მთავარი,სიახლეები

ივანიშვილის სასტუმროს „პარაგრაფის“ გვერდით გამწვანებულ 40 ჰექტარზე მშენებლობას იწყებენ

24.08.2024 •
ივანიშვილის სასტუმროს „პარაგრაფის“ გვერდით გამწვანებულ 40 ჰექტარზე მშენებლობას იწყებენ

შეკვეთილში, ზღვის სანაპიროზე, სასტუმრო „პარაგრაფის“ გვერდით შპს „ვი არ შეკვეთილი რესორტი“ მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ  სანაპიროზე 40 ჰექტარი გამწვანებული ფართობი დაირეგისტრირა საკუთრებაში.

შპს „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ ასივე პროცენტი შპს „ვი არ ლისის“ საკუთრებაა. ამ კომპანიას კი, რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენი, ოფიციალურად ნოშრევან ნამორაძე ფლობს. თუმცა, შეკვეთილში არავის სჯერა, რომ საკუთარი სასტუმროს გაგრძელებაზე „ქვიშიან სანაპიროს მრავალწლიანი ფიჭვების ტყით, ბიძინა ივანიშვილი ვინმეს დაუთმობს.“

ამ ეჭვებს მეტი დამაჯერებლობისთვის დაამატეს ისიც, რომ „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ მფლობელი ნოშრევან ნამორაძე პირველად არ დაინტერესებულა ბიძინა ივანიშვილის პროექტის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთით. „ეს შემთხვევით არ ხდება, ხალხი სულელი ნუ ჰგონიათ მაგათ“, – ამბობენ შეკვეთილში.

მარცხნივ სასტუმრო „პარაგრაფი“ – მარჯვნივ კი ფიჭვნარი „ვი არ შეკვეთილი რესორტმა“ შეისყიდა.

„ვი არ შეკვეთილი რესორტის“ მიწის ნაკვეთი, „პარაგრაფთან“ ახლოს სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია

შპს „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთების ჯამური ფართობი 47 468 კვ.მეტრია. საპროექტო ტერიტორიის სამეზობლო მიჯნა ერთ მხარეს „სასტუმრო პარაგრაფს“ ესაზღვრება და კერძო დასახლებამდე ერთი დიდი მწვანე ფართობია. ჰორიზონტალურად საპროექტო ნაკვეთებს ზღვა და ქვიშიანი პლაჟი, ზედა ნაწილში კი სამანქანო გზა მიუყვება.

მიმდებარედ არის „ბლექ სი არენა“, დენდროლოგიური პარკი, მუსიკალური პარკი, მინიატიურების პარკი, ციცინათელას პარკი. ექვსივე მათგანი ბიძინა ივანიშვილის კომპანიების პროექტებია. „ბლექ სი არენა“ მუსიკოსთა პარკთან, ასევე მინიატიურების პარკთან ერთად და ციცინათელა, რამდენიმე წლის წინ მან სახელმწიფოს გადასცა. მიწის ნაკვეთების ნაწილი, რაც „ბლექ სი არენას სარგებლობაშია“ კომპანიამ სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მიიღო. კომპანიის სამართავად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება დღემდე.

ცოტა ხნის წინ Black Sea Arena-ს მართვის უფლება კულტურის სამინისტროს ჩამოერთვა და მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა. 

მონიშნულია „ვი არ შეკვეთილის“ ნაკვეთები სანაპიროზე – 40 ჰექტარი

შეკვეთილი – ზღვისპირა კურორტი ნატანების თემში. მას სამკურნალო კურორტს უწოდებენ.

სასტუმრო „პარაგრაფი“ და მიმდებარედ არსებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და ეს ახალი ამბავი არ არის. „პარაგრაფის“ მფლობელი, შპს „ბლექ სი რიზორთსი“ 2014 წელს ოფშორულ ზონაში, პანამაში დააფუძნეს. მისი დაფუძნების დღიდან კომპანიას გრიგოლ ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. ახლა ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსია. მალევე კომპანია „ოლდ სითი დეველოპმენტზე“ გადააფორმეს. ეს კომპანია შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ საკუთრებაა, ფონდი „ქართუს“ ეკუთვნის.

შპს „ბლექ სი რიზორთში“ გრიგოლ ლილუაშვილი კომპანიის დაფუძნებიდან მალევე ირაკლი ქარსელაძემ ჩაანაცვლა. ის ახლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია, მისი წასვლის შემდეგ კი კომპანიის დირექტორი შოთა ხიზანიშვილი გახდა.

 

მონიშნულია სასტუმრო „პარაგრაფი“ და მის მიმდებარედ დენდროლოგიური პარკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინა ხვედელიძის კომპანიის საკუთრებაშია. „პარაგრაფი“ 67 066 კვ.მეტრს მოიცავს. სასტუმროს წინ პლაჟზე, სადაც აუზი მოაწყვეს – 10 420 კვ.მეტრი, შპს „ბლექ სი რიზორთს“ საიჯარო წესით აქვს აღებული 99 წლის ვადით. „პარაგრაფის მიმდებარედ“ 54 ჰექტარზე გაშენებული დენდროლოგიური პარკი „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაა, ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს ეკუთვნის.

არც ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის „ოცნებასთან“ კავშირია ახალი ამბავი. ის „ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია. ნამორაძემ არაერთხელ გამოხატა მადლიერება „ოცნების“ და მისი მთავრობის მიმართ „ჯანსაღი მიდგომისა და ხელშეწყობისთვის კერძო სექტორისა და ბიზნესისთვის.“  მთავრობისა და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის წვლილს მან შეკვეთილში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაციაზეც გაუსვა ხაზი. 

ნამორაძის სამშენებლო კომპანიებმა, პროტესტისა და წინააღმდეგობის ფონზე ნებართვები მიიღეს მასშტაბურ პროექტებზე თბილისში, თაბორის მთაზე, კრწანისში და სხვაგან.

2023 წლის სექტემბერში ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტარ ნინო წილოსანთან ერთად, ინგლისურენოვანი ჟურნალის, „გლამურ საქართველოს“ ახალი ნომრის გადაღებებზე გამოჩნდა. ეს ჟურნალი ძირითადად რეკლამაზე მუშაობს.

ბიზნესმენი ნამორაძე და ირაკლი კობახიძე „გლამურ საქართველოს“ გადაღებაზე

მანამდე ნამორაძის ყოფილ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებაზეც საუბრობდნენ. ბიზნესმენის მეუღლემ ტელეკომპანია „პირველთან“ არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო, რომ ყოფილი პრემიერი მათი შვილის ნათლიაა. ნამორაძის კომპანიის ერთ-ერთი პროექტის – „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ პრეზენტაციას ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.

ნამორაძის გავლენებზე კარგად იციან შეკვეთილში, მისმა კომპანიებმა არაერთი სამშენებლო ნებართვა მიიღეს თბილისში, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. თუმცა ამბობენ, რომ მისი პროექტი, სინამდვილეში ივანიშვილის პროექტია და პარაგრაფთან ახლოს ახალი სასტუმრო კომპლექსის ასაშენებლად 40 ჰექტარზე მშენებლობას ბიძინა ივანიშვილი არავის დაანებებდა დაგეგმილი პროექტი მისი რომ არ იყოს:

„ეს ყველაფერი ფორმალობაა. ნამორაძეა თუ ვინ, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მფლობელი ივანიშვილი იქნება“. 

კომპანია არ მალავს, რომ პროექტის განხორციელებას „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან“ [ეს კომპანია „ქართუს“ ეკუთვნის] თანამშრომლობით, Paragraph-ის ბრენდის მოთხოვნების და გამოცდილების გათვალისწინებით გეგმავს. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს. პროექტს კი „VR Shekvetili Forest – Beach | By Paragraph“ დაარქვეს. 
          „ბათუმელებს“ ადგილზე დაუდასტურეს  ისიც, რომ რამდენიმე სანდო და გამოცდილი თანამშრომელი „ვი არ ჰოლდინგის“ პროექტზე სამუშაოდ „პარაგრაფიდან“ გადაიყვანეს. 
მსგავსი მიდგომა [როცა თავდაპირველად სხვა პირი ფიქსირდება ბიზნესის მფლობელად] ბიძინა ივანიშვილს ბათუმში, მწვანე კონცხზეც ჰქონდა: როცა ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის შვილობილმა კომპანიამ, „ბიზნეს დეველოპმენტმა“ მწვანე კონცხზე ზღვისა და მთის პანორამული ხედებით მიწის ნაკვეთი იყიდა და მშენებლობა დაიწყო. მაშინ „ბიზნეს დეველოპმენტის“ მფლობელი შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ოფშორში იყო დარეგისტრირებული, შემდეგ კი „ქართუმ“ დაირეგისტრირა საკუთრებაში.
მწვანე კონცხზე ზღვისა და მთის პანორამული ხედებით მიწის ნაკვეთი „ბიზნეს დეველოპმენტმა“  აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ დაირეგისტრირა.

კომპანიის საკუთრებაში გადავიდა ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები. ასევე, მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, 13 640 კვ.მეტრი. ეს ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 4 600 000 ლარად იყიდა და ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. ახლა კომპანიის საკუთრებაში 49 411 კვ.მეტრია. წლების შემდეგ კი აუდიტის სამსახურმა დაწერა, რომ ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები იაფად მიყიდეს.
შეკვეთილს რომ დავუბრუნდეთ – ნაკვეთები ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილის ფიჭვნარში ნოშრევან ნამორაძის კომპანიას ძირითადად 2023 წელს შეუსყიდია, რამდენიმე მათგანი უფრო ადრეც. საჯარო რეესტრის მიხედვით, მათი გამყიდველი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი ზურაბ სომხიშვილია. ეს ნაკვეთები მის სახელზე 2003 წლიდან ფიქსირდება. სომხიშვილს თანამესაკუთრეებთან ერთად დაუფუძნებია შპს „გავრიონი“, სადაც წილების 80 პროცენტს თავად ფლობს. დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიას 2016 წელს მიღებული აქვს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ნამორაძის ახალი პროექტის განაშენიანების გეგმის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია დაიყოფა ნაკვეთებად. სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილი გათვალისწინებულია მრავალბინიანი სასტუმროს ტიპის შენობებისთვის, სადაც უნდა განთავსდეს სასტუმროს ტიპის 398 ნომერი, კვების ობიექტები, გართობისთვის განკუთვნილი მომსახურების ობიექტები, მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურების ობიექტები და ავტოსადგომები დაახლოებით 199 მანქანაზე.
კომპანიაში ჯერ დაგვიდასტურეს, რომ „ვია არ შეკვეთილი რესოტს“ მშენებლობის ნებართვა არ მიუღია: „ჯერჯერობით ნაბერთვა არ არის, ალბათ სექტემბერში გვექნება, რაც შეხება მიმდინარე სამუშაოებს, დაწყებულია გარკვეული სამუშაოები, დამატებითი გზის გაყვანა და მასალის მობილიზება“.
შემდეგ კი გვითხრეს, „ვიკითხავ ვისთან შეიძლება გადაგამისამართოთ ნებართვასთან დაავშირებითო“, თუმცა დაპირებული ნომერი არ გამოვაწოდეს.

ადგილზე – შესყიდული მიწსი ნაკვეთის ერთ მონაკვეთში „პარაგრაფის“ მიმდებარედ ასეთი ვითარება დაგვხვდა

ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი დაეთმობა ინდივიდუალურ დასასვენებელ სახლებს, უკიდურეს დასავლეთით მოეწყობა საძირკვლის არმქონე მსუბუქი კონსტრუქციები, როგორიცაა საჩრდილობლები და ასაწყობი კონსტრუქციის საცურაო აუზი.

პროექტის რენდერი კომპანიის ვებგვერდიდან

რენდერი – კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან

ამ დროისთვის დასაგეგმარებელი ტერიტორია სრულად თავისუფალია არსებული საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ შეკვეთილის მწვანე ზონაში სერიოზული მასშტაბის სამუშაოებს ჩაატარებენ. შეკვეთილში ეს აშინებთ და განსაკუთრებით წუხან სანაპიროზე ხეების შესაძლო მასობრივად გაჩეხის გამო. იმ მასშტაბის მშენებლობისთვის კი, რასაც ნამორაძის კომპანია გეგმავს, ადგილების ხეებისგან გამოთავისუფლება კიდევ დასჭირდებათ.
თავად კომპანია ტერიტორიის განაშენიანების  გეგმაში წერს: „საპროექტო ტერიტორია მასიურად დატვირთულია ხე-მცენარეებით. კომპლექსი ისეა დაგეგმარებული, რომ არსებული ხე-მცენარეების უმრავლესობა შენარჩუნდეს და მოეწყოს მაქსიმალურად დიდი რეკრეაციული სივრცეები. მოგახსენებთ, რომ არსებული ხე-ნარგავების ტაქსაციას წარმოგიდგენთ შემდეგ ეტაპზე.
„დამკვეთის სურვილია: მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განთავსება ქალაქთმშენებლობით კონტექსტში. დაუბრკოლებელი სატრანსპორტო მისადგომობის ორგანიზება და ადეკვატური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა“.

დოკუმენტის თანახმად, პირველ ეტაპზე იგეგმება საინჟინრო ქსელისა და საპროექტო გზების, ასევე საპროექტო ღობეების მოწყობა, სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა და საპროექტო დასასვენებელი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.

პროექტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლებს, ვილებს, საცხოვრებლებსა და სასტუმროს, აუზს, სპასა და ველნეს ცენტრს, ავთენტურ და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ რესტორნებს, ღია და დახურულ სპორტულ მოედნებს, გასართობ და რეკრეაციულ სივრცეებს.

„ვი არ შეკვეთილის“ პროექტის პრეზენტაცია „პარაგრაფში“ გამართეს, პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მთავრობის წევრები, მინისტრები და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ, პრეზენტაციაზე პირველი სიტყვა სწორედ მას მისცეს.

ლევან დავითაშვილმა „ვი არ ჰოლდინგის“ პროექტს შეკვეთილის განვითარების მეორე ეტაპი უწოდა და „პარაგრაფის“ მიერ დანერგილ „მაღალ სტანდარტზეც“ ისაუბრა. შეხვედრას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა ასევე „ტურიზმის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი კახა ბაინდურაშვილი, თავად ნოშრევან ნამორაძემ კი განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას. ამ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

შპს „ტურიზმის განვითარების ფონდი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა დააფუძნა. ფონდის შექმნიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ტურიზმის განვითარების ფონდმა“ თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში 680 მილიონი დოლარის ღირებულების 8 მასშტაბური პროექტი უნდა განახორციელოს.

პროექტები თანაინვესტირების ფონდმა წამოიწყო და ახალშექმნილ ფონდს გადააბარა, რადგან მათი განცხადებით, პროექტების სიმრავლე მოითხოვდა მიზნობრივი ფონდის ცალკე არსებობას. ტურიზმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა [ახლა ის საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრია].

პროექტების ჩამონათვალი ნახეთ აქ. 

  • თაბორის მთა – ბიძინა ივანიშვილის კომპანიის პროექტის მიმდებარედ, აქაც ნოშრევან ნამორაძემ გამოხატა ინტერესი

2022 წელს თბილისის მერიამ ივანიშვილის პროექტის – „პანორამა თბილისის“ მიწის ნაკვეთების მიმდებარედ მთავრობას უსასყიდლოდ გადასცა ტერიტორია თაბორის მთაზე სამომავლოდ მისი საინვესტიციოდ გასხვისების მიზნით – 2 მილიონი კვ.მეტრი [200 ჰექტარი]. ამის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ამ ნაკვეთის შესყიდვით ნოშრევან ნამორაძე იყო დაინტერესებული.  გასხვისებამდე ამ ნაკვეთს სტატუსი პროტესტის ფონზე შეუცვალეს – ტერიტორიას სატყეო ზონის სტატუსი ჰქონდა და იქ მშენებლობა იკრძალებოდა, რაც საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ დასაშვები გახდა.

ბიძინა ივანიშვილის კომპანია „თაბორი რიზორთსი“ თაბორის მთაზე რამდენიმე კომპლექსს აშენებს. „პანორამა თბილისის“ პროექტების მშენებლობას წლების განმავლობაში საზოგადოების ნაწილი აპროტესტებდა. პროექტი თაბორის მთაზე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 80-ნომრიანი სასტუმროს, გოლფის მოედნების, გოლფ-კლუბისა და სარეკრეაციო ზონის მოწყობას მოიცავდა.

2022 წლის დეკემბერში ნოშრევან ნამორაძის კომპანიამ შპს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის 49-ში არსებული სპორტის უნივერსიტეტი და მის ირგვლივ არსებული მიწა იყიდა. ქონების საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იყო, ბიჯი კი მხოლოდ 20 000 ლარი. 18 019  კვ.მ მიწის ნაკვეთი იმ პირობით გაიყიდა, რომ მყიდველი მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილს – 7374 კვ.მ.-ს კეთილმოაწყობდა, გაარემონტებდა სპორტის უნივერსიტეტის შენობას, სპორტულ დარბაზებს და სახელმწიფოს გადასცემდა.

2022 წლის სექტემბერში კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2025 წლისთვის საქართველოს სპორტის ახალი უნივერსიტეტი ექნებოდა და ის ჭავჭავაძის გამზირზე, იმავე ტერიტორიაზე აშენდებოდა, სადაც ახლა ავარიული შენობა იდგა.

გაყიდული მიწის ნაკვეთი 2 ნაწილად გაიყო, ერთ ნაწილზე კომპანიამ საინვესტიციო პროექტი „VR Vake Skyview Tower“ თბილისის  მერიას შეათანხმა.

„ვაკე თაუერსი“ – პროექტის რენდერი, რომლის მშენებლობასაც ნოშრევან ნამორაძის კომპანია ჭავჭავაძის #49-ში გეგმავს. დოკუმენტების მიხედვით, შენობის კონსტრუქციული სიმაღლე 195.2 მეტრია. ფოტო: კომპანიის ვებგვერდი

გასულ კვირას კომპანიამ ამ პროექტის კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა. ოპოზიციონერი დეპუტატების ინფორმაციით, მოთხოვნა დაუკმაყოფილეს.

ნამორაძის კომპანია „კრწანისი რესორტ რეზიდენსი” თბილისის ისტორიულ ნაწილში, კრწანისში 20 ჰექტარ ფართობზე მრავალფუნქციურ კომპლექსებს აშენებს, ვილების ნაწილი კი დასრულებული აქვს.

სამშენებლო საქმიანობისა და „ოცნების“ ღია მხარდაჭერის გარდა, ბიზნესმენი ნამორაძე რამდენიმე გახმაურებული ამბით არის ცნობილი. ის ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ბრალდებით იყო დაკავებული. საქმის მასალების მიხედვით, კოდუას ნოშრევან ნამორაძე შურისძიების მოტივით გაუსწორდა. ნამორაძეს აღმკვეთი ღონისძიება არასაპატიმრო ღონისძიებით შეუცვალეს.

ის სასამართლო დარბაზიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მაშინ ნამორაძემ თქვა, რომ ეს აგრესია პირადი შურისძიებით იყო ნაკარნახევი, რადგან წინა მთავრობის დროს მისი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ეს მასზეც გავრცელდა.

მაშინ სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა ბრალდებულს შეუცვალა არასაპატიმრო ღონისძიებით. ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა 4 წლის შვილთან და ძიძასთან ერთად იმყოფებოდა, როცა სცემეს და სახის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

ნოშრევან  ნამორაძე რუსული კანონის მხარდამჭერია:

„… რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიებს, აუცილებელია გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის აღიარება, როგორც ფუნდამენტური საყრდენი, რომელიც ეხმიანება ევროპულ ღირებულებებს. ეს ეთოსი სცილდება ბიზნეს სექტორს და მოიცავს საზოგადოების ყველა ასპექტს. გამჭვირვალობა აუცილებელია ყველა სექტორში. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ფარული უცხოური დაფინანსების მავნე გავლენა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებზე, რომლების „გაუქმება ან გადადება“ ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესს“, – ეს ამონარიდია ნოშრევან ნამორაძის ტექსტიდან, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: