ბათუმის ვიცე-მერმა, სოფო ხალვაშმა კონცერტი გამართა შენობაში, რომელიც უკანონოდ არის აშენებული. ამ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი სტატიის მომზადების დროს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში უთხრეს, რომ მერიაში ამ 15-სართულიანი შენობის პროექტსაც კი ვერ პოულობენ.
„განსაკუთრებული მუსიკალური დღესასწაულია“ – ასე აწერია აფიშას, რომელიც რესტორან „რუსთაველის“ გვერდზე გამოქვეყნდა პირველ ივლისს, 19 ივლისს კი ვიცე-მერმა კონცერტი გამართა მუსიკოს ზვიად ბოლქვაძესთან ერთად, რომელიც საჯარო მოხელეცაა, ის სახელმწიფო უწყების, „ბათუმის მუსიკალური ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელია. მას 29 ივლისსაც ჰქონდა ამ რესტორანში კონცერტი.
ეს ორი საჯარო მოხელე, როგორც აფიშაზე ვკითხულობთ, იმ ღამით „ბათუმისთვის მღეროდნენ“, იმ ქალაქისთვის, სადაც 15-სართულიანი შენობა, სამშენებლო ნებართვის გარეშე ააშენეს და დიდი ალბათობით, სამშენებლო დოკუმენტაცია დღემდე ანუ სამი წლის შემდეგაც მოწესრიგებული არ არის.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა საჯარო მოხელეებს და ჰკითხა, თუ რატომ იმყოფებოდნენ მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენებულ ობიექტზე კონცერტის გასამართად და გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ასეთი ქმედებით ახალისებენ უკანონო მშენებლობებს?
„ეგ არ არის ჩემს კომპეტენციაში. ახლა თქვენგან გავიგე ეს ამბავი და მე რა პასუხი უნდა გაგცეთ.
ჩემი პასუხისმგებლობა ვიცე-მერის პოზიციაში არის ღონისძიებებთან მიმართებაში“ – გვითხრა სოფო ხალვაშმა.
„უკანონოდ აშენებულ შენობაში რომ კონცერტი არ უნდა გამართოთ, ამ პასუხისმგებლობაზე გელაპარაკებით, არ გრძნობთ ამის გამო დისკომფორტს? ხომ შეიძლება ისეთ შენობაში აღმოჩნდეთ, რომელიც სიცოცხლისთვის რისკის შემცველია?“ – ვკითხეთ სოფო ხალვაშს.
„ანუ არ ვიარო ჩემს ქალაქში, თუ რას მეუბნებით. ჯერ ვიკითხო რა არის კანონიერი, რა უკანონო და ისე უნდა შევიდე შენობაში? თუ რისკის შემცველი იქნება, არც ამ შემთხვევაში მეცოდინება და მე დავზარალდები, თქვენ არა“ – გვითხრა სოფო ხალვაშმა.
ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩის №42-ში 15-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა 2022 წელს დასრულდა.
მაშინ „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო ნებართვა ბათუმის მერიაში არ მოიპოვებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აქ სასტუმროს უკანონოდ აშენებდნენ. მაშინ მშენებლობის ადგილზე არც საინფორმაციო დაფა იყო გამოკრული და არც ნებართვის ასლი, რაც კანონის მოთხოვნაა.
მშენებლობის კანონიერებაზე მაშინ, ანუ 2020 წელს, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასაც ვკითხეთ, რომელიც ვალდებულია რეაგირება მოახდინოს მსგავს ფაქტებზე და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები. მაშინ აღნიშნულ სამსახურში გვითხრეს, რომ მშენებლობის კანონიერებას „არკვევენ“.
„ბათუმელები“ მუნიციპალურ ინსპექციას ახლაც დაუკავშირდა და ჰკითხა რა გაარკვია აღნიშნულ მშენებლობაზე, თუმცა სამსახურის უფროსმა არჩილ კონცელიძემ კითხვებს არ უპასუხა და გვითხრა, რომ „თუ გამოთხოვილი გაქვთ ინფორმაცია, მიიღებთ“.
კომენტარზე „დროის უქონლობის გამო“ უარი გვითხრა ბათუმის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, გიორგი წანაწყენიშვილმაც.
გიორგი ბრწყინვალის 42 ნომერში 15-სართულიანი შენობა შპს „ნიკალას“ ეკუთვნის, რომლის მესაკუთრე გურამ ჯიმშერაძეა, ხოლო დირექტორი – ნელი მელაძე.
ბათუმის მერიას ოფიციალური წერილით „ბათუმელებმა“ პირველ აგვისტოს მიმართა და მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია:
- „წარმოადგინა თუ არა შპს „ნიკალამ“ სასტუმროს მშენებლობის პროექტი და როდის? მოგვაწოდეთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.
- ასევე, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, არსებობს თუ არა აღნიშნული შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და მოგვაწოდეთ ასლები.
- დაიწყო თუ არა ადმინისტრაციული წარმოება უნებართვო მშენებლობაზე? გთხოვთ, მოგვაწოდოთ საქმის წარმოების მასალები.
- შეისწავლა თუ არა ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შენობის უსაფრთხოების საკითხი და არსებობს თუ არა შესაბამისი დასკვნა? გთხოვთ, მოგვაწოდოთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლიც“.
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის კანონით გათვალისწინებული ვადები გასულია, ბათუმის მერია აღნიშნულ ინფორმაციას არ გვაწვდის, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გიორგი ბრწყინვალის 42 ნომერში აშენებული 15-სართულიანი შენობა უკანონოა.
ბათუმის საკრებულოს წინა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა, რომ „გული სტკივა“ მისი კოლეგის, ბაჩი მურვანიძის განცხადების გამო ერთ-ერთ მედიასთან, რომ ბათუმის საკრებულო კორუფციაშია ჩართული.
„ბაჩის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ საკრებულოს უმრავლესობაში არიან ძალიან ღირსეული ადამიანები, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით. მინდა ვუთხრა, თავი შეიკავოს ასეთი რეპლიკისგან, ჩვენ ვასრულებთ ქალაქის და ქალაქელების, ბათუმის წინაშე მოვალეობას. არ ვიცი, სიტყვა გაექცა თუ ვინმეს დავალებით თქვა, მაგრამ ამით გადაკვეთა ყველანაირი ხაზი, რასაც ურთიერთობა ჰქვია…“ – განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარეს, ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარემ, ნოდარ დუმბაძემ უპასუხა – ქალაქის ცენტრში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე, უკანონოდ რესტორანი რომ აშენდა და იმ რესტორანში საჯარო მოხელეები დადიან, ეს არის კორუფციაო.
საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ნოდარ დუმბაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ეს რესტორანი სუს-ის ყოფილ თანამშრომელს ეკუთვნის და ამიტომაც ვერავინ მოახდინა რეაგირება უკანონო მშენებლობაზე.
___
ამავე თემაზე:
ბათუმში 15-სართულიანი სასტუმრო უკანონოდ ააშენეს – მერიაში პროექტიც კი ვერ იპოვეს