ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის კონცხზე 5-ის ნაცვლად 3 თაუერი აშენდება – ყველაზე მაღალი 240 მეტრი იქნება

01.02.2024 • 19986
ბათუმის კონცხზე 5-ის ნაცვლად 3 თაუერი აშენდება – ყველაზე მაღალი 240 მეტრი იქნება

ბათუმის კონცხზე „რივიერა“ 5 თაუერის ნაცვლად 3 თაუერის აშენებას გეგმავს, რის გამოც საპროექტო ტერიტორიისთვის შეიცვალა განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ].

2023 წელს განახლებული გრგ-ს მიხედვით, სამი თაუერიდან ყველაზე მაღალი 240 მეტრი სიმაღლის იქნება [70 სართული], მეორე – 205 მეტრი [55 სართული] და მესამე – 150 მეტრი [39 სართული].

ადრინდელი პროექტით აქ 5 თაუერიდან ყველაზე მაღალი 200 მეტრი სიმაღლის უნდა ყოფილიყო:

ადრინდელი პროექტით „ბათუმი რივიერა“ 5 თაუერის აშენებას გეგმავდა / რენდერი არქივიდან

ბათუმის კონცხის განაშენიანებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაცია ქალაქის მერიამ საკრებულოში გადააგზავნა. თუმცა, როგორც ქალაქის საკრებულოში გვითხრეს, მერიამ დოკუმენტები უკან გაიხმო და ის საკრებულოში განსახილველ საკითხთა ნუსხაში დღევანდელი მდგომარეობით არ არის.

ვინაიდან შპს „ბათუმი რივიერა“ ცვლის პროექტს,  საკრებულომ ცვლილება უნდა შეიტანოს „რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ადრინდელ განკარგულებაში [განახლება: საკრებულომ აღნიშნული ცვლილება 2024 წლის 26 თებერვლის სხდომაზე დაამტკიცა].

ახალი განკარგულებით კი „ბათუმი რივიერა“ ვალდებული იქნება ახალი განაშენიანების რეგულირე­ბის გეგმის გეგმარებითი დავალების საფუძველზე დაამუშაოს გრგ-ს ცვლილებები და დასამტკი­ცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტს.

განაშენიანების რეგულირების გეგმის [კორექტირებული პროექტის] მიხედვით, რომელიც „ბათუმელებს“ მოგვაწოდეს, ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნულია:

  • „5 მაღალსართულიანი კოშკის ნაცვლად აშენდება 3. კომპლექსის შენობების ამგვარი განაწილება არქიტექტურულ კომპოზიციას უფრო მსუბუქს ხდის და აღსაქმელად მეტად ესტეთიკურ სახეს აძლევს.
  • შენობების კონფიგურაციის ცვლილება გააგრძელებს ქალაქის ურბანულ ქსელს, გზის ქსელის დაგეგმარების ამგვარი გადაწყვეტა შეინარჩუნებს კავშირს ზღვასა და ქალაქს შორის.
  • საპროექტო ტერიტორიაზე ძირითადად მოეწყობა საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკების ქსელი, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში ასევე შეითავსებს სამაშველო გზის ფუნქციასაც, სახანძრო და სასწრაფო მანქანების მომსახურებისთვის. კონკრეტულ შენობებთან მანქანების მიდგომა ტერიტორიის ირგვლივ არსებული გზიდან მოხდება.
  • დამატებით გაკეთდა ადგილის ქარის, კლიმატის და დღის შუქის კვლევა შენობებთან მიმართებაში, შესაბამისად განაწილდა შენობების ახალი კონფიგურაცია.
  • კვლევა წარმოდგენილია კორექტირებულ გრგ-ს დოკუმენტში.
  • ზღვის სანაპიროს ზედა ზოლი დაუკავშირდება სახელმწიფო პარკს, რაც ბულვარის ზოლს საგრძნობლად გაზრდის.
  • კ1 კოეფიციენტი ტერიტორიისთვის მოცემულია 0,7 და ჩვენს მიერ ათვისებულია მხოლოდ 0,5-მდე, რაც საშუალებას გვაძლევს მეტად გამწვანდეს ტერიტორია და გაჩნდეს მეტი საზოგადოებრივი სივრცე.
  • მიჯნის ზონისა და ღიობების მოწყობის შეზღუდვა არ მოქმედებს გრგ-ში შემავალი ნაკვეთებისთვის.
  • ვინაიდან დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმაში შედის არსებითი ხასიათის ცვლილებები, საჭიროა განხორციელდეს არქიტექტურულ გეგმარებით დავალებაში ცვლილება.“

ბათუმი რივიერა / 3 თაუერი ბათუმის კონცხზე / რენდერი გრგ-დან

საპროექტო ტერიტორიის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის დოკუმენტში კი, რომელიც 2019 წლითაა დათარიღებული და რომელსაც ხელს აწერს ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშური, აღნიშნულია:

  • „ბათუმის კონცხზე 2010 წლის შემდგომ განხორციელებულმა მსხვილმასშტაბიანმა პროექტებმა სრულიად შეუცვალეს ბათუმის ამ ნაწილს ისტორიული სახე და მასშტაბი. ეს ტერიტორია გადაიქცა ცათამბჯენების მონაკვეთად.
  • უნდა ითქვას ისიც, რომ პირველ ხანებში, როდესაც ამ ადგილას სულ რამდენიმე მაღალსართულიანი ნაგებობა იდგა [სასტუმრო „რედისონი“ – ყველაზე დაბალი, ე.წ „ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“ და შედარებით მოშორებით – სასტუმრო „შერატონი“] შორიდან ბათუმის სილუეტი საკმაოდ ლამაზად და შთამბეჭდავადაც კი გამოიყურებოდა.
  • თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე და ასევე ქალაქის უკანა ნაწილში აღიმართა სხვა მრავალი მაღალსართულიანი ნაგებობა – სილუეტი სრულიად შეიცვალა და დეგრადირდა. ამჟამად ბათუმში შესვლისას ვხედავთ ნაგებობებს. უწესრიგოდ „ჩაყრილ“ მაღალსართულიან ნაგებობებს.
  • საპროექტო ტერიტორიაზე ორი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი შემოდის [შედარებით ნაკლებად – თეატრის და მეტად – შუქურას]. თუმცა უნდა ითქვას, რომ ტერიტორიის განაშენიანება არ დაარღვევს ამ ორი ნაგებობის ვიზუალურ აღქმას.
  • როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ტერიტორიაზე მცირედით შემოდის შუქურას ფიზიკური დაცვის არეალი. შესაბამისად, აუცილებელია დაპროექტების დროს არ მოხდეს ამ მცირე მონაკვეთზე შენობის აღმართვა.
  • ამავე დროს, ვინაიდან საპროექტო ტერიტორია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ცათამბჯენზე წინ მდებარეობს [იმ მხარეს, საიდანაც პირველად ხედავ ქალაქს], სასურველია აქ განსახორციელებელმა პროექტმა გარკვეულწილად გამოასწოროს ქალაქის სილუეტი.“

ბათუმის კონცხზე ცათამბჯენების მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

მშენებლობის ნებართვის შეჩერების მოთხოვნით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოსაც კი მიმართა, თუმცა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

___

„ბათუმი რივიერას“ პროექტის შესახებ დეტალები და მიმდინარე პროცესების ქრონოლოგია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

3 თაუერი ბათუმის კონცხზე / რენდერი გრგ-დან

შპს „ბათუმი რივიერა“, რომელიც „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიაა, ბათუმის კონცხზე ჯამში 6 ჰექტრამდე [59 042 კვადრატული მეტრი] ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს საკუთრებაში.

შპს „ბათუმი რივიერას“ პროექტის ნებართვა სამ ეტაპად გაიცა:

  • ბათუმის საკრებულომ სამშენებლო ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. გეგმის დამტკიცების შემდეგ, 2019 წლის 24 დეკემბერს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეთანხმდა ქალაქ ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მაღალსართულიანი შენობის „სილქ თაუერისა“ და ლაგუნას არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა, რაზეც გაიცა მშენებლობის ნებართვა.

შპს „ბათუმი რივიერას“ მფლობელია შპს „რივიერა“, რომლის მფლობელი არის შპს „სილქ რიალ ისთეით“. თავის მხრივ, „სილქ რიალ ისთეითის“ 5 პროცენტს ფლობს ოფშორულ ზონაში [მალტაში] რეგისტრირებული შპს „ამფიდონ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედი“, ხოლო 95 პროცენტს – შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“. ამ უკანასკნელის 100 პროცენტს კი, ასევე ოფშორში რეგისტრირებული „კომოდონ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედი“ ფლობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: