ავტორი: ბუთა ორჯონიკიძე
____________________
„როგორც იქნა თეატრში გაისმა მაყურებლის ხმა“, – ამბობს რეჟისორი დათა თავაძე თეატრში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტზე საუბრისას.
დათა თავაძე „სამეფო უბნის თეატრთან“ ერთად „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. კანონის ინიცირების და განხილვის პერიოდში „სამეფო უბნის თეატრის“ სცენაზე ფაქტობრივად გაუქმდა ტაშის ნაწილი და იქცა პატარა აქციად, სადაც მსახიობები სცენიდან სხვადასხვა გზავნილით გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას.
დათა თავაძესთან საუბარი თეატრის წლევანდელი პროტესტით დავიწყეთ.
- შარშანდლისგან განსხვავებით, როცა თეატრი ასევე აპროტესტებდა რუსულ კანონს, წელს რა ძირეული ცვლილება მოხდა თეატრის პროტესტში?
საფრთხის გაცნობიერება მოხდა.
როდესაც პირველად მოხდა რუსული კანონის ინიციირება, ეს იყო ერთი ფენომენი, მაგრამ დაბრუნება კიდევ სხვა ფენომენია. ვაპროტესტებთ რაღაცას, რაზეც შევთანხმდით, დაპირება არსებობდა, რომ არ დაბრუნდებოდა და ეს დაპირება (რაც საზოგადოებასთან ჰქონდა „ქართულ ოცნებას“) არ შესრულდა.
ალბათ ბრაზის, უკმაყოფილების ხარისხიც დიდი იყო, მაგრამ ამავდროულად, განცდა მაქვს, რომ ამ ერთი წლის მანძილზე, თეატრშიც ბევრი რამ შეიცვალა: შეიცვალნენ სამხატვრო ხელმძღვანელები. თუ ამ წელს არა, წინა წლებში შეცვლილი სამხატვრო ხელმძღვანელების მიდგომები გამოვლინდა ძალიან „კარგად“ – გამოჩნდა რა საფრთხეების წინაშე დგას თეატრი.
ასევე, განცდა მაქვს, რომ მხოლოდ დროის საკითხია, როდის შეუერთდებიან ამ პროცესებს სახელმწიფო თეატრები, რადგან ვიცით, რომ მიუხედავად გარკვეული დაშინებისა (შეიძლება ეს სიტყვა არ მოეწონოთ და თქვან, რომ ეს დაშინება კი არა რეკომენდაციაა და ასეთი სიტყვა არ უნდა გამოიყენოო), საქმე გვაქვს მენეჯმენტის წინააღმდეგ წასვლასთან, რაც არ არის ადვილი, თუკი არსებობს სამსახურის დაკარგვის საფრთხე.
ძირითადად კი, ამით ხდება შანტაჟი (არც ამ სიტყვას მოვერიდები) და რასაკვირველია, დროის საკითხი მგონია, როდის ამოიღებენ ხმას ის მსახიობები, რომლებიც ერთი მხრივ, ზოგადად, უკმაყოფილოები არიან იმით, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ ასევე პირადად ეხებათ ის ძალიან უსამართლო სისტემა, რომელიც აცხოვრებთ სიდუხჭირეში.
სოციალური პირობები, რომლებიც აქვთ მსახიობებს, არის ასევე ძალიან, ძალიან მძიმე. როცა ერთი მხრივ, ასეთი უსამართლო სოციალური პირობები გაქვს და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასაც გიზღუდავენ, ეს არაფერში აღარ წერია. სავარაუდოდ, მე ასე წარმომიდგენია, არჩევნებთან ახლოს კიდევ უფრო დიდ ხარისხს მიიღებს ეს უკმაყოფილებაც და პროტესტიც.
- იქიდან გამომდინარე, რასაც ბოლო პერიოდში ვადევნებთ თვალს, თითქოს ძალა, რომელიც გაფანტული იყო, დაბრუნდა თეატრში. სპექტაკლ „შიმშილის“ მერე, როცა ლაზარეს შეწყალების ამბავი გააჟღერე და სიტყვა თქვი, რაღაც სხვა იყო ის, რაც დარბაზში ტრიალებდა…
როგორც იქნა თეატრში გაისმა მაყურებლის ხმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა.
ქართული თეატრის ისტორიაში არ ხდება პირველად, როდესაც მაყურებელი იწყებს ლაპარაკს. ამ სფეროს სტრუქტურიდან გამომდინარე, თავისთავად ახლავს თეატრს თან, რომ მაყურებელი ლაპარაკობს, მაგრამ დღეს განსაკუთრებით ცხადია, სად დგას მაყურებელი, ე.ი. – სად დგას საზოგადოება.
თეატრმა, როგორც იქნა, მოუსმინა მაყურებელს, საზოგადოებას და ისეთი მხარდაჭერა გამოუცხადა, რომელსაც შეიძლება მაყურებელი თეატრისგან არ ელოდა. იქნებ არცერთი თეატრისგან ამ ხარისხის მხარდაჭერას არ ელოდა-მეთქი, ვფიქრობ.
ვინც არ არის თეატრის მაყურებელი, რომ იცოდეს, სამეფო უბნის თეატრში სპექტაკლების შემდეგ გაუქმდა ე.წ. აპლოდისმენტების ნაწილი და მთავრდება თუ არა სპექტაკლი, მსახიობები აღარ იღებენ ტაშს, ეს ნაწილი გადაიქცა მინი-აქციად, სადაც მსახიობები ერთი მხრივ, მხარს უჭერენ აქციას, მეორე მხრივ, აპროტესტებენ იმავე კანონს, რომელსაც აპროტესტებენ აქციაზე და უერთდებიან აქციას.
დავინახეთ მაყურებელთა თითქმის სრული უმრავლესობა რამდენად პოზიტიურად არის განწყობილი ამ ჟესტის მიმართ. მეორე მხრივ, მაყურებელმა უკვე მოითხოვა, რომ ეს ხდებოდეს სპექტაკლის მერე და თუკი არ ხდება, ვნახეთ, რომ თავის თავზე იღებს ამას – კონსერვატორიის ერთ-ერთი კონცერტზე იყო ასეთი შემთხვევა, ოპერის თეატრში მოხდა იგივე რამ, როცა სცენიდან არ წამოვიდა ეს ჟესტი, ის წამოვიდა დარბაზიდან.
ვერ შემჩნევა, ან თვალის დახუჭვა იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მგონია უხერხულობის განცდასაც კი იწვევს მაყურებელთა დიდ ჯგუფში.
ცხადია, ეს არის ძალიან სასიამოვნო; არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვგულშემატკივრობ მიმდინარე მოძრაობას და აქციას, არამედ იმიტომაც, რომ თეატრსაც ვგულშემატკივრობ და მგონია, თეატრის გაჯანსაღების თვალსაზრისითაა ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როდესაც მაყურებელი აღიქვამს თეატრს არა როგორც ამაღლებულ საფეხურზე მდგომ სივრცეს, რომელსაც მხოლოდ უნდა შენატროდეს და ეტრფოდეს დარბაზიდან, არამედ გაუჩნდა აღქმა, რომ ეს არის მისი სივრცე, საიდანაც უნდა ისმოდეს მისი, როგორც საზოგადოების სათქმელი.
ხშირად ვიმეორებთ ხოლმე, რომ კულტურული რევოლუციის მსგავს ფენომენთან გვაქვს საქმე, არგუმენტების თაიგულში ერთ-ერთი იქნება ისიც, რომ ასეთივე პროცესები მიმდინარეობს თეატრში:
ხდება სცენის და დარბაზის გათანასწორება, ხდება საერთო სივრცის შექმნა, იშლება უხილავი მეოთხე კედელი მაყურებელსა და დარბაზს შორის; მაყურებელი და მსახიობები საერთო პოზიციით ერთიანდებიან როგორც ერთი ქვეყნის მოქალაქეები, როგორც ერთი საზოგადოების წევრები, რათა ერთად იმუშაონ მომავლისთვის, რომლის შექმნაც უნდათ.
- ამ პროცესს დიდი ხანია ვაკვირდებით, პანდემიის შემდეგ მასობრივად დაიწყო მაყურებელმა თეატრში სიარული. როგორც თქვი, თეატრისგანაც სხვა მოლოდინები არსებობს და ეს ცხადია – ოქტომბრამდე და ოქტომბრის მერე როგორი იქნება, ან როგორი ვეღარ იქნება თეატრი? ალბათ უკან ვეღარ დაბრუნდება…
პესიმიზმის საფუძველიც არსებობს… მე თუ მკითხავ, არ უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ მეორე მხრივ, გვინახავს, როგორ ცდილობდნენ სხვადასხვა ხელისუფლებები და ძალაუფლების მქონე სტრუქტურები ძალით შეეკავებინათ ეს წინსვლა და გარდაქმნა.
ეს ისტორიაშიც ბევრჯერ გვინახავს, სხვადასხვა რევოლუციის შემდეგ, როცა იყო მოლოდინი, რომ ეს პროცესები ხელოვნებაშიც რევოლუციას გამოიწვევდა, მაგრამ პირიქით, ძალიან ხელოვნურად მოხდა ამ ყველაფრის კონსერვაცია. სინამდვილეში სწორედ ეს არის, რაც ბზარავს ამ ინსტიტუციებს, რაც რაღაც დონეზე კლავს ამ სფეროს ან ფორმებს.
ის გასაჭირი, მოძრაობა, პროცესი ქუჩაში რაც ხდება, თუ არ გადმოვა სცენაზე, მაშინ ეს იქნება თეატრის დაღუპვა.
- რამდენად დგას საფრთხის წინაშე, რომ ეს ტალღა გაქრეს – ჟესტებმა და კოდებმა განმეორებითობით დაკარგონ ძალა? გახდება თუ არა აუცილებელი ცვლილება?
რაღაცები ინსტინქტურადაც მოხდება, თუ ვგულისხმობთ იმას, სცენიდან როგორ მოხდება ეს. თუ გულწრფელები ვიქნებით და არ გავაყალბებთ შეგრძნებებსა და ემოციებს, რომლებიც იმ მომენტში გვექნება და სპეციალურად არ შევაკავებთ, მაშინ ისე შეიძლება აირეკლოს სცენამ ან ხელოვნებამ მიმდინარე მოვლენები, რომ ამ ნაწარმოებების, ჟესტების გააზრება საერთოდაც ათწლეულების მერე მოხდეს. რაღაც მომენტში შეიძლება სწორედ ირაციონალური მიდგომა ბევრად უფრო ეფექტური იყოს იმისთვის, რათა ტალღას ავყვეთ და ვცადოთ ავხსნათ ან გამოვხატოთ სცენაზე გულწრფელი ემოცია.
მგონია, რომ ამ აქციების წარმატება სწორედ ამ გაუყალბებელი ემოციებითაა განპირობებული. ამ მოძრაობამ თავის თავში ერთი წამით არ დაუშვა ფარისევლობა – ეს არის ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო. მით უმეტეს მაშინ, როცა უპირისპირდება ხელისუფლების ფარისევლობას.
ფარისევლობაში და ვირეშმაკობაში, რასაკვირველია, ვერ ვაჯობებთ ჩვენ ხელისუფლებას, ამიტომ ერთადერთი გზაა – როცა გვწყინს, გვწყინდეს, როცა გვტკივა, გვტკიოდეს, როცა გვეცინება, ვიცინოდეთ და უცნაური პრაგმატიზმის გამო არ გავაყალბოთ და შევიკავოთ ემოციები.
როცა ვეტო დაძლია 84-მა ადამიანმა იმ მომენტში, ძალით ვცდილობდით ერთმანეთისთვის მხნეობის დაბრუნებას, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო გულწრფელი ბრაზი, რომელიც უნდა გამოგვეხატა.
რა თქმა უნდა, რაღაც ფორმები, სიტყვები, მიდგომები ამოწურავს თავს, – ეს თვეები ხომ ერთი დიდი განგრძობითი პერფორმანსია – მაგრამ თუ მტკიცედ ვიდგებით იმ პოზიციაზე, რომელზეც ვდგავართ, მგონია, რომ შეიქმნება ახალი ჟესტები, ენა და გამოხატვის ფორმები, რომლებიც იქნება ადეკვატური იმ მომენტისთვის, როგორც იქამდე, რაღაც მომენტისთვის სხვა ჟესტი იყო ადეკვატური ძალიან ცოცხალი და ეფექტური.
რასაც ახლა ვუყურებ, ხელისუფლების მხრიდან, არსებობს დაშინების უამრავი მცდელობა სხვადასხვა ინსტიტუციაში, დერეფნებში შეპარული მუქარები, რომლებიც ვიცით – თეატრების დირექტორები თუ სამხატვრო ხელმძღვანელები, ნებისმიერი პატარა ძალაუფლების მქონე ადამიანები, როგორ ცდილობენ, შიში დანერგონ თავის სივრცეში, რათა ვინმეს რამე არ „შეეშალოს“.
ვისურვებდი, რომ სწორედ ამ წერტილებში იყოს ჩვენი მხრიდან მეტი კონცენტრაცია – მეტი წერტილოვანი საუბარი, შეხვედრა არსებობდეს. ამწუთას, აქ მივანათებდი მეტ შუქს და მეორე მხრივ, არაფრით არ დავუკარგავდი დემონსტრაციებს ცოცხალი თამაშის ატმოსფეროს და სტრუქტურას.
უკმაყოფილების, ბრაზის, ჟინის და წინააღმდეგობის გაწევის სურვილის გარდა, ეს სივრცე არ ყოფილა მოსაწყენი და დამთრგუნველი, პირიქით, გამაჯანსაღებელი, რეკრეაციული სივრცეც კი იყო, რაღაც მხრივ.
ესეც ხომ ინსტინქტურია – წინასწარ ალბათ არავის გაუთვლია, მოდი ბურთის სათამაშოდ შევიკრიბოთ პარლამენტთანო, ეს თავისთავად წამოვიდა, იმ ძალიან გულწრფელი შეგრძნების გამო, რომელიც ხალხს ჰქონდა.
ჩემთვის ნაცნობი გახდა ეს შეგრძნება, მას მერე, რაც რამდენიმე ფრიად უსიამოვნო მუქარის შემცველი წერილი მივიღეთ მე და ჩემმა ნათესავებმა, პირველად მაშინ ვიგრძენი როგორ მომინდა, იმწუთას, ვყოფილიყავი ხალხთან ერთად, როგორ მინდოდა ჩავრთულიყავი ამ მხიარულებაში.
მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ყველაზე საშიში, ყველა ავტორიტარული, ტოტალიტარული და დიქტატორული მმართველობისთვის – ადამიანები, რომლებიც ერთობიან, რომლებსაც სიცილი შეუძლიათ, თავიანთ შეგრძნებებს არ აყალბებენ, არ იკავებენ თავიანთ იმპულსებს – თავისუფალი და უშიშარი ადამიანები.
__________________
ინტერვიუ ჩაწერილია 2024 წლის ივნისში.