გომისმთის განაშენიანების გეგმა-კონცეფციაში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით არის მომზადებული, აღნიშნულია, რომ გომისმთაზე მოსახლეობის ორი კატეგორიის [მოიალაღეები აჭარიდან და დამსვენებლები სხვა რეგიონებიდან] გამო, ბუნებრივად ორი განსხვავებული დასახლებული უბანი ჩამოყალიბდა – ტრადიციული აჭარული და ახალი სააგარაკო სახლებით.
კონცეფციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, ამ არეალების ერთმანეთში შერევა ხდება, „კურორტის განვითარების მდგრადობის თვალსაზრისით, დაგეგმარებისას სასურველია ამგვარი, ბუნებრივად ჩამოყალიბებული ორსახობის შენარჩუნება და განმტკიცება“.
გეგმა-კონცეფციის მიზანი გომისმთის საკურორტო-სარეკრეაციო ზონისთვის საჭირო პირობების შექმნა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
„ზაფხულობით, გომისმთის ალპური საძოვრებით საუკუნეების განმავლობაში, ძირითადად, სარგებლობს აჭარის მოსახლეობა – შუახევის სოფელ ხაბელაშვილებიდან. სეზონურ იაილებთან ერთად, კურორტ გომისმთის ნაწილში გამართულია ხის ტრადიციული ორსართულიანი „აჭარული სახლები“, რომელთა ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს არქიტექტურული ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებად, თუმცა, ასეთებად აღრიცხული არ არის.
გომისმთის მოსახლეობის მეორე კატეგორიას წარმოადგენენ გურიიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ზაფხულობით ამოსული დამსვენებლები [მოაგარაკეები], რომლებსაც გააჩნიათ კეთილმოწყობის, მდგრადობისა თუ იერსახის სხვადასხვა ხარისხის საკუთარი საზაფხულო სახლები/ქოხები და ასეთი სახლების დამქირავებლები.
ეს ორი კატეგორია მკვეთრად განსხვავდება სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლებით, ცხოვრების წესით, გომისმთის განვითარების პირობებისადმი განსხვავებული, ზოგჯერ წინააღმდეგობრივი ინტერესებით.
ამგვარი სუბკულტურული ორბუნებოვნება გამოხატულებას გომისმთის ფუნქციურ-სივრცითს წყობაშიც პოულობს. ამ თვალსაზრისით, არსებულ განაშენიანებას და უბნებს [სამეზობლოებს] საკმაოდ მკაფიოდ მიჯნავს მცირე მდინარე; თუმცაღა, ბოლო ხანს, შეინიშნება ამ არეალების გარკვეული დიფუზია [ურთიერთშეჭრა].
კურორტის განვითარების მდგრადობის თვალსაზრისით, დაგეგმარების პროცესში, სასურველია ამგვარი, ბუნებრივად ჩამოყალიბებული დიქოტომიის [ორსახობის] შენარჩუნება და განმტკიცება გეგმარებითი და ადმინისტრაციული ინსტრუმენტების მეშვეობით“, – აღნიშნულია კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმა-კონცეფციაში.
კურორტი გომისმთა / 2020 წელი / ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები
კურორტ გომისმთის განაშენიანებასთან დაკავშირებით, ამჯერად ოზურგეთის მერია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ანგარიშს სკოპინგის დასკვნის მიხედვით მოამზადებს. შესაბამისი ბრძანება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2022 წლის 26 იანვარს გამოსცა.
„დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმის“ დოკუმენტის თანახმად, „გომისმთის განვითარება ხდება არაგეგმურად და უსისტემოდ, რაც ზღუდავს ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, აფერხებს დამსვენებელთა და ტურისტული ნაკადის ზრდას, ხოლო უკონტროლო მშენებლობა გადაუდებელ რეაგირებას საჭიროებს. დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმის მიზანია აღნიშნული საკურორტო-სარეკრეაციო ზონისთვის საჭირო პირობების შექმნა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება“.
გომისმთაზე ამ ეტაპზე ფიქსირდება 1 653 საცხოვრებელი შენობა, ხოლო საკურორტო სეზონის პიკის დროს დამსვენებელთა რაოდენობა 10 000 ადამიანამდე აღწევს.
განაშენიანების გეგმით/კონცეფციით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში კი, კურორტზე ზაფხულის პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია 18-20 ათასი ადამიანის მიღება [საშუალო დარჩენის ხანგრძლივობა 5 დღე], ხოლო ზამთრის პერიოდში შესაძლებელია 15 ათასი სტუმრის მომსახურება [დარჩენის საშუალო ხანგრძლივობა 3 დღე].
სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის თანახმად, დაბა გომისმთის ტერიტორიაზე დგინდება შემდეგი ფუნქციური ზონები: საცხოვრებელი ზონა (სზ); შერეული ზონა (შზ); ასევე, ფუნქციური ქვეზონები: სასოფლო-სამოსახლო ზონა (შზ-1) და არასამშენებლო ტერიტორიები: ლანდშაფტური ტერიტორია; სატყეო ტერიტორია.
გომისმთაზე გადის გურია-აჭარის ადმინისტრაციული საზღვარი, რის გამოც დასახლებული ტერიტორიის ერთი ნაწილი შუახევის მუნიციპალიტეტის საზღვრებშია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე „ისტორიულად ჩამოყალიბებულ უბანს“ [საკურორტო ადგილს] კი, ოზურგეთის საკრებულოს 2020 წლის 31 მარტის განკარგულებით, „გომისმთა“ ეწოდა.
განაშენიანების დოკუმენტის მიხედვით:
„გომისმთის ახლანდელი ფუნქციური მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. შექმნილი ვითარების ნაწილობრივ მაინც გამოსწორება რადიკალურ, არაორდინარულ მიდგომებს მოითხოვს. გავრცელებული მეთოდები, შეუსაბამო შენობის ან მიწის ნაკვეთის სტატუსის გამოყენება მხოლოდ რეაქციული ხერხი იქნებოდა და საერთო სურათს უკეთესობისკენ ვერ შეცვლიდა.
გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნებოდა ასეთი უძრავი ქონების ღირებულების დადგენა და ამ წილებით მესაკუთრეების გაერთიანება ახლადშესაქმნელი იურიდიული პირის სტრუქტურაში, კოოპერირების პრინციპით.
დაინტერესებული დეველოპერის ფინანსური რესურსების გამოყენების მოქმედი ეს ინსტიტუცია, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრების ტერიტორიაზე აშენებს მრავალერთეულიან საცხოვრებელ სახლს – „თაუნჰაუსის“ ან სხვა არქიტექტურულ-გეგმარებითი ფორმით, სადაც ყოველი მეწილე-მესაკუთრე თავის წილს განაგებს – აქირავებს, თავად იყენებს ან გაასხვისებს მას.
მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების აუცილებლობის დასაბუთება: გომისმთაში დღეს არსებული განაშენიანების დიდი ნაწილი, უკანონოდ დაკავებული მიწის ნაკვეთები და ცრუ ეკონომიკური მოლოდინები, ერთობლიობაში, უმძიმეს სურათს წარმოადგენს. ამ გამოწვევასთან გამკლავების ერთ-ერთი გზა არის მონაცვლეობის პრინციპის განხორციელება – „შეუსაბამოს“ სტატუსის მქონე კანონიერი მესაკუთრეების ორგანიზაციული გაერთიანება დეველოპერული ინტერესების სტრუქტურებთან, სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადაცემულ მიწის ნაკვეთზე შესაფერის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმატში გაერთიანებისა და მრავალბინიანი სახლების მშენებლობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმატში მართვის მიზნით“.
ასეთ მიდგომას – კოოპერირებას – როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ბევრი დადებითი მხარე გააჩნია: არარეგისტრირებული ნაკვეთების რეგისტრირების მეტი შესაძლებლობა; ადგილმონაცვლეობის პროცესის დაჩქარება; „გაყინული“/“შეუსაბამო“ ქონების კაპიტალიზაცია; კონსოლიდაციის შედეგად, მიღებული დიდი ნაკვეთის უფრო რაციონალურად გამოყენება; მშენებლობის დასრულების გარანტია; ოპერაციული მენეჯმენტის გამართული და პასუხისმგებელი სისტემა; საკუთარი ქონებით [წილით] სარგებლობის მოქნილი სქემა; განვითარების [მშენებლობის] გარანტიები; ბრენდით სარგებლობა და ამასთანავე, ტურისტების [დამსვენებლების] ინდივიდუალურად მოზიდვის შესაძლებლობა და სხვა…“
„ნებისმიერი დონის, ფორმატის, მოცულობისა თუ ხარისხის ქალაქთმშენებლობითი პროექტი იმთავითვე მკვდრადშობილად შეიძლება ჩაითვალოს, თუ მას არ ახლავს ურბან-მენეჯმენტის წინმსწრებად შემუშავებული და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად დოკუმენტაციის პაკეტი. საქართველოში ამგვარი პრაქტიკა ჯერჯერობით დანერგილი არ არის. გომისმთის შემთხვევაში, გაჩნდა ამ ხარვეზის შევსების შესაძლებლობა, რაც საპილოტე მაგალითისა და, აპრობაციის შემთხვევაში, „საუკეთესო პრაქტიკის“ სახეს მიიღებს“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
გომისმთის განაშენიანების გეგმის კონცეფცია, შესაძლებელია მოიცავდეს ტურისტული მნიშვნელობის ველო-ბილიკს (Trail), რომელიც გააერთიანებს ძირითადი მიზიდულობის არეალებს. გომისმთის ლანდშაფტური პროფილიდან გამომდინარე, აღნიშნული ველომარშრუტი სწორად უნდა იქნეს შერჩეული.
კონკრეტული უბნების იმ ნაწილში, სადაც ვერ ხერხდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა (რელიეფიდან გამომდინარე), შესაძლებელია 2-3 მ სიგანის კეთილმოწყობილი საფეხმავლო ბილიკების ან ქუჩა-კიბეების გაყვანა.
კურორტზე უნდა მოეწყოს სანიაღვრე, სასმელი წყლისა და კანალიზაციის ცენტრალური სისტემები – სათავე, სატუმბი, გამწმენდი ნაგებობების ჩათვლით.
გომისმთაში სადღეისოდ არსებული ელექტროქსელის მდგომარეობა რადიკალურ გაუმჯობესებას საჭიროებს, სისტემის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით – მოწოდების წყაროების დივერსიფიკაციით დაწყებული, ვიდრე შეუფერხებელ და ხარისხიან ელექტრომომარაგებამდე, როგორც ზაფხულში, ისე ზამთრის სეზონში, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მოიმატებს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ბჟუჟჰესიდან ადრე გამოყვანილი ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენა.
საბჭოთა პერიოდში გომისმთაზე ბჟუჟჰესიდან გაყვანილი იყო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის ძარცვა-დემონტაჟს გადარჩენილი ანძების ნაწილი დღეს „ტექნიკის ძეგლებად“ გვევლინება.
გომისმთის ენერგოუზრუნველყოფის თვალსაზრისით, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ისეთი, ამ ადგილას უხვი, განახლებადი, „მწვანე“ ენერგორესურსები, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია. ენერგიის ამ სახეობების გამოყენებას გომისმთაში ხელს უწყობს როგორც ქარის
ძლიერი ნაკადები, ისე ათვისებული ფერდობების დიდი ნაწილის სამხრეთის ან სამხრეთდასავლეთის ექსპოზიცია.
რაც შეეხება ბიოგაზის წარმოება-გამოყენებას, ამ მიმართულების განვითარება უპრიანია გომისმთის მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც მეცხოველეობით დაკავებული შინამეურნეობები სახლობენ. ბიოგაზის მიღების შემდეგ დარჩენილი სუბსტრატი საუკეთესო სასუქია, რომლის
გამოყენება შეიძლება როგორც ადგილზე, ისე გატანა ბარში, ეკონომიკური მოგების მისაღებად. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს გომისმთის ბუნებრივი გარემოს გაჯანსაღებას, რადგან დღეს ჭარბი ნაკელი ღელეებში ჩაედინება და ზიანს აყენებს გრუნტის წყლებს.
ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ბიოგაზის მიღება გარკვეულ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს საჭიროებს და ამიტომ ჩასატარებელია მომავალი მომხმარებლების წვრთნები და, რაც გადამწყვეტია, სადემონსტრაციო პილოტ-პროექტის დაგეგმვა-განხორციელება, რასაც, უთუოდ,
ენთუზიაზმით შეხვდებიან გარემოს დაცვის სფეროში საქართველოში მოქმედი უცხოური თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს საინჟინრო საზოგადოება.
გარდა გომისმთის ენერგოუზრუნველყოფის ზემოთმოყვანილი საშუალო- და გრძელვადიანი კონცეფტური წინადადებისა, განხილვას იმსახურებს მოკლევადიანი, ოპერატიული წინადადებაც – თხევადი გაზის რეზერვუარის მოწყობა, ცხადია, უსაფრთხოების ყველა ნორმისა და მოთხოვნის დაცვით. გომისმთაში გაზმომარაგების ქსელის მშენებლობა მეტად პრობლემურია. საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის თხევადი გაზის მიწოდება შეიძლება განხორციელდეს გაზის რეზერვუარის მოწყობის გზით, ყველა ტექნოლოგიური, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების
გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გაზზე მომუშავე ავტომანქანების მომსახურებაც. ეს საკითხი გაზმომარაგების კომპანიასთან თანამშრომლობითაა გადასაწყვეტი, რაც არსებითად, აღკვეთს საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის ხის მერქნის უკანონო გამოყენების შემთხვევებს.
გომისმთაში სამთო-სათხილამურო არეალების მოწყობაც იგეგმება, რაც უკავშირდება ამ კურორტის სამომავლო პერსპექტივას – განავითაროს ზამთრის სეზონისათვის აუცილებელი მომსახურება.
„ისტორიულად, გომისმთა აჭარლებისა და გურულების ალპური მეჯოგეობის საზაფხულო სადგომს – იაილას წარმოადგენს; თუმცაღა, გასულ საუკუნეში მას სარეკრეაციო-სააგარაკე ფუნქციებიც შეემატა. ეს გარდაქმნა აშკარად აისახა გომისმთის ფუნქციურ-სივრცითს ორგანიზებაში – მისი დასავლეთი ნაწილი აჭარელი მემთეურების, მეჯოგეების საკარმიდამო ნაკვეთებითაა დაკავებული – ორსართულიანი, ტრადიციული შიდაგეგმარების ხის სახლებით; აღმოსავლეთის ნაწილი კი სეზონური მოაგარაკეების ტერიტორიას მიეკუთვნება“ – კონცეფციიდან.
გომისმთა / 2021 წელი /ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები
კონცეფციის მიხედვით, გომისმთისთვის აუცილებელია მისი, როგორც კურორტის, სტატუსის დამადასტურებელი და კურორტის სახით სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის ობიექტების აშენება და სათანადო მართვა.
ადმინისტრაციული (სათემო) ცენტრი; საპატრულო პოლიციისა და მაშველ-მეხანძრეთა პოსტი; სამედიცინო-საკონსულტაციო პუნქტი; აფთიაქი; საბანკო მომსახურების ობიექტი; ინტერნეტ-კაფე; ფართო პროფილის მაღაზიები;
საზოგადოებრივი ტუალეტები [საზოგადოებრივი სანიტარია საქართველოში ყველა ტიპის დასახლების „აქილევსის ქუსლია“. ეს დრამატული გარემოება განსაკუთრებით შეუწყნარებელია საკურორტო დასახლებებში, რომელთათვის დამახასიათებელია პიკური დატვირთვების მაღალი მაჩვენებლები, ამ შემთხვევაში – „გომისმთობა“. ამიტომ, გათვალისწინებულია ტურისტებისა თუ ვიზიტორების კონცენტრაციის ადგილებში საზოგადოებრივი ტუალეტების ქსელი, კანალიზაციის საპროექტო სქემის გათვალისწინებით.
ავტომობილების პარკინგები; საწვავგასამართი სადგური; ავტოტექმომსახურების პუნქტი; ველოსიპედებისა და ბაგის (buggy) გაქირავების პუნქტი; საბავშვო-სათამაშო და სასპორტო მოედნები;
სამთო-სათხილამურო არეალები [გომისმთაში სამთო-სათხილამურო არეალების მოწყობა უკავშირდება ამ კურორტის სამომავლო პერსპექტივას განავითაროს ზამთრის სეზონისათვის აუცილებელი მომსახურება. საკვლევ-საძიებო სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ საკვლევ არეალში შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდული მახასიათებლების სათხილამურო და საციგაო ტრასების მოწყობა, სეზონური ბიგელის ამწის სისტემის გამოყენებით. უფრო მაღალი კლასის სამთო-სათხილამურო ტრასების მოწყობა შეთავაზებულია საკვლევი არეალის გარეთ]. გომისმთის საკვლევი ტერიტორიის პირველადმა შესწავლამ გვაჩვენა, რომ აქ სასრიალო ტრასების მოწყობისათვის არსებობს საჭირო ფაქტორები და სამთო-სათხილამუროდ გამოსადეგ მთის ფერდებს გააჩნიათ ერთბაშად 3 350 მოსრილის დატევის პოტენციალი;
სპეცტექნიკის დეპო – [გომისმთაში სპეციალური დანიშნულების ტექნიკის საჭიროება გაიზრდება კურორტში სამთო-სათხილამურო პროფილით განვითარების პარალელურად. ასეთი ტექნიკის დეპოსათვის გამოსაყოფია ტერიტორია თოვლის ტრასების მიმდებარედ, უწინარესად, თოვლსატკეპნი მანქანების შესანახად და შესაკეთებლად. ამ მიზნით გამოყოფილია ტერიტორია უბანში „ხარიათაღი 1“, სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე.
ვეტერინარიული პუნქტი და ვეტაფთიაქი; აგრარული ბაზარი; კაფე-რესტორანი; პანორამული გადასახედები;
ეკლესია [დასაბუთება: გომისმთაში ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს ქართული მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის ინიციატივით; მისი ჩართვა საზოგადოებრივი სივრცეების სისტემაში დამატებით კომპონენტს შესძენს გომისმთის სოციალურ-კულტურულ გარემოს – ფუნქციური, მხატვრულ-ესთეტიკური და აკუსტიკური რეჟიმის თვალსაზრისით].
ღია ამფითეატრი; ტურისტული კემპინგი;
ავტოტრეილერების პარკი [დასაბუთება: ახლო მომავალში მოსალოდნელია ტურიზმის ისეთი ფორმის განვითარება, როგორიცაა ავტოტრეილერებით (მისაბმელი სახლებით) მოგზაურობა, ზოგჯერ – შერჩეულ ადგილზე დიდ ხანს გაჩერებით. ტურიზმის ეს სახეობა მოითხოვს ინფრასტრუქტურულად აღჭურვილი პარკების მოწყობას, სადაც შესაძლებელი იქნება წყალსადენ-კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების სისტემებთან ტრეილერების დაერთება და სხვა სერვისების შეთავაზება, სათანადო ანაზღაურებით];
ცხენების თავლა და გაქირავების პუნქტი [გომისმთაში არსებობდა ცხენების მოშენების პრაქტიკა. სავსებით შესაძლებელია ამ პრაქტიკის აღდგენა და „მონეტიზაცია“ – ცხენოსნობის საწყისების სწავლებისა და ტურისტებზე გაქირავების გზით. საამისოდ გათვალისწინებულია ცხენების თავლის მოწყობისა და საცხენოსნო რინგის ტერიტორია];
სასტუმრო [გომისმთაში საოჯახო სასტუმროების სიმრავლე არ გამორიცხავს მაღალი კლასის, განსხვავებულ ტურისტულ სექტორზე მაღალბიუჯეტიან ტურისტებზე გათვლილი სასტუმროს არსებობას. ამგვარი სასტუმროს ანალოგად გამოდგება დაბა სტეფანწმინდის სასტუმრო, რომელიც, არსებითად, „ყიდის“ მყინვარწვერისა და გერგეტის სამების ხედს და მრავალი სტუმარიც ჰყავს. სასტუმროს ასაშენებლად შეთავაზებულია პანორამული ხედის საუკეთესო წერტილი, ვერტოდრომის სიახლოვეს.]
ვერტოდრომი [სადღეისოდ, საქართველოს მასშტაბით, ვერტმფრენების მარშრუტები მოქმედებს ნატახტრის აეროპორტიდან ათიოდე მიმართულებით; მათ შორის, ბუნებრივია, გომისმთა არ არის. ამ კურორტზე ვერტოდრომის მოწყობა ხელს შეუწყობდა მაღალბიუჯეტიანი ტურიზმის
განვითარებას და გომისმთის უფრო მაღალ პოზიციონირებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ამ მხრივ, პოზიტიური ფაქტორია ქუთაისისა და ბათუმის აეროდრომების სიახლოვე. გასათვალისწინებელია გომისმთის რთული მეტეოროლოგიური ვითარებაც.]
სატელეკომუნიკაციო ანძა [დასაბუთება: გომისმთაში არსებული სატელეკომუნიკაციო ანძა ეკუთვნის ერთ კომპანიას და ის ვერ ფარავს დასახლების გარკვეულ ნაწილს. ორივე ეს გარემოება დისკომფორტს უქმნის დამსვენებლებსა და, განსაკუთრებით, სეზონურ მოსახლეობას. შემოთავაზებულია ანძის გადატანა საკვლევი არეალის უმაღლეს წერტილში. წინადადება გამართლებულია იმითაც, რომ არსებული ანძის სიახლოვეს მიმდინარეობს ეკლესიის მშენებლობა, რაც მხატვრულ-კომპოზიციურ კონფლიქტს მოასწავებს. ახალი ანძა შეიძლება გამოყენებულ იქნეს პანორამული გადასახედი ფუნქციითაც – ვიზიტორების სანიტარიული უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით].
ავტომატური მეტეოპუნქტი [დასაბუთება: ამინდის არასტაბილურობის გამო, გომისმთამ დაიმსახურა „ამინდის სამზარეულოს“ ეპითეტი. ასეთ პირობებში, გომისმთაში ავტომატური მეტეოროლოგიური პუნქტის მიწყობა რამდენიმე მიმართულებას მოემსახურება, მათ შორის – ვერტმფრენის ჩარტერული რეისების უსაფრთხოებას.]
კონცეფციის ავტორები თვლიან რომ ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების კვალდაკვალ, გომისმთაში მოსალოდნელია მართვადი სამშენებლო ბუმის დაწყება. ამ პროცესის ხელშესაწყობად კი, აუცილებელია სამშენებლო მასალების მაღაზიის გახსნა, სასურველია კურორტში შესასვლელში, კარგი სატრანსპორტო მისაწვდომობის პირობით. ასეთი ადგილი გამოიძებნა „ნაფოცხვარას“ უბანში, მთავარი გზის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების ტერიტორიაზე.
კურორტი გომისმთა მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2 100-2 755 მეტრის სიმაღლეზე.
გეგმარებითი არეალის ფართობი შეადგენს 302,62 ჰექტარს, საიდანაც 58,69 ჰა ნაშენი ტერიტორიაა, ხოლო 243,93 ჰა უშენი. აქედან, კერძო საკუთრებაა – 138 472 კვ.მ [8.43%], მუნიციპალიტეტის საკუთრებაა – 100 კვ.მ [0.01%], სახელმწიფო საკუთრებაშია – 1 504 463 კვ.მ [91.55%], ხოლო შპს-ს საკუთრებაში – 300 კვ.მ [0.02%].
კონცეფციის მიხედვით, აღნიშნული ობიექტების მშენებლობისა და სხვა ღონისძიებებისთვის, საორიენტაციო ხარჯი შეადგენს 43 მილიონ აშშ დოლარს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი მოდის სათხილამურო ინფრასტრუქტურაზე – 20-22 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით.
ამასთან, მიზანშეწონილია, რომ პროექტების უმრავლესობა განხორციელდეს კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) ფარგლებში. კერძო ინვესტორები კი განთავისუფლდნენ ყველანაირი სახელმწიფო გადასახადიდან 8-10 წლის განმავლობაში.
კონცეფციის ავტორთა გათვლებით:
130 მილიონი ლარის ინვესტიციის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ 8-12 წლამდე პერიოდში სრულად მოხდეს უკუგების მიღება.
გომისმთაზე, ჯამურად, წლის განმავლობაში შესაძლებელია 17 მილიონ ლარამდე შემოსავლის გენერირება [8-10 მილიონი – ზაფხულის სეზონზე, 7 მილიონი – ზამთარში]
კონცეფციაში მთის კურორტის განაშენიანების მრავალი მაგალითია მოყვანილი.
„კოვიდ-პანდემიის პირობებში მთის კურორტმა შეიძლება შეასრულოს განსაკუთრებული როლი, როგორც პროფილაქტიკური, ისე კოვიდგადატანილთათვის სასუნთქი გზების რეაბილიტაციისათვის.
ასევე მთის კურორტებზე ყოფნა სულ უფრო პოპულარული ხდება განმარტოებით დასვენებისა და დისტანციური მუშაობის მსურველთა შორის. ცხადია, ამისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობის გამართული ინფრასტრუქტურა.“ – აღნიშნულია კონცეფციაში.
გომისმთის არსებული განაშენიანების იერსახის – ესთეტიკური პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმვის გუნდს მსოფლიოში არსებული სხვადასხვა შესადარისი მაგალითები მოჰყავს:
საინტერესო მაგალითს წარმოადგენს – „სმოუქი მოუნთინს“ – ანუ ნისლიანი მთები, ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს (ფლორიდის ჩრდილოეთით), ტენესისა და ჩრდილოეთ კაროლინის შტატების საზღვარზე არსებული მთათა სისტემა, 2025 მ. სიმაღლეზე. აქ ვრცელი ეროვნული პარკი “Great Smoky Mountains” მდებარეობს, სადაც მოწყობილია დასასვენებელი კაბინის ტიპის სახლები.
მთათა ლანდშაფტი გომისმთის ლანდშაფტის მსგავსია, ხოლო სასტუმრო სახლების განაშენიანება მთის არქიტექტურის ტიპური მაგალითია.
შესამჩნევია, რომ კომპაქტური დასახლებები დაბალ ნიშნულებზეა, ხოლო მაღალმთიან ზონაში, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები.
გომისმთის არქიტექტურული იერსახის გაუმჯობესებისათვის სასურველია გათვალისწინებული იყოს ქანობიანი სახურავის მქონე, სადა მანერით
შესრულებული პროექტები.
არ არის სასურველი ბრტყელი გადახურვა. ამავდროულად კარგი იქნება ეროვნული დეკორატიული მოტივების ზომიერად გამოყენებაც. სახურავი
გამძლე მასალით უნდა იყოს აგებული, რადგანაც თოვლის სიმძიმემ ერთ კვმ-ზე შეიძლება გადააჭარბოს 150 კგ-ს. ასევე სახურავის დახრილობა საკმარისი უნდა იყოს თოვლის ჩამოსაყრელად.
ვიდრე ოზურგეთის მერია გომისმთის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, ადგილზე, უამრავი პრობლემებიდან, ამ ეტაპზე მთავარი მაინც მიწის რეგისტრაციის პრობლემაა. გომისმთის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზეც.
მთავარი ფოტო: გომისმთა / ფოტო განვითარების კონცეფციიდან