდან 500 მეტრში კი, მდინარე ყოროლისწყალზე არის ხიდი, რომლის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა და რომელიც დაავიწროვეს. ამან კიდევ უფრო გაართულა საცობის პრობლემა ამ მონაკვეთში. საბოლოოდ ხიდის კვლავ გაფართოება გადაწყდა, რისთვისაც ამჯერად დამატებით 210 ათასი ლარი დაიხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან.

ამ თემაზე ვრცლად: ბენზეს ხიდს გააფართოებენ – სამუშაო წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს

ბათუმში, სადაც პარკინგის და საცობების სერიოზული პრობლემაა, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება პრობლემის მოგვარების ნაცვლად თავისუფალ საპარკინგე ადგილებს ასხვისებს. „ოქროს თევზის“ მიმდებარე ტერიტორია ამ კუთხით გამონაკლისი არაა.

თავისუფალი საპარკინგე სივრცე გაასხვისეს ბათუმის ცენტრშიც, იუსტიციის სახლთან, რომელიც კერძო კომპანიას 49 წლით გადასცეს. მოიჯარე „ალიანს მენეჯმენტმა“ აქ ორსართულიანი პარკინგი მოაწყო. შედეგი ისაა, რომ ღია სივრცე მოქალაქეებისთვის ჩაიკეტა, მიწისქვეშა სართულზე კი, თუ მანქანას 1-დან 2 საათამდე გააჩერებთ, 6 ლარის გადახდა მოგიწევთ [ყოველ ერთ საათში – 3 ლარი].

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმში, იუსტიციის სახლთან 49 წლით გადაცემულ ნაკვეთზე „ალიანს მენეჯმენტმა“ ფასიანი პარკინგი მოაწყო

 

 

 

 

მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება

UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედ უმასპინძლებს.

გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 22-23 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მეწარმე ქალები მთელი საქართველოდან მიიღებენ. გამოფენის სტუმრებს ისინი საკუთარ ნაწარმს — საკვებსა და ღვინოებს, საჩუქრებსა და აქსესუარებს, თავის მოვლის საშუალებებს, ხელნაკეთ ნივთებსა და სათამაშოებს, ავეჯს, დეკორსა და სხვა ნივთებს წარუდგენენ.

დამთვალიერებლებს კი მათი შეძენა ადგილზევე შეეძლებათ. საგამოფენო სივრცეში ცალკე კუთხე იქნება გამოყოფილი  იმ ტექნოლოგიური სტარტაპებისთვისაც, რომლებიც ქალების მიერაა დაფუძნებული.

გამოფენა-გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციაა. იგი ხელს შეუწყობს მეწარმე ქალების ბაზრებზე წვდომას, საინტერესო ბიზნესკავშირების დამყარებასა და ახალი პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ ბიზნეს უნარები, გაიარონ მენტორობის პროგრამა და ისარგებლონ მენტორების მხარდაჭერით, ისწავლონ საინვესტიციო წინადადების მომზადება და წარდგენა, შეხვდნენ სხვა მეწარმე ქალებს ევროპის და აზიის 13 ქვეყნიდან, მონაწილეობა მიიღონ ინვესტორებთან შეხვედრაში – Expo Capital Quest – ფიზიკურ ღონისძიებაში, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება. მისი მხარდამჭერები და ორგანიზატორები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), თიბისი, „ექსპო ჯორჯია“, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა და სხვ.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://shorturl.at/jpqTC

უკრაინამ შექმნა პირველი ბალისტიკური რაკეტა – ზელენსკი

დღეს, 27 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას და უკვე შექმნა თავისი პირველი ბალისტიკური რაკეტა.

„ვფიქრობდი, ამაზე საუბარი ნაადრევი იყო, მაგრამ… დადებითად შედგა პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის გამოცდა“ – ციტირებს ზელენსკის „უკრაინსკა პრავდა“. 

მან დასძინა, რომ რაკეტის შესახებ მეტის თქმა არ შეუძლია, მაგრამ გადაწყვიტა ამ ინფორმაციის გაჟღერება, რათა საზოგადოებამ დააფასოს ხალხი, რომელიც მუშაობს 24/7-ზე თავდაცვისთვის.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ 24 აგვისტოს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიას ახალი უკრაინული დრონით, „პალიანიცათი“ პირველად დაარტყეს.

ისტორიაში პირველად პაციენტებზე ფილტვის კიბოს ვაქცინის გამოცდა დაიწყო

ექიმებმა დაიწყეს ფილტვის კიბოს პირველი ვაქცინის გამოცდა იმ პაციენტებში, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ კიბო. მედიის ცნობით, mRNA ვაქცინა შესაძლოა ქიმიოთერაპიის ალტერნატივა გახდეს, რადგან ის ორგანიზმს ნაკლებ ზიანს აყენებს. „მისი მიზანია გააძლიეროს ადამიანის იმუნური პასუხი კიბოს მიმართ, ხოლო ჯანმრთელი უჯრედები ხელუხლებელი დარჩეს, განსხვავებით ქიმიოთერაპიისგან“ – წერს ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“.

ფილტვის კიბო კიბოთი სიკვდილის წამყვანი მიზეზია მსოფლიოში და საქართველოშიც, ეს დიაგნოზი ყოველწლიურად დაახლოებით 1,8 მილიონი სიკვდილის მიზეზია. NCDC-ის ცნობით, 2020 წელს საქართველოში კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 8024 ადამიანი, მათ შორის უმეტესი წილი ტრაქეას, ბრონქის, ფილტვის (15%) და სარძევე ჯირკვლის კიბოზე (10%) მოდის.

BBC–ი წერს, რომ ეს ვაქცინა ზოგიერთი Covid ვაქცინის მსგავსად, იყენებს mRNA ტექნოლოგიას, რათა ინსტრუქციები მისცეს იმუნურ სისტემას: „67 წლის კაცი გახდა პირველი ადამიანი დიდ ბრიტანეთში, ვინც სცადა ის, რასაც ექიმები იმედოვნებენ, რომ იქნება რევოლუციური მკურნალობა ფილტვის კიბოსთვის – ვაქცინა, რომელიც ეუბნება სხეულს, როგორ ებრძოლოს და მოკლას დაავადება“.

„ვაქცინა, რომელსაც ახლა ექსპერტები ამოწმებენ, ავალებს ადამიანის ორგანიზმს მოძებნოს და მოკლას კიბოს უჯრედები – შემდეგ კი ხელს უშლის მათ უკან დაბრუნებას [განმეორებას ანუ რეციდივს]“, – განმარტავს „გარდიანი“.

BNT116 ვაქცინა დამზადებულია გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანიის BioNTech-ის მიერ. ვაქცინა შექმნილია ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) სამკურნალოდ, რაც დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

კვლევა დაიწყო 34 კვლევით ცენტრში შვიდ ქვეყანაში: დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, გერმანიაში, უნგრეთში, პოლონეთში, ესპანეთსა და თურქეთში.

ამავე თემაზე:

კიბოს 10 000 ახალი შემთხვევა ყოველწლიურად – რას უკავშირდება სტატისტიკის ზრდა 

 

წელს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო – naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.

2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი.

სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას – 1 600-მდე აპლიკანტი გააგრძელებს.

2024 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. გამოცდებისათვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის – 3 000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდაზე მონაწილეობის სურვილი კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.

__________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში ხმელ სუნელში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ბათუმში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ნთკ 2016-დან“ ხმელი სუნელის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს. სააგენტო იუწყება, რომ ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობამ შეადგინა 9323 მგ/კგ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ნორმას.

სააგენტოს ცნობით, ობიექტში არსებული სუნელი დაილუქა, ბიზნესოპერატორს აეკრძალა ხმელი სუნელის კონკრეტული პარტიის რეალიზაცია და დაევალა დასახელებული სურსათის ბაზარზე განთავსების შეჩერება, ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება და გამოთხოვილი სურსათის შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე, წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის გამოსაყენებელი ნედლეულის, ინგრედიენტის ან სხვა ნებისმიერი მასალის ლაბორატორიული ტესტირება ტოქსიკურობაზე (ტყვიის შემცველობაზე).

„ნთკ 2016-ის„ არაგეგმური სახელმწიფო კონტროლისას დადგინდა, რომ ხმელი სუნელის მწარმოებელი ბიზნესოპერატორია ინდივიდუალური მეწარმე (მისამართი: ქარელის რაიონი, სოფელი ზემო ხვედურეთი და ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი), ხოლო შპს „ნთკ 2016“ არის დამფასოებელი.

შესაბამისად, სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა ინდმეწარმესთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სრულყოფილად არ აწარმოებს ჩანაწერებს მიკვლევადობის შესახებ; დარღვეულია ეტიკეტირების წესი. მეწარმე დაჯარიმდა 500 ლარით, დაილუქა ხმელი სუნელი და მისი შემადგენელი ინგრედიენტები (ქინძი, უცხო სუნელი, ძირა, ყვითელი ყვავილი, კურკუმა), რომელთა ნაწილი წარმოებულია ინდმეწარმის მიერ, ხოლო კურკუმა იმპორტირებულია ინდოეთიდან.

ბიზნესოპერატორს დაევალა დალუქული ნიმუშების კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში და ხმელი სუნელის რეალიზაციის აკრძალვა, ბაზარზე განთავსება, განთავსებული ამოღება და გამოთხოვილი სურსათის თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება“ – წერს სააგენტო.

ამავე თემაზე: 

სანელებლები უსაფრთხო ისევ არ არის – ტყვიით მოშხამვის შემდეგ სუდანი

„აირჩიე ევროპა“ – პარასკევს ბათუმში მუსიკალური აქცია გაიმართება

30 აგვისტოს, პარასკევს, 20:30 საათზე, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გაიმართება მუსიკალური აქცია – „აირჩიე ევროპა“.

„საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველა თაობა ერთიანდება. აღიარებული ქართველი მუსიკოსები თქვენთან შესახვედრად ემზადებიან, ერთობის დროა!“ – აღნიშნულია ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქზე.

მუსიკალურ აქციაში მონაწილეობენ:

  •  ლანა ღოღობერიძე
  • გოგი მესხიშვილი
  • ნიკოლოზ რაჭველი
  • ნინო ქათამაძე
  • ლიზი რამიშვილი
  • ლიზა კერესელიძე
  • თემურიკო დიასამიძე
  • გიორგი უშიკიშვილი
  • ნიკალა ზუბიაშვილი
  • ლუკა თოფურია
  • ⁠დავით გოგისვანიძე
  • გიორგი კაპანაძე
  • ⁠ნატალია ნაყოფია
  • ანამარია ბურდული
  • ⁠LOUDspeakers
  • ჯგუფი „ყველა“
  • Asea Sool
  • ⁠ილო ბეროშვილი

მუსიკალურ აქციაზე დასწრება თავისუფალია.

„აირჩიე ევროპა“ სამოქალაქო მოძრაობაა, რომლის მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 აგვისტოს 21 საათიდან 28 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 29 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 30-31 აგვისტოს კი, საღამოს და ღამით, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 610 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280]
  • ტანკი – 8 563 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 16 667 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 17 495 ერთეული [+52]
  • MLRS – 1 173 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 937 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 367 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 254 ერთეული [+120]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 547 ერთეული [+103]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 23 613 ერთეული [+58]
  • სპეცტექნიკა – 2 944 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 640 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 30 564 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 586 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 425 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 690 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 25 262 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ქუჩაში რაც ხდება, თუ სცენაზე არ გადმოვა, თეატრი მოკვდება“ – საუბარი დათა თავაძესთან

ავტორი: ბუთა ორჯონიკიძე

____________________

„როგორც იქნა თეატრში გაისმა მაყურებლის ხმა“, – ამბობს რეჟისორი დათა თავაძე თეატრში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტზე საუბრისას.

დათა თავაძე „სამეფო უბნის თეატრთან“ ერთად „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. კანონის ინიცირების და განხილვის პერიოდში „სამეფო უბნის თეატრის“ სცენაზე ფაქტობრივად გაუქმდა ტაშის ნაწილი და იქცა პატარა აქციად, სადაც მსახიობები სცენიდან სხვადასხვა გზავნილით გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას.

დათა თავაძესთან საუბარი თეატრის წლევანდელი პროტესტით დავიწყეთ.

  • შარშანდლისგან განსხვავებით, როცა თეატრი ასევე აპროტესტებდა რუსულ კანონს, წელს რა ძირეული ცვლილება მოხდა თეატრის პროტესტში?

საფრთხის გაცნობიერება მოხდა.

როდესაც პირველად მოხდა რუსული კანონის ინიციირება, ეს იყო ერთი ფენომენი, მაგრამ დაბრუნება კიდევ სხვა ფენომენია. ვაპროტესტებთ რაღაცას, რაზეც შევთანხმდით, დაპირება არსებობდა, რომ არ დაბრუნდებოდა და ეს დაპირება (რაც საზოგადოებასთან ჰქონდა „ქართულ ოცნებას“) არ შესრულდა.

ალბათ ბრაზის, უკმაყოფილების ხარისხიც დიდი იყო, მაგრამ ამავდროულად, განცდა მაქვს, რომ ამ ერთი წლის მანძილზე, თეატრშიც ბევრი რამ შეიცვალა: შეიცვალნენ სამხატვრო ხელმძღვანელები. თუ ამ წელს არა, წინა წლებში შეცვლილი სამხატვრო ხელმძღვანელების მიდგომები გამოვლინდა ძალიან „კარგად“ – გამოჩნდა რა საფრთხეების წინაშე დგას თეატრი.

ასევე, განცდა მაქვს, რომ მხოლოდ დროის საკითხია, როდის შეუერთდებიან ამ პროცესებს სახელმწიფო თეატრები, რადგან ვიცით, რომ მიუხედავად გარკვეული დაშინებისა (შეიძლება ეს სიტყვა არ მოეწონოთ და თქვან, რომ ეს დაშინება კი არა რეკომენდაციაა და ასეთი სიტყვა არ უნდა გამოიყენოო), საქმე გვაქვს მენეჯმენტის წინააღმდეგ წასვლასთან, რაც არ არის ადვილი, თუკი არსებობს სამსახურის დაკარგვის საფრთხე.

ძირითადად კი, ამით ხდება შანტაჟი (არც ამ სიტყვას მოვერიდები) და რასაკვირველია, დროის საკითხი მგონია, როდის ამოიღებენ ხმას ის მსახიობები, რომლებიც ერთი მხრივ, ზოგადად, უკმაყოფილოები არიან იმით, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ ასევე პირადად ეხებათ ის ძალიან უსამართლო სისტემა, რომელიც აცხოვრებთ სიდუხჭირეში.

სოციალური პირობები, რომლებიც აქვთ მსახიობებს, არის ასევე ძალიან, ძალიან მძიმე. როცა ერთი მხრივ, ასეთი უსამართლო სოციალური პირობები გაქვს და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასაც გიზღუდავენ, ეს არაფერში აღარ წერია. სავარაუდოდ, მე ასე წარმომიდგენია, არჩევნებთან ახლოს კიდევ უფრო დიდ ხარისხს მიიღებს ეს უკმაყოფილებაც და პროტესტიც.

  • იქიდან გამომდინარე, რასაც ბოლო პერიოდში ვადევნებთ თვალს, თითქოს ძალა, რომელიც გაფანტული იყო, დაბრუნდა თეატრში. სპექტაკლ „შიმშილის“ მერე, როცა ლაზარეს შეწყალების ამბავი გააჟღერე და სიტყვა თქვი, რაღაც სხვა იყო ის, რაც დარბაზში ტრიალებდა…

როგორც იქნა თეატრში გაისმა მაყურებლის ხმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა.

ქართული თეატრის ისტორიაში არ ხდება პირველად, როდესაც მაყურებელი იწყებს ლაპარაკს. ამ სფეროს სტრუქტურიდან გამომდინარე, თავისთავად ახლავს თეატრს თან, რომ მაყურებელი ლაპარაკობს, მაგრამ დღეს განსაკუთრებით ცხადია, სად დგას მაყურებელი, ე.ი. – სად დგას საზოგადოება.

თეატრმა, როგორც იქნა, მოუსმინა მაყურებელს, საზოგადოებას და ისეთი მხარდაჭერა გამოუცხადა, რომელსაც შეიძლება მაყურებელი თეატრისგან არ ელოდა. იქნებ არცერთი თეატრისგან ამ ხარისხის მხარდაჭერას არ ელოდა-მეთქი, ვფიქრობ.

ვინც არ არის თეატრის მაყურებელი, რომ იცოდეს, სამეფო უბნის თეატრში სპექტაკლების შემდეგ გაუქმდა ე.წ. აპლოდისმენტების ნაწილი და მთავრდება თუ არა სპექტაკლი, მსახიობები აღარ იღებენ ტაშს, ეს ნაწილი გადაიქცა მინი-აქციად, სადაც მსახიობები ერთი მხრივ, მხარს უჭერენ აქციას, მეორე მხრივ, აპროტესტებენ იმავე კანონს, რომელსაც აპროტესტებენ აქციაზე და უერთდებიან აქციას.

დავინახეთ მაყურებელთა თითქმის სრული უმრავლესობა რამდენად პოზიტიურად არის განწყობილი ამ ჟესტის მიმართ. მეორე მხრივ, მაყურებელმა უკვე მოითხოვა, რომ ეს ხდებოდეს სპექტაკლის მერე და თუკი არ ხდება, ვნახეთ, რომ თავის თავზე იღებს ამას – კონსერვატორიის ერთ-ერთი კონცერტზე იყო ასეთი შემთხვევა, ოპერის თეატრში მოხდა იგივე რამ, როცა სცენიდან არ წამოვიდა ეს ჟესტი, ის წამოვიდა დარბაზიდან.

ვერ შემჩნევა, ან თვალის დახუჭვა იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მგონია უხერხულობის განცდასაც კი იწვევს მაყურებელთა დიდ ჯგუფში.

ცხადია, ეს არის ძალიან სასიამოვნო; არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვგულშემატკივრობ მიმდინარე მოძრაობას და აქციას, არამედ იმიტომაც, რომ თეატრსაც ვგულშემატკივრობ და მგონია, თეატრის გაჯანსაღების თვალსაზრისითაა ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როდესაც მაყურებელი აღიქვამს თეატრს არა როგორც ამაღლებულ საფეხურზე მდგომ სივრცეს, რომელსაც მხოლოდ უნდა შენატროდეს და ეტრფოდეს დარბაზიდან, არამედ გაუჩნდა აღქმა, რომ ეს არის მისი სივრცე, საიდანაც უნდა ისმოდეს მისი, როგორც საზოგადოების სათქმელი.

ხშირად ვიმეორებთ ხოლმე, რომ კულტურული რევოლუციის მსგავს ფენომენთან გვაქვს საქმე, არგუმენტების თაიგულში ერთ-ერთი იქნება ისიც, რომ ასეთივე პროცესები მიმდინარეობს თეატრში:

ხდება სცენის და დარბაზის გათანასწორება, ხდება საერთო სივრცის შექმნა, იშლება უხილავი მეოთხე კედელი მაყურებელსა და დარბაზს შორის; მაყურებელი და მსახიობები საერთო პოზიციით ერთიანდებიან როგორც ერთი ქვეყნის მოქალაქეები, როგორც ერთი საზოგადოების წევრები, რათა ერთად იმუშაონ მომავლისთვის, რომლის შექმნაც უნდათ.

  • ამ პროცესს დიდი ხანია ვაკვირდებით, პანდემიის შემდეგ მასობრივად დაიწყო მაყურებელმა თეატრში სიარული. როგორც თქვი, თეატრისგანაც სხვა მოლოდინები არსებობს და ეს ცხადია – ოქტომბრამდე და ოქტომბრის მერე როგორი იქნება, ან როგორი ვეღარ იქნება თეატრი? ალბათ უკან ვეღარ დაბრუნდება…

პესიმიზმის საფუძველიც არსებობს… მე თუ მკითხავ, არ უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ მეორე მხრივ, გვინახავს, როგორ ცდილობდნენ სხვადასხვა ხელისუფლებები და ძალაუფლების მქონე სტრუქტურები ძალით შეეკავებინათ ეს წინსვლა და გარდაქმნა.

ეს ისტორიაშიც ბევრჯერ გვინახავს, სხვადასხვა რევოლუციის შემდეგ, როცა იყო მოლოდინი, რომ ეს პროცესები ხელოვნებაშიც რევოლუციას გამოიწვევდა, მაგრამ პირიქით, ძალიან ხელოვნურად მოხდა ამ ყველაფრის კონსერვაცია. სინამდვილეში სწორედ ეს არის, რაც ბზარავს ამ ინსტიტუციებს, რაც რაღაც დონეზე კლავს ამ სფეროს ან ფორმებს.

ის გასაჭირი, მოძრაობა, პროცესი ქუჩაში რაც ხდება, თუ არ გადმოვა სცენაზე, მაშინ ეს იქნება თეატრის დაღუპვა.

  • რამდენად დგას საფრთხის წინაშე, რომ ეს ტალღა გაქრეს – ჟესტებმა და კოდებმა განმეორებითობით დაკარგონ ძალა? გახდება თუ არა აუცილებელი ცვლილება?

რაღაცები ინსტინქტურადაც მოხდება, თუ ვგულისხმობთ იმას, სცენიდან როგორ მოხდება ეს. თუ გულწრფელები ვიქნებით და არ გავაყალბებთ შეგრძნებებსა და ემოციებს, რომლებიც იმ მომენტში გვექნება და სპეციალურად არ შევაკავებთ, მაშინ ისე შეიძლება აირეკლოს სცენამ ან ხელოვნებამ მიმდინარე მოვლენები, რომ ამ ნაწარმოებების, ჟესტების გააზრება საერთოდაც ათწლეულების მერე მოხდეს. რაღაც მომენტში შეიძლება სწორედ ირაციონალური მიდგომა ბევრად უფრო ეფექტური იყოს იმისთვის, რათა ტალღას ავყვეთ და ვცადოთ ავხსნათ ან გამოვხატოთ სცენაზე გულწრფელი ემოცია.

მგონია, რომ ამ აქციების წარმატება სწორედ ამ გაუყალბებელი ემოციებითაა განპირობებული. ამ მოძრაობამ თავის თავში ერთი წამით არ დაუშვა ფარისევლობა – ეს არის ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო. მით უმეტეს მაშინ, როცა უპირისპირდება ხელისუფლების ფარისევლობას.

ფარისევლობაში და ვირეშმაკობაში, რასაკვირველია, ვერ ვაჯობებთ ჩვენ ხელისუფლებას, ამიტომ ერთადერთი გზაა – როცა გვწყინს, გვწყინდეს, როცა გვტკივა, გვტკიოდეს, როცა გვეცინება, ვიცინოდეთ და უცნაური პრაგმატიზმის გამო არ გავაყალბოთ და შევიკავოთ ემოციები.

როცა ვეტო დაძლია 84-მა ადამიანმა იმ მომენტში, ძალით ვცდილობდით ერთმანეთისთვის მხნეობის დაბრუნებას, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო გულწრფელი ბრაზი, რომელიც უნდა გამოგვეხატა.

რა თქმა უნდა, რაღაც ფორმები, სიტყვები, მიდგომები ამოწურავს თავს, – ეს თვეები ხომ ერთი დიდი განგრძობითი პერფორმანსია – მაგრამ თუ მტკიცედ ვიდგებით იმ პოზიციაზე, რომელზეც ვდგავართ, მგონია, რომ შეიქმნება ახალი ჟესტები, ენა და გამოხატვის ფორმები, რომლებიც იქნება ადეკვატური იმ მომენტისთვის, როგორც იქამდე, რაღაც მომენტისთვის სხვა ჟესტი იყო ადეკვატური ძალიან ცოცხალი და ეფექტური.

რასაც ახლა ვუყურებ, ხელისუფლების მხრიდან, არსებობს დაშინების უამრავი მცდელობა სხვადასხვა ინსტიტუციაში, დერეფნებში შეპარული მუქარები, რომლებიც ვიცით – თეატრების დირექტორები თუ სამხატვრო ხელმძღვანელები, ნებისმიერი პატარა ძალაუფლების მქონე ადამიანები, როგორ ცდილობენ, შიში დანერგონ თავის სივრცეში, რათა ვინმეს რამე არ „შეეშალოს“.

ვისურვებდი, რომ სწორედ ამ წერტილებში იყოს ჩვენი მხრიდან მეტი კონცენტრაცია – მეტი წერტილოვანი საუბარი, შეხვედრა არსებობდეს. ამწუთას, აქ მივანათებდი მეტ შუქს და მეორე მხრივ, არაფრით არ დავუკარგავდი დემონსტრაციებს ცოცხალი თამაშის ატმოსფეროს და სტრუქტურას.

უკმაყოფილების, ბრაზის, ჟინის და წინააღმდეგობის გაწევის სურვილის გარდა, ეს სივრცე არ ყოფილა მოსაწყენი და დამთრგუნველი, პირიქით, გამაჯანსაღებელი, რეკრეაციული სივრცეც კი იყო, რაღაც მხრივ.

ესეც ხომ ინსტინქტურია – წინასწარ ალბათ არავის გაუთვლია, მოდი ბურთის სათამაშოდ შევიკრიბოთ პარლამენტთანო, ეს თავისთავად წამოვიდა, იმ ძალიან გულწრფელი შეგრძნების გამო, რომელიც ხალხს ჰქონდა.

ჩემთვის ნაცნობი გახდა ეს შეგრძნება, მას მერე, რაც რამდენიმე ფრიად უსიამოვნო მუქარის შემცველი წერილი მივიღეთ მე და ჩემმა ნათესავებმა, პირველად მაშინ ვიგრძენი როგორ მომინდა, იმწუთას, ვყოფილიყავი ხალხთან ერთად, როგორ მინდოდა ჩავრთულიყავი ამ მხიარულებაში.

მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ყველაზე საშიში, ყველა ავტორიტარული, ტოტალიტარული და დიქტატორული მმართველობისთვის – ადამიანები, რომლებიც ერთობიან, რომლებსაც სიცილი შეუძლიათ, თავიანთ შეგრძნებებს არ აყალბებენ, არ იკავებენ თავიანთ იმპულსებს – თავისუფალი და უშიშარი ადამიანები.

„ქუჩაში რაც ხდება, თუ სცენაზე არ გადმოვა, თეატრი მოკვდება“ - დათა თავაძე

__________________

ინტერვიუ ჩაწერილია 2024 წლის ივნისში. 

როგორ მართავს კონცერტს ბათუმის ვიცე-მერი უკანონოდ აშენებულ რესტორანში

ბათუმის ვიცე-მერმა, სოფო ხალვაშმა კონცერტი გამართა შენობაში, რომელიც უკანონოდ არის აშენებული. ამ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი სტატიის მომზადების დროს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში უთხრეს, რომ მერიაში ამ 15-სართულიანი შენობის პროექტსაც კი ვერ პოულობენ.

„განსაკუთრებული მუსიკალური დღესასწაულია“ – ასე აწერია აფიშას, რომელიც რესტორან „რუსთაველის“ გვერდზე გამოქვეყნდა პირველ ივლისს, 19 ივლისს კი ვიცე-მერმა კონცერტი გამართა მუსიკოს ზვიად ბოლქვაძესთან ერთად, რომელიც საჯარო მოხელეცაა, ის სახელმწიფო უწყების, „ბათუმის მუსიკალური ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელია. მას 29 ივლისსაც ჰქონდა ამ რესტორანში კონცერტი.

ეს ორი საჯარო მოხელე, როგორც აფიშაზე ვკითხულობთ, იმ ღამით „ბათუმისთვის მღეროდნენ“, იმ ქალაქისთვის, სადაც 15-სართულიანი შენობა, სამშენებლო ნებართვის გარეშე ააშენეს და დიდი ალბათობით, სამშენებლო დოკუმენტაცია დღემდე ანუ სამი წლის შემდეგაც მოწესრიგებული არ არის.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საჯარო მოხელეებს და ჰკითხა, თუ რატომ იმყოფებოდნენ მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენებულ ობიექტზე კონცერტის გასამართად და გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ასეთი ქმედებით ახალისებენ უკანონო მშენებლობებს?

„ეგ არ არის ჩემს კომპეტენციაში. ახლა თქვენგან გავიგე ეს ამბავი და მე რა პასუხი უნდა გაგცეთ.

ჩემი პასუხისმგებლობა ვიცე-მერის პოზიციაში არის ღონისძიებებთან მიმართებაში“ – გვითხრა სოფო ხალვაშმა.

„უკანონოდ აშენებულ შენობაში რომ კონცერტი არ უნდა გამართოთ, ამ პასუხისმგებლობაზე გელაპარაკებით, არ გრძნობთ ამის გამო დისკომფორტს? ხომ შეიძლება ისეთ შენობაში აღმოჩნდეთ, რომელიც სიცოცხლისთვის რისკის შემცველია?“ – ვკითხეთ სოფო ხალვაშს.

„ანუ არ ვიარო ჩემს ქალაქში, თუ რას მეუბნებით. ჯერ ვიკითხო რა არის კანონიერი, რა უკანონო და ისე უნდა შევიდე შენობაში? თუ რისკის შემცველი იქნება, არც ამ შემთხვევაში მეცოდინება და მე დავზარალდები, თქვენ არა“ – გვითხრა სოფო ხალვაშმა.

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩის №42-ში 15-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა 2022 წელს დასრულდა.

მაშინ „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო ნებართვა ბათუმის მერიაში არ მოიპოვებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აქ სასტუმროს უკანონოდ აშენებდნენ. მაშინ მშენებლობის ადგილზე არც საინფორმაციო დაფა იყო გამოკრული და არც ნებართვის ასლი, რაც კანონის მოთხოვნაა.

მშენებლობის კანონიერებაზე მაშინ, ანუ 2020 წელს, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასაც ვკითხეთ, რომელიც ვალდებულია რეაგირება მოახდინოს მსგავს ფაქტებზე და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები. მაშინ აღნიშნულ სამსახურში გვითხრეს, რომ მშენებლობის კანონიერებას „არკვევენ“.

„ბათუმელები“ მუნიციპალურ ინსპექციას ახლაც დაუკავშირდა და ჰკითხა რა გაარკვია აღნიშნულ მშენებლობაზე, თუმცა სამსახურის უფროსმა არჩილ კონცელიძემ კითხვებს არ უპასუხა და გვითხრა, რომ „თუ გამოთხოვილი გაქვთ ინფორმაცია, მიიღებთ“.

კომენტარზე „დროის უქონლობის გამო“ უარი გვითხრა ბათუმის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, გიორგი წანაწყენიშვილმაც.

გიორგი ბრწყინვალის 42 ნომერში 15-სართულიანი შენობა შპს „ნიკალას“ ეკუთვნის, რომლის მესაკუთრე გურამ ჯიმშერაძეა, ხოლო დირექტორი – ნელი მელაძე.

ბათუმის მერიას ოფიციალური წერილით „ბათუმელებმა“ პირველ აგვისტოს მიმართა და მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია:

  • „წარმოადგინა თუ არა შპს „ნიკალამ“ სასტუმროს მშენებლობის პროექტი და როდის? მოგვაწოდეთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.
  • ასევე, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, არსებობს თუ არა აღნიშნული შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და მოგვაწოდეთ ასლები.
  • დაიწყო თუ არა ადმინისტრაციული წარმოება უნებართვო მშენებლობაზე? გთხოვთ, მოგვაწოდოთ საქმის წარმოების მასალები.
  • შეისწავლა თუ არა ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შენობის უსაფრთხოების საკითხი და არსებობს თუ არა შესაბამისი დასკვნა? გთხოვთ, მოგვაწოდოთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლიც“.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის კანონით გათვალისწინებული ვადები გასულია, ბათუმის მერია აღნიშნულ ინფორმაციას არ გვაწვდის, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გიორგი ბრწყინვალის 42 ნომერში აშენებული 15-სართულიანი შენობა უკანონოა.

ბათუმის საკრებულოს წინა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა, რომ „გული სტკივა“ მისი კოლეგის, ბაჩი მურვანიძის განცხადების გამო ერთ-ერთ მედიასთან, რომ ბათუმის საკრებულო კორუფციაშია ჩართული.

„ბაჩის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ საკრებულოს უმრავლესობაში არიან ძალიან ღირსეული ადამიანები, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით. მინდა ვუთხრა, თავი შეიკავოს ასეთი რეპლიკისგან, ჩვენ ვასრულებთ ქალაქის და ქალაქელების, ბათუმის წინაშე მოვალეობას. არ ვიცი, სიტყვა გაექცა თუ ვინმეს დავალებით თქვა, მაგრამ ამით გადაკვეთა ყველანაირი ხაზი, რასაც ურთიერთობა ჰქვია…“ – განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარეს, ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარემ, ნოდარ დუმბაძემ უპასუხა – ქალაქის ცენტრში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე, უკანონოდ რესტორანი რომ აშენდა და იმ რესტორანში საჯარო მოხელეები დადიან, ეს არის კორუფციაო.

საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ნოდარ დუმბაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ეს რესტორანი სუს-ის ყოფილ თანამშრომელს ეკუთვნის და ამიტომაც ვერავინ მოახდინა რეაგირება უკანონო მშენებლობაზე.

___

ამავე თემაზე:

ბათუმში 15-სართულიანი სასტუმრო უკანონოდ ააშენეს – მერიაში პროექტიც კი ვერ იპოვეს

„შავი ზღვის ჩუმი მკვლელები“ – ოთხი ქვეყანა ზღვიდან მიტოვებული ბადეების ამოღებას იწყებს

ოთხი ქვეყანა: თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და საქართველო იწყებს შავ ზღვაში მიტოვებული ან დაკარგული სათევზაო ბადეების ამოღებას, რომლებშიც დღემდე იხლართებიან და იღუპებიან შავი ზღვის ბინადრები. 

„BlackNETs – შავი ზღვის ჩუმი მკვლელების განდევნა“ შავი ზღვის აუზის ინტერრეგიონალური პროგრამაა ევროკავშირის დაფინანსებით, რომელშიც ოთხი ქვეყნის უნივერსიტეტი ერთიანდება. პროექტს ხელმძღვანელობს რუმინეთი, ხოლო პარტნიორები არიან: თურქეთის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერებათა ფაკულტეტი; ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტი და საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტი.

„ვინაიდან მიტოვებული სათევზაო აღჭურვილობა მიიჩნევა ზღვის ნაგვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფორმად, მნიშვნელოვანია პრობლემის არა მხოლოდ მასშტაბის და ბუნების გაგება, არამედ შესაძლებელია თუ არა არსებული მართვის რეჟიმებით ამ რთულ საკითხზე რეაგირება.

დადასტურებულია, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი მავნე ზემოქმედება ზღვის ჰაბიტატებსა და აქ მობინადრე სახეობებზე (მათ შორის მრავალ საფრთხის წინაშე მყოფ სახეობაზე)” – ვკითხულობთ პროექტის აღწერაში.

პროექტის მიზანია, ერთობლივი ქმედებებით, რომლებიც განხორციელდება თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში, ამოღებულ იქნას სულ ცოტა 8000 კილოგრამი მიტოვებული სათევზაო ბადე შავი ზღვის წყლებიდან. 

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი საქართველოში, ნათია კოპალიანი ამბობს, რომ საქართველოში ოთხი სამიზნე ლოკაციაა შერჩეული, საიდანაც, გეგმის მიხედვით, 2000 კგ. მიტოვებული სათევზაო ბადე უნდა იქნეს ამოღებული, თუმცა აქვე დასძენს, რომ ამის წინასწარი ზუსტი პროგნოზი შეუძლებელია.

„ძალიან ბევრი ცხოველი იხლართება ამ ბადეებში, დელფინებიც ამოგვიღია ასე გახლართული. გარდა ამისა, როდესაც ეს ბადე წყალშია, აგროვებს ათასგვარ ნაგავს, მათ შორის პლასტიკსაც, ხდება ნაგვის შემგროვებელი „ხელსაწყო“ . თუ ბადე დიდხანს არის წყალში და ხანგრძლივი დროის მანძილზე ხდება აქ ნაგვის შეგროვება, შეიძლება ამ პროცესმა გამოიწვიოს ეკოსისტემის თანდათანობითი დეგრადაცია.

სწორედ ამიტომ ამიტომ უკვე მთელ მსოფლიოში ძალიან სერიოზულ ყურადღებას აქცევენ მიტოვებული, მოწყვეტილი, დაკარგული ბადეების პრობლემას. სერიოზულად სწავლობენ რუმინეთში, თურქეთსა და ბულგარეთში. პრინციპში ჩვენთან ეს საკითხი საერთოდ არ იყო შესწავლილი. ჩვენ ვეშაპისნაირების ეკოლოგიას ვსწავლობთ, ანუ დელფინებისა და ზღვის ღორების ეკოლოგიას და ხანდახან თუ წავაწყდებოდით ხოლმე მიტოვებულ ბადეებს.

 ამ პრობლემაზე აქამდე არ გვიფიქრია, ახლა ვაპირებთ ამის კვლევას“ – ამბობს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

ნათია კოპალიანის განმარტებით, რამდენიმე ჩაყვინთვა უნდა განხორციელდეს, რაშიც პროფესიონალი მყვინთავები და ილიაუნის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან, რომელთაც აქვთ ყვინთვის სერტიფიკატი.

„ბადეების ამოღების შემდეგ მოხდება მათში არსებული ორგანიზმების ამოღება, იდენტიფიკაცია რაღაც დონემდე მაინც; შემდეგ ამ ბადეების აწონა და დადგენა, თუ რა სახის ბადეა. ასევე, უნდა გამოვკითხოთ მეთევზეები, როგორც სათევზაო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, ე.წ. მოყვარული მეთევზეები, რომლებიც სამოყვარულოდ თევზაობენ ხოლმე, თუ წასწყდომიან მოტივტივე ბადეებს, ან წყალში უნახავთ, ან თვითონ კარგავენ და რა პირობებში კარგავენ, რომელი ტიპის ბადეები უფრო იკარგება და ა.შ.“

ნათია კოპალიანი: ილიას უნივერსიტეტს აქვს თავისი საკვლევი გემი, რომელსაც აქვს სპეციალური ამწე. მყვინთავები უბრალოდ მოაბამენ ბადეებს ამწეს და ამწე ამოიღებს. გვაქვს სპეციალური მოწყობილობა, ე.წ. კალათა, რომელთა საშუალებით მოხდება მყვინთავების ჩაშვება. 

ოთხი ლოკაცია, სადაც ჩაყვინთა მოხდება, მონიტორინგის საფუძველზე შეირჩა.

„გვაქვს ჩანიშნული ადგილები სადაც გვხვდება ჩაგებული ბადეები მაღალი სიხშირით; ლოკაციები დაახლოებით განსაზღვრულია. სექტემბრის ბოლოს განხორციელდება ერთი დაზვერვითი ჩაყვინთვა, სადაც ვვარაუდობთ, რომ შეიძლება იყოს ბადეები.

ეს არის კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო აკვატორიის მახლობლად, ყულევთან, სადაც არის ჩაძირული გემი და შესაძლებელია აქ გროვდებოდეს ჩაძირული ბადეები. ორი ადგილი გვაქვს შერჩეული აჭარის სანაპიროსთან. პროექტში ჩართულია სამი მკვლევარი, ორი პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ორი პროფესიონალი მყვინთავი; პროექტის კოორდინატორია სოფიო კიკნაველიძე“ – გვითხრა ნათია კოპალიანმა.

პროექტის თანახმად, შავი ზღვიდან რვა ტონა ძველი სათევზაო ბადეების ამოღება 2025 წლის დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.

ბათუმში „ჭაჭა თაუერის“ ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება

ბათუმის საკრებულომ შპს „ბათუმი რივიერას“ მიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობის კონცეფცია დაამტკიცა. პროექტირება აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება.

ახალ პარკში შენარჩუნდება არსებული ხეები და დაემატება მრავალი ახალი სხვადასხვა ჯიშის ხე, ბუჩქი და დეკორატიული მცენარე. ბათუმელებს და პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო და ველო-ბილიკები. პარკი ბუნებრივად ინტეგრირდება ქალაქის გამწვანებულ ზღვისპირა ზოლში, როგორც ბათუმის ბულვარის გაგრძელება.

„ბათუმში ახალი პარკის პროექტირებისთვის ლანდშაფტის დიზაინის წამყვანი დანიური კომპანია „MASU Planning“ მოვიწვიეთ. სწორედ მათი პარტნიორია ცნობილი იაპონური არქიტექტურული სტუდია კენგო კუმა არქიტექტსი (KKAA), რომელიც სილქ თაუერსის პროექტზე უკვე მუშაობს. ამ ორ კომპანიას ბევრი წარმატებული ერთობლივი პროექტი აქვს განხორციელებული მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქში. ბათუმსაც შეემატება თანამედროვე, მდგრადი არქიტექტურის პრინციპებით მოწყობილი პარკი, სადაც ბათუმელები და ქალაქის სტუმრები დაისვენებენ და ისიამოვნებენ ბათუმის სანაპიროს და ქალაქის სილამაზით. ეს პარკი ქალაქის საკუთრება იქნება და დარწმუნებულები ვართ, ბათუმის ურბანული სივრცის ორგანული ნაწილი გახდება“, – ალექსანდრე ტოგონიძე, „ბათუმი რივიერას“ დირექტორი.

პარკის კონცეფცია შემუშავდა უკვე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, საიდანაც პარკი ორ ჰექტარ მიწაზე გაშენდება. კომპანია პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს და სამშენებლო სამუშაოების დაწყებას სექტემბრის ბოლოდან გეგმავს.

რუსეთის ქალაქ სარატოვში უკრაინული დრონი ყველაზე მაღალ შენობას შეეჯახა

დღეს, 26 აგვისტოს, დილით, უკრაინული დრონები რუსეთის ქალაქებში: სარატოვსა და ენგელსში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს შეეჯახა. რუსული მედიის ცნობით, სარატოვში დრონი დაეჯახა 37-სართულიან საცხოვრებელ კომპლექს Volga Sky-ის, ქალაქის ყველაზე მაღალ შენობას. დრონის შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

უკრაინული დრონების სამიზნე იყო რუსეთის სამხედრო საჰაერო ბაზა ქალაქ ენგელსში, სადაც ბომბდამშენებია განთავსებული.

ქალაქები: სარატოვი და ენგელსი მდებარეობს მდინარე ვოლგის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 26 აგვისტოს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოცი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

____________

ფოტო: ria.ru

რუსეთმა უკრაინის 15 რეგიონს შეუტია – არიან დაღუპულები

დღეს, 26 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის 15 რეგიონზე განახორციელეს შეტევა. რუსეთმა რამდენიმე ათეული ირანული დრონი გაუშვა უკრაინის მასშტაბით, ასევე, გამოიყენა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები. აფეთქებები ისმოდა კიევში, ლუცკში, ზაპოროჟიეში, ოდესაში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის მასობრივი თავდასხმის შედეგად დაზარალდა უკრაინის 15 რეგიონი. რუსეთმა შეტევისას გამოიყენა სხვადასხვა ტიპის იარაღი, შეტევის შედეგად არიან დაჭრილები და დაღუპულები, ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ აზუსტებენ.

შეტევის სამიზნე გახდა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. „უკრენერგომ“ ელექტროენერგიის გადაუდებელი შეწყვეტის ბრძანება გასცა.

დენის შმიგალი ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უკრაინას სჭირდება შორი მოქმედების იარაღი და ნებართვა პარტნიორებისგან, რომ გამოიყენოს ეს იარაღი რუსულ სამიზნეებზე.

ბოლო ცნობებით, შეტევის შედეგად მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა.

______________

ფოტო: ДСНС України

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 608 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
  • ტანკი – 8 551 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 16 648 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 17 443 ერთეული [+47]
  • MLRS – 1 172 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 937 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 367 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 134 ერთეული [+39]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 444 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 23 555 ერთეული [+80]
  • სპეცტექნიკა – 2 941 ერთეული [+13]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 640 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 30 533 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 574 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 425 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 677 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 25 234 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ვორონეჟის ოლქის სამ დასახლებაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა — მედია

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

3 პატარა შვილით 8 ქვეყანა გადავლახეთ და აშშ-ში აღმოვჩნდით, ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას

ავტორი: ნათია კაპანაძე

___

ყოველ დღე ჩემი პატარა წვლილი შემაქვს თავისუფლებისთვის ბრძოლაში – ამბობს მადონა ნოზაძე, 3 შვილის დედა, რომელიც უკვე ორი წელია აშშ-ში ცხოვრობს და ტაქსის მძღოლად მუშაობს:

„ალბათ, ყოველი მეორე ადამიანი ოცნებობს ამერიკაში ცხოვრებაზე. ოცნებობს ღირსეულ სამუშაო პირობებზე, ხარისხიან განათლებასა და ხელმისაწვდომ სამედიცინო სერვისებზე. ჩვენი ეს ოცნებები უკვე პასუხისმგებლობად იქცევა ხოლმე, როცა შვილები გვყავს. ამიტომაა, რომ მე და ჩემი მეუღლე  ცხოვრებისთვის უკეთესი გზების ძიებაში, სამი არასრულწლოვანი შვილით რვა ქვეყნის საზღვრების გადალახვის შემდეგ აღმოვჩნდით ამერიკაში.

ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზანს, შევქმნათ შვილების საუკეთესო მომავალი, ყველაზე რთული და საშიში გზის გადალახვით მივუახლოვდით.

თურქეთი, ესპანეთი, კოლუმბია, სან-სალვადორი, ნიკარაგუა, ჰონდურასი, გვატემალა, მექსიკა და ბოლოს ამერიკა – ეს იყო ერთთვიანი მგზავრობის ქრონოლოგია. მგზავრობის, რომელსაც მოგზაურობას ნამდვილად ვერ დავარქმევ.

აქ ორწლიანი ცხოვრების გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკა არის ქვეყანა, სადაც შრომა გიფასდება და შეგიძლია საუკეთესო განათლება აჩუქო შვილებს. დღეს ჩემს სამ შვილს ერთმანეთისგან განსხვავებულ საგანმანათლებლო რესურსებზე აქვთ წვდომა. მყავს ორი ბიჭი და ოთხი წლის პატარა გოგო.

უფროსი 19 წლისაა და უკვე სტუდენტია. მან სრული დაფინანსებით ჩააბარა სახელმწიფო კოლეჯში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული განათლების მიღება, დაფინანსება შრომის და მონდომების მიხედვით ხდება.

ჩემს 11 წლის ბიჭს ე.წ „საშინაო დავალებას“ აძლევენ იმდენს, რომ არ დაისტრესოს და დავალება მაქსიმუმ 15 წუთში დაასრულოს. სკოლაში აქვს უფასო ორჯერადი კვება. პიცა, ჰამბურგერი, ქათამი შემწვარი, თევზი, შოკოლადის რძე, ნატურალური წვენი, ხილის ჯემი – ესაა მშობლებთან შეთანხმებული საბავშვო მენიუ ბაღსა და სკოლაში.

ახლა სასწავლო წელს ვიწყებთ, სასკოლო მზადება ქართული გაგებისგან განსხვავებულია, მხოლოდ ჩანთა და ტანსაცმელი უნდა შევარჩიოთ. წიგნებს, რვეულებს და ყველა სხვა საკანცელარიო ნივთებს სკოლაში დაგვახვედრებენ.

მე, როგორც 3 შვილის დედა, ამერიკას მეორე სამშობლოდ მივიჩნევ. ამ სახელმწიფომ უკვე მომცა ის, რაც ჩემმა ქვეყანამ ვერ შეძლო, სამწუხაროდ – აქ ჩემი შვილები ბედნიერ გარემოში იზრდებიან.

საქართველოში ძალიან ბევრს ვმუშაობდით მე და მეუღლე, თუმცა ჩვენი შემოსავალი საარსებო მინიმუმს უტოლდებოდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ვარსებობდით და არ ვცხოვრობდით. აქ კი ვმუშაობთ და იმაზე მარტივად ვუმკლავდებით გამოწვევებს, ვიდრე ჩვენს სამშობლოში. აქ არ მეშინია ავად გახდომის, რადგან დაზღვევა წამლებსაც და ნებისმიერ ექიმთან ვიზიტს გვიფინანსებს. საქართველოში წამლების შეძენა და ექიმთან კონსულტაცია ფუფუნება გახდა.

დაახლოებით 4 წელი საბერძნეთში ვიცხოვრეთ და 3 წელი კვიპროსში გავატარეთ, ევროპაში ცხოვრებამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირი ჰაერივით სჭირდება განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ევროპული სტანდარტი არის კიდევ ერთი დიდი სიკეთე – ხანდაზმული ადამიანების ღირსეული სიბერის შესაქმნელად.

ევროპასა და ამერიკაში ცხოვრების გამოცდილების შემდეგ, კიდევ უფრო მწვავედ განვიცდი ჩვენს ქვეყანაში არსებულ ყოფით პრობლემებს – გაზრდილ ფასებს, განათლების ხარვეზებს, დაბალ შემოსავლებს, ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობას, არაღირსეულ სიბერეს.

ამიტომ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობასაც. ეს პროცესი ჩემთვის განათლებასა და გაუნათლებლობას შორის არჩევანს უტოლდება. მე ვირჩევ ცხოვრების ევროპულ ხარისხს რუსული რეალობის ნაცვლად.

მე ვირჩევ თავისუფლებას და მინდა ჩვენი მომავალი თაობა თავისუფალი იყოს რუსული გავლენისგან. 38 წლის ვარ და უკვე ორი ომის რეალობით ვიცხოვრე. ორივე რუსეთისგან იყო.

ახლა ამერიკაში ტაქსის მძღოლი ვარ, ავტომობილში ჩვენი ქვეყნის დროშა ჩემი მგზავრების ინტერესს იწვევს. „რუსეთთან რომ არის მეზობლად, ეს ის საქართველოა ხომ?“ – ესაა ჩვენი ცნობადობის მთავარი ხაზი. ყველას ვუხსნი, რომ რუსეთი საქართველოს მტერია, რომ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს და რუსეთი ოკუპანტია. ასე მგონია, ყოველ დღე ჩემი პატარა წვლილი შემაქვს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ვცდილობ, ქართველი ხალხის ხმა მივაწვდინო სამყაროს.

არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ქართველი ხალხის გამარჯვების ტოლია. ადამიანებმა თავისუფალ გარემოში უნდა მიანიჭონ ძალაუფლება პოლიტიკოსებს. ხალხს აქვს თავისუფლება აკონტროლოს და უკარნახოს პოლიტიკურ ძალას თავისი საჭიროებები, როგორც ეს ამერიკაში ხდება.

ქართველ ქალებს, დედებსა და ბავშვებს მინდა მივმართო: არასოდეს თქვათ უარი თავისუფლებაზე, არასოდეს არ დაკარგოთ უკეთესი ცხოვრების შექმნის ინტერესი. ყოველთვის გააკეთეთ თავისუფალი არჩევანი.

„ოცნების“ მცდელობა არჩევნები ფარსად გადააქციოს, დასრულდება კრახით – ქართველი ემიგრანტი აშშ-ში 

ავტორი: ნათია როყვა

___

შორენა ლომთაძე პროფესიით განათლების მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოში სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა. შორენა ბოლო 8 წელია ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ყოველთვის ჩართულია: მაგალითად, ბოლო ერთ კვირაში 60-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა, არჩევნებში ხმის მისაცემად დარეგისტრირებაში და ასზე მეტი ადამიანი გადაამოწმა არიან თუ არა საარჩევნო სიაში.

  •  ორენა, ბოლოს გნახეთ შვილთან ერთად, ნიუ იორკში,  გაეროს შენობასთან აქციაზე, სადაც  რუსულ კანონპროექტს აპროტესტებდით, თქვენ რა საშიშროებას ხედავთ ამ კანონში?

შევეცდები ავხსნა, მე რატომ ვხედავ საფრთხეს: ჯერ კიდევ 2012 წელს რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ. ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ? ამბობენ, რომ ,,გამჭვირვალეობისთვის” და ,,სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის“. სხვათა შორის, ჩვენი ხელისუფლებაც იმავეს გვიმტკიცებს.

გავიაზროთ, როგორი ტიპის  სახელმწიფოა რუსეთი? – პასუხი  ცალსახაა, ავტორიტარული, სახელმწიფო ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი პირის, პუტინის ხელში. მისი მთავარი მიზანია გაიხანგრძლივოს მმართველობა.

მაშასადამე, რუსული მთავრობისათვის, კანონი უცხოური აგენტების შესახებ არის  საშუალება, დაასუსტოს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც  ორიენტირებულია მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლების დაცვაზე, სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი უკანონობის სააშკარაოდ გამოტანაზე.

2012 წლიდან დღემდე, რუსეთში, აღნიშნული კანონის ძალით, დაიხურა დამოუკიდებელი მედიები, არასამთავრობო ორგანიზაციები.

გარდა ამისა, აგენტის სტატუსი მიენიჭა ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც რაიმე სახით შეხება ჰქონდა ამ ორგანიზაციებთან: თანამშრომლებს, დამფუძნებლებს, მენეჯერებს, უბრალოდ მოქალაქეებს, ვინც რაიმე ტიპის მომსახურეობა მიიღო.

უცხოური აგენტის სტატუსმინიჭებულ მოქალაქეებზე დაწესდა შეზღუდვები. მაგალითად, ასეთები სტატუსის შემდეგ, ვერ იმუშავებენ პედაგოგებად განათლების სისტემაში. შეუძლებელი ხდება საზღვარგარეთ განათლების მიღება და სხვა.

ფაქტობრივად, რუსული კანონის საცეცები შეეხო ყველას და ქვეყანაში სრული დიქტატურა დამყარდა.

მაშინ, როცა „რუსული გამოცდილება“ ხელისგულზე დევს,  ჩვენი ხელისუფლების მიერ რუსული კანონპროექტის საქართველოში ამოქმედება მთლიანად მიმართულია მმართველობის გახანგრძლივებისაკენ. ესაბამისად, ავტორიტარული რეჟიმის  განმტკიცებისკენ. 

თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტმა მთავრობამ ვერ გაითვალისწინა, რომ  ქართველი ხალხის მოტყუება შეუძლებელია. საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს მათ არჩევნებზე. დიახ, „არა ავტორიტარიზმს“, „არა რუსულ კანონს“, „კი ევროპას“.

  •  რატომ ირჩევთ ევროპას და ამერიკას? 

მარტივია არჩევანის გაკეთება ცუდსა და კარგს შორის. რატომ არა რუსეთს და კი ევროპას? შევეცდები გამოვყო ერთი მიზეზი მრავალთაგან.

რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ოცი პროცენტი. აწარმოებს ომს უკრაინაში. ანადგურებს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, მათ შორის, ჩადენილი აქვს ბავშვების სასტიკი მკვლელობები.

ამერიკა და ევროპა ზრუნავენ ადამიანების განვითარებაზე, განათლების ხელმისაწვდომობაზე, ხარისხიან ჯანდაცვაზე, ეკოლოგიაზე. ქვეყნებს შორის თანამშრომლობაში კი მოიაზრება თანასწორობასა და ერთმანეთის პატივისცემაზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობები.

ასეთი ტიპის ურთიერთობები ნებისმიერი ქვეყნისთვის განვითარების საფუძველია. ოკუპაცია გამორიცხავს მშვიდობიან თანამშრომლობას, თანასწორობას, თავისუფლებას და, მაშასადამე, განვითარებას. ამიტომაც  ვირჩევ ევროპას და ამერიკას.

  • რა მოლოდინები გაქვთ არჩევნებისგან?

„ქართული ოცნების“ მცდელობა, გადააქციოს არჩევნები ფარსად, კრახით დასრულდება.

საქართველოს მოსახლეობა არასოდეს დათმობს თავისუფლებას, არ გახდება მორჩილი, არ იტყვის უარს საკუთარ უფლებებზე, არ შეეგუება სტაგნაციას, არ დაუშვებს ავტოკრატიის განმტკიცებას სახელმწიფოში. ეს დაადასტურა „რუსული კანონის“ მიღების პარალელურად გამართულმა მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობებმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

მე მჯერა ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

  • როგორ ემზადებით არჩევნებისთვის ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები? 

განსაკუთრებით დიდ იმედს მაძლევს ემიგრანტების აქტიურობა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

მე, სხვა ემიგრანტებთან ერთად, მესამედ ვმონაწილეობ წინასაარჩევნო სამზადისში. ბატონმა რევაზ ბეროზაშვილმა შექმნა პლატფორმა „,თაობები ქვეყნისათვის“, რომლის მიზანია დიასპორებისაგან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა.

ამ პლატფორმამ საშუალება მოგვცა სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტებს, ყოველდღიურ კონტაქტზე ვიყოთ ერთმანეთთან. ვეხმარებით ემიგრანტებს გაიარონ  რეგისტრაცია საკონსულო აღრიცხვაზე, მოხვდნენ საარჩევნო სიებში და შეძლონ ხმის მიცემა.

გარდა ამისა, მზადდება მოთხოვნები დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნისათვის იმ ლოკაციებზე, სადაც ემიგრანტთა დიდი რაოდენობა ცხოვრობს. ყველამ უნდა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა.

თუ მთავრობამ უარი განაცხადა დამატებით უბნების გახსნაზე, ეს იქნება  ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლების დარღვევა, რაზეც შესაბამისი რეაგირება მოხდება.

ამ საკითხზე  ხშირად გვაქვს პირდაპირი ჩართვები, როგორც საქართველოს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთან, ასევე ევროპარლამენტარებთან. ჩვენ, ქართველი ხალხი აუცილებლად გავიმარჯვებთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ ქვეყანას ასე იოლად არ დავთმობთ.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 აგვისტოს 21 საათიდან 26 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დილით ელვა-ჭექა და წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 27-28 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

31 წლის ჟურხა ცინცაძეს დახმარება სჭირდება

31 წლის ჟურხა ცინცაძეს დაუდგინდა მწვავე მონობლასტური ლეიკემია AML-M5a.

ის ამჟამად თურქეთის კლინიკაში იმყოფება, სადაც ოპერაციამდე საჭირო გამოკვლევებს უტარებენ. თუმცა მისი მკურნალობა შეიძლება ვერ გაგრძელდეს, რადგან ჟურხას ოჯახს საკმარისი სახსრები არ აქვს.

„ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ჩემი ძმის მკურნალობა. სამწუხაროდ ოჯახს არ გვაქვს საშუალება, რომ ეს თანხები მოვიძიოთ. რა თანხის შეგროვებაც შევძელით, იმ თანხით გავუშვით თურქეთში. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. როგორც კლინიკაში გვითხრეს სასწრაფოდ სჭირდება გამოკვლევების ჩატარება, ამ კვლევების ფული კი არ გვაქვს.

პირველი ეტაპის მკურნალობა სახელმწიფომ დააფინანსა, დამატებითი თანხაც მოგვცეს, მაგრამ იმდენად ძვირი ჯდება ლეიკემიის მკურნალობა, რომ ეს თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი. ახლა გვაქვს ინვოისი თურქეთის კლინიკიდან, დაახლოებით 47 ათასი დოლარია დაახლოებით საჭირო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ჟურხა ცინცაძის ძმამ, ჯიმშერ ცინცაძემ.

მან მოგვაწოდა თურქეთის კლინიკიდან გამოგზავნილი ინვოისიც.

——————————————-

ჟურხა ცინცაძის დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ გადარიცხონ ანგარიშზე:

თიბისი ბანკი: GE45TB7384645064300079

საქართველოს ბანკი: GE14BG0000000101553544

მიმღები: ჯიმშერ ცინცაძე (ჟურხა ცინცაძის ძმა)

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 607 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190]
  • ტანკი – 8 547 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 16 631 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 17 396 ერთეული [+47]
  • MLRS – 1 171 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 936 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 367 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 095 ერთეული [+31]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 444 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 23 475 ერთეული [+92]
  • სპეცტექნიკა – 2 928 ერთეული [+17]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 640 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 30 475 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 566 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 425 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 621 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 25 200 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ვორონეჟის ოლქის სამ დასახლებაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა — მედია

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზელენსკიმ რამდენიმე ანტირუსულ კანონს მოაწერა ხელი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ივანიშვილის სასტუმროს „პარაგრაფის“ გვერდით გამწვანებულ 40 ჰექტარზე მშენებლობას იწყებენ

შეკვეთილში, ზღვის სანაპიროზე, სასტუმრო „პარაგრაფის“ გვერდით შპს „ვი არ შეკვეთილი რესორტი“ მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ  სანაპიროზე 40 ჰექტარი გამწვანებული ფართობი დაირეგისტრირა საკუთრებაში.

შპს „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ ასივე პროცენტი შპს „ვი არ ლისის“ საკუთრებაა. ამ კომპანიას კი, რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენი, ოფიციალურად ნოშრევან ნამორაძე ფლობს. თუმცა, შეკვეთილში არავის სჯერა, რომ საკუთარი სასტუმროს გაგრძელებაზე „ქვიშიან სანაპიროს მრავალწლიანი ფიჭვების ტყით, ბიძინა ივანიშვილი ვინმეს დაუთმობს.“

ამ ეჭვებს მეტი დამაჯერებლობისთვის დაამატეს ისიც, რომ „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ მფლობელი ნოშრევან ნამორაძე პირველად არ დაინტერესებულა ბიძინა ივანიშვილის პროექტის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთით. „ეს შემთხვევით არ ხდება, ხალხი სულელი ნუ ჰგონიათ მაგათ“, – ამბობენ შეკვეთილში.

მარცხნივ სასტუმრო „პარაგრაფი“ – მარჯვნივ კი ფიჭვნარი „ვი არ შეკვეთილი რესორტმა“ შეისყიდა.
„ვი არ შეკვეთილი რესორტის“ მიწის ნაკვეთი, „პარაგრაფთან“ ახლოს სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია

შპს „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთების ჯამური ფართობი 473 468 კვ.მეტრია. საპროექტო ტერიტორიის სამეზობლო მიჯნა ერთ მხარეს „სასტუმრო პარაგრაფს“ ესაზღვრება და კერძო დასახლებამდე ერთი დიდი მწვანე ფართობია. ჰორიზონტალურად საპროექტო ნაკვეთებს ზღვა და ქვიშიანი პლაჟი, ზედა ნაწილში კი სამანქანო გზა მიუყვება.

მიმდებარედ არის „ბლექ სი არენა“, დენდროლოგიური პარკი, მუსიკალური პარკი, მინიატიურების პარკი, ციცინათელას პარკი. ექვსივე მათგანი ბიძინა ივანიშვილის კომპანიების პროექტებია. „ბლექ სი არენა“ მუსიკოსთა პარკთან, ასევე მინიატიურების პარკთან ერთად და ციცინათელა, რამდენიმე წლის წინ მან სახელმწიფოს გადასცა. მიწის ნაკვეთების ნაწილი, რაც „ბლექ სი არენას სარგებლობაშია“ კომპანიამ სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მიიღო. კომპანიის სამართავად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება დღემდე.

ცოტა ხნის წინ Black Sea Arena-ს მართვის უფლება კულტურის სამინისტროს ჩამოერთვა და მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა. 

მონიშნულია „ვი არ შეკვეთილის“ ნაკვეთები სანაპიროზე – 40 ჰექტარი
შეკვეთილი – ზღვისპირა კურორტი ნატანების თემში. მას სამკურნალო კურორტს უწოდებენ.

სასტუმრო „პარაგრაფი“ და მიმდებარედ არსებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და ეს ახალი ამბავი არ არის. „პარაგრაფის“ მფლობელი, შპს „ბლექ სი რიზორთსი“ 2014 წელს ოფშორულ ზონაში, პანამაში დააფუძნეს. მისი დაფუძნების დღიდან კომპანიას გრიგოლ ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. ახლა ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსია. მალევე კომპანია „ოლდ სითი დეველოპმენტზე“ გადააფორმეს. ეს კომპანია შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ საკუთრებაა, ფონდი „ქართუს“ ეკუთვნის.

შპს „ბლექ სი რიზორთში“ გრიგოლ ლილუაშვილი კომპანიის დაფუძნებიდან მალევე ირაკლი ქარსელაძემ ჩაანაცვლა. ის ახლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია, მისი წასვლის შემდეგ კი კომპანიის დირექტორი შოთა ხიზანიშვილი გახდა.

 

მონიშნულია სასტუმრო „პარაგრაფი“ და მის მიმდებარედ დენდროლოგიური პარკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინა ხვედელიძის კომპანიის საკუთრებაშია. „პარაგრაფი“ 67 066 კვ.მეტრს მოიცავს. სასტუმროს წინ პლაჟზე, სადაც აუზი მოაწყვეს – 10 420 კვ.მეტრი, შპს „ბლექ სი რიზორთს“ საიჯარო წესით აქვს აღებული 99 წლის ვადით. „პარაგრაფის მიმდებარედ“ 54 ჰექტარზე გაშენებული დენდროლოგიური პარკი „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაა, ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს ეკუთვნის.

არც ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის „ოცნებასთან“ კავშირია ახალი ამბავი. ის „ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია. ნამორაძემ არაერთხელ გამოხატა მადლიერება „ოცნების“ და მისი მთავრობის მიმართ „ჯანსაღი მიდგომისა და ხელშეწყობისთვის კერძო სექტორისა და ბიზნესისთვის.“  მთავრობისა და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის წვლილს მან შეკვეთილში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაციაზეც გაუსვა ხაზი. 

ნამორაძის სამშენებლო კომპანიებმა, პროტესტისა და წინააღმდეგობის ფონზე ნებართვები მიიღეს მასშტაბურ პროექტებზე თბილისში, თაბორის მთაზე, კრწანისში და სხვაგან.

2023 წლის სექტემბერში ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტარ ნინო წილოსანთან ერთად, ინგლისურენოვანი ჟურნალის, „გლამურ საქართველოს“ ახალი ნომრის გადაღებებზე გამოჩნდა. ეს ჟურნალი ძირითადად რეკლამაზე მუშაობს.

ბიზნესმენი ნამორაძე და ირაკლი კობახიძე „გლამურ საქართველოს“ გადაღებაზე

მანამდე ნამორაძის ყოფილ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებაზეც საუბრობდნენ. ბიზნესმენის მეუღლემ ტელეკომპანია „პირველთან“ არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო, რომ ყოფილი პრემიერი მათი შვილის ნათლიაა. ნამორაძის კომპანიის ერთ-ერთი პროექტის – „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ პრეზენტაციას ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.

ნამორაძის გავლენებზე კარგად იციან შეკვეთილში, მისმა კომპანიებმა არაერთი სამშენებლო ნებართვა მიიღეს თბილისში, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. თუმცა ამბობენ, რომ მისი პროექტი, სინამდვილეში ივანიშვილის პროექტია და პარაგრაფთან ახლოს ახალი სასტუმრო კომპლექსის ასაშენებლად 40 ჰექტარზე მშენებლობას ბიძინა ივანიშვილი არავის დაანებებდა დაგეგმილი პროექტი მისი რომ არ იყოს:

„ეს ყველაფერი ფორმალობაა. ნამორაძეა თუ ვინ, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მფლობელი ივანიშვილი იქნება“. 

კომპანია არ მალავს, რომ პროექტის განხორციელებას „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან“ [ეს კომპანია „ქართუს“ ეკუთვნის] თანამშრომლობით, Paragraph-ის ბრენდის მოთხოვნების და გამოცდილების გათვალისწინებით გეგმავს. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს. პროექტს კი „VR Shekvetili Forest – Beach | By Paragraph“ დაარქვეს. 
          „ბათუმელებს“ ადგილზე დაუდასტურეს  ისიც, რომ რამდენიმე სანდო და გამოცდილი თანამშრომელი „ვი არ ჰოლდინგის“ პროექტზე სამუშაოდ „პარაგრაფიდან“ გადაიყვანეს. 
მსგავსი მიდგომა [როცა თავდაპირველად სხვა პირი ფიქსირდება ბიზნესის მფლობელად] ბიძინა ივანიშვილს ბათუმში, მწვანე კონცხზეც ჰქონდა: როცა ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის შვილობილმა კომპანიამ, „ბიზნეს დეველოპმენტმა“ მწვანე კონცხზე ზღვისა და მთის პანორამული ხედებით მიწის ნაკვეთი იყიდა და მშენებლობა დაიწყო. მაშინ „ბიზნეს დეველოპმენტის“ მფლობელი შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ოფშორში იყო დარეგისტრირებული, შემდეგ კი „ქართუმ“ დაირეგისტრირა საკუთრებაში.
მწვანე კონცხზე ზღვისა და მთის პანორამული ხედებით მიწის ნაკვეთი „ბიზნეს დეველოპმენტმა“  აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ დაირეგისტრირა.

ივანიშვილის სასტუმროს „პარაგრაფის“ გვერდით გამწვანებულ 40 ჰექტარზე მშენებლობას იწყებენ

კომპანიის საკუთრებაში გადავიდა ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები. ასევე, მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, 13 640 კვ.მეტრი. ეს ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 4 600 000 ლარად იყიდა და ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. ახლა კომპანიის საკუთრებაში 49 411 კვ.მეტრია. წლების შემდეგ კი აუდიტის სამსახურმა დაწერა, რომ ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები იაფად მიყიდეს.
შეკვეთილს რომ დავუბრუნდეთ – ნაკვეთები ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილის ფიჭვნარში ნოშრევან ნამორაძის კომპანიას ძირითადად 2023 წელს შეუსყიდია, რამდენიმე მათგანი უფრო ადრეც. საჯარო რეესტრის მიხედვით, მათი გამყიდველი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი ზურაბ სომხიშვილია. ეს ნაკვეთები მის სახელზე 2003 წლიდან ფიქსირდება. სომხიშვილს თანამესაკუთრეებთან ერთად დაუფუძნებია შპს „გავრიონი“, სადაც წილების 80 პროცენტს თავად ფლობს. დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიას 2016 წელს მიღებული აქვს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ნამორაძის ახალი პროექტის განაშენიანების გეგმის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია დაიყოფა ნაკვეთებად. სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილი გათვალისწინებულია მრავალბინიანი სასტუმროს ტიპის შენობებისთვის, სადაც უნდა განთავსდეს სასტუმროს ტიპის 398 ნომერი, კვების ობიექტები, გართობისთვის განკუთვნილი მომსახურების ობიექტები, მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურების ობიექტები და ავტოსადგომები დაახლოებით 199 მანქანაზე.
კომპანიაში ჯერ დაგვიდასტურეს, რომ „ვია არ შეკვეთილი რესოტს“ მშენებლობის ნებართვა არ მიუღია: „ჯერჯერობით ნაბერთვა არ არის, ალბათ სექტემბერში გვექნება, რაც შეხება მიმდინარე სამუშაოებს, დაწყებულია გარკვეული სამუშაოები, დამატებითი გზის გაყვანა და მასალის მობილიზება“.
შემდეგ კი გვითხრეს, „ვიკითხავ ვისთან შეიძლება გადაგამისამართოთ ნებართვასთან დაავშირებითო“, თუმცა დაპირებული ნომერი არ გამოვაწოდეს.
ადგილზე – შესყიდული მიწსი ნაკვეთის ერთ მონაკვეთში „პარაგრაფის“ მიმდებარედ ასეთი ვითარება დაგვხვდა
ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი დაეთმობა ინდივიდუალურ დასასვენებელ სახლებს, უკიდურეს დასავლეთით მოეწყობა საძირკვლის არმქონე მსუბუქი კონსტრუქციები, როგორიცაა საჩრდილობლები და ასაწყობი კონსტრუქციის საცურაო აუზი.
პროექტის რენდერი კომპანიის ვებგვერდიდან
რენდერი – კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან
ამ დროისთვის დასაგეგმარებელი ტერიტორია სრულად თავისუფალია არსებული საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ შეკვეთილის მწვანე ზონაში სერიოზული მასშტაბის სამუშაოებს ჩაატარებენ. შეკვეთილში ეს აშინებთ და განსაკუთრებით წუხან სანაპიროზე ხეების შესაძლო მასობრივად გაჩეხის გამო. იმ მასშტაბის მშენებლობისთვის კი, რასაც ნამორაძის კომპანია გეგმავს, ადგილების ხეებისგან გამოთავისუფლება კიდევ დასჭირდებათ.
თავად კომპანია ტერიტორიის განაშენიანების  გეგმაში წერს: „საპროექტო ტერიტორია მასიურად დატვირთულია ხე-მცენარეებით. კომპლექსი ისეა დაგეგმარებული, რომ არსებული ხე-მცენარეების უმრავლესობა შენარჩუნდეს და მოეწყოს მაქსიმალურად დიდი რეკრეაციული სივრცეები. მოგახსენებთ, რომ არსებული ხე-ნარგავების ტაქსაციას წარმოგიდგენთ შემდეგ ეტაპზე.
„დამკვეთის სურვილია: მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განთავსება ქალაქთმშენებლობით კონტექსტში. დაუბრკოლებელი სატრანსპორტო მისადგომობის ორგანიზება და ადეკვატური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა“.

დოკუმენტის თანახმად, პირველ ეტაპზე იგეგმება საინჟინრო ქსელისა და საპროექტო გზების, ასევე საპროექტო ღობეების მოწყობა, სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა და საპროექტო დასასვენებელი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.

პროექტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლებს, ვილებს, საცხოვრებლებსა და სასტუმროს, აუზს, სპასა და ველნეს ცენტრს, ავთენტურ და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ რესტორნებს, ღია და დახურულ სპორტულ მოედნებს, გასართობ და რეკრეაციულ სივრცეებს.

„ვი არ შეკვეთილის“ პროექტის პრეზენტაცია „პარაგრაფში“ გამართეს, პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მთავრობის წევრები, მინისტრები და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ, პრეზენტაციაზე პირველი სიტყვა სწორედ მას მისცეს.

ლევან დავითაშვილმა „ვი არ ჰოლდინგის“ პროექტს შეკვეთილის განვითარების მეორე ეტაპი უწოდა და „პარაგრაფის“ მიერ დანერგილ „მაღალ სტანდარტზეც“ ისაუბრა. შეხვედრას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა ასევე „ტურიზმის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი კახა ბაინდურაშვილი, თავად ნოშრევან ნამორაძემ კი განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას. ამ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

შპს „ტურიზმის განვითარების ფონდი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა დააფუძნა. ფონდის შექმნიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ტურიზმის განვითარების ფონდმა“ თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში 680 მილიონი დოლარის ღირებულების 8 მასშტაბური პროექტი უნდა განახორციელოს.

პროექტები თანაინვესტირების ფონდმა წამოიწყო და ახალშექმნილ ფონდს გადააბარა, რადგან მათი განცხადებით, პროექტების სიმრავლე მოითხოვდა მიზნობრივი ფონდის ცალკე არსებობას. ტურიზმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა [ახლა ის საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრია].

პროექტების ჩამონათვალი ნახეთ აქ. 

  • თაბორის მთა – ბიძინა ივანიშვილის კომპანიის პროექტის მიმდებარედ, აქაც ნოშრევან ნამორაძემ გამოხატა ინტერესი

2022 წელს თბილისის მერიამ ივანიშვილის პროექტის – „პანორამა თბილისის“ მიწის ნაკვეთების მიმდებარედ მთავრობას უსასყიდლოდ გადასცა ტერიტორია თაბორის მთაზე სამომავლოდ მისი საინვესტიციოდ გასხვისების მიზნით – 2 მილიონი კვ.მეტრი [200 ჰექტარი]. ამის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ამ ნაკვეთის შესყიდვით ნოშრევან ნამორაძე იყო დაინტერესებული.  გასხვისებამდე ამ ნაკვეთს სტატუსი პროტესტის ფონზე შეუცვალეს – ტერიტორიას სატყეო ზონის სტატუსი ჰქონდა და იქ მშენებლობა იკრძალებოდა, რაც საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ დასაშვები გახდა.

ბიძინა ივანიშვილის კომპანია „თაბორი რიზორთსი“ თაბორის მთაზე რამდენიმე კომპლექსს აშენებს. „პანორამა თბილისის“ პროექტების მშენებლობას წლების განმავლობაში საზოგადოების ნაწილი აპროტესტებდა. პროექტი თაბორის მთაზე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 80-ნომრიანი სასტუმროს, გოლფის მოედნების, გოლფ-კლუბისა და სარეკრეაციო ზონის მოწყობას მოიცავდა.

2022 წლის დეკემბერში ნოშრევან ნამორაძის კომპანიამ შპს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის 49-ში არსებული სპორტის უნივერსიტეტი და მის ირგვლივ არსებული მიწა იყიდა. ქონების საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იყო, ბიჯი კი მხოლოდ 20 000 ლარი. 18 019  კვ.მ მიწის ნაკვეთი იმ პირობით გაიყიდა, რომ მყიდველი მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილს – 7374 კვ.მ.-ს კეთილმოაწყობდა, გაარემონტებდა სპორტის უნივერსიტეტის შენობას, სპორტულ დარბაზებს და სახელმწიფოს გადასცემდა.

2022 წლის სექტემბერში კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2025 წლისთვის საქართველოს სპორტის ახალი უნივერსიტეტი ექნებოდა და ის ჭავჭავაძის გამზირზე, იმავე ტერიტორიაზე აშენდებოდა, სადაც ახლა ავარიული შენობა იდგა.

გაყიდული მიწის ნაკვეთი 2 ნაწილად გაიყო, ერთ ნაწილზე კომპანიამ საინვესტიციო პროექტი „VR Vake Skyview Tower“ თბილისის  მერიას შეათანხმა.

„ვაკე თაუერსი“ – პროექტის რენდერი, რომლის მშენებლობასაც ნოშრევან ნამორაძის კომპანია ჭავჭავაძის #49-ში გეგმავს. დოკუმენტების მიხედვით, შენობის კონსტრუქციული სიმაღლე 195.2 მეტრია. ფოტო: კომპანიის ვებგვერდი

გასულ კვირას კომპანიამ ამ პროექტის კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა. ოპოზიციონერი დეპუტატების ინფორმაციით, მოთხოვნა დაუკმაყოფილეს.

ნამორაძის კომპანია „კრწანისი რესორტ რეზიდენსი” თბილისის ისტორიულ ნაწილში, კრწანისში 20 ჰექტარ ფართობზე მრავალფუნქციურ კომპლექსებს აშენებს, ვილების ნაწილი კი დასრულებული აქვს.

სამშენებლო საქმიანობისა და „ოცნების“ ღია მხარდაჭერის გარდა, ბიზნესმენი ნამორაძე რამდენიმე გახმაურებული ამბით არის ცნობილი. ის ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ბრალდებით იყო დაკავებული. საქმის მასალების მიხედვით, კოდუას ნოშრევან ნამორაძე შურისძიების მოტივით გაუსწორდა. ნამორაძეს აღმკვეთი ღონისძიება არასაპატიმრო ღონისძიებით შეუცვალეს.

ის სასამართლო დარბაზიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მაშინ ნამორაძემ თქვა, რომ ეს აგრესია პირადი შურისძიებით იყო ნაკარნახევი, რადგან წინა მთავრობის დროს მისი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ეს მასზეც გავრცელდა.

მაშინ სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა ბრალდებულს შეუცვალა არასაპატიმრო ღონისძიებით. ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა 4 წლის შვილთან და ძიძასთან ერთად იმყოფებოდა, როცა სცემეს და სახის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

ნოშრევან  ნამორაძე რუსული კანონის მხარდამჭერია:

„… რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიებს, აუცილებელია გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის აღიარება, როგორც ფუნდამენტური საყრდენი, რომელიც ეხმიანება ევროპულ ღირებულებებს. ეს ეთოსი სცილდება ბიზნეს სექტორს და მოიცავს საზოგადოების ყველა ასპექტს. გამჭვირვალობა აუცილებელია ყველა სექტორში. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ფარული უცხოური დაფინანსების მავნე გავლენა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებზე, რომლების „გაუქმება ან გადადება“ ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესს“, – ეს ამონარიდია ნოშრევან ნამორაძის ტექსტიდან, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„არაჩვეულებრივი გამოფენა“ – ბათუმში USAID-ისა და საქართველოს 32 წლიანი თანამშრომლობა აღნიშნეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე USAID – სა და საქართველოს 32 წლიანი თანამშრომლობისთვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ევროპის მოედანზე გაშლილი იყო ქართული სუფრა, რომელსაც თამადა უძღვებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ის სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებმაც USAID-ის მხარდაჭერით აჭარის რეგიონში სხვადასხვა სფეროში წარმატებული პროექტები განახორციელეს.

მათ შორის იყვნენ ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები და ის არასამთავრობო ორგანიზაცები, რომლებიც საკუთარ გარემოს, ქალაქს და რეგიონს უკეთესობისკენ ცვლიან.

„ეს არის არაჩვეულებრივი თანამშრომლობის, არაჩვეულებრივი პროექტების, არაჩვეულებრივი ხალხის არაჩვეულებრივი გამოფენა – ანუ პასუხი იმაზე, რა გააკეთეს ქართველებმა ამერიკელ ხალხთან თანამშრომლობით.

თანამედროვეობისა და ტრადიციის შეწრყმის ყველაზე კარგი მაგალითი მოლაპარაკე ციფრული ქვევრი გახდა. გამოფენის მონაწილეებს შეეძლოთ ქართული ტრადიციული ღვინის ჭურჭლთან ესაუბრათ და საქართველოსა და USAID – ის თანამშრომლობის, ისტორიის, განხორციელებული პროექტებისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ,“- ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ რელიზში.

USAID საქართველოსთან და მის მოქალაქეებთან 1992 წლიდან თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში ორგანიზაციამ ამერიკელი  ხალხის   საშუალებით, $1.9 მილიარდი დოლარის მხარდაჭერა გაუწია ქვეყანას.

USAID, როგორც აშშ-ს მთავრობის ნაწილი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და მისი მიზანია დაეხმაროს ქვეყანას გახდეს უფრო უსაფრთხო, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპასთან მჭიდროდ ინტეგრირებული პარტნიორი.

საქართველოსა და USAID- ის თანამშრომლობაზე სასაუბროდ “ არაჩვეულებრივი გამოფენა” საქართველოს სხვა კუთხეებსაც ესტუმრება.

ვინ იქნებიან “ქართული ოცნების” დელეგატები უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე

26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ქვეყანაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება.

აჭარის  უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. დელეგატები წარადგინა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ქართული ოცნების“ დელეგატები იქნებიან: ბათუმში  ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ქობულეთში უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი ცოტნე ანანიძე, ხელვაჩაურში ხელვაჩაურის საკრებულოს პირველი მოადგილე მინდია დიასამიძე, ქედაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე, შუახევში აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და ხულოში ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე.

„ძირითადი კრიტერიუმები, რითაც შეირჩა დელეგატები და რაც გახლდათ წარდგენის საფუძველი, არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება, ქვეყნისა და ხალხის სიყვარული. მე დარწმუნებული ვარ, მათ წარმატებაში,“ – თქვა დელეგატების წარდგენისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე ქედის დელეგატად წარადგინეს
ხელვაჩაურის საკრებულოს პირველი მოადგილე მინდია დიასამიძე ხელვაჩაურის დელეგატად წარადგინეს
ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე ხულოს დელეგატად წარადგინეს

26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ გეგმავს ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაანონსა ქვეყანაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა.

თავისუფალი და მმართველი ელიტისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გაქრობისთვის, საკანონმდებლო ბაზაც მომზადებული აქვს მმართველ პარტიას.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმდინარე წლის 3 ივნისს მოაწერა ხელი რუსულ კანონს, რომელი კანონის მიღებითაც საფრთხე შეექმნა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. რუსული კანონი ქვეყანაში აქრობს თავისუფალ მედიას, შეუძლებელს ხდის სამოქალაქო ორგანიზაციების არსებობას, ხოლო იქ მომუშავე ადამიანებს აგენტებად აცხადებს

რუსული კანონი საქართველოში 3 აგვისტოს ამოქმედდა.

ამავე თემაზე:

ვინ იქნებიან „ოცნების“ დელეგატები აჭარიდან 2024 წლის არჩევნებზე

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 606 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
  • ტანკი – 8 542 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 16 620 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 17 349 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 169 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 935 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 367 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 064 ერთეული [+39]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 444 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 23 383 ერთეული [+54]
  • სპეცტექნიკა – 2 911 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 640 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 30 434 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 557 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 425 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 594 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 25 139 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინა კურსკში რუსულ ჯარებს ალყაში აქცევს და ხანგრძლივი ბრძოლისთვის ემზადება – WSJ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დაღუპვა, კიდურის ამპუტაცია და მძიმე ტრავმები – როგორაა დაცული უსაფრთხოება ბათუმის სანაპიროზე

დაღუპვის ერთი შემთხვევა, კიდურის ამპუტაცია, თავის ქალის მძიმე ტრავმები, სხვადასხვა სახის მძიმე თუ მსუბუქი დაზიანებები – ეს ის ჩამონათვალია, რომელიც სულ ცოტა, ბოლო ორი განმავლობაში მიიღეს ბათუმის ზღვაში დამსვენებლებმა.

ტურისტების თქმით, ზღვაში შესვლის დროს ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, რადგან საზღვაო ტრანსპორტი საცურაო ზოლთან ახლოს მოდის, რაც იწვევს ზღვაში მყოფი ადამიანების დაზიანებას. ბოლო პერიოდში მინიმუმ ორი შემთხვევა იყო, როცა მძღოლის გარეშე მოძრავმა კატერმა და სკუტერმა დამსვენებლებს საფრთხე შეუქმნა.

ერთ შემთხვევაში სკუტერი ნაპირზე შევარდა, მეორე შემთხვევაში კი მძღოლის გარეშე დარჩენილი კატერი ზღვაში მოძრაობდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ირგვლივ მყოფ პირებს.

„ბათუმელები“ ორ კლინიკას ესაუბრა და ჰკითხა, რამდენი პაციენტი მიიღეს ზღვის ტრანსპორტისგან მიღებული დაზიანებებით?

კლინიკა BMC-ში, სულ სამ მძიმე შემთხვევას იხსენებენ, როცა დაშავებული ადამიანების გადარჩენა ძლივს მოხერხდა.

„სადღაც ივნის-ივლისის პერიოდში იყო 3 შემთხვევა. ერთი იყო უცხოელი ტურისტი, რომელსაც კატერი შეეჯახა და ძალიან მძიმედ იყო, ძლივს მოხერხდა მისი გადარჩენა.

მეორე დაშავებული იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სერფინგის დაფაზე იდგა და „ბანანმა“ ისე სწრაფად მოუხვია, რომ თოკი მოხვდა სახეში და მიიღო ისეთი მძიმე დაზიანება, რომ მის გადარჩენასაც არ ველოდებოდით. მესამე შემთხვევაშიც დაშავებული იყო ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ასევე დასჭირდა ქირურგების ჩარევა“, – გვეუბნებიან კლინიკაში.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი სულ ცოტა 10 შემთხვევაზე გვესაუბრებიან.

„ზღვის სანაპირო ზოლიდან მოყვანილი პაციენტების დაზიანებებიდან, ორი იყო ყველაზე მძიმე. ერთ-ერთი დაშავებული იყო უცხოელი ტურისტი, რომელსაც თავის ქალა-ფუძის ტრავმა ჰქონდა და სამი დღეა, რაც გაეწერა საავადმყოფოდან. მეორე შემთხვევაში, მძიმე ტრავმა მიიღო საქართველოს მოქალაქემ, ახალგაზრდა კაცი იყო, რომელსაც დასჭირდა კიდურის ამპუტაცია.

სხვა იყო შედარებით მსუბუქი ტრავმები. მაგალითად მხრის ამოვარდნა, მოტეხილობა, დაჟეჟილობები“, – ამბობს გადაუდებელი მედიცინის ექიმი, ჯუმბერ ბოლქვაძე.

ბათუმის სანაპირო/ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ბათუმელები“ ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს და ადგილობრივებს ესაუბრა და ჰკითხა, მათი აზრით, რამდენად დაცულია სანაპირო ზოლზე უსაფრთხოება და თავად თუ გრძნობენ უსაფრთხოდ თავს, ზღვაში ცურვის დროს.

ანანო ჯანელიძე, რომელიც ერთი კვირაა რაც ბათუმში ისვენებს, ამბობს, რომ პირადად მას რაიმე ინციდენტი არ ჰქონია, თუმცა დაუნახავს, როგორ დაეჯახა „ბანანი“ ნაპირზე მყოფ გოგონას.

„ნაპირზე როცა შემოვიდა „ბანანი“, მაშინ მოხვდა მისი კიდე თავში ერთ გოგონას. ამიტომ კარგი იქნება მეტი უსაფრთხოება.

ვამჩნევ, რომ სამაშველო ნავები ხშირად გამოდიან, მაგრამ ადამიანების დაშავების ფაქტებზეც მსმენია და ეს ცუდია“, – გვეუბნება ის.

ზღვაში ყოფნის დროს მთლად უსაფრთხოდ ვერც არჩილ ჭიკაიძე გრძნობს თავს. ამბობს, რომ თუ შორს გადის ნაპირიდან, აქვს განცდა, რომ შეიძლება რამე მოხდეს.

„შენ უნდა აკონტროლო, რომ რაიმე არ დაგეჯახოს, თუ მოგიახლოვდა, უნდა ანიშნო და ასე შემდეგ. ამის გამო ვერიდები ხოლმე შორს გასვლას ზღვაში. კარგი იქნება სანაპიროდან ცოტა მოშორებით რომ მოძრაობდეს ეს ტრანსპორტი, რადგან ზღვაში როცა შედიხარ და ახლოს ჩაგივლის, სკუტერი იქნება ეს თუ კატარღა, მერე აღარ გაქვს უსაფრთხოების განცდა“, – გვეუბნება არჩილ ჭიკაიძე.

ის ჰაერის დაბინძურების თემასაც შეეხო, მისი თქმით, როცა სანაპირო ზოლზე ახლოს ცურავს ტრანსპორტი, იგრძნობა საწვავის სუნი, რაც ასევე დისკომფორტია დამსვენებლებისთვის. „ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა“, –  ამბობს არჩილ ჭიკაიძე.

საწვავის სუნზე გვესაუბრება მაკა ნადირაძეც. „გასაგებია, რომ ბიზნესია და ადამიანები ცდილობენ რაღაც გამოიმუშაონ, მაგრამ საწვავის სუნი მაინც არ არის სასიამოვნო და ეს პრობლემაა. ამიტომ, კარგი იქნება თუ უფრო მოშორებით იმოძრავებს ტრანსპორტი“, – გვეუბნება ის.

„წინა წლებში გაცილებით მეტი ტრანსპორტი მოძრაობდა ზღვაზე, წელს თითქოს უფრო ნაკლებია, მაგრამ საფრთხე მაინც არსებობს.

ზოგიერთი ადამიანი ძალიან დაუდევრად იქცევა, რადგან ვერ მართავს ტრანსპორტს, ზოგიც შორს შედის ზღვაში და ამით უქმნის თავს საფრთხეს. წესით ამ ყველაფერს უნდა არეგულირებდეს სანაპირო დაცვა, მარტო სამაშველოს პრეროგატივა ხომ არ არის ეს“, – გვეუბნება ხათუნა შავშიშვილი.

მისი თქმით, შტორმის გარდა, სხვა რაიმე რეკომენდაცია უსაფრთხოებაზე არასდროს მოუსმენიათ შესაბამისი სამსახურებიდან.

„ერთადერთი რეკომენდაცია, რაც მომისმენია უსაფრთხოებაზე არის ის, რომ თუ შტორმია და დიდი ტალღებია, გვეუბნება სამაშველო, რომ არ შევიდეთ ზღვაში, სხვა უსაფრთხოებაზე არაფერი მომისმენია. ალბათ საჭიროა უსაფრთხოებაზე რეკომენდაციებიც“, – გვეუბნება ხათუნა.

ელენე ობოლაშვილიც მიიჩნევს, რომ შესაბამისმა სამსახურებმა მეტი კონტროლი უნდა გაუწიონ საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობას სანაპირო ზოლზე, რომ უკონტროლობამ არ გამოიწვიოს ადამიანების დაზიანება ან დაღუპვა.

„ძირითადად ვერ ვგრძნობ ხოლმე თავს უსაფრთხოდ, როცა წყალში შევდივარ, რადგან ძალიან ბევრი ტრანსპორტი მოძრაობს სანაპიროზე. მეორე მხრივ, ეს კატერები თუ იახტები ასე ახლოს რომ დადის სანაპიროზე, ბენზინის სუნი იგრძნობა, რაც არ არის სასიამოვნო.

ამასთან, ზღვის ტრანსპორტზე შეიძლება ბევრი გამოუცდელი დამსვენებელი იჯდეს, ვერ გათვალოს მანძილი და ახლოს მოვიდეს ნაპირთან, ხოლო ვინც კარგად ცურავს და უნდა, რომ ცოტა ღრმად შევიდეს ზღვაში, მათ ექმნებათ საფრთხე ამ ტრანსპორტისგან.

მე ვცდილობ, არ გავიდე შორს. თუმცა მირჩევნია, რომ ამ ტრანსპორტისთვის ცალკე სივრცე იყოს გამოყოფილი“, – გვეუბნება ელენე.

ნიკა თუთბერიძე კი მიიჩნევს, რომ თუ დამსვენებლები მეტი ყურადღებით იქნებიან, აღარც პრობლემა იარსებებს.

„ტივტივას იქეთ თუ არ წახვალ, მშვენივრად იქნები. „ბანანი“ კი შემოდის ნაპირზე და ალბათ უნდა შემოვიდეს, რომ აიყვანოს დამსვენებელი, მაგრამ შეიძლება ცალკე მისადგომიც იყოს ამ ტრანსპორტისთვის და საფრთხეც ნაკლები იქნება“, – გვეუბნება ის.

ბათუმის სანაპირო/ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

კანონმდებლობის მიხედვით, საზღვაო სივრცეში გასართობი თუ სხვა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტია.

„ბათუმელებმა“ შს სამინისტროსაც ჰკითხა, თუ რა ზომებს იღებს აღნიშნული უწყება იმისთვის, რომ ადამიანებმა არ მიიღონ ტრავმები დასვენების დროს და არ შეექმნათ მათ სიცოცხლეს საფრთხე რეგულაციების დარღვევის გამო.

შს-ში გვეუბნებიან, რომ „უფლებამოსილების ფარგლებში, ყოველდღიურად, აქტიურად ახორციელებენ საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო შესაბამის ღონისძიებებს და საზღვაო სივრცის საპასუხისმგებლო არეალში სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება შესაბამისი სამართლებრივი ზომები, მათ შორის ხორციელდება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება“.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისიდან  22 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საზღვაო სივრცის საპასუხისმგებლო არეალში სამართალდარღვევის 533 ფაქტი გამოავლინეს.

შსს არ აზუსტებს, რამდენია კონკრეტული ჯარიმა რეგულაციების დამრღვევ პირზე.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა? – წავიდეთ არჩევნებზე“

ავტორი: ნათია როყვა

თამარ შელია პროფესიით მეან-გინეკოლოგია, განათლება რუსეთში მიიღო, საქართველოში კი ექიმად 23 წელი იმუშავა. თამარი მარტოხელა დედაა და ნიუ- იორკში ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, 5 წლის წინ, ამერიკაში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, გიოს გამო მიიღო – გიორგი, თამარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილია.

  • თამარ, რა საფრთხეებს ხედავთ რუსულ კანონში, რომელიც უკვე ძალაში შევიდა?

ეს კანონი ძალიან საშიშია – ეს ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას, ადამიანებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს, კრძალავს ევროპულ და ამერიკულ სიკეთეებს, რომლითაც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, 90-იანი წლებიდან ვსარგებლობთ.

მაგალითად, ჯანდაცვის პროგრამებმა უამრავი ადამიანი გადაარჩინა, უამრავი სიკეთე მივიღეთ განათლების სფეროში, ეს კანონი კი ყველა ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტს არსებობის საფრთხეს უქმნის. ის, რაც ადამიანის ფუნდამენდტურ უფლებებს ზღუდავს, ყველაფერი საშიშია.

ხელისუფლება ამ კანონით გვიწესებს შეზღუდვებს, გვართმევს თავისუფლებას, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში დაბადებულ ადამიანს დაუწესო აკრძალვები, სიტყვის და გამოხატვის.

  • როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანების ჩართულობა, როგორ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა? 

ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ვალდებულებაა წავიდეთ არჩევნებზე, ძალადობრივი გზით ცვლილებები არ არის სასიამოვნო ჩემთვის, ცივილური გზაა ოქტომბერში, საარჩევნო ყუთებთან მისვლა. ჩვენ უნდა შევძლოთ ქვეყნის გადარჩენა, ახლა სასწორზეა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ან 30 წლით უკან დაბრუნება.

  • ვიცი, რომ განათლება რუსეთში მიიღეთ, საქართველოში 22 წელი ექიმად იმუშავეთ, რატომ მიიღეთ ამერიკაში წამოსვლის გადაწყვეტილება?  

მე შვიდი წელი ვიცხოვრე რუსეთში, ვიცი 90-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე რა ხდება იქ. რუსეთი არ არის მოსკოვი ან სანკტ-პეტერბურგი 20-30% მასა, რომელიც შედარებით ნორმალურად ცხოვრობს.

პერიფერიებში გაიხედონ – რა მაგალითი უნდა მივიღოთ რუსეთისგან ქართველებმა, ქვეყნისგან, სადაც უპატრონო ბავშვებია, უამრავი ადამიანი ცხოვრობს ქუჩაში, გაჭირვება და სიღარიბეა, პენსიონრები მკურნალობის გარეშე არიან. უამრავი ადამიანი მინახავს მორგებში, უპატრონოდ.

რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი ტერიტორიის 20% მეტი მიითვისეს, დღემდე აგრძელებენ მცოცავ ოკუპაციას. როგორ შეიძლება დადებითად ვიყო განწყობილი, ეს გამორიცხულია.

  • გიფიქრიათ თუ არა საქართველოში დაბრუნებაზე?                 

მე საქართველოდან წამოვედი 2018 წელს. ფინანსური პრობლემების გამო არ წამოვსულვარ საქართველოდან, მე წამოვედი იმიტომ, რომ ჩემი პაციენტების მაგალითზე ვხედავდი, როგორ უარესდებოდა ცხოვრების დონე, ეკონომიური და პოლიტიკური მდგომარეობა მძიმდებოდა, მთავარი რის გამოც მე აქ წამოვედი იყო ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი. მარტოხელა დედა ვარ და ვფიქრობდი თუ ასე გაგრძელდება, ქვეყნის განვითარება, როგორ იქნება გიორგი, როგორ შეძლებს ის ცხოვრებას მარტო. შშმ ადამიანებს სკოლაში დიდი პრობლემები აქვთ, მათი განვითარების ბაზა არ არის.

განცდა იმისა, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს, ან იზრუნებს არ მქონია და ცოტა ხნით მივატოვე ჩემი კარიერა, იქ, სადაც მე პაციენტების დიდი არმია მყავდა. წამოვედი ამერიკაში, მიმღებლობა ჩემი შვილისნაირი ადამიანების აქ ბევრად უკეთესია, ვიდრე საქართველოში. როგორც კი ჩვენი ქვეყნის განვითარების დინამიკა უკეთესობიაკენ წავა, მე აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. ჩემთვის ბედნიერებაა ჩემ სამშობლოში ცხოვრება, ჩემი პროფესიით.

ჩემი დაკვირვებით სხვა ეროვნების ადამიანები რომ ჩამოდიან აქ იწყებენ ბიზნესს, ყიდულობენ სახლებს, ჩვენ ქართველები უძრავ ქონებას ვყიდულობთ საქართველოში, ჩვენ ნაშრომ ფულსაც იქ ვაგზავნით. ეს ნიშნავს იმას, რომ თვალი სულ იქეთ გვაქვს და ჩვენი გულები ისედაც იქ, საქართველოშია.

„ოცნების“ დაპირებები არ სრულდება, მათ უკვე აღარ ვენდობი“ – მემთეურები გომისმთიდან

„ბათუმელები“ გომისმთაზე იმყოფებოდა, სადაც შუახევის სხვადასხვა სოფლიდან მთაში ამოსულ მემთეურებს ესაუბრა.

მემთეურები საუბრობენ სიღარიბეზე, მათ სოფლების ახალგაზრდებისგან დაცლა აწუხებთ ყველაზე მეტად და ასევე, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია.

შუშანა გოგრაჭაძე სოფელ წყავროკიდანაა. ამბობს, რომ მემთეურობის ტრადიცია ნელ-ნელა ქრება, რადგან ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან, მოხუცებს კი ძალა აღარ შესწევთ.

„წავიდა ახალგაზრდობა სოფლიდან, მაგრამ რა ქნან, ფული უნდათ. სოფელში კი არაფერია, რომ დასაქმდე. თამბაქო დარგეს და ფასი დაუვარდა, არ გაამართლა. ხალისი არაფერს აქვს, სოფელს რომ ახალგაზრდობა დაუბრუნდებოდეს, მეტი ხალისი იქნება, მაგრამ ამისთვის არავინ არაფერს აკეთებს.

რომ მოვკვდეთ, ერთ კვირას ვერავინ მოგვაგნებს. არ ეცოდინებათ, ცოცხალი ვართ თუ მკვდარი… ცოცხალი მკვდრები ვართ, ცოცხალი მკვდრები…“- წუხს შუშანა.

შუშანა გოგრაჭაძე

საუბარში გვერთვება მისი მეუღლე შალვა გოგრაჭაძე. მისი აზრით, ქვეყანაში არსებული სიღარიბე და უიმედობა ოლიგარქიის ბრალია.

„ოლიგარქიაა ქვეყანაზე, ოლიგარქია. ყველამ უნდა ვიმოქმედოთ და მოვიცილოთ ეს ბიძინა ივანიშვილი. თუ ვერ მოვიცილეთ, გველოდება არეულობა.

იქიდან გამოგზავნილი კაცია ეგ, მაგას მისი ნაშრომი ფული არ აქვს, რუსეთმა გამოატანა, ჩადი და დაანგრიე საქართველოო და ანგრევს და კი მიაქვს რუსეთში. ქართველებს ყრიან საქართველოდან, რუსები შემოჰყავთ“ – ამბობს შალვა.

მისი აზრით, ამ არჩევნებზე ხალხმა უნდა შეძლოს საკუთარი არჩევანის დაცვა.

„ხმებს უნდა დაცვა, რომ არ გაგვიყალბონ არჩევნები“ – გვეუბნება ის.

შალვა გოგრაჭაძე

როგორ ხდება ისე, რომ მთავრობის წევრები მილიონერები გახდნენ, ხალხი კი ღარიბდება? – ვკითხეთ გოგრაჭაძეებს. მათი აზრით, ეს კორუფციის გამოა.

„როგორ ხდება და ჩვენი ჯიბიდან, კორუფციაა ქვეყანაზე. გაგვიყიდეს მიწა-წყალი, გამგებლებმაც, მთავრობამაც. მაგათთვის კარი ღიაა და ჩვენთვის დაკეტილი. მაგრამ მე მჯერა ერთობის ძალის. თუ ხალხი გაერთიანდა, ცვლილება იქნება“ – გვეუბნება შალვა გოგრაჭაძე.

„ოლიგარქია მოვიცილოთ, ეს მთავრობა მოვიცილოთ და მერე, თვითონ წავა რუსი. უნდა გაერთიანდეს ხალხი და ჩვენი პრინციპი ჩვენ უნდა დავიცვათ. დემოკრატია გვინდა ჩვენ, ამას აქვს ძალა“-მიაჩნია შალვა გოგრაჭაძეს.

მისი აზრით, აგენტების შესახებ კანონიც რუსეთის ინტერესებში შედის და ეს ქვეყანას დააზიანებს.

„აგენტების კანონი გადაჩეხავს ქვეყანას უფსკრულში. ივანიშვილია აგენტი, ჩვენ კი არ ვართ. ჩამოსული, დამჯდარი ჩუმად მართავს ქვეყანას და ჰყავს ხელისშემწყობი პარლამენტარები.

თუ ესენი არ წავიდნენ, საფრთხე ექმნება ჩვენს ევროინტეგრაციასაც. მაგათ თვითმფრინავებით აფრინონ მათი შვილები ამერიკაში, ასწავლონ და ჩვენსას სკოლები არ ჰქონდეთ, ეს არ იქნება“-ამბობს შალვა გოგრაჭაძე.

დურსუნ ბალაძე

დურსუნ ბალაძე ფიქრობს, რომ ხალხი ოპოზიციას უფრო უჭერს მხარს და არა „ოცნებას“.

„ახლა ოპოზიციას უჭერს ყველა მხარს, რადგან ივანიშვილს რა სურს და რუსული ენა იყოს, რუსული კანონი იყოს… ახალგაზრდობისგანაც სოფლები გაცლილია. 60-80 კომლი ცხოვრობს ჩემს სოფელში და ძროხა 2 პროცენტს აღარ ჰყავს.

სოფლის შემოსავლით რა უნდა ქნა, მშიერი არ დარჩები და ეგაა, მეტს ვერაფერს იზამ“-ამბობს დურსუნი.

ეთერ ზოიძე

ეთერ ზოიძეც მემთეურია. ამბობს, რომ ხელისუფლება გომისმთაზე მათ პრობლემებს უქმნით, რის გამოც შესაძლებელია მომავალს წელს აღარც კი ამოვიდეს.

„ამ 12 წელიწადში ჩემი ცხოვრება არ შეცვლილა. ერთი აუზი გააკეტეს აქ, გომისმთაზე და ჩვენ არ მოგვცეს წყალი. ვართ უწყლოდ.

არც ქოხების შეკეთების უფლებას გვაძლევენ. წყალი ჩამოგვდის და ცელოფნებით გვძინავს. არ გვაკეთებინებენ სახურავს. ვერ გავიგეთ რა უნდათ და რა მიზანი აქვთ. ალბათ უნდათ, რომ დაინგრეს ეს სახლები და შემდეგ მათ ააშენონ“ – ამბობს ეთერი.

„მაშინ მოგცენ საშუალება და გადავალთ სხვაგან. დიათეზიანი შვილიშვილი მყავს, მინდა ამოვიყვანო ჰაერზე და არ მაძლევენ საშუალებას, რომ სახურავი შევაკეთო.

ამ უწყლობამ ხომ გაგვაწამა. ძროხები გვყავს, გარეცხვა გვინდა, სისუფთავე გვინდა. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება მომდევნო წელს ვეღარ ამოვიდე მთაში“- გვეუბნება ეთერი.

მისი თქმით, რადგან ხელისუფლებას ხალხის მდგომარეობა არ აინტერესებს, ვერც ისინი მიიღებენ ხალხის ხმას.

„ხმის მოსათხოვნად რომ მოვლენ არჩევნებზე, აი, მაშინ უნდა გავუჭირვოთ ჩვენც და მიხვდებიან, გაჭირვება როგორი ყოფილა.

ზოგს ფულით ატყუებენ და 50 ლარად ვიღაც შეიძლება აძლევს ხმას, მაგრამ მე მაგათი მოსატყუებელი კბილი დიდი ხანია მოვიცვალე.

ის, რასაც აქ გვიკეთებენ, არის შევიწროება გლეხის. საქონელი უნდა ამოვწყვიტოთ მაშინ და დავსხდეთ სახლში“-ამბობს ეთერ ზოიძე.

ფატი ბოლქვაძე

ფატი ბოლქვაძეც მემთეურია და ისიც იმაზე ჩივის, რომ მალე ეს საქმიანობა წარსულს ჩაბარდება.

„დასაქმება, სამუშაო არ არის, ყველა ქალაქში გარბის და არავის უნდა ძროხა და მემთეურობა. წელს იცით რამდენი ქოხია დაკეტილი? ხალხი აქაც ვეღარ ამოდის, რადგან არ აქვს საშუალება. თუ ასე გაგრძელდა, ორი-სამი წელი და მთაში არავინ წამოვა მემთეურად.

ხალხმაც ამიტომ ჩაიქნია ხელი და აღარ აძლევს ხმას „ოცნებას“, რადგან დაპირებები არ სრულდება. აგერ, წყალი ჩამოგვდის ქოხში და არ გვაძლევენ გადახურვის უფლებას, წვიმაში გვძინავს. მე ამათ უკვე აღარ ვენდობი“ – გვეუბნება ფატი.

ანა სანიკიძე

ანა სანიკიძე ქობულეთიდანაა და გომისმთაზე დასასვენებლად ამოვიდა.

სხვა მემთეურების მსგავსად უკმაყოფილებას ისიც გამოხატავს შეზღუდვებზე, რის გამოც სახლების მეპატრონეებს არც შეკეთების უფლებას ეძლევათ და არც რაიმე ცვლილების.

„ხის კიბე გვქონდა და ჩამოინგრა, ბავშვი ჩამოგვივარდა და ვიფიქრე, რომ რკინის კიბეს გავაკეთებდით. მოვიდნენ და მოჭრეს.

ქობულეთში, სადაც ვცხოვრობ, ერთი 900-მეტრიანი გზა გვაქვს დასაგები და არ დაგვიგეს, რუკაზე არ არის, გეგმაში არ არისო. მანდ ადრე თავდაცვის შენობა იყო და შევარდნაძეც კი ჩამოდიოდა და მაშინ თუ იყო რუკაზე, ახლა სად გაქრა“ – ამბობს ანა სანიკიძე.

სელვა ბალაძე

სელვა ბალაძე „ოცნების“ ამომრჩეველია. ამბობს, რომ ხმა „ხათრით აძლევს „ოცნებას“, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობით მაინც უკმაყოფილოა.

„მთავრობა არ გამოივლის და არ მოგიკითხავს რა გიჭირს და რა არა. აქ წყალი არ გვაქვს, ან წყალი მოგვიყვანონ ან მოაგვარონ ეს ამბავი, რატომ გვიშლიან ხელს.

ხმა ყოველთვის „ოცნებას“ ვაძლევ, ხათრით.

პენსიაზე ხომ გვიმატებენ 20 თეთრს… 20 თეთრია ეგ 20 ლარი აბა რა არის, ყველაფერი ძვირია, რით უნდა იცხოვრო? ტელევიზორს ჩართავ და მარტო ჩხუბია.

მეწყერსაშიშ ზონაში ვართ, დაგვპირდნენ კომპენსაციას და ვნახოთ“ – ამბობს სელვა.

ხუსეინ ბოლქვაძეც შუახევიდანაა. დარდობს, რომ სოფელი მოწყენილია ახალგაზრდების გარეშე. ცრემლი ერევა იმის გამო, რომ ახალგაზრდების ნაწილი დაუსაქმებლობის გამო ნარკოდამოკიდებულები გახდნენ და ამ პრობლემის მოგვარებაზე ხელისუფლება არ ზრუნავს.

არჩევნებთან დაკავშირებით კი ასეთი განწყობა აქვს: „საარჩევნოდ იქნება ომი. დაძაბული სიტუაციაა. ყველას სათავეში უნდა. რატომ უნდა იყოს მარტო „ოცნება“, კოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნას, ეს ჩამოაყალიბებს ყველაფერს“- გვეუბნება ის.

რამაზ ტაკიძეც მიიჩნევს, რომ რომ არა სოციალური პროგრამით „დასაქმება“, სოფელში ადამიანებს სხვა შემოსავალი არ აქვთ.

„რეალური, გლეხობისთვის მაინც არაფერია. ამიტომ არის ხალხი დაფიქრებული, რა იქნება და როგორ.

ხალხი ახლა უყურებს რა იქნება ამ გომისმთასთან დაკავშირებით, რა კანონი უნდა შემოიღონ და თუ ჩვენს წინააღმდეგ იქნება, ხალხი ფეხზე დადგება.

გვაწიოკებენ, არ გვაძლევენ არაფრის გაკეთების საშუალებას, სახურავი რომ გადახურო, ჯარიმებს აწერენ ხალხს და არაფრის საშუალებას არ გვაძლევენ“ – გვითხრა მან.

„ჯერ ოლიგარქია მოვიშოროთ, რუსი თვითონ წავა“ - გამოკითხვა გომის მთაზე

რატომ უკრძალავენ მემთეურებს გომისმთაზე იმ ქოხების შეკეთებას, რომელიც ათწლეულებია აქ დგას, ამ თემაზე „ბათუმელები“ ცალკე შემოგთავაზებთ მასალას.

ამავე თემაზე: 

რა ელის გომისმთას, სადაც საძოვრებს საუკუნეებია აჭარის მცხოვრებლები იყენებენ

ბათუმში ავარიის შედეგად დაიღუპა ორი 15 წლამდე მოზარდი

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავარიის შედეგად დაღუპული ორი პირი 15 წლამდე მოზარდია.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა, მოზარდები მოპედზე ისხდნენ.

დღეს, ასევე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე, სადაც ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. არიან დაშვებულები.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რა არის ფინანსური განათლება და რატომ გვჭირდება ის?

ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რატომაა ზოგი ადამიანისთვის საკუთარი ფინანსების მართვა ადვილი, ზოგისთვის კი ძალიან რთული? ამ კითხვაზე პასუხი ერთ ძალიან მნიშვნელოვან უნარში იმალება  – ესაა ფინანსური განათლება.

თუკი, განათლებით ფინანსისტი, ბუღალტერი ან ბიზნეს ადმინისტრატორი არ ხართ, მაშინ, ჩვენს ქვეყანაში, ძალიან გაგიჭირდებოდათ ამ უნარის შეძენა, რადგან ფინანსური განათლება, ძალიან ხშირად, ფუფუნების სფეროს წარმოადგენს. არადა, იმის გაგება, თუ როგორ უნდა მართოთ ფული ეფექტურად, შეიძლება იყოს თქვენი ცხოვრების გარდამტეხი ნაწილი, რომელიც დაგეხმარებათ არა მხოლოდ თქვენ, როგორც ინდივიდს, არამედ მთელ საზოგადოებას. მაშ ასე, მოდით ერთად გავიგოთ, რა არის ფინანსური განათლება და რატომ არის ის აუცილებელი, განსაკუთრებით კი, საქართველოს განვითარებადი ეკონომიკის კონტექსტში.

რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსური განათლება?

წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები თქვენს ფულთან დაკავშირებით და იცოდეთ, რომ ქმნით სტაბილურ და ფინანსურად წარმატებულ მომავალს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. ეს არის ფინანსური განათლების ძალა. ეს არ არის მხოლოდ შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსება; ეს არის საჭირო ცოდნისა და უნარების მოპოვება ჭკვიანური ფინანსური არჩევანის გასაკეთებლად.

გაძლიერება ცოდნის მეშვეობით: იმის ცოდნა, თუ როგორ გაუმკლავდეთ ფინანსებს, გაძლევთ კონტროლს თქვენს მომავალზე. თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ, დაზოგოთ, გააკეთოთ ინვესტიციები და დახარჯოთ შიშისა და დაბნეულობის გარეშე.

უკეთესი ფინანსური მენეჯმენტი: სათანადო ფინანსური განათლებით, ბიუჯეტირება და ხარჯების მართვა ხასიათის ნაწილი ხდება. შედეგად კი, უფრო მარტივად აკეთებთ დანაზოგებს, ამცირებთ ვალებსა თუ სესხებს და მთლიანობაში, ქმნით უფრო ძლიერ ფინანსურ რეალობას.

რისკების შემცირება: ფინანსური პროდუქტების მახასიათებლების გაგება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გაურკვეველ სიტუაციებში აღმოჩენა და ცუდი საინვესტიციო არჩევანის გაკეთება. ეს ეხება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც იცავს თქვენს ფულს და თქვენს მომავალს

ეკონომიკური სტაბილურობა: როდესაც მეტი ადამიანი და ბიზნესი ფინანსურად განათლებულია, მთლიანობაში, ძლიერდება ეკონომიკა. ფინანსურად განათლებული ადამიანები და საწარმოები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს უწყობენ სტაბილური და მზარდი ეკონომიკის განვითარებას

ფინანსური განათლების პროექტი საქართველოში

2024 წლის თებერვლიდან Mastercard-მა საქართველოში ფინანსური განათლების პროექტი დაიწყო. ეს ინიციატივა შექმნილია პროგრამის ერთიანობა მრავალფეროვნებაშია ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ფოკუსირებულია სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) ფინანსური განათლების ამაღლებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებში.

რას მოიცავს ფინანსური განათლების პროექტი?

საგანმანათლებლო მოდულები: პროექტი გთავაზობთ პრაქტიკულ სემინარებს და ტრენინგებს, რათა დაეხმაროს ბიზნესის მფლობელებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს, უკეთ გაიგონ ფინანსური მენეჯმენტის არსი

რესურსების განვითარება: ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი ლექციების სერია. პროექტი ქმნის უამრავ რესურსსსომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონიდან დაწყებული, ონლაინ ინსტრუმენტით დასრულებული რომელიც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს გამოიყენოს ფინანსური ცოდნის გასაუმჯობესებლად.

საზოგადოების ჩართულობა: ადგილობრივ თემებთან დაახლოებით, პროექტი უზრუნველყოფს ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას რაც ეხმარება ბიზნესებს  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

რეალური გავლენა: ბევრი ადგილობრივი ბიზნესისთვის ეს პროექტი მაშველი რგოლია, რადგან ლიბერთისთან თანამშრომლობით, პროექტში ჩართულ მონაწილეებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სპეციალურად მათთვის შექმნილი საბანკო პროდუქტებით, ბიზნეს ბარათებითა და სხვადასხვა ბენეფიტებით. ლიბერთის ექსპერტები კი ჩართულები არიან სალექციო პროცესში და მაქსიმალურად ზრუნავენ, მოწყვლად ჯგუფებს მიაწვდინონ ინფორმაცია ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და გაციფრულების შესახებ.

ფინანსური განათლება პირადი და ეკონომიკური კეთილდღეობის ქვაკუთხედია. ის არის უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლებისთვის საჭირო უნარი. ეს არის კონკურენტული ადამიანის და შესაბამისად, ბაზარების განვითარების გზა. Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი საქართველოში არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მიზანმიმართულმა განათლებამ გამოიწვიოს პოზიტიური ცვლილებები, მისცეს ადამიანებსა და ბიზნესებს თავიანთი ფინანსური მიზნების მისაღწევად აუცილებელი უნარები და გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკა. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ფინანსურ განათლებაზე იფიქრებთ, გახსოვდეთ  – საქმე მხოლოდ ციფრებს არ ეხება; ეს არის ყველაფერი გაძლიერებას, სტაბილურობასა და ზრდის შესახებ

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 –ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com 


პუბლიკაცია მომზადდა Mastercard-ის მიერ, პროგრამისერთიანობა მრავალფეროვნებაშიაფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ) და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

Exit mobile version