ავტორი: ნათია კაპანაძე
___
ყოველ დღე ჩემი პატარა წვლილი შემაქვს თავისუფლებისთვის ბრძოლაში – ამბობს მადონა ნოზაძე, 3 შვილის დედა, რომელიც უკვე ორი წელია აშშ-ში ცხოვრობს და ტაქსის მძღოლად მუშაობს:
„ალბათ, ყოველი მეორე ადამიანი ოცნებობს ამერიკაში ცხოვრებაზე. ოცნებობს ღირსეულ სამუშაო პირობებზე, ხარისხიან განათლებასა და ხელმისაწვდომ სამედიცინო სერვისებზე. ჩვენი ეს ოცნებები უკვე პასუხისმგებლობად იქცევა ხოლმე, როცა შვილები გვყავს. ამიტომაა, რომ მე და ჩემი მეუღლე ცხოვრებისთვის უკეთესი გზების ძიებაში, სამი არასრულწლოვანი შვილით რვა ქვეყნის საზღვრების გადალახვის შემდეგ აღმოვჩნდით ამერიკაში.
ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზანს, შევქმნათ შვილების საუკეთესო მომავალი, ყველაზე რთული და საშიში გზის გადალახვით მივუახლოვდით.
თურქეთი, ესპანეთი, კოლუმბია, სან-სალვადორი, ნიკარაგუა, ჰონდურასი, გვატემალა, მექსიკა და ბოლოს ამერიკა – ეს იყო ერთთვიანი მგზავრობის ქრონოლოგია. მგზავრობის, რომელსაც მოგზაურობას ნამდვილად ვერ დავარქმევ.
აქ ორწლიანი ცხოვრების გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკა არის ქვეყანა, სადაც შრომა გიფასდება და შეგიძლია საუკეთესო განათლება აჩუქო შვილებს. დღეს ჩემს სამ შვილს ერთმანეთისგან განსხვავებულ საგანმანათლებლო რესურსებზე აქვთ წვდომა. მყავს ორი ბიჭი და ოთხი წლის პატარა გოგო.
უფროსი 19 წლისაა და უკვე სტუდენტია. მან სრული დაფინანსებით ჩააბარა სახელმწიფო კოლეჯში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული განათლების მიღება, დაფინანსება შრომის და მონდომების მიხედვით ხდება.
ჩემს 11 წლის ბიჭს ე.წ „საშინაო დავალებას“ აძლევენ იმდენს, რომ არ დაისტრესოს და დავალება მაქსიმუმ 15 წუთში დაასრულოს. სკოლაში აქვს უფასო ორჯერადი კვება. პიცა, ჰამბურგერი, ქათამი შემწვარი, თევზი, შოკოლადის რძე, ნატურალური წვენი, ხილის ჯემი – ესაა მშობლებთან შეთანხმებული საბავშვო მენიუ ბაღსა და სკოლაში.
ახლა სასწავლო წელს ვიწყებთ, სასკოლო მზადება ქართული გაგებისგან განსხვავებულია, მხოლოდ ჩანთა და ტანსაცმელი უნდა შევარჩიოთ. წიგნებს, რვეულებს და ყველა სხვა საკანცელარიო ნივთებს სკოლაში დაგვახვედრებენ.
მე, როგორც 3 შვილის დედა, ამერიკას მეორე სამშობლოდ მივიჩნევ. ამ სახელმწიფომ უკვე მომცა ის, რაც ჩემმა ქვეყანამ ვერ შეძლო, სამწუხაროდ – აქ ჩემი შვილები ბედნიერ გარემოში იზრდებიან.
საქართველოში ძალიან ბევრს ვმუშაობდით მე და მეუღლე, თუმცა ჩვენი შემოსავალი საარსებო მინიმუმს უტოლდებოდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ვარსებობდით და არ ვცხოვრობდით. აქ კი ვმუშაობთ და იმაზე მარტივად ვუმკლავდებით გამოწვევებს, ვიდრე ჩვენს სამშობლოში. აქ არ მეშინია ავად გახდომის, რადგან დაზღვევა წამლებსაც და ნებისმიერ ექიმთან ვიზიტს გვიფინანსებს. საქართველოში წამლების შეძენა და ექიმთან კონსულტაცია ფუფუნება გახდა.
დაახლოებით 4 წელი საბერძნეთში ვიცხოვრეთ და 3 წელი კვიპროსში გავატარეთ, ევროპაში ცხოვრებამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირი ჰაერივით სჭირდება განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ევროპული სტანდარტი არის კიდევ ერთი დიდი სიკეთე – ხანდაზმული ადამიანების ღირსეული სიბერის შესაქმნელად.
ევროპასა და ამერიკაში ცხოვრების გამოცდილების შემდეგ, კიდევ უფრო მწვავედ განვიცდი ჩვენს ქვეყანაში არსებულ ყოფით პრობლემებს – გაზრდილ ფასებს, განათლების ხარვეზებს, დაბალ შემოსავლებს, ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობას, არაღირსეულ სიბერეს.
ამიტომ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობასაც. ეს პროცესი ჩემთვის განათლებასა და გაუნათლებლობას შორის არჩევანს უტოლდება. მე ვირჩევ ცხოვრების ევროპულ ხარისხს რუსული რეალობის ნაცვლად.
მე ვირჩევ თავისუფლებას და მინდა ჩვენი მომავალი თაობა თავისუფალი იყოს რუსული გავლენისგან. 38 წლის ვარ და უკვე ორი ომის რეალობით ვიცხოვრე. ორივე რუსეთისგან იყო.
ახლა ამერიკაში ტაქსის მძღოლი ვარ, ავტომობილში ჩვენი ქვეყნის დროშა ჩემი მგზავრების ინტერესს იწვევს. „რუსეთთან რომ არის მეზობლად, ეს ის საქართველოა ხომ?“ – ესაა ჩვენი ცნობადობის მთავარი ხაზი. ყველას ვუხსნი, რომ რუსეთი საქართველოს მტერია, რომ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს და რუსეთი ოკუპანტია. ასე მგონია, ყოველ დღე ჩემი პატარა წვლილი შემაქვს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ვცდილობ, ქართველი ხალხის ხმა მივაწვდინო სამყაროს.
არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ქართველი ხალხის გამარჯვების ტოლია. ადამიანებმა თავისუფალ გარემოში უნდა მიანიჭონ ძალაუფლება პოლიტიკოსებს. ხალხს აქვს თავისუფლება აკონტროლოს და უკარნახოს პოლიტიკურ ძალას თავისი საჭიროებები, როგორც ეს ამერიკაში ხდება.
ქართველ ქალებს, დედებსა და ბავშვებს მინდა მივმართო: არასოდეს თქვათ უარი თავისუფლებაზე, არასოდეს არ დაკარგოთ უკეთესი ცხოვრების შექმნის ინტერესი. ყოველთვის გააკეთეთ თავისუფალი არჩევანი.